სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან


      25 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფერეიდნელ ქართველებს – დავით დავითაშვილსა და ნიკოლოზ ონიკაშვილს უმასპინძლა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ პოეტი და მთარგმნელი, ცნობილი ირანისტი ნომადი ბართაია და მწერალი გიორგი ალავერდაშვილი.
      ღონისძიება ჩატარდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებული პროფესორის ბეჟან ხორავას ინიციატივით.





      ბატონმა ბეჟანმა, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, მიმოიხილა ქართლ-კახეთში მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური ვითარება, რის შედეგადაც შაჰმა აბას პირველმა სპარსეთის სხვადასხვა რაიონში გაასახლა ძირითადად კახეთის რეგიონებიდან აყრილი 400 ათასამდე ქართველი; ღონისძიების წამყვანმა ხაზი გაუსვა ფერეიდნელი ქართველების შემართებას, იმას, თუ რის ფასად შეძლეს მათ თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნება რწმენითა და წეს-ჩვეულებით საქართველოსაგან ბევრად განსხვავებულ ქვეყანაში, როგორი რუდუნებით შეინახეს მშობლიური ენა და ქართული ტრადიციები.
      ბატონებმა ნომადი ბართაიამ და გიორგი ალავერდაშვილმა ისაუბრეს ირანში (ფერეიდანში) მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე, იქაური ქართველების ყოფა–ცხოვრებაზე, სანაქებო სტუმარ-ასპინძლობაზე, იმ მჭიდრო მეგობრობაზე, რომელიც არაერთმა სტუმრობამ და ადამიანურმა ურთიერთობებმა განაპირობა.
      სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის მაგისტრანტებმა რუსუდან გოგინაშვილმა და ეკა ჟვანიამ ისაუბეს ქართველთა ირანში განსახლებისა და გამუსულმანების საკითხებზე.










      სტუმრებმა უპასუხეს დარბაზიდან დასმულ შეკითხვებს, რომელიც შეეხებოდა ფერეიდნელი ქართველების წარსულსა და თანამედროვეობას, საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას.
      ღმერთმა ქნას, დავით დავითაშვილისა და ნიკოლოზ ონიკაშვილის მსგავსად, დედასამშობლოს წიაღში დაბრუნდეს ყველა პატრიოტი ქართველი, ყველა ის ქართველი, ვისაც სამშობლო საუკუნეთა განმავლობაში ფერად სიზმრებად ექცა.

რობერტ მესხი

* * *



ფერეიდნელები ანუ ქართველები ირანში


      ირანში, ქვეყნის ძველი დედაქალაქის ისპაჰანის დასავლეთით, სარგოსის თვალწარმტაცი მთების გარემოცვაში მდებარეობს ქალაქი ფერეიდუნშეჰრი (Fereydunshahr), მარტყოფი, როგორც მას მისი მკვიდრნი უწოდებენ. ეს ქალაქი და მის გარშემო მყოფი რამდენიმე სოფელი ქართველებითაა დასახლებული.
      აგერ უკვე ოთხი საუკუნეა აქ ცხოვრობენ იმ ქართველთა შთამომავლები, რომლებიც ძალით გაასახლეს კახეთ–ჰერეთიდან 1614–1616 წლებში.
      ქართველთა ძირითადი ნაწილის გასახლება შაჰ აბას პირველის მმართველობას დაემთხვა, თუმცა ამის მერეც, მთელი მე-17 და მე-18 საუკუნეების განმავლობაში ქართველ-სპარსელთა მრავალრიცხოვანი ომების შედეგად სპარსეთში ახალ-ახალი ქართული დასახლებები გაჩნდა. ძირითადად ფერეიდანისა და მაზანდარანის პროვინციებში.
      მიუხედავად მკაცრი ასიმილაციური პოლიტიკისა, რომელსაც გადასახლებულთა მიმართ ირანის ხელისუფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში ატარებდა, ქართველთა დიდმა უმრავლესობამ შეძლო შეენარჩუნებინა ენა და კულტურა და აგერ, უკვე რამდენიმე ასწლეულის შემდეგ ჯერაც იოლად შესაძლებელია მათში იმ შუასაუკუნეებისდროინდელი საქართველოს ანამცვრევის პოვნა, რომელიც დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა.
      ნადირ–შაჰის გარდაცვალების შემდეგ, გამოიყენეს რა ირანში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ქართველები აჯანყდნენ და თავისუფლების მოპოვება სცადეს, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ, რის შედეგადაც უზურპატორის – ქარიმ ხანის – ჯარმა მათი რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა. ქართველთა ამოჟლეტა იმდენად მასობრივი იყო, რომ ფერეიდნელთა პოპულაციაზე ეს ისტორიული ფაქტი დღესაც აისახება.
      მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ზოგიერთმა ქართველმა მაინც მოახერხა ირანის პოლიტიკურ სისტემაში დამკვიდრება. ამის ნათელი მაგალითია უნდილაძეთა გვარი, რომელმაც თავის აღმავლობას სეფიანთა ირანის პერიოდში მიაღწია.
      ირანის ისტორიაში არაერთმა ქართველმა დატოვა წარუშლელი კვალი. მათ შორისაა ისტორიკოსი და მოგზაური ფარსადან გორგიჯანიძე და, რა თქმა უნდა, ალავერდი-ხან უნდილაძე, სახელგანთქმული მხედართმთავარი და რეფორმატორი შაჰ-აბას პირველის კარზე. სწორედ ალავერდი ხანმა და მისმა შვილებმა – იმამ-ყული ხანმა და დაუდ-ხანმა ააგეს ისპაჰანში 33 თაღიანი ხიდი, რომელიც აღმოსავლური არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
      პირველი, ვინც ფერეიდნელ ქართველთაგან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება შეძლო, იყო იოთამ ონიკაშვილი. მან გაუკვალავი გზებით ჩამოაღწია საქართველოში 1871 წელს და საგარეჯოში დასახლდა. მოგვიანებით, 1901 წელს ჩამოვიდნენ ჰუსეინ ონიკაშვილი და რეზა ხუციშვილი.
      საბჭოთა პერიოდში იყო ფერეიდნელთა საქართველოში დაბრუნების მცდელობა, მაგრამ ეს მასიურად დაბრუნების საფუძვლად ვერ იქცა, ალბათ, უფრო ფერეიდნელთა მხრიდან საბჭოთა წყობის მიუღებლობის გამო. იყო სხვა მიზეზიც – ირანის ხელისუფლებამ არ ისურვა შელეოდა თავისი მოსახლეობის ყველაზე გამრჯე ნაწილს.
      გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კანონმდებლობის თანახმად ყოველი ერის წარმომადგენელს უფლება აქვს თავის სამშობლოში დაბრუნდეს, სწორედ ამ კანონით ისარგებლეს ფერეიდნელი ქართველების რამოდენიმე ოჯახმა 1967 წელს და განცხადება შეიტანეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მათთვის უფლება მიეცათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, პარალელურად განცხადება ჰქონდათ შეტანილი თეირანში არსებულ საბჭოთა კავშირის საელჩოში და დაიწყო «ბრძოლა» ირანის მთავრობასა და ამ ხალხს შორის, რომელმაც ხუთ წელიწადს გასტანა სანამ დადგებოდა ჩვენთვის ნანატრი 1972 წელი. ეს იყო ტანჯვის, წამების, აბუჩად აგდების, ცემის წლები, რამდენი რამ გადახდა 12 ფერეიდნელ ოჯახს, სანამ საქართველოს საზღვრებს მოაღწევდნენ. ბოლოს როცა მათი ცემის ფაქტები დააფიქსირა საბჭოთა კავშირის საელჩომ და პარალელურად მათი განცხადებებიც დააკმაყოფილეს, უკვე რიდი გაუჩნდა მათდამი ირანის უშიშროებას. 100 ოჯახის განცხადება იყო შესული ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ზეწოლას ყველამ ვერ გაუძლო და განცხადებები უკან გამოიტანეს. მე მახსენდება როგორ დადიოდა ზამთარში მამა 14 კილომეტრს ფეხით ფერეიდანში საბუთებზე, ისინი კი უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, ერთი კვირის შემდეგ მოდი და მაშინ გეტყვით პასუხსო. აი, ასე დაატარებდნენ მთელი ზამთარი, რომ როგორმე სულიერად გაეტეხათ. და აი, დადგა ნანატრი 1972 წლის ივნისი, მოვდივართ მატარებლით, უკვე შემოვედით ჯულფის საზღვარზე. ირანის მატარებლიდან უნდა გადავჯდეთ საბჭოთა კავშირის მატარებელში. ამ თორმეტი ოჯახიდან არავის წარმოდგენა არ გვქონდა თუ როგორ დაგვხვდებოდა დედა სამშობლო, ის ხომ ჩვენ მხოლოდ ცისარტყელის ზღაპრიდან ვიცოდით. დიდები გვეუბნებოდნენ, ვინც ცისარტყელის ქვეშ გაძვრება, საქართველოში აღმოჩნდებაო, ჩვენც, ბავშვები მთელი დღე დაუღალავად მივრბოდით და აი, მატარებელი ბოლო ბაქანზე გაჩერდა, ჩამოვედით ყველანი, ვხედავთ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით დგას მეორე მატარებელი და უამრავ ხალხს მოუყრია თავი, ჩვენებმა დაუძახეს, ქართველები ხართო, გვიპასუხეს, კი თქვენიანები ვართ და გელოდებით, სადა ხართ აქამდეო. ჩვენებმა უთხრეს მოვდიოდითო. როგორ, 300 წელი სულ მოდიოდითო?
      კი მოვდიოდითო.
      ჯერ ოცნებით მოვდიოდითო, მერე ფიქრით მოვდიოდითო, ბოლოს საქმით მოვდიოდით, და აი, თქვენამდე მოვაღწიეთო და გადავეხვიეთ ერთმანეთს. ნახევარი საათი ერთმანეთს ვეფერებოდით და ვკოცნიდით. სიხარულისაგან ყველა ტიროდა, მომსვლელიც და დამხვდურიც. ეს რაღაც საოცრება იყო, გვიყურებდნენ სპარსელები და მათაც თვალებზე ცრემლი მოადგათ. და აი, კახეთი, გურჯაანის რაიონი, საქართველოში ვარდობის თვეა. მთელი კახეთი აღმოსავლეთისაკენ იყურება, ავტობუსებს ელოდება, რომლებმაც მათ ქართველები უნდა ჩამოუყვანოს ირანიდან, გზები გადაკეტილია, მთელი კახეთის მოსახლეობა გარეთ არის გამოსული ვარდებით ხელში, და ხალხის სიხარულს საზღვარი არა აქვს. ბავშვები ხელიდან ხელში გადავყავდით და ასე მივდიოდით ფეხით. მე ასეთი ლამაზი საქართველო არ მენახა.
      2004 წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირანში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა. ფერეიდნელები მას ქართული ხუთჯვრიანი დროშებით შეეგებნენ. ირანის მას-მედიას სიტყვაც არ დაუძრავს სააკაშვილის ფერეიდანში ჩასვლის შესახებ.
      დღეს, ისევე როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველები, ფერეიდნელი ქართველები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან თავიანთი ისტორიული ფესვებითა და წარსულით. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც სიამოვნებით დაუბრუნდებოდა დედა-სამშობლოს, ჩვენის მხრივ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მათი დაბრუნება რაც შეიძლება კომფორტული იყოს. საქართველოს სჭირდება თავისი შვილები!
      ფოტოები აღებულია საიტიდან: http://aznauri.livejournal.com/112674.html
      ტექსტის თარგმანი – რობერტ მესხი.