სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შეხვედრა ფერეიდნელ მეცნიერთან და საზოგადო მოღვაწესთან,
ბატონ საიდ მულიანთან.


      2011 წლის 1 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მოწვევით, ცნობილი ფერეიდნელი (ირანის ისლამური რესპუბლიკა) მეცნიერი, ქართველოლოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი საიდ მულიანი ეწვია.
      ბატონი საიდ მულიანი ფერეიდნელი ქართველია და იგი ცნობილი მკვლევარიცაა. ის ავტორია ფუნდამენტური მონოგრაფიისა „ქართველთა როლი ირანის კულტურულ ცხოვრებაში", რომლის ქართული თარგმანიც ამჟამად ხორციელდება და ქართველი მკითხველი მას უახლოეს მომავალში გაეცნობა. ნაშრომში გამოყენებულია მრავალი უცხოური საისტორიო წყარო, რომელიც ქართველი მკვლევართათვის ჯერ უცნობია და, ამდენად, ეს მონოგრაფია დიდი შენაძენი იქნება ეროვნული ისტორიოგრაფიისათვის. ამასთან ერთად, ბატონმა საიდ მულიანმა შეიმუშავა და გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენის" ადაპტირებული ვარიანტი ფერეიდნელი ქართველებისათვის, რითაც დიდი ღვაწლი დასდო ირანში მცხოვრებ ქართველებს შორის ქართული წერა-კითხვის გავრცელების საქმეს.
      სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორმა მულიანმა წაიკითხა მოკლე ლექცია ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ, რომელმაც დამსწრე საზოგადოების ცხოველი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკის და განათლების ფაკულტეტებიდან. მათ კითხვებით მიმართეს პროფესორ მულიანს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს სტუმრისაგან.
      სტუმარს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ, რომელმაც მას, ასევე, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჯონი აფაქიძის საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ პაპასქირი, პროფესორი ლია ახალაძე, ისტორიის დოქტორი კახა კვაშილავა, პროფესორი ომარ არდაშელია, პროფესორი ტიტე მოსია, გაზეთ „სოხუმის უნივერსიტეტის" რედაქტორი რობერტ მესხი, რომელმაც ფერეიდნელ ქართველებისადმი მიძღვნილი რამდენიმე ლექსი წაიკითხა. რექტორმა პროფესორმა ჯონი აფაქიძემ ფერეიდნელ სტუმარს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები შესთავაზა, რაც მომავალი შეხვედრების დროს დაწვრილებით იქნება წარმოდგენილი.
      სოხუმის სახელმწფიფო უნივერსიტეტში ბატონი საიდ მულიანი მოიწვიეს საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ბეჟან ხორავამ და ისტორიის დოქტორმა კახა კვაშილავამ. საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი მადლობას მოახსენებს სსუ-ს რექტორს პროფესორ ჯონი აფაქიძეს ამ შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.


* * *

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

* * *

 

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალის მოწოდებისთვის
მადლობას მოვახსენებ ბატონ რობერტ მესხს.