მუსლიმი ქართველები


      საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში შაბათს 10 მარტს 14:00 საათზე გამოფენა სახელწოდებით „მუსლიმი ქართველები“ გაიხსნა. გამოფენა საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის, თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის, ინტერნეტჟურნალ ამბიონისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ არის ორგანიზებული.
      ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სტამბულის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. ამ მასალებიდან ცხადი ხდება, რომ XIX საუკუნის ოსმალეთის იმპერიასა და XX საუკუნის დასაწყისის ოტომანთა იმპერიაში ქართველებს წამყვანი როლი ეკავათ თურქეთის ისტორიაში.




“ოსმალეთის ქართველები”

უნიკალური საარქივო მასალა თურქეთის სახელმწიფო არქივებიდან


      ქართველებს თითქოს საქართველო მეტისმეტად ეპატარავებოდათ და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზად მსოფლიოს უდიდეს იმპერიებს ირჩევდნენ.
      თუმცა ბევრი მათგანი სხვადასხვა მიზეზთა გამო იძულებული იყო სამშობლოდან სამუდამოდ გადახვეწილიყო და უცხო ქვეყანაში დამკვიდრებულიყო, სადაც წარუშლელ კვალს ტოვებდა. ასეთი ქართული კვალი აღმოჩნდა ოსმალთა იმპერიაში, რომელსაც ჩვენებურმა გურჯმა, თურქეთში მოღვაწე ისტორიკოსმა მურად ქესაბმა მიაკვლია.



      “ამბიონს” თავად ბატონი მურადი ესაუბრა:
      “მე ქართველი ვარ, ორდუში დავიბადე, ისე, წარმოშობით ბათუმიდან იყვნენ ჩემი წინაპრები. ახლა სტამბულში ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან, ცოლთან და ორ შვილთან ერთად, აქვე ვმუშაობ.
      სამი წელი ვმუშაობდი თურქეთის სახელმწიფო არქივებში, უნიკალურ მასალებს ვეძებდი და ვაგროვებდი ოსმალეთში მოღვაწე ქართველების შესახებ. ბოლოს კი წიგნი გამოვეცით ამ მასალის მიხედვით – “ოსმალეთის ქართველები”.
      ამ წიგნში შეტანილია უნიკალური საარქივო მასალა ქართველი სულთნების, მინისტრების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ.
      პირველად პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო არქივში ვმუშაობდი ამ თემაზე. იქ ძირითადად ბიოგრაფიებია დაცული, მაგალითად, აი, ერთ-ერთი მათგანი:
      “ჰაჯი ჰუსეინ ცეცხლაძე მეჰმედაშვილი. დაიბადა ქობულეთში. არაბულად, თურქულად და ქართულად ლაპარაკობს.”
      შემდეგ აქ არის მისივე ლექსი, აღწერილია მისი ცხოვრება და მოკლე ბიოგრაფია. ეს ცნობა დაწერილია ქართულ ენაზე, მაგრამ ოსმანური ანბანით. ძალიან ბევრია ასეთი შერეული ტექსტი, ზოგი ქართული ანბანით არის დაწერილი ოსმანურ ენაზე, ზოგი არაბულად.



      ასევე, გამოვიყენეთ წყაროები ოსმალეთის იმპერიის დროს დაწერილი ბიოგრაფიული წიგნებიდან. ერთ-ერთი წიგნია “მინისტრების ბაღი”. აღმოვაჩინეთ, რომ ოსმალეთის იმპერიაში 17 ქართველი მინისტრი მოღვაწეობდა.
      ჩემს წიგნში “ოსმალეთის ქართველები” გამოქვეყნებულია ფოტოები: ქართველი მოღვაწეების ფერწერული პორტრეტების, მათი სასაფლაოების, ქართველების მიერ აგებული ხიდების, ბიბლიოთეკებისა და სკოლების, მეჩეთებისა თუ სხვადასხვა კულტურული ძეგლის, რაც კი ქართველებთან უშუალოდ არის დაკავშირებული. აი, მაგალითად, იუსუფ ფაშა ქართველი იყო, იგი ოსმალეთის პრემიერ- მინისტრი გახლდათ, დღეს კი მისი სახელი ქალაქის ერთ-ერთ უბანს ჰქვია.
      სადრაზან მეჰმეთ ფაშაც ქართველი იყო, მან პირველმა შემოიტანა თურქეთში სტამბა.
      ძალიან საინტერესო ფაქტიც აღმოვაჩინეთ. ათი წლის წინ თურქეთში მწვავე ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა, მაშინ ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, ეკონომისტი ქემალ დერვიჩი, რომელიც თურქეთში მინისტრად დაინიშნა. იგი ამერიკაში იყო გაზრდილი, თუმცა თურქეთიდან გახლდათ წასული. ქემალ დერვიჩი აღმოჩნდა ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწე ქართველი მინისტრის ჰალილ მეჰმეთ ფაშას შვილთაშვილი.
      ოსმალეთის მეფის მესამე სელიმის დედა ქართველი იყო, მიჰრიშან სულთანი. ისტორიკოსების გადმოცემით, სელიმი გამოირჩეოდა ძალიან კეთილი ხასიათითა და ლამაზი სახით. ეს თვისებები სწორედ ქართველი დედისგან გამოჰყვაო. ქართველების მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ.
      უამრავი მასალა მოვიპოვეთ, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ვერ შევიდა ჩემს წიგნში. “ოსმალეთის ქართველები” თურქულ ენაზეა დაბეჭდილი, თუმცა უკვე მისი ქართულად თარგმნა თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში გამოვცემთ.
      ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ქართველების მოღვაწეობა ოსმალეთში რუსეთ-თურქეთის ომის დროს, მუჰაჯირობის შემდეგ დაიწყო (უამრავი მუსულმანი ქართველი რუსებმა იძულებით განდევნეს საქართელოდან, მათ ადგილზე სომხები და კაზაკები ჩაასახლეს). თუმცა ჩვენ არქივებში აღმოვაჩინეთ 1 500 წლამდე თურქეთში მოღვაწე ქართველების მიერ აგებული ხიდები, სკოლები, სამლოცველოები, ბიბლიოთეკები, რომლებსაც ქართული სახელები აქვთ.
      ასევე, მოვიძიეთ იმ ქართველი მოღვაწეების ქართული გვარებიც, ესენია: თავდგირიძე, აბაშიძე, ბეჟანიძე, დუმბაძე, ათაბაგ-ჯაყელი, ლორთქიფანიძე, ანჩელიძე და სხვა.
      არქივებში, ასევე, მივაკვლიეთ დღევანდელ ერაყში ქართველთა კვალს. ეგვიპტეს ქართველი მამლუქები 150 წელი მართავდნენ, მათი მმართველობა მე-19 საუკუნეში დასრულდა. ბოლო მმართველი იყო თბილისში დაბადებული დაუდ ფაშა მანველიშვილი. მან უამრავი მეჩეთი და ხიდი ააგო, რომლებიც დღესაც არსებობს დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. იმ პერიოდში უამრავი ქართული ოჯახი გადასახლდა, ერაყში დღესაც ცხოვრობენ ქართველთა შთამომავლები. ახლა მათაც არაბებად მოიხსენიებენ, თუმცა ზოგ მათგანს ამ დრომდე ახსოვს საკუთარი ქართული წარმომავლობა.
      ჩვენ ამ საარქივო მასალებიდან შევიტყვეთ, რომ ქართველებსა და ოსმალებს შორის ძალიან დიდი მეგობრული და კულტრული ურთიერთობები არსებობდა. ეს წიგნიც – “ოსმალეთის ქართველები” დღეს თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობებისათვის აგებული ერთ-ერთი ხიდია.”

ნესტან ბლუაშვილი
http://www.ambioni.ge/osmaletis-qartvelebi/#more-9497



ორჰან ბერიძე – ORHAN BERIDZE – Orhan ŞARDAĞ
ფოტო-გალერეა 1












გიორგი ალავერდაშვილი
ფოტო-გალერეა 2
















“ქართული კულტურის ცენტრი” სტამბულში


      რამდენიმე საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსწყდა ოდითგანვე ქართველებით დასახლებული ძირძველი ქართული მიწა: ლაზეთ-ჭანეთი, კოლა-არტაანი, შავშეთი, ტაო-კლარჯეთი. ომის, მუჰაჯირობისა და ბედის უკუღმართობის გამო უამრავი ქართველი იძულებული იყო, სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა და თან წაეღო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული, სევდა და ტკივილი, რაც თაობიდან თაობას დღემდე გადაეცემა.
      ისტორიული საქართველოს სამხრეთი ნაწილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.



      რამდენიმე ასეულმა წელმა ჩაიარა, მაგრამ დედასამშობლოს მოწყვეტილმა ქართველებმა დღემდე არ დაივიწყეს წინაპართა ენა, უფრო მეტად შემოინახეს ნამდვილი ქართული სული, ქართული ზნე და ხასიათი, ვიდრე აქ დარჩენილებმა.
      ოსმალთა იმპერიიდან მოყოლებული დღემდე თურქეთის რესპუბლიკაში ისტორიულ სამშობლოს იძულებით ჩამოშორებული ქართველები და მათი შთამომავლები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამ ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. დღესაც თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს სახელისუფლებო თანამდებობის პირებს ეთნიკური ქართველები შეადგენენ.
      თურქეთში დაახლოებით 7 მილიონამდე ჩვენებური “გურჯი” ცხოვრობს. ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში გატარებული დემოკრატიული რეფორმების წყალობით დღეს ამ ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში, სადაც კი ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, ჩვენებურებმა დააარსეს ქართული ორგანიზაციები, სადაც ისწავლება ქართული ენა, წერა-კითხვა, ქართული ცეკვა და სიმღერა. ასეთი ორგანიზაციები განსაკუთრებით მომრავლდა სტამბულში, რადგან დღეს უკვე ბუნებრივი პროცესი გახდა ეთნიკური ქართველების ასიმილაცია თურქებთან და იქმნება საშიშროება ქართული ენისა და ეთნიკური იდენტობის დაკარგვის. ეს ორგანიზაციებიც სწორედ ამ მიზნით არსდება ჩვენებურების მიერ, რათა საუკუნეების განმავლობაში სათუთად შენახული ქართველობა შეინარჩუნონ.
      “ამბიონი” სტამბულში არსებული “ქართული კულტურის ცენტრის” თავმჯდომარის მოადგილეს, ბ-ნ. გალიფ აიდინს (გიორგი ქარცივაძე) ესაუბრა:
      “2009 წლის მაისში 24 ადამიანმა დააარსა “ქართული კულტურის ცენტრი”, ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანია, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა არ დაივიწყონ ქართული კულტურა და დედა ენა, მისთვინ ვცდილობთ. გავაკეთეთ უფასო დედა ენის კურსები. ერთ კლასში 15 მოსწავლეა, მეორეში – 13.



      იმედია, რომ გამრავლდებიან ქართული ენის სწავლის მსურველები და გვსურს, რომ ასზე მეტი ადამიანი მოვამზადოთ ქართული კულტურის შენახულობისთვინ. ენის კურსების გარდა აქ ვაჩვენებთ ქართულ ფილმებს, ვასწავლით ქართული სუფრის ტრადიციებს, რომელიც უკვე დავიწყნულია ჩვენთან: თამადობა, სადღეგრძელოები. ეწყობა პოეზიის საღამოები. ყოველთვე ვამზადებთ ქართულ სუფრას და რომელიმე ჩვენებური პოეტის დღეს.
      თურქეთში მცხოვრებ ყოველ ქართველს აქვს დიდი სურვილი და იმედი, რომ 130 წლის მანძილზე არ დაგვიკარგავს ჩვენი ენა და მომავალშიც შევინარჩუნებთ, მის გულიზე მრავლდება ასეთი ორგანიზაციები. საქართველოში ხალხს ჰგონია, რომ აქ ხელფასზე ვმუშაობთ, ჩვენ ამ საქმეში ფულს არ ვიღებთ, გულით და სულით ვაკეთებთ, ჩვენი ხარჯებით ვაფინანსებთ ამ ორგანიზაციას. “ქართული კულტურის ცენტრში” საღამოობით და შაბათ-კვირას ვმუშაობთ. ჩემი ძირითადი სამსახურია ელექტროტექნიკის ფაბრიკა, სადაც დაგეგმარებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი ვარ.
      მე ვარ იმერხევის სოფელ ხევსრულში დაბადებული ქართველი, გვარად ქარცივაძე. ჩვენი წინაპრებიც, მაგალითად, სოფელ ხევსრულიდამ არიან, დედაჩემი ბალაძეა სოფელ ზიოსიდამ. მე დაბადებიდან ყოველთვე მესმოდა დედა ენა, სკოლაში წასვლამდე თურქული არ ვიცოდი. ახლა, როცა სტამბულიდან ჩავდივარ ჩემს მშობლიურ სოფელში, იქ უფროს ხალხთან ქართულად ვსაუბრობ.
      ჩემს ოჯახშიც, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ქართულად, მეუღლეც ქართველი მყავს – კურდიკიძე. გვყავს ორი შვილი – 12 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი. ორივეს ესმის დედა ენა, მაგრამ უწუხდებიან ცოტა ლაპარაკი. ორივე სწავლობს ქართულ ანბანს.
      ძალიან მიყვარს საქართველო და მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი გულის ნახევარი დავტოვე საქართველოში. თუ საქართველოში კარგი ამბები ხდება, გვიხარია გულით და სულით. ყოველთვე მინდა, რომ ვიყო საქართველოში და საქართველოს გამრავლებაში მეც დავუდგე გვერდზე. მაგრამ ჩვენ სტამბულში ვატარებთ სიცოცხლეს და აქ ვმსახურობთ. იმედია, რომ ქართველობას არ დავკარგავთ და სტამბულის ყველა რაიონში გავხსნით ქართული კულტურის ცენტრებს.”

ნესტან ბლუაშვილი
http://www.ambioni.ge/qartuli-kulturis-centri-stambulsi/



ჯემალ ფუტკარაძე
ფოტო-გალერეა 3









“ჩემი გული დარჩენილია საქართველოში… სხვა რა გითხრათ..!!!”


      საუკუნეების წინ საქართველოდან ბედის უკუღმართობის გამო გადახვეწილი ქართველები მუდამ გულით დაატარებდნენ სამშობლოს უდიდეს სიყვარულს, სევდასა და მონატრებას. ამ სიყვარულმა საუკუნეებს გაუძლო და შთამომავლობით გადმოეცათ “ჩვენებურ გურჯებს”.



      ჰასან მიდილლიოღლუც (მედელაშვილი) ის ქართველია, ვინც საქართველოს სიყვარული წინაპრებისაგან ქართულ გენთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო. ბატონი ჰასანი თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. იგი ქართულ ლიტერატურას თარგმნის თურქულ ენაზე. “ამბიონი” ბატონ ჰასანს ესაუბრა.
      გვიამბეთ თქვენ შესახებ… სად დაიბადეთ, თქვენი წინაპრები რა გვარისანი იყვნენ, როგორ მოხვდნენ თურქეთში?
      შავი ზღვის პირას გირესუნის რაიონში, ბულანსაკში დავიბადე 1947 წელს. წინაპრების გვარი მედელაშვილი ყოფილა. 1876-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როდესაც რუსეთის იმპერიამ ოტომანები დაამარცხა, ჩემი წინაპრები სწორედ მაშინ გადმოიხვეწნენ საქართველოდან თურქეთში, რადგან მუსულმანები იყვნენ და რუსეთის ცარისტული ხელისუფლების შეეშინდათ.
      ქართული ენა როდის შეისწავლეთ?
      მამაჩემი ქართველია, დედა – თურქი. დედაჩემმა ისწავლა ქართული ენა და ძალიან ლამაზად საუბრობდა ქართულად. ჩვენს სოფელში ყველა ქართველი იყო და თურქულად ლაპარაკი არ შეიძლებოდა. სკოლაში კი ქართულ ენაზე საუბარი მაშინ სირცხვილი იყო. როცა სოფელში ამოვდიოდი, ქართულად ვლაპარაკობდი, ქალაქში ჩასვლისას კი თურქულად.
      ბატონო ჰასან, თქვენი პროფესიის შესახებ რას გვეტყვით? ამჟამად რას საქმიანობთ?
      სკოლის დამთავრების შემდეგ პატარა ბავშვებს სკოლაში ვასწავლიდი. ექვსი წლის მერე უნივერსიტეტში შევედი და თურქული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გავხდი. ქართველი კაცი თურქული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი! საინტერესოა.
      1989 წელს სარფის საზღვრის გახსნისას, ბულანსაკში ვცხოვრობდი. საქართველოდან მოსულ მანქანებს ვაჩერებდი და სტუმრად სახლში მიმყავდა. ძალიან მიხაროდა ჩემი ხალხის სტუმრობა… მათ ქართულ წიგნებს ვთხოვდი. პირველი წიგნი ნახატებიანი გახლდათ, პირველი ნახატი კი “ცხენები”. ნახატების დახმარებით ვისწავლე ქართული ანბანი და მერე სხვადასხვა წიგნებიდან ვსწავლობდი და ვსწავლობდი.. ასე გავაგრძელე, ჯერ კითხვა და წერა, მერე თარგმნა..



      რომელი ლიტერატურული ნაწარმოებები გაქვთ გადათარგმნილი და ახლა რას თარგმნით?
      პირველად ნოდარ დუმბაძის ინგლისური ენიდან თურქულად თარგმნილი “მე ვხედავ მზეს” წავიკითხე. ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები.. მაგრამ ინგლისურიდან თარგმნილს, ქართული სული არ ეტყობოდა.. და ეს მე მეწყინა.. როგორც კი წინაპრების ენაზე წერა-კითხვა ვისწავლე, მაშინ ვიფიქრე პირველად, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები მეთარგმნა. მოთხრობების წიგნი ვიპოვე და იქიდან ვთარგმნე პირველად “ჭინკები” (“çingeneler”), შემდეგ “საფლავი” (“mezarlık”). ახლა ვთარგმნი “კუკარაჩას” და ვაპირებ “ხაზარულას”.
      სხვა მწერლის ნაწარმოებების თარგმნასაც აპირებთ?
      ამ კითხვაზე ახლა ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი მომავალში რა იქნება. მე ჩემებურად ვაკეთებ, რაც შემიძლია. ჩემი მიზანია ბევრი ქართული წიგნი წავიკითხო და გადავთარგმნო.
      თუ ყოფილხართ საქართველოში და აპირებთ უახლოეს მომავალში ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლას?
      1989 წელს როგორც კი გაიხსნა სარფის საზღვარი, მაშინ საქართველოში პირველად ჩამოვედი. სამი დღე ვიყავი. იმ დროს ქართულად წერა-კითხვა არ ვიცოდი. წინაპრების ენაზე რომ ვერ ვწერდი და ვკითხულობდი, ძალიან განვიცადე.
      საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მინდა. რომ შეიძლებოდეს, ქართველებს თურქულ ენას ვასწავლიდი, მეც უკეთესად შევისწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ძალიან კარგი იქნება…
      ბატონო ჰასან, რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?
      საქართველო არის ჩემი დედა სამშობლო. ძალიან მიყვარს ქართველები და საქართველო. თურქეთში დავიბადე და ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული დარჩენილია საქართველოში.. სხვა რა გითხრათ…!!!

ნესტან ბლუაშვილი
http://www.ambioni.ge/cemi-guli-darcenilia-saqartvelosi-sxva-ra-gitxrat/


ორჰან ბერიძე, ნესტან ბლუაშვილი და გიორგი ალავერდაშვილი

http://www.youtube.com/watch?v=3M0G9d_zUzc&feature=player_embedded

"ამბიონი" მადლობას უხდის ბატონ ორჰან ბერიძეს პროექტის მხარდაჭერისათვის.


კახა კვაშილავა
ფოტო-გალერეა 4






http://www.youtube.com/watch?v=Irv-GkfN6Mk&feature=youtu.be

საიტის www.fereidani.ge ადმინისტრატორი მადლობას უხდის ბატონ კახა კვაშილავას ამ ჩანაწერის მოწოდებისათვის.


ანზორ მატანოვი (მესხი)
ფოტო-გალერეა 5





http://www.youtube.com/watch?v=RNmtp3By8HA&feature=youtu.be
http://www.youtube.com/watch?v=WoYupRlLwww&feature=youtu.be
http://www.youtube.com/watch?v=LGjzF41JiaM&feature=youtu.be

* * *


ნამვილად მეამაყება ამ პატარა, მაგრამ ძაან განსაკუთრებული ხალხის შვილი რო ვარ!
თბილისი მართლაც მომეწონა! ისტორიის სურნელი დავინახე! სითბო ადამიანები გავიცანი!



ორჰან ბერიძე – ORHAN BERIDZE – Orhan ŞARDAĞ
ფოტო-გალერეა 6