ქიზიყში მომხდარი ტრაგედია



      1990 წლის 22 მაისის გაზეთ „თბილისში“ დაიბეჭდა ბატონ გურამ შარაძის პუბლიკაცია „მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი“, სადაც ვკითხულობთ: „6 აგვისტოს დააპატიმრეს ვ. ჯუღელი: „ამ დღიდან დაიწყო აჯანყების... გეგმის შეცვლა და აჯანყების ცუდ პირობებში დაწყება“ (სოლ. ზალდასტანიშვილი). როგორც ვიცით, აჯანყება გადაიდო 29 აგვისტოს, მაგრამ ჭიათურა გამოვიდა 24 საათით ადრე, რამაც ხელისუფლებას საშუალება მისცა გონს მოსულიყო და აჯანყება სისხლში ჩაეხრჩო... მთელ საქართველოში დახვრიტეს რამდენიმე ათასი კაცი, ქალი და ბავშვი (ზოგი ცნობით 4000, ზოგით კიდე 15000, მათ შორის, სოფელ რუისში ამოწყვიტეს რამდენიმე გვარი დედა-წულიანად“.
      პუბლიკაციის ბოლოს დართული იყო შემზარავი ფოტო წარწერით „სოფელ რუისში 1924 წელს დახვრეტილი ქალები და ბავშვები“. ფოტოზე გამოსახული იყო 17 მიცვალებული ერთი ოჯახიდან.
      სინამდვილეში ამ ფოტოს უფრო საშინელი ისტორია ჰქონდა და დაკავშირებული იყო საქართველოში ახლად შემოსული საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიის ჯარისკაცებთან, რაც თავის დროზე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.
      მაშინვე დავუკავშირდი ბატონ გურამს. სასწრაფოდ შემხვდა და მაშინ მომეცა საშუალება, პირადად გავცნობოდი „საქართველოსთვის ანთებულ წმინდა სანთელს – ბატონ გურამ შარაძეს. დაწვრილებით მოვუყევი, თუ როგორ ვნახე აღნიშნული ფოტო სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში, ქორწილის დღეს, ელაშვილების საოჯახო ალბომში. შეცდომის დაშვება გამორიცხული იყო იმდენად შემაძრწუნებელი ისტორია მქონდა მოსმენილი.
      ბატონ გურამს აღნიშნული სურათი ბერლინში 1944 წელს გამომავალ გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი ვიქტორ ნოზაძე) ჰქონია ნანახი, სადაც პირველად დაბეჭდილა.
      ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სასწრაფოდ გავემგზავრე სოფელ ჯუგაანში ამ ტრაგედიის მონაწილესთან, ბატონ ბესარიონ ელაშვილთან. იგი სურათზეცაა გამოსახული (პირველ რიგში მარჯვნიდან მესამე), რასაც მოჰყვა ახალი პუბლიკაცია – „ქიზიყში მომხდარი ტრაგედია“ (1990 წლის 26 მაისი. 57-58 (11543-44) „ახალგაზრდა ივერიელი“).
      „მეტყავიანთ ოჯახის ხოცვა-ჟლეტას, რომელიც სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში 1921 წლის დეკემბრის ერთ ქარიან ღამეს მოხდა, ჭეშმარიტად საუკუნის ტრაგედია შეიძლება ეწოდოს. მაგრამ შემდეგ გამოირკვა, ამ მშვიდობიანი ოჯახის სისხლიანი დარბევის მონაწილენი საქართველოში ახლად შემოსული მეთერთმეტე არმიის ჯარისკაცები იყვნენ და ამიტომ მაშინ ყველა ზომა იყო მიღებული, რომ ეს ამბავი მეტისმეტად არ გახმაურებულიყო.
      ალბათ ამის გამო იყო, რომ ცნობა მეტყავიათ ოჯახის მასიურად ამოწყვეტის შესახებ, სიღნაღის მაზრას არ გასცილებია და საქართველოში დღემდე ბევრმა არაფერი იცის“...