ჩემზე და ჩემებზე



      ”გამიკვირდება მკითხველს თუ არ მოეწონა ”ხასიათები”, და თუ მოეწონა, ესეც გამიკვირდება”. ჟან დე ლა ბრუიერის ეს სიტყვები იმიტომ წავუმძღვარე ამ ქვეთავს, რომ შემდგომში ჩემს შესახებ მინდა მოგითხროთ, ასე რომ, თუ არ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ არც წაიკითხოთ, და თუ დაგაინტერესებთ, მაშინ გავყვეთ მოვლენებს:
      დავბადებულვარ 1956 წლის 8 ივლისს, სიღნაღის რაიონში, ქალაქ წნორში. იმ დღით 8 გოგო დაბადებულა და მეცხრე კი ბიჭი, შემდგომში ამ შინაურული საიტის ავტორი.

დღეს, ჩემი დაბადების დღე არის!
დღეს, სხვისი დაბადების დღეც არის!
ნეტავ, ვინ არიან ისინი?

შოთა ჩანტლაძე

      სხვები ნამდვილად არ ”მახსოვს”, მაგრამ იმ რვა გოგონადან ერთ-ერთი, ნათელა, ჩემს კლასში აღმოჩნდა, რომელზედაც დაბადებისთანავე ”დანიშნული” ვყოფილვარ. აღმოჩნდა, რომ სამშობიაროში მხოლოდ რვა ბავშვთა საწოლი ჰქონიათ, მე როგორც მეცხრე, უადგილოდ დავრჩენილვარ და ერთ-ერთ გოგონასთან ჩავუგორებივარ ექთანს. შემოვლაზე ექიმები პირველად ”სიძე-პატარძლის” სანახავად მოდიოდნენ-თურმე.
      საშუალო სკოლა წნორში დავამთავრე. წნორი 280 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან. ქალაქი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია მთელ კახეთში. რაიონის სამრეწველო, სამშენებლო, სატრანსპორტო საწარმოთა უმეტესობა წნორშია თავმოყრილი. წნორი არის დიდი საავტომობილო კვანძი, საიდანაც გზები მიემართება სიღნაღისაკენ, ლაგოდეხ-აზერბაიჯანისაკენ, დედოფლისწყაროსაკენ, გურჯაან-თელავისაკენ და თბილისისაკენ. წნორი რკინიგზითაც უკავშირდება თბილისს. სწორედ ამ რკინიგზის მშენებლობამ ჩაუყარა საფუძველი წნორის განაშენიანებას. ადრე იმ ადგილზე, სადაც ახლა ქალაქი წნორია, მდგარა ვეებერთელა წნორის ხე, რომლის ძირში ცივ-ცივი წყაროს წყალი მოჩუხჩუხებდა. სწორედ წნორის ხის ჩრდილში ისვენებდა სხვადასხვა მხრიდან სიღნაღში მიმავალი მგზავრი. ერთ-ერთს სავაჭრო ფარდული გაუხსნია და იქვე დასახლებულა, შემდეგ სხვაც მიმატებია. XIX საუკუნის ბოლოს, როცა კახეთში რკინიგზის გაყვანა დაუწყიათ, თავისი ადგილმდებარეობის გამო, ბოლო სადგურად წნორი შეურჩევიათ, რომელსაც ახლაც ”წნორის წყალი” ჰქვია. მშენებლობას უამრავი მუშა-ხელი მოსწყდომია, რომელთაგან უმეტესობა საცხოვრებლად იქვე დარჩენილა. სწორედ ამიტომაა, რომ წნორი ახლაც მრავალეროვანი ქალაქია, ქართველებთან ერთად ცხოვრობენ რუსები, სომხები, ბერძნები, ქურთები, ებრაელები და პოლონელებიც კი.
      წნორს და მის შემოგარენს დიდი ისტორიული წარსულიც აქვს. ჯერ მარტო ის რად ღირს, მსოფლიოში ცნობილი ოქროს ლომის ქანდაკება, რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარით, წნორის მახლობლად, ერთ-ერთ ყორღანში ანუ თეფაშია ნაპოვნი (დაცული იყო ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ამჟამად ინახება სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში).





        ოქროს ლომი

ძარღვებში სისხლი მეყინება
შენს დანახვაზე...
ძარღვებში სისხლი მართლა მეყინება
შენი ასაკის გააზრებისას...
ჭილოფში გახვეული, კრემაციაქმნილ
მიცვალებულთა ფერფლში რომ ბრწყინავ!
მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარი
ძველი წელთაღრიცხვით...
4400 წელი სახუმაროა?
ვინ იცის იმ დროს რა ხდებოდა
ალაზნის პირზე, გორასამარხში
წნორის მახლობლად...
რომელ ღმერთს სჭირდებოდა
ამხელა მსხვერპლი...
ვის სულს სდარაჯობ
ხელის გულზე ძლივს რომ მემჩნევი...

                        გიორგი ალავერდაშვილი. 1 მარტი. 2010.



 
იგივე ლომის ქანდაკებაა გამოსახული ეროვნულ მონეტაზე, კერძოდ კი ხუთ თეთრიანზე:


საიუბილეო მონეტები

წყარო: www.nbg.gov.ge



Как приманить

Деньги.



      აღსანიშნავია, რომ წნორში ჩვენი გვარის მხოლოდ ერთი ოჯახია. გადმოცემით ვიცი, რომ ჩვენი ფუძე ტიბაანიდანაა, სადაც მდებარეობს მთელ კახეთში სიდიდით, სიძველით, არქიტექტურითა და დანიშნულებით ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი - ხირსის მონასტერი, რომელიც, მეცნიერთა აზრით, აშენებული უნდა იყოს VIII-IX საუკუნეებში, როცა გადაუკეთებიათ აქ ჯერ კიდევ VI საუკუნეში აგებული ბაზილიკა. ამავე საუკუნის შუა ხანებში საქართველოში მოვიდა, ე.წ. 13 სირიელი მამა-მისიონერი, რომლებიც სამეფოს სხვადასხვა კუთხეში დასახლდნენ, საეკლესიო ცენტრები შექმნეს და ქრისტიანობის ქადაგებას შეუდგნენ.
      აკადემიკოს კ. კეკელიძის მტკიცებით, ეს მისიონერები სირიელები კი არა, წარმოშობით ქართველები იყვნენ. მათ შორის იყო სტეფანე ხირსელი, რომელსაც მიაწერენ აღნიშნული მონასტრის დაარსებას. იგი იქვეა დაკრძალული.
      ხირსის მონასტერი მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთისა და განსაკუთრებით ქიზიყის რელიგიურ ცხოვრებაში, მას კახეთის მეფეები საგანგებო ყურადღებითა და მზრუნველობით ეპყრობოდნენ.



წმინდა სტეფანეს სახელობის ხირსის მონასტერი ტიბაანში

      მონასტერი ჩვენამდე თავდაპირველი სახით არ არის მოღწეული. იგი ჯერ X-IX საუკუნეებშია რესტავრირებული, შემდეგ XVI საუკუნეში კახეთის მეფეების გაგიკს, გიორგისა და ლევანს აღუდგენიათ, რაზეც მიგვანიშნებს აქ არსებული წარწერები. მონასტერი შეუკეთებიათ XIX საუკუნის დასაწყისშიც, რის აღსანიშნავადაც კედელში ჩაუტანებიათ სპეციალური ქვა იმპერატორ ალექსანდრე პირველის მადიდებელი წარწერით. ხირსის მონასტერში დღემდეა შემორჩენილი საკმაოდ მდიდარი მოხატულობის კვალი.
      სწორედ, ხირსის მონასტრის გვერდით უცხოვრია პაპაჩემის, შაქრო ალავერდაშვილის ოჯახს. შაქრო პაპა 2 წლის რომ ყოფილა, მშობლები სახადით დახოცვია... წნორში გათხოვილ მამიდას, მაშო თეგაშვილს კი შაქრო და მისი და-ძმაც უშვილებია და თავისთან, წნორში წაუყვანია, ქმრის სიკვდილის შემდეგ კი მთელი თავისი ქონება მათთვის დაუმტკიცებია:


      ალბათ ამიტომაცაა, რომ ჩემს მოგვარე-ნათესავებს არავის არ ვიცნობ (შემდეგში ტელეფონის წიგნით ხელში კი შემოვიარე ყველა ალავერდაშვილების ოჯახები, მაგრამ ”თითიდან გამოწოვილმა ნათესაობამ” დროის გამოცდას ვერ გაუძლო, მის შემდეგ სულიერი უკმარისობის გრძნობა დამრჩა, არც ის არის გამორიცხული, რომ ქვეცნობიერად ამ გრძნობამაც წამიყვანა ისპაჰანში, ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ აგებული ხიდი რომ მენახა და შემდეგ კი ფერეიდანშიც ავედი, მაგრამ სამწოხროდ (სამწუხაროდ) ჩემი გვარის კაცი იქ ვერ აღმოვაჩინე).
      შაქრო პაპასგან ერთი ძველი ფოტოსურათი შემოგვრჩა მხოლოდ, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ძველებური, პაპას ნაქონი ვერცხლის ქამარი, თავისივე ვერცხლის ჯაჭვით, რომლითაც ვერცხლისავე ქარქაშიანი პატარა ხანჯალი ყოფილა ჩამოკიდებული. როდესაც დიდობაში ხანჯალი მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ მამაჩემს თავისი მეგობრისთვის უჩუქებია, რომელსაც ერთ-ერთი ახალი წლის ღამეს იმ ხანჯლით მარტოს დაუკლავს ვეებერთელა ღორი. ძალიან მინდოდა იმ პიროვნების ვინაობის გაგება, რათა ოჯახური რელიქვია დამებრუნებინა, მაგრამ დედამ პირიქით, აქეთ დამანამუსა, რა პირით უნდა მოსთხოვო მამაშენის ნაჩუქარი ხანჯლის დაბრუნება, ალბათ მაშინ ასე იყო საჭიროო...

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ, სხედან:
შაქრო პაპა, ლიზა ბებია და დიდი ბებია მაშო თეგაშვილი
დგანან: გვერდით ჩემი ბიძები: გიორგი და ვიქტორი,
შუაში მამაჩემი - აკაკი და მამიდაჩემი - ლეილა.


      ბებიაჩემი, ლიზა (ელიზავეტა შალვოვნა, მოფერებით ასე მივმართავდი) ძალიან მშრომელი ქალი იყო. ორი შვილი ჰყავდა დაკარგული დიდ სამამულო ომში, ვიქტორი და გიორგი, რომლის სახელიც მქვია და რომელსაც თურმე ძალიან ვგავარ. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მისი საყვარელი შვილიშვილი ვიყავი. ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა გადანახული ტკბილეული და მთელ თავის პენსიასაც მე მაძლევდა. სამართლიანობისა და მუხლჩაუხრელი შრომის გამო სოფელს მისთვის ”ოთარაანთ ქვრივი” შეურქმევია, რითიც ძალიან ამაყობდა... ფილმის ნახვის შემდეგ კი გულამომჯდარმა ტირილით გამოგვიცხადა, ყველა გააფრთხილეთ, ოთარაანთ ქვრივი აღარ დამიძახონ, უბედური დედა ყოფილაო... სიკვდილის ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი შვილები ცოცხლები დაბრუნდებოდნენ, ტანსაცმელსაც კი უნახავდათ...

 
 


      მამაჩემი სუფრაზე ყოველთვის იხსენიებდა თავის შინმოუსვლელ ძმებს და მათთან ერთად ვინმე საწყალ იოსებას, რომელსაც გამხსენებელიც კი არავინ დარჩენია...
      მშობლებისა და ჩემი დის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ვერანაირი სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმ დიდ სიყვარულს, რასაც მათ მიმართ განვიცდი, ფოტოებს მოვიყვან მხოლოდ:

 

        ნაირა, გეძახის გუგუა,
        ნაირა, სადა ხარ გოგო!
        ნაირა, ნახე რა კარგია,
        ნაირა, სულ შენ გგავს გოგო!
        ნაირა, მითარგმნე ეს სიტყვა,
        ნაირა, მათხოვე წიგნი,
        ნაირა, ყველა შენ გეძახის!
        რა ხარ ასეთი გოგო?!

* * *

      ჩემი შვილები და დის შვილი - ირაკლი, სოფიკო და ვახტანგი, თითქმის ყოველ ზაფხულს ბებიასთან, წნორში ატარებენ.


      ერთხელ, მათ სანახავად ჩასულს, მხოლოდ დედა დამხვდა სახლში, ბავშვები კი არსად ჩანდნენ. დედამ სიცილით გამომიცხადა, ბავშვებმა მუშაობა დაიწყეს და ყოველდღე სამსახურში დადიანო!!! აღმოჩნდა, რომ სოფლის თავში, სიღნაღის მთის ძირში, XI საუკუნეში აშენებული წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაცია დაუწყია საკუთარი სახსრებით ვაჟა ალადაშვილს, რაშიც მთელი სოფლის ახალგაზრდობა იღებდა მონაწილეობას, ვისაც რისი გაკეთება შეეძლო. კერძოდ, შიგნიდან გაამაგრეს ჭერი და კედლები, გარედან კი ეკლესიას მთლიანად ახალი პერანგი ჩააცვეს. ამ საქმეში მეც მივიღე მცირეოდენი მონაწილეობა, რაც კარების თავზე ხუთი აგურის დაწყობით გამოიხატება.



შესასვლელი კარების თავზე, შავი სარტყელის ზემოთ ჩვენი ჩაწყობილი აგურებია



ირაკლი და სოფიკო ალავერდაშვილები


ჩემი პატარები ”გენიოსობენ”

      1. გაზაფხულია, კოკისპირულად წვიმს, 4 წლის ირაკლი ფანჯარასთან ზის.
      – სახლი ფისის აკეთებს – ამბობს ირაკლი სერიოზული სახით (ფანჯრის პირდაპირ მოჩანდა მეზობლის სახლის კუთხე, სადაც ჟოლაბიდან წვიმის წყალი ჩხრიალით ჩამოდიოდა).
      2. მე და პატარა ირაკლი ქუჩაში ვსეირნობდით. უცებ მოსახვევიდან გამოვარდა ორი ერთნაირი ძაღლი, ალბათ "ტყუპები". ძაღლებმა გზა გადაგვიჭრეს და სინქრონულად განაგრძეს სირბილი.
      – მამა, ნახე, ერთი ძაღლი ორად გარბის – თქვა ირაკლიმ.
      3. პატარა ირაკლიმ მორიგი ულუფა საჭმელი მიირთვა.
      – შენ ჩემი კარგი შვილი ხარ! – ეუბნება გახარებული ბებია.
      – მერი ბებია, მე კარგიშვილი კი არა, ალავერდაშვილი ვარ. პასუხობს გაკვირვებული ირაკლი.
      4. ერთხელ, ჩვენმა სტუმარმა, ქეთინო ღვედაშვილმა დიდი ტორტი გამოაცხო, მაგიდაზე დადგა და გვითხრა, ეს ჩვენი ”საგვარეულო” ტორტია და მხოლოდ ღვედაშვილებმა უნდა მიირთვანო, ჩემმა 3 წლის ქალიშვილმა, სოფიკომ, მორცხვად გამოგვიცხადა, მე ღედასვილი ვარო და ჩანგალი მოიმარჯვა.
      5. ერთხელ, როცა ირაკლი თვეების იყო, ეტყობა რაღაც აწუხებდა და მთელი ღამე ტიროდა. ლულკა საწოლთან მივიტანე და სანამ შემეძლო, ვარწებდი. რაღაც დროის შემდეგ, ეტყობა გავითიშე და ჩამეძინა. ბავშვები როგორც კი გრძნობენ, რომ "მარტო რჩებიან", შიში იპყრობთ და პროტესტს თავისი ერთად-ერთი იარაღით – ღრიალით აცხადებენ. მეუღლეს გადაუტანია თასმა და გათენებამდე ახლა ის არწევდა ლულკას. დილით კი სიცილით მეუბნება: "წუხელის მე და შენი შვილი მთელი ღამე გხერხავდითო", თასმა მუცელზე მქონია გადატარებული...
      6. პატარა ირაკლიმ დილით საჭმელი საწოლში მოითხოვა. მე გავაფრთხილე, ჯერ ადექი და საჭმელი მერე ჭამე-თქო. ირაკლი საწოლში მაშინვე წამოხტა – "ეცეე?"
      7. პატარა ირაკლი მარტო "ჩიჩიებს" ჭამდა. შე მამაძაღლო, პურიც მიაყოლეო, უთხრა ბებიამ. გაკვირვებულმა ირაკლიმ შემომხედა – "მამა აფუა?"


 

      8. საარაყეზე ირაკლიმ დიდი ცეცხლი რომ დაინახა, მივიდა ახლოს, პირი გააღო და წინ დადგა (ყელი აქვს გაცივებული – დედამისის დიაგნოზი).
      9. ერთი წლის სოფიკომ სიგარეტი აიღო მაგიდიდან. – ”ვის გაუგია ქალების სიგარეტი, თანაც აღუების” – ირაკლის კომენტარი.
      10. საბავშვო ბაღში წასვლის წინ სოფიკოს კაბა ცოტა დაეჭმუჭნა, თამრიკომ თქვა, უცებ გადავაუთავებ და ისე წაიყვანეო. გულგახეთქილი სოფიკო ფართხა-ფურთხით მომვარდა და შეშინებული ჩამეხვია... ალბათ იფიქრა, რომ დედამისი ჩაცმული კაბის დაუთოვებას აპირებდა...
      11. მე და ირაკლი ყვავილების საყიდლად მივდიოდით. გზაში ერთი პატარა თეთრკაბიანი გოგონა შეგვხვდა დიდი თეთრი გვირილებით ხელში. "გვირილები ვისაც თეთრები აცვია და გოგოა, მარტო იმან უნდა იყიდოსო?" – დაინტერესდა ირაკლი.
      12. პურის საყიდლად ეზოში ჩავედი. მეშვიდე სართულიდან დამინახა ორი წლის სოფიკომ. "პატალა მამა!" – გახარებია სოფიკოს. შემდეგ კი სამსახურში წასვლამდე შარვალი ფეხსაცმელების ჯაგრისით "გამიწმინდა".
      13. გამონათქვამები:
      – "შენ აქ დაჯექი და აცემინე! მე კი წავალ და ვითამაშებ!" – მუშტაიდის ბაღში.
      – "ზულაბის შვილი ქეთო, ლეკებმა ჭაიყვანეს ბოსტნეულში".
      – "დიდებმა უნდა თქვან: "ხოო", პატალებმა – "დიახ".
      – "გრძელი ფეხები ლო აქვთ და ლო უნდათ ლო მოალტკან იქით" – ბალეტი.
      – "ჯელ ლო ღუტუნი წავა და მელე ფლჩხილი" – მოქავება.
      – "ცისტელა ხიდიდან გადავხტი ზღვაში და პირდაპირ მივაწუწე მზეს!" – ქობულეთიდან დაბრუნებული ირაკლი ტოლებში.
      – "ქარი კი არ წივის, მავთულებს დაკვრას ასწავლის!".
      – "პირში პეჩენიას გემო დამეწება".
      – "ყველაფერს რომ იგებს" – საბავშვო ბაღის გამგე.
      – "დამალული კაკაჩო" – ყაყაჩოს კოკორი.
      14. საკუთარი ლექსები:
      – ქათმის ლექსი – "ადექი ფეხზე, დაჯექი კვერცხზე და გამოჩეკე ჩემი შვილი – წიწილა".
      – ძროხის სიმღერა – "ყვავილებზე მივფრინავ, თანდათან და თანდათან, თანაც აქეთ-იქიდან, მწვანე ბალახს ვჭამ!".
      15. როგორ მოვკლათ ურჩხული – "ერთი პატარა კენჭი და მარწყვის წვენი უნდა აიღო და მერე ურჩხულს რომ დაალევინებ და იმ კენჭსაც რომ გადააყლაპებ და რომ დაიძახებს ჭყლუმპანს და მუცელი რომ გაებერება, ერთ მუშტს მიარტყავ და გასკდება!"
      16. "დრაკონმა თუ შეგჭამოს, მუცელი გაუხვრიტე და დენს შეუერთე და გააკანკალებს, მერე გაჭრი ხერხით, გაიბერება და გასკდება, მთელი დღე ჩართული რომ გექნება, პირიდან დენს გამოაშხეფებს!"




შავ-თეთრი  ფოტო-გალერეა            შავ-თეთრი   ფოტო-გალერეა            შავ-თეთრი  ფოტო-გალერეა



http://www.youtube.com/watch?v=zhAIFxFZ4lU


http://www.youtube.com/watch?v=3awJFYH6Nqs


http://www.youtube.com/watch?v=cH82U63i4BI


http://www.youtube.com/watch?v=vmV9e5EAo3k



ვიდეოების გაკეთებისთვის უღრმეს მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ცისანა ზურგაშვილს.
ქალბატონმა ცისანამ ჩემი საიტიდან ამოკრიფა სხვადასხვა ფოტოები და ასეთი მშვენიერი სიურპრიზი გამომიგზავნა.