«აქაა ვაარ ძიაა»


      2006 წლის 30 ოქტომბერს, მობილურ ტელეფონზე შემეხმიანა აჰმედ (კახა) მულიანი‚ რომელმაც მაცნობა‚ რომ თავის ძმასთან‚ საიდთან ერთად იმყოფებოდა საბურთალოზე‚ ერთ−ერთ სასტუმროში და ჩემთან შეხვედრა სურდათ. მეც მაშინვე მათკენ გავემართე. შეხვედრამ ძალიან ამაღელვებელ ვითარებაში ჩაიარა.


   


      მეორე დღეს კი, 31 ოქტომბერს, საიდ მულიანი, მისი ძმა – აჰმედი, დავით გუგუნაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი და მე გავემგზავრეთ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის სანახავად. საუბარში საიდმა აღნიშნა, რომ ვარძიის ნახვა მისი დიდი ხნის ოცნება იყო. გზაში მხოლოდ ორჯერ გავჩერდით, პირველად – გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის სანახავად, მეორედ კი ხაშურში – სასადილოდ. საზეიმო განწყობილება ფერეიდანიდან მობილურის ზარმა კიდევ უფრო გამოაცოცხლა, საიდი ჯერ მეუღლეს ესაუბრა, შემდეგ კი თავის სამი წლის ვაჟკაცს – არმანს (ტარიელს), “გამარჯობა მამიკოოო!”, რასაც “ჩემი ხატია სამშობლო” მოჰყვა...


* * *

      ხალხური გადმოცემის თანახმად იმ ადგილებში, სადაც ახლა ვარძიის სამონასტრო კომპლექსია განლაგებული და ადრე ქვაბულების სახელით იყო ცნობილი, ერთხელ ერთი პატარა გოგონა, სახელად – თამარი, დაკარგულა... შებინდებამდე ძებნა უშედეგო ყოფილა... ყველანი ანთებული ჩირაღდნებით ხელში ეძებდნენ თამარს და სახელით უხმობდნენ... თამარს პირველად თავისი ბიძის ხმა გაუგონია და მაშინვე გამოხმაურებია: «აქაა ვაარ ძიაა!» ბუმბერაზ მთებს კი მაშინვე აუტაციათ თამარის სიტყვები და ექოს სახით დიდხანს ისმოდა თურმე ხეობაში «ვაარ ძიააა, ვაარ ძიააა»...




      მთელი დღის განმავლობაში დიდი გვალვების დროს კოკისპირული წვიმების შემდეგ გამოცოცხლებულ ბალახს ვგავდი... ხუმრობა ხომ არ არის, სრული 12 საათი ერთად ვიყავით და საუბრით გული მაინც ვერ ვიჯერეთ... თემები კი სულ სხვადასხვა იყო: ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები, ყოფითი პრობლემები... აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ შემოდგომის პეიზაჟებმა და ბარაქიანმა ქართულმა მიწამ აღტაცებაში მოიყვანა ჩვენი სტუმრები: ახლა დავრწმუნდით, რომ აქაურები ყვავილებში და ვარდებში ხართ დაბადებულნი, ჩვენ კი ქვაბებშიო (მხედველობაში ჰქონდათ გამოქვაბულები). ახალციხის რაიონში კი ქვებით მოფენილი მთების და კლდეების შემხედვარემთ, თავი “მშობლიურ გარემოში” იგრძნეს, მაგრამ ფერეიდანის რუხ და ნაცრისფერ კლდეებთან შედარებით უხილავი მხატვრის ხელით ხასხასა წითელი, ყვითელი და მწვანე “საღებავებით” შეფერადებული ჩვენი მთები მაინც ზღაპრული სანახავი იყო...




პირადად ჩემთვის ამ ფოტოზე აღბეჭდილ ცისარტყელას დიდი
სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუ ერთი წუთით მაინც დავუშვებთ
სივრცეში გადაადგილების თეორიას‚ მაშინ სივრცეთა განშრევების დროს‚
ფერეიდანში ცისარტყელას ქვეშ გავლილი ფერეიდნელი სწორედ
საქართველოს ამ ულამაზეს და ზღაპრულ ადგილზე უნდა აღმოჩნდეს...
რამდენი განუხორციელებელი ოცნება ასრულებულა‚
განა არა?

      ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი მშვენიერი ექსკურსიამძღოლი აღმოჩნდა. მთელი გზის განმავლობაში გვიყვებოდა ყოველი შემხვედრი ციხე-კოშკის თუ რაიმე ისტორიული ადგილების შესახებ, შიგადაშიგ გვიამბობდა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობების შთაბეჭდილებებსაც. ჩვენი სტუმრები აღტაცებაში მოიყვანა ვარძიის მისადგომებთან დანახულმა უძველესმა მშრალი წყობით ამოყვანილმა ქვის ტერასებმა, სადაც ჩვენს წინაპრებს ვენახები ჰქონიათ გაშენებული.
      ვარძიაში გვიმასპინძლეს ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ფონდების მთავარმა მცველმა, ბატონმა მუხრან თაქთაქიძემ და დავით ხარაიძემ, რომლებმაც დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და მალეც დავმეგობრდით. გადავიღეთ უამრავი ფოტო, რომელთა ნაწილს ქვემოთ გთავაზობთ.
      განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო‚ რომ ვარძიაში‚ შიგნით‚ ახლაც არსებობს კამკამა წყარო‚ რომელიც თამარ დედოფლის წყაროს სახელით არის ცნობილი. ამ წყაროს უკვდავების წყაროსაც ეძახიან. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს‚ რომ თუ გასათხოვარი ან დასანიშნი ამ წყაროს წყალს შესვავს‚ იმ წელს აუცილებლად ბედს ეწევაო... სხვათაშორის ხშირად გამართლებულა ეს ნათქვამი...


   


      გთავაზობთ ფოტოს‚ სადაც ჩვენი სტუმრები ნატვრის ხეს თავიანთი ნატვრების შესრულებას შესთხოვენ... დაე‚ ღმერთმა შეისმინოს მათი ნატვრა...




* * *

      საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო ნაწილზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალი, ასი მეტრი სიმაღლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი - ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.
      ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა, - მოყავისფერო ფენაში, ხოლო ზედა, - მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.




      ვარძია იმთავითვე სამეფო მონასტერი იყო. იგი 1185 წლის 15 აგვისტოს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მის აშენებას ქართული საისტორიო წყაროები, ტრადიციულად, გიორგი III-სა და თამარ მეფეს მიაწერენ. მართლაც, კვლევა-ძიებამ დაადასტურა, რომ სამონასტრო ანსამბლი შეიქმნა ძირითადად 1156-1202 წლებში. მეფე გიორგი III-ის (1156-1184) სახელს უკავშირდება მშენებლობის ზოგადი გეგმის ჩანაფიქრი და დამუშავება. მისი მეფობის დროს უნდა გამოეკვეთათ კლდის პირველი «სახლები» ეკლესიითურთ წყაროსთან. მეფე გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, მის დროს არსებული გეგმა, თამარ მეფის მითითებით ნაწილობრივ შეიცვალა. მონასტრის ცენტრში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი დარბაზული ეკლესია სტოაპორტიკით, რომლის მოხატვა 1185 წლისათვის დაუსრულებიათ მხატვარ გიორგის ხელმძღვანელობით. ტაძრის მოხატვის შემდეგ აღმოსავლეთით საღალატოს ხევამდე და დასავლეთით ანანურამდე გამოკვეთეს საცხოვრებელი სენაკები, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები, სამალავი და საირიგაციო ნაგებობები. აღნიშნული სამუშაოები 1202 წლისათვის დასრულებულა.
      ტაძრის მოხატულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის ზუსტი თარიღის გამო. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენათა გარდა, აქ გვხვდება გიორგი III-ის, თამარ მეფისა და რატი სურამელის პორტრეტები.
      ვარძიის მონასტერი თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
      მონასტერში დაცული იყო ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ წმიდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა 400 000-იანი არმია. მემატიანეს ცნობით ამ ხატს გამარჯვებულს უწოდებდნენ.
      ერთხანს აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც შექმნა «გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი». იგი შემდეგში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შემორჩენილა ვარძიაში გადაწერილი ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.)
      XII საუკუნის 30-იანი წლებიდან, მონღოლთა ბატონობის ხანაში, ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბეგების გავლენაში მოექცა. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, სამცხეში მოხდა საშინელი მიწისძვრა, რომელმაც ჩამოანგრია ვარძიის გამოქვაბულები, სენაკებში ასასვლელი გვირაბები, ტაძრის სტოას წინა ნაწილი, დააზიანა წყალსადენი, ვარძიამ, ამის შემდეგ, სრულებით იცვალა სახე, დანგრეული გვირაბებისა და დახურული გადასასვლელების ნაცვლად შეიქმნა ღია ბილიკები, აიგო ორი მომცრო, მაგრამ მნიშვნელოვანი ობიექტი: ორთაღიანი ნაგებობა – ტაძრის სტოაპორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი სამრეკლო XII საუკუნისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით. ამ სამუშაოების ჩატარება ემთხვევა ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობის ხანას (1285-1306).
      კიდევ ერთი ახალი ნაგებობა – სატრაპეზო შეიქმნა 1391-1444 წლებში ივანეს ათაბაგობის დროს.
      1551 წელს ვარძიის მონასტერი დაარბიეს სპარსელებმა შაჰ-თამაზის ბრძანებით. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები, კულტურის სხვა მრავალ განძთან ერთად მტერმა გაიტაცა. სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ, რომელიც თვითონ იყო ამ ლაშქრობის მონაწილე და საკუთარი თვალით იხილა ვარძია, განცვიფრებული მოგვითხრობს მისი სიდიადისა და სიმდიდრის შესახებ. ამის შემდეგ ვარძიამ აღორძინება ვეღარ შეძლო.
      1578 წელს სამცხე თურქეთმა დაიპყრო, თავისი მმართველობა დაამყარა და მართლმადიდებლური ეკლესიები მეტად შეავიწროვა. თურქების მიერ სამცხეში 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ვარძია დაუსახლებელია. ვარძიაში მონასტრის გაუქმებამ, შემდგომ მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, განადგურება გამოიწვია. რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ, მესხეთის ნაწილი ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა.
      1854 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდოპულომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა, ტაძარში მოსასვლელი გზა შეაკეთა, ხის უბრალო კანკელი გააკეთა და ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი მორჩილით.
      საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1939 წელს კი – მუზეუმი დაარსდა.
      1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის «გალობანი ვარძიისაა ღვთისმშობლისანი».


გიორგი ალავერდაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები


საიდ მულიანის მიერ გადაღებული ფოტოები