ნინო ყულოშვილი – საპატრიარქოს რადიო «ივერია» (FM 105,4)
გადაცემა «ფესვები»


”ფერეიდანის მიწას ვხნავ, აგერ ოთხასი წელია...”

       ფერეიდანში ასე ამბობენ: – ”ვინაც რო ციცისკიბეს გაივლის, ის სამშობლოში დაბრუნდებაო...” გზა ფერეიდნამდე არ ყოფილა ცისარტყელასავით ფერადოვანი ჩვენი წინაპრებისთვის... იყო ფერები, ოღონდ მუქი და უსახური...
       რეზო ხუციშვილი, ფერეიდნელი ქართველი: – ”შაჰ-აბასმა 400 წლის წინა მოიდა და იჩხუბა და გადაასახლა ყე ქართველები ისფაჰანსა და ფერეიდანში. 60 ათასი ქართველი ცხოვრობს ირანში. ფერეიდნელები ცხოვრობენ ფერეიდუნშაჰრს, სიბაქს, ჩუღრუთს, ჯაყჯაყს, თონეს, ტაშკესანას, აღჩას, ბოინს... და სხვა ქალაქებში ნაჯაჰაბადს, ისპაჰანს, თეირანს წასულები არიან სამუშაოდ, საცხოვრებლად...” – ასეთია ხალხში შენახული ხსოვნა ისტორიისა... ისტორიის მემატიანეთა ჩანაწერები – უფრო მძაფრი და ტკივილიანი...
       ”ქართველი მოსახლეობიდან იმ მხარეში აღარავინ დარჩა...” (ისკანდერ მუნში). ისტორიის მანძილზე ქართველების მასობრივი გადასახლება ირანში 7-8 ჯერ განხორციელდა, ქართველების ყველაზე დიდ, მე-8 გადასახლებას ადგილი ჰქონდა შაჰ-აბასის დროს. ქართველი მოსახლეობიდან კახეთსა და ჰერეთში თითქმის აღარავინ დარჩა.
       გადმოცემით, საქართველოდან ფერეიდანში გადასახლებული ერთი სოფლის ხალხი ერთად დასახლებულან და ამ ადგილისათვისაც თავისი სოფლის სახელი უწოდებიათ. ფერეიდნელი ქართველების ყველაზე დიდი სოფელი ზემო მარტყოფია (ახორე ბალა, ახლა ფერეიდუნშაჰრი). ამ სოფლის მოსახლეთა უმრავლესობა ქართველებია.
       XIX საუკუნის მონაცემებით, ქართველების დასახლებაში 14 სოფელია: შაანათი, თოლერი, ბოინი, ტაშკესანა, აფუსი, ახჩა, შაიურდი, ჯაღჯაღი, სიბაქი, ჩუღრუთი, ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, დეესური და ნინოწმინდა.        ბატონი რეზო სახალხო მთქმელია, ფერეიდანში დიდად აფასებენ მის შემოქმედებას, რამდენიმე ლექსს გვიკითხავს და ლექსის სათქმელს ამ სიტყვებს ურთავს – ”ემ ლექსებსაც რო მე ვამბოვ სულ ჩემთვის ვამბოვ, ჩემსყენ ვამბოვ, ჩემ გულისყენ ვამბოვ”. ახალგაზრდა ფერეიდნელმა კახა მულიანმა სიტყვა შეგვაშველა – ”საქართველოს ეშხი, სამშობლოს ეშხი, სიყვარული ძლიერია, იმდენად დიდია, რომ აი, მოხუცი კაცია და გულიდან ამოჟღამდების, სისხლი უდუღს და ლექსებს წერსო”.

       მე ქართველი ვარ, მე ქართველი ვარ,
       მტერთან ლომი ვარ, მტერთან ლომი ვარ,
       ხუციშვილი ვარ, ხუციშვილი ვარ,
       მე ქართველი ვარ, მე ქართველი ვარ,
       მე კახელი ვარ, მე კახელი ვარ.
       როგორ მიყორხარ, ჩემ საქართველო
       ჩემი სამშობლო შენ გენაცვალო,
                         შენ გენაცვალო!
       ეხლა მოვსულვარ შენ სანახველო,
       ჩემ საქართველო შენ გენაცვალო.
       როგორ მიყორხარ, შენი ხალღები,
       შენი გორები, შენი სერები, შენი წყარვები
       ჩემ საქართველო, ჩემ საქართველო,
                         შენ გენაცვალო!
       ჩემ სიზმარი ხარ, ჩემ საქართველო,
       ღამით მეძინა, სიზმარჩი ვეყავ
       საქართველოში დაბადულიყავ
                         ჩემ საქართველო!
       შენ გაგიზდია ჩემ წინაპრები,
       ჩემი პაპები, ჩემი მამები,
       ჩემი დედები, ჩემი ბიძები,
       ჩემ საქართველო, ჩემ საქართველო,
       შენ გენაცვალო, შენ გენაცვალო.

       ყველა ლექსის სათქმელი ერთია – სამშობლო, რომელიც დარჩა შორს და მასთან მისასვლელი გზა, ისეთივე ფერადოვანი, როგორც წვიმის შემდეგ ცას ხიდად გადებული ”ციცისკიბე...”

 
კახა მულიანი
იოსებ და რეზო ხუციშვილები

”სამშობლოს მონატრული ვარ, აგერ ოთხასი წელია...”

       ირანის რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ოფიციალურად სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და მასთან პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობები წამოიწყო. 1993 წელს თბილისში ისლამური რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. ბოლო ათწლეულის მანძილზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა და კულტურულმა ურთიერთობებმა აღმავლობა განიცადა, თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სფეროში თანამშრომლობის ორმხრივად არსებული პოტენციალი ჯერ მთლიანად არ გამოყენებულა.
       2004 წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირანში ვიზიტმა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტის ხელმოწერამ სამომავლო კავშირების ახალი პერსპექტივა გამოკვეთა.
       აი, რა მისწერა ირანელმა ქართველმა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ფერეიდანს სტუმრობდა (ამონარიდი წერილიდან).
       ”დიდება ქართველ ერს!
       ჩვენო ძვირფასო მიშა, კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა ჩვენთან. ჩვენ დიდი იმედები გვაქვს შენზე. ეს გზა, რომელიც შენ ორი საათის მანძილზე გადმოიარე, აი ამ გზაზე ოთხასი წლის წინ შენი და ჩემი წინაპრები უამრავი თვის მანძილზე ცემით და ტყეპით, ცხელ დღეებსა და შავ ღამეებში ჩამოათრიეს.
       ჩემო ძმაო და შვილო, ბევრი რამ სატირალი ნათქვამი მაქვს, ნეტავ ახლო მენახე და შუბლი დამედო შენ გულისპირზე და ოთხასი წლის ტკივილისა და სევდის ცრემლი დამეღვარა შენ კალთაში. შენ კალთაში იმიტომ, რომ შენ შეგიძლია გამიგო და იგრძნო რა მიჭირს და რამდენი თაობის ტანჯვა მქონია გარდასული. შენ იმიტომ გეძახი რომ, მომისმენია რაც გითქვამს წვიმიან ცივ ღამეებში რუსთაველზე, აჭარის სოფლებში. იმიტომ, რომ სხვებიც ჩამოსულან, მაგრამ მათთვის ჩვენ ქართველობას მნიშვნელობა არა ჰქონია. მე მინდა აქ შენმა მოსვლამ ბევრი რამ შესცვალოს. ოთხი საუკუნეა ირანში გადმოსახლებულ ქართველს თავის სამშობლოში დაბრუნება ენატრება, ამიტომ ძვირფასო ძმაო, მე მინდა ჩვენი ხალხის მიმოსვლა ადვილად შესაძლებელი გახდეს, ვინ იცის კაი ძმები თუ არა იქნებ ერთმანეთის კაი მეგობრები ან მეზობლები გავხდეთ”.


”ოცდაცამეტთაღიანი ხიდი, ოცდაცამეტი ქართული ასოს სახსოვრად...”
ანუ სურვილიანი ლეგენდა...

       აი, რა მისწერა ფერეიდნელმა ქართველმა თურქეთის ქართველს (ამონარიდი წერილიდან): ”მაშ ჩვენი ენა არის ძველი ქართული, ხომ საინტერესო არის, თუ იცოდი, რომ ჩვენ, თქვენი და საქართველოს ენა-ანბანზე სამი ასოთი მეტი გვაქვს? ჩვენი ანბანი 36 არი. გასაოცარია? და გასაკვირველი?... ჩვენ, ხელი, ხიდი, ხორცი, ხმალი ამ სიტყვების პირველ ასოს ძველებურად ვიტყვით, რომელიც მაშინ იყო საქართველოში და ახლა არ არის. იცოდი? თუ ჩვენი კავშირი გაგრძელდება და ღმერთიც მოგვეშელების, ბევრ გასაოცარ რამეს დაგიწერ ჩვენზე, თანაფესვო.
       ჩვენ გვაქვს საკუთარი ისტორია, ჩვენ მამებს ხომ ბევრი ბრძოლა და ტანჯვა ჰქონიათ.
       ჩვენი სახელგანთქმული კაცები არიან: ალავერდი-ხან უნდილაძე, შაჰ-აბასის დიდი სარდალი და მისი მარჯვენა ხელი. მას თქვენ კარგად იცნობთ იმიტომ რომ ირან-ოსმალეთის ომში ბევრჯერ იყო. მან ბევრი საქმე გააკეთა. ისპაჰანში ააშენა დიდი, 33 თაღიანი ხიდი 33 ქართული ასოს სახსოვრად”.

 

       ფერეიდნელებში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ალავერდი-ხან უნდილაძეს აუშენებია ოცდაცამეტ თაღიანი ხიდი ქართული ანბანის პატივსაცემად, მაგრამ ლეგენდა ქართულთან სიახლოვის გამო სურვილს უფრო გამოხატავს... ფერეიდნელები დღესაც ძველი ქართულით საუბრობენ, იმ ქართულით, რომელიც გადასახლებისას გაიყოლეს, სული უბერეს და არ ჩააქრეს! ალავერდი-ხანი კი ის ადამიანია, რომელიც შაჰ-აბას პირველს ხშირად დააფიქრებდა... შაჰს პორტუგალიის ელჩთან ანტონიო გოვეასთან ერთ-ერთი საუბრის დროს უქვამს: ”მთელი სპარსეთი მე მემორჩილება და მე კი ალავერდი-ხანს ვემორჩილებიო”. ქართული ანბანი ოცდაცამეტ ასომდე შემცირდა XIX საუკუნის 60-იან წლებში, მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძემ ”გამოუსადეგარი” ბგერები ანბანიდან ამოიღო. ლეგენდის ჩვენეული ახსნა იესო ქრისტეს ასაკს უკავშირდება... სარწმუნოებაშეცვლილი ქართველები ენის, სარწმუნოებისა და სამშობლოს ხსოვნას ”ირანის ლომის” შიშით ფარულად ინახავდნენ გულში, სისხლში, სიზმარში თუ ცხადში...
       რეზო ხუციშვილი: ”ალავერდი-ხანი იყო რომე გააკეთა ”ხი ო სეფოლა” გააკეთა, ეძახიან ალაჰვერდი-ხანის ხიდი. ემამ-ყული-ხანი, მისი შვილი იუსუფ-ხანი, როსტომ-ხანი, მანუჩარ-ხანი, გიორგი ავღანისტანს რომ დაიღუპა, ყველა კარგი ვაჟკაცები ყოფილან...
       ალაჰვერდ-ხანს იმისთვინ გოუკეთებია 33 ხიდი ანბანზე გოუკეთებია, გოუშენებია...
       ქართულად ამბობენ, წინანდელ ქართულად, ოთხას წლის წინანდელ ქართულს კარგად ამბობენ... დედეები ბევრი არიან შინა ქალები არიან რო სპარსულად ნამმა არ იციან და სულ ქართულად ლაპარაკობენ.
       სკოლები არა არი, საიდას მულიანს წერა და კითხვა დოუსწავლებია, ანსი კარაგადა გაზაფხული რო შაიქნების ყე, ანსი წაიყონს ყე თავის სახლჩიგა ყე და წაიყონს ბავშვებსა და ასწავლის ძალიან კარგადა. ქართულსა ასწავლის ყე ფერეიდანში, მარტყოფში. დედაენის დღე და ესეები გოქ, ჰარ ემეში წავალთ ყე და შემევეყრებით ყე. საიდა ძალიან კარგი კაცია, ჩონა ალაჰანა ფერეიდანჩიგან და საქართველოსჩი საიდასავით უფროსი არა გვყავ. და ემამ რო წაიდა და იკითხა, ისტორია გაიკითხა და გაიგო ქართველი როგორია, როგორი ვაჟკაცობა ჰქონია ყე ქართველებს მემღან თავის გულით დეეხმარა. ისწავლა და ასწავლა ახალგაზრდებს.
       უყორს ყე თავინთ ფესი, დედეები ქართულად იპარაკონ ყე, თავინთ ბავშვები უნდა ყე ენა რო უნდა ამაიდგას, ფეხი აიდგას ქართულად უამბობენ ყე დაისწავლოს და არ დაიმირწყოს”.
       ახალგაზრდა ფერეიდნელი კახა მულიანი ამაყობს, რომ დრომ ვერაფერი დააკლო ქართული ენი სიწმინდეს ფერეიდანში: ”ოთხი საუკუნეა ფერეიდნელები საქართველოსგან შორს არიან და ფერეიდნული კილო თავისთავად არი განვითარებული... როგორც მე ახლა ვხედავ რო რუსული არი შემორეული ქართულ ენაში, ჩვენ იმდენი სპარსული არ გვაქვს შემორეული, ჩვენი ენა უფრო ძველი და, შემიძლია ვთქვა, უფრო სუფთაა, ქართულია.
       რაც ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში ჩონ ენა შევინარჩუნეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის არაფერი არ არის შეუძლებელი”.


”ქათამი რომ წიწილას დაჰკარგავს, დაღონდების და ძებნის...”

       გვილამაზებს შეხვედრის ცრემლიან წუთებს ბატონი რეზო, ლექსებს არ იშურებს...

       საქართველოს თოლები გიყრია შენ,
       არ გაგირვებ არავისთვინ შაყრია შენ,
       როგორ მინდა რო ჩემ დედას ზალ იყო,
       გახარებული ჩონთან მოსულიყო,
       საქართველოს ტანსაცმლები ჩეგეცოს
       თამარა მეფეზე შენ დეგეფიცოს.

       ”ფერეიდანში არიან მულიაშვილები, სეფიშვილები არიან, ბათუაშვილები, ონიკაშვილები, ლაჩინაშვილები. ასლანიშვილები, თავაზიაშვილები, ბახშიაშვილები, გუგუნაშვლები, ხუციშვილები არიან.
       არი აუნის გორა, ავღანებმა რო მოიდეს და ირანი რო დაიჭირეს, გაიგეს რო ქართველები არიან მარტყოფშიგა, ფერეიდანსა და მოიდეს ანქა, ძალიან ყრალა იყვნეს ქართველებთან და მოიდეს ანქა და იჩხუბეს ანქა. ბევრი ავღანები დაიღუპეს და ერთი გორა ეყო და წაიყონეს ყე ქართველებმა დათხარეს და დამარხეს, სამარეები გოუკეთეს ყე... იმაზე დოურქომ ყე აუნის გორა. თათაშვილის გორა, ანამაზის გორა, ქალების ქობი... ქალებმა აიდიან ანქა ყე უკრავდიან ყე ტაშსა კაცები, შუპროვიან ყე ნამა გაატარონ, იხარებოდეს ანქა და 13 დღე ზაფხულის რო გაიდის ყე აიდიან ანქა. კუისწყარო, ჭასღელე, ჩუღრუთის ყელი არი, პიტნიანი არი, სიღნაღი არი, ნაქერალი არი ესები ქართულია”. – მცხოვანი ფერეიდნელი აღღტაცებით საუბრობს... მაგრამ დუმილს არჩევს, მაშინ, როცა სამშობლოში რეპატრიაციის საკითხებს ვეხებით... გვახსოვს ქართულ პერიოდულ გამოცემებში ამოკითხული ეპიგრაფი – ”მიჯობს ირანში გურჯი მიწოდონ, ვიდრე საქართველოში თათარი!”, ბატონი რეზო უცხოობს საკითხს... რადგან ეს თემა მეტად ფაქიზია...
       არც კახა მულიანისთვისაა მარტივი რეპატრიაციაზე საუბარი, ცდილობს კორექტულად გვითხრას ის, რაც ძალიან აწუხებთ: ”შაჰ-აბასმა შემოიდა საქართველოში, დაიპყრო კახეთი და სამი ასი ათასი ქართველი გადაასახლა ირანში, განსაკუთრებით, ისპაჰანში, ფარსში და მაზანდარანში და ახლა იმათი შვილები ცხოვრობენ ფერეიდანში. ჩვენ გახლავთ მითი შვილები.
       40 წლის ან 50 წლის წინ ჩამოვიდნენ ფერეიდნელი ქართველები ჩამოვიდნენ... მარა საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, საქართველოს გაუჭირდა ბევრმა ქართველმა დატოვა საქართველო, ფერეიდნელებსაც იქ ირანში ჰყავდათ ნათესავები, ბუნებრივია, დაბრუნდნენ იქ”.


”ნუ გათათრდები!”

       საქართველოში არის ჩიტი, რომლის გალობაც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად აღიქმება, ანუ ”ბიჭო-გოგია” (ქართლ-კახეთში), ”ხაჩქეს-ბარგეს” (სამეგრელოში), ”თუთა-ბალია” (ჰერეთში), ”ნუ გათათრდები!” კი სულხან-საბას მიხედვით, ეგვიპტის მტრედია, რომელიც მგზავრს თუ დაინახავს ქართული ენით იწყებს ძახილს – ”ნუ გათათრდები!” და ამ მიზეზით თათარნი მას ”გიარყუშს” უწოდებენ. ”ნუ გათათრდები!” – ხშირად ჩაესმის ფერეიდნელ ქართველს... ალბათ ამიტომ გადაურჩა გადაგვარებას ქართული ენა, ქართული სული და ტრადიციები...
       რეზო ხუციშვილი: ”საქართველოში მე რო დაველ და ქორწილები ვნახე, ანს ქართველებიც გგონია ელეგრან ანქა და ექა ელეერთ ქორწილები ქონდეს ყე. ყორებსაც აძლევენ ქართველი ქართველსა და ამბობს რო არ გოუშება რო წაიდე პარსელი ითხოვო და ქართველი ყორი შინ ეყოსო პარსელმა წაიყონოს ქართველი ყორე...”
       რეზო ხუციშვილის მსმენელები დღესაც იკრიბებიან ფერეიდანში ღია ცის ქვეშ...

       წაველ დავჯექ რუისპირზე
       მამაგონდა წყალისპირზე,
       მე ირანში ქართველი ვარ,
       ქართველი ვარ, ქართველი ვარ,
       მე თავი არ მამხრელი ვარ.
       ქართველი ვარ, ქართველი ვარ,
       მე თავი დადებული ვარ.
       ქართველი ვარ, ქართველი ვარ,
       შენ რო მიხოლ მოდი გნახო
       სახლი ნამა შამინახო,
       შენ რო მოხოლ კალოზედა
       კალათა გეცო ხელზეგა
       შენ რო იჯექ რუისპირზე
       ხალი გესო გულისპირზე...

       ან:

       წიმა-წიმა მოდი,
       ხოხონათი ჩადი,
       ხოხანა რა ჰქნდა,
       თაგმა გახრიტა,
       თაგი რა ჰქნდა,
       ციცამ შაჭამა
       ციცა რა ჰქნდა
       აიდა ხეზე,
       ხე რა ჰქნდა,
       უსტამ მასჭრა,
       უსტა რა ჰქნდა,
       უმრი მეეჭრა.

       ან:

       თავი მტკივის მო ერთ რამე მამაკარ,
       ემაგ მე ჭაპანი მე შამამაკარ.
       ემაგ შენ ჭაპანი საქართველოსიან,
       არ ვიცი შენ დედას როგორ მე უთხრა,
       გადიან გამოდიან ექ ქით ყორები
       არ ვიცი მე რომელ შევეყორვები.
       რაისთი ეგრე შაკრული ხარ გულოჯონ?
       მაგე თოლმა რა გაჩენა გულოჯონ
       საქართველომ გაგაჩენა გულოჯონ.
       მინდორსაყენ პური დეგეკრა,
       ხელი თორნეზე რაისთი შენ მეგეკრა?

       ახალგაზრდა ფერეიდნელის გაოცებას იწვევს ქართველების ურთიერთდამოკიდებულება: ”აქ მესმის ვიღაც შვილი მოჰკლეს, ეს ქურდობა მოხდა... ფერეიდანში ოთხი საუკუნეა ფერეიდნელს, ქართველს არ მოუკლავს, ან ფერეიდნელი კარებს არ დაიჰკლიტავს, ან ფერეიდანში ქურდობა არ არსებობს!”.


ხელი ხელში მივსცეთ ერთმანეთს!

       სურვილი ქართველების ერთიანობისა, საკუთარი ფესვების სიძლიერისა თანაფესვებს გულის სიღრმიდან ამოხეთქილ სიტყვებს ათქმევინებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნათქვამს შეგვახსენებს ყველას: ”ქართველებმა სამშობლოს სიყვარული ფერეიდნელებისგან უნდა ვისწავლოთო!” ბატონი რეზოს სურვილი ერთია: ”გუნდა რო საქართველოს ფესი ყოლეგან დაიზაბოს და გადიდდეს საქართვლომ და კარგად ეყოს და გამწონდეს და გაიხაროს თავი ხალხმა. მისთმეს თავი სამშობლოსთვის რა უნდა? ის უნდა რო თავის სამშობლო კარგად ეყოს, საქონელი კარგადა ჰქონდეს, თავის ხალღი გახარებული ეყოს...”

ფერეიდნელი ჩოხოსნები, მარცხნიდან მარჯვნივ: დავით გუგუნაშვილი, კახა მულიანი, დავით რევაზიშვილი და რეზო ხუციშვილი

       ოცნებებად ქცეული ადამიანები დღეს ”ციცისკიბეს” გამოსცდნენ და მაინც არ იშლიან ოცნებას ”ცისარტყელას ქვეშ გავძვრებიო და წავალ საქართველოჩიგაო, ბეევრი თები უნდა გადავიდეო, თებსაყენ უნდა წავიდეო და გადავიდეო და მივსწვდე საქართველოსაო.
       იმაშინა რო წაიდიან ყე, ბრძოლაჩიგა, თათჩიგა, ემ სოფელში წაიდიან ყე ამ სოფელში უთხრიან ყე – ღმერთს ებარებოდე, ენა ღმერთმა შაგინახოსო!...
       ღმერთმა გაგახაროს ყე და ღმერთს ებარებოდეთ!!!
       ფერეიდანში ასე ამბობენ: – ”ვინაც რო ციცისკიბეს გაივლის, ის სამშობლოში დაბრუნდებაო...”
       ახლოა ფერეიდნამდე!...

* * *

       მასალა მომზადებულია საპატრიარქოს რადიო ”ივერიის” (FM 105,4) გადაცემა ”ფესვების” მიხედვით (გადაცემაზე მუშაობდნენ: ჟურნალისტი – ნინო ყულოშვილი, მსახიობი – გიორგი მერებაშვილი და ხმის რეჟისორი – იპოლიტე ხვიჩია).
       მასალაში გამოყენებულია ავთანდილ სონღულაშვილის ”ირანში ქართველთა ნაკვალევზე” და ფერეიდნელი ქართველების წერილები ”თანაფესვო”, რომლებიც შეაგროვეს და გამოსაცემად მოამზადეს გიორგი კალანდიამ და ბუბა კუდავამ.