მიხა ხელაშვილის საქველმოქმედო საღამო

ერთად დავეხმაროთ მიხას ქალიშვილს
ქალბატონ თამარ ხელაშვილს

2010 წლის 12 აპრილი
სამების საკათედრო ტაძარი
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი


      ორშაბათს, 12 აპრილს, 6 საათზე, სამების ტაძარში არსებულ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელის, პოეტ მიხა ხელაშვილის პოეზიის საღამო. საღამო იქნება საქველმოქმედო, რათა დავეხმაროთ მიხა ხელაშვილის ქალიშვილს, 89 წლის მარტოხელა მოხუცს – თამარ ხელაშვილს.
      მიხა ხელაშვილის ლექსებს წაიკითხავენ და მასზე ბიოგრაფიულ ცნობებს მოგვაწვდიან: გიორგი ალავერდაშვილი, მიხეილ ღანიშაშვილი, ირაკლი ყალიჩავა, მინდია გოგოჭური, ბექა ახალაია, გიორგი ლაცაბიძე.
      ორგანიზატორები: ირაკლი ყალიჩავა (ჩეგევარა), მინდია გოგოჭური (იოჰან ხევსური), ბექა ახალაია, გიორგი ლაცაბიძე.




soso  



                  მიხა ხელაშვილს

      ახადის ქედზე ამოველ
      ვაჟკაცის მოსაგონარადა,
      ბუნება ტირის, ხევები
      მოთქმით ზარს ეუბნებიან,
      მტერს უხარია ღალატით
      მოუკლავთ ხელაშვილია,
      ვინ დაიჯერებს ამბავსა
      ტურამ ამარცხოს ლომია,
      ყველას გულებში დარჩება
      გმირი რომ მოსაგონია,
      შეფიცულების სახელი
      სამოთხის კარზე წერია,
      სამშობლოსათვის სიკვდილი
      მართლაც ალალი არია,
      ბევრიც დარჩება ნაძმობი
      სისხლის ამღებიც ბევრია,
      არ კვდება ახადის ხარი
      მისი სიკვდილი ბრალია.
      ამ ლექსის მალექსებელი
      ერთი უბრალო კაცია,
      ხელაშვილია მიხაი
      ჩვენი ფარი და ხმალია.

                  ირაკლი ყალიჩავა


* * *

      ქრისტეს მიხა, ასე დავარქვი მიხას ცხოვრებას ჩემთვის, და მართლაც მთელი მისი ცხოვრება ქრისტესათვის, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის ვნებაა.
      ვკითხულობ მის ლექსებს, ვეცნობი მონათხრობს მასზედ და თითქოს ცხადლივ წარმოვიდგენ მას – დიახ მე მას ვიცნობ! ხანდახან გამიკვირდება როდესაც მიხას ლექსის თარიღს დავხედავ 18, 19, 21, 22, 25 წლის ყმაწვილკაცი და ამხელა შეგრძნება ჭეშმარიტებისა, აფერუმ მის დედას რა შვილი უშვია! დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე თითქოს ძნელი აღსაქმელია მისი ხასიათის პიროვნული წახნაგები, ძნელია იწამო მისი, როგორც ჭეშმარიტების მეგობრისა – თუმცა ვიტყვი ჭეშმარიტება ხომ უყავლოა ვითარცა უფალი და მიხაც თავისი ლამაზი გაზაფხულებით უყავლოა, აკი ყოველწელს მატულობს მის მეგობართა რიცხვი და უმეტეს ახალგაზრდები და უმეტეს – არაფშავლები, ანუ მისი ნატვრა რომ სახელი მისი გაჰქვეყნებულიყო – სრულდება.
      რომ გავიგოთ მისი პიროვნების სისავსე უნდა გვქონდეს წარმოდგენა იმ გარემოზე, იმ გრდემლზე, რომელიც მას ჭედდა – ეს არის ფშავი, ხევსურეთი, კახეთი, ეს არის იმ პიროვნებათა წრე, რომელნიც მას თანასდევდნენ ცხოვრების გზაზე: გულადნი და ლაჩარნი, ერთგულნი და ორგულნი, მზვაობარნი და თავმდაბალნი, მახინჯნი და ლამაზნი, უჯიშონი და ჯიშიანნი, მტერნი და მოყვარენი, ბოროტნი და კეთილნი, ჩამქვრალნი და გასხივოსნებულნი – მოკლედ უფლის მიერ მას ყველა ეს ეჩვენა, რათა გაეკეთებინა ცხოვრების მთავარი არჩევანი – და მან გააკეთა – იგი მოკვდა რათა უკვდავჰყოფილიყო! მოკვდა არა თავისთვის, მოკვდა ისეთი მარადიული ცნებებისათვის როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, მოყვასი, სიყვარული.

      „ახლა მეც მივხვდი, არა ვარ ღირსი ჰაერთა ცქერისა,
      ღმერთო მაღალო, შემინდვენ ცოდვა გულისა, ხელისა!
      მომეც იმდენი ძალ-ღონე, ვიყო გამხდელი ძველისა
      და მოვიფარო შიშველმა შენი სამოსი სელისა,
      რომ ვიხსნა შენგნით, უფალო, ცეცხლისგან გარესკნელისა,

      ვიყო ჩემთვისა წყნარადა, თავი მომშორდეს გველისა,
      ნუ დამიჭირონ ეშმაკთა, როგორც ნადირი ველისა.
      მოკლე გზა მამეც, უფალო, შენგან მომართვა ხელისა,
      ვილევი, ვკვდები შიშითა, მომლოდნე განსაცდელისა,
      მაგრამა ყველა ცოდვილი უფლის წყალობას ელისა:
      – შემინდობს, მაპატიებსო, – იმედი აქვის მხსნელისა.
      მწყალობდეს მადლი, იესო, შენ ხელთა ამყვანელისა.“

                  1918 წლის ივლისის 10 დღეს, ბარისახო.

      მიხა 18 წლისაა!!!
      მე მინდა სევდით ვიკითხო, განა ბევრია 18 წლის ახალგაზრდა, ვინც ამგვარად ფიქრობს? ან კი არიან ჩვენში დედანი მიხას დედის დარნი, რომ ასე აღზარდონ პირმშონი? ღმერთო! იყოს პასუხი – მრავალნი!!!
      ხანდახან იტყვიან ყოჩაღ ამას, ამასა და ამას აკეთებსო – ვდუმვარ! განა ვინაა საქები თვინიერ იმისა, ვინც ჭეშმარიტების სამსხვერპლოზე მიიტანა თავი თვისი, და ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე და ყოველივე რაიც აბადია ამ ქვეყანაზე – ასეთი იყო მიხა. უძმოის ძმაი, მებრძოლი საკუთარი თავის დემონებთად და მათზედ გამარჯვებული – უპოვარი თითქოს და – ყოვლისმპყრობელი. აბა წარმოიდგინეთ რას განიცდიდა, როდესაც ჭოგრიტით უმზერდა მის პირმშოს ტყიდან, ხოლო ახლოს კი ვერ მიდიოდა, არა, სიკვდილის არ ეშინოდა, სხვას უფრთხილდებოდა; ანდა რას გრძნობდა, ოდეს უამბეს დედის მოკვდინების ამბავი, გაიაზრა ის, რომ ეს მის გამო მოხდა და თავად კი იყო უძლური წინ აღდგომოდა ამას; აბა წარმოიდგინეთ რას იტანდა მთის ზამთარში გარეთ მგლებისა და მელიების ბილიკებზე გაყინულ-გათოშილი რომ ეგდო თოვლთან ერთად, სიმარტოვესთან ერთად, სასოწარკვეთასთან ერთად – შენ შეძლებდი ამას? ვკითხოთ თავს – ალბათ არა! და ხმა იგი ოდენ ქრისტესი ნუ გეშინიან მიხა მე შენთანა ვარ! არავის ეგონოს ეს სიტყვები ბრტყელია და მტვრიანი წიგნების გადაუფურცლავი გვერდებიდანაა ჩემს მიერ ჩამოღებული. ვკითხულობ მიხას ლექსებს და თითქოს გვერდზე ვუზივარ და თვალს ვადევნებ, მეგობარივით მასზე ატორღიალებული – მაგრამ ხან გამცრის, წარმოვიდგენ რა: ეს რომ ცხადში ყოფილიყო განა გავუძლებდი ამხელა ჯვარის ტვირთვას, რასაც მიხას ძმობა ჰქვია – ალბათ ვერა (ღმერთო მოწყალედ გადმოხედე უმწეობას და მცირედმორწმუნეობას ჩვენსას).



      25 იანვარს მიხას ხსოვნისადმი მიძღვნილი რადიოგადაცემის შემდეგ ჩემმა მეგობრებმა და მე გადავწყვიტეთ მიხას საფლავზე ასვლა ჩარგალში. თოვდა, ისე ლამაზად თოვდა... მამა გიორგი ჭილაშვილმა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. სოფელში შესვლისთანავე უზარმაზარი ძაღლი „ხიბლია“ აგვეტორღიალა და მთელი დღე ჩვენთან ერთად დაჰყო, მერე კი მუზეუმთან გაჩერებულ მანქანამდე მიგვაცილა – საოცარია, თითქოს მისი პატრონები ვყოფილიყავით. ვიფიქრე – ალბათ მიხასაც ერთგული ძაღლი უერთგულებდა ოდენ ყველასაგან განწირულსა და მიტოვებულს, თუმცა ჩვენ ხომ მგლებს ვუწერთ ლექსებს, მათზე ვმღერით, იგინნი გვხიბლავენ – ალბათ იმიტომ რომ გვაშინებენ და სიკვდილს თესენ, ჩვენ ხომ ვისიც გვეშინია მას ვუკმევეთ – ხოლო ერთგული შენი ვისაც უყვარხარ – მას ადამიანი ვერც კი ამჩნევ, ხოლო არა უფალი! იდუმალი იყო ის საღამო. სევდა კიდევ უფრო გამიმძაფრა მიტოვებულმა სახლებმა, დაცლილმა სოფელმა.



 

 


      სიკვდილმა, შიშმა, სიღატაკემ, იწროებამ, სენმა, შიშიანობამ, ომმა, ლეკიანობამ ვერ დაცალა ქართული სოფელი, მაგრამ ამა სოფლის ახალთა საცდურთა ხიბლმა, ჩვენმა წამხედურობამ კი თითქმის აღგავა ნიჭი, რასაც ქართული სოფლის მადლი ჰქვია, მეტადრე კი იდუმალება სახელად – ფშავი! ღმერთო ნუ გაგვიქრება ქართული პოეზიის ბალავრად ჩაქვაკუთხედებული – ფშავის ხეობა, თორმეტი მოციქულივით თორმეტ თემად ჩაზრდილი ქართულ მიწაში. ფშაველი ქართულ სიტყვას, ვითარცა საკეჭნაო ხმალს ისე ლაზათიანად ხმარობს ყოველთვის.

      „ახადი მიყვარს დედაო,
      ახადის მთა და ბარია,
      ლამაზი ქალი და კაცი,
      ლამაზი საუბარია“.

      ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მიხას შვილი ბებო თამარი, ცხოვრობს სოფელ ქვემო ქედში, უმწეო და საპყარი, ერთ ცივ ვაგონში, გაიღეთ მოწყალება მიხას გულისათვის – ღმერთი შეგეწევათ.

სანდრო შანიძე.
18.02.2010 წ. თბილისი.




* * *

საქველმოქმედო საღამოზე გადაღებული ფოტო-მასალა


რობერტ მესხი

 

 



ნათია კაკაბაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


მიხა ხელაშვილის საქველმოქმედო საღამო

http://www.youtube.com/watch?v=qcIJcD6I9GI


ვიდეოს მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებ Vakho-Dj–ს.

vipzon@inbox.ru