პირველი ფერეიდნელები, რომლებმაც წინაპართა სამშობლო მოინახულეს

გიორგი მახარაძე. ჟურნალი ”გზა”. 3(397) 17-23 იანვარი, 2008 წ.”

      შაჰ-აბასის მიერ XVII საუკუნეში 100-დან 100 ათასამდე ქართველის გადასახლების შესახებ ზოგადად, ყველამ იცის. ახალგაზრდების საყურადღებოდ, მკითხველს რამდენიმე ცნობას მივაწვდი, სანამ ამ წერილის მთავარ თემაზე გადავალ.


      მიუხედავად იმისა, რომ როგორც ”ქართლის ცხოვრება” გვიამბობს, მთელი კახეთი ფეხზე იდგა, ”ბრძოლა წარმოებდა სამშობლო მიწის თითოეული მტკაველისა და თითოეული ბუჩქისთვის, გლეხის ყოველი ქოხი ციხესიმაგრედ გადაიქცა”. მტრის ურდოების მრავალრიცხოვნებამ ომის ბედი ქართველთა საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა. შაჰ-აბასმა გადაბუგა და ნაცარტუტად აქცია კახეთი, აჩეხა ვაზი, თუთისა და კაკლის ხეები, დედაწულიანად აყრილი ხალხი ირანში გარეკა. მათგან უმეტესობა ჯერ ირანის კასპიისპირა პროვინცია მაზანდარანის ჭაობიან ადგილებში შერეკა, ხოლო მას შემდეგ, რაც ახალჩასახლებულებს მალარიამ დარია ხელი, ისინი ისპაჰანის რაიონში გადაიყვანეს, იქიდან კი − ბახთიარის მთების კლდოვან გორაკებს შუა მდებარე, უკაცრიელ, ხრიოკ ფერეიდანში.
      პირველი ცნობები ფერეიდნელ ქართველთა შესახებ, დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელის მიერ 1640 წელს რომში გაგზავნილ რელაციაშია მოყვანილი: ”დაახლოებით 30 წელი იქნება, რაც სპარსთა ხელმწიფემ შაჰ-აბასმა განსაკუთრებით გაანადგურა ქართლ-კახეთი. მან მთელი კახეთის მკვიდრნი აჰყარა და სპარსეთის პროვინცია ფერაბადში გადაასახლა”. ამავე ავტორის წიგნი − ”წერილები საქართველოზე” − ქართული გამოცემის წინასიტყვაობაში, მთარგმნელს ბ. გიორგაძეს მოჰყავს ცნობები სპარსეთში ნამყოფი მისიონერების შრომებიდან, სადაც აღწერილია ფერეიდანში გადასახლებული კახელებისა და ჩერქეზების ტრაგიკული მდგომარეობა.
      მთელ რიგ პუბლიკაციებში ფერეიდნელებზე პირველი ცნობის ავტორად, ინგლისელი მკვლევარის პ. ობერლინგის მცდარი მოსაზრების მიხედვით (ანალოგიური შეცდომა ადრინდელ პუბლიკაციებში ამ სტატიის ავტორსაც აქვს დაშვებული) ინგლისელ სერ ოსტინ ჰენრი ლეიარდს ასახელებენ, რომელმაც ფერეიდანის ტერიტორიაზე 1840 წელს იმოგზაურა. რა თქმა უნდა, პირველწყაროს ავტორად იტალიელი მისიონერი უნდა მივიჩნიოთ.
      ქართველთაგან, პირველმა ფერეიდანი ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ლადო აღნიაშვილმა 1894 წელს მოინახულა და მისი შესანიშნავი აღწერაც დაგვიტოვა. მაგრამ ამჯერად გაგაცნობთ იმ ფერეიდნელებს, რომლებმაც პირველებმა მოინახულეს დედასამშობლო. საბედნიეროდ, ისტორიამ მათი გვარ-სახელები შემოგვინახა.
      პირველი ფერეიდნელი ქართველი, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, იოთამ ონიკაშვილი − ”ქართულ ენაზე წმინდად მოსაუბრე” ფერეიდნელი გახლდათ. იგი თბილისში 1871 წელს − ანუ ირანში იძულებით გადასახლებიდან ორ-ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩამოვიდა. სწორედ ამ წელს გამოჩნდა იმდროინდელ ქართულ პრესაში პირველი წერილობითი ცნობები ფერეიდნელ ქართველთა შესახებ (გაზეთი ”დროება”). საქართველოში იოთამ ონიკაშვილის ჩამოსვლას მკვლევარმა და საზოგადო მოღვაწემ ზაქარია ჭიჭინაძემ სპეციალური ბროშურა − ”ქართველები სპარსეთში და საქართველოში მოსული სპარსელი ქართველი იოთამ ონიკაშვილი” − მიუძღვნა.
      იოთამი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მან მშობლებისაგან იცოდა, რომ მათი სამშობლო საქართველოა და წინაპრები სპარსეთში ძალით იყვნენ გადასახლებულნი. ძველებისგან ხშირად ესმოდა, − ეგების ეცადოთ შინისკენ დაბრუნებას, ეცადეთ, აქ არ დარჩეთ და საქართველოში დაბრუნდეთო.
      იოთამი 20 წლის ასაკში ფერეიდნის სოფელ მარტყოფიდან თეირანში გადასულა, საქმის ძებნაში ერთ ინგლისელ ინჟინერს გადაჰყრია, რომელთანაც მოსამსახურედ დამდგარა. ინგლისელი აღტაცებული ყოფილა, − ასეთი ჩინებული კაცი ვიშოვე, წერა-კითხვის მცოდნე (ინჟინერმაც იცოდა სპარსული ენა), გონიერი, ერთგულიო!..
      ერთ დღეს ინგლისელმა იოთამს უთხრა, − რუსეთისკენ მივდივარ და სურვილი თუ გაქვს ბაქომდე ჩემი ხარჯით წაგიყვანო. იქიდან ონიკაშვილმა გზა ისტორიული სამშობლოსაკენ განაგრძო. საქართველოში ძალიან მოეწონა; როგორც ვთქვით, ის ქართულად შესანიშნავად მეტყველებდა, მაგრამ წერა-კითხვა არ სცოდნია და ანბანის შესწავლას შესდგომია. მცირე დროში ისე დაუფლებია რომ არა მარტო კითხულობდა ჟურნალ-გაზეთებს, მხატვრულ ლიტერატურას, არამედ ფერეიდნელ ქართველებში შემორჩენილი ქართული ზღაპრების ჩაწერაც დაუწყია. სამსახურს ის ჯერ თბილისის სემინარიაში შესდგომია, ხოლო შემდეგ დაახლოებია საგარეჯოს დეპოს მწარმოებელთა ამხანაგობის წევრებს და მუშაობაც დეპოში დაუწყია; სახელად ალექსანდრე შეურჩევია, ქართველი ქალი შეურთავს, საგარეჯოში დასახლებულა, იქვე აღსრულებულა და იქვეა დაკრძალული.
      წინაპართა სამშობლო შემდგომ, კიდევ ორმა ფერეიდნელმა ქართველმა − ყოლამ-რეზა ხუციშვილმა და ყოლამ-ჰოსეინ ონიკაშვილმა მოინახულეს (ჩიქობავას და თოფურიას განმარტებით, ”ყოლამი” ნიშნავს მოსამსახურეს, მსახურს, მონას). ეს მოხდა 1896 წელს. ორივენი სპარსულ ენაზე მეტ-ნაკლებად განსწავლულები იყვნენ; თანმამედროვე ქართულის შესწავლა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაიწყეს და რამდენიმე დღეში კითხვასაც დაეუფლნენ. შოთა ლომსაძეს მოჰყავს ნაწყვეტი ზაქარია ჭიჭინაძის გაგზავნილი წერილიდან: ”მათ ქართული ენა (ნაგულისხმევია მეტყველება − ავტ.) კარგად შეუნახავთ, ძველი გრამატიკული ფორმებით ლაპარაკობენ და ცრემლით მისტირიან საქართველოს”. ჩამოსვლისას მათ უთქვამთ, რომ საქართველოში წამოსვლა, ქართველთა მოძებნა და ნახვა პატარაობიდანვე უნდოდათ. ”ვიტყოდით ხოლმე, − თუ ჩონ სამშობლო საქართველოს ვერ ვიპოვნით, უამისოდ ჩვენი ყოფნა შეუძლებელია”.
      ათი წლის შემდეგ, 1907 წლის იანვრის პირველ რიცხვებში თბილისში ისევ ჩამოსულან. ისინი ცნობილ საზოგადო მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძესთან დაუბინავებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ ფერეიდნელებისთვის ”მხატვრიაანთ ჯადომღვდელს” − ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილს უმასპინძლებია. მის შესახებ საზოგადოება კახეთის გაზეთ ”კახეთის” 1993 წლის ივლისის ნომერში საინტერესო ნარკვევი გამოუქვეყნებია აწ გარდაცვლილ მწერალს, დიმიტრი გულისაშვილს. ეს ნარკვევი 2001 წლის ივნისში გადმომცა სოფელ გიორგიწმინდის მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ქ-ნმა მზია ოქრომჭედლიშვილმა, რისთვისაც მას გულითად მადლობას მოვახსენებ.
      როგორც ზემოთ ითქვა, ქველმოქმედმა ”ჯადოღვდელმა” თავისთან ისტუმრა ფერეიდნელი ქართველები, შინ მიიყვანა, წელიწად-ნახევარი შეინახა, უმკურნალა (ორივენი ჭლექით იყვნენ დაავადებული) და გამოჯანმრთელებული გაისტუმრა ფერეიდანში. სამწუხაროდ, როგორც ნარკვევის ავტორი შენიშნავს, არაქსზე გადასვლისას რუსმა მესაზღვრეებმა ონიკაშვილი მოკლეს.

ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი ცოლთან და 5 შვილთან ერთად.
მარცხნიდან პირველი − ფერეიდნელი ხუციშვილი, მარჯვნიდან პირველი − ონიკაშვილი.

      საინტერესოა, მღვდელ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის თავგადასავალი.
      მისი წინაპრები ხატებს წერდნენ და ამიტომაც, მათ შთამომავლებს თურმე დღესაც ”მხატვრიაანთს” ეძახიან.
      რაც შეეხება ”ჯადოღვდლის” მეტსახელს − მას უცნაური სამელნე გამოუგონებია, ორიგინალური მექანიზმით. ერთხელ ამ სამელნისთვის ყურადღება მიუქცევია ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარს კალისტრატე ცინცაძეს, რომელსაც უთქვამს: რას არ მოიგონებ, ნამდვილ ჯადო ხელი გაქვს; უბრალო სასმელი წყალი ”უკვდავების წყლად” აქციე, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებ, ახლა ეს ჯადოსნური მექანიზმი გამოგიგონებიაო. მას მერე, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილს ”ჯადოღვდელი” შეარქვეს და სახელით და გვარით აღარავინ იხსენიებდაო.
      სხვადასხვა დაავადებისაგან განკურნების მეთოდი (ელექტროჰომეოპათია) თურმე პეტერბურგელი პროფესორის, სმირნოვისაგან შეუსწავლია, რომელსაც თავის მხრივ, ეს მეთოდი იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში იქაური ექიმ-ფარმაცევტის გრაფ მატეისაგან აუთვისებია.
      ელექტროჰომეოპათიის გამოყენებით ”ჯადოღვდელი” ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი მკურნალობდა: ჭლექს, ათაშანგს, კანის დაავადებებს და ხშირადაც აღწევდა დადებით შედეგს.
      ნარკვევის ავტორი ასე აღწერს მკურნალობის ამ მეთოდს: ელექტროჰომეოპათიური ფეტვის მარცვლისტოლა ტკბილ მარცვალს ერთ ჭიქა წყალში ჩააგდებდა, იქიდან ერთ ჩაის კოვზს მეორე ჭიქაში გადაასხამდა, იქიდან კიდევ მესამეში და ყოველ წუთში თითო კოვზს ან ყლუპს ასმევდა ავადმყოფს − ჰომეოპათია ხომ მკურნალობის მეთოდია, რომელიც წამლების ძალზე მცირე დოზებით მიღებას ითვალისწინებს. არ მახსოვს, მის წამალს არ გაეჭრასო.
      ეს ფოტო თბილისელი ფოტოგრაფის − კოზაკის გადაღებულია, რომელიც ნარკვევის ავტორს ფერეიდნელი ქართველებისათვის ჩამოურიგებია, ერთი ცალი საგარეჯოში ადრე ჩამოსახლებულ მამუკა ონიკაშვილისთვის გადაუცია. შესაძლოა, ეს მამუკა ონიკაშვილი იმ იოთამის (ალექსანდრეს) მემკვიდრე იყო, რომლის შესახებაც წერილის დასაწყისში მოგახსენეთ.
      1900-1902 წლებში თბილისში ჩავიდნენ მოჰამედ მაყაშვილი და მისი სიძე ნასრულა. თბილისიდან დაბრუნების შემდეგ ნასრულას თეირანში გაუცნია ქართველი მოჭიდავე, რომელსაც სახელიც გაუთქვამს და ბევრი ფულიც უშოვია. შემდეგ, მათ შირაზში წასვლა გადაუწყვეტიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, გზაში ორივენი ყაჩაღებს დაუხოცავთ.
      ქართველი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოუწვევია ფერეიდანში გავლენიანი პირის − სეიფოლა ხან იოსელიანის ჩამოსვლას. მან საქართველოში 1922 წლიდან მომდევნო წლის ზაფხულამდე დაყო, ჯერ თავისი ძველი მეგობრის, ერთ დროს ირანში ქართული ესკადრონის მეთაურის შტაბს-კაპიტნის პავლე ლორთქიფანიძის ბინაში ცხოვრობდა (ირანში ყოფნისას პავლე ლორთქიფანიძე სეიფოლა ხან იოსელიანის სტუმარი იყო), შემდეგ კი სხვა ბინა მიუჩინეს.
      სეიფოლას სპარსული განათლება ჰქონდა მიღებული, ამასთანავე, ქართული ენის მშვენიერი მცოდნე ყოფილა.
      სეიფოლა იოსელიანი ზემო მატყოფიდან (ახორე ბალა) იყო, რომელსაც ჩვენს დროში ქალაქის სტატუსი მიენიჭა და ფერეიდანშაჰრი ეწოდა.
      ხელოვნების სახლში მოეწყო იოსელიანთან გამოთხოვება, ამ ღონისძიებას დიდძალი ხალხი დასწრებია. საოცარი პატრიოტული გრძნობებით გაჯერებული სიტყვა წარმოუთქვამს ჩვენს სასიქადულო პოეტს იოსებ გრიშაშვილს.
      სეიფოლა იოსელიანთან დაკავშირებით, ერთი უნიკალური ცნობა დაიბეჭდა გაზეთში ”სრულიად საიდუმლოდ”.
      მეორე მსოფლიო ომის წლებში თეირანში გამართული, ”დიდი სამეულის” − რუზველტის, სტალინისა და ჩერჩილის შეხვედრის დღეებში, საბჭოთა საელჩოში რამდენჯერმე მისულა სეიფოლა ხან იოსელიანი, შეხვედრია სტალინს და მიუმართავს თხოვნით − ფერეიდნელები საქართველოში დაებრუნებინა. სტალინს ყურადღებით მოუსმენია მისთვის და უპასუხია, ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები, ახლა ამის დრო არ არისო.
      ფერეიდნელ ქართველთა ოცნების ხორცშესხმა 1972 წლის მარტიდან დაიწყო, კერძოდ, 1972-74 წლებში ირანიდან საქართველოში ფერეიდნელ ქართველთა 18 ოჯახი დაბრუნდა. მაშინ სულ 300 ოჯახმა გამოთქვა საქართველოში გადმოსახლების სურვილი.
      − სამწუხაროდ, ეს პროცესი ერთხანს შეჩერდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ისევ განახლდა. ამჟამად საქართველოში ფერეიდნიდან ჩამოსული 50 ოჯახი ცხოვრობს. ემრავლოთ!