როსტომ ბერიძე − «სამი საქართველო»


       გამარჯობა ბატონო გიორგი, გიგზავნით მასალებს ჩვენი ფერეიდანში მოგზაურობის შესახებ, მათ შორის საგაზეთო სტატიას, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა.
       როგორც აღმოჩნდა ბევრი მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით, რომ საზოგადოებამ, სტუდენტებმა კარგად გაიგონ მათი სატკივარი. ამ მიზნით მოვაწყეთ ფოტო-გამოფენა უნივერსიტეტში. ვაპირებთ, ასევე ფილმის გაკეთებას ტელევიზიისათვის.
       უღრმესი პატივისცემით, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნეს სკოლის დირექტორი, როსტომ ბერიძე.

      Dr. Rostom Beridze
      Shota Rustaveli State University
      Professor, Director of Business School
        35 Ninoshvili str. 6010 Batumi,Georgia
      Tel: (+995 222) 70656 Mob: (+995 99) 716263
      E-mail: rostomi.beridze@bbs.ge Web: www.bbs.ge



ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო


       შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლის, ტურისტული სააგენტო “UNItour”-ის და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივმა პროექტმა ”სამი საქართველო”, თურქეთის, ირანის და აზეირბაიჯანის ქართველებით დასახლებული ისტორიული რეგიონები: ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი და საინგილო მოიცვა.
       პროექტის მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები, საქართველოსაგან ათასობით კილომეტრით დაშორებული ქართველების გაცნობა, ისტორიული უკუღმართობის ფოტო და ვიდეოფირზე აღბეჭდვა და მისი საზოგადოების ფართო ფენებისათვის ჩვენება გახლდათ, პროექტშივე იყო გათვალისწინებული ჩვენებურებში ქართული ენის, წერა-კითხვის, ქართული სამზარეულოს, ხელოვნების პოპულარიზაცია.
       ექსპედიციისათვის მზადება თებერვლის თვეში დავიწყეთ, განვსაზღვრეთ ძირითადი მარშრუტები და ვადები, ჩავატარეთ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჯგუფის ფორმირებისა და ექსპედიციის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსების მოძიების თვალსაზრისით, დავამყარეთ სათანადო კავშირები შესაბამის საელჩოებთან და საკონსულოებთან, ექსპედიციის მომზადების პროცესში გავიარეთ არაერთი კონსულტაცია საქართველოში მცხოვრებ, ფერეიდნელ ქართველებთან.
       შევიძინეთ სათანადო აღჭურვილობა: კარვები, საძილე ტომრები, ზურგჩანთები და სამედიცინო საშუალებები, − ყველაფერი ის რაც ესპედიციისთვის საჭიროა. დავგეგმეთ ექსპედიციის დაწყების თარიღი − 2008 წლის 18 ივლისი.
       უნდა ითქვას, რომ ექსპედიციის ყველა წევრი ვგრძნობდით, თუ როგორი ემოციური იქნებოდა ჩვენი მოგზაურობა, ამასთან საინტერესო და მნიშვნელოვანიც, მნიშვნელოვანი იმ ათასობით ქართველისათვის, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან მათთან ქართველის გამოჩენას და ქართულის გაგონებას, იმ ადამიანებისთვის რომელთაც დღემდე არ დავიწყებიათ ”ვისი გორისა” არიან.
       18 ივლისს უნივერსიტეტის ეზოდან გაგვაცილეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მშობლებმა, მეგობრებმა და უბრალო ადამიანებმა, დაგვილოცეს ”სამი საქართველოსკენ” მიმავალი გზა და ძირძველ ქართველებთან გულთბილი მოკითხვა დაგვაბარეს.
       აუცილებელ პროცედურას თურქეთის საბაჯოზე დიდი დრო დასჭირდა, ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ გავიარეთ, გეზი ისტორიული კლარჯეთისაკენ ავიღეთ, სასტარტო დღისთვის დაგეგმილი გვქონდა იმერხევის ერთ-ერთ ქართულ სოფელში ღამისთევა. პონტოს დანისლული მთების გადალახვის შემდეგ ჭოროხის აუზში გადავედით, ჩვენი ყურადღება იმთავითვე მიიქცია მდინარე ჭოროხზე მშენებარე ჰიდრო-ელექტრო სადგურმა, რომლის ერთი კაშხალი უკვე ექსპლუატაციაშია.…
       იმერხევი საქართველოს ისტორიული მხარეა, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებით, სიმდიდრითა და ისტორიით. პირველი გაჩერებაც მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქართული დასახლება − უსტამისია, რომლის თურქული სახელწოდება ”სკიკალე” ქართულად ძველ ციხეს ნიშნავს.
       უსტამისში სიხარულით დაგვხდნენ, უამრავი ადამიანი გაგვეცნო, სახლებში გვეპატიჟებოდნენ და დიდი სიყვარულის გამოხატვას ცდილობდნენ. იმერხეველი ჩვენებურების 80% ქართულად, იმერხეული კილოკავით მეტყველებს განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანები.
       სტუმრად მისულებს მოსიაშვილის ოჯახი ტრადიციულად გაგვიმასპინძლდა და ბევრი გვესაუბრა სოფლის და იქ მცხოვრები ოჯახების შესახებ. საღამოს სოფელი შემოგვატარეს.
       უსტამისი ულამაზესი სოფელია. ჯეჯილით, მწვანე ყანებით მობიბინე ველებით, ნაძვნარითა და ულამაზესი ხედებით, ცივი წყაროებითა და ლამაზი ქართულით მოსაუბრე აქაურებით. სოფელი უფრო და უფრო გიზიდავს, გაჯადოებს და მშობლიურობის განცდას განიჭებს. ალბათ ამიტომაც ვითამაშეთ კლარჯ ბიჭებთან ერთად ფეხბურთი, ვისეირნეთ სოფლის ორღობეებში, ამიტომაც ავიღეთ სასმისი და ვადღეგრძელეთ ჩვენი, ვისთვის გაღმა და ვისთვის გამოღმა დარჩენილი საქართველო.
       ღამე ამავე ოჯახში გავითენეთ, 19 ივლისს, კი მას შემდეგ რაც ზღვის დონიდან დაახლოებით 1100 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელს ნისლი საუცხოოდ დაადნა, მასპინძლებს დავემშვიდობეთ და გეზი ბაზარგანისაკენ (თურქეთ-ირანის სასაზღვრო პუნქტი) ავიღეთ.
       უსტამისის შემდეგ გაიშალა რთული და გრძელი გზა, გვერდით ჩაუარეთ არდაჰანს, ყარსს, დოღუბაიაზეთს, ”არარატის” მთებს და დღის ბოლოს ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს მივადექით. ვიდრე საზღვარს მივაღწევდით, გზად მოვინახულეთ ისმაილ ფაშას სასახლე, რომელიც ამ რეგიონში მართლაც შთამბეჭდავი ნაგებობაა.
       ექსპედიციის წევრებმა საბაჟო პროცედურები ამჯერად მარტივად გავიარეთ, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ირანის საზღვარზე ექსპედიციის ხელმძღვანელს როსტომ ბერიძეს იუბილე სიმბოლურად მივულოცეთ და გზა გავაგრძელეთ.
       ამჯერად გზა რომელმაც ირანში ალექსანდრე მაკედონელის ნაკვალევთან, ქალაქ სუსთან, ზაგროსის მთებთან, პერსეპოლისსა და შირაზთან უნდა მიგვიყვანოს. ირანის უკიდურეს სამხრეთით მდებარეობს, იქ მოსახვედრად უნდა გავიაროთ ე.წ ”ირანის აზერბაიჯანი”, გვერდი უნდა აუქციოთ ირან-ერაყის მეტად რთულ სასაზღვრო რაიონებს და ირანის სიღრმიდან შევიდეთ სამხრეთში, სპარსული ენის არცოდნა ბუნებრივია ამ ამოცანას უფრო ართულებდა. აქ დიდი სამსახური გაგვიწია საქართველოში ქართული ენის სასწავლო კურსებზე მყოფმა შალვა (ახმედ) შოკშზერილმა, რომელიც ნაჯაფაბადელი ქართველია და ამ ექსპედიციაში ჩვენი თხოვნით საქართველოდან გამოგვყვა, ამ ქართველმა ახალგაზრდამ მართლაც უანგარო დახმარება გაგვიწია, რითაც თავისი წვლილი შეიტანა ექსპედიციის წარმატებით განხორციელებაში.
       ამჯერად გვერდი ავუქციეთ ქალაქ თავრიზს და ღამით ქალაქ ზანჯანის ერთ-ერთ სასტუმროში დავბინავდით.
       სასტუმროდან 21 ივლისის დილის 10 საათზე გამოვედით. შევავსეთ ჩვენი სურსათის მარაგი და 11 საათისთვის დავტოვეთ ქალაქი. წინ დიდი გზა გველოდა, ქაზვინი, ამადანი, ლორესტანი, ყუზესტანი, ეს ის პროვინციებია, სადაც ჩვენ უნდა გაგვევლო. 850 კილომეტრის გავლის შემდეგ, 19 საათზე ქალაქ ამადანში ჩავედით. ირანში რაც უპირველესად თვალშისაცემია დაბალი ფასებია.
       ამადანი დავტოვეთ და რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით ერთ-ერთ ავტოსადგმოზე ღამის გასათევად ვჩერდებით. დილით კი 07 საათზე გზას ვაგრძელებთ. 22 ივლისის დღის 12 საათისთვის ჩვენ უკვე ქალაქ შუშტარში ვიყავით. ვეწვიეთ ჩვენი თანმხლები მეგობრის შალვას დეიდის, იოსელიანების ოჯახს. ოჯახმა გულითადად გვიმასპინძლა, გვქონდა საინტერესო საუბრები ოჯახის წევრებთან. შუადღისას ოჯახის ერთ-ერთი წევრის თანხლებით გავემგზავრეთ ქალაქ სუსაში, სადაც მოვინახულეთ დანიელ წინასწარმეტყველის სამარხი, რომელიც სამეფო სასახლის ქვემოთაა აგებული. საოცარ ლამაზ აკლდამას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოილოცავს ხოლმე, შიიტები, სუნიტები, ქრისტიანები და იუდეველებიც კი. ამის შემდეგ მოვინახულეთ ძველი სპარსეთის ლეგენდარული მეფის, დარიოს III ზამთრის სასახლის ნანგრევები, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სპარსეთში ლაშქრობის დროს განადგურდა. ქალაქის დათვალიერების შემდეგ ჩვენ უკან, შუშტარში ვბრუნდებით, გვიან საღამოთი კი მდინარეზე საბანაოდ წავედით. იქ სადაც დღით ტემპერატურა 55°C უტოლდება მართლაც, რომ თბილ მდინარეში გატარებული საღამო დიდი შვება იყო.
       23 ივლისს დილით დავტოვეთ შუშტარი და ქალაქ შირაზისაკენ გავეშურეთ, დავლაშქრეთ ზაგროსის მთები, ადგილობრივების დახმარებით, ჩვენ ზუსტად იმ ადგილს მივადექით, რომელიც თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელმა გაიარა თავისი მხედრობით. დატვირთული დღის შემდეგ, საღამოთი, უკვე შირაზში ვიმყოფებოდით და ადგილობრივ კერძებს ვაგემოვნებდით, ირგვლივ კი პოლიციის გაძლიერებული დაცვა გვეხვეოდა (თითქოს და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის). ღამე ქალაქის ცენტრალურ პარკში, კარვებში გავატარეთ, ირანის დიდ ქალაქებში წლის ამ დროს მოსახლეობის ერთ ნაწილი პარკებსა და სკვერებში ატარებს ღამეს. ჩვენც რა თქმა უნდა მივბაძეთ მათ.
       24 ივლისს დილით მოვინახულეთ ქერიმ ხანის სასახლე და აქ არსებული შირაზის ისტორიის მუზეუმი, XIV საუკუნის ცნობილი სპარსი პოეტის ხაფიზის მემორიალი. როცა ვსაუბრობთ შირაზის ისტორიაზე, ჩვენ გვახსენდება ქართველთა წამებული დედოფალი წმინდა ქეთევანი, რომელიც იმ ქალაქში ეწამა სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, მაშინ იქ თითქოს წარმოვიდგინეთ კიდეც იმ დროის შირაზი... და იმ დროის ჩვენი “შირაზული ტრაგედია”. ღამით პერსეპოლისისაკენ ავიღეთ გეზი, 25 ივლისის დილის 5 საათზე უკვე ნაკრძალის ტერიტორიაზე ვიყავით.
       პერსეპოლისის დათვალიერების უფლებას მხოლოდ 8 საათიდან იძლეოდნენ. რამაც საშუალება მოგვცა ცოტა ხნით მაინც თვალი მოგვეტყუებინა.
       დარიოს III პერსეპოლისის საზაფხულო სასახლე გრანდიოზული და შთამბეჭდავი ნაგებობაა, დახვეწილი დაგეგმარებითა და უმშვენიერესი არქიტექტურით, პერსეპოლისის თითოეული ქვა იმ სიდიადეზე მეტყველებს რაც დარიოს III და მის იმპერიას ახასიათებდა, მოვინახულეთ დარიოს I და დარიოს II აკლდამები, რომლებიც სასახლის აღმოსავლეთით მდებარეობს. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ათვალიერებს პერსეპოლისს, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნაკრძალის გამართული და მოწესრიგებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.
       პერსეპოლისის შემდეგ ჩვენი გაჩერება ქალაქი ისპაჰანია, რომელმაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ისპაჰანში მოვინახულეთ ცენტრალური, შაჰ-აბასის მოედანი და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ალავერდი ხან უნდილაძის მიერ აგებული 33 თაღისგან შემდგარი უმშვენიერესი ხიდი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობათაა მიჩნეული. სიმბოლურია ალბათ, რომ სწორედ ამ ხიდთან შევხდით ჩვენ პირველ ქართველებს, რომელებიც წარმოშობით ფერეიდანიდან იყვნენ, ამჯერად კი ისპაჰანში ცხოვრობენ, ემოციური იყო მათთან შეხვედრა, დიდი ხნის საუბრის შემდეგ მათ საჩუქრად დედა-ენის სახელმძღვანელოები გადავეცით და დავემშვიდობეთ.


 


       ჩვენ ვერ შევძლებთ აღვწეროთ იმ ქართველების სიხარული და გრძნობა, რაც თითოეულმა ჩვენთაგანმა მათ თვალებში დავინახეთ. საოცარია ისინი ყველაზე ამაყი ხალხია მთელს ირანში, ამაყი იმით, რომ ქართველები არიან.
       26 ივლისის დილით ნაჯაფაბადის XIII ქუჩის მცხოვრებლებმა (ძირითადათ ქართველებითაა დასახლებული) ჩვენს ირგვლივ დაიწყეს შეკრება, ვერ წარმოგვედგინა თუ ასე რეზონანსული იქნებოდა ჩვენი იქ სტუმრობა, ქალები, ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები ყველა გარეთ გამოვიდა და შემოგვცქეროდა. ეს იყო სიყვარულისა და 400 წლიანი მონატრება. იყო ცრემლი და ბევრი, ძალიან ბევრი მოსაფერებელი სიტყვა, ქართული, ძარღვიანი სიტყვა. მთელ ერთ საათს გრძელდებოდა დამშვიდობება.
       გიორგი სეფიაშვილის ოჯახში შევხდით გამოჩენილ ფერეიდანელ საზოგადო მოღვაწეს საიდ მულიანს (მოლაშვილი), რომელმაც ჩვენს ექსპედიციას მეგზურობა უნდა გაუწიოს ფერეიდანში მუშაობისას. იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა ირანის ქართულ წრეებში. მისი თაოსნობით ფერეიდანში აქტიურად მიმდინარეობს ქართული წერა-კითხვის პოპულარიზაცია რომელშიც ბევრი ახალგაზრდა ქართველია ჩაბმული, ქართული ენის შენარჩუნებისა და ფერეიდანელთათვის ქართული წერა-კითხვის შესწავლის საქმეში უმნიშვნელოვანესია საიდ მულიანის მიერ სპეციალურად ფერეიდანელი ქართველებისთვის შედგენილი დედა-ენა, რომელსაც პირველად საიდ მულიანისვე ინიციატივით გახსნილ ქართულ საზაფხულო სკოლაში გამოიყენებენ.
       ნაჯაფაბადიდან ფერეიდანისკენ ავიღეთ გეზი...
       პირველი გაჩერება ფერეიდუნშაჰრი, (ბახტიარის მთებში მდებარეობს, ქალაქ ისპაჰანიდან 100 კმ დაშორებით), როგორც აქაური ქართველები უწოდებენ − მარტყოფი.


 


       ამბაკო ჭელიძე, რომელმაც ფერეიდანში 1923 წელს იმოგზაურა წერს − ”... რომ მივედით, უკვე ტევა აღარსად იყო. ქუჩა, ეზო, ოთახები ხალხით გაივსო. ამან გააძნელა ჩვენი დანახვის საქმე. ამიტომ ხალხმა მოითხოვა გავსულიყავით გარეთ, ფართო ადგილზე, რომ ყველას დავენახეთ. მეტი გზა აღარ იყო გავედით. ამავე დროს ჩვენთან მუსაიფი არ შეუწყვეტიათ, შიგადაშიგ გაიძახოდნენ: − დიდი საქართველოდან მოსულან!” აი ჩვენც ზუსტად მსგავს სიტუაციაში აღმოვჩდით, უამრავი ადამიანი შეიკრიბა მარტყოფის ქუჩებში, ყველა ჩვენთან ცდილობდა მოახლოებას, გამარჯობის თქმას, გასაუბრებას, სურათის გადაღებას... როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანებს სჩვევიათ ისე მოვიკითხეთ ერთურთი, იყო ცრემლი და უდიდესი სიხარული. მთავარი ემოციური შეკითხვა, რომელიც დაგვისვეს იყო: ”400 წელი რატომ არ მოგვიკითხეთ” ჩვენ ვუპასუხეთ − ”ჩვენც 400 წელი მოვდიოდით და ახლა ჩამოვედით თქვენს მოსანახულებლად”. დაახლოებით 25 წუთის მანძილზე ქალაქში ვმოძრაობდით (მოულოდნელი იყო ის, რომ ქუჩებში წარწერები არაბულ და ქართულ ენაზეა), შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის ირანის ისლამის პოლიციის მოთხოვნით უნდა გავცლოდით მარტყოფის ქუჩებს, მათი თქმით უკვე მთელი მოსახლეობა ქუჩაში იწყებდა გამოსვლას. ჩვენც საიდ მულიანის სახლისკენ გავეშურეთ, რომელიც მარტყოფის შესასვლელში მდებარეობს, მიუხედავათ პოლიციის აქტიურობისა უამრავი ავტომობილი და მოტოციკლი გვაცილებდა საყვირებით, ყიჟინით და საქართველოს შეძახილით.


 


       საიდ მულიანის ოჯახში დავბინავდით, ვივახშმეთ და ნანახისა და განცდილის შეფასება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ... ის დღე დასრულებული გვეგონა, როცა გვაცნობეს რომ მარტყოფის დასვენების პარკში ჩვენთან შესახვედრად უამრავი ქართველი შეკრებილიყო. ჩვენც მათკენ გვიწევდა გული. მართლაც უამრავი ადამიანი შეკრებილიყო პარკში, ყველას სიხარულით უძგერდა გული: ქალებს, ბავშვებს, ახალგაზდებს...
       წარმოუდგენელი საღამო იყო!
       27 ივლისს სახლიდან 9 საათზე გავედით და კიდევ ერთი ქართული სოფლის − ჩუღურეთის მოსანახულებლად გავემგზავრეთ. სოფელი საკმაოდ საინტერესო და თავისებური გახლდათ, საცხოვრებლები აქ ალიზისაგან ამოყვანილი კედლებით იყო ნაშენი. აქ შემორჩენილია ტრადიციული დედა-ბოძი და მასზე ნაგები ფერეიდნული ჭერი, რომელიც ბევრ საერთოს ჰპოვებს ქართული ოდის ჭერთან. გავეცანით სოფლის ცხოვრებას, მეურნეობის დარგებიდან დაწყებული ხელსაქმით დასრულებული. სოფლის ახალგაზრდა ქალები შესანიშნავ ხალიჩებს ქსოვენ, რომელიც ბაზარზე მოწონებით სარგებლობს და შესაბამისად მოთხოვნაც დიდია.
       სოფელში ჩვენს მეგზურობას საიდ მულიანთან ერთად, ამ მხარის კოლორიტი მუხტარ დარჩიაშვილი გვიწევდა. მათთან ერთად მარტყოფელი ახალგაზრდების ინიციატივით მიგვიწვიეს ე.წ ”პიტნინაზე” (მდინარე ჩუღურეთში), სადაც თევზით გაგვიმასპინძლდნენ, ქართულმა სუფრამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს, იქაურებს ქართული სახელები შევარქვით და რამდენიმე ქართული ხალხური ცეკვის მოძრაობები შევასწავლეთ.
       საღამო იყო როცა ჩუღურეთი დავტოვეთ.
       ფერეიდანელი ქართველები საკუთარი წესებითა და ტრადიციებით ცხოვრობენ, ქართველები ირანში ყველაზე ლაღი, თავისუფალი და თავისებური ხალხია, ამას მეტყველებს ისიც, რომ უცხოობაში და უდაბნოში გატარებული 400 წლის მიუხედავად, ფერეიდანელებმა ქართული თავმოწონებით შეინახეს ყურძნის კულტურა − ”ჩვენ აქ სტუმრები ვართ, ჩვენი სამშობლო სიზმრად ნანახი საქართველოა, ჩვენი მომავალიც იქაა” გვითხრა ერთ-ერთმა ფერეიდანელმა ახალგაზრდამ.
       ფერეიდანელები განსაკუთრებული რუდუნებით ეპყრობიან ყოველივე ქართულს − ენას, წეს-ჩვეულებებს, კულტურას, სიმღერას და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ დროთა სიავემ აქაურებს ქართული სამზარეულო დაავიწყა. სამზარეულო, რომელიც ზოგადად ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ფერეიდანში ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეწვია ინტერესი კულტურის ამ ელემენტისათვის და გაგვეცნო ის აქაურებისათვის. ჩვენი ინიციატივით საიდ მულიანის ოჯახში შევკრიბეთ მარტყოფის რესტორნებისა და კაფე-ბარების წარმომადგენლები და სხვა ცნობილი ქართველები. მათთან ერთად მოვამზადეთ ქართული კერძები (ლობიო, საცივი, ხაჭაპური, ხინკალი და სხვა) ინტერესი ძალიან დიდი იყო, მათ ჩაიწერეს ამ კერძების მომზადების წესები და დაგვპირდნენ, რომ მას შეიტანდნენ როგორც ოჯახის, ასევე რესტორნებისა და კაფე-ბარების მენიუში. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ ამ ღონისძიებით და აღნიშნეს, რომ ქართველებმა მივიწყებული ქართული კერძების მომზადება ხელახლა უნდა ისწავლონ.
       უნდა აღვნიშნოთ ერთი სასიამოვნო ტენდენციაც, ფერეიდანელი ახალგაზდები უფრო და უფრო ინტერესდებიან ქართულით, უფრო მეტად სწავლობენ ქართულს და წარმოიდგინეთ ზოგიერთ უფროსი ასაკის ქართველზე უკეთაც ლაპარაკობენ. ღვთის წყალობით ფერეიდნელი ქართველები არ ივიწყებენ საკუთარ ვინაობას და მეტიც, ყოველმხრივ ცდილობენ უფრო მეტად დაუკავშირდნენ მას.
       28 ივლისის ქართული სამზარეულოს წარმატებული ,,მასტერკლასის” შემდეგ დავემშვიდობეთ ფერეიდანს, უამრავი ადამიანის ცრემლი, მოფერება ირეოდა ირანის ერთ-ერთ უდაბურ პროვინციაში.
       წამოსულებს ღამით ისპაჰანთან ახლოს ქართველები დაგვხვდნენ, გაგვაჩერეს, თბილად მოგვიკითხეს და მათთან სტუმრობა გვთხოვეს, ჩვენც დიდი სიამოვნებით გავყევით ერთ-ერთ მასპინძელს, დავითაშვილების ოჯახში ლამაზი შეხვედრა მოეწყო. უამრავი ქართული ლექსი, მათ შორის ადგილობრივი ქართველი პოეტების შემოქმედებაც მოვისმინეთ, მთავარი თემატიკა საქართველო, ქართველობა და დედა ენა იყო. ცრემლმორეული სიხარული, ემოციისგან ხმაგაწყვეტილი სიმღერა, ერთობის განცდა და საუკუნოდ ერთად ყოფნის სურვილი, ეს ის პორტრეტული შტრიხებია, რომელიც შეიძლება ამ ხალხმრავალ შეხვედრაზე გენახათ. სახლის კედლები მორთული იყო სხვადასხვა ქართული ორნამენტებით, გამონათქვამებით: − ”სიკეთიდან ეკლები აყვავდების” ან კიდევ ”სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების”. ჰუმანური და ეროვნული ღირებულებებით ცხოვრობენ ისინი საქართველოდან შორს. ალბათ ამიტომაც მოვიდნენ დღემდე როგორც ამაყი ქართველები და ამიტომაც არიან ისინი ყველაზე განსხავებული ხალხი ისლამურ სახელმწიფოში.
       ღამით ისპაჰანი დავტოვეთ და თეირანში წამოვედით, ღამე ერთ-ერთ სკვერში საძილე ტომრებში გავითენეთ, 29 ივლისს დავათვალიერეთ ირანის უდიდესი დედაქალაქი, რომელმაც კარგი შთაბეჭდილებები დატოვა, მოვინახულეთ სამეფო რეზიდენცია, რეზა ხანისა და მაჰმუდ რეზა შაჰის სასახლეები, გვქონდა საშუალება გაგვესეირნა თეირანის ქუჩებში მაგრამ დაგვერწმუნეთ ეს ძალიან რთული იყო. ღამე ჩვენი თეირანელი მეგობრის კახა ყაფლანიშვილის ოჯახში გავათიეთ.
       30 ივლისს დილით, 9:30 საათზე დავტოვეთ თეირანი და ქაზვინისკენ ავიღეთ გეზი, ჩვენი გათვლებით ამავე დღის ბოლოს უნდა დაგვეტოვებინა ირანის საზღვარი, როდესაც გამოვცდით ქალაქ ყარაჯს, შეგვემთხვა მცირე საგზაო შემთხვევა, გამოძიებაში ადგილობრივი პოლიცია და საქართველოს საკონსულო ჩაერთო. რამდენიმე დღე ირანის წითელი ჯვარის ოფისში გავატარეთ.
       იმდენად დიდი იყო ჰერეთისა და იქაური ქართველების მონახულების სურვილი, რომ შესაძლო დაბრკოლებებს ნაკლებად ვითვალისწინებით და უკან დახევას არ ვაპირებდით.
       2 აგვისტოს დავტოვეთ ირანის წითელი ჯვარის ცენტრი და დაზიანებული ტრანსპორტით ქაზვინის ავტოსადგურში მივედით, იქედან კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქ რაშთში გავემგზავრეთ, წინ რთული და დამღლელი გზა გვქონდა, ქალაქ რაშთიდან სხვა ტრანსპორტით სასაზღვრო ქალაქ ასტარაში ჩავედით და აზერბაიჯანის საზღვარს მივადექით, უკვე საღამო იყო, მიუხედავათ ამისა, დაკარგული დღე რომ აგვენაზღაურებინა გადავწყვიტეთ გზა ბაქოს გავლით უშუალოდ საინგილოსკენ გაგვეგრძელებინა.
       ბაქოში გვიან ღამით ჩავედით. ღამის ბაქო საკმაოდ ლამაზი ქალაქია, იქვე ხელდახელ ნაპოვნი მინიბუსით კახისკენ გამოვემგზავრეთ, თან დაგვემგზავრა ორი ინგილო, რომლებიც გროზნოდან (ჩეჩნეთის დედაქალაქი) შინ ბრუნდებოდნენ.
       3 აგვისტოს დილით, თითქმის 28 საათიანი მგზავრობის შემდეგ საინგილოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონის კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან გავჩერდით. დავესწარით წირვას, რომელსაც ადგილობრივი ქრისტიანი ქართველები ესწრებოდნენ, წირვის შემდგომ მათ ვესაუბრეთ ჩვენი ექსპედიციის შესახებ, ვუამბეთ კლარჯელ და ფერეიდანელ ქართველების შესახებ.
       სიხარულით შეგხვდნენ საინგილოში, უნდა ითქვას, რომ ჰერეთთან კულტურული და სულიერი კავშირები უფრო მეტადაა შენარჩუნებული, ინგილოები ხშირად სტუმრობენ საქართველოს, საქართველოსთან ფიზიკური სიახლოვე ხელს უწყობს ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებას, მაგრამ პრობლემები აქაც ბევრია. მოვინახულეთ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, როგორც აქაური ქართველები გვეუბნებიან ისინი დიდი ,,ბრძოლისა და ჯაფის” ფასად ახერხებენ ტაძრის გადარჩენას და მასში სადღესასწაულო დღეებში წირვა-ლოცვის ჩატარებას. სირთულეებია ქართული სკოლების ფუნქციონირების თვალსაზრისითაც.
       კახეთის ბარისთვის დამახასიათებელი ბუნება, ლაღი ქართული, ეკლესიის ზარები და ამაყი ინგილოები მშობლიურობას განგაცდევინებს. თუმცა, როცა ხედავ აქაური ქართველების ტრაგიზმით სავსე თვალებს, გრძნობ, რომ კვლავ ”სხვა საქართველოში” ხარ..., უფრო სწორად რომ ვთქვად, ირგვლივ მართლაც საქართველოა − თავისი ქართველებით, ტაძრებით, ქართულით, ბუნებით, ტრადიციითა და კულტურით, ურთიერთობებით, ხასიათით მაგრამ ამავე დროს არ არის საქართველო, ის სხვა სახელმწიფოს ნაწილია. ერთი სიტყვით ძალიან რთული და უხერხული განცდა გეუფლება საინგილოში ყოფნისას.
       საინგილოში წმინდა ქართულად გვიმასპინძლდებიან...
       ქართული ღვინით ვლოცავთ საქართველოს...
       განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო წმინდა გიორგის ეკლესიის მგალობელთა გუნდი − ”ლუკა”, მათი შესრულებული მრავალჟამიერი და მათი ცრემლიანი თვალებით დალეული საქართველოს ერთიანობის სადღეგრძელო.
       4 აგვისტოს უკვე საქართველოში ვიყავით, პროექტი ”სამი საქართველო” ”სიყვარულის ქალაქში” სიღნაღში შევაჯამეთ. 5 აგვისტოს, საღამოს ბათუმში დავბრუნდით.
       ჩვენი მოგზაურობა 20 დღეს გაგრძელდა, ამ ოცი დღის მანძილზე შეიძლება ითქვას დიდი სამუშაოები ჩავატარეთ, ჩავიწერეთ და გადავიღეთ უნიკალური მასალები სამ სახელმწიფოში მცხოვრები ძირძველი ქართველების შესახებ, რომელიც უკვე მუშავდება და საზოგადოება მალე ფილმის და ფოტო-გამოფენის სახით იხილავს მას. ვფიქრობთ საკმაოდ საინტერესო იქნება ინფორმაცია სამი განსხვავებული, ქართველებით დასახლებული რეგიონის შესახებ, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებს, ქართული, ქართველობის შეგნება და საქართველოსადმი უზომო მონატრება და სიყვარულის გრძნობა. ერთხელ კიდევ დავწრმუნდით, რომ თითოეულმა მათგანმა იდეალში ”საკუთარი საქართველო” შექმნა, ძლიერი ქართული მუხტით.
       ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი და ჰერეთი იქ ყოველთვის ელის ქართველებს, ადამიანებს ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს მათი არსებობა და იცის მათი ტრაგიკული ბედისწერის შესახებ. იქაური ქართველები თქვენც გელოდებიან...
       როგორც ფერეიდნელები იტყვიან,
       ღმერთს ებარებოდეთ!!!


თამაზ დარჩიძე
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე

მერაბ დიასამიძე
ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მაგისტრანტი
ბიზნესის სკოლის სასწავლო პროცესის მენეჯერი.


       P.S. გამარჯობათ ბატონო გიორგი, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე www.bbs.ge დავდეთ ბანერი – ,,საერთაშორისო პროექტები", სადაც მოცემულია პროექტის ,,სამი საქართველოს" მასალები, მათ შორის ფილმი. პატივისცემით, როსტომ ბერიძე. 18.02.2009.



* * *

       მოგესალმებით ბატონო გიორგი! თქვენი საიტის ბოლო ქვეთავის − ”94. როსტომ ბერიძე − «სამი საქართველო» − ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო” წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მოგითხროთ შემდეგი: მოგეხსენებათ მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იმ მუსულმანი ქართველების მიმართ, რომლებსაც შინაგანად შერჩენილი აქვთ ქართველობა! ერთ-ერთი მათგანია ართვინელი გურჯი ბატონი ნური თორუნი, რომელიც სკაიპის მეშვეობით გავიცანი დაახლოებით 2,5 წლის უკან. მან მთელი ოჯახით ქალიშვილის ქორწილშიც კი მიგვიპატიჟა შარშან. თქვენ მოგეხსენებათ ჩემი ავადმყოფობის შესახებ და სანამ მე არ ვმუშაობდი, ძალიან წუხდნენ ჩემი გაუჩინარების გამო. როგორც კი გამოვჩნდი მომიკითხეს გულიანად, მითხრეს რომ ნერვიულობდნენ ჩემზე. ბატონმა ნურიმ დელიკატურად გამომკითხა ყველაფერი დიაგნოზისა და მედიკამენტების (რომლებიც საკმაოდ ძვირია) შესახებ და წუხილი გამოთქვა ყველაფრის გამო. ერთ დღეს მირეკავს უცნობი ქალბატონი ბათუმიდან და მეუბნება, რომ მე ვარ გუგული დუმბაძე, ჩვენი ოჯახის მეგობარმა ბატონმა ნურიმ მოგვაწოდა წამლები თქვენთან გადმოსაცემად და როგორ დაგიკავშირდეთო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, წარმოიდგინეთ რამდენად დიდსულოვანი უნდა იყოს ადამიანი, რომ ღირებულების მიუხედავად თვალით უნახავ პიროვნებას ასეთი რამ გაუკეთოს?! გულწრფელად გეუბნებით, რომ ცრემლები მომადგა თვალებზე. კიდევ ერთხელ ვირწმუნე, რომ ქართველი ყველგან ქართველია, სადაც არ უნდა იყოს!


 


       ბატონო გიორგი, დაახლოებით ამდენივე ხანია, რაც ასევე სკაიპში გაცნობილი მყავს ერთი გურჯი ინეგოლიდან 23 წლის ომერ დემერტაში, რომელიც დედას მეძახის! ბავშვობიდან ცეკვავს ქართული ცეკვის ანსამბლში, ამჟამად ერთ-ერთი საავეჯო კომპანიის მენეჯერია. ძალიან კარგად იცნობს გიორგი კალანდიას და საერთოდ, ცდილობს ქართველებთან სიახლოვეს, ოცნებობს საქართველოში ჩამოსვლაზე...
       მყავს კიდევ ერთი მეგობარი ჟურნალისტი ჰაკკი ტანი, ადრეც მოგწერეთ მის შესახებ. რამდენიმე ხნის წინ კი მას ”დედა ენა” და კალიგრაფიული რვეულები გავუგზავნე ისტანბულში. ახლახან კი გავიცანი ბატონი ორჰან სარდაგი, რომელიც კულტურის სფეროში მუშაობს. ყველა ეს პიროვნებები გულმხურვალე ქართველები არიან. მათთან საუბრისას ყოველთვის ენით გამოუთქმელი გრძნობა მეუფლება, ეს ალბათ ტკივილნარევი სიყვარულის გრძნობაა...


 

       პატივისცემით, მერი რაზმაძე. ბორჯომი. 2008 წლის 7 ნოემბერი.