ბუბა კუდავას ფოტოები – ტაო-კლარჯეთი



      ტაო-კლარჯეთი კრებსითი სახელია ისტორიული ტერიტორიისა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარეობს. იგი მოიცავს ჭოროხისა და მტკვრის აუზებში არსებულ ისტორიულ ქართულ პროვინციებს (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, სამცხის, ჯავახეთისა და აჭარის ნაწილები).
      ეს მრავალფეროვანი რეგიონი საოცრად მდიდარია ქართული ისტორიული ძეგლებით. ოშკი, ბანა, ხახული, პარხალი, იშხანი, ტბეთი, ხანძთა, არტანუჯი... შუა საუკუნეების ტაო-კლარჯეთში კიდევ ბევრი კულტურული თუ პოლიტიკური ცენტრი იყო. დღეს ეს ტერიტორია ქართველი და უცხოელი ტურისტების, ისტორიკოსების, სიძველეთმცოდნეების დიდ ინტერესს იწვევს.
       სწორედ ამ დიდმა ინტერესმა მოუყარა თავი ათასობით ფოტოს ჩემს პირად არქივში. ფოტოები გადაღებულია 2003-2005 წლებში, სამეცნიერო თუ სატელევიზიო ექსპედიციების მსვლელობისას.
      ამ ინტერესის კიდევ უფრო გაღვივებას ისახავს მიზნად ეს მცირე ფოტოალბომი.
      დიდი მადლობა ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს – თამარ გეგიას, გიორგი გელაშვილს, გიორგი კალანდიას, ბონდო კუპატაძეს, მირიან მახარაძეს, გოჩა საითიძეს, ჯაბა სამუშიას, თემურ ხუციშვილს, ნესტან ჯიოევს, რომლებსაც ექსპედიციებში გატარებული ჩემი ცხოვრების განუმეორებელი ეპიზოდები უკავშირდება.
      ესტუმრეთ ტაო-კლარჯეთს. ეს საოცარი მხარეა.

ბუბა კუდავა


* * *

 
ოშკი. გუმბათის ხედი აღმოსავლეთით. X ს.
 
იშხანი. გუმბათის ხედი ჩრდილო-დასავლეთით. VII-XI ს.
 
პარხალი. ქართული წარწერა სამხრეთ ფასადზე. X ს.
 
ბანა. ეკლესიის ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან. VII-X ს.
 
ხანძთა. მონასტრის ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. VIII-XV ს.
 
არტანუჯი. ციხე და ნაქალაქარი. V ს.
 
დოლისყანა. ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. X ს.
 
ოთხთა ეკლესია. მონასტრის ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან. X ს.
   
კავკასიძეების ციხე (ოთხთა ეკლესიის ციხე). ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. შუა საუკუნეები.
 
ხახული. არწივის რელიეფი ეკლესიის სამხრეთ ფასადზე. X ს.
 
ტბეთი. აღმოსავლეთ ფასადი. X ს.
 
ქაჯისციხე. შუა საუკუნეები.
 
თეთრციხე. ციხე და ნაქალაქარი ჩრდილის ტბის კუნძულზე.
 
ყველისციხე. ხედი სამხრეთიდან. შუა საუკუნეები.
 
კალაჯუხის ციხე (სავარაუდოდ - ბეჭისციხე). შუა საუკუნეები.



ბუბა კუდავა ლევილში. საფრანგეთი.



* * *

გვანცა ჯობავა


        საქართველოდან საქართველოში (მიძღვნა)

                 (ამ მოკრძალებულ ლექსს ვუძღვნი ჩემს მეგობრებს: ნინო ნადირაძეს, გიორგი არაბულს, ნინო ნეკერიშვილს, ნუკრი ბერეთელს და თეა თაბაგარს, რომლებმაც გამილამაზეს სამი უმძიმესი და უმშვენიერესი დღე... ასევე ვუძღვნი ახალგაზრდა ხელოვანთა სალონის მესვეურებს, რომლებმაც საშუალება მომცეს დაუვიწყარი დღეები გამეტარებინა ტაო-კლარჯეთში...)

ჩამოიქცევაო, - მოლამ, - ქართულ გალობაზე
იშხნის კედლები, უნდა გაჩუმდეთო...
და ოშკთან მოლურად აყივლდა,
მიწას გაერთხა და...
კედლები არა, და ძრწოლვით ჩამომექცა
მკლავები, ცრემლი ლოცვა-ლოცვა
დამცვივდა.

იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდად, მარტივად,
უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს,
გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში,
და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.

ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად,
კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება,
უნდა უფალს სთხოვო, რომ დაიჯერო,
მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.

ხახულში ჩაგვირაზა მოლამ კარები,
პარხალშიც ვერ შეაღწევ ასე მარტივად,
შევდივარ ფეხშიშველი (მუსლიმანივით),
და თავს ვაჯერებ, რომ შლეგი მარტი ვარ,

სხვას რას მივაწერო, ტაძარ-მეჩეთში
გვერდიგვერდ ვლოცულობთ მე და მუსლიმი,
ის ალაჰს ადიდებს ხელებაპყრობილი,
მე - ღმერთს, და ამ სასჯელს სიმწრისგან ვუცინი.

დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ,
მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში
ველოსიპედებით დაქრიან,
მე კი, კედლებს ვკოცნი, თან ერთს ვუთვალთვალებ,
იქნებ ქართველია, ნეტა, რა ჰქვია?!...

ოთხთა, მომეჩვენა, უფრო მშვიდი იყო,
როგორც ოცნებების ძვალშესალაგი,
გინდა იგალობებ, გინდა ლოცვას იტყვი,
აქ არც მოლა გიშლის და ვერც ალაჰი.

შემდეგ დაბრუნება... საქართველოდან საქართველოში
ჩავდივარ,
მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა -
ტაოს სუსხით, ნიავით...
მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით,
ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები,
მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია!
მომაქვს სევდა და თავს ვევლები.

თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს,
უფრო ძნელი - როცა გინახავს,
კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და
ტაძრის ნაპრალებში ინახავს.
როცა დავბრუნდები სულ სხვა დაბრუნებით,
ავაციმციმებ მადლიან ღამეში,
მერე ფეხს მოვირთხამ იშხნის გუმბათის ქვეშ,
კრძალვით ჩავეკვრები უფალს თვალებში.

ამ წამს მინდა უცებ ყველა დავივიწყო,
ვიგრძნო მარტო დავრჩით მე და ღმერთი,

შეშლილს დავემსგავსო, ისე დავიყვირო:

ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი,
ტაო, ტაო, ტაო-კლარჯეთიიიიიიი!...........


ნინო ნეკერიშვილი

        ტაოს დატირება

ტაოვ, უნდა დაგიტირო,
როგორც გაყიდული ბალღი,
შვილიც ვარ და დედაც მქვია,
დედაშვილურ ცრემლად დაგღვრი...
ძვლებს ვილეწავ ფიჩხაწვრილად,
ბღუჯად ძირს ჩამომაქვს თმები,
როგორ გააპარეს საზღვარს,
ჩვენი ბუმბერაზი მთები!
ტაოვ ჩემო, დაჭრილი ხარ,
მითხარ, როგორ გადმოგისხა
სისხლი, ამდენ წვალებაში,
შერჩენილი მამასისხლად...
ტაოვ, შენი ზურაბი ვარ,
რომელ კედელს ჩაგაშენდე?
რას გეყოფა ჩემი ხორცი,
თორემ, მიჩუქნია შენდა...
„შენ ხარ ვენახს” დანატრულო,
მუეძინის კივილს ისმენ,
მოითმინე, განკითხვისას
შენს მალამოდ მოვა ქრისტე!
უკვდავიც ხარ, მოესწრები
ბედის ჩარხის წაღმა ბრუნვას,
ტკივილოც და, მკურნალოც და,
ტაოვ - ჩემო სასწაულო!

ტაოვ, უნდა დაგიტირო,
როგორც გაყიდული ბალღი...


ოთარ რურუა

        დამწუხრებული ქართველის მონოლოგი.
ნათიას და ალექსანდრეს - ჩემს დეიდაშვილებს.


ვინ გამომგლიჯა ხელიდან ტაო,
მითხარ, ტკივილი ვინ მომაყენა?!
ცრემლმორეული ვემთხვევი დაო,
მოჭრილ ძუძუს და მოჭრილ მარჯვენას!..
შუბლდალეწილი დავსტირი ტაოს,
მწამს, ვეღირსებით ჩვენ გამარჯვებას.
თუ დავმარცხდებით შამქორში ძმაო,
ძირში მოგვკვეთენ მკლავებს მარჯვენას.
ისევ დავსტირი წამებულ აბოს,
რწმენით შევყურებ მომავლის ვარსკვლავს.
და მოწიწებით ვემთხვევი დაო,
სვეტიცხოველში ერეკლეს საფლავს.
გმირის გულ-ღვიძლი ყვავებმა კორტნეს
და სტირის ქრისტე ჯვარზე გაკრული!..
მეც ვეწამები ვითარცა ცოტნე,
თაფლწასმული და ხელგაბაწრული!..


ნუკრი ბერეთელი

        ოშკი

ჩვენი კოჭლი ბერიკაცი მომენატრა, ძამულია.
ალბათ ყინვა უცახცახებს ჩამორღვეულ ბეჭებს.
ტაოს კარში, ეს ოხერი, თითქოს ჯაჭვით დაბმულია -
ქარი წივის, ქარი ყმუის, ქარი ძვალ-რბილს ღეჭავს.

ცაა უფრო ღრუბლიანი. მხოლოდ შუბლი უბრიალებს,
ისე, ცივად უპრიალებს... დეკემბრის მზე ჩადის.
ახლა რა დროს მუმლი არი? რა დროს ძმებთან შუღლი არი?!
წმინდა თვალებს (შუბლიანად!) აგვიფარეს ჩადრი.

გუმბათიდან განაპირა კრამიტს ფეხი დაცდენია,
რაც მანდ წვეთი ჩამოჟონავს, ყველა გულზე დამდის.
მიმწუხრისას ნაფრესკალი ეს კედლებიც ბაცდებიან -
აჰა, ჩემი ზაფხულიდან შენახული კადრი.

ჩამომტვრეულ ჩუქურთმასთან ბალახს ღერო მიხმობია.
ვინ ასწავლა მკურნალობა ბალახებით ტაძარს?..
აქ არც გზები მემხრობიან, აღარც მთები მემხრობიან,
ნეტავ ახლა, ნეტავ, ოშკის, ახლა ფერხთით დამსვა!

საკმევლისსუნმონატრებულ კედლებს ბზარი ემატება,
ეს ზამთარი ალბათ კიდევ ერთ ჩუქურთმას მოშლის.
ვის - ათონი, სხვას - პარიზი, ჩვენ კი ოშკი გვენატრება,
ჩვენი კოჭლი, ჩვენი თბილი, მოტეხილი ოშკი.


 

 

 



გადავარჩინოთ ”ოშკის” ეკლესია!


      გთხოვთ, სულ ორიოდე წუთი დაუთმოთ პეტიციაზე ხელმოწერას, რომელიც განკუთვნილია ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის გადასარჩენად.
      ეს არის ”ოშკის” ეკლესია, რომელიც აგებულია მეათე საუკუნეში http://en.wikipedia.org/wiki/File:Oshki4.jpg და ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე.
      სულ საჭიროა 5000 (ხუთი ათასი) ხელმოწერა. ქართულ სათვისტომოებს ვთხოვ გაავრცელოთ. ხელი მოაწერეთ: http://www.thepetitionsite.com/1/Tao-Klarjeti
      (ქართული სათვისტომო ჩეხეთის რესპუბლიკაში გაავრცელებს ამ ინფორმაციას როგორც ელ. ფოსტით ასევე სხვადასხვა აქციებზე. რაც იმედი გვაქვს მალე აისახება ხელმოწერებშიც).


პატივისცემით,
ჯიმი დაბრუნდაშვილი