მოგზაურობა დროში ანუ ფერეიდანი


         ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2005 წლის 7-13 ოქტომბრის გაზეთ "ახალი აზრის" N 39-ში დაიბეჭდა გელა ზედელაშვილის ინტერვიუ გაზსერვისის დირექტორ ბატონ ზურაბ კაპანაძესთან − "კავკასიონზე ახალი მწვერვალია "ფერეიდნელი ქართველი" (რა აწუხებთ ირანში მცხოვრებ გურჯებს?!)", რომლის წანამძღვარში ვკითხულობთ: "ზურაბ კაპანაძე მოყვარულ მთამსვლელთაგან ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოდან ირანში ალპინიზმის ფანჯარა გაჭრა და ფერეიდნელ კოლეგებს დაუმეგობრდა. იგი მწვერვალ დამალანდიდან თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. როგორც თვითონ ამბობს, ამ ლაშქრობას სპორტული კი არა, კულტურული ხასიათი ჰქონდა, რომელსაც თან ნოსტალგია ახლდა". ინტერვიუში აგრეთვე ვკითხულობთ: "ახლა მათ ტრადიციებზე საუბარი აღარ აკმაყოფილებთ, უფრო მეტ სიახლოვეს ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის ასეთი უყურადღებობა ძალიან მტკივნეულია", "ისინი იდეოლოგიაზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, ქართული ენის სწავლას ცდილობენ. უნდათ, რომ ჟურნალ-გაზეთები მიიღონ, ქართული ტელე-რადიო გადაცემები ჰქონდეთ. ამჟამად ამ მხრივ ირანში პრობლემა აღარ არსებობს, ასეთი რამ იქ უკვე დასაშვებია", "ისინი იმაზეც წუხან, რომ მათი შვილები სასწავლებლად ირანის დიდ ქალაქებში მიდიან და ხალხის მასაში ითქვიფებიან. ჯერ-ჯერობით სკოლებზე ლაპარაკი ზედმეტია. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქართულ ენას საკუთარი ინიციატივით ასწავლიან, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი, ნიკოლოზ ბათუაშვილი გახლავთ. წერას ბევრი ვერ სწავლობს, მაგრამ გამართულად საუბარს ახერხებენ".
         ეს ინტერვიუ აღმოჩნდა ის ბოლო წვეთი, რომელმაც ჩემი მოთმინების ფიალა აავსო და უკვე გადავწყვიტე მემოქმედა, მაგრამ ჯერ მცირე ექსკურსი ჩემი ცხოვრებიდან. პირველად იყო ბატონ გურამ პატარაიას დოკუმენტური ფილმი "შორია გურჯისტანამდე", რომელმაც, როგორც ყველა ქართველზე, ასევე ჩემზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არასოდეს დამავიწყდება მსხვილი პლანით გადაღებული ფერეიდნელი ქართველების სახეები, განსაკუთრებით კი − სევდაჩაგუბებული თვალები. ამ ფილმმა ჩემში რატომღაც მოუნანიებელი ცოდვის შეგრძნება წარმოშვა, თითქოს შემრცხვა, როცა წარმოვიდგინე, ამ ხალხის წინაპრებმა რა ტანჯვა-წამება გადაიტანეს და მე კი ყოველმხრივ უზრუნველყოფილი და ბედნიერიც კი ვიყავი. მას შემდეგ ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორ შემეძლო რაიმეთი მაინც პატივი მიმეგო ამ ხალხისათვის და არარსებული მორალური ვალი მომეხადა. მაშინ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ჩავსულიყავი ფერეიდნამდე, გამევლო იგივე გზა, რაც ამ ხალხმა ფეხით გაიარა 400 წლის წინ, ფეხი დამედგა იმ მიწაზე, სადაც ჩემი "თანაფესვები, ძმები და თანაერი, თბილსისხლიანი ქართველები" (ახალგაზრდა ფერეიდნელი ქართველის, პატრიოტი-მასწავლებელის საიდ მულიანის, იგივე გიორგი მულიაშვილის სიტყვები) ცხოვრობენ, თუნდაც ერთი მათგანისათვის შემესწავლებინა ქართული წერა-კითხვა და ვალმოხდილი დავბრუნდებოდი უკან. შემდეგ იყო ორი ფერეიდნელი ქართველის სტუმრობა თბილისში, რომლებმაც ფეხით გამოიარეს მთელი გზა, სამწუხაროდ, მე გვიან გავიგე და მათთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. და ბოლოს, "ჩვენებურების" კონცერტი ფილარმონიაში, რომლის შესახებ "იმედის" არხზე შევიტყვე აჰმად მულიანთან (აჰმად მულიანი შემდგომში აღმოჩნდა გიორგი მულიაშვილის ძმა, იგივე კახა მულიაშვილი) ინტერვიუს დროს, რომელიც ორგანიზებული იყო მეტად ცნობილი ქალბატონის მიერ. ჯერ გადავწყვიტე, დავკავშირებოდი ამ ქალბატონს, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან რაბინდრანათ თაგორის სიტყვებისა არ იყოს: "ბალახის ღერო არ ცდილობს ბაობაბის ხედ გადაიქცეს, ამიტომ დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება".
         გაზეთ "ახალ აზრში" ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დავუკავშირდი ბატონ ზურაბ კაპანაძეს, რომელმაც ბევრ საინტერესო ნიუანსებზე მესაუბრა და დამაკვალიანა კიდეც, რაზედაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. ბატონმა ზურაბმა მომცა თავისი მეგობრის, ფერეიდანში მცხოვრები ბატონ რევაზ დავითაშვილის ტელეფონის ნომერი, რომელსაც იმ საღამოსვე დავუკავშირდი, ვესაუბრე ჩემი მიზანის შესახებ, რაც ძალიან სიხარულით მიიღო და აღმითქვა, რომ დამეხმარებოდა ნიკოლოზ ბათუაშვილის (იმამყული ბათვანის) კოორდინატების მოძებნაში. მეორე დღესვე სასურველი ნომერი ჩემთვის უკვე ცნობილი იყო და ახლა მას დავუკავშირდი. რა თქმა უნდა, ბატონმა ნიკოლოზმაც მეტად გაიხარა ჩემთან საუბრით, დამპირდა, რომ თუ მე ფერეიდანში, უფრო სწორად მარტყოფში მართლა ჩავიდოდი, დამახვედრებდა ქართული წერა-კითხვის შესწავლის მსურველ პიროვნებებს (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონ რევაზთან და ბატონ ნიკოლოზთან საუბრები ყოველთვის ქართულ ენაზე მიმდინარეობდა).
         ყოველივე ამის შემდეგ ინტერნეტში მოვიძიე ირანის რუკა, სადაც სამწუხაროდ ფერეიდანი ვერ ვნახე, შემდეგ ვესტუმრე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, პირობების გასაგებად და ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, სადაც მეტად გულისხმიერად მიმიღეს ქალბატონმა სოფიკომ და ირანის კონსულმა საქართველოში ბატონმა რეზა ქეშავარზმოჰამადიანმა. ჩემდა გასაკვირად, ქალბატონი სოფიკო თავშალით შემხვდა, რაც იმით ამიხსნა, რომ რადგან საკონსულოს შენობა ირანის ტერიტორიად ითვლება, ისიც ექვემდებარება მათ ადათ-წესებს და ასე გამოხატავს თავის პატივისცემას ამ ქვეყნის მიმართ.
         პირველი ვიზიტიდან მოკლე დროში ვიზა უკვე მზად იყო. ამ ხნის განმავლობაში შევიძინე წიგნები, ძველი თბილისის თემებზე შექმნილი სუვენირები, სპეციალურად წავედი ბოდბისხევის ბაზარში კახური ჩურჩხელების შესაძენად, თან მინდოდა, რომ ჩურჩხელები ჩემი მშობლიური მიწა-წყალიდან ყოფილიყო. რადგან საკუთარი ხარჯით მივდიოდი და ქვეყნის დათვალიერებაც მინდოდა, ამიტომ თვითმფრინავი თავიდანვე გამოვრიცხე და გადავწყვიტე ავტო-ტრანსპორტით წავსულიყავი. მაგრამ განწყობა? ჩემი სულიერი მდგომარეობა ზუსტად გამოიხატებოდა გია მატარაძის ლექსით, რომელსაც აქვე მოვიყვან:
წავალ − არ ვიცი სად . . .
ვნახავ − არ ვიცი ვის . . .
ვეტყვი − არ ვიცი რას . . .
გავყვები მარტო გზას.
ხომ სადმე მივალ?!
ხომ დამხვდებიან იქ?!
ჰოდა, სულ ერთია . . .
სად . . .
ვის . . .
რას . . .
გავყვები მარტო გზას.

         ეს მართლაც ასე იყო, წასვლა მინდოდა, ზუსტად არ ვიცოდი − სად, უნდა მენახა, კონკრეტულად არ ვიცოდი − ვინ, საუბარი საიდან დამეწყო, არც ეს ვიცოდი. უბრალოდ, გზას უნდა გავყოლოდი... ასეც მოვიქეცი.
         "ფერეიდანი, ფერეიდუნ შაჰრი, პროვინცია ცენტრალურ ირანში, ბახთიარის მთებში, ქ. ისპაანიდან დაახლ. 100 კმ-ზე. 1614-17 შაჰ-აბას პირველმა 200 ათასი ქართველი ირანში გადაასახლა და საკმაოდ დიდი ნაწილი ფერეიდანში დაასახლა. იქ შეიქმნა ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), შიბაქი (ვაშლოვანი) და სხვა. ფერეიდანის ერთ უბანში (გურჯი-ნაჰიე − ქართველთა უბანი) ცხოვრობენ ქართველები, დანარჩენ 3 უბანში (ნაჰიე-ჩადეგუნი, ნაჰიე-ფარსაღი, ნაჰიე-თოჰმაჰლუ) − სპარსელები, ქურთები, ლურები, ბახთიარები, სომხები. ფერეიდანში ქართველების ჩამოსახლებით შაჰ-აბას პირველს მიზნად ჰქონდა დედაქალაქ ისპაანის დაცვა მომთაბარეთა (ბახთიარები, ლურები, ქურთები და სხვა) თავდასხმისაგან. ფერეიდანში მცხოვრები ქართველები პირველ ხანებში ინარჩუნებდნენ რჯულს და ზნე-ჩვეულებებს, მაგრამ შემდეგ მათ იძულებით შეუცვალეს სარწმუნოება, რამაც გარკვეულად შეცვალა მათი ზნე-ჩვეულებები, თუმცა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და ზოგიერთი ქრისტიანული ჩვევა. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით, ქართველობა 12-14 ათას კაცს შეადგენს". (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, მეათე ტომი).
         თბილისიდან ბაქომდე მატარებლით გავემგზავრე. გზაში არავითარი პრობლემა არ მქონია, გარდა ერთი ინციდენტისა, რომელიც აზერბაიჯანის საბაჟოზე შემემთხვა. შემოწმების შემდეგ ყველა მგზავრს დაუბრუნეს პასპორტი, ჩემი კი რატომღაც არ ჩანდა. ბოლოს გამომიძახეს ვაგონის გამცილებლის კუპეში, სადაც ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა საბაჟოს თანამშრომელმა ისეთი სახით დამიწყო დაკითხვა, რომ თავი ინტერპოლისგან ძებნილად წარმოვიდგინე. ჯერ ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ მეკითხებოდა ჩემს ნამდვილ გვარს, როგორც შემეძლო, ვუხსნიდი, რომ გვარი არასოდეს არ გადამიკეთებია და არც ვაპირებდი. ვუხსნიდი, რომ ნამდვილი ქართველი ვარ, მაგრამ რადგან პასპორტში ეროვნება არ წერია, ვერაფრით ვერ დავაჯერე ჩემი ქართველობა. ძალიან დიდი ეჭვი გამოიწვია ჩემს საფულეში მის მიერ აღმოჩენილმა კალენდარმაც, რომლის უკან "ავერსის" საფირმო აფთიაქების და საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომრები ეწერა. ბოლოს მივხვდი, მოგეხსენებათ, ჩემი გვარია ალავერდაშვილი, სწორედ გვარმა გამოიწვია ეს "გაუგებრობა". შემდეგ გამახსენდა, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამხედრო შეკრებაზე ვიყავით ბაქოსთან ახლოს, ბინაგადში, კერძოდ კი ბალაჯარაში, საიდანაც მხოლოდ ქარი და ქვიშა მახსოვს, ისიც გავიხსენე, თუ როგორ ჩავდიოდით ბაქოში, ქაბაბის საჭმელად და "კიზ კალასის" სანახავად. მხოლოდ ამის შემდეგ დარწმუნდა, რომ ნამდვილად აზერბაიჯანში ადრეც ვიყავი ნამყოფი და გამგზავრების ნებაც დამრთო, ოღონდ პასპორტში არავითარი აღნიშვნა არ გაუკეთებია (ეს მცირე "უყურადღებობა" აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე 20 ა.შ.შ. დოლარი დამიჯდა ჯარიმის სახით).
         ბაქოში ჩასვლისთანავე მაშინვე მოვხვდი ვალუტის გადამცვლელთა, ტაქსის მძღოლებისა და მათი მაკლიარების გარემოცვაში. ბატონ ზურაბის რჩევები ძალიან გამომადგა და როგორც იქნა ავტოსადგურში ვიპოვე ტაქსი, რომელიც პირდაპირ სასაზღვრო ქალაქ ასტარამდე ჩამიყვანდა. მე და ტაქსის მძღოლი ელცინ მურადოვი ისე დავმეგობრდით, რომ გზაში მონადირებული გადამფრენი ფრინველები იყიდა და სახლში მეპატიჟებოდა სადილად, თან მხიარულად მეუბნებოდა, მე ხშირად ვყიდულობ ამ ფრინველებს და ქათმის გრიპის ნუ შეგეშინდებაო, ეს მისმა მეუღლემაც დაადასტურა, როცა მის სახლთან ცოტა ხნით მაინც გავჩერდით.
         ბაქოდან ასტარამდე 4 საათი მოგვინდა. ასტარაში დღის მეორე ნახევარში ჩავედით. ელცინმა საზღვრამდე მიმიყვანა და თან პირობა ჩამომართვა, უკან რომ დავბრუნდებოდი, მისთვის დამერეკა. საზღვარი დაუბრკოლებლად გადავლახე, თუ არ ჩავთვლით ჯარიმას, რომელიც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იყო გამოწვეული, ისიც ვერ გავიგე, ნამდვილად დასაჯარიმებელი ვიყავი თუ არა. თან ყურადღებით ვიყავი, რომ ვინმე ჩემს ჩანთას არ მიკარებოდა (ეშმაკს არ სძინავს, რა იცი რა ხდება) და თავაზიანად ვიშორებდი იმ ხალხს, რომლებიც ცდილობდნენ რაღაც ფუთა ან პაკეტი შემოეჩეჩებინათ ჩემთვის, რომელსაც მათი თქმით პატრონი მეორე მხარეს ელოდებოდა. ამ დროს შეიძლება ყველაფერი მოხდეს. როგორც იქნა გადავედი საზღვარზე და აღმოვჩნდი ირანის ტერიტორიაზე. აქაც იგივე განმეორდა, რაც ბაქოში, ოღონდ უფრო მოკრძალებულ ფორმებში.
         ტაქსით გავემგზავრე ავტო-სადგურში. გზაში მძღოლი "ტატუს" სიმღერებს მასმენინებდა, თან ბოდიში მომიხადა, ქართული არაფერი მაქვს და რუსული ხომ გესმისო. ავტო-სადგურში მიუსვლელად გამიყვანა ტრასაზე, რადგან ავტო-სადგურში 4 საათი ლოდინი დაგჭირდება, ტრასაზე გამვლელი ავტობუსი უფრო ადრე მოვა და თან უფრო იაფიც იქნებაო. მართლაც შვიდი წუთის შემდეგ უკვე ავტობუსში ვიჯექი და თეირანისკენ მივემგზავრებოდი. უკვე საღამოვდებოდა, თან მაინცდამაინც პეიზაჟებიც არ იყო საინტერესო, სამაგიეროდ განათებების ჩართვის შემდეგ აკაშკაშდა და გაბრდღვიალდა გზისპირა დასახლებები და ქალაქები. სწორი გზები, არავითარი ორმოები და ჩამოღვრილი სინათლეები. ღამის თეირანიც დღესავით განათებული დამხვდა. შორიდან ვხედავდი მანათობელ ვერტიკალურ წრფეებს, რომლებიც მრავალსართულიანი სახლების აივნების ქვეშ დამონტაჟებული ნათურები აღმოჩნდა. ჩემდა გასაკვირად - ყველა ანთებული იყო.
         თეირანში გადავჯექი მეორე ავტო-სადგურში, საიდანაც უკვე ისპაჰანში გავემგზავრე. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ირანელი ხალხის სტუმართმოყვარეობის შესახებ. ჩემს გვერდით ხანშიშესული მამაკაცი იჯდა, როგორც შემდეგში გავიგე - მაანზელ თაჰაბური, რომელმაც წინ მჯდომი სტუდენტი ახალგაზრდის დახმარებით ინგლისურად საუბარი გამიბა, როდესაც გაიგო ჩემი მოგზაურობის მიზანი, ძალიან მოეწონა, დასტურად უახლოეს გაჩერებაზე ყურძნის წვენზე დამპატიჟა, სტუდენტმა ახალგაზრდამ კი ნამცხვარი გამომიგზავნა. სამწუხაროდ, ჩემი ჩანთა ჩაბარებული მქონდა, ასე რომ საპასუხოდ სუვენირები ვერ ვაჩუქე, სამაგიეროდ ჯიბეში შემთხვევით დარჩენილი ხურდა ფული აღმომაჩნდა, ახლო-მახლო სხვა მგზავრებსაც ვაჩუქე და თან ავუხსენი მათზე გამოსახული მზის სიმბოლოს, ბორჯღალის მნიშვნელობა, რაც პასპორტზეც იყო ასახული. როცა მათ განვუმარტე, რომ ძველად, საქართველოში ყველა მცხოვრები სახლის შესასვლელში ან ხის თაღებზე გამოსაჩენ ადგილზე ბორჯღალს ამოჭრიდა, როგორც ხვავისა და ბარაქის სიმბოლოს, ძალიან ესიამოვნათ, ყველამ დამპატიჟა თავის სახლში, გავცვალეთ მისამართები და ბოლოს თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
         ისპაჰანში დილის 7 საათზე ჩავედი. მაშინვე დავიწყე მარტყოფისკენ მიმავალი ავტობუსის მოძიება, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავარკვიე. მერე შემხვდა პიროვნება, რომელიც ინგლისურად გამართულად ლაპარაკობდა, მან მირჩია, რომ ჯერ ჩავსულიყავი ფერეიდანში და იქ გამერკვია მარტყოფის ამბავი, თან ტაქსი დამიქირავა და მძღოლს აუხსნა, სადაც მივდიოდი. მე ამ პიროვნების დიდი მადლობელი ვარ, სამწუხაროდ, სახელი და გვარი არ მიკითხავს.
         ისპაჰანიდან ფერეიდანამდე 4 საათი დაგვჭირდა. გზები აქაც კარგად გაკეთებული იყო. პეიზაჟები კი რუხი ან ნაცრისფერი. შეიძლება ითქვას, რომ არცერთი ხე, ბუჩქი, ბალახიც კი არ მინახავს. შიგადაშიგ სათბურები გვხვდებოდა, სადაც თურმე ვარდები გამოჰყავთ. გზაში ერთ უკაცრიელ ადგილზე მანქანა გაგვიჩერდა, მძღოლს მეც მივეხმარე და გზა ისევ გავაგრძელეთ. გამახსენდა ჩემი სტუდენტობის პერიოდი. ეგრეთ წოდებულ "ყამირზე" სმოლენსკის ოლქში, სოფელ კოზლოვკაში ხორცკომბინატს ვაშენებდით. სოფლის განაპირას ჭაობიანი ადგილები იყო, სადაც ხშირად დავდიოდი და არყის ხის ფესვებს ვაგროვებდი, რისგანაც შემდგომ, თბილისში, სხვადასხვა ფიგურები და შანდლები გავაკეთე. ერთხელაც ფესვს რომ ვეჭიდებოდი, ვიგრძენი რომ ნელ-ნელა დაბლა ვიძირებოდი, ისევ იმ ფესვმა გადამარჩინა და ამოვედი. საღამოთი ერთი მეგობარი მეუბნება: "სხვა თუ არაფერი, უბრალოდ სირცხვილია, ეს გვალვიანი მხარის კახელი კაცი ამ ჭაობებში დარჩეო". მის შემდეგ მარტო აღარ წავსულვარ.
         ფერეიდანში რომ შევედით, გზაზე ორი ახალგაზრდა შეგვხვდა. ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადავიდა და სპარსულად ჰკითხა, როგორ მივსულიყავით მარტყოფამდე და იცნობდნენ თუ არა ბათვანს. მცირე საუბრის შემდეგ ტაქსის მძღოლი გაღიმებული მობრუნდა და მანიშნა, ყველაფერი კარგად არისო, მეც მივბრუნდი ახალგაზრდებისაკენ და მექანიკურად ქართულად მადლობა გადავუხადე. ამ ახალგაზრდებს უცებ შეეცვალათ სახეები და მაშინვე ჩემთან მოცვივდნენ, თან მეკითხებოდნენ, თქვენ ეს სიტყვა საიდან იცითო. მეც სიხარულით ავუხსენი რომ საქართველოდან ვიყავი სპეციალურად მათთან ჩასული გასაცნობად და სამეგობროდ, რომ საქართველოში ყველამ იცის მათი ტკივილიანი ისტორია და ბევრს აქვს სურვილი მათთან ჩასვლის და გაცნობისა. ამ ახალგაზრდებმა საუბარში ამიხსნეს რომ ფერეიდანი ეს იგივე მარტყოფია, მიმანიშნეს ბათვანის სახლიც და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ეს იყო ჩემი პირველი გაცნობა ფერეიდნელ ანუ მარტყოფელ ქართველებთან.
         ფერეიდანის ქუჩებში პირველი ქართული აბრები გამოჩნდა: "მობრძანდით", "ყვავილების მაღაზია", "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" და სხვა. ნიკოლოზ ბათუაშვილის სახლი ადვილად ვიპოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ თვით ბატონი ნიკოლოზი სახლში არ დაგვხვდა, მხოლოდ მეუღლე იყო. იმის გამო, რომ მათი წესები არ დამერღვია, არ დავლაპარაკებულვარ (იქნებ არ შეიძლებოდა ქალბატონთან დალაპარაკება მამაკაცის გარეშე?), არც ის მითქვია ვინ ვიყავი, ან რა მინდოდა. რატომღაც გადავწყვიტე ისპაჰანში დაბრუნება და ბატონ რევაზ დავითაშვილთან დაკავშირება. ასე იმიტომ გადავწყვიტე, რომ როცა თბილისიდან ტელეფონით ვრეკავდი, დავითაშვილს 13 ნიშნა ნომრით ვუკავშირდებოდი, ხოლო ბათუაშვილს კი 14 ნიშნა ნომრით. ჩანთიდან ამოვიღე გაზეთი "ახალი აზრი", სადაც სტატიის გვერდით ტელეფონის ნომრები მეწერა. ამ სტატიაში დაბეჭდილი იყო ფოტო, რომელიც გადაღებული იყო კავკასიონის ახალ მწვერვალზე, რომელსაც "ფერეიდნელი ქართველი" ეწოდა. გაზეთმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მითხრა რომ ამ ფოტოზე მისი ქვისლი - რევაზ დავითაშვილია და თუ სურვილი მქონდა, შეეძლო დაერეკა და მოიყვანდა, რადგან ისიც ფერეიდანში ცხოვრობდა და 200 მეტრში თავისი საკუთარი ავტო-მაღაზია ჰქონდა.

         უცებ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. ტაქსის მძღოლი ჯერ გასტუმრებულიც კი არ მყავდა, რომ ბატონი რევაზიც მოვიდა საკუთარი მანქანით. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. რევაზმა მაშინვე თავის სახლში წამიყვანა, გზაში რევაზის წინასწარ ვკითხე, რაიმე განსაკუთრებული წესები ხომ არ არსებობდა, რომელსაც ჩემი უცოდინრობით დავარღვევდი, შენ მხოლოდ ფეხსაცმელი გაიხადე და ისე შედი ოჯახში, დანარჩენი არავითარი პრობლემა არ იქნებაო. მეც ასე მოვიქეცი. კარებთან მისი მეუღლე − ქალბატონი თაჰერე და უფროსი ქალიშვილი ელნაზი შემოგვეგებნენ. გაცნობისა და სასიამოვნო საუბრის შემდეგ ცხელი შხაპი მიმაღებინეს, პიჟამოც კი შემომთავაზეს. მცირეოდენი დასვენების შემდეგ სადილზე მიმიწვიეს და ამ დროს ორი პატარა ცუგრუმელა − მითრა და ანაიდა − მათი ქალიშვილები დაბრუნდნენ სკოლიდან (აღსანიშნავია, რომ სკოლებში გოგონები და ბიჭები ცალკ-ცალკე სწავლობენ).

რევაზ დავითაშვილის ოჯახი: ქალბატონი თაჰერე, ქალიშვილები − ელნაზი, მითრა და ანაიდა
გიორგი ალავერდაშვილი და რევაზ დავითაშვილის ქალიშვილები
         გემრიელი სადილის შემდეგ საუბარი გავაგრძელეთ. პატარა ანაიდამ თავისი სიმდიდრე − იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" მაჩვენა, მაშინ მე უფროს ქალიშვილს, ელნაზის მიხაი ზიჩის დასურათებული საიუბილეო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ვაჩუქე, მითრას და ანაიდას - გზირიშვილის ძველი თბილისის ნახატები (სხვათაშორის სასტუმრო ოთახს მითრას ორი მშვენიერი ნახატი ამშვენებდა), ბატონ რევაზის და ქალბატონ თაჰერეს კი ქართული სუვენირები.

რევაზ დავითაშვილის საცხოვრებელი ბინა
ფერეიდნელი ქალბატონი "საჭესთან"
         საღამოხანს რევაზმა თავისი ერთ-ერთი მეგობარი საიდ მულიანი, იგივე გიორგი მულიაშვილი გამაცნო. იგი ისტორიკოსია, რომელიც კარგად ერკვევა როგორც ირანის, ასევე საქართველოს ტოპონომიკაში. როდესაც გაიგეს, რომ მე სიღნაღიდან ვარ, მაშინვე მანქანაში ჩამსვეს და რომელიღაც მთის წვერზე ამიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ბნელოდა, მთის წვერზე აშკარად ჩანდა სანგრები და ქვებით ამოყვანილი კედლები, საიდანაც ფერეიდნელი ქართველები მომხდურ მტერს იგერიებდნენ. თითქოს მოქნეული ხმალი მომხვდა, ამ ადგილის სახელი რომ მითხრეს − "სიღნაღის კედლები".

"სიღნაღის კედლები"
"ტკივილიანი ციხემთა"
         "სიღნაღის კედლების" მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი ვეებერთელა მთაა აზიდული, რომლის ფერდობებზე ფერეიდანია შეფენილი. ამ მთას ადგილობრივი მაცხოვრებლები "ციხემთას" უწოდებენ, რომელთანაც ერთი მეტად ტკივილიანი ისტორიაა დაკავშირებული: "ციხემთას" თავზე ვაკე ადგილია, სადაც ბუნებრივი წყაროც კი ამოჩუხჩუხებს, ერთი სიტყვით სამოთხის მსგავსი ადგილია, მისასვლელი ბილიკი მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს, დანარჩენი სულ სალი კლდეებით არის დაფარული და თვალისგან შეუმჩნეველი. ამის გამო მტრის შემოსევების დროს ხშირად გამხდარა ადგილობრივ მკვიდრთა თავშესაფრად, უფრო სწორად, მოხუცების, ქალების და ბავშვების გადასამალავად, ხოლო მამაკაცები თავიაანთ სოფლებს იცავდნენ. ერთ-ერთი შემოსევის დროს მტერს გაუგია "ციხემთას" საიდუმლო... ქართველი ქალები, მტერს რომ არ ჩავარდნოდნენ ხელში, გულში ჩახუტებული ბავშვებით გადმომხტარან კლდიდან, ვარდნისას კი თურმე ცდილობდნენ, ისე ამოტრიალებულიყვნენ ჰაერში, რომ თვითონ ზურგით დაცემულიყვნენ, როგორმე შვილების სიცოცხლე რომ ეხსნათ... (სწორედ ასე გადარჩენილა ერთ-ერთი ბავშვი ჰაყვერდი (ხუციშვილი), რომლისგანაც გაგრძელდა შთამომავლობა). მეცხვარეები "ციხემთას" ძირში ახლაც კი პოულობენ მძივებს...

რევაზ დავითაშვილი და საიდ მულიანი
რევაზ დავითაშვილი და გიორგი ალავერდაშვილი
         ჩემი ფერეიდანში ყოფნის დროს რევაზმა ბევრი თავისი მეგობარი გამაცნო: ბეჟანი, ეჰსანი, ალია, მამუკა და სხვები. მათ ჩვენს შესახებ ბევრი რამ იციან, თითქმის ყველაფრის საქმის კურსში არიან, რაც ჩვენთან ხდება. მეკითხებოდნენ, დავით აღმაშენებლის ძეგლი სად წაიღეთო, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბედიც აინტერესებდათ და ზუგდიდში დადიანების სასახლეს მიურატები რომ გვედავებიან ისიც კი იციან. მე ხუმრობით "გავამხილე", რომ ჩემი ნამდვილი მიზანი იყო ისპაჰანში ალავერდი-ხანის მიერ აშენებულ ხიდზე სურათების გადაღება და შემდეგ სასამართლო პროცესის დაწყება მემკვიდრის უფლების აღიარების მოთხოვნით. თვითონაც ამყვნენ ხუმრობაში და გამიმხილეს, რომ მდინარე ზაიანდე რუდი (ქართულად დედა მდინარეს ნიშნავს), რაზედაც არის აშენებული ხიდი, სათავეს სწორედ ფერეიდანში იღებს. გამოდიოდა, რომ მდინარეც ქართველებისა იყო და ხიდიც (ერთმა კი თავისი ბავშვობის დროინდელი ოცნება გამიმხილა − ისეთი ხიდის აშენება, რომელიც ფერეიდანს პირდაპირ საქართველოსთან დააკავშირებდა).

გიორგი ალავერდაშვილი ფერეიდნელ ქართველებთან
         აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თანამედროვე ირანში და თავისთავად ფერეიდანშიც ყველა ქალბატონი ჩადრით დადის, გოგონებიც კი. საღამოს საუბრების დროს ერთხელ გავამხილე, რომ ჩემმა ქალიშვილმა, სოფიკომ მთხოვა ირანიდან ჩადრის ჩამოტანა. ქალბატონმა თაჰერემ მაშინვე გამოიტანა რამოდენიმე ზომის ახალთ-ახალი ჩადრები და მთხოვა, რომ შემერჩია საჭირო ზომა, რომელსაც საჩუქრად გაუგზავნიდა სოფიკოს, მაგრამ მე თავი შევიკავე, ჩემი ქალიშვილი თბილისში ჩადრით არ ივლიდა, მათთვის კი აუცილებელი იყო.
         დაკვირვებული ვიყავი, რომ რევაზი გარშემყოფებთან და მობილურზეც სულ ქართულად ლაპარაკობდა. მე ვფიქრობდი, რომ ამას მასპინძლის პოზიციიდან გამომდინარე აკეთებდა, საუბრის დროს თავი უხერხულად რომ არ მეგრძნო. მაგრამ რევაზმა დამამშვიდა, რომ ისინი ჩვეულებრივად ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ ცოტა განსხვავებულად, ბევრად სუფთა ქართულით, ვიდრე ჩვენ. საუბრების დროს ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, რომ თითქოს რაღაც დროის მანქანის საშუალებით 4 საუკუნით უკან დავბრუნდი, ძველი, სუფთა ქართული საუბრის მოსმენის გამო, ხოლო იქიდან კი ისევ მომავალში ვიყავი გადმოსული ცხოვრების დონის, თანამედროვე მანქანების და მობილურების გამო. ჩემდა სამარცხვინოდ, საუბარში რამოდენიმეჯერ ისეთი სიტყვა წამომცდა, რომ რევაზმა მისი მნიშვნელობა ვერ გაიგო და მაშინვე შემეკითხა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა "დაჟე". მე ავუხსენი, რომ ეს რუსული ჟარგონი იყო და ბოდიშიც მოვიხადე.
         აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემი ფერეიდანში ყოფნის განმავლობაში გინება საერთოდ არ გამიგონია, არც ხელგაწვდილი მინახავს ვინმე, ამისათვის სპეციალური ურნებია ქუჩებში და მაგისტრალებზეც, ვისაც როდის უნდა, მაშინ შეჰმადლის ალაჰს და საჭირო შესაწირსაც გაიღებს, რასაც შემდგომ ქალაქის მუნიციპალიტეტი ანაწილებს საჭიროებისამებრ და რაც მთავარია, ამ 400 წლის განმავლობაში არცერთი ქართველი არ მომკვდარა ქართველის ხელით...
         დადგა ჩემი ფერეიდანიდან გამომგზავრების დღეც. რევაზიმ არავითარ შემთხვევაში მარტო არ გამიშვა და ისპაჰანამდე ჩემი ჩამოყვანა თავის თავზე აიღო, რადგან მისი მშობლები ისპაჰანში ცხოვრობდნენ, მათ გარეშე არ უნდოდა, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. მეუღლესთან და მის სამ ქალიშვილთან გამომშვიდობების შემდეგ კვლავ გიორგი მულიაშვილს ვესტუმრეთ. ბატონმა გიორგიმ თავისი წიგნი − "ქართველთა როლი ირანის ისტორიაში, კულტურაში და ცივილიზაციაში" მაჩუქა წარწერით, ერთი ეგზემპლიარი კონსულთან, ბატონ რეზასთანაც გამომატანა და ცელოფანის პაკეტით შეკვრა - თავის ძმასთან, აჰმად მულიანთან, იგივე კახა მულიაშვილთან, რომელიც თურმე თბილისში ცხოვრობს ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ვიფიქრე, მარტო დროში კი არა, სივრცეშიც სასწაულებრივი გადაადგილებები ხდებოდა. ცოტა დაბნეულმა, მეც გადავეცი სამახსოვრო საჩუქრები: "დედა ენა", პატარა "ვეფხისტყაოსანი", თიხის ფიალა და დავტოვეთ ფერეიდანი.

საიდ მულიანის წიგნის - "ქართველთა როლი ირანის ისტორიაში,
კულტურაში და ცივილიზაციაში" გარეკანი
         ისპაჰანამდე გზამ შეუმჩნევლად გაირბინა, რევაზი დროდადრო მანქანას აჩერებდა და ღირსშესანიშნაობებს მათვალიერებინებდა. ვნახეთ გზისპირა მეჩეთი − მენარ ჯონბანი (მოძრავი სვეტები), რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ამართლებს თავის სახელს. საქმე იმაშია, რომ შესასვლელში მდგარ ორ სვეტს თვითონ აქვთ ვიწრო შესასვლელები, საიდანაც გაჭირვებით შეიძლება სვეტის თავზე მოხვედრა შიგნიდან, იქ კი სვეტი იწყებს რხევას, ეს ეფექტი გარედან შეუმჩნეველი რჩება, გარედან სვეტები საკმაოდ მყარად დგას, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სვეტი გამოკვლევის მიზნით დაუშლიათ და თავიდან აუშენებიათ, რის შემდეგ ეს ეფექტი დაკარგულა. ერთ ადგილზე მაღლა მთაზე ცეცხლთაყვანისმცემლობის დროინდელი სამლოცველოც ვნახეთ. მგზავრობის დროს მე კი ჩვენს, ქართულ ლეგენდებს და ისტორიებს ვუყვებოდი: თბილისზე, ნარიყალაზე, მეტეხზე. განვუმარტე, საიდან წარმოსდგება სახელები: თბილისი, ვარძია, სიღნაღი, ასანური, არაზიდო და სხვა. განსაკუთრებით დაინტერესდა "ხოდაშენის" წარმოშობით, რომელსაც აქაც მოვიყვან: იმ სოფლიდან, რომელსაც ახლა "ხოდაშენი" ჰქვია, ერთ დროს მტერს ბევრი ქართველი ტყვე წაუყვანია, რამდენიმე წლის შემდეგ ქართველთა რაზმს ის ხალხი ტყვეობიდან დაუხსნია და ისევ სოფელში დაუბრუნებია. სოფლის ცენტრში, მოედანზე მხოლოდ ერთი ულამაზესი ქალიშვილი დარჩენილა, რომელსაც პატრონი არ გამოსჩენია. მაშინ ერთ-ერთ ვაჟკაცს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუღია ამ ხალხის გათავისუფლებაში, სოფლის უხუცესების თანხმობით თავის საცოლედ გამოუცხადებია. სახელდახელო ქორწილიც გამართულა. სასიძოს საცეკვაოდ საპატარძლო გამოუწვევია, ცეკვის დროს კი ვაჟის დედას ჯერ სახე შესცვლია, მერე გულგამგმირავად უკივლია: "ეგ ხომ დაა შენი!" და გულწასული გადავარდნილა. როდესაც დედა მოუსულიერებიათ, უთქვამს, რომ ეს ქალიშვილი მისი დაკარგული გოგონაა, რომლისთვისაც პატარაობისას, აკვანში წოლისას ღორს ნეკა თითი მოუღეჭია და ეს მხოლოდ "ქართულის" ცეკვის დროს გამოჩნდა. ამ ამბის შემდეგ სოფლისთვის "ხოდაშენი" უწოდებიათ.

ისპაჰანისკენ
(ხედი ავტომობილიდან)
ცეცხლთაყვანისმცემლობის დროინდელი სამლოცველო
         ისპაჰანში ჩასვლისთანავე ჯერ რევაზის ძმის, დავითის ოფისში მივედით, სადაც დავითის ნაცვლად მამამისი − ბატონი რეზო (ალი რეზა რაჰიმი) დაგვხვდა (მათი ფირმა − "სანათგარან" მსხვილ ფაბრიკა-ქარხნებში ელექტრო გაყვანილობას ამონტაჟებს, ისპაჰანის აეროპორტიც მათი დამონტაჟებულია). ბატონმა რეზომ უზომოდ გაიხარა ჩვენი სტუმრობით. იგი ცრემლნარევი თვალებით უფრო სუფთად საუბრობდა ქართულად, ვიდრე რევაზი. ბატონმა რეზომ შემოგვთავაზა, ჯერ ისპაჰანის დათვალიერება, შემდეგ კი დიდი სურვილი გამოთქვა, რომ ოჯახშიც ვწვეოდი.


         ისპაჰანი მშვენიერი ქალაქი აღმოჩნდა − მწვანეში ჩაფლული ძველი სატახტო ქალაქი. პირველ რიგში შაჰ-აბასის სასახლე მოვინახულეთ თავისი საქვეყნოდ ცნობილი ლურჯი მეჩეთით, რომლის უზარმაზარი გუმბათი სვეტების გარეშე დგას და თვითოეული სიტყვა შვიდჯერ მეორდება ექოს სახით. თვით სასახლის შიდა ეზო ტურისტებისთვისაა განკუთვნილი თავისი ეტლებით. სადაც ადრე ქარვასლები იყო, ახლა ბაზრობებია განლაგებული. ვათვალიერებდი ყოველივე ამას და თან გული გასკდომაზე მქონდა. რაც აქ ცოდვა დატრიალებულა ამ 4 საუკუნის წინათ...


გიორგი ალავერდაშვილი შაჰ-აბასის
სასახლის ეზოში
ალი რეზა რაჰიმი (რეზო დავითაშვილი)
შაჰ-აბასის სასახლის ეზოში

         შაჰ-აბასის სასახლის შემდეგ ალავერდი-ხანის მიერ აშენებული ხიდის სანახავად წავედით, რომლის ნახვის სურვილი დიდი ხანია მქონდა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ხიდი ორსართულიანია, აშენებულია თხელი ქართული აგურით, მის ზედა სართულს ამშვენებს რამოდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი, იგი დაახლოებით 100 მეტრის სიგრძისაა, განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთათვის, ხიდის ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი და ყველაზე მთავარი − ხიდს 33 თაღი აქვს, რაც ქართული ანბანის 33 ასოს შეესაბამება (თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც). სამწუხაროდ, ერთ ადგილზე ვნახეთ წარწერა "METALLICA", რაც მეტად არასასიამოვნო ფაქტი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მასპინძლებისთვისაც.


შაჰ-აბასის სასახლის ეზო
ალავერდი ხანის მიერ აშენებულ ხიდთან

         "ალავერდი-ხანი, ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე, გამაჰმადიანებული ქართველი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე, ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი (ყულის ჯარის − გვარდიის სარდალი), ფარსის პროვინციის ბეგლარ-ბეგი, შაჰ-აბასის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი, როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603-12). ისპაანში ააშენა ხიდი მდინარე ზენდერუდზე, რასაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. ალავერდი-ხანი მოულოდნელად გარდაიცვალა შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობის წინ. არსებობს ვერსია, რომ იგი მოკლეს შაჰის მითითებით. შაჰ-აბასის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარ-ბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა − ყარაბაღისა". (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, პირველი ტომი).


გიორგი ალავერდაშვილი ალავერდი ხანის მიერ აშენებულ ხიდთან
გიორგი ალავერდაშვილი ალავერდი ხანის მიერ აშენებულ ხიდზე
ალავერდი ხანის მიერ XVI საუკუნეში
აშენებული ხიდი
რევაზ დავითაშვილი და
გიორგი ალავერდაშვილი

         ხიდის მონახულების და სურათების გადაღების შემდეგ ბატონმა რეზომ თავის ოჯახში მიმიწვია. გამაცნო თავისი საოცრად სათნო და კეთილი მეუღლე − ქალბატონი თურანი, ვაჟიშვილი − დავითი და რძალი − ქეთევან ფანიაშვილი. მთელი სახლი ქართული სულით იყო გაჟღენთილი, თაროებზე ქართული წიგნები ეწყო, კედლებს ქართულ ენაზე ამოქარგული აფორიზმებიანი ხალიჩები ამშვენებდა, როცა მათი წარმოშობით დავინტერესდი, ბატონმა რეზომ მითხრა, რომ აფორიზმები და ტექსტები მისი შერჩეულია და ჯერ შაბლონზე წერს, შემდეგ კი ქალბატონი თურანი დაზგაზე დიდი დაკვირვებით და სიყვარულით ქსოვს. აღსანიშნავია, რომ ირანში ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, მათ მიერ დამზადებული ექსპოზიციებით არის გაფორმებული და მნახველებში დიდ მოწონებას იმსახურებს. მინდა მოვიყვანო რამოდენიმე მათგანი: "დედა ენის დამვიწყებელ წყალზედ დედა გეტირება ქართველო", "შენგონია გაჩენილხარ მარტო ჭამა სვიმისათვის სუყველანი მგზავრები ვართ ამ ქვეყანაში ერთი მუვა და სხვა წავა. სახელითა ალაჰისა მოწყალისა მწყალობელისა" და სხვა (ტექსტი და სტილი დაცულია).

ალი რეზა რაჰიმის ოჯახი და გიორგი ალავერდაშვილი
მამუკა ონიკაშვილი და
გიორგი ალავერდაშვილი

         ამ ჭეშმარიტად პატრიოტულმა ქართულმა გარემოცვამ გამახსენა ჩემს მიერ შეკრებილი ლექსების და სხვადასხვა წიგნებიდან ამონარიდებების კრებული, რომელსაც წამალივით სულ ჯიბით დავატარებ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ვკითხულობ და სტრესს მიხსნის. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მოკლედ შევეხები რამოდენიმე მათგანს: პირველად წავიკითხე შოთა ჩანტლაძის მინიატურული ლექსი «წავიდა თოვლი, მოვიდა მიწა», ბატონმა რეზომ ზუსტად ისე აღიქვა ეს ლექსი, რა ასოციაციებსაც ჩემში იწვევდა, არადა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მხოლოდ მხრებს იჩეჩავდა მოსმენის შემდეგ, შემდეგ იყო გია მატარაძის «წავალ, არ ვიცი სად...», საადის «გულო უწყოდე მეგობარი სამი ჯურისა» (ამის საპასუხოდ ბატონმა რეზომ სპარსულად წაგვიკითხა იგივე), ვაჟა-ფშაველაზე მიძღვნილი ლექსი «იყო კაცი მთა და იყო კაცი ბალახი» (მისი მოსმენის დროს ბატონ რეზოს ცრემლები მოადგა თვალებზე), მანანა ჩიტიშვილის საოცრად კახური «პაპის ნათქვამი», ბერდია ბერიაშვილის «ასანური» − ჩემი მშობლიური სოფელი და მრავალი სხვა (სრული კრებული იხილეთ დანართში «ჯიბით სატარებელი ლექსები»).
         ალბათ მკითხველისათვის გასაგებია, რა ამაღელვებელ განწყობაზე ვიყავით ყველა, შეიძლებოდა კიდევ ბევრი გვესაუბრა პოეზიაზე, მაგრამ დრო მართლაცდა ულმობლად გადიოდა…
         სადილის შემდეგ დავითმა მაჩვენა CD-ზე ჩაწერილი ქართული ენის პირველი ყრილობისთვის მზადება და მთლიანი ცერემონიაც, რომელიც ჩატარდა 2005 წელს, «დედა ენის» დღეს. ერთი ეგზემპლიარი მეც მაჩუქა, მე დავპირდი, რომ საქართველოში ჩემს მეგობრებს აუცილებლად ვაჩვენებდი ამ ჩანაწერებს. აღმოჩნდა, რომ დავითი და ქეთევანი ერთი თვის დაქორწინებულები ყოფილან. მაჩვენეს საქორწინო მოსაწვევიც:

         ჩემს ძვირფას მასპინძლებთან გამომშვიდობებისას გამიჩნდა შეგრძნება, რომ ბინიდან გამოსვლისას სამარშრუტო ტაქსი გამოივლიდა და ავლაბარში გამიყვანდა…
         რევაზიმ ავტოსადგურში შესვლამდე კიდევ ერთი ქართველი, თავისი სიძე – კონდრათ თავაძე გამაცნო, რომელსაც ისპაჰანში საკუთარი საბურავების სავაჭრო ჰქონდა.

სიძე-ცოლისძმა, კონდრათ თავაძე და
რევაზ დავითაშვილი
კონდრათ თავაძე და
გიორგი ალავერდაშვილი

         შემდეგ იყო ავტოსადგური და ისევ ასტარა, სადამდენაც ავტობუსის ბილეთი რევაზიმ ამიღო.

         ასე დავტოვე დიდი საქართველოს პატარა საქართველო. ასე დამთავრდა ჩემი მოგზაურობაც ფერეიდანში.
         თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მეორე დღესვე მივედი ირანის საკონსულოში, ბატონ რეზას გადავეცი გიორგი მულიაშვილის გულთბილი მოკითხვა და წიგნი, აგრეთვე CD-ზე ჩაწერილი დავით სონღულაშვილის «მოლაპარაკე ანბანი», რომელსაც ადრე თბილისში ვერ მივაკვლიე და ფერეიდანში ერთმა ქართველმა, მამუკა ონიკაშვილმა მაჩუქა, რომელსაც კომპიუტერული მომსახურეობის მაღაზია აქვს გახსნილი ფერეიდანში.
         ბატონ რეზას მოვუყევი, თუ როგორი ყურადღებით მექცეოდნენ არამარტო ფერეიდნელი ქართველები, არამედ ჩვეულებრივი ირანელი ხალხიც. საღამოს კი კახა მულიაშვილს ვესტუმრე. მასპინძელი სახლში არ დამხვდა, სამაგიეროდ ნიკოლოზ მამულაშვილი (თორელის მკვიდრი) გავიცანი, რომელიც ერთი კვირის ჩამოსული ყოფილა ირანიდან, ნიკოლოზი გამართული ქართულით ჯერ ვერ ლაპარაკობდა, საბედნიეროდ მალე შემოგვესწრო თორნიკე ფანიაშვილი, რომელიც საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და წელიწად-ნახევარია, უკვე თბილისში ცხოვრობს. საუბრის დროს თორნიკე დაინტერესდა, თუ როგორ მოხვდა მოსაწვევი ჩემთან, რომლის ტექსტიც მისი შედგენილი და დაწერილი ყოფილა, გაირკვა კიდევ, რომ დავითის მეუღლე – ქეთევანი, მისი დაა და გაზეთ «ახალ აზრში» დაბეჭდილი სურათიც მისი გადაღებულია.
         აი, ასე ვართ თანაფესვი და თანაერი, დიდი და პატარა საქართველოს შვილები ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ასე გაუფერულდა და დაკარგა აზრი შაჰ-აბასის სურვილმაც, დაეშორებინა ქართველები ერთმანეთისაგან.

* * *

         აქვე მინდა ერთი ამბავიც მოგითხროთ, რომელიც ფერეიდანთან კი არა საფრანგეთის საქართველოსთან არის კავშირში, პატარა შესავალსაც გავუკეთებ: საშუალო სკოლა დამთავრებული მაქვს სიღნაღის რაიონში, ქ. წნორში, ქართულ ენას მასწავლიდა ნამდვილი მასწავლებელი – მარიამ მოლაშვილი, საოცარი ენერგიის და ენთუზიაზმის მქონე ქალბატონი. მისი დამსახურებაა, რომ ჩემი სკოლის კურსდამთავრებულები, თითქმის ყველა, ერთნაირად ვწერდით. შემოღებული გვქონდა საერთო რვეულები, სადაც ქალბატონი მარიამი თავიდან გვასწავლიდა ქართული წერის ხელოვნებას. ამის გარდა, სათავეში ედგა «ვეფხისტყაოსანის» შემსწავლელთა წრეს. კარგად მახსოვს, დიდ დასვენებაზე სამასწავლებლოში რიგში ვიდექით, «ვეფხისტყაოსნიდან» 3-3 სტროფი რომ ჩაგვებარებინა (ღმერთო ჩემო, რა დრო იყო!). წრის წევრები ყოველთვის დავდიოდით იყალთოს აკადემიაში შოთაობაზე. ერთხელაც, (ეს იყო 1966 წელს) იყალთოში ყოფნისას, ქალბატონმა მარიამმა შეგვარჩია რამოდენიმე მოსწავლე და გვითხრა, ცნობილი ბალერინა, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ქალბატონი ეთერ ფაღავა, ამჟამად აქ არის და მასთან გასაცნობად მიმყავხართო. ქალბატონ ეთერის ძალიან გაუხარდა ჩვენი გაცნობა და სამახსოვრო სურათის გადაღებაზეც დაგვთანხმდა. იგი ყელმოღერებულ თეთრ გედს ჰგავდა... სამახსოვრო ფოტოს გადაღებისას მისგან მარჯვენა მხარეს აღმოვჩნდი და როდესაც საბედნიეროდ, ოდნავ შემეხო – თავი უბედნიერეს ადამიანად ჩავთვალე, ეს ხომ არამიწიერ არსებასთან ჩემი პირველი შეხება იყო!

ქ. წნორის მე-3 საშუალო სკოლის ლიტერატურული წრის წევრები
ქალბატონ ეთერ ფაღავასთან ერთად იყალთოს აკადემიაში. 1966 წელი.

         მის შემდეგ 23 წელი გავიდა. ერთხელაც, ეს იყო 1989 წლის 31 დეკემბერი, რადიოთი მოვისმინე მამამისის, ბატონ ლევან ფაღავას ნოსტალგიით აღსავსე წინასაახალწლო მილოცვა ქართველი ხალხისადმი, მაშინვე დავუკავშირდი რედაქციას და ვთხოვე ბატონი ლევანის მისამართი. ამრიგად, დიდი ხნის დაგვიანებით, ქალბატონ ეთერის გავუგზავნე იყალთოში გადაღებული სურათი, რომელსაც ჩემი ოჯახის ფოტოც დავურთე. ერთი თვის შემდეგ მივიღე ბატონ ლევან ფაღავას პასუხი, რაც იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ პასუხი თვითონ ბატონ ლევანის მიერ არის დაწერილი ბლანკიან ქაღალდზე, რომელსაც ამშვენებს წარწერა - «ჩვენი დროშა «ნოტრე დრაპეაუ» დამაარსებელი – ნოე ჟორდანია» და თვით ტექსტი: «პარიზი 28 თებერვალი 1990 წელი. დიდად პატივცემულო ჩემო უცნობო თანამემამულე ბატონო გიორგი! გთხოვთ მიიღოთ ჩემი უმორჩილესი მადლობა სურათისა და წერილისათვის, ამ ჩემი ცხოვრების მიწურულში ძალიან გამახარეთ ყურადღებისა და მოგონებისათვის. ამ მშვენიერ სამახსოვრო სურათმა ძალიან გაახარა ჩემი ქალიშვილი ეთერიც. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დოვლათს ულეველს თქვენ საყვარელ, დიდებული ცოლშვილით. ამ გარდაქმნის ხანაშიდ შეიძლება მეღირსოს ჩემი მუდამ საგონებელი ღვთიური სამშობლოს კვლავ ხილვა, რომელსაც იძულებით დავშორდი ამ 65 წლის წინათ. საუკეთესო სურვილებით ლევან ფაღავა».

ბატონ ლევან ფაღავას წერილი

         სამწუხაროდ, ბატონი ლევანი ისე აღესრულა 1990 წლის მიწურულს, რომ არ დასცალდა საქართველოში ჩამოსვლა.
         და ბოლოს, მინდა ვთხოვო ყველა ქართველს, ჭეშმარიტ მამულიშვილებს, ყოველთვის გაიხსენონ ის ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ასე მრავლად არიან გაფანტულნი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა მიზეზების გამო და სადღესასწაულო სუფრებზე აუცილებლად შესვან დიდი და პატარა საქართველოების სადღეგრძელო.


გიორგი ალავერდაშვილი
2005 წლის 15 დეკემბერი