უფლის ხელით დახატული სასაფლაო

თარიღი – 2006 წლის 19 მარტი, კვირა.
ადგილმდებარეობა – თბილისი, მახათას მთა, კუკიის სასაფლაო.
ამინდი – მარტისთვის შესაფერისი, წვიმიანი.
მიზანი – ლადო აღნიაშვილის საფლავის მოძებნა.


      კუკიის სასაფლაო 300 წლიანი სასაფლაოა, შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი და ახალი. ძველი სასაფლაოს შესასვლელში დგას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. ტაძარი მოქმედია და თავისი მრევლი ყავს. რა თქმა უნდა, ორიენტირად ტაძარი ავირჩიე და მის გარშემო დავიწყე ლადო აღნიაშვილის საფლავის ძებნა. პირველ შემოვლაზე მხოლოდ იმ სასულიერო პირების საფლავები ვნახე, ვინც დროთა განმავლობაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მოღვაწეობდა. შემდეგ რადიუსი გავზარდე და განვაგრძე შემოვლა, შემდეგ – კიდევ და კიდევ, მაგრამ სასურველი საფლავი ვერ მოვიძიე. ჩემდა სამწუხაროდ, 1950 წელს ქვემოთ დათარიღებული არცერთი საფლავი არ შემხვედრია, ლადო აღნიაშვილი კი 1904 წელს იყო გარდაცვლილი. ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ზოგიერთ საფლავს რიგითი ნომერი ჰქონდა მიკუთვნებული, ესე იგი, არსებობდა რაღაც მოწესრიგებული რეგისტრაცია, სადაც შეიძლებოდა გარკვევა.



      წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში რეგისტრაციის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, სამაგიეროდ მიმანიშნეს ერთ პიროვნებაზე, რომელსაც შეიძლებოდა რაღაც სცოდნოდა ძველ საფლავებზე. ეს პიროვნება აღმოჩნდა ბატონი ბეჟან ჭაბუა, რომელმაც გულთან მიიტანა ჩემი გასაჭირი, მაგრამ როცა გაიგო, რომ ერთი საუკუნის წინ დაკრძალულ პიროვნებას ვეძებდი, ხელები გაასავსავა...
      წამოსვლა არაფრით არ მინდოდა. თითქოს გული მიგრძნობდა, რომ საფლავი სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო. ბატონ ბეჟანს კიდევ ერთხელ ვთხოვე, გადაეხედა ძველი ჩანაწერებისათვის, თან დავძინე, ძალიან არ შეგაწუხებთ, აღნიაშვილი ჩანაწერების თავში იქნება და ადვილად ვიპოვით-თქო. როგორც კი გვარი ვახსენე, ბატონი ბეჟანი მაშინვე წამოხტა სკამიდან, ლადო აღნიაშვილის საფლავს თუ ეძებ, ახლავე გაჩვენებო...
      სასაფლაოს შესასვლელში მარცხენა მხარეს ექვსი ერთნაირად მოპირკეთებული მარმარილოს ფილა იდო, რომლებსაც შესვლის დროს მაინცდამაინც ყურადღება არ მივაქციე, რადგან მე ვეძებდი ძველ სტილში გაკეთებულ საფლავს. ლადო აღნიაშვილის საფლავი აღმოჩნდა მეექვსე, რომლებიც ათი წლის წინ გადმოუსვენებიათ და შესასვლელში დაუკრძალავთ, რომ არ დაკარგულიყვნენ. ესენია:
      1. საქართველოს დამსახურებული არტისტი – ნინო ცინუკი დადიანი, 1916-1992.
      2. გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე – შიო ჩიტაძე, 1873-1906.
      3. ქართველი რეჟისორი, მსახიობი – კოტე მესხი, 1857-1914.
      4. ცნობილი ქართველი მსახიობი – ნატო გაბუნია, 1859-1910.
      5. ქართველი დრამატურგი, მსახიობი – ავქსენტი ცაგარელი, 1857-1902.
      6. საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი – ლადო აღნიაშვილი, 1860-1904.



      უცებ საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი... ბატონი ბეჟანისგან გავიგე, რომ საფლავს მისი ძმის შვილიშვილი აკითხავს და უვლის... ცოტა ხნის შემდეგ კი უკვე დიდი ხნის ნაცნობებივით ვსაუბრობდით. მაშინ გავბედე და ბატონ ბეჟანს გავუმხილე, რომ ფერეიდანიდან წამოსვლისას ჩემმა მასპინძლებმა ცელოფანის პაკეტით ჩვენებური მიწის თხილის მსგავსი ნაყოფი გამომატანეს, რომელსაც საკმაოდ მაგარი, ნიჟარისებური გარსი აქვს (ფისტა – Pistacia vera L.). რამდენიმე ცალი კახეთში, მშობლიურ წნორში დავთესე, რამდენიმე ცალი – თბილისში, საკუთარ მიწის ნაკვეთში. აგრეთვე მინდოდა ლადო აღნიაშვილის საფლავთანაც დამეთესა, როგორც სიმბოლური გზავნილი ფერეიდანიდან. ბატონმა ბეჟანმა მაშინვე მოიტანა თოხი, გავჭერით პატარა კვალი საფლავის გვერდით, დავთესეთ და მოვრწყეთ კიდეც.
      გამომშვიდობებისას შევედი წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში და ბატონ ლადო აღნიაშვილის სულის მოსახსენიელებლად სამი დიდი სანთელი ავანთე...
      აკეთეთ სიკეთე!

* * *


      შენიშვნა: დათესვიდან ოთხი წლის შემდეგ (2009 წლის 12 აპრილი) ნერგების სიგრძე 60 სმ-დან 110 სმ-მდე მერყეობს.

http://ecopharm.sangu.ge/teqn/MEDPL/fista.htm