ჯიბით სატარებელი ლექსები


      მკითხველს ალბათ ახსოვს ჩემი მოგზაურობის ბოლოს მოხსენიებული «ჩემს მიერ შეკრებილი ლექსების და სხვადასხვა წიგნებიდან ამონარიდებების კრებული, რომელსაც წამალივით სულ ჯიბით დავატარებ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ვკითხულობ და სტრესს მიხსნის», საჭიროდ ჩავთვალე, ამ კრებულის მეტნაკლებად სრული ვერსია ჩავრთო საიტში, რომელიც ნებისმიერ მკითხველს გამოადგება, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ და კერძოდ ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს, ვინაიდან ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობენ. მათთვის ხელმიუწვდომელია ქართული პოეზია და პროზა.
      ეს კრებული დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა, დაწყებული სკოლის პერიოდიდან, სტუდენტობის და შემდგომი წლების ჩათვლით. მართალია, ზოგჯერ ავტორი მითითებული არ მაქვს (რაზედაც ბოდიშს ვიხდი), მაგრამ მთავარი, მაინც ლექსებია. კრებული იწყება ჩემს დაზე მიძღვნილი ლექსით, შემდეგ საქართველოშიც კი თითქმის უცნობი პოეტის ლექსია, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაცვლილა და მეტად ორიგინალური ლექსების პატარა კრებული დატოვა, რომელიც მისმა მეგობარმა, მუხრან მაჭავარიანმა გამოსცა... საერთოდ, ყოველი ჩანაწერი ჩემში რაღაც მოგონებასთან არის კავშირში, ზოგიერთი სევდიან, უმრავლესობა კი სასიამოვნო ამბებთან, რაც მკითხველისათვის გაუგებარი იქნება...

* * *

ნაირა, გეძახის გუგუა,
ნაირა, სადა ხარ გოგო!
ნაირა, ნახე რა კარგია,
ნაირა, სულ შენ გგავს გოგო!
ნაირა, მითარგმნე ეს სიტყვა,
ნაირა, მათხოვე წიგნი,
ნაირა, ყველა შენ გეძახის!
რა ხარ ასეთი გოგო?!

მანოლი კვირიკაშვილი


* * *

წავიდა თოვლი,
მოვიდა მიწა.

შოთა ჩანტლაძე


* * *

წავალ – არ ვიცი სად...
ვნახავ – არ ვიცი ვის...
ვეტყვი – არ ვიცი რას...
გავყვები მარტო გზას.
ხომ სადმე მივალ?!
ხომ დამხვდებიან იქ?!
ჰოდა, სულ ერთია...
სად... ვის... რას...
გავყვები მარტო გზას.

გია მატარაძე


* * *

«ჩითებსა ქსოვენ ქისტის ქალები წყაროის პირსა...
ამბავს ყვებიან, ამბავს საოცარს, გუშინდელ დღისას...
კოკებს ავსებენ ქისტის ქალები წყაროის პირსა...
და ბედს სწყევლიან ქისტის ქალები გაჩენის დღისას...

გია მატარაძე


* * *

არც იშვიათად,
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე.
მაგნიტოფონის ლენტივით უცებ
წყდებოდა ფიქრი და ლაპარაკი.
მოედებოდა ქუჩებს ჩურჩული
– ულამაზესი გოგო ქალაქის...
არც იშვიათად ასეც ხდებოდა,
გოგო ვიღაცას ესალმებოდა
– ეს გაუმარჯოს ლოდინს და იმედს
და გულუბრყვილო ბუნებას, კაცთა.
მან გაიარა და გამიღიმა
და დარდი ჩემი, თოვლივით გადნა.
ეს იყო წინათ:
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე.
და როგორ მოხდა არ ვიცი ბოლოს,
როს გახევებულ ბიჭების თვალწინ
გაუჩინარდა საღამოს ბინდში,
ულამაზესი გოგო ქალაქის.
ლაპარაკი და ჩურჩული მიწყდა,
ასე დასრულდა ერთი არაკიც,
– ბედნიერია, ვინც დაივიწყა,
ულამაზესი გოგო ქალაქის.

ბიძინა მინდაძე


ქარი ჰქრის...

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?...
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს?
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!...
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის.

გალაქტიონ ტაბიძე


ბიჭები

საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე
საიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები...
დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებს
სხვისი უბისკენ გააპარებენ.
გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში,
თითქოსდა მართლაც უნახესო ცას გასაღები.
მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს, ტოლებთან, ლხინში,
თავის ნათქვამად გაასაღებენ.
არ იკითხავენ, რა აწუხებს, რა ულხინს ოჯახს,
მათი გაფრენით ვინ იხარა, ან ვინ ეწამა...
დაიკოს ნატიფ თეთრ ხელებით დავარცხნილ ქოჩორს
სხვას მიუშვერენ გასაწეწავად.
ნათელ თვალებზე დაუტოვებს ნაკვალევს წლები,
თუმცა თვალები აღასოდეს არ ხუნდებიან.
და ბოლოს მაინც, ნაომარნი, დაღლილნი გზებით,
მშობელ კერასთან დაბრუნდებიან.
აღარ დახვდებათ აღარც დედა და აღარც მამა,
და ბალღებივით ყრუ ქვითინი აუვარდებათ.
მაგრად დაგმანულ ცივ ფანჯრებზე, შხამად თუ წამლად
იკანკალებენ შავი ფარდები.
მხრებს ჩამოყრიან, როგორც ქარით დალეწილ რტოებს,
დანამულ თვალებს შეავლებენ ეზოს ცირცელებს...
ისევ იტყვიან მამის ნათქვამ სადღეგრძელოებს
და დედას ისევ ცოცხალივით დაიფიცებენ.

ზურაბ კუხიანიძე


* * *

კაცი?... კაცი ოხერია, – თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება.
სახლში ცოლი თუ გაწყრება, – შუბლს იწმენდენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.
კაცი?... კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე.
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
წარბი თუ არ გაუხსენი – წავა, არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
ან მანქანას გააგელვებს, ანდა ვაგონს გაჰყვება,
ვინმე გვერდში თუ არ უდგას, იქნებ არც ენაღვლება.
ქალი?... ქალი მხნედ გაუძლებს, ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს.
რაც არ უნდა სუსტი იყოს, შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.
თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.
მარტოობის წლები მკერდში გაეყრება ხანჯლებად,
შემოდგომის ყვავილივით ზეზეურად დასჭკნება.
ქალს?... ქალს მარტო ნუ დასტოვებთ, სანამ ქვეყნად არსებობთ.
ქალი? ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო.

ზურაბ კუხიანიძე


* * *

სითბო რომ ვიყო, დამზრალ მუხას გულს გავულღობდი,
ნიავი ვიყო, მტირალს თვალზე ცრემლს შევუშრობდი,
წყალი რომ ვიყო, სიბოროტეს ცეცხლს ჩავუქრობდი,
სინათლე ვიყო, გამხმარ ფოთლებს, სულს დავულბობდი,
სიცოცხლე ვიყო? სიკვდილს ერთ გზას არ დავუთმობდი.

ნუნუ შალვაშვილი


* * *

ფოთლები ქარმა მითელ-მოთელა,
ეს შემოდგომა შენს დაღს მიცილებს
ხე სულ თავიდან შეიფოთლება,
მე დამაღონებს შენი სიცივე.

* * *

– არაყი?
– ლუდი!
– ერთი?
– ერთი!
– ინებეთ!
– გმადლობთ!
კუთხეში ვზივარ...
გარეთ წვიმს...
გნატრობ.

მუხრან მაჭავარიანი


* * *

შემოიარე, მეგობარო, საღამოს ჩემთან!
ამოიძახე... დაგახვედრებ გიზგიზა ბუხარს.
შემოიარე – მარტო ვარ და... ექვსვისთვის მოდი
სიტყვა – სიტყვაა, გელოდები... ჩემი ძმა თუ ხარ!
ვილაპარაკოთ... თითო ჭიქაც... ჰა, თითო ბოთლიც...
თორე, ხვალ, იქნებ... დალახვროს ღმერთმა
შემოიარე მეგობარო საღამოს ჩემთან.

გივი ძნელაძე


* * *

ღვინით თასი და ალალი მეგობარი
რას ინატრებს კაცი ამის უკეთესს
ვინ რა იცის სით დაბერავს ბედის ქარი
ან ცხოვრება ვის რა ოინს უმზადებს.
მაშ ძმობილო, არ დაკარგო წამი თუნდაც,
არ ელოდო, სით რა ქარი დაბერავს...
დამიჯერე, ბედს და იღბალს ძებნა უნდა,
მორცხვია და თავისთავად არ მოვა.

რობერტ ბერნსი


ჯონ ანდერსონ

ჯონ ანდერსონ, ჩემო ჯონ, ჩემო მეგობარო,
როცა შევუდექით წუთისოფლის მთას,
გახსოვს, შენი ქოჩორი, გახსოვს, შავი ქოჩორი,
შენი შავი ქოჩორი ჰგავდა ყორნის ფრთას.
ახლა შენ ის აღარ ხარ, აღარც თმა გაქვს შავი,
მაგრამ ღმერთებს ვთხოვ, კურთხეული ჰყონ
ეგ ჭაღარა თავი, ეგ ბებერი თავი,
ჯონ ანდერსონ, მეგობარო, ჩემო ჯოუ ჯონ!
ჯონ ანდერსონ! ჯონ ანდერსონ! ჩემო ჯოუ ჯონ,
ერთად მოვყვებოდით აღმართ-აღმართ გზებს,
ერთად გვიტარებია ბევრი კარგი დრო,
ბევრი სიხარულიც გავატანეთ წლებს...
ახლა თავქვე ვეშვებით, ახლა ერთად ვღამდებით,
მოდი, ხელი ჩაგკიდო, ერთად გავალთ ფონს _
ერთად დავსაფლავდებით, ერთად დავსახლკარდებით,
ჯონ ანდერსონ, ჩემო ჯოუ ჯონ!

რობერტ ბერნსი


* * *

დაუსტვინე, ჩემო ბიჭო, და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო, და გავჩნდები შენთან!
გაგიჟდება მამაჩემი, შეიშლება დედა, –
სულ ერთია, დაუსტვინე და გავჩნდები შენთან!

რობერტ ბერნსი


* * *

გულო, უწყოდე, მეგობარი სამი ჯურისა:
ერთი სულისა, ერთი ენისა, ერთი პურისა.
პურის მეგობარს ჯერ პური და მერე პანღური,
ენისას – ენით გაუქარვე დარდი გულისა,
ხოლო მიეცი სული შენი სულის სანაცვლოდ,
თუკი ოდესმე, მეგობარი პოვო სულისა.

საადი


* * *

გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა,
გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაადო ხუნდი,
გამოწვდილ ხელებს შეიძლება ეამბორო და
გამოწვდილ ხელებს შეიძლება ენდო ბოლომდე.

ვახტანგ ჯავახაძე


* * *

იყო კაცი მთა და იყო კაცი ბალახი,
მთისა და ბალახის სათქმელს გეტყოდა,
ნაბადს მოიგდებდა და იყო თბილისში,
ხურჯინით დაჰქონდა ლექსი და ოცნება...
ამაყ არწივივით მთას გადევლებოდა
ჩრდილში იძინებდა ბალახებისას,
დაჰქონდა ქარიშხალი და სიო დაჰქონდა
მაღალ მთებისა...
ხელებს მოხვევდა, მთას გაკოჭავდა,
ამოიოხრებდა, ალვებს დახრიდა...
ჩიტებს მოუსმენდა, ბალახს მოუსმენდა,
და... ცრემლებს დაღვრიდა.
იყო კაცი მთა... და იყო კაცი ბალახი,
ქართლის სატკივარი ხურჯინით დაჰქონდა,
მთის გული ჰქონდა, ჩიტის გულიც ჰქონდა,
ქართულად სტკიოდა... ქართულად ამბობდა...
იყო კაცი მთა და... იყო ბალახი,
იყო იგი ძლიერი და... იყო ამაყი.
მთის გული ჰქონდა, ჩიტის გულიც ჰქონდა,
მთისა და ბალახის სათქმელს გეტყოდა.
და... იყო კაცი მთა და... იყო კაცი ბალახი

* * *

ნუ დაიჩოქებ, თორემ ძნელია წამოდგომა,
თუ შენ აღარა დაგრჩენია – სხვისთვის იცოცხლე!
ნუ დაიჩოქებ! თორემ ძნელია წამოდგომა,
თუ ბედნიერი არ იქნები, სულ ერთი ბეწო სიხარულისთვის
მაინც იცოცხლე! თუ სახატეში კელაპტარი ყველა ჩაგიქრა,
სულ პაწაწინა სანთლის შუქზე მაინც ილოცე...
ოღონდ ნუ დათმობ, ნუ დაიჩოქებ!

მანანა აბრამიშვილი


პაპის ნათქვამი

წყაროზე ვიყავ, ლაფანი დავალბე,
წერილს კითხულობდა მარტაანთ ლელაო!
რაც ქალაქს წავედი – ბალღი იწერება
– სუყველა მენატრება... ჰმ, ყველაო!
მჭედლიანთ გოგოც ეგრე იწერება, მახარეს ბიჭიც,
წიპრუა გენა – «გვაგონდებაო», «გვენაღვლებაო»
– რა კარქები ყოფილან, უყურე შენა!
ვითომ დარდით არ არიან,
მათ გულზე ბოღმა არ დაგორდება?
აბა, ე, თოხი მააგონდეთ,
აბა, ე, ცელი მააგონდეთ
სუ რო ყვავილები აგონდებათ.
სოფლური პურის სუნი ენატრებათ,
განა ის, მზეში რო ყანას მკიან...
სხვისი მამკილი და გამამცხვარი,
ჰო, რატო არა, კარქი კია,
ვენახი მარტო ღვინო თუ ჰგონიათ,
ქვევრში ჩასხმული რო მაიხმარონ,
ბალახს ნატრულობენ, თითქო იმისაა
– ზედ გაიშხლართო და მაისვენო...
ბალახი არ იყო, მთიდან რო მაიქონდა,
ვანოს დეეცა და დაიტანა,
აბა ის ბალახიც გაიხსენონ...
«ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო»,
ამიტომ თუა სოფლებ რო გვანდობენ...
«ვაზი გადახმაო», «კერა გადაქრაო»
– გაზეთში ლამაზად რო დარდობენ.
მაგრა იყავითო, იქიდან გვარიგებენ,
რამთვენი სიტყვებია, რა გოდება...
ხვალ, აე ახოებს ვინ გაიტეხს თორე,
ხვალ, აე ნაფუძრებს ვინ დაითესს თორე
გამჩენძაღლები, მარტო ყვავილები აგონდებათ.

მანანა ჩიტიშვილი


სიკეთე

სიკეთეს ზოგჯერ კოჭებამდე აცვია კაბა
და თალხი კაბით წყნეთიდან მოდის.
მოაქვს მაწონი, იმედივით თეთრი და გრილი,
მოაქვს სიმშვიდე, ოქროყანის ალვების ჩრდილი,
შემოგთავაზებს ოქროსფერი ზაფრანის აცმას,
რაღაცის თესლებს დაგიტოვებს, რაღაცის მარცვალს...
შემდეგ ბრუნდება დაქანცული და ცაცხვის ძირას
სიკეთე იშლის ჭაღარა ნაწნავს.

ნელი გაბრიჩიძე


* * *

იცხოვრე ისე, როგორც ეკრანზე და ნუ იფიქრებ,
რომ დარბაზიდან გიყურებს ვიღაც,
ვინც მთელს სიცოცხლეს აჩუქებდა ერთ წვეთს წვიმისას,
რომელიც ოდნავ შეგეხო მხარზე...

ნელი გაბრიჩიძე


* * *

მანქანებს ხატავენ პატარა ბიჭები, რაღაც მანქანებს.
ფეხმოტეხილი თოლიების მსგავსებს ხატავენ,
ფრთამოტეხილი ფრინველების მსგავსებს ხატავენ.
შემდეგ გარბიან სწორედ იქით, საითაც ქარი
მიერეკება მსუბუქ სხეულებს.

ნელი გაბრიჩიძე


მე თქვენ მიყვარდით

მე თქვენ მიყვარდით და მსურდა ერთი:
თქვენს წინ ლამაზად მომეკლა თავი;
იქნებ არც ღირდა, მაგრამ მე ვწერდი -
«წითელი ზეცა, წითელი ზღვა, თხემები შავი»,
როგორც ბერძნული ტრაგედიის დეკორაცია...

ნელი გაბრიჩიძე


* * *

რატომღაც მინდა ასე გიწოდო: «ზომაზე მეტად მაღალი კაცი».
რატომღაც მინდა ასე მახსოვდე: «მზეში რომ იდგა მაღალი კაცი».
«ქარში რომ იდგა და იცინოდა», რატომღაც მინდა მახსოვდე ასე,
ქარში რომ იდგა და იცინოდა და არცა როდის ფიქრობდა ქარზე.
ვის აგონდები ჩემსავით კიდევ: «ხაზები სწორი, ხაზები მკაცრი»,
რატომღაც მინდა ასე მახსოვდე: «მზეში რომ იდგა მაღალი კაცი».

ნელი გაბრიჩიძე


* * *

ნუ დაღონდები,
შენ არა ხარ პირველი და უკანასკნელი,
არ გაუღიმა ვისაც იღბალმა.
იყავი მაინც მხიარული და მოცინარი,
რადგანაც ხშირად მოწყენილებს ჩაგრავს ცხოვრება.

* * *

თოვს...
მარტმა ამინდი არია,
შენ გავხარ ღვთისმშობელ მარიამს,
არ გინდა არც რა სამკაული,
გუნდა-ლახუსტაკი და უმარილი
შენა ხარ პატარა სასწაული,
ციდან ჩამოსული სტუმარივით,
შენს თმებს ველური ვარდისა და
ტყის თაფლის ნაზი სურნელი აქვს,
ცოტა შეიფერთხე დარდისაგან,
ამასაც ეშხი ურევია...
თოვს... ხანდახან წვიმას გამოურევს,
მარტი გიჟია და სულელია,
ადამიანს დარდს რა გამოულევს,
ჭკუათამყოფს დარდი ულევი აქვს.
თოვს...

* * *

ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები
– დრომ ერთი სევდაც არ მაპატია,
ბორგავენ, როგორც მდინარეები
და შფოთიანი წლები გადიან.
მე ისევ ხვალის იმედით ვცოცხლობ,
ჯერ არაფერი არ მაბადია,
შორი ვარსკვლავი მინათებს მხოლოდ
და ულმობელი წლები გადიან.
შენ, თავო ჩემო, ნუ ფანტავ წამებს
და იშრიალე, როგორც გწადია,
თორემ სულ მალე დადგება ღამე,
შენც დადუმდები... წლები გადიან.

ხუტა ბერულავა.


* * *

დროზე შელევა ყველაფრისა ძალგვიძდეს ნეტავ
მოვშორდეთ კოცონს, ვიდრე ცეცხლი იქცევა ნაცრად,
დავტოვოთ სუფრა, ნამცეცებზე გადავალთ ვიდრე
ვიბრუნოთ პირი, ვიდრე კისერს ვიხილავთ სხვისას,
გამოფიტული ყვავილების არ მიყვარს ცქერა...
უსიყვარულოდ სათოფეზე არ მომეკარო...

* * *

მოდი და წვიმას გაუგე რამე, ციდან ეშვება, ცაშივე მიდის
როდის კეთილი, ნაზი და მშვიდი როდის კი მკაცრი, არავინ იცის...

ივერი კიკილაშვილი


პოზიცია

ისე არაფერი მყვარებია, ტყეში კაკბები რომ კრიახობენ.
ისე არაფერი მძულებია, როგორც რეგვენებთან სიახლოვე.
ისე არასოდეს მიცინია, როცა დამაბრალეს გულცივობა.
ისე არასოდეს მიტირია, როცა ბედი ავ კაცს უცინოდა.
ისე არაფერი მენანება, როგორც ეზო, ჯაგით გაღობილი.
ისე არავინ არ მებრალება, როგორც მაძღარი და კმაყოფილი.
ისე არაფრისა მეშინია, როგორც ცოცხლად სულის დალევისა.
ისე არაფრისა არა მჯერა, როგორც დედის ტკბილი თვალებისა.

ტაბატაძე


ფოთოლი

მსუბუქი ტანი გაქვს, სურვილს აყოლილი, ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს მე და შენ.
ქარს გინდა რომ აჰყვე და სივრცეს სულ ევლო?
დედიკოს რომ მოსწყდე, დასჭკნები სულელო!

მირზა გელოვანი


შეხვედრა

შეხვედრისას ქარი ქროდა, მთვარე ვარსკვლავს თითქოს თვლიდა,
ვერხვს ლამაზი ტანი ჰქონდა, ტანს ვიღაცა ჩემსკენ ხრიდა,
ღამით, ჩვენი შეხვედრისას, იცინოდა ზეცის კარი.
მიგიგავდა ტანი ისარს, მე მშვილდივით აგეკარი.

მირზა გელოვანი


* * *

ასე წავიდა ღამე, ასე მოვიდა დილა,
ასე ნაბავდი თვალებს, ასე მაქციე ჩრდილად.
ასე ვხვდებოდით უხმოდ, ასე დავშორდით ჩუმად,
ასე მწყურიხარ ახლაც, ასე დავტირი გაყრას.

მირზა გელოვანი


ოცდაორი წელი

ჩემი ჯარა ცხოვრებისა, ოცდაორი წელი,
ოცდაორი გრძელი ღამე, დილა ალისფერი,
ოცდაორი გაზაფხული, ოცდაორი სევდა,
ხის ფოთოლში გახვეული, ოცდაორი ცვარი.
ოცდაორი სიხარული, ოცდაორი სევდა,
გაზაფხულზე უცაბედად – სიყვარულის ელდა.

* * *

ბორგავდა, ბორგავდა ლექსის სტრიქონი, ღელავდა ზღვა.
შენ მიმატოვე, ზღვის ტალღამ მშთანთქა, დამითმე სხვას.
წახვედი, წაიღე თეთრი ბარათი, ვბორგავდი მეც,
მივენდე ზღვის ტალღებს, მჭირდება მშველელი, არ ჩანხარ შენ.

სიღნაღი

ვის არ უნახავს სიღნაღი, ძველი ქალაქი მთაზე,
ნუ იტყვის: «ვიცნობ კახეთის, დიდებულ სილამაზეს».

* * *

«ქიზიყი ერთი უძლიერესი ნაწილია კახეთისა. ეს ქვეყანა ბევრით არის შესანიშნავი. სხვათა შორის, იმითაც, რომ იქ არ იციან, რას ჰქვიან ბატონობა. თუ კახელი, საზოგადოდ, მაგარი ხასიათისა არის და უტეხია, ქიზიყელი ამ შემთხვევაში სრული დასრულებაა ამ ტიპისა... ამ მხარეში ხალხი ახოვანი იზრდება და ძლიერი ბუნება არაფერს არ აკლებს ქიზიყელს, რომ იყოს ხელგაშლილი და ზვიადი».

ლერი ბეგიაშვილი


ასანური

ისევ ვნახე ჩემი მთა და ჩემი ხევი
და სოფელი, – ყრმობასავით სათაყვანო.
დედასავით მინდა ყელზე მოვეხვიო,
როგორც ბავშვი, მინდა ხელში ავიყვანო.
მისი ყველა ხე და ბუჩქი კარგად ვიცი,
მაგრამ მინდა კვლავ ვეწვიო, კვლავაც ვნახო,
ასანური, – ჩემთვის ასჯერ დასაფიცი,
ხარ-ირმისთვის ერთი დილის საბალახო.
ასანური! – მინდა ასჯერ ჩავიმუხლო
ყველა ხესთან, ყველა სახლთან, ყველა კართან.
სიყვარულმა დამამუნჯა, მოველ უხმოდ,
შემიფარებს, ვიცი, მისი მწვანე კალთა.
ჩემს თვალებში გათენდება მისი დილა,
სუფრასავით გამეშლება მისი ახო.
დედაა და პაწაწინა გამაცილა,
დედაა და მსურს გაზრდილი დავენახო.
ალუბლების შეფაკლული ლოყა უჩანს,
ო, მის სუნთქვას ნუ დავარქმევთ, ძმაო, ნიავს.
ვერ დავტოვებ, მისი მიწა ერთი მუჭა,
მთები რაა, ოქროს მთებსაც მირჩევია.
მისი ყველა ხე და ბუჩქი კარგად ვიცი,
მაგრამ მინდა კვლავ ვეწვიო, კვლავაც ვნახო.
ასანური, – ჩემთვის ასჯერ დასაფიცი,
ხარ-ირმისთვის ერთი დილის საბალახო.

ბერდია ბერიაშვილი


საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუძრახველნი,
– საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის,
– საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად დაჰქონდათ,
– სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ სამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი,
– საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდათ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები!
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

ლადო ასათიანი


ერთი წამის უკვდავება


მეხსიერებიდან ამოუშლელი წამი.
ბრძოლის ველზე, მტრის ჭურვის ნამსხვრევისაგან განგმირული, დაეცა მოწყალების და.
მისი პირველი და უკანასკნელი მოძრაობა იყო... კაბის ჩამოწევა მუხლებზე.



სიყვარული

გააგონებენ იფნებს წიფლები,
ამ გადარეულ ხევის გაღმიდან
შავად რომ მოსჩანს, როგორც ურჩხული...
არ გააგონო? როგორ იქნება.
თუ სიყვარულზე ვინმე გეძახის,
თუნდაც ჩურჩულით.

სიყვარული

თუ დაგავიწყდი, რა მოხდა მერე,
თუ გამატანე პატარა ღელეს...
შენი ფერებით დაღლილ ჩემს ხელებს
ემახსოვრები კარგა ხნის მერეც.
თუ დაგავიწყდი, ასკილის რტოო,
არაფერია, რა მოხდა მერე...

ცისანა მელუა


სიყვარული

ამ ღამით მე შენთან ვიყავი,
მაგრამ შენ არ დამიხვდი სახლში.
და არც შენი სახლი იყო სადმე ქალაქში...
და ის ქალაქიც არსად იყო დედამიწაზე...

ბესიკ ხარანაული


* * *

უსიყვარულოდ მხოლოდ ერთი,
ტირიფის ხეა და ისიც ტირის.

* * *

ისევ გვირილები მოგიტანე ფრენა ფრენით... სიზმარი იყო...
გათენებისას გვირილებად ცვიოდა თოვლი.

მაკა ჭუჭულაშვილი, გიორგობა



* * *

მე, რომ წავიდე – ვინ უნდა გამოუცვალოს იებს წყალი?
მე, რომ წავიდე – ვინ უნდა შემოუშვას ოთახში ქარი?
მე, რომ წავიდე – ვინ უნდა წაგიკითხოს ლექსების პწკარი?
მე, რომ წავიდე – ვინ უნდა დაგანახოს სარკმლიდან მთვარე მცხრალი?
და სხვაც რომ დავტოვოთ, ჩემო ბატონო!
ვისზედ უნდა ბრძანდებოდეთ ყოველდღე მწყრალი...

ნაზი კილასონია


* * *

ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას.
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს – ქარს,
და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას.

კონსტანტინე გამსახურდია


* * *

      «ძვირფასო თამარ! გახსოვს, საქართველოს მუზეუმში რომ გიჩვენე პალიმფსესტები... შენ იმ დღეს უყურადღებოდ მისმენდი... პალიმფსესტი ისეთი ეტრატია, რომელზედაც ოდესღაც რაღაც წაუწერიათ, მერე ეს წაუშლიათ, სხვა დაუწერიათ, ასეთ ეტრატს სინათლეზე რომ გახედავ, ძველსაც შეამჩნევ და ახალსაც... ასეთი პალიმფსესტია ჩვენი სულიც. ვიღაც მოდის, აწერს და შლის. აწერს და შლის...»

კონსტანტინე გამსახურდია


* * *

      «ეს რა ვნახეთ, ეს რამხელააო, როგორ დგასო, რა ხელმა ააშენაო, რა ტვინმა ააგოო, რა ზურგმა აზიდაო, რა ურემმა მოზიდაო, რა ხალხმა დახატაო, რა მიწამ შვაო, მიწამ კი არა ზეცამ შვაო, ზეციდან ჩამოსულია, ზეციდან კი არა, კლდიდან ამოსულიაო, კლდიდან ამოსული კი არა, ამოზრდილიაო, ჰაუ, რა დიდიაო, ჰაუ, რამხელააო, ჰაუ, როგორ დგასო...»



* * *

შემოდგომის ქარიან დღეს
გაფრინდი და... ქარი ქროდა...
ქალი ხომ გავს ქარს...
შემოდგომის ქარიან დღეს გამიფრინდი...
გაფრინდი და... სხვას მოვნახავ...
ქალი ხომ გავს ქარს...

* * *

შენ რომ არ იყო ამ ქვეყანაზე, მე რაღა მინდა
შენ რომ არ გერქვას გაზაფხული, მე რაღა მერქვას
შენ რომ არ იყო სიყვარულის სიცოცხლე წმინდა
აბა მითხარი, ამ ქვეყანაზე მე რაღა მინდა.

* * *

პირველი ფიფქები მხრებზე გეყარა, დარდისგან მოხრილ მხრებზე
გათოვდა, გათოვდა თეთრი ფიფქები თვალებზე, ტუჩებზე, თმებზე.
შენი თვალები სევდას შეეპყრო გულიც ხომ გრძნობდა ტკივილს
უხმოდ ლოცულობდნენ შენი თვალები, თუმც ვერ ბედავდნენ ჩივილს,
პირველმა ფიფქებმა დარდი მოგიტანეს თოვლი რას მოგიტანს ნეტავ,
ისევ სიყვარული, ისევ დარდი და ფიფქივით თეთრი სევდა.

* * *

გრძნობა, ბედი, წვალება, რასაც ძალა ჰქონია,
ყველა უცხო თვალების სისასტიკე გგონია.
ბედი სანთლად ექნება, მღვრიე ცეცხლის ტოტება,
ო, რა მწარე ყოფილა ღელვით გაბოროტება.

* * *

ის ახლა უკვე არ დადის არსად,
აღარ გრძნობს დიდი დროის სიცხადეს,
შემოივლიან, ხანდახან მასთან
და როგორც წარსულს, მოიკითხავენ.
დაუტოვებენ ღიმილს და ყვავილს
მოგონება კი ისევ ცოცხლდება
და თეთრ ფინჯანზე ცივდება ჩაი,
როგორც დაკარგულ კაცზე ოცნება.
არავის რჩება იმედის კვალი,
დგას ჩაკეტილი წიგნის კარადა,
და მშვიდად ყვება მოხუცი ქალი,
ტკბილი ცხოვრების მწარე ბალადას.

მორის ფოცხიშვილი


გათხოვილის ლექსი

დედი, დედამთილო, დაგნებდები...
ჩვილის პერანგი – ჩემი თეთრი ალამი.

ნინო დარბაისელი


* * *

ღამის ბურუსში, სადღაც ტალღები
ეხეთქებოდნენ მდინარის ნაპირს,
იდგა ქალი და სიგარეტს სწევდა.

* * *

ერთხელ შევედი ცარიელ სახლში
და იქ მოვწიე ცოტა თამბაქო...
როგორ მინდოდა ვყოფილიყავი მარტო,
სულ მარტო!

* * *

ისე, ტყუილა, არაფრის გამო,
მინდა გავიქცე ამ მინდორ-ველზე,
რბილად დაგებულ მოლზე ვირბინო,
სანამ სული არ შემიგუბდება!

* * *

იმ ქალიშვილის დავიწყება არ შემიძლია,
მე რომ ტირილით ერთი მუჭა ქვიშა მაჩვენა...

* * *

ადრე გავიგე სიყვარულის ძალა და სევდა...
ადრეც მოვხუცდი...

* * *

ლამაზო ქალო, მოგიკლავ ქმარსო, გიყიდი შავ როიალსო!

* * *

გავა წლები, გავა, აბა რას იზამს
მოლოდინით როცა დაიღლები...
სანამ ბოლოს მიხვდები რომ სხვა უყვარს
და ტყუილად დაგიკარგავს წლები.

* * *

ადამიანი ხარობს.
ადამიანი დარდობს.
ადამიანი იცინის.
ადამიანი ტირის.

* * *

...მათ იგი ჯვარს აცვეს, ჯვარს აცვეს.
...და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა.


ბიჭი

      ბალღობის უმანკოებასა და მოწიფულობის ღირსებას შორის შეიძლება ვიპოვოთ შესანიშნავი არსება, რომელსაც ბიჭი ეწოდება.
      ბიჭები ზომით, წონით თუ ფერით სხვადასხვანაირები არიან. მაგრამ ყველა ბიჭს მაინც ერთი მრწამსი აქვს: რაც შეიძლება მეტი ისიამოვნოს ყოველ წამს, ყოველ წუთს... ხოლო როცა უფროსები ძილის წინ საწოლში ჩაფუთნიან, პროტესტს თავისი ერთადერთი იარაღით – ღრიალით გამოაცხადებს.
      ბიჭებს სად არ ნახავთ: ზევით, ქვევით, რიღაცის ქვეშ შემძვრალს, რაღაცაზე მოქანავეს, რაიმეს გარშემო მორბენალს და საიდანღაც გადმომხტარს. დედებს უყვართ ისინი, პატარა გოგონებს ეჯავრებათ, დიდები არაფრად აგდებენ, ზეცა კი მფარველობს.
      ბიჭი – ეს არის სიმართლე ჭუჭყიანი სახით, სილამაზე გაჭრილი თითით, სიბრძნე მურაბასმული თმით და მომავლის იმედი, რომელცას ჯიბეში ბაყაყი უზის.
      როცა გინდათ, რომ თქვენმა ბიჭმა ვინმეზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოს, სწორედ მაშინ გადაიქცევა მისი ტვინი ჟელედ, სულ გაველურდება, დაემსგავსება ჯუნგლებიდან გამოსულს, რომელიც ისწრაფვის გაანადგუროს მთელი სამყარო და მასთან ერთად თავისი თავიც.
      ბიჭი თავისთავში ახამებს ცხენის მადას, დაშნის მყლაპველის კუჭს, ჯიბისოდენა ატომური ბომბის ენერგიას, კატის ცნობისმოყვარეობას, ორატორის ფილტვებს, იის კდემამოსილებას, ფოლადის ხაფანგის მჭიდეობას და ფეიერვერკის ენთუზიაზმს.
      მას ყველაფერი აინტერესებს: ნაყინი, ჯაყვა, ხმალი, შობის დღესასწაული, სურათებიანი სასაცილო წიგნები, ქუჩის მეორე მხარეს მყოფი ბიჭი, წყლის ბუნებრივი სახე, დიდი ცხოველები, მამა, მატარებლები, შაბათ-დილა და სახანძრო მანქანები.


 


      მაინცდამაინც არა სწყალობს საკვირადღეო სკოლას, საზოგადოებას, ყოველდღიურ გაკვეთილებს, დაუსურათებელ წიგნებს, მუსიკაში მეცადინეობას, ყელსახვევებს, საპარიკმახეროს, გოგონებს, თბილ პალტოს, დიდებსა და იმ დროს, როდესაც დასაძინებლად ამზადებენ.
      სასაუზმოდ მასზე გვიან არავინ მოდის, სამაგიეროდ ვახშამზე ყველაზე ადრე ცხადდება. მასზე უფრო არავის ახარებს ხეები, ძაღლები და ნიავქარი. მის გარდა არავის შეუძლია ერთ ჯიბეში ჩაიტენოს: ჟანგიანი დანა, ნახევრად გაღირჯნილი ვაშლი, სამი ფუთი თოკი, ორი საღეჭი რეზინა, სამი ნახევარპენსიანი მონეტა, შურდული, რაღაც გამოუცნობი მასალისაგან გაკეთებული გუნდა.
      ბიჭი გრძნეული არსებაა. ის შეგიძლიათ თქვენი კაბინეტიდან გააგდოთ, მაგრამ თქვენი გულიდან კი ვერ განდევნით, შეგიძლიათ ოთახიდან გააძევოთ, მაგრამ გონებიდან ვერაფრით ამოიგდებთ.
      ის თქვენი მეციხოვნეა, თქვენი დამპყრობი, ძალით მიმთვისებელი და თქვენი ბატონ-პატრონი. ჭორფლიანი, ცეროდენა, კატების მადევარი და ყურთასმენის წამღები.
      მაგრამ, როცა თქვენ, საღამოს, შინ დამსხვრეული იმედებითა და ოცნებებით ბრუნდებით, მას შეუძლია ეს იმედები და ოცნებები დაგიბრუნოთ ორად-ორი ჯადოსნური სიტყვით:
      – მამა მოვიდა!

ალან ბეკი


მამას ავიწყდება

      მისმინე შვილო, მოგმართავ, როცა შენი პატარა ხელი ლოყის ქვეშ ამოგიდვია და მშვიდად გძინავს. მე მარტო შემოვიპარე შენს ოთახში. რამოდენიმე წუთის წინ, როცა გაზეთს ვკითხულობდი, დანაშაულის გრძნობამ წამომაგდო და მომიყვანა შენს საწოლთან. აი, რაზე ვფიქრობდი, ჩემო ბიჭუნა: დილით მე შენზე გულმოსული ვიყავი, სკოლაში წასვლამდე დაგტუქსე, რადგან იმის ნაცვლად რომ პირი დაგებანა, სახეზე სველი ტილო გადაისვი, გიყვირე, როცა რაღაც დაგივარდა იატაკზე, არც საუზმობისას დაგტოვე «ყურადღების» გარეშე, შენ ჩაი დაგეღვარა, კოვზს მაგიდაზე ურტყამდი, პურზე ბევრ კარაქს უსვამდი და მერე უგემურად იღეჭებოდი. სახლიდან რომ გავდიოდი, შენ ხელი დამიქნიე და მომაძახე, «ნახვამდის, მამა». მე კი შუბლშეკრულმა პასუხად რაღაც წავიბურდღუნე.
      სადილობისას ყველაფერი თავიდან დაიწყო. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ეზოში დაგინახე სხვა ბავშვებთან ერთად მუხლებზე დაჩოქილი პატარა ბურთულებით თამაშობდი, შენ დახეული წინდები გიჩანდა. მე შენ ამხანაგების წინაშე დაგამცირე, გაიძულე, რა წინ გამძღოლოდი სახლისაკენ «შენ თვითონ რომ ყიდულობდე წინდებს, ასე გაუფრთხილებლად აღარ მოიქცეოდი» - მამისგან ამის მოსმენა...

 


      თუ გახსოვს, გაზეთს ვკითხულობდი, შენ მოკრძალებით შემოხვედი ოთახში და კარებთან გაჩერდი, მე გაზეთის ზემოდან გადმოგხედე, გაღიზიანებულმა იმით, რომ კითხვაში ხელი შემიშალეს... «რა გინდა?» გკითხე უხეშად, შენ არაფერი არ მიპასუხე, უცებ მომვარდი, კისერზე ხელები მომხვიე, მაკოცე და გარეთ გავარდი.
      და აი, შვილო, მალე გაზეთი ხელიდან ჩამიცურდა და შიშმა შემიპყრო, რა მიყო ჩემმა ჩვევამ, ყოველთვის ვიღაცას შენიშვნა მივცე, რაღაცაში დავადანაშაულო, და ეს შეგეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უბრალოდ, პატარა ბიჭი ხარ, მე კი ბევრს მოვითხოვდი ბავშვისგან და ყველაფერს ვზომავდი ჩემი არშინით, უფროსი ადამიანის არშინით.
      შენს ხასიათში ხომ ძალიან ბევრია კარგი და სათუთი. შენი პატარა გული ისე დიდია, როგორც განთიადისას მზის სხივებში გახვეული მთები, ეს მაშინ გამომჟღავნდა, როცა მომვარდი და მაკოცე ძილის წინ. ახლა სხვა არაფერს არავითარი აზრი აღარა აქვს, ჩემო შვილო. მე სიბნელეში მოვედი შენს საწოლთან და დავიჩოქე.
      ეს ძალიან ცოტაა დანაშაულის გამოსასყიდად, ვიცი, რომ შენ ამ ყველაფერს ჯერ ვერ გამიგებდი, თუნდაც ეს მაშინ მეთქვა, როცა არ გძინავს. მაგრამ ხვალიდან მე შენი ნამდვილი მამა ვიქნები, ვიმეგობრებ შენთან, გავიცინებ, როცა შენ გაიცინებ და მოვიწყენ, როცა შენ მოგეწყინება. მე ენას მოვიკვნეტ თუ იგი შენს გასაღიზიანებლად სიტყვის თქმას დააპირებს. მე ყოველთვის მემახსოვრება, რომ შენ უბრალოდ ჯერ პატარა ბიჭუნა ხარ. ახლა რომ გიყურებ, დაღლილსა და საბანში გახვეულს, გხედავ რომ ჯერ კიდევ პატარა ხარ, განა ამ რამოდენიმე ხნის წინ არ იყო, დედაშენს ხელში აყვანილი რომ დაჰყავდი? მე კი შენგან ბევრს ვთხოულობდი, ძალიან ბევრს. მაპატიე, შვილო!

დეილ კარნეგი


* * *

      – აბა სად ვიყავი მაშინ, როდესაც არ ვიყავი? – ჩააცივდა ზღვიდან შინ დაბრუნებულ მამას. როგორ არ გასცინებოდათ, უჩუმრად იცინოდნენ ისა და ცოლი, მხოლოდღა თვალებით. ცოლს მეტადრე ის ამბავი ესეირებოდა, კაცს ვერასდიდებით რომ პასუხი ვერ ეპოვა, არ იცოდა, რა ექნა, როგორ აეხსნა ბიჭისათვის, სად იყო იგი იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო. ამჟამად კი აგრე ეტყოდა, ჩემში იყავი, სანამ ამქვეყნად გაჩნდებოდი, ჩემს სისხლში იყავ, ჩემს წელში, საიდანაც ჩაეღვარე დედის საშოს და, რა რომ გაჩნდი, ამით ჩემი თავი გაინმეორეო. ახლა აგერ მე თვითონ გავქრები, მაგრამ დავრჩები შენში, ჩემს ვაჟიშვილში, რათა შენს შვილებში ვმეორდებოდეო...

ჩინგიზ აითმათოვი


* * *

      შენი თავი უნდა დაინახო ბავშვებში, რომ შეძლო დაეხმარო მათ გახდნენ დიდები, ისინი შენი ბავშვობის განმეორებად უნდა ჩათვალო, რათა სრულყო მათში შენივე თავი, და ბოლოს ბავშვების ცხოვრებით უნდა იცხოვრო, რომ მუდამ ჰუმანური პედაგოგი იყო.

შალვა ამონაშვილი.


* * *

      – სჯობს დამნაშავეს აპატიო, ვიდრე უდანაშაულო დასაჯო.
      – პრესტიჟი, რომელსაც აღწევ შენს მეგობართა თვალში, აქაოდა გამოჩენილ ადამიანებს ვიცნობო, მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ თავად არაფერს წარმოადგენ. სომერსეტ მოემი.
      – თავმოყვარეობა ქარით გაბერილი ბუშტია, საიდანაც, თუ უჩხვლეტ, ქარიშხალი გამოიჭრება. ვოლტერი.
      – ჩვენ შეცდომით წავიკითხავთ ხოლმე ცხოვრების წიგნს, ვამბობთ კია, რომ იგი გვატყუებს.
      – მდინარის ამომშრალ კალაპოტს მადლობის გრძნობა არა აქვს წარსულის მიმართ.
      – უბრალო ბალახის მეოხებით ხდება უზარმაზარი დედამიწა სტუმართმოყვარე, ხალხი სასტიკია, მაგრამ ადამიანი - კეთილი.
      – თუ ცხოვრებაში რაიმე შეცდომა დაუშვი, ნუ დააბრალებ შემთხვევითობას. იგი ეძებე შენს თავში, ცხოვრებაში შემთხვევითობაც კი კანონზომიერია.
      – ცხოვრებაში უნდა გქონდეს მიზანი, რომელიც იქნება შენს შესაძლებლობაზე ცოტათი მეტი, რომ შენ ინტერესი არ დაჰკარგო ცხოვრების!
      – აბლაბუდა თავს იკატუნებს, ცვარს ვიჭერო, ბუზებს კი იჭერს.
      – წუთისოფელი არ იწრიტება, რადგან სიკვდილი ბზარი არ არის.
      – ბეღურას ეცოდება ფარშევანგი, მძიმე კუდი აქვსო.
      – მოვა დრო და თქვენც ჩაქრებითო – უთხრა ციცინათელამ ვარსკვლავებს, ვარსკვლავებმა არაფერი უპასუხეს.
      – ვარსკვლავებს არ ეშინიათ, ციცინათელებად მიგვიჩნევენო.
      – მზესუმზირა გაწითლდა, როცა გაიფიქრა, ის უცნობი ყვავილი ჩემი ნათესავიაო.
      – ღრუბლები ანიჭებენ მდინარეებს წყალთა სიუხვეს, ხოლო თავად მთების იქით იმალებიან. რაბინდრანათ თაგორი.
      – ძილს ხელზე სიკვდილის თითი აქვს.
      – როცა არავინ არ გედავება, ენას კბილი დააჭირე, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება.
      – ადამიანთა უმრავლესობას არ სურს წყალში შესვლა, ვიდრე ცურვას არ ისწავლის. ჰერმან ჰესე.
      – იადონი რომ გალიაში ჭიკჭიკს დაიწყებს, თავისუფლებას ვერ ეღირსება.
      – არაკანონიერია მშიერთან კარგი საჭმლის ჭამა, თუ მასაც არ გაუზიარე.
      – ადამიანი ყოველ მათგანში გადადის, ვისთანაც ერთხელ მაინც უსაუბრია.
      – ადამიანებს ცოდვები არა აქვთ, თუ ყველაფერში დარწმუნებულები არიან (ჯონ სტაინბეკი).
      – ქალები საუბარს იმის უარყოფით ამთავრებენ, რისი მტკიცებითაც დაიწყეს.
      – ჯოჯოხეთი მოკირწყლულია ქალების ენით.
      – მოკუმულ პირში ბუზი ვერ შეფრინდება.
      – რძე სასიამოვნო სასმელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორიოდე წვეთ ბრენდის ჩაასხამ შიგ, მაგრამ ძროხასაც ძალიან უნდა განთავისუფლდეს მისგან. აბა რა სასიამოვნოა გატიკნილი ცურით სიარული! (სომერსეტ მოემი).
      – როცა კაცი წყალში ვარდება, მკლავები უნდა მოუსვას. იმას აღარ აქვს მნიშვნელობა, კარგი ცურვა იცის თუ ცუდი, უნდა იცუროს, თორემ დაიხრჩობა.
      – რადგანაც სუროს შეუძლია, ყველანაირ ხეს შემოეხვიოს, ამიტომ ხშირად ქალიშვილს უსიყვარულოდ ათხოვებენ.
      ბეღურა – ხედავ, რა ჟივილ-ხივილი გვჭირდება, რომ გაზაფხული დადგეს?
      თაგვი – ნახეთ კატამ ბეღურა დაიჭირა, აწი ჩვენ, თაგვებს, საშიში აღარაფერი გვაქვს.
      გომბეშო – პროგრესი! რა თქმა უნდა, პროგრესი არსებობს. მაგალითად, ოდესღაც მე მხოლოდ თავკომბალა ვიყავი.
      გომბეშო – ჩემი აზრით, სულაც არ არის საჭირო, გველი ასეთი გრძელი იყოს.
      ჯირკი – თქვენ ამბობთ, რომ მე ადგილიდან არ ვიძვრი? სამაგიეროდ არც ფეხს წამოვკრავ რასმე.
      ბუზი ფანჯრის მინაზე – ახლა მე შევიტყვე, სად არის სამყაროს საზღვარი.

კარელ ჩაპეკი


* * *

      – რა არის ის, რასაც მადლობის გარეშე იღებენ, რითაც არ იციან, როგორ სარგებლობენ, რასაც სხვას აძლევენ ისე, რომ არ იციან, სად აქვთ და შეუნჩნევლად კარგავენ. ცხოვრება.
      – რა არის ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე ხანმოკლე, ყველაზე ჩქარი და ყველაზე ნელი, ყველაზე განყოფადი და ყველაზე განვრცობადი. ყველაზე უგულველყოფილი და ყველაზე დასანანი, ურომლისოდაც არაფერი კეთდება, რომელიც ნთქავს ყოველივეს, რაც პატარაა და აცოცხლებს, რაც დიდია - ეს არის დრო, არაფერია მასზე ხანგრძლივი, რადგან ის მარადისობის საზომია, არაფერია მასზე ხანმოკლე, რადგან ის არ გვყოფნის ჩვენი განზრახვის შესრულებისათვის, არაფერია მასზე ნელი, ვინც ელოდება, არაფერია მასზე სწრაფი იმისთვის, ვინც ერთობა, ის დაუსრულებლად იშლება, პატარა ნაწილებად იყოფა, ყველა უგულველებელყოფს მას, ყველა გამოსთქვამს სინანულს მის დაკარგვაზე, არაფერი კეთდება უიმისოდ, ის გვავიწყებს ყოველივეს, რაც მომავალი თაობებისათვის უღირსია და დიდ ამბებს ამარადისებს.
      – ბავშვები ერთმანეთს ზრდიან, ერთმანეთი გამოყავთ ბავშვობიდან, როგორც დიდებს ბრძოლის ველიდან, ანდა ცეცხლწაკიდებული სახლიდან, რადგან ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერც ერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს არ მიაღწევს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერია და სწორედ მაშინ, ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხური, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც, თუმცა ახლა, ისევე გვანან ერთმანეთს, როგორც თავკომბალა და გომბეშო ანდა თავთავი და დაობებული პურის ყუა, მაგრამ იცის რომ ის, პირველ საფეხურზე შემომდგარი და თვითონ, უკანასკნელ საფეხურზე ჩამომჯდარი, ერთი და იგივე არსებაა, ორად გაყოფილი, არა, ორ უკიდურეს წერტილს შორის გაბმული, გაჭიმული სიმივით, სიმივით კი არა, ჭიაყელასავით, რომელიც სადაცაა გაწყდება, სადღაც შიგნით, საკუთარ არსებაში და ყველაფერი გათავდება, მაგრამ ერთბაშად კი არ მოკვდება, არამედ ნაწილ-ნაწილ, უფრო ზუსტად – ორჯერ, ჯერ პირველ საფეხურზე, მერე უკანასკნელზე, ჯერ თავს მოუკვდება და მერე ქვეყანას, ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგახნის დამთავრებულია იგი, როცა წესიერად აღარც გვახსოვს, როცა ამ სათუთი და ვარდისფერი ჭურჭლის მხოლოდ რამდენიმე ნამტვრევიღა ბრჭყვიალებს დაბერებული სულის კუნჭულში, როგორც ხელმეორედ გათხრილი სამარხის ფსკერზე და როგორც არ უნდა ვეცადოთ, იმ ნამტვრევებიდან ვეღარ შევაკოწიწებთ სწორედ ისეთ ჭურჭელს, როგორიც ის იყო ოდესღაც და მაინც ბოლომდე ვერ ამოვიცნობთ იმ ჭურჭლის დანიშნულებას.
      – სიმართლის ფასი შაურია, რადგან არავის არ ჭირდება იგი. ტყუილი კი ჯადოსნური წამალივითაა, თვალებზე გადაუსვამ და გათავდა, ისეთ სიზმრებს დაგასიზმრებს, გაღვიძება არ მოგინდება. ამიტომაც ღირს უფრო ძვირი. ყველანაირი სიმართლე უბრალოა, ცარიელ-ტარიელია, რაც არის ის არის, არც მეტი, არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ, ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი, ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება, როგორც ნალისა, რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე, დაასახიჩრებს და გააგიჟებს, ხოლო ფლოქვებზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში.
      – თუ გინდა რომ დედამაც პატივი გცეს და ცოლმაც, ერთმანეთს უნდა მიუქსიო ისინი, ქალს, დედა იქნება თუ ცოლი, უსიძულვილოდ გაძლება არ შეუძლია. ამიტომ კაბასთან, თავსაფართან და ფლოსტებთან ერთად სიძულვილის საშუალებაც უნდა მისცე, უნდა მიუგდო, როგორც ძაღლს ძვალი, შენვე რომ არ გიკბინოს. დედა პირველ რიგში შვილს შეიძულებს, თუკი შვილმა რძალი არ მოუყვანა, ხოლო ცოლი - ქმარს, თუკი ქმარმა დედამთილიც არ დაახვედრა ოჯახში. ასეთია ქალის ბუნება.
      – ოჯახი თავისებური თეატრია, ცოლ-ქმრობა ძალაუფლებისათვის ომია და ქმარი, თურმე, სულ იმის ცდაშია, ცოლი როგორმე თავის ადგილს მიაჩვიოს, როგორც ლეკვი - თავის ფიჩვებს და თავის ძვალს, მაგრამ ცოლი სულ განზე იწევს, თურმე, სულ მაღლა და მაღლა იცქირება, და იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე ქმარს მათრახს არ ააღებინებს ხელში, ანდა ფიჩვზე ფიჩვს ან ძვალზე ძვალს არ დაამატებინებს, გააჩნია, ვინ უფრო მტკიცე აღმოჩნდება ბოლომდე.
      – ქალი მაშინაა ბედნიერი, როცა ქმარშვილის ქვეშევრდომია. იმიტომ რომ, ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია, რომ გიყვარს, იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ, ქალის ხვედრი როა ასეთი, როგორც ზოგიერთები ამბობენ.
      – ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება, მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი. სიკვდილის მერეც ადამიანისაგან მარტო სინდისი რჩება, სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ, სული იგივე სინდისია, აქედან თავისთავად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი, ოღონდ, ისეთივე სუფთა, როგორიც თოვლი დევს უშბაზე, ისეთივე მშვიდი, როგორი მშვიდიც კვერცხია ბუდეში და ისეთივე მტკიცე, როგორი მტკიცეც ჩვილის გრდემლია, მუყაოს ფარი და პანტის ზარბაზანი, დიახ, ჩვილის გრდემლი, მუყაოს ფარი და პანტის ზარბაზანი, რამდენადაც მათი სიმტკიცე უსაზღვრო რწმენისა და შეუვალი გულუბრყვილობის ნაზავია და სხვა არაფერი.
      – ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისაგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.
      – მოწყალების მიღება საკუთარი უმწეობის აღიარებაა, ხოლო მოწყალების გაცემა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ჭირდება ადამიანს. ამ ქვეყანაზე ტყუილად არავინ არაფერს იძლევა, მაგრამ ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს.
      – ძაღლსაც უნდა ჰქონდეს ერთი თავისი ადგილი, საკუთარი სითბოთი და საკუთარი სუნით გაჟღენთილი, სადაც დაწვება, დაეძინება და გულხელი დაეკრიფება.
      – უვიცობის პატიება არ შეიძლება.
      – თევზაობა იქამდე არ მოიშლება, ვიდრე თევზი ანკესის ყლაპვას არ მოიშლის.
      – ადამიანი წისქვილივითაა, რასაც დააყრი, დაფქვავს, მაგრამ წისქვილისაგან განსხვავებით, ის მაინც უნდა იცოდეს, რასა ფქვამს.
      – კაცის ოცნება და ლობიოს ყვავილი ძალიანა ჰგავს ერთმანეთს. ორივეს მაღლა-მაღლა უყვარს ძრომიალი.
      – სინდისი და ნამუსი ტანსაცმელს ჰგავს, რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი.
      – გულღია და ალალმართალი კაცი მოგისმენს, მერე თვითონაც გულს გადაგიშლის, ბოროტი კი მოგისმენს, თან საჭმლის ჭამას დაიწყებს და მერე შენც მიგაყოლებს.
      – საერთო ფეხსადგილში ერთნაირად გაჭირვებული ხალხი იყრის თავს და არა ერთნაირად მოაზროვნე.

ოთარ ჭილაძე


* * *

      ბალახის ღერო არ ცდილობს ბაობაბის ხედ გადაიქცეს, ამიტომ დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება.

რაბინდრანათ თაგორი


* * *

      – აი, რა ვისწავლე თეატრში: მსახიობს, რომელიც კოჭლს განასახიერებს, ყოველ ნაბიჯზე კოჭლობა არ სჭირდება. საკმარისია, მხოლოდ საჭირო მომენტში იკოჭლოს, რაც უფრო მეტ სიძუნწეს გამოიჩენს, მით უფრო დამაჯერებელი იქნება მისი კოჭლობა, მთავარია იმ საჭირო მომენტს მიაგნოს, როცა იგრძნობს, მიყურებენო და მხოლოდ მაშინ ჩაჰკრავს ფეხს, ამას სიმულიანტობად ჩაუთვლის ყველა, თუ გამუდმებით ითრევს ფეხს, მაშინ გვავიწყდება, რომ ის კოჭლია, თუ ხანდახან თავს მოგვაჩვენებს, სულაც არ ვკოჭლობო და მაშინვე წაიკოჭლებს, როგორც კი თვალს მოვაცილებთ, მაშინ გვჯერა მისი, მივიღოთ ეს სახელმძღვანელოდ! ხის ფეხი ნამდვილად გამუდმებით კოჭლობს, ოღონდ ჩვენ ასე გამუდმებით ვერ ვამჩნევთ მას, ამიტომ მართებს თავის მოჩვენების ხელოვნებას მხოლოდ შესაფერი მომენტების დაჭერა. უეცრად რომ გაგვახსენდება, ეს კაცი კოჭლიაო, სირცხვილი დაგვწვავს, მისი მძიმე ხვედრი რომ დავივიწყეთ, და სწორედ ამ სირცხვილის გამო გვჯერა მისი, ასე რომ, სიმულიანტს გამუდმებით კოჭლობა სულაც არ სჭირდება, ხანდახან თამამად შეუძლია შეისვენოს.

მაქს ფრიში.


* * *

      – რა არის ნორმალური ადამიანი? ის, ვისაც არასოდეს არაფერი სისაძაგლე ჩაუდენია, მაგრამ ნუთუ მას გულშიაც არ გაუვლია ასეთი რამ? შეიძლება თვითონ არ გაუვლია, მაგრამ რაღაცამ გაიფიქრა მის გულში, ჩაესახა ათი ან ოცდაათი წლის წინათ, იქნებ თავი დაიცვა მისგან და დაივიწყა. ჰოდა, აღარ ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ ამას არასოდეს განახორციელებდა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ მოულოდნელად, დღისით-მზისით, სხვა ადამიანებებით გარემოცული ხვდები მას ხორცშესხმულს, შენთან მოჯაჭვულს, ხელშეუვალს. რას იზამ მაშინ? რა იქნება?

სტანისლავ ლემი


სიყვარული

      ბალახის ღეროს მზე შეუყვარდა...
      რა თქმა უნდა, მისგან საპასუხო სიყვარულს არ მოელოდა; მზეს იმდენი საზრუნავი აქვს დედამიწაზე, სადა აქვს დრო, პატარა, შეუხედავი ბალახის ღეროს მიაქციოს ყურადღება? გარდა ამისა, სად მზე და სად ბალახის ღერო, რა მისი წყვილია?!
      მაგრამ ბალახის ღეროს არ ესმოდა ეს, მთელი ძალით მიიწევდა მაღლა, მზისაკენ, ისე ჯიუტად მიიწევდა, რომ ტანაყრილ აკაციად გადაიქცა.
      ლამაზია აკაცია, მშვენიერია აკაცია, ახლა ვინ შეიცნობს მასში ბალახის ღეროს?!
      აი, რა შეუძლია, სიყვარულს, ცალმხრივსაც კი!

შემოდგომა

      არყის ხე გრძნობს, რომ მისი სილამაზე ხუნდება, დიდი სურვილი აქვს გაიხანგრძლივოს ზაფხული, ამიტომაც იგი შემოდგომის ასაკისათვის ყველაზე მოდურად, ყვითლად იღებება... სწორედ მაშინ ხედავს ყველა, მისი შემოდგომა რომ დგება.

ფელიქს კრივინი

* * *

       ადანდალო, დანდალო, ჩემო ოქროს შანდალო
       მოლაპლაპე სანთელო, ბნელ ღამეში ნათელო,
       დედის ალაგ-მალაგო, მამის ციხე-ქალაქო
       პაპის ოქროს გუთანო, მინდორში გასატანო
       ბებოს თეთრო მანდილო, მხრებზე წამოსასხამო!

* * *
devibaxala

      – ბოლია, ბოლია, ხბო წითელია, ამან დაკლა, ამან გაატყავა, ამან დაჭრა, ამან კიდევ შესანსლა, ვცემოთ, ვცემოთ ბერიკაცსა!
      – ყვავო, ყვავო, ყვანჩალაო, დედაშენი დამხვრჩალაო, წასულა, უძებნიათო, მისულა, უნახიაო, უნახიაო, უცინიაო, ულხენიაო და ფრრრ!
      – აჩუ, აჩუ ცხენო! შე კუდმოსაჭრელო, ჯერ ქერი არ გიჭამია, საით გაგაჭენო!
      – კიკლი, კიკლი, კიბესა, როსტომაანთ ციხესა, ზედ კურდღელი წამომჯდარა, აწკაპუნებს ყურებსა!
      – მტირალა, მტირალა, ხბორებს ჩამოგილალავ, თუ ხბორები არ გინდა, ღორებს ჩამოგილალავ!
      – გაზაფხული დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, ჩიტმა ჩიორამაო, საძირკველი გადგაო!
      – ქუხი, ქუხი, მაგარა, ჩემი წელი მაგარა!



ფშაური ნატირალი

       მაჰკვდი, ბეჩავო – იერემო, დასდევა სიღარიბის ჯოხი.
       მიწანიმც დაილოცებიან – შიშველნი მოგიმალნა ხორცნი.

* * *

       მტერსა რომ მტრობას უწევდეს – ვაჟკაცის შესაფერია.
       ვისაც მტრის მტრობა აშინებს, ქვეყნად ის არაფერია.
       არც მაუხდება აბჯარი, არც ომში წასასვლელია.
       არც ვაჟკაცებში ხსენდების, არარად ჩასათვლელია.
       უნდა გაზარდოს დედამა ვაჟი მტრის გამჯავრებელი,
       აუგის მთქმელი არ იყოს, არც ფეხის დამწყნარებელი,
       არც აშინებდეს სიკვდილი, სიცოცხლის გამმწარებელი.



* * *

 


ფერეიდნელ ბავშვთა სურათები აღებულია კახა მულიანის პირადი ფოტო-არქივიდან