თამარ შარაბიძე – მგზავრის ჩანაწერი

      ოცნებად მქონდა, მენახა ფერეიდანი, რომელიც ”უსამართლო ძლიერებამ” და ბედმა სპარსელად აქცია; მენახა და რამე მეთქვა. ეს დაახლოებით ისეთი გრძნობაა, უცხოეთში ქართველს რომ აღმოაჩენ და უნებურად წამოგცდება – ”ქართველი ხარ, ბიჭო?!” მეც სწორედ იმ ქართველთან შეხვედრა მსურდა, რომელშიც დრომ ვერ ჩაკლა ქართველობა.
      ვფიქრობდი:
      გაიგებდა კი ჩემსას?
      ან მე – მისასას?
      ის ხომ სხვა ინტონაციით, შერეული ქართულ-სპარსულით მეტყველებდა. შესაძლოა ამ ქართულ-სპარსულში იმდენად ცოტა ყოფილიყო ქართული, რომ სიტყვაც ვერ გამეგო მისი.
      თავი ვინუგეშე. ჩვენ აუცილებლად მივუხვდებოდით ერთმანეთს, რადგანაც ორივეში ერთი ქვეყნის ”დვრიტა იყო დადებული” და მას ქართველობა ერქვა.
      ბედმა ნატვრა ამისრულა და ისპაჰანში მომახვედრა... აპრილია, ირანში უკვე საკმაოდ ცხელა. გვაფრთხილებენ, რომ ფერეიდანში ეგრილება. ავტობუსით ნელ-ნელა ვუახლოვდებით სანატრელ მხარეს. მართლაც, თითქოს იცვლება აქ ბუნება; რაღაცით, ცოტათი მაინც ემსგავსება საქართველოს – მდინარე, ხევი, მთა გამოარჩევს ამ კუთხეს თვალუწვდენელი უდაბნოებისაგან.






      მთის მწვერვალებზე ჯერ კიდევ თოვლი დევს. ვუყურებ და თვალებს არ ვუჯერებ – ვაზი მიწაზეა დაწვენილი, ჭიგო არა აქვს. ვუყურებ და მტკივნეული ფიქრები მიჩნდება გონებაში – აქ ქართველი დაჩაგრულია, ვაზსავით მიწაზეა დაჩოქებული... მიხსნიან, რომ ფერეიდანში კონტინენტური ჰავაა, ზამთრობით ძალიან ცივა, ამიტომ ვაზი ბუჩქივით იზრდება, მიწასთან ახლოსაა, რომ თოვლი დაეფაროს და გაყინვისაგან დაიცვას, სამ თვეზე მეტ ხანს თოვლში სძინავს.



      ჩემი ჩანაწერები ფერეიდანს ნაკლებად ეხება, ძირითადად იმ საუბრის გადმოცემა მსურს, ჩემსა და იქაურ ქართველს შორის უნებურად რომ წარიმართა; იმ საუბრისა, რომელმაც დამარწმუნა, რომ ამ მუქკანიან კაცს, დამტვრევით რომ ლაპარაკობდა ქართულად, გული ნამდვილად პატრიოტისა ჰქონია.
      – მაშ, ეს არის ფერეიდანი?! რაღაცით ჰგავს საქართველოს! – წამოვიწყე საუბარი.
      – ამბობენ, ჰგავსო, – დამეთანხმა ფერეიდნელი (მის სახელს შეგნებულად არ ვწერ) და გააგრძელა, – ადრე ფერეიდან შახრს ახორე ოლია ერქვა, რაც ცხვრის ბაგას ნიშნავს; შემდეგ ქართველებმა თავად დაარქვეს თავიანთ კუთხეს სახელი. რამდენიმე წარუდგინეს მთავრობას და ფერეიდანი შეირჩა. ეს მოხდა დაახლოებით 50 წლის წინ.



      – ფერეიდანი მაინცდამაინც ქართული სახელი არ უნდა იყოს, – ვაგრძელებ თემას.
      – სამაგიეროდ სოფლებს ჰქვია ქართული სახელები: მარტოფი, თელავი, ჩუღურეთი, ტაშკეშა, ვაშლოვანი. მთელ ირანში 60 ათასი ქართველი ცხოვრობს, აქედან ფერეიდანში – 50 ათასი.
      – როგორც ვხედავ, შენარჩუნებული გაქვთ ქართველობა.
      – რა თქმა უნდა, შერეული ქორწილები მხოლოდ ახლა დაიწყო.
      საუბარში ახალგაზრდა ყმაწვილი გვერთვება:
      – ჩემი დედის ენაა ქართული, – ამ სიტყვებით მეცნობა. ვხვდები, რომ მხოლოდ დედითაა ქართველი, მაგრამ მაინც ქართველობს, მე ორხელ ვიყავი საქართველოში, – აგრძელებს საუბარს...
      – ამ მთას სულიკოს წვერი ჰქვია, – მიმითითებს ჩემი თანამოსაუბრე, – ეს კი თათაშვილია.
      სიტყვა – სულიკო – ჩემთვის გასაგებია, მაგრამ თათაშვილი – არა.
      – თათაშვილი რას ნიშნავს? – ვეკითხები ღიმილით.
      – მთა მთის შვილი, – მომიგებს ფერეიდნელი და დიდსა და პატარა მთაზე მიმითითებს. მიხარია, რომ ქართული ტოპონიმიკა აქ კიდევ შემორჩენილია. მართალია, ქალებს ჩადრები ჰხურავთ, მაგრამ ქართულად მაინც ლაპარაკობენ, ენა არ დავიწყებიათ.
      – ქართული ყველამ იცის? – მინდა, დავრწუნდე ჩემს სისწორეში.
      – ზემო მარტოფში ქართულად ლაპარაკობენ, ქვემოთ კი აღარ იციან.
      ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, გული დამწყვიტეს და ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ფერეიდნელი მიმიხვდა მოწყენის მიზეზს და ჩემი გუნების გამოსწორება სცადა:
      – ჯერ კიდევ 65 წლის წინ ქართველებიდან არ იყო არც ერთი მასწავლებელი და მძღოლი. ვოცნებობდი, ერთი მასწავლებელი მაინც გამოსულიყო ჩვენგან. ახლა კი ფერეიდანში ყველაფერი ქართველების ხელშია: გუბერნატორი, მერი, სასამართლოს მოხელეები – ყველანი ქართველები არიან.



      მომეწონა ფერეიდნელი. ეს იყო კაცი, რომელსაც მხოლოდ კი არ შეენარჩუნებინა ქართველობა, არამედ დღევანდელ საქართველოზეც ფიქრობდა და გულს უკლავდა ჩვენი ”უმოქმედობა”.
      – სულ საქართველოზე ვოცნებობდი, სად არის, როგორია, ვინ არის. სამოთხე მეგონა; მაგრამ, რაც ტელევიზიით ვნახე, ისეთი არ არის, როგორიც ჩემს აზრში იყო (ირანში უკვე იჭერენ ქართულ არხებს).
      გამიკვირდა, რა იყო ისეთი ჩვენში, რაც ფერეიდნელს არ მოსწონდა? რითა გვჯობდა ის ჩვენ? თურმე ზნეობით.
      – ჩვენთან არასოდეს იქურდებენ ქართველები. ისპაჰანში ქართველების დიდი ნდობა აქვთ, მათ სიტყვას – ფასი. სხვას თუ საბუთითაც არ ენდობიან, ქართველს სიტყვაზე გაატანენ ყველაფერს ისპაჰანის ბაზარში. ეს ძველთაგან ტრადიციულად მოდის. სასამართლოშიც კი განსაკუთრებული ფასი აქვს მის სიტყვას.



      ჩემი თანამოსაუბრე წუხდა, რომ საქართველოში მამაკაცები აღარ მუშაობენ და ქალებს ამუშავებენ. ფერეიდანში ასე არ ხდებაო; აქ ქალები არ მუშაობენ, ოჯახის საქმის გარდა, ხალიჩებს ქსოვენ ან მასწავლებლობენო. მისგანვე შევიტყვე, რომ ირანში ქართველებს მეომარი ხალხის სახელიც ჰქონიათ დამკვიდრებული. ავღანელებმა ფერეიდანი ვერაფრით ვერ აიღეს:
      – ბერიანთ სული შიდა კარს ნიშნავს, – მიხსნის ის, – კარს რომ გააღებ, გვერდზევე არის სხვა კარი, პატარა სახლში გასასვლელი. ეს კარი არ ჩანს, დიდი სახლის კარი ეფარება. ავღანელები კარს რომ აღებდნენ, სახლში არავინ ხვდებოდათ. ქართველები პატარა სახლიდან გაკეთებული შიდა გასასვლელებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს (რამდენიმე სახლი მაინც); ცეცხლს ანთებდნენ და ავღანელებს ეგონათ, რომ ძალიან დიდი ჯარი ჰყავდათ...
      ჩემმა ფერეიდნელმა საქართველოში მაცხოვრებლების გარეგნული უპირატესობაც შენიშნა და მითხრა, რომ აქაურებმა ჩაცმა არ იციან, ჭუჭყიანებიც დადიანო. ფულიც აქვთ, შუქიც, გაზიც, მაგრამ ჩაცმას არ უყურებენო; საქართველოში კი შეიძლება პურიც არ ჰქონდეთ, მაგრამ სუფთა პერანგებით დადიანო; საერთოც გამონახა ჩვენს შორის – ჩვენსა და იმათ შორის. ეს საერთო ჩვენი ხასიათი გამოდგა.
      – ირანში ყველაზე მაღალი ზონა მარტყოფია, – მითხრა სიამაყით, ქართველები ვართ ყველაზე მაღლა. გამოთქმაც არის ასეთი, ფერეიდნელი ვეფხვს ეუბნება, შენ ჩემზე მაღლა როგორ ხარო?! ”ქართველი მაინც ქართველია, ქართველის ჯიშს ვერაფერი შეცვლის, წინწკა-წინწკა რომ დასჭრა, მაინც ქართველია”, – ეს ბოლო ფრაზა ზუსტად ჩავიწერე, რადგან მათში ჩემი მოძმის მართალი გული დავინახე.
      სამახსოვრო სურათი მინდოდა ამ ქართველი კაცისათვის გადამეღო, მიყურე-თქო, ვუთხარი. გაუკვირდა, როგორ შეიძლება თვალით გიყუროო, ყურება ყურით უნდაო, თვალით მხოლოდ გიცქერი, გათვალიერებო. მივხვდი, რომ სწორი იყო. ფერეიდანში ჯერ კიდევ ძველქართულად მეტყველებდნენ. მაღაზიებსაც ასე ეწერა: ”კარი დაკლეტილია”.
      თქვენში ღვინოს თუ სვამენ-თქო, უხერხული შეკითხვა დავუსვი, რადგან მშვენივრად ვიცოდი, რომ კანონით ალკოჰოლი მთელ ირანში აკრძალულია. ჩემი სითამამე მასთან ერთგვარმა გაშინაურებამ გამოიწვია.



      – ვინც ღინოს დალევს, მათრახს დაარტყამენ მაგრა, – მიპასუხა კანონის ენაზე; ცოტა ხანში კი დაამატა, – დედას ბიჭები სვამენ ღინოს – ”ღინოს სვამო? კაცი ხარო, დედას ბიჭი ხარო, მოდი ჩემთანო”, ანდაზაც კი გვაქვს ძუნწ კაცზე – ”ზამთარში თოვლს არ მოგცემსო და ის შენ ღინოს მოგცემსო?!”
      ანდაზის შინაარსი გასაგები იყო ჩემთვის, მაგრამ დედას ბიჭი ვინ იყო, ვერ მივხვდი. დედას ბიჭი ვინ არის-მეთქი, ვკითხე.
      – დედას ბიჭიო?! – გაკვირვებით შემომხედა, თითქოს, ეს როგორ არ იციო, – დედას ბიჭი ის არის, ვინც მთაში წავა და ვეფხვს მოკლავსო.
      ახლა ვეფხვმა გამაკვირვა. თქვენში ვეფხვი იცის-მეთქი, შევეკითხე. ვეფხვი – არა, მაგრამ ლეგენდა ვიცითო, ლეგენდა ვეფხვსა და მოყმეზეო; დედას ბიჭი ის არის, ვინც სოფელს ფიქრს აძლევს, ვინც პირველია ბრძოლაში, დედას ბიჭს შეუძლია ღინის დალევაცო. ახლა კი მივხვდი, ვინც იყო დედას ბიჭი. ის კაი ყმა აღმოჩნდა, რომელსაც სწორედ კაი ყმობის გამო ეპატიებოდა ღვინის დალევაც. მას მეტის უფლება ჰქონდა, ვიდრე სხვას. ისიც გავარკვიე, რომ ფერეიდანში ადრე ფეხით ჭყლეტდნენ და ”ხის ქვევრებში” ასხამდნენ ღვინოს (რომლებიც მიწაში არ ინახებოდა); ყურძნის ქართული ჯიშის სახელიც კი ჰქონიათ შენარჩუნებული – ფურისძუძუ.
      – ჩვენში ყურძენს შაქარი ბევრი აქვს, – ამიხსნა ფერეიდნელმა, – რადგან აქ მშრალი ჰავაა; ამიტომ აქაური ღვინო საქართველოს ღვინოებთან შედარებით ძლიერია. ღვინო რომ დაიწურებოდა, რაც დარჩებოდა, იმით ხდიდნენ არაყს, რომელსაც სვამდნენ ხაშთან ერთად.
      ირანში თურმე ხაში არ იციან; მსგავს კერძს აკეთებენ ცხვრის თავისაგან, რომელსაც კალეპოჩე ჰქვია; სამაგიეროდ, ფერეიდანში ამზადებენ ჩურჩხელას, ცდილობენ, ხაჭაპურის გაკეთებაც ისწავლონ. ისინი მიილტვიან ქართული ტრადიციებისაკენ, მათი დანერგვა უნდათ ფერეიდანში; ცდილობენ, შეინარჩუნონ ენა, მასწავლებლებს ქირაობენ შვილებისათვის და ქართულ წერა-კითხვას ასწავლიან; ანბანი რომ არ დაივიწყონ, სუფრებზე ქარგავენ და სპარსული ორნამენტებითა და ქართული ასოებით გაწყობილ სუფრას ქართულს ეძახიან; მაღაზიებს ქართულ წარწერებს უკეთებენ, მოტოციკლეტებზე პატარა ხალიჩები აქვთ გადაფენილი, ქართული ასოებით ამოქარგული: ”ჩემი სამშობლო – საქართველო”, ”ნახვამდის”, ”უშენობით არადროს”, მერე რა მოხდა, თუ ეს წარწერა ხანდახან შეცდომითაა შესრულებული. მთავარია, ის ქართულია და თანაც ისეთი აკრძალვების ქვეყანაში, როგორიც ირანია.




      – სახლში ხომ წამომყვები, ჩემს ცოლს მინდა ხაჭაპურის გაკეთება ასწავლო, – მთხოვს ფერეიდნელი; ქართველობამ ცოტა ხნის წინ გაცნობილი ახლობლებად გვაქცია. მე არ ვპირდები, რადგან უფლება არ მაქვს, დელეგაციას მოვშორდე. საუბრის დროს მოხვეული თავსაფარი შეუმჩნევლად მვარდება და ვისწორებ, ვიხსნი და ახლიდან ვიკეთებ.
      – არ გიხდება ჩადრი, თქვენ ევროპული ჩაცმა-დახურვა გშვენით, – მეუბნება...
      არ ვიცი, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში, რაზე მიმანიშნებდა ჩვენი ”მეთვალყურე”. დაწვრილებით აღარ მოვყვები ჩვენს საუბარს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ირანში, ფერეიდანში, შევხვდი ქართველს, კაცს, ცხოვრების მეთვალყურეს – მოყურიადესა და მოთვალთვალეს – რომელიც კარგად ხედავდა და ერთმანეთისგან განასხვავებდა ჩვენს კარგსა და ცუდს, რომელსაც გული შესტკიოდა ჩვენზე და, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული დროისა და სივრცისა, მაინც ქართველი იყო, ”წინწკა-წინწკა რომ დაგეჭრა” – მაინც.
      P.S. უკანა გზაზე გაწვიმდა, მერე გადაიღო, მზემ პირი დაიბანა და ვეებერთელა ცისარტყელა გამოისახა ფერეიდანის ნაცრისფერ ცაზე.
      – აქ ასეთი თქმულებაა, – მითხრა ჩემმა ფერეიდნელმა, – ცისარტყელას ქვეშ თუ გაძვრები, საქართველოს ნახავ!
      ამისი თქმა იყო და ახალგაზრდები მოტოციკლეტებით ცისარტყელასკენ დაიძრნენ, თითქოს შეჯიბრი იყო, თითქოს მოტოციკლეტებზე კი არა, ულაყებზე ისხდნენ და თავდაუზოგავად მიაჭენებდნენ ცისარტყელისკენ, მიაჭენებდნენ ოცნებისაკენ, რომელსაც კონკრეტული სახელი – საქართველო ერქვა.



ფოტო-გალერეა


შეგახსენებთ, რომ ეს ფოტოები წარმოადგენს ქალბატონ თამარ შარაბიძის კუთვნილებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მფლობელთან შეთანხმების გარეშე ფოტოების გამოყენება,
რედაქტირება და რეპროდუქცია აკრძალულია!