« ჩვენი ენა – ჩვენი ვინაობაა... »
კვირის პალიტრა. 15 (580) 10-16 აპრილი, 2006.

      «ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ!» – დააწერეს კედლის კალენდარზე ფერეიდნელმა ქართველებმა. ლამაზი ფრაზის გულისთვის არავის არაფერი უთქვამს, ეს მათი გულწრფელი განცდაა, რომელიც სამას წელზე მეტია უდიდეს სიწმინდესავით გადაეცემა თაობიდან თაობას...
      «ჩვენი ენა – ჩვენი ვინაობაა...», – ესეც მათ კალენდარზე წერია. მშობლიური მიწისგან ძალით მოგლეჯილი ქართველები უსათუთესად ეპყრობოდნენ თავის ვინაობას. მიუხედავად იმისა, რომ შორეულ წარსულში ტყვეების სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაზე არავინ იწუხებდა თავს, ისინი მაინც გადარჩნენ და გადაირჩინეს თავისი ვინაობა – დედის ენა, როგორც ისინი დედაენას უწოდებენ.
      ნუთუ დედის სხეულიდან ხმლითა და მახვილით მოგლეჯაა საჭირო, რომ ჩვენც დავინახოთ და ვიგრძნოთ: როცა უცხოური კალკით ვლაპარაკობთ, საკუთარ ვინაობას შეურაცხვყობთ; როცა ქართული აღარ ვიცით (და ეს ნამდვილად ასეა, გამართული ქართულით იშვიათად თუ მეტყველებს ვინმე!), ჩვენს თავს ვეღარ ვცნობთ.
      ეს ყველაფერი იქნებ მაშინ დაიწყო, როცა ჯერ სადავეში ჩაჟანგებულ სატევარს შევეგუეთ, მერე ძვალსა და რბილში გამჯდარ სიზარმაცეს მივნებდით... დინებამ სად გაგვრიყა, არავინ უწყის.
      ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა კი ჯერ ხომ იარაღით ბრძოლით იჯერეს გული, მერე ახალ ომში «წავიდნენ», დედის ენის გადასარჩენად...
      წერა-კითხვაზე თუ ხელი არ მიუწვდებოდათ, ზეპირსიტყვიერება ხომ ახსოვდათ. ღამით პაპის ზღაპრით იძინებდნენ, ყოველ ცისმარე დილით დედის ლოცვით... შინიდან გადიოდნენ და – ღმერთს ებარებოდეო! – დააწევდათ მშობელი. ასე «ღმერთს მიბარებულებმა» იარეს კიდეც და მეოცე საუკუნეს მოაღწიეს.
      - ჩვენ არ ვიცოდით, რომ ქართულსა დაწერილობა ჰქონდა, ამიტომ გული სწყდებოდათ ჩვენს უფროსებს, - მიამბო ფერეიდნელმა ლექსო დარჩიაშვილმა, - სომხებს თავისი ანბანი აქვთ, სპარსელებს – თავისი, ჩვენ რად არა გვაქვსო, ამბობდნენ. გადაწყვიტეს და მოიფიქრეს ასოები... იმას სწერდნენ. მამაჩემი ხეზე კვეთდა კიდეც... მერე პირველად ჩამოვიდა ირანში საქართველოდან ბიძა ნოდარი (აღმოსავლეთმცოდნე ნოდარ კოჭლაშვილი). იმან უთხრა: ასოები როგორ არა გვაქვსო და ასწავლა... დედის ენას სწავლობდნენ, ხელიდან ხელში გადადიოდა ქართული ასოები, ხელით იწერდნენ «დედაენას»... – ბავშვობიდან ვიცოდი, რო მე სხვანაირი ვიყავი, შინ შემოვიდოდი, ქართულად ვლაპარაკობდი, გარეთ გავიდოდი – სპარსულად.
      დავიწყე ანბანის წერა, «დედაენა» დავამთავრე. მამა მეტყოდა: დღეში ერთ ფურცელს თუ დაწერ, ბიძასთან წაგიყვან, აქ წაგიყვანო... მეც ვსწავლობდი, მიხაროდა. დედაჩემმა ხალიჩა მოქსოვა. ქართულად დააწერა: «ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია».
      - როგორ ახერხებდნენ თქვენი მშობლები ასე კარგად ესწავლებინათ თქვენთვის ქართული ენა?
      - წიგნები არ იყო, სკოლაში ქართული არ ისწავლებოდა. ეს მერე და მერე დაიწყო საკვირაო სკოლებში ქართულის სწავლება. ენას შინ გვასწავლიდნენ. მამა ამბობდა: გარეთ არ გაგიშვებთ, ჯერ დედის ენა უნდა ისწავლოთ, მერე გაგიშვებთო...
      ვახტანგ სეფიაშვილს ფერეიდანში ყველაზე ხშირად იმას უამბობდნენ მშობლები, როგორ დაარიგა ღმერთმა მიწები, როგორ დარჩნენ ქართველები მიწის გარეშე და მერე როგორ მისცა თავისი კუთვნილი მიწა ქართველებს.
      - ხომ არ გიჭირდათ ქართულის სწავლა? – ვეკითხები ვახტანგს.
      - გვიჭირდა რა... დედის ენა იყო და ვიცოდი... მიყვარდა «ნაცარქექიას» და «ჩიტიჭრელას» მოსმენა.
      ლექსო დარჩიაშვილი სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. როცა საშუალება მიეცა, ქართულ ანბანზე დაიწყო მუშაობა. ეს მისთვის ყველაზე სასიამოვნო შრომაა – ჩუქურთმაში ჩასვას, გაალამაზოს ანბანი.
      ბავშვობაში სჯეროდათ, ცისარტყელაში თუ გაივლიდნენ, საქართველოში მოვიდოდნენ. «მართლაც ასე იყო, რომ მოვდიოდით, ბაქოში ჩამოვფრინდით. მართლაც ცისარტყელა დავინახეთ... თითქოს გავიარეთ შიგ და მოვედით საქართველოში», - ამბობენ გულწრფელად და დიდი სიყვარულით.
      - ისინი ხელცარიელნი არ მოსულან. ჩამოიტანეს, შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი – დედის ენის სამასწლიან ქარტეხილებში გამოვლილი ძარღვიანი ფრაზები, ქართული ენის სიყვარული, რომელიც ყოველ მათგანს და ყოველ ჩვენგანს ჩვენს მშობლიურ ენასთან გვაიგივებს.
      14 აპრილი ქართული ენის დღეა, იმათი დღე, ვინც კარგად იცის, რომ ენის გადასარჩენად ბრძოლაა საჭირო, ვისაც არ ეზარება ამ ბრძოლაში ჩაბმა, ვინც ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოდის და ამაყად ამბობს: «ჩვენი ენა – ჩვენი ვინაობაა!»


ლელა ჯიყაშვილი