|
აქ ყოველ დეტალს ორმაგი გრავირებული ღარი დაჰყვება, რაც საერთო ფორმის სიბრტყობრივ გააზრებაში შეიძლება მივიჩნიოთ მხატვრულ დეკორად. მუზარადის კაუჭები, მოქლონები, ქამრის დეტალები მოოქროვილია, რასაც სამხედრო აღკაზმულობის მოლურჯო გრადაციაში გრაციოზული ელემენტები შეაქვს.
ლეგენდარული მხედართმთავრის ერთადერთი აბჯრის ორიგინალი, რომელიც 1590 წლით თარიღდება, ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის რელიქვიაა. ნიდერლანდების ისტორიულ ქრონიკებში გაბნეული ლეგენდებიდან ვიგებთ, რომ ნასაუს გრაფ მორიც ორანელმა საკუთარი აბჯარი სიცოცხლეშივე უსახსოვრა ავსტრიის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს. გავა თითქმის 400 წელი და ამ იკონოგრაფიული ექსპონატის ასლს ქართველი მესაჭურვლე გამოჭედავს, ამ პრეცენდენტს კი ევროპული პრესა ასე გამოეხმაურება: „ათი წლის მანძილზე მთელს ნიდერლანდებში არ გამოჩნდა პიროვნება, რომელიც პრინც მორიცის 1590 წლის დროინდელი საბრძოლო საჭურვლის ბადალს დაამზადებდა. ეს შესძლო ქართველმა გოჩა ლაღიძემ, რომელიც ბატონ იან პიტ პაიპეს თქმით, „ჭეშმარიტი პროფესიონალია. მისი ნამუშევარი ნამდვილი ხელოვნებაა. საოცარია ამ ხელოვანის შემოქმედებითი ძალის საიდუმლოება, ამოუწურავი შესაძლებლობანი, ინტუიცია, ისტორიის, ადამიანის ანატომიის ცოდნა.“
შუასაუკუნეების გმირის ამ რარიტეტს თავისი ბედი და ბიოგრაფია აქვს, რომელიც მართავს მისსავე მომავალს... თანამადროვეთაგან კი როგორც ორიგინალი, ასევე მის მიხედვით შექმნილი ნიმუში წარსულის თანაგანცდას აღძრავს. და მაინც, რა განასხვავებს ასლსა და ორიგინალს?
– განსხვავება ორიგინალსა და ასლს შორის ისაა, რომ ძველი შავი ფერისაა, ახალი, ანუ ჩემი ასლი – ლურჯი. – მეუბნება მესაჭურვლე გოჩა ლაღიძე, – მრავალი სინჯებისა და მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასლი მუქ ლურჯად მოელვარებულიყო... დელფტის მუზეუმმა მოითხოვა ორიგინალის ზუსტი კოპირება და ის უნდა ყოფილიყო ხარისხიანი. ოფიციალურ დონეზე გაფორმდა ოცგვერდიანი კონტრაქტი, თითქმის წლამდე გაგრძელდა ეს პროცესი, დეტალების შეთანხმება. პირობების შესრულებას მთელი სიზუსტით მოითხოვდნენ. პროექტი ითვალისწინებდა ოთხ დამოუკიდებელ ხელშეკრულებას. პირველი ხელშეკრულება ეხებოდა მუზარადის დამზადებას, მეორე – ყელის, მკერდისა და ზურგის აბჯრების, ხოლო დანარჩენი კი მხრების, მკლავების, ხელთათმანებისა და ფეხის საჭურვლის შექმნას.
– აქვე საინტერესოა, პრინც მორიც ორანელის ეს უნიკალური აბჯარი როგორ იკითხება ორიგინალში – იყო თუ არა ექსპონატი თავდაპირველად დაზიანებული, რესტავრაცია-კონსერვაციის ეტაპი თუ გაიარა, ან თუ აკლია მას რაიმე დეტალი?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორიგინალში საჭურველს ზურგის ნაწილი და მარჯვენა საბრძოლო ხელთათმანის საჩვენებელი თითი აქვს დაკარგული. ვინაიდან შეკვეთა ითვალისწინებდა ზუსტი ასლის გადაღებას, ეს დეტალები და ნაწილები ასლსაც უნდა ჰკლებოდა. ჯერ ფოტოებით ვიმუშავე და შემდეგ შევისწავლე ორიგინალი, ორასამდე ესკიზი გაკეთდა ფოტოსურათების საფუძველზე. წარმოიდგინეთ, მეთვალყურეების თანდასწრებით დაიშალა ორიგინალი – თეთრი ხელთათმანებით, ვიდეოკამერით ვსწავლობდი, ეს იკონოგრაფიული ექსპონატია და ათი დღე მოვუნდი, რომ ყველაფერი მილიმეტრებში გამეზომა.
– როგორ მიმდინარეობდა ექსპერტიზის პროცედურა? რა ინტენსივობით გადიოდა ასლი ტესტირებას?
– მოდიოდნენ ექპერტები, ამოწმებდნენ როგორ ვმუშაობდი, კონტრაქტით ასე იყო გათვალისწინებული, სამ დღეში მომდიოდა დასტური, რომ შემეძლო გაგრძელება. ეს დიდი მოვლენა იყო თვითონ ჰოლანდიელებისთვისაც, რადგან ორიგინალი თითქმის ოთხასი წლის მანძილზე, პირველად ათი წლის წინ ჩამოიტანეს ნიდერლანდებში ქალაქ დელფტის სამხედრო მუზეუმში და თურმე მაშინ დაიბადა იდეა შექმნილიყო საჭურვლის ასლი, რომელიც ჰოლანდიაში სამუდამოდ დარჩებოდა. იუნესკოდან ვენეციის სამხატვრო აკადემიის პროფესორი სამჯერ იყო ჩემთან სახელოსნოში, თავიდანვე ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვაკეთებდი. ცხრა თვე ვმუშაობდი და საბოლოოდ ამ საჭურველმა აღტაცებაში მოიყვანა ჰოლანდიელები. თბილისში პირველად ჩამოვიტანე ეს ექსპონატი, რეაქცია აქაც ჰოლანდიელების მსგავსია – გამოფენაზე ყველა დიდი ინტერესით აკვირდებოდა.
– როგორი სტანდარტებით არის დამზადებული პრინცის საჭურველი და რა ღირსებები გააჩნია მას?
– საერთოდ, ევროპელი რაინდები სხვადასხვა დანიშნულების საჭურველს ატარებდნენ: საზეიმო, საასპარეზო, საბრძოლო. პრინც მორიცის საჭურველს, თავისი დამზადების ხარისხით, სამეფო საჭურვლის ღირსება გააჩნია. იგი ზედმიწევნით გრაციოზული და ესთეტურია. როგორც აღვნიშნე ეს აბჯარი საბრძოლო დანიშნულებისაა, მუზარადი და მკერდის ნაწილი ტყვია გაუმტარი იყო. ოსტატის მიერ დამზადებული საჭურველი გადიოდა ტესტირებას მუშკეტის ტყვიის რამოდენიმე მეტრიდან სროლით. როგორც წესი, ნატყვიარი აღარ სწორდებოდა იმ მიზნით, რომ მას ხარისხის ნიშნის დანიშნულება ჰქონოდა. მორიცის საჭურველზე ანალოგიური ტესტირების ნიშნები აღინიშნებოდა. შესაბამისად, ასლში ე.წ. ხარისხის ნიშანი გათვალისწინებულია. მთელი საჭურველი შიგნიდან ტყავის ღვედებით უკავშირდება ერთმანეთს, რაც საშუალებას აძლევდა რაინდს ბრძოლის დროს მასში მოხერხებულად ეგრძნო თავი.
– ალბათ, ერთმანეთისგან არა მარტო დამუშავების ტექნიკით განსხვავდება ქართულ და ევროპულ სამხედრო აღკაზმულობაზე მუშაობა.
– განსხვავება ნამდვილად არის. ქართულ საჭურველზე ჩემი მუშაობა საქართველოს ისტორიით დაინტერესებამ და ეროვნულმა სიამაყემ განაპირობა. საქართველოში, ძირითადად, ჯაჭვის პერანგი იყო გავრცელებული. უბრალო ჯაჭვის პერანგის მოქსოვა ყველას შეუძლია საგანგებო სწავლისა და გამოცდილების გარეშე. ხარისხიან ევროპულ საჭურველს კი მარტო მონდომებით ვერ შექმნი, ეს არაადამიანური შრომაა. დასავლეთევროპული საჭურველი სხვადასხვა სტილის არის და აქვე უნდა იცოდე ადამიანის ანატომია, ესთეტიკა, ისტორია, დამზადების ტექნიკა, განვითარების ქრონოლოგია. მთავარი კი ლითონის ოსტატური დამუშავებაა. პირველი ევროპელი რაინდის აბჯრის გასაკეთებლად წელიწადნახევარი დამჭირდა. ფეოდალური ხანის საბრძოლო აღკაზმულობაზე შეგვიძლია მდიდარ ფრესკულ და არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ. საბრძოლო იარაღის განვითარებაზე სახელმწიფოების მესაჭურვლეობის ტრადიციებმაც იქონია ძლიერი გავლენა. მაგალითად, ბიზანტიის იმპერიის ზეობის ხანაში ქართველები მათ მსგავს საჭურველს ატარებდნენ. ჯაჭვის პერანგს ჯერ კიდევ, რომის იმპერიაში ხმარობდნენ. ვფიქრობ, ქართულ იარაღზე ევროპულმა კულტურამ მოახდინა ზეგავლენა, შუა საუკუნეებში კი მუსლიმანების აგრესიამაც თავისი კვალი დააჩნია. მაგალითად, XIII საუკუნიდან სწორი, ანუ შვეტი ქართული ხმალი ოდნავ იდრიკება, მაგრამ ის მაინც არ ემსგავსება მუსულმანურ კაუჭა ხმლებს. ჩვენ გვაქვს ხევსურული აბჯარი. საბრძოლო ხელოვნების ყველაზე სრულყოფილი და ჩამოყალიბებული ტრადიცია შემოგვინახა მთიელმა ხალხმა, განსაკუთრებით კი ხევსურებმა. მთიელთა საბრძოლო აღზრდის სისტემა ჩვენი ერის უნიკალურია. ფარეშიანი ჯაჭვის პერანგის ქსოვის ტექნიკა ერთ-ერთი უძველესი და ურთულესი ნიმუშია, ქსოვის ასეთი ტრადიცია საქართველოში მეხუთე საუკუნიდან არსებობს. ამგვარი ქსოვის ტექნიკით დამზადებულ ჯაჭვის პერანგი 56 000 პატარა რგოლისგან შედგება, თითო რგოლი დაკავშირებულია ოთხ რგოლთან, რგოლები ცივი ჭედვის ტექნიკით მზადდება და თითოეული რგოლი დამოქლონებულია (შეკრულია) პატარა ფარეშით. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოში, თითოეული ჯაჭვის რგოლზე ოსტატი საკუთარ ნიშანს ასვამდა , რაც ნამუშევრის ხარისხის მაჩვენებელი იყო. მთიელები იყვნენ ქვეყნის ფარი, დამცველი ძალა, ამიტომაც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ. შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ საქართველო, ისევე როგორც ინდოეთი, სახელგანთქმული იყო საუკეთესო ფოლადის წარმოებით. შესანიშნავი ოსტატები იყვნენ გიორგი, ყარამან და ეფრემ ელიზარაშვილები. ისინი საუკეთესო მესაჭურვლეებადაც ითვლებოდნენ. საქართველოს ოქროს ხანაში, XII საუკუნის იარაღი გამორჩეული იყო ესთეტიკურადაც და ხარისხითაც. ჩვენგან განსხვავებით, ამ პერიოდში დასავლეთ ევროპაში გაცილებით სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება იყო, ამიტომ უფრო მეტი მატერიალურ-კულტურული ფასეულობა შეიქმნა ამ დარგში. გადმოცემით, ვახტანგ გორგასლის მუზარადზე მგლის თავი იყო გამოსახული. ჩემი აზრით, თვითონ მუზარადი უნდა ყოფილიყო მგლის თავის მსგავსი. ეს მძლავრი ფსიქოლოგიური იარაღიც იქნებოდა. XII საუკუნემდელ ქართულ და ევროპულ იარაღებს შორის მცირე განსხვავება შეინიშნება. არის კიდევ ერთი სხვაობა – ქართველი რაინდი მსუბუქად იყო აღკაზმული, რაც სისხარტის საშუალებას აძლევდა, შუა საუკუნეებისა და გვიანდელ ევროპელ მეომარს კი მძიმე აბჯარი ეცვა.
– საერთოდ, წარსული ცხოვრების ეს საბრძოლო სამუზეუმო ექსპონატები თავისი არსით მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა არა მარტო სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიის ისტორიული არქივისათვის. ამ აღკაზმულობაში არის მხოლოდ იმ ეპოქისეული ნიუანსები, რაც ალბათ, ისტორიოგრაფებმა შეუძლებელია თავის დოკუმენტებში დააფიქსირონ.
– კარგ აბჯარში მფლობელის, სახელმწიფოს პრესტიჟი, იმიჯი, სიძლიერე და სიმდიდრე ჩანს. დიდოსტატი მესაჭურვლეები და მეიარაღეები XV-XVI საუკუნეებში იყვნენ, გოთიკა-რენესანსის ეპოქაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთში და მათზე ბევრად იყო დამოკიდებული სახელმწიფოს სიძლიერე და ომის ბედიც. საბრძოლო აღკაზმულობა – ხმლები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები კულტურული ფასეულობაა. როგორ გითხრათ, აი, ხევსურული საბრძოლო აღჭურვილობა, ეს არის ჩვენი იარაღი, რომელმაც ჩვენ გადაგვარჩინა. დაგვრჩა ისტორიული ნიმუშები, რომლის ნაწილიც გასულია საქართველოდან, მაგრამ, ეს ტრადიცია დღეს დაკარგულია, მას გამოყენებითი ფუნქცია აღარ აქვს. მე მხვდა წილად, პირველი ვყოფილიყავი ხევსურული ჯაჭვის პერანგის აღდგენაში. ეს ძალიან საჭიროა მომავალი თაობისთვის, რადგან ნახონ, მათ წინაპრებს როგორი ტანსაცმელი ეცვათ, როგორი იყო გამოხატული ერის მატერიალურ კულტურაში ხასიათი. იაპონელები დღეს იბრუნებენ თავიანთ იარაღს, რომელიც ომის დროს გაიზიდა მათი მუზეუმებიდან და იცით, რატომ? – ეს მათი შინაგანი მოთხოვნაა. ყველა ქვეყანას, ისევე როგორც ადამიანს, მატერიალური კულტურის შეფასების საკუთარი სისტემა აქვს და ასევე, ინდივიდუალურად განსაზღვრავს, რა უფრო სჭირდება.
– თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში გაბნეულ ქართულ საჭურველ-იარაღის უნიკალური ექსპონატების აქტიურ მოკვლევასა და დაფიქსირებაზე ზრუნავთ. რა რაოდენობის იკონოგრაფიული მასალები მოიძიეთ?
– რაოდენობაზე რა გითხრათ, მაგრამ შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ინფორმაციას, აშშ-ის ერთ-ერთ ანტიკვარულ მაღაზიაში ბრწყინვალე გორდა ხმლები იყიდება. ინფორმაცია გადმოვაგზავნე საქართველოში, რადგან იმ დროს მათი შესყიდვა და საქართველოში დაბრუნება თავად არ შემეძლო. 2004 წლის სექტემბერში შვეიცარიაში გავიცანი ბერლინის „ციტადელე სპანდაუს“ მუზეუმის დირექტორი, რომელიც დავაინტერესე XIII საუკუნის ქართული იარაღით. ის კონსტანტინე გამსახურდიას ბერლინის „ცოიგჰაუზში“ (ახლა გერმანიის ისტორიის მუზეუმი) უნახავს. მან სცადა მოეძია ეს ექსპონატები. მუზეუმიდან გვიპასუხეს, რომ XV საუკუნის ქართველი რაინდის საბრძოლო აღკაზმულობა XIX საუკუნის ბოლოს თურმე გადასცეს ბერლინის მსოფლიოს ხალხთა კულტურების მუზეუმს. ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ძიებას ახლაც ვაგრძელებ. მე ნიდერლანდებში 10 წელზე მეტია რაც ვცხოვრობ. ჰოლანდია ის ქვეყანაა და ჰოლანდიელები ის ხალხია, რომელმაც მე და ჩემი ოჯახი სიყვარულით მიგვიღო. მე მიყვარს იქ ყოფნა, თუმცა ორი სამშობლო არ არსებობს. „ჩვენებურების“ ამ გამოფენამ ჩემს სამშობლოში ჩამომიყვანა და ეს ჩამოსვლა ჩემთვის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანებმა ამ ექსპოზიციით გამოვხატეთ ჩვენი მოკრძალება კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 30 წლის იუბილესადმი.
|