ის გარემოება, რომ თბილისის სანახებიდან ერთ-ერთი უძველესი დასახლება დიდუბე იყო, ამ სახელის ეტიმოლოგიიდანაც ჩანს. თუ კონკრეტულად სად იყო ეს დასახლება, ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი „...ხოლო ტფილისის სამჰრ-აღმოსავლეთით არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა „ცხენის ტერფი“.
„მინდორი“ გასაგებია, ხოლო თუ რატომ ეწოდა „ცხენის ტერფი“, ამის შესახებ ვახუშტი არაფერს გვამცნობს. სამაგიეროდ, ისიც გვიდასტურებს, რომ დიდუბე უძველესი დროიდან არსებობდა. კიდევ ერთი ციტატა: „ოდეს ლტოლვილნი ნაბუქოდონოსორისაგან მოსულნი ჰურიანი დასხა აქ მცხეთელ მამასახლისმან და ყვნა მოხარკედ, კვლად გრდანი, მარტყოფი, ლილო, დიდუბე, სამგორი“ („ქართლის ცხოვრება“). ამგვარად, სწორედ „ჰურიათა დასხნის“ დროს მიაწერს აქ ჩამოთვლილ დასახლებებს, მათ შორის დიდუბეს, ვახუშტი ბატონიშვილი. და თუ როდის „დასხდნენ ჰურიანი“ ქართლში, ეს კარგადაა ცნობილი.
ქართლის გაქრისტიანებას ყოველივე წარმართულის განადგურება მოჰყვა. თუმცაღა, ქართულმა ლექსიკამ კერპთაყვანისმცემლობიდან ზოგიერთი სახელი შემოინახა.
არც ქართული განმარტებით ლექსიკონში და არც სულხან-საბა ორბელიანთან სიტყვა „დიდუბის“ განმარტება მოცემული არ არის, ხოლო ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში გამოყენებულია ვახუშტი ბატონიშვილის განმარტება: „დიდუბე – დიდი უბე“. სულხან-საბას მიხედვით: „უბე – სიღრმე, უბე ნავისა“. მაგრამ ეს ვერ ხსნის „დიდუბის“ ეტიმოლოგიას, რადგანაც მინდორს, თანაც დიდს, „უბეს“ არ დაარქმევდნენ. ამგვარად, ამ მონაცემებით აღნიშნულ სახელს ლოგიკურად ვერ ამოვხსნით.
ამოცანის ამოსახსნელად საინტერესო მასალას გვაწვდის „ქართლის ცხოვრების“ ერთი უცნობი ავტორი. მოვიტანთ ციტატას, რომელიც გამოყენებული აქვს ივანე ჯავახიშვილს თავის ნაშრომში – „ქართველი ერის ისტორია“: „ტფილისის მიდამოებში, „სანახებსა ტფილისისასა“ დასავლეთისაკენ XII ს. იყო „დიდოვბე“ და სწორედ „სრასა დიდოვბისასა“ გადახადეს დიდებულად თამარ მეფის ქორწილი. ამგვარად, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი სიტყვა „დიდოვბეს“ წერს.
როგორც ჩანს, ეს უძველესი ფორმაა „დიდუბისა“, რადგან მანამდე არც ერთ ავტორს „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული არა აქვს. აქედან გამომდინარე, ცფიქრობთ, „დიდუბის“ წარმომავლობა ასეთია: ქრისტიანობის გავრცელებამდე ე.წ. დიდოვბეს მინდორზე უნდა ყოფილიყო წარმართული სალოცავი, ღვთაება დიდოვბეს სახელით; სავარაუდოა, რომ ეს ღვთაება იყო მდედრი ნაყოფიერებისა და გამნრავლებისა და აი, რატომ მოგეხსენებათ, მეგრულმა დიალექტმა ქართველურ ენაზე „ფუძე ენის“ უამრავი უძველესი სიტყვა შემოინახა პირვანდელი სახით. „დიდოვ“ – „დედას“ ნიშნავს; რაც შეეხება „ბეს“ – ის უცხოენოვანი წარმოშობის უნდა იყოს. ცნობილია – ყველა დამპყრობელი ცდილობდა, დაპყრობილთათვის თავს მოეხვია საკუთარი რელიგია, ბუნებრივია, ასე იქცეოდა აქემენიდური ირანიც, რომელიც ჯერ კერპთაყვანისმცემლობას, ხოლო შემდგომ, კათაკმევლობას მისდევდა. იმ ხანებში ირანელთა ღმერთებს ეწოდებოდათ: „ბა“, „ბე“, „დაბო“. ბუნებრივია, თავს მოხვეულმა სარწმუნოებამ გარკვეული კვალი დატოვა, ამ შემთხვევაში – ტოპონიმის სახით. აღნიშნული ფუძე სხვა სიტყვებშიცაა შემორჩენილი: „ბაგინეთი“, „ბაღდადი“ (რაც ნიშნავს – „ღმერთის ბოძებული“), „ბაგა“ („გა“ ადგილს ნიშნავს). ამგვარად, „დიდოვბე“, „დიდობე“ – „დედის ღვთაებას ნიშნავს.
დიდუბის მინდორში, სადაც უძველეს დროს, წარმართული – დედის ღვთაების სამლოცველო უნდა ყოფილიყო, შემდგომ, ღვთისმშობლის ტაძარი აიგო. საბოლოოდ კი უბანს სახელად „დიდუბე“ შემორჩა. ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიას, ვფიქრობ, არსებობის უფლება აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, რომელიც გარკვეულ ისტორიულ ცნობებსა და არგუმენტებს ეყრდნობა.
|