გიორგი ელჩიბეგაშვილი – «ალალ-მართალი კაცის ამბები»



gio-elchi
      „გიო, გახსოვს, ადრე რომ მითხარი, თუ რამეს დაწერ, მომაწოდეო? არავითარი პრეტენზია არ მაქვს "მწერლობაზე", მაგრამ აგერ ძმაო, გიგზავნი ჩემს ჩანაწერებს და რაც მოგეწონება, ალალი იყვეს, ამოწერე და წააკითხე ჩვენს ფერეიდნელ ქართველებს. აბა, ყოჩაღად იყავი. გფარავდეს ღმერთი!“
      ასეთი წერილი მივიღე ჩემი ძველი მეგობრისაგან („შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 35), რომელსაც თან მისი პროზაული ჩანაწერები ახლდა. სიმართლე რომ გითხრათ ჩემს სეხნიას პირადად არ ვიცნობ (მხოლოდ ინტერნეტით), მაგრამ მისი იუმორის საოცარი გრძნობით გაჯერებული ამბები რომ წავიკითხე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ბავშვობიდანვე ერთად ვიზრდებოდით, ისე მშობლიურად და რევაზ ინანიშვილისეურად უწერია ყველაფერი. რადგან ეს პროზაული ჩანაწერები ფერეიდნელი ქართველებისთვის (და არა მარტო) არის გამიზნული, თავიდან რაღაც-რაღაცეების „შერბილება“ გადავწყვიტე, მაგრამ ნაწერს აშკარად თავისი „მარილი“ აკლდებოდა... ამიტომ მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებით გთავაზობთ:

– 1 –

      კაი ხნის ამბავია.
      ქორწილია უბანში, მოვგროვდით ახალგაზრდობა ერთად "კუთხეში" და "უბერამთ". ერთი მსმელი კაცი გვყავდა უბანში, ძალიან ბევრსა სვამდა რა. უბნელებსაც აუღიათ და "ღრუსების საპატივსაცემოდ", ამ კაცისთვის ზედმეტსახელად, "კიმა" დაურქმევიათ.
      შექეიფიანებული ვაართ უკვე. მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და მართლა, მაგრა დაგვლოცა ახალგაზრდობა. ბოლოს ერთი გვთხოვა: ცხოვრებაში, შაბაში არ მიმიცია "მუზიკანტებისთვის", იქნება სურვილი ამისრულოთო. მივეცით წითელი თუმნიანი (მაშინ ეგეთი ფულითა ვსარგებლობდით ყველა, თანაც, "ლენინის თავი" ეხატა, იმ ქაღალდის ბანკნოტს).
      წავიდა "კიმა" დამკვრელებისკენ. ვიღაცა, კასპელების "დასტა" ჰყამდათ ჩამოყვანილი დამკვრელებად. იმჟამად, "მოდაში" ყოფილან. მედოლე ჰყამდააააააათ? ჰაერში სცემდა დოლსა. გაისვრიდა მაღლა უკვე შემორტყმულსა, მერე ისევ ჰაერშივე იჭერდა, დაიდებდა ქვეშა და უბრაგუნებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. თითებზე, "ლეიკოპლასტელინის" ლენტები ჰქონდა გადახვეული, დარტყმებისაგან, რომ არ გახეთქვოდა თითები (ალბათ).
      გავიდა ათი წუთი და მუსიკა გაჩერდა. ხალხმა ჩოჩქოლი დაიწყო. ერთ-ერთი მუსიკოსი გაქრა. მედოლეს ეძებენ. ბოლოს, მაგიდის ქვეშ უგონო იპოვეს.
      ეხლა რა მოხდა. "კიმა" მისულა და განაპირას მჯდომი მედოლესთვის ყურში უთქვია, "დოლია ვარავსკაია" დაუკარიო და ესეც შაბაშიო, დაუფურთხებია ხელისგულზე გაშლილი თუმნიანისთვის და ჩვენს "დოლთან ერთად მოხტუნავე" მუსიკოსისთვის, ისე მიუწებებია ფული, კედლისთვის მიურტყმევინებია თავი და ის საცოდავი კიდევ, სკამიდან გადავარდნილა და მაგიდის ქვეშ შეგორებულა გონებადაკარგული.
      მეორე დღეს ვეკითხებით:
      – კიმა, რათა ჰქმენი ეგ საქმე?
      – ერთი მაგის დედაც, ეტყობა "თუმნიანი" არ ჰქონდა ნანახი და გული წაუვიდაო!


– 2 –

      მოგონებები არ მასვენებს, მეათე წელია მე "აქაური" სიზმარი არ მინახავს. "სიზმარა" არა ვარ, უბრალოდ, ბევრს ვფიქრობ და ალბათ იმიტომაც ვხედავ "იქაურობას", თითქმის ყოველ ღამე. ყოფილა შემთხვევა, გამღვიძებია და ნაბახუსევის შეგრძნება მაქვს. გამიხსენებია წინა დღე და წვეთი სასმელი არ მქონია დალეული. მერე "სიზმრების მინისტრთანაც" მიმიკითხავს და თურმე მთელი ღამე, ჩემს მონატრებულ მეგობრებთან ვყოფილვარ. გვიქეიფია, გვიმღერია, თურმე ცეკვაც შეგვძლებია, მერე გაგვიცილებია, შედარებით ძლიერ ნასვამები სახლებში და ბოლოს ორ დარჩენილ ძმას, ძმობის და ქვეყნის სიყვარულის სადღეგრძელო დაგვილევია.
      ამბობენ, ყველაფერს საზღვარი აქვსო. მონატრებას, არა ჰქონია.
      გავიხსენებ ერთ ლამაზ ეპიზოდს, ჩემი ცხოვრებიდან.
      90-იანი წლებია. აფხაზეთი, განადგურებული და დანგრეული ქართველებთან ერთად. ბევრი ხალხი მოაწყდა დედაქალაქს. აფხაზეთის ლტოლვილებს, სამეგრელოს სასაზღვრო რაიონებიდან დაემატა ბევრი ქართველი, რაჭიდან, სვანეთიდან, იმერეთის მაღალ-მთიანმა მოსახლეობამაც დინება დაიწყო თბილისისკენ. დაიცალა ტყვარჩელი, ჭიათურას გაუჭირდა ძალიან, ტყიბული გაჩერდა, ზესტაფონი უფუნქციოდ დარჩა, ქუთაისს, გაღიმებული ხალხი მოაკლდა, ვეღარ ოხუნჯობდნენ, საფიქრალმა მაქსიმუმს მიაღწია, ბოლოს, ბევრი ქუთაისელი ჩამოვიდა დედაქალაქში. ქვეყანა, გაწყდა წელში. სვანეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა, რაჭა-ლეჩხუმთან ერთად შიმშილობდა. სამცხე-ჯავახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, მთიულეთი, კახეთშიც უკვე ხალხმა დაიგმინა და გაჭირვებისაგან სახლების დატოვება დაიწყეს. მიატოვეს მამაპაპისეული და ქალაქს ჩამოვიდნენ. ქართლზე, ხომ აღარ ვიტყვი არაფერს.
      მოკლედ, "გაგვიჩალიჩეს" ძაან მაგრა. და იცით რატომ? მაგარი ჭკვიანები, რომ გვგონია ჩვენი თავები, იმიტომ.
      გადავალ, ცოტა, შედარებით გასართობ "ნოტაზე".
      "კოლორიტი" ყველა ქალაქს ყავს და თბილისშიც არ გველევა "ამ ნიჭით" დაჯილდოვებული ადამიანები. ბავშვობის მეგობარი მყავს, რამაზა ჰქვია (რამაზი-ს ვერასდროს დავუძახებ). ეგ "ბიჭი" მოწყენილი და დაღვრემილი, არასოდეს მინახავს. სუ იღრიჯება.
      დილაა, დაახლოებით 7 საათი იქნება. "გავრბივარ" მანქანით საქმეზე, ამ დროს რამაზას სახლის წინ ბირჟა უკვე მუშაობს. გამოსულა ეს ტარტაროზი და "ლექციებსა" კითხულობს. ეგ, როცა ბირჟაზე იდგა, სხვა ვერ ილაპარაკებდა (ნუ, სტილი ჰქონდა გამანადგურებელი) დამინახეს, ხელი ამიწიეს, მეც აუწიე ხელი, მაგრამ სხვა გზა არ "დამიტოვეს", ისეთი ფინთი სახეებით აპირებდნენ ჩემს იმ ქუჩაზე გავლას და გატარებას, გადავწყვიტე, გამეჩერებინა და "გადამეკოცნა" ყველა იქ მყოფი (ისე, ჩვენში დარჩეს და რა მაგარი "სირობაა", ეს "ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუში" ყოველდღე თანაც).
      ამას, რამაზას, "პარადი" მიყავს. "სასტავი" უსმენს? "სასტავზე" დეეცემიო, ენგრაე რა. ესა კიდე, მაღალი ბიჭია, მამალივითა დგაას შუაში და "უბერამს". ბირჟის დაუწერელი კანონია: უნდა დადგე და უნდა იდგე. "ჩავპროშნე" ზოგიერთები, რომლებსაც ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ტილები და "მანდალოჟკები" არ გადამედებოდა (მაშინ "კრუშკებით" იღებდნენ შხაპს ქართველების უმეტესობა), დანარჩენებს მივესალმე "ჯიგრულად" (სიტყვა – ჯიგრულად, თურმე მე სხვანაირად ვიცოდი მანამდე, სანამ გრეჩო დიდი არ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი და ჯიგრების ყაურმა კიდევ). მოკლედ, ხვდებით უკვე, რა სიტუაციაც არის.
      იქვე, რამაზას სახლის გვერდზე, მანამდე ქარხანა იყო. იქა, უამრავ ქართველ კომუნისტს შეუსრულებია გადაჭარბებით, ყოველთვიური გეგმა და თვიურიცა. რო გაჭირდა, აუღიათ და "პროფილაქტიკა" გაუკეთებიათ, თავის "ვულკანიზაციით" ამ "ვულკანიზაციის ბიუროში", ანუ მატარებლის ვაგონში, ერთი გაჭირვებული, ჭიათურიდან წამოსული ბიჭი ცხოვრობდა. სახელად, დათო ერქვა. იმდენად ალალი და მართალი იყო, იქ, გარშემო მცხოვრებმა და იმ "ბიუროს" ხშირმა კლიენტებმაც, შეიყვარეს ეს ალალ-მართალი კაცი. აბა, სადა ჰქონდა იმას პირსაბანი და სავარცხელი?
      რამაზას ყროყინზე გაეღვიძა და გამოვიდა "ბუტკიდან". მოხდა ისე, რომ "ორატორი" ნამეტნავად არის როლებში შეჭრილი და ვერ შეამჩნია, თუ როგორ ამოუდგა გვერდში, პირღია დათო. (რამაზას "დიალოგებზე" აფრენდა, რომ იტყვიან და შესაბამისად, პირი ეღებოდა ხოლმე თავისდაუნებურად).
      რამაზა უბერამს და ამოისუნთქა ერთი, გაიხედა "დაბლა" და დათო დაინახა. მართლა ვერ წარმოიდგენთ, რა თქვა:
      – რა იყო შე ჩემის თვრამეტიანო, ბალიში ხო არ აგიფეთქდაო?
      დათოს რომ შევხედე, ანუ მის ქოჩორს, დავრწმუნდი, რომ რამაზა "გიჟი" არ არის და ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავს. დათოს თავი, გამომეტყველება, თვალები და ქოჩორის იმჟამინდელი მდგომარეობა, რომ მახსენდება, ეხლაც ვხალისობ, მართლა ბალიშ-აფეთქებულსა გავდა. რამაზას რეპლიკას, ხარხარი და ისტერიული სიცილი მოჰყვა. მეც "ვიღრიჯებოდი". მომიტრიალდა და მე მეუბნება:
      – რა "ნაპორით" ყროყინებო?. ("ნაპორი" – რუსული სიტყვაა და ინგლისურად ნიშნავს jet stream-ს)
      P.S. თუ არ გაიცინებთ, ღიმილი, ხომ მაინც მოგერევათ? შეგარგოთ!


– 3 –

      ჩვენი იქ ჩასვლა და მთელი უბანი გამოცოცხლდებოდა ხოლმე.
      ჰე-ჰეეეეეე, მაგარი მოუსვენარი და მოურჯულებელი ვიყავი მაშინაც. აბა "კეტებით" ან "ბუცკეტებით" მევლო სოფელში. პაპა გიორგი, დაგვიმძღვანიებდა სარდაფისკენ და დაახლოებით სამი თვე, ჩვენი ფეხთსაბურველი მიეცემოდა დავიწყებას. ფეხშიშველებმა უნდა იაროთ, როგორაც ეს ბავშვები დადიანო. ბიჯო, ბიჯოოოოოოო, ვინ დაეძებდა ფეხსაცმელს, ოღონდაც ბაბოს გავპარვოდით.
      მოვლილი მაქვს, მთელი ქარელის რაიონის სოფლები, რომლებიც ახლო-მახლოში იმყოფებიან, ერთ ყველაზე ძლიერ და ულამაზეს, ქართლის შიგ, შუა გულის ცენტრში მყოფ სოფლის გარშემოოოოოოო (ძლივს არ ამოისუნთქეთ, ნეტა საიდან არისო, მაგრამ ხომ მაინც არა ვთქვი რომლიდანა და რომლი გარშემო).
      დატანჯული მყამდა მეზობლები. მაშინ "ლაგატკებს" ვეძახდით ხოლმე. სუ დალურჯებულები დადიოდნენ მეზობლები, ვინც დღე და ღამე ბაღებში მუშაობდა. ყველა მოძრავ წერტილს ვესროდი. თანაც, ძველი აკუმულატორისგან, იმ დაფშხალულ თუთიის ფირფიტებს ვიღებდი, მერე ვადნობდი და "განგსტერების" ტყვიებიც მზათა მქონდა. თან, თუ "გაზ-53-ის ბალთავოი რეზინაში" ჩამოასხავდი? წესით და რიგით, ნამუსიან მონადირეს, მიზნისთვის არ უნდა აგეცილებინა.
      ხო, დალურჯებულებზე ვყვებოდი.
      ერთხელაც, პაპაჩემის აშენებილ ქვის კედელზე ვწევარ, დაბლა არ "მიშვებდნენ", გაფუჭდებიო. სოფლის ბირჟის ადგილმდებარეობა გაგანდეთ ეხლა. "სეკას", კამათელს და თქვენ წარმოიდგინეთ, ნარდსაც და დომინოსაც, ფულზე თამაშობდნენ. მეც სხვა რა გზა მქონდა? ვიჯექი კედელზე და ვიბეჭდავდი მათ ნათქვამს და ქცევას. ეგენი კედელზე ამომსვლელები არ იყვნენ და თუ რამეს მესროდნენ, ისიც იცოდნენ, რაც დაუბრუნდებოდათ.
      სოფლის "ბირჟაზე", მეზობელმა ჩამოიარა (მე, თოხისა და ბარის გარეშე ეგ კაცი, ნანახი არა მყაამს). სუ ბაღში იყო და ხელიდან არ აგდებდა მაგ "ინსტრუმენტებსა". "ბირჟავიკებმა" გასძახეს:
      – ჟორა, მოდი ერთი სიტყვა გვითხარი, ამდენი შრომა ვის გაუგიაო.
      – რა უნდა გითხრათ, ოჯახი მენგრევა, ამ გოგიას შვილიშვილის გადამკიდეო.
      ამის გაგონებაზე, კატასავით ავიფხორე.
      – რათა ბიჯო, ჯერა ბავშვიაო.
      – ბავშვი კი არა, ჩემი წერა სანამ არ გახდება, არ მომეშვებაო, გავგუდამ კატასავითა და მიუგდებ ეზოზე პაპამისსო. (აი თურმე, რატომ "გამკრა" კატის ხსენებამ).
      – გვითხარი რა ხდება, რას გიშავებსო.
      – დღესა ციალაი (ცოლი), სამჯერ იყო ბაღში გადმოსული, ეჭვიანობს ეგ ჩემის თვრამეტიანიო.
      – რა აეჭვიანებსო?
      – რა აეჭვიანებს და ესაო, შემოიფხრიწა "საროჩკა" და ტანზე ჩალურჯებულები აჩვენა ხალხსა.
      – ვერაფრით ვერ უმტკიცებ, ესენი "ლაგატკის ტყვიებისგანა" მააქვსო, ის კიდე გაიძახის, "ეგენი" ქალის ნაჩქმეტებიაო.
      ამ ამბის მერე, იმი ბაღის გარშემო აღარ "მინადირია" ღობემძვრალებზე. მართლა ხომ არ მოვაკვლევინებდი თავსა.


– 4 –

      ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით.
      თბილისის ზემოთ, პატარ-პატარა სოფლებია მიმოფანტული, თბილისელები "დაჩებს" ვეძახდით, ჩვენც გვქონდა ერთი პატარა სახლუკა, დასახლებას კოჯრისხევი ჰქვია. მოწყობილი გვქონდა ყველაფრით, ავეჯით, ჭურჭლით, ფეჩით და თქვენ წარმოიდგინეთ საკერავი მანქანითაც. აი, ეს საკერავი მანქანა, რაში გამოგვადგა, ქვემოთ მოგახსენებთ.
      ზაფხულია, "იწვის" თბილისი, ავიყვანე ოჯახობა და ვაპირებ ჩემი შვებულებაც იქ გავატარო. (მეუღლე დისერტაციას წერდა და "შორს" ვერ წავედით, ბიბლიოთეკები კიდევ ახლოს იყო, სულ 25 კილომეტრი საჯარომდე).
      პირველი დილაა და 6 საათზე დენის ხერხის ღმუილი მაღვიძებს. გამოვედი, რაღა დამაძინებდა. მეზობელი მყავდა, პენსიაზე იყო გასული და ზამთარ-ზაფხულ, იქ ცხოვრობდა, ქალაქში პროდუქტებზე და "შეშაზე" თუ ჩამოვიდოდა. "შეშად", ძველ ფიცრებს ხმარობდა, "გრუზავიკი" ჰყავდა, ჩავიდოდა ქალაქში და სადაც გადაყრილ ლურსმნიან ფიცრებს ნახულობდა, ამოჰქონდა და "ერთობოდა". ის კი ხარობდა, მაგრამ გარშემო მყოფები რა დღეში ვიქნებოდით წარმოიდგინეთ.
      დაახლოებით ერთი საათი ხერხამდა, მერე დიდი ურო ჰქონდა და რკინის დიდ პლიტაზე, ამ ძველ ჟანგიანი ლურსმნების გასწორებას, კიდევ ერთი საათი უნდებოდა.
      ეგეც თქვენი მშვენიერი სისხამი დილა, აგარაკზე.
      მეზობლებს ყველას ვიცნობდი, პირველივე დღეს, შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ. კრება მშვიდი მომავლის იმედით დაიშალა. მხოლოდ ჩემზე იყო დიდი იმედი სამეზობლოსი, რამენაირად უნდა გადამეწყვიტა ძია ვასოს პრობლემა (ვასო ერქვა ჩვენ "მაზოხისტს") გადავედი და ვეუბნები:
      – ვასო ძია, ორი ვედრა ლურსმანი და ერთი კამაზი შეშა ჩემზე იყვეს, ოღონდაც თავს გაუფრთხილდი და რამე არ იტკინო ამ ლურსმნებზე და ხერხზე-თქო.
      – რა მჭირს შენი გასაფრთხილებელი, მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთოო.
      30 წელზე მეტი მილიციაში მუშაობდა, ბოლოს მილიციის უფროსადაც უმუშავია. აბა, მაგის გადაკიდება იქნებოდა? ტვინი კინაღამ დამეწვა ფიქრისგან. გადავწყვიტე, ხერხს მოვპარავ თავის ჩაქუჩიანადთქო, ვერ ამართლებდა ეს გეგმაც, პოლიციელი იყო და გაიგებდა, მეორე მთლად უარესი, ქურდობას ვერ ვახერხებ. შუა ღამისას, განათდა ტვინი. ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, ერთი ჩვეულება ჰქონდა. დილით სანამ თავის "მაზოხისტურ სეანსს" დაიწყებდა, გარეთ, თავისივე ხელით ჟანგიან-გასწორებულ ლურსმანზე, კეპკა ეკიდა, გამოსვლისას იხურავდა, შეცვლისას, ისევ კიდებდა ხოლმე იმ ლურსმანზე. მაინც გავრისკე და გადავძვერი მის ეზოში შუა ღამისას. გახსოვთ საკერავი მანქანა? ჰოდა, დაახლოებით 3 საათი, ამ ქუდის დაპატარავებას მოუნდით მე და ჩემი ცოლი. სულ რაღაც 2 ზომით შევავიწროვეთ.
      გამთენიისას, უკან დაუკიდე ლურსმანზე. ყველა მეზობელი გაფრთხილებული მყავს, უნდა გაუარონ ახლოს და უნდა შეეკითხონ:
      – ძია ვასო, დღეს რაღაც თქვენი ფერი არ მომწონს, რაღაც ცუდად გამოიყურებით, და ასე შემდეგ.
      თურმე დიდხანს უწვალია ქუდი, რომ დაეხურა.
      4 კაცმა რომ შეასრულა "დანაპირები", ჩემი ჯერიც მოვიდააა. გადავედი და ვეკითხები:
      – ვასო ძია, რაღაც დიდი მეჩვენება თქვენი თავი, ხომ კარგად გრძნობთ თავს-თქო?
      ე, ამასღა ელოდა, შევარდა სახლში და ნახევარ საათში ცოლთან ერთად გამოპრანჭულები გამოდიან.
      – საით გაგიწევიათ, თუ ქალაქში აპირებთ, მეც მივდივარ და გაგიყოლებთ-თქო (სადმე წამსვლელი ვიყავიიი?)
      – რა ვიცი, რაღაც კარგად ვერ არის ექიმთან მიმყავსო. ცოლი მპასუხობს.
      – თქვე დალოცვილებო, აქვე სამეზობლოში 4 ექიმი გვყავს და თბილისში რაღა გინდათ, ამათზე უკეთეს სპეციალისტებს სად ნახავთ-თქო.
      მოკლედ, ეს ექიმებიც ჩემს დღეში იყვნენ და იქვე ეზოში მოაწყვეს კონსილიუმი. დაუდგინეს ჩვენ ვასოს, თავის გადიდების მიზეზი, ხმაურია და ძილის უკმარისობაო. აუკრძალეს ყველანაირი ელექტრო-ხელსაწყოს ხმარება, მექანიკურების ჩათვლით.
      ბიჯოოოოოოო, მეორე დილა გათენდა და იგეთი წყნარი, რო მეტი არ შაილება. 10 საათისთვის, ვასო ძია გამოვიდა და ყვავილების მორწყვა დაიწყო. მთელი ერთი თვე, შლანგი არ გაუგდია ხელიდან. თვითონაც დაისვენა და ჩვენც.
      საკერავი მანქანა, აუცილებელია ყველას ჰქონდეს. რა იცი რა ხდება.


– 5 –

      მოდით, კიდევ ერთ ამბავს მოვყვები. სოფელში ერთი მეზობელი გვყანდა, "ტრიპაჩ-კაკოს" ეძახდნენ. დღე ისე არ გავიდოდა, ვიღაცას რო არ წაეგდო წიხლის ქვეშ და არ მიენაყა თავ-პირი, მაგარი ყია-მყრალი ენა ჰქონდა.
      ერთხელაც, ქუთაისში წაუღია ხახვი და კომბოსტო გასაყიდად. ფასს ფეხი არ მოუცვალა და შემოალპა ნახევარი. გამოპარვას აპირებდა, დაუჭერიათ და მოუთხოვიათ გადაყრისთვის ფული გადაეხადა. აბა, ეს რისი გადამხდელი იყო. აიღეს და მოსდეს.
      ზუგდიდი-თბილისის იკარუსს დამგზავრებია, ასვლისას, პირველივე რიგში მჯდომისთვის მიუმართავს: კოლეგავ, მიიწიეთ დამსვითო. ეს "კოლეგა", გამოწყობილია კოსტუმში, ჰალსტუხში და დიპლომატითაც აგვირგვინებს თავის "ინტელიგენტურობას". ეს კიდე, ამოთუთხნულია ტელეგრეიკაში და ვალინკებში, გაბურძგნული, გასაპარსი და აქოთებული, დამპალი ხახვის და კომბოსტოს სუნით. (ვისაც სოფელთან კავშირი გქონიათ, დამეთანხმებით, მაგ ბოსტნეულზე ძალიან არცერთი და არაფერი არ ყარს დედამიწაზე, მაგათზე უარესად).
      ხაშურამდე, ეს გალსტუხიანი ვერ ისვენებდა თურმე, ბოლოს სადგურთან გაჩერებულა "იკარუსი" და ამის "მოთმინების ფიალაც" გადმოსულააა. ეკითხება: "კოლეგავ", კი მაგრამ, რა პროფესიისა ბრძანდებითო?
      ამანაც, ამი შემხედვარეს უპასუხა: ტრაკს ვაძლევო.
      დედაააააა, იქ ამბავი ატეხილაააა.
      გადმოუთრევია ავტობუსიდან (თანაც კაი დიდი მოზრდილი ყოფილა ეს ჩვენი "ინტელიგენტი") გადააჯდა ზემოდან და უბრაგუნებს თავ-პირში.
      საიდან ვიცი ეს ყველაფერი? ჩვენი სოფლელი ყოფილა იმ ავტოსადგურზე მაშინ. ხელები რომ დაღლია ჰალსტუხიანს, "ტრიპაჩ-კაკოს"დრო უხელთია და ქვემოდან დაუძახია:
      – ამაგლიჯეთ, ხო არ უნდა მოვკლაო.
      ჩვენ სოფლელს დაუძახია: – კიდე სცემე კაკო, ღირსია მე მაგი დედა ვატირეო.


– 6 –

      როგორც იქნა, დაგვადგა საშველი და აქაც დათბა. გუშინ, უკვე ცხელოდა. ამინდების გაუმჯობესება და ჩემი სახლში ყოფნის ალბათობა, "ძლიერ და ინტენსიურ" კონტაქტშია ერთმანეთთან. ისედაც, ერთ ადგილზე ვერა ვჩერდები და თუ გარეთ დარია? მეძებონ მერე, ოჯახის წევრებმა. მიყვარს "გარეთ ხეტიალი". შარშან და მანამდეც, ნადირობის ლიცენზიაც მქონდა. ვესროდი ყველაფერს მოძრავს, ირმის გარდა. ეგეც ამიკრძალეს. მეუღლემ და "დედიკო"-მ:
      – ცოცხალი არსების მოკვდინება, ცოდვააო.
      თითქოს, მე ურჯულო ვიყვე. ნადირობით, ხომ ირჩენდნენ თავს ჩვენი წინაპრები მეთქი? ეგენი კიდე მპასუხობენ:
      – მაშინ სხვა საკვები არა ჰქონდათო.
      მოკლედ, ვეღარ ვისვრი. არადა, „გრინ კარტის“ მიღება, უფრო იმიტომ გამიხარდა, რომ იარაღის ყიდვა შევძელი. ენგრევე გადმოვიტანე "მონკავშირი" ჩემს სახლში (6 წელი ფულს ვაგროვებდი, როდის დამიდგებოდა ეს ნანინანატრი დღე). "ნაირნაირები" შევიძინე. მიხვდით უკვე, ვისთანაცა გააქვთ საქმეი.
      გუშინ, მდინარეზე ჩავედი სათევზაოდ. ტელეფონი სახლში დავტოვე. როცა გავდივარ, მინდა, რომ მართლა დავისვენო. ეჰ, ეხლა კი ვნანობ. საღამოს 6 საათი იქნებოდა. საიდანღაც, 10 ინდოელი გამოიჩხრიკა ნაპირზე (არ შეგეშალოთ: ინდოელი-ინდოეთი, გმადლობთ).
      მაგარი მიუდგომელი ადგილია. მე კიდევ, ვდგევარ ჩემთვის, ერთდროულად ვისვენებ და ვერთობი. გავიხედოთ და სუფრა გაშალეს მდინარის პირას. ამოალაგეს სასმელ-საჭმელი და ივახშმეს "მუზიკანტების" გარეშე.
      როგორც იქნა დაამთავრეს და მერე "ადგილიც მოუძებნეს" ნარჩენებს. ჰაიდა მდინარეში ყველაფერი. პირი ღია დამრჩა. მეთქი წავლენ და ამით მორჩება ამათი პურისჭამათქო. თითიც არ გეტკინოთ. ორნი გააგზავნეს და იმათ კიდევ რაღაც "შეხვეულები" მოიტანეს. ვიფიქრე: დალევით არ დალიეს, ასიანი მოწევენთქო. აქაც შევცდი. ყველაზე ახალგაზრდულად, რომელიც გამოიყურებოდა, გაიხადა ტანსაცმელი და მდინარეში შევიდა. იქნებოდა დაახლოებით, 30-35 წლისა. დანარჩენი ცხრაც მიყვა რამოდენიმე წუთში.
      ჯერ იწუწავეს, წყალს ასხავდნენ ერთმანეთს, თან იღრიჯებოდნენ (იცინოდნენ), ანუ უხაროდათ ძლიერ. მერე საპონი "დააძრეს" და ტანის დაბანა დაიწყეს შუა, თავთხელ მდინარეში. რო გაიღვრიჭნენ, მერე "შამპუნით" თავები დაიბანეს (ორჯერ). ჩვეულებრივად, ამოვიდნენ წყლიდან, შეიმშრალეს, ჩაიცვეს, ჩასხდნენ იმაში, რითაც მოვიდნენ და წავიდნენ.
      დამიტოვეს, დარდი და საფიქრალი. ეხლა, დარდი რატომ? იმიტომ რომ ტელეფონი სახლში დავტოვე და ეს ყველაფერი ვერ გადავიღე. საფიქრალი? მართლა "ენგრეთი ქათმები" არიან, თუ რამე რიტუალი ჩაატარეს, რომლის შესახებაც, მე არ ვიცი?


– 7 –

      ჩემო ქართველებო! ვინც შემოიხედავთ ამ ქვეთავში და თქვენს აზრს გამოთქვამთ, მადლობას გეტყვით. თავიდანვე მოგახსენეთ, არ ვარ მე "ის კაცი". ტექნიკური განათლება მაქვს მიღებული, რომელიც მართლა შევისწავლე და ეხლაც, მისი "დახმარებით" გამაქვს თავი და ოჯახს ვარჩენ.
      სკოლა ისე დავამთავრე, "საკონტროლო წერა" როცა გვქონდა, ჩემით არცერთი არ დამიწერია, ყველა გადაწერილი მაქვს, "შპარგალკებიდან". საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი მასწავლიდა ქართულ ენას და ლიტერატურას, ძალიან მკაცრი ქალბატონი იყო. მამაჩემიც მისი მოსწავლე იყო ჩემამდე. რომ გითხრათ უყვარდი და თვალს ხუჭავდა, როცა ვიწერდი, არ იქნება მართალი. უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ და სხვაზე მეტს მთხოვდა. ვერ ვსწავლობდი ლექსებს. მაგარი ზარმაცი ვიყავი (ეხლაც ვარ).
      მახსოვს, ნიკოლოზ ბარათაშვილის და გრიგოლ ორბელიანის ლექსები და პოემები იყო მიბმული სასწავლო პროგრამაში, ის კიდევ ყოველდღე მიძახებდა და "გამტენა" ორებით. თხზულებებში ძლიერი ვიყავი, არ არსებობდა ჩემთვის წაუკითხავი წიგნი, მაგრამ ეს "პოეზია" დამღუპველად მოქმედებდა, ჩემს ნიშნებზე. როგორც იქნა დავამთავრე სკოლა. ქართულში, ოთხიანი გამომყვა, რაზედაც ეხლაც ვნანობ. დანარჩენი საგნები ფრიადზე ჩავაბარე, ფიზიკის გარდა. ფიზიკაში, სამიანი დამიწერა "ძალად დაპატარავებულმა" (მომცრო იყო ტანითაც და ჭკუითაც). იმაზე მეტი ვიცოდი და იმიტომ. მათემატიკაში გურამი ჩაჩანიძე მამზადებდა, მერე აკადემიკოსი გახდა, ფიზიკას კიდევ – გოგი დოლაბერიძე (ქართული "ატმორის" გამომგონებელი). მისაღებზე, იმავე წელს, ნახევარ საათში გამოვდიოდი გამოცდებიდან, ფრიადზე ჩავაბარე ყველა გამოცდა (რათქმა უნდა, ქართულის გამოცდაზე გადავიწერე).
      მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ ხალისობთ და ერთობით, ჩემი მოგონებების წაკითხვით, მივცემ ჩემს თავს უფლებას და კიდევ მოგაწვდით "ჩემს თავგადასავლებს".
      P.S. და ყველაზე მთავარი ჩემთვის, ვფიქრობ თქვენთვისაც. ქართულად ვწერ, ეს ჩემს "პირობებში", ძალიან ბევრს ნიშნავს.


– 8 –

      ეგენიი? უძლიერესი პატრიოტები და თავდადებულნი. ენგრე მოგვდგამს იმ თავიდანა. მოდი მოვყვები, მაგი ყვავილებიც გახმეს აჰააააააა.
      მაშინა, 16 წლისა ვიყავ. დიდ პაპას ვესტუმრე ხაშურში. მეტრა-ნახევარი თოვლი იდო ქუჩებში. (ჩემი პაპის ბიძაშვილია, მაგრამა ძმებად დაიზარდნენ და ჩვენც, "დანარჩენები", და-ძმებად დაგვზარდეს, იმ მამაცხონებულებმა). ბებომ, ბუხართან, ტაბლაზე, სუფრა გაგვიწყო. მე და შიო ვიყავით "უფროსები" სანათესაოში. პაპა, შორიახლოს დაჯდა. მიგვიშვეს "ნებაზე". არ დაგვაკლეს არაფერი. "შეგვიკეთეს" ბოლომდე.
      დაჯდნენ უფროსები და ჩვენს ლაპარაკს უსმენენ. გოგოებიც შესახედები გვყაავს. ცეკვაც იციან, სიმღერაც და ლექსიც. მე და შიო "შევეჭიდეთ" ერთმანეთს, თანაც ტოლები ვართ თითქმის და ერთმანეთს კიდევ ტოლს არ უდებთ, "ბაქი-ბუქშიიიიიიიიიიიიიიი" სხვათაშორის, ჩემმა ძამიკომ, შიომ, ზეპირად იცის "ვეფხისტყაოსანი".
      ე, გოგოები "ტლინკაობენ", ჩვენა კიდე, ჯიქებივით ვაწვებით და ვჯიჯღინებთ.
      პაპამ მოითხოვა, დაწყნარდით და მოისმინეთო:
      – ერთი ფრინველია, რომელიც მხოლოდ ძვლის ტვინსა სჭამსო.
      ეგრევე მივაძახეთ ყველამ: – ვიცით, ვიცითო.
      – დაიცათ თქვე მამაძაღლებო, დამამთავრებინეთო. ძვლიდან ტვინს როგორ იღებსო, ის იცითო? (მაშინ, ეგ "არცერთმა", არ ვიცოდით).
      – ჯერა, აიღებს და უკან მიიზომავს, გაეტევა თუ არაო და მერე ყლაპავსო.
      – დაიმახსოვრეთ, რასაც ვერ შესძლებთ, ნუ დაკარგავთ დროსო. – ბევრჯერ გაზომეთ და მერე გაჭერითო. – თურმე, სიცოცხლე, წამებითაც იზომებაო.
      მახსომს "იქიდანა" ყველაფერი...


– 9 –

      ნახეთ და განსაჯეთ!
      მონატრება-მოწყენილობისაგან, შემოდგომა-ზამთრის გადამღლელი და გრძელი ღამეების "გადამკიდე", ვზივარ ხანდახან და "ვჩორკნი" ასეთ რამეებს. ვისაც ასეთი "მისწრაფება" გაგაჩნიათ, გთხოვთ გამომეხმაუროთ. ამათზე უფრო "მაგარი რამეები" მაქვს გაკეთებული.
      რასაც ხედავთ, ყველაფერი ხით არის შესრულებული. შანდალს, რაც შეეხება, სანთელიც ჩემი ჩამოსხმულია. არავითარი ლურსმანი, ჭანჭიკი და რკინის "ელემენტი" არ დევს არცერთში. ნატურალურად მაქვს აწყობილი და თუ შანდალს დააკვირდებით, "რაღაც ძალიან დიდი სიმბოლო" მაქვს ჩადებული. (ურემზე, ვერავინ შეეცილება ჩემს ოჯახს საქართველოში, ეგ, იმათ უნდა გაუგზავნო. ისე, იცოდეთ დაახლოებით ორი თვე მოუნდი მაგის დამთავრებას).
      ეგეც შენი გიორგი, მარტო ჩიტირეკია კი არა ვარ? და კიდე ისა "ბრაკონიერი".


 

      რა მინდოდა და რა გავაკეთე? ჩვენი, დღევანდელი, სამშობლოს მდგომარეობა გამოვხატე ჩემი "მოკლე ჭკუით", ორად გაყოფილი საქართველო დაგიდეთ წინ. ფუძე, რომ ერთი აქვთ და და მაინც ვერ "გადაძალეს" ერთმანეთი, არ "მივეცი საშუალება" რომელიმე მხარეს, ან პატარა, ან დიდი ყოფილიყო, ორივე ბურჯი, თითქმის იდენტურია და ორივე, ცენტრის აქეთ-იქით, ზუსტად არიან დაშორებულები. არცერთი არ მემეტება "დასაწვავად"... რაღაც ნაწილი ხომ დავაკელი სანთელს და ხეს? (ხე, მუხისგან მაქვს გაკეთებული)... ძაფი არ ჩავდე სანთელში, სანთლის ძაფი, რომელიც იწვის და სანთელს ადნობს, მერე ხესაც გადაედებოდა ცეცხლი და დასწვავდა ყველაფერს.
      "ორად გაყოფილი" ჩვენი სამშობლო, ჩემი "ნაჯახირალი". "კოშკებზე" საქართველოს დროშებს მივამსგავსე წინა მხარეები. არ მქონდა "საშუალება", რომ მეჩვენებინა, ორივე კოშკი ზის ათ მონაქარგზე, რომელშიც "ათი მცნება" მაქვს ნაგულისხმები. ფუძის შუაში, რვაქიმიანი ვარსკვლავით გამოვსახე, თანაბარზომიერება. ვიცი, რომ მზე ცხრათვალაა და ბორჯღალიც 9 ქიმიანია, მაგრამ თანაბრად გადაუნაწილე "ორივე მხარეს". კიდევ მაქვს, "რაღაც-რაღაცეები" ჩატანებული მანდ, მაგრამ მერე იყვეს.


– 10 –

      ვუძღვნი, ჩემს მეგობარს, თბილისის "კოლორიტს", რევაზ სოხაძეს.
      მინდა, ცოტა ჩემი პირადი ცხოვრებიდან და ჩემი მეგობრების შესახებაც მოგითხროთ.
      თბილისი, აგვისტო, 199... სისხამი დილაა. გახვეტილია თბილისში მცხოვრები, ქალის და ბავშვის 90%. "უპატრონო"-ები ვართ ჩარჩენილები. ადრე ადგომა ვერ მოვიშალე, ტოროლასავით ვარ. ინათებს და გარეთ ვარ. გადმოვდექი აივანზე და ვაბოლებ. რევაზა კიდე გადის და გამოდის ქუჩაზე. ნევროზი გჭიირსო, უბნელებმა დაუდგინეს და ამანაც, მე წამალს არ დავლევ, ჩემით უშველი თავსაო. დამინახა და მომესალმა:
      – მაიმუნ, დღეს როგორა ხარ?
      – ჯერჯერობით ვხედავ და მესმის.
      – რასა ხედავ და რა გესმის?
      – ვხედავ იმას, როგორ დადის ბებერი მაიმუნი და თან უშნო შეკითხვებს აძლევს პახმელიაზე მყოფ ახალგაზრდას (ასაკში განსხვავება 16 წელია).
      – მოდი მამეშვი.
      – ამო რეზოჯან, დაგაწყნარო არ გინდა? ნარდი მზათა მაქ.
      – მიდი გაიარე.
      – ვინც დადის ვხედავ. ამო, ჩაგიტარო დილის სეანსები.
      ამოდის. ცივი ლუდი დაურთე საქმეს და სადღაც ერთ საათში, რევაზა 0:6-ს აგეებს (გრძელ ნარდს ვთამაშობდით ხოლმე). ამოჰკრა წიხლი ნარდს და დაეშვა კიბეებზე. თან ილანძღება. ამ დროს კობა გამოდის მოპირდაპირე ეზოდან, დაგვინახა და შეგვამკო:
      – დახოცეთ არა ერთმანეთი, ამ დილაადრიან?
      რევაზა ამბობს:
      – კაცი დავბერდი ტო და ეს "ბაღლინჯო" ვერ შევისწავლე ბოლომდე, ესა მკლავს, ეს მაიმუნების მედოლე ესა.
      – ჰაა ეხლა, შენ თამაში არ იცოდე და ყისმათი არა გწყალობდეს, მე ნუ მაბრალი.
      – ამოდით ორივენი, საქმე მააქვს, მჭირდებით.
      – ეხლა რო გკლავდნენ, ჩემდა თავად ახლო მომსვლელის შავიგინო? – რევაზა აგრძელებს აგრესიას ჩემს მიმართ.
      კობა არიგებს:
      – კაი ეხლა, ნუ წაიღე ტვინი, ყოველდღე აგებ მაგასთან, მაგრამ მოგებული მაინცა რჩები.
      – რითი როო?
      – ავიდეთ და ვნახოთ, რა საქმე აქვს.
      გვეშველა და ავედით.
      – თქვიი, რისთვის გვეძახდი?
      – დღესა, ჩემი შვილის დაბადების დღეა და ვერ გავდივარ ქალაქიდან, შორს არიან (რაჭაში იყვნენ, შოვში).
      – მერე რა ლუდი და ნარდი მატაკე ამ დილას, ცივი შამპანური დაგესხა შე მართლა მაიმუნო.
      – კაი ჰო, დაივიწყე.
      – ეხლა სახლში არაფერი მაქვს, წამო სარდაფში ჩავიდეთ, დედაჩემს ადამიანის გარდა ყველაფერი დაკონსერვებული აქვს, ავარჩიოთ, გავხსნათ და შაუბეროთ, ორი 5-ლიტრიანი მაქვს მაცივარში, ნაფარეულია 12 წლისა, ყველი არის, პურს, აგერ რაჭველებმა რო გახსნეს თონე, იქიდან ამოვიტანთ (6 საათზე იწყებდნენ მუშაობას). მოკლედ, მაგარი "პურმარილი დავყარეთ".
      დაახლოებით დილის 9 საათი ხდება და "ზოგიერთები", უკვე "ელამი კრუხებივით" იყურებიან.
      კობა კითხულობს:
      – გიო, თავიდან ხო თქვი და ჩვენც ამდენი სადღეგრძელო დავლიეთ შენი ბავშვისა, ეხლა გვითხარი, მართლა იმის დაბადების დღეა, თუ კურდღლისაო?
      – მაგას რატომ კითხულობ, რაში შეგეპარა ეჭვი? ვეკითხები.
      – სუფრას გადახედე, სულ ბოსტნეულიაო (ბადრიჯანი 5-ნაირი, სტაფილო, პომიდორი 3-ნაირი, ჯონჯოლი, მჟავე კიტრი, კოფჩხილო, კომბოსტოს მწნილები, რა ვიცი, თუ რამე დასაკონსერვებელი ხარობდა, ყველაფერი ჰქონდა, ხომ გითხარით თავიდანაც).
      ეს იყო და რევაზამაც მხარი აუბაააააა. დაიწყეს "ყროყინი". მე კიდე, ბევრი ახსნა-განმარტებისთვის დრო არ დავხარჯე და ოთახში შევედი, საიდანაც გამოვიტანე F-1 ხელის ყუმბარა, ანუ ლიმონკა, რომელიც ფეთქდება 25 წამში, მოვხსენი რგოლი და სულ რაღაც ორი სიტყვით აუხსენი "სიტუაცია", ანუ სასწრაფო ევაკუირება როგორ უნდა გაეკეთებინათ ჩემი აივნიდან.
      გაცვივდნენ ქუჩაში და მორთეს "ღრიალი": – დახოცვას გვიპირებდაო. გამოიშალა "ქვეყანა" ხალხი და ბოლოს, იძულებული გავხდი წავსულიყავი ბაზარში და ჩემს სანატრელ და საყვარელ მეზობლებთან ერთად, გაგვეშალა უკვე დიდი სუფრა და დაგველოცა პატარა სალომე.


– 11 –

      მაგარი "შარიანი ბიზნესი" მქონდა საქართველოში. ფუტკარივით მეხვეოდა ყველა "პარაზიტი". ვერ გავაძღე მაგათი მუცლები და იმიტომაც ვარ "აქ", უცხოეთში. მოკლედ, "ცეხავიკი" ვიყავი. ვაკეთებდი ოთხნაირ ღვინოს, ორი სახეობის "შამპანურს" და არაყს. საღამოსთვის, სახლში წამოსასვლელად, გამოვიძღვანიებდი ხოლმე ათიანს უბნელებისთვის. არც ფული მიჭირდა და არც შრომა მეზარებოდა. მთელი დღე "დაკა-დაკაში" ვიყავი. საღამოს, უბანში შემოსულს, ხალხი მელოდებოდა. ზაფხულში ხომ, ჩვენ პატრონი არა გვყავდა. თუ ვინმეს მეუღლე შემორჩებოდა ოჯახში, ის იყო ჩვენი დიასახლისიც.
      იცით ალბათ, საშინელებაა აგვისტოში თბილისში ყოფნა და მითუმეტეს ძილი. დუღს კედლები და ჭერი, ფანჯრებიდან კიდევ, ცხელი დუღი და ხანდახან ცხელი ნიავიც თუ წამოუბერავს, ნამეტანი გაჭირვების პროცესი უდგება ძილისთვის თავგანწირულ ადამიანს. სხვა გზას არ გვიტოვებს დედა-ბუნება, "ჰაიდა გარეთ" დავარქვი მაგ სიტუაციას. კაი, ქალები წასულები არიან, მაგრამ კაცებს ხომ გვინდა "რჩენა"?
      დაახლოებით, საღამოს ათი საათისთვის, ვაგროვებდით სურსათ-სანოვაგეს (რა აღარ გამოჰქონდათ, ოღონდაც "საყოველთაო კრებას" არ დაჰკლებოდნენ). უცებ გროვდებოდა "სასტავი". კარქი ჰო, გავედით "ბანდა" მონტინის (ქუჩაა ასეთი) ბოლოში, ერთი კლიენტი მყავდა, ვაბარებდი ხოლმე "დასპირტულ ნაზავებს", თენგიზა ერქვა იმ კაცსა, ეროვნებით სომეხი იყო. ჩემდა გასაკვირად, კაი კაცი იყო. მონტინის ბოლოს, გზა მკვეთრად უხვევს ზემოთ, ეს გზა კი "ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლთა სამოქმედო ბანაკისაკენ მიემართებოდა". (ტუბ-დისპანსერი ერქვა ადრე).
      ამ "სამეცნიერო-კვლევით" ცენტრს რომ ასცდები, გამოდის, რომ თბილისის ზღვისკენ ადიხარ. ასასვლელიდან დათვლილი გვქონდა ხეების რაოდენობა, რომლებიც გზის მარჯვენა მხარეს იმყოფებოდნენ. 37-ხესთან, ისეც ხერხდებოდა, მანქანებითაც შეგვეძლო შესვლა, ცოტა "ღრმად". მერე, კაი მოშიშვლებული ადგილი იყო, დაახლოებით 30 გადარეულისათვის, რომ ემღერათ, ეცეკვათ და თავპირიც დაემშვენებინათ იმისთვის, ვინც "უშნოთ" მოიქცეოდა. "ღეოღრაფიაში" და ადგილმდებარეობაში ხომ გაგარკვიეთ?
      ავდივართ.
      არა მაქვს ცივი შამპანური (როგორც ყოველთვის).
      ვადგები თენგიზას.
      – თენგო ჯიგარო, დღეს უნდა მიშველო, ხვალ ჩემზე იყვეს.
      – ათი ბოთლი გაყინული "შამპანი" მჭირდება, ხვალ დილაადრიან, ოცს მოგიტანენ.
      და ასეთი "დიალოგი", თითმის ყოველ საღამოს გვქონდა. ერთხელაც ვერ მომითმინა და მეკითხება:
      – გიორგიჯან, შენა კაცო, მაცივარი გააქ სახლშიო?
      "დაშვებულ შეცდომას" ვასწორებდი მეორე დღის გათენებისთანავე. 37-ესთან ასულები, მოვიწესრიგებდით სუფრას და უამრავ სადღეგრძელოს ვსვავდით ჩვენი ქვეყნისას, ქალებისას, კაცებისას, მკვდრებისას, ახალ დაბადებულებისას, მომავლისას და კიდევ მერამდენედ უმტკიცებდით ერთმანეთს ერთგულებას და ძმობას. ბევრ სადღეგრძელოს, ჩვენს თბილისს ვწირავდით. გადავცქეროდით ზემოდან და მისი სილამაზით ვტკბებოდით.
      P.S. ძალიან მენატრება ჩემი თბილისი და ჩემი უბანი, ყველა იქ მცხოვრებით.


– 12 –

      დაახლოებით 10 წლის წინ, პირველად დავდგი ფეხი ჩრდილოეთ ამერიკის, ერთ-ერთ ულამაზესი ქალაქის აეროპორტში. ჩამოვედი კალიფორნიაში და სახელად იმ ქალაქს, რომელშიც "მე" შევდგი ფეხი, ჩემდა "გასაკვირად", ეხლაც სან-ფრანცისკო ჰქვია.
      დაახლოებით ორ თვეში, კარგი სამსახური ვიშოვე. რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელების რესტორანში, მენეჯერად გამამწესეს. ალბათ იყო იღბალიც, მაგრამ ვთვლი, რომ სიპატიოსნემ და დაუზარლობამ, თავისი შედეგი გამოიღო. მოკლედ, რესტორნის პატრონებმა, რამოდენიმე "გამოცდის შემდეგ", ჩამაბარეს "ყველაფრის გასაღებები" და ააყოლეს სანტა-ბარბარაში, იქაც ჰქონდათ საკუთარი სახლი (სად აღარა ჰქონდათ ის იკითხეთ?)
      რესტორანში მუშაობა, ადვილი არ არის. უნდა იყვე აბსოლიტურად კომუნიკაბელური და ძლიერ მომთმენი. მიჭირდა თავიდან, მაგრამ წესრიგის მოყვარული ვარ და მალე მოვაჭკვიანე "პერსონალიც" და მომხმარებელიც. "ჩემი" წესები შემოვიღე. ვერავინ შემოვიდოდა, ჯინსებით, ბოტასებით და მთლად უარესი – "სპორტიულებით". ავწიე მომსახურების დონე, გავზარდე ოფიციანტების რაოდენობა, დავახარჯვინე პატრონებს რამოდენიმე ათასი დოლარი, რესტორნის გასალამაზებლად, დავაყენე დაცვა, ანუ პოლიციელები (მანამდე "შავები" ნარკოტიკს ყიდიდნენ რესტორანში და სხვა გზა არ მქონდა), შევცვალე მზარეულები და დაახლოებით ერთ თვეში, "მკვდარი" გავაცოცხლე. ხალხმა, მოსვლა დაიწყო. დაახლოებით ექვს თვეში, ერთი საღამოს შემოსავლით, მთელი თვის გადასახადს ვაგროვებდი.
      წავიდა საქმე, რომ იტყვიან. მცნობდა ყველა, პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოსული თითქმის ყველა ემიგრანტი (თუ გყავთ ვინმე ნაცნობი სან-ფრანცისკოში, ჰკითხეთ: RUSSIAN BEAR-ში, 2000-დან 2003-მდე ვინ იყო მენეჯერი-თქო). მეც, ჩემს წილად, წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას და ამით ძლიერ ვამაყობდი. მქონდა იმის საშუალება, რომ ყოველ საღამოს "თბილისო" ემღერათ ჩემს მუსიკოსებს და ერთი კაი ბაღდადურითაც დამეგვირგვინებინა ჩემი იქ "ყოფნა".
      ეს ყველაფერი, ხომ აგიხსენით. ეხლა, მივყვეთ ცხოვრებააააააააას. მქონდა ურთიერთობა რამოდენიმე ქართველთან, რომლებიც იმსახურებდნენ პატივისცემას, მშრომელი და გამრჯე ხალხი იყვნენ.
      იყო იქაც, "ყვითელი" მასა, მაგრამ ვერ "ვქაჩავდი" მათთან ურთიერთობას. ყველასთვის ნათქვამი მქონდა, თუ გამოჩნდებოდა ვინმე, წესიერი და შრომისმოყვარე, გამოეგზავნათ ჩემთან.
      "პატარა" ბიჭმა მომაკითხა. გიორგი მქვიაო. მართალი გითხრათ მესიამოვნა. პირველ რიგში, რომ ქართველი იყო, მეორე ის რომ ღმერთს გარეგნობა არ დაუშურებია მისთვის და მესამეც, გიორგი რომ ერქვა. შევთავაზე ოფიციანტად ემუშავა და პირობა მივეცი, ყველანაირად დავეხმარებოდი, ოღონდ არ უნდა ეზარმაცა და ყველაზე მთავარი ჩემთვის, ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ ეკადრებინა, არც თავისი თავისთვის და არც ჩემთვის. ძალიან დავიახლოვე. პატარა ძმას ვეძახდი და ყველა, პატარა გიორგის ეძახდნენ. 21-ისა არ იყო. არ შეიძლებოდა გიორგა, ბარში გამეშვა ან სასმელი მიმებარებინა (კანონ-მორჩილი ვარ, აქ კი, კანონი კრძალავს 21-წლამდე ასაკის ახალგაზრდისთვის, ალკოჰოლურ სამელებთან ურთიერთობას). მაინც "გამიძვრებოდა" ხოლმე და იკმაყოფილებდა "წყურვილს". ბოლოს, იმდენი "მოვახერხე", კოსტუმი ჩავაცვი და ჩემს თანაშემწედ დავნიშნე. მქონდა დიდი წინააღმდეგობა პატრონებისგან (ტი ჩიო, გრუზინსკუიუ მაფიუ ძელაეშ ზდეს?), მერე "კლიენტებმაც" გაახურეს, ძირითადად სომხები იყვნენ. იმიტომაც "მიყვარს" ეგ ხალხი... მოკლედ, ჩემი გავიტანე. გიორგა გავაბლატავე. ეეე, ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ბიჭსა დიდი გასაჭირი სჭირდა. "ქალიშვილი" იყო. არ იყო ნამყოფი ქალთან (დავათვრე და ვათქმევინე).
      – ბიჯო, ვერა ხედამ, ქალები ზედ "გახტებიან", მოკიდე ხელი რომელიმეს და წაიყვა სახლში, მე აქ დავრჩები, მაინც სულ აქ არა ვარ რესტორანში? ( მაშინ ერთად გვქონდა ნაქირავები ოთახი).
      – გიო, ვერა რა, ვერ ვბედავ. ეხლა რაშია საქმე. პირველია და ეშინია კაცსა, ვინიცობაა რამე "უშნო" მოუვიდეს და მეორე დღეს მთელი ქალაქი გაიგებს. იქაც ვერ აყენებდნენ ენას, ყველაფერს ლაპარაკობდნენ.
      – რა გიყო ბიჯო, საიდან მოგიყვანო ეხლა მეე, მუნჯი, ყრუ და ბრმა და თანაც ლამაზი გოგო? წადი სადმე, ამერიკულ ბარებში, გაიცნობ ვინმეს და რაც გინდა ის გიქნია. მაშინ ეგ მომივიდა აზრათ.
      სამი დღის მერე, შუა ღამეა, მაგარი ნაცემი აღებს კარებს. კინაღამ გავრეკე, მართლა როგორც ძმას ისე ვექცეოდი.
      – რა გჭირს მითხარი ეხლავე.
      – სტრიპ-ბარში ვიყავი და დაცვამ გამლახაო.
      – ტყავის "კურტკა" სადა გაქვს?
      – არ ვიცი, "პრაივეთ" ოთახში, რომ შევიყვანე "მოცეკვავე" ქალი, ალბათ იქ დარჩაო.
      საბუთებიც იმ აყროლებულ ქურთუკში ჰქონია.
      – გახსოვს რა ერქვა იმ ბარს?
      – არა, აბა საიდან.
      – თფუუუ, ადე გამომყევი.
      – იქ ვერ შემოვალ.
      – რათა, იძალავე?
      – არა, ხელი მოვკიდე.
      – ხელი თუ ხელები?
      – აღარ მახსოვს, ისეთი ლამაზი იყო, არაფერი აღარ მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს, დაცვის ბიჭებმა, ორი დიდი ზანგი იყო, სულ ჰაერში მცემეს, სანამ გარეთ გადმომაგდებდნენო.
      წავედით, შევედი, გამოვიტანე "გაჭირვებულის ტყავსაფარი" და გამოვწიეთ სახლისკენ. გზაში ტვინს უბურღავ: ნუ მარცხვენ მსოფლიო მასშტაბით-თქო.
      გავიდა ორი კვირა და ახალი შარი აიკიდა. გამეპარა რესტორნიდან. სანამ გაიძურწებოდა, "საღამოსთვის" გადანახული, ფრანგული კონიაკი, გამომიწრუპა, რამოდენიმე ბოთლი ლუდიც დააყოლა და ჯიბეში 2800 $-ით, სხვა "რუსულ" რესტორნისკენ გასწია. ეს ფული, ადვოკატისთვის უნდა მიეცა ორშაბათს.
      ტელეფონზე არ მპასუხობს, არავითარი ინფორმაცია. გადავაქოთე მთელი რუსული რესტორნები. RUSSIA HOUSE-იდან მიპასუხეს, აქა არის და დროზე წაიყვანე, თორემ მოკლავენ სომხებიო. ვიცნობდი იმ რესტორანში ხალხს. გადაურეკე და ვეკითხები.
      – რას აკეთებს ამისთანას?
      – გოგოს შემოარტყა, შუა დარბაზშიო (სომეხი იყო ეს გოგო).
      ეჰ, სანამ მე მივედი. ჩემი გიორგა, უკვე მაგარი მიჟეჟილი დამხვდა. წამოვიყვანე. 30 $-ღა ჰქონდა ჯიბეში.
      ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რითი შევძლებდი, ამ "ატეხილის" შველას. ორშაბათობით, ბიზნესი დაკეტილი გვქონდა.
      – ადე, მე გამოგყვები, წავიდეთ ქალაქის ცენტრში, იქნებ შენს "საბედოს" იქ გადააწყდე.
      – მართლა გამომყვები, არ მატყუებ?
      – წამო ჰო, ამაღამ უნდა დაგავაჟკაცო, ჯანდაბას ჩემი თავი, შენი ცოდვით აღარა ვარ.
      გამოიპრანჭა, წავედით და მივედით. სადაც მივედით, ყველგან გვითხრეს: აბა, აბა, დაახვიეთ აქედანაო. არ იყო ეს ვაჟბატონი 21 წლის და არ გვიშვებდნენ ბარებში. 4-5 ბარიდან, რომ გვიპინტრიშეს, მე უკვე "მკაცრად" გადავწყვიტე სახლში წამოსვლა.
      – გიო, ერთიც ვცადოთ რა.
      დავიწვი მისი გაჭირვებით. იმ პერიოდში, სხვა სამსახურიც მქონდა. სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი. ვამზადებდით ნეონის სარეკლამო დაფებს და ყველანაირ ბიზნესის შენობებს, გარედან თუ შიგნიდან, ვალამაზებდით. (ისე, ბევრი "შედევრი" მაქვს დატოვილი სანფრანცისკოში, ბერკლიში, ოკლენდში და ლოს-ანჯელესშიც არის ჩემი გაკეთებული SIGN-ები). ერთ გეების ბარში, რამოდენიმე კვირის წინ გაკეთებული მქონდა აბრა. პატრონს ვიცნობდი. კორეელი ქალ-კაცა იყო (ეხლაც არ ვიცი, რომელია). შევედით ამ ბარში. გიორგა, გაგებაში არ არის, სად მოხვდა. პატრონი იქ იყო, რომ დამინახა მიცნო. აუხსენი, რომ ძმა მესტუმრა და წამოვიყვანე ბარში. რათქმაუნდა დამიჯერა, რომ ის 23 წლისაა. ბარმენს უთხრა: ამ ხალხს, 6 ჰაინეკენი უფასოდ ჩვენგანო. მე, ლუდსა ვწრუპავ და თან დამსწრე "საზოგადოებას" ვათვალიერებ. გიორგას, თვალები აცა-ბაცა გაურბის. როგორც იქნა მეშველა. თვალი დაადგა ერთ ულამაზეს არსებას.
      – აი, ეგ მინდა, რასაც მოითხოვს ვიხდი.
      – მოიცა ბიჯო, იქნებ იმას არ უნდა შენთან?
      – მიდი რა გიო, ეგ დამათრევინე.
      – შენ დაითრევ და იცი, როგორ?
      – მიდი, გაეცანი და დაპატიჟე სასმელზე, დასვი და შეეკითხე.
      – ეგრევე უარი აჯახე პირველ შემოთავაზებულ თანხაზე, ნახევარი შესთავაზე და მერე გააგრძელე ლაპარაკი.
      – ბევრი არ დაროშო.
      წავიდა, მოიყვანა და ჰაი სასწაული. უკიდეგანოდ ლამაზია ის არსება. არაფერი არ აკლია, პირიქით. ჩემზე მაღალია (182+++) ამოვიოხრე ცოლიანმა და უკვე გეგმის შესრულებას მოვკიდე ხელი.
      გავედით გარეთ და გიორგა ტაქსის გასაჩერებლად გაუშვი. ეჭვი მღრღნის და არ მასვენებს. ქალი, მართლა ვიცი "რაც" არის. მაგრამ ესეთი "სრულყოფილება", რომელიც გვერდით მიდგას, საფუძვლიან ეჭვს აღმიძრავს. ვეღარ მოვისვენე და ვეკითხები:
      – ისა, კაცისა გააქვს?
      – კი მააქვსო.
      – გიორგი, ხელების ქნევას თავი დაანებე, შუა გზაზე დადექი და ნებისმიერი ტრანსპორტი გააჩერე, დროულად გავეცალოთ აქაურობას-მეთქი.
      – რა მოხდა, ფასი გაზარდა?
      – ჰო, გაზარდა ძალიან.
      – რამდენით? მაინც გადავიხდი.
      – რას გადაიხდი შე შობელძაღლო, ამაღამა, ერთდროულათ დაკარგავ ორ "ქალიშვილობას".
      – კაცია, კაცი, "კუკლა" იცი რა არის?
      – ვერ გავიგე...
      – ეჰ, კიდე კაი გამოგყევი, თორე არ მოხვიდოდი სახლში "დვაინოი" დავაჟკაცებული? წამო, წამაეთრიე სახლში და შენი ხმა აღარ გავიგონო.
      საწყალი, დაბეჩავებული დადიოდა დაახლოებით ერთი თვე. ქალისა და კაცის ერთდროულად ხსენებაზე, ისტერიკა ემართებოდა ხოლმე.
      P.S. ესეც აქაური ისტორია.


– 13 –

      ეს ადრე შემემთხვა... დასაფიქრებელია და "ცოტაც" მტკივნეული.
      ძველი სახლი იყო შესაკეთებელი, მისამართი მომცეს და წავედი სანახავად. მშენებელი ვარ, ბევრი სახლი მაქვს აშენებული და გალამაზებული. ეს ადგილი მოშორებული არის ცივილიზაციისგან. მთებშია, ხეობა ღრმაა და მისასვლელად ძნელი. აუშენებია ვიღაცას, სჭირდებოდა განახლება და რესტავრაცია. სახურავი იყო ყველაზე დიდი პრობლემა. წყალი ჩადიოდა ოთახებში. ავედი სახურავზე შესამოწმებლად. ხავსით და დამპალი ფოთლით იყო დაფარული. ჩაიმტვრა ფეხსაყრდენი და დავცურდი დაახლოებით 7-8 მეტრის სიმაღლიდან. თითქმის ორი დღე და ღამე, მიწაზე გავატარე, ნოემბრის ბოლო იყო, ტვინი მუშაობდა, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა. ყვირილს აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერავინ გაიგებდა. ტელეფონი (მობილური) არ მუშაობდა, მანქანამდე ვერ მივდიოდი. მხოლოდ ერთი აზრი არ მტოვებდა, მე არ მქონდა "უფლება" წავსულიყავი. სახლში ცოლ-შვილი მელოდებოდა. იმათ კიდევ იცოდნენ, მორიგ "გასვლით პროექტზე" ვიყავი წასული. მორწმუნე კი ვარ, მაგრამ ბევრი ლოცვა არ ვიცი. მაინც მოვძებნე ძალა და მანქანამდე "მივედი" (მივფორთხდი). სახლამდე მაინც მოვედი, ძლივს გადმოუტანივართ, ეგ აღარ მახსოვს. 10 დღე, გაუნძრევლად ვიწექი იატაკზე. მოტეხილი არ მქონდა არაფერი, მაგრამ დაჟეჟილობამ გამალურჯა. შვილების და ოჯახის სიყვარულმა გადამარჩინა.


– 14 –

      ინდოელი ცოლ-ქმარი მყავდა ერთხელ კლიენტებად. სასტუმრო ჰქონდათ, შეკეთება ჭირდებოდა და სხვას ვის იპოვიდნენ? ყველა დამთხვეულს ხომ, მე უნდა გადავეყარო. ტვინი შემიჭამეს. გახურებულ მუშაობაში ვარ. მომადგება ქმარი ხილის წვენით, მიირთვიო. მერე ცოლის ჯერია, ეს შენთვის გავაკეთე გასინჯეო.
      – მამეშვით, ხალხი არა ხართ, დამამთავრებინეთ, რაც დავიწყე-თქო.
      რატომ "წუხდებოდნენ" არ იცით? იმ წვენის დალევა და "ზაკაზი" გამოშვებული იყო: ონკანი არ მუშაობს გაგვიკეთეო, იქ გათბობას გეეჭედაო, იქა შუქი არ ინთებაო და რა ვიცი, ყველაფერი მუქთად უნდოდათ მერე. გახსოვთ ის ანეგდოტი: პივას კარგად მიირთმევდიო. ეგრე იყო რა.
      იმ ქალის, ჩემთვის გაკეთებული, ერთხელ გავსინჯე და ორი საათი წრეებს ურტყავდი სასტუმროს. მე ეგეთი ცხარე, საერთოდ არ მიჭამია ჩემს სიცოცხლეში. ცოტა სული რომ მოვითქვი (სირბილით დავიღალე), ვეკითხები: რათა მკლამთ, თქვე შობელძაღლებო-თქო?
      – არაო, ესა შენთვის უწიწაკოდ გავაკეთე, მწარე არ გამოსულიყოო. ჩემთვის ცალკე ვაკეთებ, აბა ის რომ გასინჯო, მერე რა დაგემართებაო. მოკლედ, მე არაფრის დამლევი და მჭამელი არა ვარ, სანამ ამ პროექტს არ დავამთავრებ მეთქი. გაიყურსნენ და აახვიეს.
      სამი დღე მშვენივრად ვიყავი. მეოთხე დღეს ქმარი მოდის ყურებჩამოყრილი.
      – რა იყო, რა ცუდი ფერი გადევს თქო.
      – ცოლი ვერა მყავს კარგად, ჰოსპიტალში მყავდა და ვერაფერი ვერ გაუგესო.
      – რა სტკივა მეთქი?
      – კუჭ-ნაწლავი აწუხებსო.
      – ექიმებს უთხარით, რასაცა ჭაამს და სვავს მეთქი?
      – არაო.
      – მაშინ მიხედე დროზე, თორემ დაუსკდება ნაწლავები ამდენი მწარის ჭამით-თქო.
      – სხვას ვერაფერს ჭამსო.
      ბოლოს ამომიყვანა და ვეღარ მოუთმინე:
      – ბიჯოოო, ჩუგუნის ტრუბები ვერ გაუძლებს იმას, რასაც შენი ცოლის ნაწლავები უძლებს, დროზე მიაქციე ყურადღება, თორემ გასკდება შუაზე-თქო ("ჩუგუნი" – cast iron არის) დაფეთებული გავარდა.
      კინაღამ დავხოცე ბოლოს, ორივე.
      ისე მოხდა, მაგ პერიოდში, ბილეთები უკვე აღებული მქონდა. 5 წლის წამოსული, პირველად მივდიოდი სახლში. ყველაფერი გასტუმრებული და ნაყიდი მქონდა, მხოლოდ ამ პროექტიდან შემოსული თანხა გამივსებდა ჯიბეს და ავისრულებდი იმ უძინარი ღამეების და შფოთიანი დღეების შემდეგ, ჩემს ოცნებას – საქართველოში წასვლას.
      მანამდე გავაფრთხილე, როცა მოვრჩები, მთელი თანხა უნდა გადამიხადოთ-თქო. არ ვართმევდი მანამდე ცოტ-ცოტას, ვიცოდი დამეხარჯებოდა.
      ბოლო დღეა. ჩავალაგე ჩემი ხელსაწყოები, მოვწესრიგდი და შევედი ოფისში (დაახლოებით თვე ნახევარი წასული ვიყავი სახლიდან. შორს იყო ეს ქალაქი და ვარჩიე მაქსიმალურად მემუშავა, დასვენების დღეებშიც). შევდივარ და ორივენი მეღრიჯებიან, (ჰო, სულ დამავიწყდა, გადარჩა ის ქალი) ქმარი ფულს მაწვდის ხელში.
      დავხედე და კინაღამ, ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დამემართა. 500 $-ია მხოლოდ, როცა 7 ათასამდე მართებდათ.
      – ყოველ კვირა 500-500-ას გადაგიხდით და მაინც გავისტუმრებთ შენ ვალსაო.
      – პოლიციაში დარეკეთ ეხლავე, მაგარი საშინელება უნდა დავატრიალო და თქვენს გარდა, სხვებიც რომ არ დავხოცო, იქნება იმათ მაინც გამაჩერონ-თქო. გადმოვიღე მანქანიდან დიდი ურო. სასტუმროს, უშველებელი საცურაო აუზი ჰქონდა, რომლის გარშემოც, მოზაიკით და ქვით გავაკეთილშობილე იქაურობა. გავექანე და ორ მეტრიან ღობეს, დიდ ჩაქუჩთან ერთად გადავახტი.
      – იხდით თუ არა მითხარით, თორემ ვიწყებ ყველაფრის დალეწვას მეთქი.
      – ხელი არ დააკარო, რამეს მოვიფიქრებთო.
      შევიდნენ ეს მათხოჯები და ჩეკი გამომიწერეს, როცა რომ ნაღდ ფულზე ვიყავით მოლაპარაკებულები. ინდოელები არ გამაგონოთ, თორემ ის დიდი ურო, მანქანაში მიდევს კიდევ.


– 15 –

      სანამ "ხასიეთზე" ვარ, ერთსაც მოგაწვდით.
      მშენებელი კაცი ვარ. ხან ვანგრევ, ხან ვაშენებ. ხან კიდევ მივაშენებ-ხოლმე. თუ არა და შიგნით ან გარეთ ვფუთარაობ, სახლების გარშემო, რაააა. მოკლედ, მუდმივი კლიენტი მყავდა, დიდი ქონების პატრონი (აუ, მართალს ვწერ, გეფიცებით!) მოხდა ისე რომ "ორგანიზაცია" (ანუ დახარისხება) სჭირდებოდა მის წლობით ნაგროვებ "ხარახურას". არა და, ოხრად ჰქონდა. ეხუმრებიი? 35 წელი აგროვებდა. მთელი ერთი ბლოკი, ანუ ჩვენებურად კვარტალი, გამოჭედილი ჰქონდა ათასი "სისულელით".
      მე, მაშინ "სისულელე" მეგონა. G&E-ის, პირველი გამოშვება, ყველა, სამზარეულოს "ატრიბუტიკა". მაცივარი, გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თავის სარეცხი და საშრობი მანქანების ჩათვლით და კიდევ მე თვითონ ვერ მოვთვალე, თუ რა ჭირით და უბედურებით იყო "შეპყრობილი", ეს ადამიანი.
      უუუუფ, მაგარი დაღლილი ვიყავი, ფიქრითა და ანგარიშითა. რათა შვილო, რათა, ვისთვინა? ამხელა გაჭირვებაში რომ დამინახა, დამხმარე შემომთავაზა. მოგეხმარება და ყურადღება მიაქციე, შენს დაქვემდებარებაში იქნებაო. ანუ, შენ თავზეც და მაგაზეც, ორმაგად მოგეთხოვებაო. ჰეე-ჰეეე, რა ბედნიერი ვიყავი, მარტო მე რად უნდა "ვიტანჯო" მეთქი. მიულაგ-მოულაგე და დაუხარისხე ყველაფერი, სიის მიხედვით. ნათქვამი ჰქონდა, რაც ამ სიაში არა სწერია, ნაგავშიოოოოო. აკვალანგი ვიპოვე. თავის ყველანაირი აღჭურვილობით. რეზინის "პიჯამოთი" და სასუნთქი "ტრუბკით".
      ცოტას ჩემს "პადელნიკზეც" მოგიყვებით. სუდანიდან იყო, შავი და თანაც როგორი. არაბი, მაგარი მორწმუნე. შესაშურად სჯეროდა, თავის ღმერთის. 27 წლისა იყო, მის არსებობისას, არასდროს არ ჰყოლია ქალი და არ ჰქონდა გამოცდილება, არცა ნიკოტინისა და არცა ალკოჰოლისა. რას გეღიმებათ, მაგრა გამიმართლა არააააა.? კიბეზე არ ადიოდა. ეშინოდა სიმაღლის. მტვერი იყო თუ არა, აუცილებლად "რესპირატორს" მთხოვდა. ხმაურზე – ყურების დამცავ საშვალებებს. "ლაფატკაზე" – "ფელჩატკებს", მხედველობისთვის – დიდ უშველებელ სათვალეს იკეთებდა ხოლმე. თავში რამე არ დამეცესო, "კასკით" დადიოდა საკუთარ სახლშიც კი. დაიმახსოვრეთ: ვისაც დაინახავდა, გარბოდა ხელის ჩამოსართმევად. ვერ გადავაჩვიე. მე მგონი უკვე ხედავთ, ჩემს "წურბელას", რომელსაც ცალ ფეხზე ახატია, მე შენიშვნას მომცემენ თუ არა? იფ-იფ, ამეწყო ცხოვრება.
      გადაზიდვების დროს, ხელი გაუშვა "ტყვიასავით", ძველი გამოშვების, მძიმე მაცივარს და თქვენი "ელჩი" ათი დღე პოლზე იწვა გაუნძრევლად და იშვიათი სუნთქვით, ელოდებოდა გამოჯანმრთელებას, რათა ეს "ტარტაროზი" დაეპატიჟებინა საქართველოში. კერძოდ, თბილისში, კუკიაზე. გადავრჩი. არც სამედიცინო დაზღვევა მქონდა და არც არავინ მყავდა პატრონი. გავაგრძელე მუშაობა. მე-11 დღეს გავედი მაცივარ-დაცემული, ისევ "ფორმაში" ვიყავი. ამ დროს მირეკავს, ეს ჩემი "ამშენებელი". არიქა, "ტრუბები" გასკდა და წყალი აღარა მაქვსო (უშველებელი სახლი აქვს იქ, დიდ ქალაქში). სხვა ქალაქში უნდა წავიდე. დაახლოებით 200 კილომეტრია იქამდე. 3 საათი მაინც მჭირდება, სატვირთო მანქანით უნდა წავიდე. არ გაეძრო უცებ, ეს "მაიმუნების მედოლე", ჩემი "ტარტაროზი". პადელნიკი რაღაა. დამინახა ხელსაწყოებს ვალაგებ, თან ათასი "ბარახლო" მიმაქვს "იქით". ისე მოხდა, ეს მყვინთავების "აბმუნდირავანიეც" დავდეეეე.
      – ეგ რად გვინდაო?
      – ამაზე კაი მომენტს სად ვიპოვიდი, ოოოოოოოოოოო?
      – ჩვენ ეხლა წყალქვეშ უნდა ვიმუშაოთ მეთქი.
      – მერე მეო?
      – რა გინდა ეხლა-მეთქი.
      – შენ რომ გაქვს, მე არ მინდაო? მყვინთავების ტანსაცმელს, დაადგა თვალი.
      – აბა გაისინჯე მეთქი.
      ძლივს შევტენე. ამოვავსე რეზინა. მიჭერსო. დრო აღარ გვაქვს, უნდა წავიდეთ-მეთქი. ზუსტად 4 საათი მოუნდი ჩასვლას ("პრობკებში" გავიჭედე, აბა ფანჯარა ჩამოეწია! გაციებული ვარ-თქო უთხარი).
      სახლს უახლოვდებით. ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, "ვაკეა" რააააა, USA-ში. მილიონერები ცხოვრობენ იმ უბანში. გზაში, უთხარი ამ "ოტელოს", აბა "ლასტები" ჩაიცვი, გავაჩერებ თუ არა, ეგრევე მუშაობას უნდა შეუდგეთ მეთქი. ჰოდა, წარმოიდგინეთ!! ეს ჩვენი "მამა მარჩენალი", დგას თავის მეზობლებთან ერთად ქუჩაში. ლაპარაკობენ. ამ დროს ჩერდება,"გრუზავიკი", გადმოხტა მასტი მყვინთავის ფორმაში და გარბის "ლასტებით"და "აკვალანგით" "შეფისკენ"და მეზობლებისკენ – ხელის ჩამოსართმევად!!!


– 16 –

      სან-ფრანცისკოში რუსული რესტორნის მენეჯერად ვმუშაობდი, ორ წელზე მეტი. ძირითადი მომხმარებელი ამ ადგილმდებარეობისა იყო რუსი ებრაელი. ჰოდა მოდიოდნენ, თვრებოდნენ, ცეკვავდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ და მერე ვინ ვის ეხუტებოდა (მაგრათა რა), ვინ იცის.
      შუა ზაფხულია (იქა კიდენა, ვერ გაარკვევ, ზამთარია თუ ზაფხული) სულ გრილა. მაგრა გრილა, ანუ ცივა რა. 400 კაცზე მეტი ეტეოდა დარბაზში. ფანჯარასთან ორი დაქალი დამჯდარა და საუბრობს. ერთსა დეკოლტე აცვია, მეორეს კიდენა შუბა (შუბიანს, ორი დღის წინ უყიდა ქმარმა ეს ჩემი ცოდვით სავსე ქურქი, ფასდაკლება იყო ზაფხულში და იაფად შეიძინეს). ბეწვის ქურქი ჩვენებურად.
      მთელი დარბაზის გასაგონად მეძახიან ორივენი. ერთსა სცხელა, მეორეს კიდე სცივა. გვიშველეო. თავიდანვე, ადვილი გამოსავალი ვიპოვე. შუბიანს ვეუბნები: გაიხადეთ და თქვენ მეგობარს ჩააცვით, სცივა მეთქი.
      – თქვენს აღარ დაგცხებათ და იმასაც აღარ შესცივდება-თქო.
      არ გეტკინოთ არაფერი. რო მეტაკნენ, შენზე მეტი ტვინი ჩვენა გვაქვსო. ფიქრისგან ბოლი ამივიდა. მაინც ვიპოვე გამოსავალი. ერთს ვენტილიატორი დაუდგი, მეორეს – გამათბობელი. აი, ეგრე იჯდნენ მთელი საღამო.


– 17 –

      ერთ კაცურ კაცს ვიცნობ. ჩემგან შორს ცხოვრობს, მაგრამ ყოველთვის ვეხმიანებით ერთმანეთს ტელეფონით. როცა დროს გამონახავს მესტუმრება ხოლმე (დაახლოებით, 6 თვეში ერთხელ). მართლა გემრიელი ქართველია. ბათუმიდან არის წარმოშობით, სატვირთო მანქანის მძღოლია. მრავალჯერ აქვს მოვლილი მთელი ამერიკა. ბევრ თავგადასავლებს მიყვება ხოლმე. თურმე, ბევრი ქართველი მუშაობს სატვირთო მანქანებზე. სად აღარ ხვდებიან ერთმანეთს.
      ერთხელაც, შესასვენებლად გაჩერებულა (არის სპეციალური ადგილები, სადაც მძღოლებს დასვენების ყველა პირობა აქვთ შექმნილი). ჩვენ ხომ გარეგნობითაც გამოვირჩევით ყველასგან, სიარულს და ჟესტებს, რომ თავი დავანებოთ. 3 სხვა ქართველი კიდევ ყოფილა იმ დროს ამ ადგილას. გაუცვნიათ ერთმანეთი და საუბრობენ. ამ დროს ერთს ტელეფონზე ურეკავენ, დალოცვილი კახეთიდან ყოფილა ეს ბიჭი. მამამისი ურეკავს.
      – როგო ხარ? რას აკეთებო?
      პატარა გადახვევას გავაკეთებ. აქ ამერიკაში, სატვირთო მანქანას TRUCK-ს ეძახიან, ანუ თრაკი. იშვიათია ქართველი ვინც, T-ს, თ-თი წარმოთქვავდეს. ასე რომ გამოდის საბოლოო ჯამში – ტრაკი.
      ეს ბიჭი პატარა სატვირთოზე მჯდარა. ესეც პასუხობს:
      – მამი კარგადა ვარ, ეხლა პატარა ტრაკზე ვზივარ და მომავალში დიდზე გადავჯდებიო, ხოდა, დიდი მეტრაკე გამოვალო.
      – შე შობელძაღლო, მაგი გულისთვის გადავყარე ამდენი ფული შენ წასვლაზე, რო მეტრაკე გამოსულიყავიო? აქაურობა მაგათგან არის წალეკილი და ეხლა შენღა აკლიხარო. ჩამაეთრიე, როგორც წაეთრიეო.
      მგონი ზედმეტი იქნება იმის წერა, თუ რა ხდებოდა მაშინ იქ. თურმე, ძირს ეყარნენ სიცილისგან.


– 18 –

      ანეგდოტები რომ მიყვარს, ეგ ყველამ იცით. ხანდახან, ნამდვილებსაც ხომ ვყვები ხოლმე? ეხლა, ჩემი ოჯახური "ტრაგი-კომედია" უნდა მოგიყვეთ (ესეც სიმართლეა).
      2 წლის წინ, სახლში შემოვდივარ და ჩემი "გოგოები" (მეუღლესაც, მაგათთან ერთად გოგოებში ვთვლი, ისე ორი საქალბატონე მყავს) გახარებულები და ბედნიერები შემომეგებნენ, ნახე მამიკო, ახალი ოჯახის წევრი გვყაავსო.
      კინაღამ ისტერიკა დამემართა, ვინ მოიყვანეთ-მეთქი (უფროსი შვილი, მეორე დედა-ტერეზაა, ვინც გაჭირვებული და დაბეჩავებულია სკოლაში, ყველა სახლში მოყავს). ვიფიქრე,ვიღაცა შამამისახლეს-თქო. შემიყვანა თავის საძინებელში. გალია უდგიათ. ვიფიქრე, ან თუთიყუში მაიყვანეს, ან რამე მგალობელი ჩიტი-თქო. გეგონოთ! თაგვი! ჭრელი, შავ-თეთრი და თანაც ერთი ბეწო (ისეთი რა, ლაბორატორიებში რო უტარებენ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს) ეხლავე გაფრთხილებთ, ვირთხებზე და ზღვის გოჭებზე, არ იფიქროთ. მოკლედ, მაიყვანეს, ტკბებიან და დნებიან. ამ ვირთხების პატარა ნაირსახეობამ ისეთი სუნი დააყენა საძინებელში, მერე ჩემი ღრიალისა (მაგარი დოღრიალა ვარ) და იმ სუნის გადამკიდე, ჩემმა ოჯახობამ გადაწყვიტა, ეს საპატივცემულო არსება, სამრეცხაო ოთახში გადაეყვანათ.
      დღე-დღეს მისდევდა, ვკითხე მეუღლეს, რამდენ ხანს ცოცხლობენ ეგ გასაწყვეტები მეთქი. – 2 წელს დაახლოებითო. თანაც "უშვილებიათ", ცხოველების მაღაზიიდან. ვეკითხები, რო მაიყვანეთ, ერთი 3-4 თვისა ხო იქნებოდა მეთქი? – კი, დაახლოებით 6 თვისა იყოო. დავიწყე დღეების ათვლა. ნეტა, როდის გავა წელიწად-ნახევარი, ეს "ხორველა" მოვაშორო აქაურობას-თქო. სულ ფხაკუნობდა რა. პირველი დღიდანვე ვერ ვიტანდი. თანაც "ფრენკი" დაარქვეს. მაგარია არა, კაცი წამოსული ამ სიშორეზე, ელეთ-მელეთი მოგდის შენ ქვეყანაზე და ხალხზე, ამ დროს კიდე თაგვი გყავს სახლში,"ოფიციალური რეზიდენტი".
      ერთი წელი რო გავიდა, დაუწყე ხვეწნა-მუდარა, მოდი რა ჩავაბაროთ, მაგის მაგივრად, თევზებს მოგიყვანთ, ფრინველებს-მეთქი. – არა! იყო პასუხი. ერთხელაც, ქალაქ გარეთ ვმუშაობდი. მუშებმა ატეხეს ყვირილი, გველი დაუნახავთ. მეც მეტი რა მინდოდა. გავვარდი და დავიჭირე. გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერი ვიპოვე, შევკარი საიმედოდ და საღამოს, სახლში რომ დავბრუნდი, ამ ჩვენი თაგუნიას გალიის გვერდზე მოვათავსე.
      მტერს გაუთენდეს იმ წივილ-კივილით დილა, რაც მეორე დილით ჩვენ სახლში იყო. სამი დღე, ოთახებიდან აღარ გამოდიოდნენ. ვეუბნები, თქვენც რაც გინდოდათ, ხომ მოიყვანეთ-თქო, ეს კიდევ ჩემი "საყვარელი" ცხოველია-მეთქი.
      ეჰჰჰ, იძულებული გავხდი, ისევ გამეშვა (ცხოველების მაღაზიაში მივიყვანე მანამდე, ჩაგაბარებთ უფასოდ-თქო, რო დაინახეს, ისინი კიდევ ერთი კვირა მაღაზიაში აღარ დადიოდნენ. თურმე შხამიანი ყოფილა).
      ამ ამბავით მეტს აღარ შეგაწყენთ. გუშინ ფრენკი დაიბრიდა სიბერით. მიაბარეს მიწას და ორი დღეა "ტრაურში" არიან. ეხლა წარმაიდგინეთ თქვენა, რა ბედნიერი გყავთ "ელჩი". რაც მართალია მართალია, ღვინო ვიყიდე და იმათ დასანახად მოწყენილ სადღეგრძელოებს ვამბობ, გულში კიდენა, უიტატატატააა. ძლივს არ მოვისვენე კაცო?


– 19 –

      ოთხი წლის წინ, ზაფხულში, საშინელი პერიოდი დაგვიდგა ოჯახში. ღამღამობით, ძილის დროს, ვოხრავდი და ვღრიალებდი (ხმამაღლა ვყვიროდი თურმე). რამოდენიმეჯერ, მეც გამეღვიძა "ხმაურზე". მეუღლემ: – შენ ეხლა ექიმი გჭირდება, უნდა გამომყვეო. შევფიქრიანდი. აჰაააა, დროც მოსულათქო. მომატარა მთელი "ჰოსპიტალები" და ყველგან უთხრეს, ამაზე ჯანმრთელი პაციენტი არა გვყოლიაო. მე კიდევ ვეუბნები:
      – ჩემს "გამოჯანმრთელება-გაჯანსაღებას", 3000 $ უშველის, შენც დაისვენებ და მეც-თქო.
      – რაში უნდა გაიხარჯოს ეს ფინანსებიო?
      – გამიშვით რა სახლში, თქვე ჩემის თვრამეტიანებო, რათა მკლაამთ აქა მეთქი.
      გამოიყო თანხა ოჯახის ბიუჯეტიდან, რათა "დოღრიალა" წასულიყო სახლში, ანუ საქართველოში. ეხლა, მეც მქონდა ცოტა "მოტეხილიც" ჯიბეში, სახარჯავად რა. აფრინდა და აღარ დეეშვა ეს ჩემის ტრულაილა. ამსტერდამამდე ერთი ამოსუნთქვით ჩაფრინდა. მანამდე, SEATTLE-იდან ჩასუნთქული, NY-ში "ამოვისუნთქე". ნაკლული ვარ ქართველისა. ამსტერდამის აეროპორტში, ბევრი ქართველი დავინახე, მესმოდა თითქმის ყველა მხრიდან ქართული საუბარი. რათქმა უნდა, ჩვენსკენ მომავალი ლაინერების გასასვლელებთან მოგროვილ "მოსახლეობას" ვგულისხმობ. ავერიდე. ვერ ავიტანდი, ამდენს და უცებ. თვითმფრინავში კიდევ, სულ "კაბინაში" ხომ არ ვიჯდებოდი. დაველაპარაკე ზოგიერთს. "მოვაღე" პირი. გავიხარე, რომ იტყვიან. რამოდენიმე საათში, აღტაცებულმა ქართველებმა, რამოდენიმეჯერ შევაცვლევინეთ გეზი ხომალდის მეთაურს. რამდენი თბილისი გამოჩნდა, იმდენი იქით მხარეს მიაწყდა "ხომალდის" მგზავრთა შემადგენლობა. მოკლედ, მოახერხა და მშვიდობიანად დაგვსვა. იმას, სხვა დროს მოვყვები, რაც ჩემს დახვერდას მოჰყვა.
      დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ერთმა ჩვენმა ნათესავმა, ქორწილი დააპირა. მოიყვანა გოგონა სახლში და მშობლები "იძულებულები გახადა", ქორწილი გადაეხადათ. მეც ჩავერთვე ქორწილის სამზადისის მარაქაში. აბა, რამდენი გოჭი და ქათამიო, ისაო, ესაო და მოკლედ ყველაზე "მთავარი", "პოდიუმი" დაავიწყდათ. რაიო??????? ნეფე-პატარძალს ტახტრევანი არა ააქვს? ვიკითხე ომახიანად, ბრძანებით კილოში რათქმა უნდა. მომგვარეთ ხელსაწყონი ჩემნი, ჩეგმან მოწონებულნი და უწინ საქმეში გამომდგარნი.
      "ავფრინდი" რა მეც, ამდენი "ფრენის" მერე. მეზობელი ამომიდგა გვერდში და მეუბნება:
      – გიო, აგერ სახლს ვაშენებ, თუ რამე მასალა დაგჭირდეს, რამდენიც გაგიხარდება, იმდენი იხმარეო. იქვე, მუშებმა სამუშაო იარაღები დატოვეს და ისინიც შეგიძლია გამოიყენოო.
      აგაშენა ღმერთმა. ჩაქუჩი, ხელის ხერხი და ბლომად დაღუნული ფიცრები და ლურსმნები. აფსუს ჩემი "HOME DEPOT" (ასე ჰქვია ჩემს სახელოსნოს). მაინც მივაკვარახჭინე ისე, როგორც მე მინდოდა. გავმართე იქაურობა.
      დაიწყო ქორწილი. მანამდე მაყარში ვიყავით. იქაც ვეცით პატივი, პატარძლის ოჯახს. ამოვედით ჩვენსას. უკვე ქეიფის დროა. ჰოდა, მეც ვზივარ ჩემს "ლამაზ" რუისელებთან და ვადღეგრძელებთ ახლად შექმნილ ოჯახს. გვერდით, ბავშვობის მეგობარი მიზის. ჯაბა ჰქვია. გაიგო თუ არა გიორგი ჩამოვიდაო და მერე რო მნახა, მას მერე არ მომცილებია გვერდიდან. ერთად დავიზარდეთ. დედაჩემიც და დედამისიც, თანატოლები არიან, ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ჩვენი მამებიც, ასევე ბავშვობიდან მოჰყვებიან ერთმანეთს. ძალიან ახლოს ვართ ოჯახებით.
      სიძის მეჯვარემ საცეკვაოდ გამოიწვია დედოფალი, მოჰყვა ნეფე, მერე დანარჩენი მეჯვარეები, მშობლები, დედმამიშვილები, ნათესავები და ასე ვზივართ და შევცქერით ჩვენს ხალხს. მერე "ახალგაზრდებმა", ანუ თინეიჯერებმა შაუბერეს. ერთმა ბავშვმა, "გამომრთო". იმ ბავშვმა, 16 წლის, დახატულმა ანგელოზმა, 20 წლით უკან "გადამისროლა" რომ შემატყო, როგორ უყურებდი იმ პატარა სილამაზეს, ჯაბა მეკითხება:
      – გიო, იცანი?
      – ბიჯო, სად არის მაიკო, სად არის შენი და ჩემი და?
      – წასულები არიან ზღვაზე, უფროს ბიჭთან და ქმართან ერთად არიან ქობულეთში.
      – რა ჰქვია ამ ბავშვს?
      – ნათია დაარქვეს.
      – როგორ დამსგავსებია დედამისს, ხასიათით რომელსა ჰგავს?
      – დედაილაა თავიდან ბოლომდე.
      – შენ რო დაუძახო მოვა?
      – შენ როგორ ფიქრობ?
      – გაიგონებს, მაგრამ არ მოვა.
      ჯაბა გასძახის: – გოგო, მოდი აქა, საქმე მააქ.
      – დამანებე რა ძია თავი.
      – მოდი, რო გეუბნები შენა.
      მოვიდა. ჩავისვით შუაში. თვალს ვერ ვაშორებ. ბიძამისი ეკითხება:
      – იცი ვინ არი ეს კაციი?
      – არ ვიცი, მაგრამ ძალიან კეთილი თვალებით მიყურებს.
      – ვინ არის? კითხვას უბრუნებს.
      – დედაშენის ძმა არის.
      – გიო ძიაა?
      – ჰო, ის არი.
      მაიკო, ძალიან ჯიუტი იყო პატარაობისას. მერე კიდე, ყველა კლასელი ბიჭი ნაცემი ჰყავდა. ცოტა რომ წამოიზარდა და ქალს რომ დაემსგავსა, ბევრმა მოინდომა მასთან "სიყვარულობანა". ეჰ, მიწევდა ხოლმე იმათი თავპირის მილამაზება. მიჯერებდა, მაგრამ მაბრაზებდა ხოლმეც. უჩემოდ, ვერსად ფეხს ვერ გაადგავდა, დაბადების დღე იყო თუ კინოში წასვლა, მე უნდა ვყოლოდი გვერდში. გავიზარდეთ. უკვე სტუდენტები ვიყავით. მე ინსტიტუტში ვსწავლობდი, ის უნივერსიტეტში, მაგრამ ყურადღებას არ ვაკლებდი. უნივერსიტეტში მყავდა მეგობრები, რომლებიც ყველანაირ ინფორმაციას მაწვდიდნენ და თუ ვინმეს რამე "შაეშლებოდა"? ეჰ, მიდიოდა დაკა-დაკა.
      ერთხელაც, უკვე 19 წლისები ვიყავით, მოვიდა ჩვენთან სახლში და დედაჩემს მოუყვა, რომ ვიღაც ბიჭზეა შეყვარებული.
      – გაგიჟდება გიორგი, ეგ, რომ გაიგოსო. უთქვამს დედაჩემს.
      – იმიტომაც მოვედი თქვენთან, რომ არ მომკლასო.
      იმჟამად და იმ წლოვანებაში, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს საყვარელ არსებას, ვიღაცა ბიჭი, ხელს "დააკარებდა". დედაჩემს უთქვამს:
      – შვილო, ეგ ამბავი, შენ და გიორგიმ უნდა მოილაპარაკოთ, ჩვენ ვერაფერს შევცვლითო.
      მივედი სახლში და ჩემი მაიკო, დასიებული თვალებით მხვდება. მაშინვე ცუდი გავიფიქრე, ხომ არ მოიტაცეს და ??????, ან ვინმემ რამე უშნო და ა.შ.
      – რა გჭირს გოგო, მითხარი ეხლავე?
      – გიო, თაზო მიყვარს და ვაპირებ ცოლად გავყვე.
      ვაიმეეეეეეეე... კარგად ვიცნობდი თამაზის და მის ოჯახსაც. კარგი ხალხი იყვნენ, მაგრამ ეს ხელისგულებზე გაზრდილი ანგელოზი, არავისთვის არ მემეტებოდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი იმას, რომ ქალი უნდა წავიდეს და გათხოვდეს. რა უნდა მეთქვა? ასე, ხელებში ჩასვენებული, შემომცქეროდა და ელოდა ჩემს "განაჩენს".
      – წამო მაი, სახლამდე გამოგყვები, ფეხით წავიდეთ.
      – დაველაპარაკები თაზოს, შეიძლება? გიო, თუ გიყვარვარ, არაფერი აწყენინო, ძალიან მიყვარს.
      – ჰო, კარგი.
      ქორწილში ვერ მივედი, რაზედაც, ეხლაც ვნანობ. მაგრამ იმ ასაკში, რომელშიც მე გახლდით მაშინ, ვფიქრობ სწორად მოვიქეცი. ჩემი იქ მისვლა, არ შეიძლებოდა. წინასწარ გეტყვით, თუ რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი ერთად ყოფნა. ნათელი მირონი აკავშირებდა ჩვენს ლამაზ ოჯახებს და ეხლაც მტკიცედ ვიცავთ ორივე მხარე. ჩემი პაპა, მაიკოს მამის ნათლია იყო.
      ასე, რომ სუფთა და-ძმური სიყვარული შეიძლება იყვეს ქალსა და კაცს შორის, რომელთა შორის მირონის წმინდა ნაკადული მიედინება ერთმანეთის გასაფრთხილებლად და დასაცავად.
      გფარავდეთ ღმერთი ყველას!
      
      აქ დროებით შევწყვეტ ჩანაწერებს, რომელსაც ქალბატონ მედეა სიხარულიძის მიერ გიორგი ელჩიბეგაშვილისადმი მიძღვნილი ლექსით დავამთავრებ:
      
      გაუმარჯოს ჩვენს გიუნას, ნამდვილ ქართველს, ნამდვილ ვაჟკაცს!
      თუ მოიცლის გაგვაგონებს, რუისულს რა კარგა გაჰკრამს
      მოგვიყვება ქვეყნის ამბებს, თანაც რომ არ ეზარება
      სიხარულით ველოდებით, შემდეგისთვის ემზადება
      ყველამ ვიცით რა ბიჭია, მშრომელი და მოამაგე
      უყვარს მისი ოჯახი და ჩვენც სითბოთი გვამარაგებს!
      მინდა ორი სიტყვა გითხრა, ჩემო ელჩო, ჩემო გიო
      გვიყვარხარ და ვისურვებდით, მუდამ იყო ჩვენი გიო!


გაგრძელება

– 20 –

      ახალი მეზობლები მყავს. მრავალშვილიანი ოჯახია. ჯერჯერობით ბავშვების დათვლა ვერ მოვასწარი. იმდღეს ვკითხე კაცს, რამდენი წელია დაოჯახებული ხართ-თქო, ათიო. ასიანი მომატყუა, თოთხმეტი-თხუთმეტი ბავშვი მაინც დარბის აქეთ-იქით. შეიძლება "ჯიშიანი" ცოლი ყავს და ტყუპებს აჩენს. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მარაა, მე რა დავაშავე ჰააა. ვის გაუგია, ბავშვები ყოველდღე დაბანო?
      წივიან და კივიან მთელი დღე. ეხლა გარეთ ვიყავი გასული და იმისთანა ხმა გამოდის, მიმიქარავს სახანძროსი და პატრულის სირენები. მამა გარეთ დგას და აბოლებს.
      – მაგარი მოუსვენრები გყავს მეთქი.
      – არც ისე ძალიან, მე და ჩემი დედმამიშვილები უარესები ვიყავითო. (ეგენი ცოტათი ნაკლები ყოფილან, 12-იო).
      – თქვენცა გწურავდნენ მეთქი?
      ვერ გაიგო.
      – პატარები რომ იყავით, დედა რომ დაგბანდათ, გწურავდათ მეთქი?
      – არაო.
      – აბა ამ ბავშვებმა რა დაგიშავეს, რითი ამშრალებთ მეთქი. ერთი კი გავიფიქრე, სარეცხის საშრობში ხომ არ აშრობენ ბავშვებს თქო. უცებ გადავიფიქრე, იქიდან ეგეთი ხმა არ გამოვა, ჰერმეტულად არის დახურული.
      მოკლედ თითო "ჭირი" რომ არ გამომელიოს, ისე არ იქნება რა.


– 21 –


      გახსოვთ ალბათ, ერთი "პადელნიკი" რომ მყავდა, არაბი სუდანიდან. (გადახედეთ ძველ გვერდებს). ერთხელაც, საქმე მომცა "მამა-მარჩენალმა". ეზო მინდა გავაკეთოო. უშველებელი ტერიტორიის მფლობელი გახლავთ ეს ჩემი "ბოსი".
      სახლის წინ, საჭირო იყო, "გეგმით გათვალისწინებული", ხეების ღობე გამეკეთებინა. ნარგავებით უნდა შემომეფარგლა, ეზოს "პერიმეტრი". იყიდა ნაირ-ნაირი, ხე-მცენარეები. ამათ ხომ ნოყიერი მიწა სჭირდებათ? ტყეც კი საკუთარი აქვს. მითხრა რომ მიწა ნარგავებისთვის ტყიდან მომეთხარა. მე უფრო "სერიოზული" საქმე მქონდა გასაკეთებელი. მიუხაზ-დაუბულბულე ჩემს "პადელნიკს', რა უნდა გაეკეთებინა. გავუკეთე მონახაზი, გავუბი თოკები, "კრასკით" დაუხაზე ხაზები, თუ რა მიმართულებით უნდა ამოეთხარა ორმოები ნარგავებისთვის. დავღუნე თავი და წავედი ჩემი საქმის საკეთებლად.
      რაღაც ერთ საათში, მოდის "ბოსი" შეშლილი "სიფათით". მეკითხება:
      – რას აკეთებს შენი "ქვეშემრდომიო"?
      – დავალება მივეცი და მე ჩემ საქმეს ვაგრძელებ-მეთქი.
      – წამო ნახე რა ქნაო.
      5 მეტრაში, მეტრა-ნახევრით გვერდზე გაუხვევია და თხრის ორმოების პაპაჩემის პაპისკენ. კინაღამ ბნედა დამემართა. რა ვქნა? რა წყალში ჩავარდე? "კანატკის მართული" ვიპოვე ადრე, მთელი "რულონი'. ავიღე და ამ ნახაზების მიხედვით გავაბი ეს მსხვილი მართული, გამოვაბი ფეხით ეს ჩემი "დამღუპველი" და "შარიკა ძაღლივით" დავაბი. მიაყოლე და თხარე ორმოები, ყველა ერთი ფეხის ნაბიჯზე-თქო აბა ეხლა ასცდი მიმართულებას-მეთქი და წავედიიიი.
      როგორც იქნა ამოთხარა დაახლოებით 60 ორმო. დაუნომრე ყველა ნარგავი, რა, რომელ ორმოში უნდა ჩაერგო. თან უთხარი, ორმოები ტყის მიწით გაავსე-მეთქი.
      გავიდა ორი კვირა. შაბათი დღეა. ყველა მუცელზე კოტრიალებს, ჩემს გარდა, სახლში არ ვისვენებ, გამომიჩინა საქმე მეუღლემ. ტელეფონი რეკავს. ჩემი "ბოსი" შეშლილი ხმით მეხვეწება, მოდი რამე უნდა გაჩვენოოო. წავედი. არ დაიჯერებთ, რაც მე ვნახე. ეს "მაიმუნების მედოლე", ჩემი "შავი" ძმა, შესულა ტყეში და ამოუჭრია ორ მეტრიანი, დიდი სასაფლაო. თურმე ეს მიწა, ერთი და იგივე ადგილიდან უზიდია.
      ეხლაც, ბევრჯერ მიფიქრია, ამისთანა მოუხერხებელმა, როგორ მოახერხა და "ნასილკაზე' როგორ დაუდო ამდენი მიწა "ლაფატკით", ორ მეტრიანი ორმოდან.


– 22 –


      ეხლა ნამდვილი ამბავი უნდა მოგიყვეთ. უბნელს, სამი გოგოს შემდეგ, ბიჭი შეეძინა. (რა თქმა უნდა უბნელის ცოლს). მოგვხსნა მთელი ბირჟა და რესტორანში წაგვიყვანა. არაფერი არ დაგვაკლო. ჩვენც წესისამებრ, უდღეგრძელეთ ახალშობილი და დავლოცეთ ჩვენი მომავალი კოლეგა, ანუ ბირჟის დირექტორის ახლად მოვლენილი კანდიდატურა. მოკლედ კარგა მაგრა დაგრუზულები ვაართ. ერთმა ჩვენმა ახლობელმა, ტაფაზე შემწვარი კუჭმაჭი შეუკვეთა. გართული ვართ ყველა. ამასობაში, მოუტანიათ და ერთ ჩვენ თანამეინახეს, დაუდგამს მთელი ტაფა თავისთვის და რომ იტყვიან, მოპრიალების პროცესში მიუსწარით. პურით კარგათ რომ შემოწმინდა და გააპრიალა ტაფა, თვალებ გადმოკარკლულმა: – მე ესეთი გემრიელი სოკო ცხოვრებაში არ მიჭამიაო. 15 წელი გავიდა მას მერე, და რამდენი გამახსენდება, იმდენი სიცილით ვიგუდები.


– 23 –


      ესეც ნამდვილი ამბავია. ჩემმა ძმამ, 15 წლის გოგონას მოკიდა ხელი და სახლში მოიყვანა. ან ეს იქნება ჩემი ცოლი, თუ არადა, რძალს ვერ ეღირსებითოოო. ისიც გატრუნული ზიიის. 9-წლით უფროსია ეს "მუტრუკი", სასიძო. აბა ამაეხვეტნენ, გოგოს მშობლებიან-ნათესავებიანად, ვინც კი იმათ არემარეზე დადიოდნენ, არცერთს არ დაეზარათ. მოკლედ, მოიდნენ რააა. შეკითხვებით შააწუხეს კაცი.
      ჯერ პატარაა, სკოლაში დადის, ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილებიც გაუცდებაო. დიდი სასტუმრო ოთახი გვააქვს, ძალიან დიდი და თანაც ძველებური როიალიც ამშვენეეებს. მოუტრიალდა ჩემი ძმა და ეუბნება სასიდედროს:
      – ქალბატონო, ემენდააა ამხელა დარბაზი და ასეთი როიალი, ფილარმონიაშიც არა ააქვთო.
      – დადგეს და რამდენიც უნდა იმღეროს და იცეკვოსო. რაც შეეხება სწავლას და განათლებას, მე რა, რვეულებს ხომ არ დაუხევ, ან კიდევ, წიგნებს ხომ არ დაუჯღაბნიო.


– 24 –


      ესეც ერთი ნამდვილი ამბავი. ერთხელ "წარსულში", მე და ჩემს სიმამრს პატარა ბიზნესი გვქონდა.
      მთელ თბილისს მოდებულები ვიყავით, ყველგან ვაბარებდით ჩვენ "პროდუქციას". აბა, ავლაბარი თბილისი არ არის ტოო? ერთი სომეხი კლიენტი გვყავდა, სამველა ერქვა. მაგარი გადამხდელი იყო, წინასწარ იხდიდა თქვენ წარმოიდგინეთ (მაშინ მთელი თბილისი "პოსლეზე" მუშაობდა). ერთხელაც ვერ გადაიხადააააა. სიმამრი მისულა და ეკითხება:
      – სამველ ე რა გეტაკა, ფული რატომ ვერ მოაგროვეო?
      – კაცო, თქვენ აზზე არა ხართ რა გაჭირვებაში ჩავვარდიო (ზუსტად ვიმეორებ მის ნათქვამს).
      – ჩემი ბიჭი მძ-ნერში ჩავარდაო.
      ეს ჩემი სიმამრიც მაგარია რა. ვითომ ვერ გაიგო და ეკითხება:
      – რომელშიო?
      ისიც პასუხობს: – ყველაზე ღრმა რო არისო.
      – ეგ რომელი, ჰავლაბარში ყველაზე დიდი ეზოს ტუალეტი რო გაქვთო?
      – არა, ომარჯან, ნარკოტიკების ორმოშიო.
      მართლა შეგვეცოდა და მთელი ვალი ვაპატიეთ. იმის დალოცვა უნდა გენახათ.
      რაც ჩვენ გვლოცა, ეგ არ დამავიწყდება.


– 25 –


      ერთი მეზობელი მყავდა. მერაბა ერქვა. საწყალი ბიჭი იყო. თანაც, ენას უკიდებდა მაგრა. ქორწილში ვზივართ და ჩვენთან მოხვდა სუფრაზე. ამ მერაბას გადამკიდე, ქალები საჭმლის მოტანას ვერ აუდიან. ერთი ეუბნება:
      – მერაბ, გოჭის ხორცს პური მიაყოლეო.
      – ააამმმას რრაადდდ უუუნდდდა პუპურრიო.
      ხიზილალის თეფშმა გაიელვა უცებ თვალწინ და ეგრევე მერაბას ხელში აღმოჩნდა.
      გადმოატრიალა თეფში და ერთი გაქნევით, ეგრე გაუსვა თონის პურს, ერთი მარცვალიც არ დატოვა თეფშზე. დამინახა რა "საწყალი" თვალებით ვუყურებდი და დამამშვიდა:
      – ააამმაას, უუუპპპურრროდ ვეეერა ვვჭამმო.


– 26 –


      16-17 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით. ესეც სიმართლეა. ზარი შემოდის და ვპასუხობ.
      საღამოა, უკვე ბნელა, ახალი წელი მოდის. "ქვისლი ჰქვია", თორემ ძმა არის. მეუღლის, დეიდაშვილის ქმარია. ძმობა უთხარით ერთმანეთს. ფიცი გვაქვს ნათქვამი. მოკლედ, მირეკავს და მეუბნება:
      – წამოსაღები წამოიღე, მჭირდებიო.
      სულ პატარა თხოვნა მაქვს, ჩემს ძამიკოს, მოუსმინეთ ისე, როგორც ძირძველი სვანები ლაპარაკობენ. სვანია, ჩემი ძმადნაფიცი. ავხვეტე, თუ რამე გამაჩნდა. თან მეუბნება, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეო. "ნახალოვკიდან", ორთაჭალაში გასვლას, დრო უნდა. სარეკორდო დროში დავფარე ეს "დისტანცია". ეხლა მეღიმება, აბა მაშინ დაგენახეთ? მივედი და გარეთ დგას, ხელში ავტომატი უჭირავს.
      – წამო უნდა მოვკლა, სხვა გზას ვერ ვხედავო.
      მე ცოტა "ძიენ დინჯი" კუთხის შვილი ვარ და ვეკითხები: – მოიცა, ვთქვათ და მარტო შენ გადაწყვიტე იმის მოკვლა, მერე დანარჩენები რას იტყვიან-თქო. – ისინი მე მომკლავენ, ის თუ არ მოვკალიო.
      ვატყობ, რომ ჩემი "გვერდში დგომა" სჭირდება. მაინც ვერ ვისვენებ და ვეკითხები: – არი რო, მოსაკლავი-თქო?
      – მაგი დღეს არ უნდა მომკვდარიყო, მაგას მე, 31 დეკემბერს უპირებდი დაკვლასო. ეგრეა რა, მოსაკლავი უნდა მოკვდეს.
      – ვის ვესროლოთ-თქო?
      – მაგას შენ ვერ დაინახავ, ბუჩქებში იქნება შემძვრალიო.
      – რა ბუჩქებში, ხომ არ გადაირიე მეთქი.
      – აბა, როდის იყო, გოჭი ფეხზე იდგა, ან ხეებზე დადიოდაო.
      – გოჭიოოოოოოოოო.
      სვანეთიდან, ღერღილზე გაზრდილი, "ჯანმრთელი", გოჭუნია წამოუყვანია და მთელ სანათესაოს შეპირებია, ნაღდი უნდა მოგართვათო. გაქცევია ამ ჩემს ძამიას ეს გოჭი და შეუბერია სერებისკენ, ფუნიკულიორის მიმართულებით, "ჩერეზ" ბოტანიკური ბაღით, ზემოთკენ რა. აბა, იმას ხელით ვინ დაიჭერდა, თუ არ ესროდი, ისე როგორ გააჩერებდი?
      მეორე დღეს, დეზერტირების ბაზარში, მეგრელებს ჰქონდათ ჩამოტანილი, გოჭების უამრავი ნაირსახეობა. ამას ვეუბნები, რომელს გავდა ის უნდა გიყიდო მეთქი.
      ისე, რა ვართ ქართველები, ჰააა?


– 27 –


      არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაიმე ინტერესი არ გააჩნდეს. ინტერესში, ვგულისხმობ: – გატაცებას, ჰობის, გართობის ნაირსახეობებს და ა.შ. ასაკსაც გააჩნია, ვის, როდის ეწვევა, ესა თუ ის "გატაცება". ბავშვობიდან, ხატვა მიყვარდა. ძალიან ბევრი სურათი მაქვს დახატული. ფანქრით, საღებავით, "ტუშით", "ფლომასტერითაც", ხეზე ელექტრო "ამოსაწვავითაც" ვხატავდი. მერე, სპორტით ვიყავი დაინტერესებული, დღე და ღამე ბურთს დავსდევდი და მეორე სახეობაში კიდევ, სულ "მუშტებს" ვიქნევდი ძილშიაც კი. მაგ "პერიოდმაც" ჩაიარა. მოვიდა ყველაზე "ლამაზი ხანა". "ქალის" მცნება, მანამდე გაგონილი მქონდა და ამიტომ დიდხანს გამიგრძელდა ეგ "ლამაზი" წლებიც, სანამ არ დავრწმუნდი "მცნების" სინამდვილეში. უცებ "გარბის" ცხოვრება. უბანი, ძმაკაცები, სტუდენტობა, დროსტარება და ასეთი "რამეები", ძალიან მალე "ილევიან". დრო აღარ გყოფნის ადამიანს, ყველაფერს ამას, ერთდროულად რომ გასწვდე. მაინც ვცდილობდი, ყველა ეს "სივრცე" შემევსო, ჩემი არსებობით.
      დაახლოებით ის პერიოდია, როცა ჩაცხრა და ჩანავლდა ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, ანუ აფხაზეთის ომი. "მოეშვა" ხალხი, "მიეჩვია"/მიაჩვიეს/ გაჭირვებას. გადიოდა წლები და ბევრს ავიწყდებოდა, თუ რა მოხდა მანამდე, ბევრს კიდევ იმ დღეების გაგონებაც არ სურდა. იყო და არის ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ვერასოდეს ვერ დაივიწყებენ იმ ღრმა ტკივილს, რაც იმ ომმა მოგვიტანა. მერე, "ცოტა" მშვიდობამ დაისადგურა და ადამიანებმაც გააგრძელეს სიცოცხლე. ომამდე, დაოჯახება მოვასწარი. ძალიან ბევრი მწარე დღე მახსოვს, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ?
      "შევეგუეთ" ბედისწერას და გავაგრძელეთ სიცოცხლე.
      ზაფხულია.
      აგვისტოს შუა იქნება.
      მოვდიოდი სახლში დაღლილი.
      გარეთ გასვლის თავიც არ მქონდა.
      ვიჯექი და................... კროსვორდებს ვადგენდი. დიახ, კროსვორდებს ვაკეთებდი./რამოდენიმე, "რეზონანსში" და "ალიაში" იყო დაბეჭდილი. მაშინ აპოლიტიკურები იყვნენ ეგ გაზეთები./ დაახლოებით ორი თვე დამჭირდა, "გიგანტური" კროსვორდი რომ შემექმნა. ყველა კითხვა, საქართველოს და მის ისტორიას შეეხებოდა. რედაქცია ისე არ დაბეჭდავდა, თუ არ მიუთითებდი სწორ წყაროს.
      ასე, რომ ორი თვე, ენციკლოპედია და საქართველოს ისტორია, დავაბულბულე. /მანამდე, მქონდა "ბაზისი". ბავშვობიდან ვიზეპირებდი ჩვენს წარსულს./ მოკლედ, ხაზვაში ხომ "ვანგრევდი", ავიღე და ძალიან რთული სქემა ავირჩიე. ელიფსებით და მრავალკუთხედებით, დიდ "მილიმეტროვკის" ფორმატზე, ულამაზესი სქემა დავდე. სიტყვებს ვავსებდი ფანქრით. თითქმის დამთავრებული მქონდა, მხოლოდ უნდა ჩამომეწერა ცალკე ცნობარი, სადაც მითითებული მექნებოდა კითხვის დამადასტურებელი ლიტერატურა ან დოკუმენტი. დანარჩენი, ყველაფერი შევსებული მქონდა. 2222-სიტყვა იყო იმ კროსვორდში.


 


      საღამო ახლოვდება. მოუახლოვდი ჩვენს ეზოს და ჩემი ძმის მანქანას მოვკარი თვალი.
      – აუჰ, ძმა ჩამოვიდა. კაი ხანი არ მყავდა ნანახი, ყველა გახვეტილები იყვნენ ოჯახიდან. იქვე, ორი სხვა მანქანაც იდგა. – აჰა, თავისი შანტრაპა ჰყავს მოყვანილი და უბერავენ. ნეტა სად იხეთქავენ მუცლებს? ნეტა "ზალაში" არ იჯდნენ. სულმოუთქმელად ავირბინე ხის კიბის საფეხურები. "ღრიალი" "ზალიდან" გამოდიოდა. შევედი და რას ვხედავ? მოუტანიათ ოციანით ლუდი ბარიდან, თავის შავი პურით და ქვირითიანი "ლეშათი". მანამდე, 8 პარტია დომინო უთამაშიათ, ამ ჩემს "ნაცოდვილარზე". ისე, ფანქრების და საშლელის გვერდზე გადადება არ დავიწყებიათ. კარგა-მაგრა რო "გაუთეთრებიათ მილიმეტროვკა" დომინოს მოზელვით, მერე თევზიც დაურჩევიათ ზედვე.
      ჩემი შესვლაა და ერთმეტრანახევრიანი სიმაღლის ძმაკაცი ყავს ჩემს ძმას/"გაზის რუჩკებს" ვერა სწვდება, თორე, "ჟიგულის კრილოში" გამართული შედის/, ის წამოხტა და: – ვინც მოვიდა გაუმარჯოსო. ხმამაღლა დაიწრიპინა და "მილიმეტროვკას" კიდევ მოახია ერთი კუთხე და თევზის ქონით გათხიპნილი პირი მოიწმინდა.
      ეგ დღე იყო და მას მერე, მე კროსვორდი აღარ შემიდგენია.
      რაც შეეხება, კროსვორდის "მომნელებლებს", არც მე დავაწიე კარგი დღე იმ "მავნებლებს".
      დედაჩემს გადანახული ჰქონდა სამლიტრიანით ორნახადი არაყი, პაპაჩემის გამოხდილი. სპირტამდე არაფერი ეკლდა. ჩემმა მეგობრებმა "პერშინგ 2" დაარქვეს. სანამ "სასიკვდილედ" არ გამობრუჟე თითოეული, მანამდე არ მოვეშვი. აბა ნუ დალევდნენ, გაუხსნელი "ლიმონკა" მედო გვერდით და თან გასასვლელთან დავჯექი სპეციალურად. მოკლედ, დავსაჯე შესაძლებლობის ფარგლებში. მართლა ხომ არ დავხოცავდი??????
      ეხლა "მოგზაურების" შესახებ. მაგათ, დაკარგული "ჩემოდნებივით" მოუვიდათ. სამი დღის მერე გამოჩნდნენ: ჩავედით და კარქათა ვაართო. ჩემებს რომ არ დაერეკათ, ეგენი კიდე კაი ხანი არ ამაიღებდნენ ხმას.


– 28 –


      გაგიმარჯოთ ყველასა. აბა, "ცოტა" დრო მააქვს და "შაუბეროთ"??? "ენტეეს"-ები თუ გახსოვთ, სოფლებში რო იყო ადრე? კარგი, ვისაც არ გახსოვთ და ვინც არ იცის ეს "აბრევიატურა", ეხლავე "გავშიფრავ" ამ სიტყვის მნიშვნელობასა. "ენტეესი", ყველა სოფელს ჰქონდა, იქ იყო თავმოყრილი, ყველა სასოფლო-სამეურნეო, მოძრავ-უძრავი "აგრეგატი", ანუ კომბაინები, ტრაქტორები, "ბულდოზერები", "ზილები" და "გაზიკებიც", რა თქმა უნდა "კამაზები"-ც იდგა "ყოველი შემთხვევისთვის./მა რუსეთში, ვაშლს რითი წაიღებდი?/ ამ "კოლექტიურ საბჭოთა ორგანიზაციას", ემსახურებოდა სამედიცინო პერსონალი, ჰქონდათ მედპუნქტი, იყო სატელეფონო კავშირი დედაქალაქთან, იყო ავტო-ნაწილების საწყობი, ბენზინ გასამართი სადგური და რაც ყველაზე მთავარია, იქ იყო სასადილო დღისით და საღამოს უკვე "რესტორანი", სახელად "ცოლის ცრემლები". ჰოო, რა გეღიმებათ? ენგრე ერქვა. "ჩანჩურა" ერქვა შეფ-პოვარს. მაღალი იყო და ღიპიანი, თანაც ძლიერ მუქი კანის ფერით განირჩევოდა ქართველთ ჯიშისაგან.
      მოკლედ, მაგარი უშნო ვინმე იყო რა და თანაც ყია-მყრალი, უშნო ენა ჰქონდა, სუ იგინებოდა.
      ორშაბათი დილა გათენდა, წინა შაბათ-კვირა უბნელის ქორწილში გავატარეთ, კაი პური ვჭამეთ, რომ იტყვიან. ორშაბათია და "ნამუსიც კაი საქონელიაო", ისევ ხომ არ მივადგებით ოჯახსა? კრება გაიმართა სოფლის ბირჟაზე, საით გავაგრძელოთო? "უნივერმაღში" ჩავიდეთ, ახალი გახსნილია, "ლეშა" და ჩამოსასხმელი "პივა" ახალი შემოტანილი ააქვთო. ჰოოოო, გახსნა არც აცალეს, ენგრევე "პივნოი" გახსნეს პირველ სართულზე. ეგაო შორსა არისო. /სოფელი ძალიან დიდია./ მაშინ, "ენტეესში", ჩანჩურასთან ჩავიდეთ და კაი ქეიფიც იქ გავაგრძელოთო.
      წავედით ფეხით. შორია მაინც, დაახლოებით 2 კილომეტრია. ჩავედით. დაგვინახა და "მოგვესალმა":- რასა გევხართ თქვე ჩემის თვრამეტიანებოოო. მივედი და "ზაკაზს" ვაძლევ: -გივი ჯიგარო, ბლომად ხინკალი და ქაბაბიც ზედ მოაყოლე, ლუდი კიდევ, რაცა გაქვს, სუ გამოიტანე და დაგვიდგი სუფრაზე, არაყი ჩამოტანილი გვაქვს, არ შეწუხდე. /ნამდვილი სახელი გივი ერქვა და თანაც ბიძაჩემის ბავშვობის ძმაკაცია./ მიუბრუნდა და ბიჭებს ეუბნება: – ეს მომაშორეთ აქედან, თორემ დაღრეჯილებს დაგტოვებთ.
      გამოვეცალე.
      ჰოოო, მართლა. "ჯიღარო" აგვეკიდა "სასტავს". ისე, ნამდვილი სახელი მერაბი ჰქვია, მაგრამ გინახავთ სადმე, სოფელში მაინც, ვინმეს თავის საკუთარ სახელს ეძახდნენ? ჩვენი "ჯიღარო"-ს ამბავიც ასე მოხდა, ბავშვობისას "ჯიგარო" ვერა სთქვა და დეერქვა კიდევაც "ჯიღაროი". ისიც ხომ გახსოვთ, მერაბა – ჯიღარო რა მაგრა უკიდებს ენასა? ეს ის "ჯიღარო"-ა, რომელიც ხიზილალის თეფშს, ერთი გაქნევით თონის პურზე, უმარცვლოდ რო ტოვებს თეფშსა. ვზივართ ხინკლის მოლოდინში და ნალექიან "ჟიგულევსკოეთი" ვიჭყიპებით, თანაც ქართლურ ჭაჭას ვაყოლებთ მშრალზე. შავ-თეთრათა ვხედავ არემარეს, ძიენ ნაბახუსევზე როცა ვაარ. მერეა კიდე და ფინთი ჰაზრები მამდის ხოლმე თავში.
      ეს ხინკალიც იგვიანებს და გამოვთვალე ყველა წამი, გავითვალისწინე რა "ჯიღაროს" მჭერმეტყველება, ანუ შეკითხვა დაუსვი ისეთი თანამიმდევრობით, რომ აუცილებლად რაღაც უნდა მომხდარიყო.
      მიუტრიალდი და ვთხოვე: – მერაბ, სთხოვე რა ჩანჩურას, ამ დილაადრიან, შემთხვევით, ხაში ხომ არ გაქვსო? მერაბოც ადგა და წავიდა. ზუსტად ისე შეეკითხა, როგორც გავითვალისწინე. ეკითხება:
      – აააამ დდდილით, შშშეემმმთხვეეევიიიიით, ხახაში ხო არრრა გგგაააქვსო?
      – ხახაში თქვენა გაქვთ, თქვენიო. გადმოკვიკურთხა იქიდან. როგორც იქნა და გვაღირსა ხინკალი.
      – მერაბო, მიდი რა პილპილი სთხოვე.
      მივიდა და ეკითხება-პი-პი-პი-პიპ-პიპ-პი-პილპ. იმანაც არ დააყოვნა: – წადი და გადი აქედანა, წადი შე შობელძაღლო, იქით მოატრიალე, აქ ნუ მისიგნალებ, აქა თეფშები არ დამიმტვრიოოოოოო.
      ეჰ, კაი დრო იყო მაგი დედა ვატირე რაააააა.


– 29 –


      "პატარა" შესწორებას დავწერ. აი, ის ჯამი, რომელშიც კიტრი და "ტომატი" აწყვია, თბილისიდან არის ჩამოტანილი, "ყოფილი" ჩვენი სამზარეულოდან. ყოველ წელიწადს, როცა "მშობლები" ჩამომდიან, მოაქვთ ხოლმე ჩვენი "ყოფილი" კუთვნილი. 50 ლიტრიანი ქვაბები ჩამომიტანეს. "ზედადგარი" ჩამოვატანინე ბოლო-ბოლო. /ხალიჩებზე და ენგრეთ რამეებზე, გადავაფიქრებინე "ინსაათშივე"./
      ისე, რა ნელ-ნელა მისტუმრებენ სახლიდან, აზრზე ხაართ? ეჰ, მე მგონი ვრჩები "აქა" და მიშველეთ ხალხნი არა ხაააართ?


 

– 30 –


      აქა მშვიდობა. ესეც შეპირებული სურათები. პირველ სურათზე, "რთველის დასაწყისია". მეორეზე, ხედავთ თუ როგორ დაისხა ამ დალოცვილმა./ბოძი მოტეხა და დროებით სხვა საყრდენით მქონდა გამაგრებული. მომავალ წელს, რკინის მილებისგან შევკრავ ხეივანს. მესამე სურათზე, ჩემს პატარა "თაგუნიას" ხედავთ. დილაადრიან დავიწყე კრეფა და არც "დააყოვნა", საძილე "შარვალ-ხალათით" მოკრიფა ერთი სათლი. მთელი დღე არ მომცილებია გვერდიდან./ეგეც ჩემსავით "მოწამლულია", ვაზის და ყურძნის სიყვარულით./ შემდეგ სურათში, ჩვენს მოსავალს ხედავთ. დაახლოებით 10 სათლი "დირბულა"/"დარდის წამალი" დავარქვი./ და 2 კიდევ, ჩვენი ატენური/ამას "ბულბულის ცრემლებს" ვეძახი./ ბოლოს, ასე "წამართვა" პირველი მტევნის გაჭყლეტვის უფლება, ჩემმა "ინფარქტმა". ძალიან მომეხმარა და არ მომშორებია საერთოდ.
      ისიამოვნეთ და შეგარგოთ.


 

 

– 31 –


      ეხლა თქვენა თუ აკვირდებით, სადა ვდგევარ და საიდან უყურებ თამაშს? ენგრეა როგორც გეუბნებით: – ელჩებს პატივსა სცემენთქო. ძალიან საინტერესო თამაში გამოდგა, "ჩვენებმა" მოიგეს. /არ ბიჯო ჩვენი ფეხბურთელები არიან, რო გვარცხვენენ ყოველ თამაშზე./ პირველად ვიყავი ამერიკულ ფეხბურთზე და ისიც ლოჟაში. თქვენ არ დაგიწყებთ "ბაქი-ბუქს", მაგრამ ამათ, ვისთანაც ერთად ვმუშაობ, ვაგიჟებ ხოლმე. ხალხი დაბერდნენ და ვერც წარმოუდგენიათ, "ლოჟაში" ჯდომა. აქ, ფულზე არ არის ლაპარაკი. კლუბის წევრობა, ამათი "ფეხბურთის" ვეტერანები, საუნივერსიტეტო ქალაქია, კიდევ ამათი პროფესორები, მერეა და მერია, სამეგობრო-საძმაკაცოები აქაც იციან. მოკლედ გაგვიმართლა.
      მე და მეუღლე მიგვიწვია უნივერსიტეტის ფონდის პრეზიდენტმა ./ჩვენ ვართ მარტო ქართველები ამ ქალაქში. საკმარისზე მეტად გვიცნობენ. რათქმა უნდა მეუღლის მხრიდან./ ადრეც დავწერე, სამჯერ იყო ინტერვიუ ჩემს მეუღლესთან, რომელიც აქაურ, სამ სხვადასხვა გაზეთში დაიბეჭდა.
      ამ შტატის უნივერსიტეტში, ჩვენი ქვეყნის დროშაც არის გამოფენილი, რომელიც ჩვენ მივართვით.
      მეორე დღეს თბილისში მოფრინავდა, სამი კვირა დარჩება. ვეხვეწე, წამიყვანე ბიძია-ბაბუა, მთელ საქართველოს მოგატარებ, სულ დაგათვალიერებინებ მთელ ქვეყანას, ჩემნაირ თანამგზავრს ვერ იპოვითქო. ჰოოოვო, მითხრა და მეორე დილით დამეთესა.
      ეს თამაში შაბათს იყო. კვირა დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საზოგადოების წარმომადგენლებთან ქალაქის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. დაახლოებით 100 ადამიანი დაესწრო შეხვედრას. ჩვენი ქვეყანა წარვადგინეთ. მოვამზადეთ სლაიდები, სურათები, მოკლედ კოლაჟი გავაკეთეთ და გავაცანით ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულ 100 ამერიკელს. შემდეგ იყო შეკითხვები ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომლებსაც ვპასუხობდით. კიდევ ერთხელ არ "ვიბაქიბუქებ" და ვიცი ჩემი ქვეყნის წარსული. ამომწურავი პასუხი მიიღეს ყველა შეკითხვაზე. /სხვათაშორის, აქ დადებული ბევრი ფოტო გამოვიყენეთ./ ქართული სუფრა და სამზარეულო აინტერესებდათ. უკეთესს რას შევთავაზებდი.
      რო მააყრით ხოლმე, კი არ დამვიწყნია.


– 32 –


      აბა მითხარით, ამ "რეცეპტების" დაკარგვა იქნებაააააა?
      ყველა ხინკლის მოყვარულ და მონატრებულ ქართველს, ჩემებურად გაკეთებული ხინკლის "რეცეპტი". /ცოტა ხელი შემეშლება აბზაცების გამო, მაგრამ მაინც გაგახარებთ/
      სხვადასხვანაირადაც ვიცი, მაგრამ ეხლა ამას დაგიწერთ. თანაბარი რაოდენობით, საქონლის და ღორის გატარებული ხორცი, თითო კოლო ორივე "კატეგორიიდან", გააქვთ უკვე ორი კილო ხორცის მასა, რომელსაც "ქვეყანა რამე-რუმეებს" დაგამატებინებთ. მე, წითელ ხახვს ვამჯობინებ, 2 ცალი საშუალო ზომისა და 4-5 კბილი ნიორი, ნამეტანი უხდება მაგ ხორცის რაოდენობას. ამასთანავე ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი და ოხრახუში/"პეტრუშკა"/. ეს ყველაფერი, უკეთესი იქნება, რა ჰქვია ამ "მანქანას" სახელს ვერ ვიხსენებ, მოკლედ ერთად ნაკუც-ნაკუწ აქციეთ. იცით რასაც ვგულისხმობ. გადაურიეთ ხორცში, არ დაიზაროთ მორევა სჭირდება. ვამატებ ხოლმე უცხო სუნელსაც, დაახლოებით სამი თითით რამდენსაც ამოვიღებ, ორჯერ მოვაყრი ხოლმე, უმატებ ძირასაც, /აქ ამერიკაში ვინც ხართ, ძირა არის CINNAMON, ყველგან იყიდება/, რაც უფრო მეტად გადაზელთ ერთმანეთში უკეთესია. ეხლა მთლად მთავარი: ხინკალი წვნიანი თუ არ არის, მე მაგას "პერაშკს" ვეძახი. გავხადოთ წვნიანი. იმ რაოდენობას, რომელიც მოგიგროვდათ, თავისუფლად შეგიძლიათ დაასხათ, დაახლოებით 2 ლიტრი წყალი, თანადროულად ურიეთ ნაზავი, როცა შეატყობთ წყალი შეისრუტა ფარშმა და ფაფას დაემსგავსა, შესდექით ქართველნო და მარილზეც იფიქრეთ. მარილი გემოვნებით შეაზავეთ, მწეველებს და ყავის მსმელებს გირჩევთ, სხვას გაასინჯოთ სიმლაშე.
      ეხლა, გააქვთ დრო ამოისუნთქოთ. გადაანაწილეთ ეს ნაზავი რამოდენიმე პატარა ქვაბში და დურთეთ საყინულეში. დიახაც საყინულეში. /მერე გეტყვით რატომ/ სულ რაღაც 5 წუთში ცომის მოზელვა უნდა დაიწყოთ. წადით გააბოლეთ, ყავა დალიეთ, დაქალს არ დაურეკოთ, თორემ ვიცი თქვენი "5" წუთი მე.
      მოხვედით? ეხლა დიდი შრომა მოგიწევთ. მაგ ფარშისგან დაახლოებით 120-130 ცალი უნდა გამოგივიდეთ, ეს თქვენთვის თუ აკეთებთ, თუ ვიღაცეებისთვის /ჩაცეცხლონ და წაეთრენო, მაშინ 160-ზე მეტსაც მოახერხებთ./
      დაახლოებით 2 კილო ფქვილი, თბილ წყალში მოზილეთ, არავითარი კვერცხი და წებო კიდევ. მარილიც უქენით ცომს. დიდხანს უნდა ზილოთ, მანამ სანამ? არ გამაგრდება ცომი, ანუ თითს რომ დააჭერთ, ცომმა უკან უნდა ამოიწიოს "დაჭერილზე". დაახლოებით 50-ჯერ მოგიწევთ გაბრტყელებულის ისევ გადაბრტყელება. უმჯობესია სამად გაყოთ და ისე უფრო გაგიადვილდებათ ფირფიტების გასწორება.
      გაქვთ უკვე პირველი ფირფიტა, რომელიც კაი მოზრდილი ლავაშის ხელაა, აიღეთ ჭიქა /სასურველია პლასტმასის იყვეს, არ გატყდება დაჭერისას და მეც შარში არ გავეხვევი თქვენთან ერთად./
      მიყევით და დაჭერით ცომი პატარა რგოლებათ. დაახლოებით 35 გამოგივათ, ერთი 20-ლიტრიანი ქვაბისთვის საკმარისია. დამხმარე გჭირდებათ აუცილებლად, ვინც ამ რგოლების გაბრტყელებას დაიწყებს, დაახლოებით DVD დისკის ზომაზე /შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ/ ამასობაში, წყლით ნახევრად გავსებული ქვაბი, აუცილებლად სწრაფ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, იქაც მარილის ჩაყრა მოგიწევთ.
      ჰო, ვიცი, გასვლა გინდათ, მოასწრებთ თითო გაბოლებას კიდევ. უკვე, ლუდის ბოთლსაც გავხსნიდი, თქვენს ადგილზე, რომ ვიყვე. მზად გვაქვს სიფრიფანა ცომის ნაჭრები. დავიწყოთ შეხვევა.
      რა ადვილია არა, შეხვევა? დიახთც ადვილია. მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელის იგივე თითებიდან მოწოდებულ ცომის წიბოებს, გამალებით ვასრისავთ ერთმანეთზე. მერე ისე გავარჯიშდებით, 10-დან 9-ას, 19 ნაოჭიანს გააკეთებთ. წყალი დუღს უკვე, წავედით ჩავყაროთ. კუჭის მხარე, ხელისგულზე დავიდოთ და ისე გაუშვათ მდუღარეში, ვეცადოთ ერთ ადგილზე არ მოვაგროვოთ ყველა. ჩაყრა და ქვაბის შემოტრიალება რამოდენიმეჯერ აუცილებელია, ამასთანავე ციცხვით /ხის გრძელი კოვზით/ თუ ისარგებლებთ მოსარევად, უკეთესი იქნება, ნაკლებად დააზიანებთ. მოგიწევთ ქვაბთან ყოფნა, მალ-მალე მორევა სჭირდება, ერთმანეთს და ძირს, რომ არ დაეკრონ.
      სულ რაღაც 3-4 წუთში დაიწყებენ ჩვენი ხინკლები ზედაპირზე ამოსვლას თავდაყირა, დააცადეთ დაახლოებით 2 წუთი და მერე ამოკრიფეთ ქაფქირით. მაცივარში ფარშის შენახვამ, უამრავი დრო დამიზოგა, შეხვევისას ფარში იყო შეკრული, აღარ ვწვალობდი და ხინკალიც წვნიანი გამოვიდა. ხინკალისათვის, ლუდზე და ჩვენს ჭაჭაზე საუკეთესო მისაყოლებელს, მე სხვა ვერაფერს შემოგთავაზებთ. ალალი იყვეს, ეს დახარჯული დრო, რომელიც მე ამის დაწერას მოვანდომე, ყველა ქართველისთვის, ვინც ამას წაიკითხავს. ეს ყველაფერი, ჩემით ვისწავლე, უამრავი "ექსპერიმენტების" შემდეგ, გავხდი ხინკლის კეთების "პროფესიონალი", იმიტომ რომ ხინკლის გარეშე ვეღარ ვსუნთქავდი.
      შეგარგოთ ყველას.


– 33 –


      აბა, მზათა ხაართ? მოიდა შეპირებული "ოსტრი". ისე, ვიდეო ხომ არ გადამეღო და ისე დამედო ჰაა? კარგი, წერა მეზარება, მაგრამ პირობა, პირობაა.
      დაახლოებით, 2 კილო საქონლის ხორცი, ვისაც პატარა და აუცილებლად ღრმა ტაფა გაქვთ, ერთი კილო იყიდეთ და მერე გაანახევრეთ ყველა ინგრედიენტი, უკეთესი იქნება თუ ცოტა ქონიანს აირჩევთ. "გრუდინკას" ეძახიან ჩვენთანა. აქა, აზრზე არ არიან, რასა სჭამენ. აქ კიდევ არის არჩევანი, თხლად დაჭრილიც იყიდოთ. მოიტანეთ და მაგრა "სცემეთ", ანუ დაბეგვეთ. მერე პატარა კუბებად დაჭერით, დაახლოებით...............ჰო, ბავშვების კამათლების ზომაზე. სასურველია მოზრდილი და ღრმა ტაფა აირჩიოთ. თქვენ აზრზე არა ხართ, რამდენი რამე უნდა ჩაგაყრევინოთ შიგა. შედგით საშუალო ცეცხლზე ან კიდევ ელექტროქურაზე. მწეველებს და ყავის მოყვარულებს, ზუსტად ორი წუთი გაქვთ "სიამოვნებისათვის". მერე, დაიწყეთ ხახვის დაჭრა, / ბირჟავიკები რო თამაშობენ ნარდს, იმხელა კუბებად,/ ორი საშუალო ზომის წითელი ხახვი დასჭირდება მაგ სასუსნავს. მიაყოლეთ "გაპარსვის დონემდე", თხლად დასერილი 4-5 კბილი ნიორი. კიტრის პიკულებიც მოიძებნება მარკეტებში. ჰოდა, ორი ცალი პაწაწუნა, თხლად დასერეთ და დაანაკუწეთ მონარდეების კამათლის ზომამდე, მაგას ბულგარული წიწაკაც უხდება, მწვანე სჯობია, ნახევარი საკმარისი იქნება კერძისთვის, ეგეც, ეგნრე უნდა დაჭრათ, როგორც პაწაწუნები.
      ამ დროში, თქვენი ნახარში დუღილს დაიწყებს. ყოველთვის ყურადღებით იყავით, არ ჩაგექაფოთ /დაიმახსოვრეთ: – ანუ, ქაფი როცა მოსახდელია, უნდა მოხადოთ, დაქალი თუ ძმაკაცი, ტელეფონზე რო რეკავენ, მერეც დარეკავენ./ ეცადეთ მოასუფთავოთ ზედაპირი ქაფისგან. მოვიდა დრო ჩაუშვათ /რას ეძახიან იმ ჩემის თვრამეტიანებს? ჰო ვეგეტერიანელებს /ბუნებრივი ვიტამინები. რაც მანამდე გავამზადეთ, ერთი კიდევ უნდა დავამატოთ, დაფნის ფოთოლი აუცილებელია, დაახლოებით 4-5 ცალი ჩააგდეთ და მიაყოლეთ ხახვი და ნიორი. ცოტა დრო გააქვთ კიდევ, მაგრამ სჯობია, გარშემო მოისუფთავოთ არემარე, ამოდუღდება რამოდენიმე წუთში და მიამატეთ, უკვე გამზადებული პიკულები და ბულგარული წიწაკა.კიდევ გაქვთ დრო, სულ ცოტა, გამოაღეთ თახჩა და გაიმეტეთ ერთი ჭიქა merlot /არამსმელებისთვის: ესა წითელი ღვინოა/ ამ კერძისთვის ნებისმიერი წითელი ღვინო ივარგებს, პორტვეინი არ ჩაასხან, ქართულად მოლაპარაკე რუსებს უთხარით რა. უნდა გქონდეთ, პომიდვრის პასტა, აქ იყიდება ნაირნაირი, მაგრამ მე გირჩევდით clasic-ს, ცოტა კეტჩუპიც დაამატეთ.
      დააკვირდით, თუ ცხიმი აკლია, უმჯობესია, ზეითუნისა გაურიეთ, შეატყობთ, დიდი და სქელი ფენა არ გააკეთებინოთ ზედაპირზე /ბევრი არ მოგივიდეთ რა/. ბოლოს მიდის "დიდძალი" ქინძი და პეტრუშკა". ოხრახუში დაიტოვეთ, როცა, "მათლაფებზე' გადმოიღებთ, ზემოდან მოაყარეთ. დაგრჩათ, მარილით და წიწაკა-პილპილით შეზავება.
      აი ამას, ქართველებს არასოდეს არ გასწავლით და არ გირჩევთ, თქვენ უკეთესად იცით, რაც გესიამოვნებათ, ისე შეაზავეთ.


– 34 –


      ეს კიდევ, ქაბაბი "ჩემებურად". კოწახური, უკვე შემწვარს უნდა მოეყაროს, ლავაშში გახვევისას. მე "ენგრე" ვიცი. =lol=
      ფარშს კიდევ, იგივე "ინგრედიენტებისგან" ვამზადებ, როგორიც ხინკლისთვის დავწერე, მხოლოდ ღორის ხორცის გარეშე. საქონლის ხორცს, ცხვრისას უმატებ. ესენიც თანაბარი რაოდენობის უნდა იყვეს.
      თუ გინდათ, რომ შამფურზე გააჩეროთ, ფარში ბევრჯერ უნდა გადაიზილოს, მარილს და მწვანილეულს დიდი მნიშვნელობა ააქვს კიდევ. ნაკლებად გამოიყენეთ, არავითარი კვერცხი და "წებო", ბევრი ზილვა უნდა. თუ ერთი ღამე მაცივარში გააჩერებთ, უკეთესი გამოვა. ყოველთვის ეცადეთ, ახალი ხორცით დაამზადოთ. შემწვარ ქაბაბს: ლავაში, წითელი ხახვი, ოხრახუში, კოწახური და საწებელი უხდება.
      რაც შეეხება საწებელს, წითელი ტყემლითაც გემრიელია, მაგრამ მაშარაფით უკეთესად დააგემოვნებთ.
      ტომათითაც შეიძლება ჩვენებური საწებლის გაკეთება, ჩვეულებრივი ტომატის პასტა, ბლომად "golden gate park"-ის მცენარეები /სანფრანცისკოშია ასეთი პარკი, სადაც მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა მცენარე ხარობს/ =lol= შეაზავეთ გემოვნებით, გადაახვიეთ და მიირთვით.
      რათქმა უნდა, არ დამავიწყდება: – შეგარგოთ! =ae=


– 35 –


      "დასვენება" რაჭაში.

      მოვლილი მაქვს ფეხით, საქართველოს ბევრი კუთხე-კუნჭული. სად აღარ ვყოფილვარ, რა ხალხთან არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ რაჭველები რომ მართლაც კეთილი და ალალი ხალხია, ყველა დამეთანხმებით. შოვში ვისვენებდით ხოლმე ზაფხულობით. ესეც, ჩემი უმცროსი შვილის ჯანმრთელობის გამო, ფილტვებზე ჰქონდა გართულება და შოვზე უკეთეს ადგილს სად ვნახავდით. მოკლედ ყოველ წელს, დაახლოებით ორი თვით მაინც, მიმყავდა ოჯახი და ვქირაობდით კოტეჯს. იმ ორ თვეს ვინაწილებდით, სიდედრიკო და სიმამრი იყვნენ ერთი თვე, მერე მე და ჩემი მეუღლე ავდიოდით ხოლმე. წასვლისას ავკიდებდი საბნებს, გაზის ბალონებს და ათას ხარახურას სიმამრიკოს და მე როცა მივდიოდი, კარქა ბლომად დაგრუზული, ღვინით, შამპანურით, კახური ჭაჭით და რათქმაუნდა ლუდით მქონდა მანქანა გადაჭედილი.
      ეხლა რა ხდება, ეს კოტეჯები ერთმანეთზეა მიბმული, ანუ გვერდით ოთახში ვინმეს რომ დააცემინოს, თავისუფლად შეგიძლია ჯანმრთელობა უსურვო და ისიც არ დააყოვნებს მადლობის გამოგზავნას. მაგრა შეხმატკბილებულები ვისვენებდით.
      ერთხელ ისე მოხდა, გვერდით "ნომერში", მრავალშვილიანი ოჯახი დაბინავდა. ხუთი თუ შვიდი ბავშვი ჰყავდათ. იმათ დედას, დღედაღამე ეძინა და ჩვენი მოსავლელები იყვნენ ის ბავშვები. იქვე, მდინარე ჩამოდის, ვაიდა წასცდეს რომელიმეს ფეხი? წადი და ეძებე მერე რიონში, ანუ ქუთაისში უნდა დაელოდო. ერთი იყო კიდევ, ამ ბავშვების შემქმნელს, ძალიან ფინთი ჩვევა ჰქონდა. პარასკევს საღამოს, მოქოქავდა თავის "ბუტკა მასკვიჩს", შეტენიდა "კუზაოში" თავის საძმოს, 50-აათ ლიტრიან წყალწყალა ღვინოსთან ერთად და მოაქროლებდა ამ "ჩანკარანკას" იმ დარღვეულ გზებზე ცოლ-შვილებისაკენ. ნახევარს გზაში სვავდნენ. რო მოიდოდნენ ხოლმე, უკვე ამოტრიალებულები იყვნენ. "ღრიალებდნენ" მერე კოტეჯის წინ და მოსვენებას არ აძლევდნენ პატიოსან-წესრიგის მოყვარულ დამსვენებლებს.
      ერთხელ მეუღლე მეუბნება: - წადი მიხედე, თორე ამაღამ არ დაგვაძინებენო. გავედი და თან ჩემი ღვინოც წავიძღვანიე. შემოსწრებისა რაღაცა დიდი "ლახანკა" დამალევინეს და მერე ვთხოვე, ჩემი ღვინოც გაესინჯათ. წაღებული მქონდა ნაღდი კახური რქაწითელი, ბომბივით ღვინო რასაც ჰქვია. ლიტრა ნახევარზე, მამის მოკვლა რო მოგინდება, ეგეთი რაააა. საზამთრო ეგდო გვერდზე, გადავჭერი შუაზე, გამოვაცალე გული და ჩავასხი ღვინო შიგნით. ოთხნი იყვნენ, ოთხივეს დავალევინე. ორი დღე გაუნძრევლად იწვნენ ბალახზე. მაგის მერე, რო ამოვიდოდა ხოლმე ქმარი, გასუსული დადიოდა, არიქა "ეს არ გამოვიდეს თავის ღვინითაო".


– 36 –


      მოგონებები რაჭაზე.

      ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი შოვში ყოფნისას.
      ერთი ასეთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. საღამოობით დავანთებდით ხოლმე კოცონს, მივუჯდებოდით ჩვენი უჭულ-ბუჭულებით, ვყვებოდით ჩვენსას, სხვისას, თან პურსაცა ვჭამდით და სადღეგრძელოსაც ვამბობდით ღვინით.
      ერთხელაც ისე მოხდა, ჩემი ჭკუის ხალხი შემხვდა. ერთი იყო იმ დროს ეკოლოგიის დაცვის სამსახურის უფროსი, მეორე კიდევ ძირძველი რაჭველი მონადირეების შთამომავალი.
      უკვე ხვდებით, რა საუბარიც წავიდოდა. ბევრი ვილაპარაკეთ და ბოლოს ვთხოვე, თუ შესძლებდნენ, ერთად წავსულიყავით სანადიროდ არჩვზე. არ არის პრობლემაო, ხვალ უთენია წავიდეთო.
      სამი საათიც არა გვძინებია. წამოვარდი გამთენიისას და დავადექი თავზე, არიქა დაგვაგვიანდა, წავედითთქო. მე არ მქონდა მაშინ წაღებული იარაღი.
      გამოვიდნენ ორივე, "ესკაესები" ჰქონდათ, ორი გონჩი, მაგრა დაგეშილები, მოკლედ გავემზადეთ უცებ და შევთავაზე, რამდენსაც გაქაჩავს ჩემი მანქანა, იმდენი მაინც ავიდეთ და მერე ტყეში დავტოვებ, ჩამოსვლისას გაგვიადვილდება დაბრუნებათქო.
      დავიძარით.
      იცით თქვენ, მონადირეები ვინც ხართ და ასეთ შემთხვევაში სიგარეტს თავი დავანებოთ, კუჭში გასვლაც აკრძალული გვაქვს. კარგა ბლომად ვიარეთ, ნაძვნარი უკან მოვიტოვეთ, კლდე-ღრეს მივადექით. გვიწევდა ძრომიალი დამრეც კალთებზე, მახსოვს ავძვერით ისეთ ფერდობზე, როცა წყალი გადიოდა ხელებს შუა.
      ავცდით ამ "ბარიერს" და დაიწყო დაგვაჯული ხეების გაუვალი ფერდობი, თან სიმაღლეში ავდივართ. ამასაც ავცდით. მერე რაც მე ვნახე, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება, თითქმის ორი მეტრის სიმაღლე "ბალახი". ყვავილებით გადაპენტილი უშველებელი სივრცე და ის სურნელი რაც იქ იდგა, ეხლაც მახსოვს.
      ბიჭებმა ყურადღება მიაქციეს გათელილ ბალახს, დათვს უგორავია და თან მოუსაქმია კიდევაც. ფუნას დააკვირდა ვეფხვია და ენგრევე დიაგნოზი დასვა: - ეუფ, 450 კილოა, ჰაა-ჰა 500 იყვეს, მოვძებნოთ სად არის ეხლაო.
      - ჯიგარო და ძმაო, აჰა შენა ეს დურბინდი და ეს წუპაკი ძაღლები, მაიტა შენი ავტომატი და მერე დავიწყოთ იმ ხუთას კილოიანის ძებნათქო.
      რა ენაღვლებათ, ორივეს "ესკაესი" უჭირავს, მე კიდე "პაგრანიჩნიკების" ბინოკლი და ორი მშიერ თვალებგამოკარკლულ გონჩს ძლივს ვაკავებ. გადავაქოთეთ ორი კილომეტრის რადიუსი და ვერაფერი ვერ ვნახეთ.
      გავაგრძელეთ გზა არჩვებისაკენ. ამ საამურ სურნელს და სილამაზესაც ავცდით და მერე დაიწყო არ დავიწყება. სალი კლდეები, დაჩეხილი საუკუნეებისაგან, მაგრამ მაინც რომ დგანან. დგომა ერთია, მაგრამ აი ისინი დგანან, თუ რასაც დგომა ჰქვია.
      ო რა პირქუშები და მკაცრები არიან. უძლიერესები, დამუხტულები ენერგიით და გიმზერენ შენ, როგორც პატარა არარაობას.
      დაახლოებით ოთხი კილომეტრის დიამეტრზე, ეს ულამაზესი პანორამაა გადაშლილი/მადლობა ღმერთს, რომ ადამიანებს მოგვცა სილამაზის ფართოდ დანახვის საშუალება./
      ამ კლდეების ძირში, ასეთივე ფართობის ყინული-თოვლის დიდი ფენა დევს, რომლიდანაც წვეთ-წვეთად ჩამოდის თითო გამჭვირვალე წყლის კრისტალი, რომლებიც მერე გროვდებიან და დაახლოებით 50 მეტრში ქვემოთ, უკვე პატარა ნაკადულად მოედინება, საიდანაც ერთი პეშვი წყლის დალევაც შეუძლებელია, ძალიან ცივია.
      სასწაული სანახავია.
      წაღებული გვქონდა საჭმელი. რაჭველების განთქმული ლორი, ყველი, თონის პური და ერთნახადი არაყი. /დალევას არ ვეთანხმები ნადირობისას/ თითო ჭიქა ვთქვით ჩვენი ქვეყნისა და დანარჩენი დრო, ვიდექი მთის თავზე და უკვე ისე ვიყავი, ვერავინ და ვერანაირი ძალა ვერ წამართმევდა დურბინდს. გადმოვყურებდი, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის ულამაზეს კუთხეს, დახატულ რაჭას.
      დავბრუნდით ხელცარიელნი. არ შეგვხდა არაფერი. მეც მეტი რა მინდოდა? მივადექი და "გავასწორე მიწასთან" ორივე.
      საღამოს ჩამოვედით, დავეშვი სოფელ გლოლაში და ერთი მოსახლისაგან ვიყიდე თხა. ამოვედი, დავკიდე, მოვხარშე და ბიჭებიც გვერდში დავისვი. არ მოვუსვენე, მაინც "გავკრავდი" ხოლმე კბილს, ვითომ ხუმრობით, თუ რა ტყუილად მატორღიალეს აღმა-დაღმა.
      მშვიდობით და კეთილად ჩავამთავრეთ ღამე.
      მეორე დილით, ნაბახუსევზე დასაპატიჟებლად ჩავაკითხე ვეფხოს. მეუღლემ მიპასუხა: -გათენებული არ იყო, წამოიკიდა თოფი, წამოყარა ძაღლები და მთაში წავიდაო.
      საღამოს, ხელდამშვენებული დაბრუნდა.
      იმ საღამოს მე ვიჯექი ჩუმად, სამაგიეროდ არჩვის მწვადს გეახლებოდით.


– 37 –


      დალოცვილ კახეთში უნდა "წაგიყვანოთ" ეხლა.

      შობა მოდის იანვრის შვიდში. ახალი შეუღლებული ვარ. დაგვპატიჟეს დალოცვილ კახეთში. თელავთან მიბმულია ის სოფელი, შალაური ჰქვია. წავედით. ისე მოხდა, რომ პარსაკევს საღამოს ჩავედით ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის პაპა-ბაბოსთან.
      გათენდა ლამაზი დილა, სუსხი აქვს, მაგრამ კავკასიონიდან ისეთი სილამაზე გიყურებს, გითბობს გულს და გახარებს ქართველს. ამავე დროს იძულებულს გხდის, ადგე ფეხზე და შეირგო ცხოვრება. ელოდებოდნენ დანარჩენ ოჯახის წევრებსაც. უნდა ჩამოსულიყვნენ უმფროსი სიძეები თავიაანთი მონაგრითა და მერე კიდე უმცროსებიც უნდა მოსულიყვნენ პატარა უჭულ-ბუჭულებით. ამასთან ერთად, შვილიშვილები უნდა ჰხლებოდენ პაპაი-ბებოი ოჯახსა.
      მოხდა ისე, რომ ოთხი კაცი ვართ დილაუთენია საღორესთან.
      ჩემმა სიმამრმა, ქათამს რო ჰკლავენ იმას ვერ შევხედავო და ამ "მკვლელობას" ვერ დავესწრებიო, წავიდა და აივანზე გადაინაცვლა ტახტზე /ტახტები ყველას აქვს "პლოშადკაზე"/. წამოიხურა დათვის ტყავი და იქიდან გვიმზერს. ვინღა დავრჩით?
      ჩემი მეუღლის პაპა, რომელიც შრომამ და ცხოვრებამ გამოლია მთელი 80 წელი, მეუღლის დეიდაშვილი, რომელიც პირველად არის "ღორის ქელეხზე" და მესამე, თქვენი ძმა-ელჩი.
      გამოსავალს ვერ ვხედავ, ღორი უნდა დაიკლას, მაგრამ მაგასაც თავის წესი, რომ აქვს, ბევრი დამეთანხმებით. 200 კილოზე მეტია ბოლობოლო.
      სიმინდის ღერღილით გამოტყუებულს, წავფხანე მუცელზე და დავიხელთე უკანა ფეხი, ამოვატრიალე და დავითას ვთხოვე დამხმარებოდა, მეორე ფეხი ჯვარედინად გადეჭდო და დაეჭირა უკანა ფეხები. წინა საყრდენი ფეხი, მარცხენა ხელით მიჭირავს და პაპას ყურით ჰყავს დაჭერილი ამხელა ცხოველი. მარჯვენაში, გალესილი ინგლისური სტილის გრძელი დანა მაქვს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში უნდა მოხდეს, რადგანაც "დამსწრე საზოგადოება" ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
      ორნაირად შეიძლება ღორის დაკვლა. ერთია ყელის გამოჭრა, მერე სასულის ამორთმევით, მეორეა პირდაპირ გულში ჩარტყმით. მეორე ავარჩიე. დარტყმა იყო და დავითამ რო სისხლი დაინახა:
      - რა ჰქენი შე ტარტაროზო, ცოცხალ არსებას დანა როგორ დაარტყიო და ხელი გაუშვა გაკოჭილ ღორს /პირველად იყო ღორის დაკვლაზე თავის ცხოვრებაში და ვერ წარმოედგინა, თუ რა უნდა მომხდარიყო. იმ პერიოდში ეკლესიების აღდგენებზე მუშაობდა/.
      შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, 200კგ-ზე მეტი წონის ღორი რას იზავდა დანადარტყმული, როცა ხელს არავინ უშლის მოძრაობაში? სუ დალეწა იქაურობა. მიანგრ-მოანგრია მთელი "სეტკა-ზაბორები", დააწვინა დაბლა ყველა მეტრანახევრის სიმაღლე მცენარე ეზოზე /გადაკრეჭილ ვარდებს ვგულისხმობ/ როგორც იქნა, დავიჭირე და მოვკალი. მართლა მოვკალი, იმას დაკვლა აღარ ერქვა. ამოსვრილი ვიყავი ტალახში და სისხლში. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მიმაქვს გამოსაცვლელი ტანსაცმელი. იმჟამადაც ისრე მოხდა, მეორე წყვილი "სპორტიულები" მქონდა წაღებული.
      გამოვედი უკვე სუფთა "იუნიფორმით" და მკვდარ ღორთან დამსწრე საზოგადოების თავმჯდომარეს, ანუ მეუღლის პაპას ვეკითხები:
      - ივანიჩ, აქვე სამეზობლოში, ნათესავები გყაავთ, ან ისეთი მეზობლები, რომლებსაც ამ ეზო-კარზე მოესვლებათთქო?
      - რამდენიც გინდა, მე მინდოდა სიძეებს გაგეკეთებინათ ყველაფერიო, რადგანაც სხვები დროულათ არ მოვიდნენ, დაგახმარებ ორ კაცსაო. გადასძახა გვერდზე ეზოში ნათესავებს, გადმოდით დახმარება გვჭირდებაო. გადმოიდნენ, სანდალა და ბიძინა. იმ "მკვდარს" გაკეთება, რომ სჭირდება, ეგეც ყველამ იცით. ჰოოდედა, შევდეთ "იაშიკებზე" და პუტკუნაი გარუჯვას ვუპირებთ. მდუღარე და ქაფქაფა წყალი ვასხით, მერმე ჯვალოს "მეშოკით" შავათბეთ. ჯაგარი გავაძრეთ, რაც შეგვეძლო. მერე "პრიმუსის"დროც მოიდააააა. ჰოდა, ამაზე კაი მომენტს სადა ვნახამდი? დავითას /ეს ის პერსონაა, რომელმაც ხელი გაუშვა მომაკვდავს და თან ტარტაროზები გვიწოდა/. ვეუბნები:
      - ბიჯო, ეხლა მაგას, რომ უყურებ მკვდარია, თორე რომ გავჭრით, მერე განახებ ძარღვები ცოცხალი ექნება, და ამიტომ უკანა ფეხები მაგრა დაუჭირე, სანდალას თვალები არ წააყრევინოს, ფეხის გაქნევისასთქო, მაინც იქნევს მეთქი.
      დამიჯერა. მიადგა უკნიდან და აჩაჩხული უჭირავს უკანა ფეხები. ეს სანდალა კიდე გაქანებული ტრუსავს "პრიმუსით", მიადგება დავითას, წაუღუნავს დაბლა "პრიმუსს" და აგრძელებს ღორის იოლად დაწვას. მესამე "კრუგზე" ეკითხება:
      - ბიჯოოო, ვერა ხედავ, ფეხებში რო მედები, მიიწი იქითა, ან რას ამოგიჩრია ეს ფეხებიო.
      იმანაც უპასუხა:
      - სიძემ მითხრა, დაკლულმა ღორმა ფეხის ქნევა იცის და მაგრა დაიჭირეო.
      ე, მანდ დეეცა ყველა ძირსა.
      - ბიჯო, მაგ ქალაქელმა /ჩემზე/, როგო გაჭამა, მაგაი უნდა მიმხვდარიყავიო /თითქოს დავითა, სოფლად იყო აღზრდილი/. ეწყინა და სიტყვითაც მითხრა:
      - შენგან არ მოველოდიო.
      - ძმაო, არც მე ველოდებოდი, დანადარტყმულ ღორს ხელს თუ გაუშვებდითქო.
      - კაი, დავივიწყოთ რაც მოხდა, მოდი მომეხმარე, დაჭრა უნდა დავიწყოთ და სანამ გავჭრით, ფეხები უნდა დავაჭრათ, ეხლავე სჯობია გავასუფთავოთ, მერე ქალების საწვალებელი, რომ არ გახდეს, წადი და სარდაფში ექნებათ მოხუცებს მარწყვის საპონი /მაშინ იყო ხოლმე ეგეთი საპონი/ და "მაჩალკა" ექნებათ კიდევ, აქვე დავბანთ და ქალებიც აღარ იწვალებენ. დაღუნა თავი და წავიდა. ვიფიქრე, მიხვდა, რომ მეტი მომივიდა და აღარ შემეპასუხა. სიმართლე გითხრათ, ვინანე. არ გადის ათი წუთი, სარდაფიდან ამოვიდა და მეკითხება:
      - მარწყვის საპონი და "მაჩალკა" ვერ ვიპოვე და სარეცხის საპონი და "გუბკა" წავაოოო?
      - ამოიტანე და სანდალას მიეცი, იმან იცის წავა თუ არა თქო.
      ამოიტანა და ხელებში აწვდის:
      - აჰა, და დაბანეთ ფეხებიო.
      სანდალა და კიდევ ბევრი, "დასაბმელები" დახდნენ. მოკლედ არ ვაპატიე ჩემი "ამოთუთხვნა". ამასობაში, დანარჩენი სიძეებიც მოიდნეეეეეეენ, თავიანთი წვრილშვილითა. იციან თბილისელებმა ტაქტიკა, თუ როდის უნდა მივიდნენ მზამზარეულზე /იცით, რომ თბილისელი ვარ ძმებო/.
      დაიყარა დიდძალი მწვადი წალამზე, მანამდე დავჭერით ნაწილებად და გადავუგზავნეთ შესაბამის "დეპარტამენტებს", დახარისხებული ხორცი. ქალებმა მიჰხედეს თავის საქმეს და გადაანაწილეს შესაბამისად.
      დილაადრიან, ცვარიან მწვადს, რა სჯობს? ჩამოვჯექით ეზოში და დავიწყეთ მწვადაობა. სამი ჭიქა ორნახადი, რომ ვდრუზე, მივხვდი რომ საღამომდე ვერ მივაღწევდი, თუ დროულად ღვინოზე არ გადავიდოდი. დანარჩენები ჭაჭას ურახუნებდნენ. კერძოდ კახეთში, ერთი კაი ჩვევა აქვთ, ღორის დაკვლისას, საღამოს, როცა ხალხი იკრიბება ყაურმაზე, თავის მწვადებიან-ხაშლამიან სუფრაზე, ხინკლის გაკეთებაც იციან. ქართლში გავიზარდე და ჩვენთან ხინკალს არ აკეთებდნენ.
      ვუყურებ ამ ხალხს, რომლებიც "დროულად" მოვიდნენ ოჯახში და მიეძალნენ მწვადსა, ვჰკითხე ჩემს თავსა:
       ავყვე ეხლა ამათ არყის სმაში?
      - მეორე მემ მიპასუხა, არ მიჰქაროვო.
      გავერიდე შექმნილ სიტუაციას. ბიძინამ შემატყო მოწყენილობა და მეუბნება:
      - წამო ჯიგარო კაი რამე უნდა გაჩვენოვო. დილაადრიან არაყის გამოხდა დაუწყია, "ზავოდი" ჰქონდა გაკეთებული, გარბოდა ხოლმე ცეცხლის შესაკეთებლად და იმიტომაც გვტოვებდა წამიერად.
      მის სახელს ზედმეტსახელის გარეშე იმიტომ ვწერ, რომ შარშან წავიდა ის კაცი. აღარ არის. ისე, ყველამ იცით, რომ საქართველოში თავის საკუთარი სახელით, ანუ რაც პასპორტში უწერია, მხოლოდ 3%-ს მიმართავენ. შერქმეული სახელები გვაქვს ბევრს. გადავედით ბიძინას ეზოზე და კაი ცხელი საიაც გეახელით ალუმინის "კრუშკით". ესენი კიდე, ერთმანეთს დახოცვას უპირებენ, მიადგნენ ორნახად ჭაჭას და თავებს არა სზოგამენ.
      შუა დღეა. დარეტიანებული დადის ყველა, ერთის გარდა. პაპა ნერვიულობს:
      - რაღა ვქნა კაცო, საღამოს ხალხი მოვა, ოჯახიდან სათამადე კაცი არა მყავს, 80 წლის კაცი, მე ხო ვერ ვიქნები თამადაო.
      - სანდრო პაპა, მაიტა ჩამაბარე ეგ თანამდებობა და ჩემზე იყვეს დანარჩენი.
      - შაძლეებ?
      - მაიყვა და ნახამ.
      ჰოო, ეს არ დამავიწყდეს.
      დავითა ოთხჯერ გადმოიღეს "სეტკებიდან", სარეცხივით იყო გადაფენილი მეზობლის ღობეზე, დანარჩენები კიდე მოწამლული თაგვებივით დადიოდნენ, ან ჭაჭა ნაჭამი ჭუკებიც წავა მათთან შესადარებლად.
      საღამოს დაახლოებით 40 სტუმარი ეწვია ოჯახს. ძირითადად ნათესავები და ახლო მეზობლები. წარუდგინა სანდრო პაპამ ჩემი თავი დამსწრე საზოგადოებას, თუ ვინ ვიყავი და ერთდროულად, იმავე ჭიქაში, თამადობაც მომილოცა და ამკიდა ძიენ დიდი პასუხისმგებლობა.
      მივყევი და მოვიშველე ის დიდი გამოცდილება, რომელიც მამაჩემისგან და ჩემი პაპისგან ვიცოდი. აეწყო სუფრა. კიდევ ერთი, კახელებმა ყველა სადღეგრძელოს შემდეგ სიმღერა იციან. მართლა კარგად მღეროდნენ. კარგი დრო ვატარეთ. გადიან ნელნელა და ერთი მეუბნება:
      - შენდა თავად, ვინც ხვალ ჩემ ეზოზე არ მოიდეს, დილის ექვს საათზე, იმი ასე და ისეო. აქეთ სიდედრს ვეკითხები:
      - ვინ არი ეს შავი კაცი და სადა მპატიჟებსთქო?
      - ეგა ჩემი ბიძაშვილია, ხვალ ღორის დაკვლაზე გეძახისო.
      - ან კონვერტში ჩაედო მოწვევა, ან კიდევ "ტელეგრამა" გამოეგზავნა, რატომ შეწუხდა, ასე რად გაისარჯათქო.
      დილით, დაგინებულ დროს თამაზასთან ვიყავი. მერე, იგივე განმეორდა საღამოს დაშლა-არმოშლისა რო ვსთქვით, ერთმა მაგათმა ბიძაშვილმა კიდე დამითქვა შეხვედრა, თავის დაგინებიანათ. ოთხი დღე ვკლავდით ღორებს და მერე დაგინება მიდიოდა, მეორე დილისთვის.
      გამთენიისას ძილში ჩამესმის:
      - ადე კაცო გაიღვიძე, წავიყვანოთ ე ბიჭი, თორე საჯიშე ღორი აღარ დატოვეს ჩემებმაო.
      სიდედრი აღვიძებდა სიმამრს.
      გაიხარეეეეეთ.