ომაზ ჩხეიძე დაიბადა 1948 წელს, ბორჯომში. იქვე დაამთავრა სკოლა. ბავშვობიდან ხატავდა. ხატავდა ყოველ წუთს, ყველგან და ყველაფერზე: რვეულში, ფურცლებზე, წიგნებში, კედლებზე, მერხებზე, იატაკზე. იყო მოსწავლეთა შორის რესპუბლიკური და საკავშირო კონკურსების მრავალგზის წარმატებული მონაწილე. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა ელოდა, რომ იგი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებდა, მაგრამ მათემატიკის სიყვარულმა დასძლია. ჩააბარა და წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდების მშენებლის პროფესიით. 1976 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა მოსკოვის ВНИИНМАШ–ის ასპირანტურაში. იქ ყოფნის პერიოდში ბ-ნი ომაზი გაიტაცა ტრეტიაკოვის გალერეამ, პუშკინის სახელობის მუზეუმმა, გამოფენებმა, ბუკინისტურმა მაღაზიებმა, სწავლას გული ვეღარ დაუდო და სპეციალობა მიატოვა, რადგან მისი სული მხატვრობას – ფერწერას ეკუთვნოდა.
პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა 1988 წელს ბორჯომში, რომელიც დიდი წარმატებით ჩატარდა. გამოფენა წაიღეს თბილისში და მისი ოთხი ტილო: „გალაქტიონი“, „ექვთიმე თაყაიშვილი“, „ნონა გაფრინდაშვილი“ და „ძველი თბილისის ბოჰემა“ გაიგზავნა მოსკოვში, საკავშირო ფესტივალზე, სადაც 6000 ექსპონატს შორის „გალაქტიონმა“ მოიპოვა I ადგილი და ოქროს მედალი. ამ ტილოს შეძენის სურვილი გამოთქვა ტრეტიაკოვის გალერეამ და სიმპეროპოლის მუზეუმმა.
1989 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე სსრ კავშირიდან გაიგზავნა ომაზ ჩხეიძის სამი ტილო: „გალაქტიონი“, „ექვთიმე თაყაიშვილი“ და „ძველი თბილისის ბოჰემა“, სადაც დიდი წარმატება ხვდა „გალაქტიონს“. ამ ტილოს მიენიჭა გამოფენის უმაღლესი ჯილდო „გრან-პრი“ (30 000 მანეთი) და უფლება მოიპოვა გატანილიყო აუქციონზე, რომლის საწყისი ფასი იყო 50 000 ფრანკი (მაშინდელი კურსით 25 000 აშშ დოლარი). გამოცდილი მხატვრების რჩევით ბატონმა ომაზმა უარი თქვა ჰონორარზე, რადგან მას მიზერული ნაწილი შეხვდებოდა ამ თანხიდან (საბჭოთა პერიოდში ჰონორარების დიდი ნაწილი მშვიდობის ფონდს ხმარდებოდა).
|