2. გიორგის გაუმარჯოს! მე ამჟამად ბელგიაში ვცხოვრობ. სისტემატიურად ვეცნობი შენს საიტს და სიმართლე გითხრა, ძალიანაც მომწონს. შენი უცნობი მეგობრისგან გამოგზავნილ ლინკზე კარგადაც ვიხალისე. მეც მაქვს რაღაც ინფორმაციები და ფოტოები მჟავით სახედამწვარ ავღანელ ქალებზე, რომელსაც ახლა გიგზავნი. ლაშა წურწუმია. (ტექსტი რუსულიდან სპეციალურად ამ საიტისთვის თარგმნა ქალბატონმა ია მშვიდობაძემ).
სამწუხაროდ, აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში ისევ ფართოდაა გავრცელებული ქალისადმი, როგორც უუფლებო და მეორეხარისხოვან არსებისადმი დამოკიდებულება და ყოველ მცდელობას, დაამტკიცო საპირისპირო, შეიძლება მოჰყვეს მეტად სავალალო შედეგები.
ტერორიზმს ჩვენ ჩვეულებრივ ვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ აქტს, მაგრამ ის ზოგჯერ შეიძლება ძალიან პირადული იყოს. მთავრობასა და მეამბოხეებს არ შეუსხიათ მჟავა ამ ქალისათვის პაკისტანში – ეს მისმა ქმარმა გააკეთა, რომელთანაც მან განქორწინება გადაწყვიტა.
იმ დროს, როცა ცივილური სახელმწიფოები ბჭობენ იმის შესახებ, თუ როგორ დაარეგულირონ ვითარება ავღანეთში, პაკისტანში და მესამე სამყაროს სხვა ქვეყნებში – მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თავად უმეცრება, უწიგნურობა და ცოლთმოძულეობაა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ქმნიან მჟავური შეტევის საფუძველს, რაც ჟონავს კიდეც პოლიტიკურ სიბრტყეში (http://bigpicture.ru).
აი, რას წერს თავის მასალებში ნიკოლას კრისტოფი, ნიუ-იორკ ტაიმსის კოლუმნისტი, რომელიც გასულ წელს ზემოხსენებული პრობლემების გაშუქების მიზნით ესტუმრა პაკისტანს:
„მე ვიკვლევდი მჟავური თავდასხმის შემთხვევებს, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ქალებისა და ქალიშვილების დაშინებისა და ზეწოლის მიზნით მთელს აზიაში – ავღანეთიდან კამბოჯამდე (მამაკაცები ასეთ ზემოქმედებას თითქმის არასდროს ექვემდებარებიან). რამდენადაც ქალები ქვეყნის ამ ნაწილში არაფრად ღირან, მათზე თავდამსხმელებიც უკიდურესად იშვიათად ხვდებიან მართლმსაჯულების ქვეშ, ხოლო მჟავის გაყიდვა არანაირად არ კონტროლირდება. ტერორის ეს სახე მათთან თანდათან იძენს ტრივიალურ სახეს და ფართო მასების მიერ აღიქმება, როგორც „ფონური ხმაური“.
ბანგლადეშში დააწესეს მჟავის გავრცელებაზე კონტროლი, რათა შეემცირებინათ ასეთი თავდასხმების რიცხვი, მაგრამ აზიაში მაინც ძალიან იოლია შეხვიდე მაღაზიაში და შეიძინო გოგირდ ან მარილმჟავა, რომელსაც შეუძლია ადამიანის სახის განადგურება. მჟავური თავდასხმები და ცოლების დაწვა გავრცელებულია აზიის ამ რაიონში, რადგანაც მსხვერპლი ქალია – საზოგადოების ყველაზე უუფლებო ნაწილი. პირველი გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს ამ მოვლენას, იქნება ქალებისათვის ლაპარაკის უფლების მიცემა.
1994 წლიდან პაკისტანელმა აქტივისტმა ქალმა „პროგრესული ქალების ასოციაციის“ დამაარსებელმა, მსხვერპლთა დახმარების მიზნით, ისლამაბადის ოლქში დააფიქსირა 7800 შემთხვევა, როდესაც ქალები წინასწარგანზრახვით დაწვეს, დამდუღრეს, ან მჟავა შეასხეს. ამათგან დამნაშავეთა მხოლოდ 2% დაისაჯა. ამასწინათ ავღანელ მოტოციკლეტისტთა ჯგუფმა მჟავა გადაასხა გოგონათა ჯგუფს, რომლებმაც გაბედეს სკოლაში სიარული. ერთ-ერთმა მათგანმა, 17 წლის შამსიამ, საავადმყოფოს საწოლს მიჯაჭვულმა განუცხადა ჟურნალისტებს: „მე ვივლი სკოლაში, თუნდაც მომკლან. მე მინდა გადავცე მტრებს, თუნდაც ასჯერ გააკეთონ მათ ეს, მე მაინც გავაგრძელებ სწავლას“.
როდესაც მე შევხვდი პაკისტანელ ქალს, ნაიმა აზარს, რომელიც ადრე მომხიბვლელი, თავის თავში დაჯერებული რიელტერის სააგენტოს თანამშრომელი იყო, ის ჩაცმული იყო შავ მოსასხამში, რომლითაც შეფუთული ჰქონდა მთელი სახე და თავი. შევცბი, როდესაც მან მოსასხამი მოიშორა. მჟავას პირწმინდად ამოეწვა მისი მარცხენა ყური, ხოლო მარჯვენა – ნაწილობრივ. მჟავას დაებრმავებინა ქალი, ამოეწვა თვალბუდეები და სახის ზედაპირი ძვლამდე. კანისა და კუნთის ექვსმა გადანერგვამ რამდენადმე უშველა, მაგრამ მას მაინც არ შეუძლია დახურვა იმისა, რაც თვალისა და პირის ნაცვლად დარჩა. მას არ შეუძლია ხალხის თანდასწრებით ჭამა, რამეთუ საკვები ღეჭვისას პირიდან უცვივა. „შეხედეთ ნაიმას, მან თვალები დაკარგა“ – ოხრავს შანაზ ბუხარი, პაკისტანელი აქტივისტი «PWA»-დან და თვალზე ცრემლი ადგება. „– მე ყოველ ჯერზე ვტირი, როდესაც ის ჩემთან მოდის“.
ნაიმა მუშაობდა და თავისი შრომით არჩენდა სამ მცირეწლოვან ბავშვს. მან გადაწყვიტა გაყროდა მეუღლეს – ჯამშიდ აზარს, ხილით მოვაჭრეს, რომელსაც იშვიათად მოჰქონდა ფული ოჯახში. ქმარი განქორწინებას დასთანხმდა, რადგან უკვე სხვა ქალზე ეჭირა თვალი, მაგრამ ნაიმასი და მისი ვაჟიშვილის სიტყვით, სახლში დასამშვიდობებლად მოსულმა მამამ თავის ყოფილ ცოლს სახეზე მჟავა შეასხა.
„მე შევყვირე“, – იხსენებს ქალბატონი აზარი. – „ხორცი მცვიოდა ლოყებიდან, სახის ძვლები გამიშიშვლდნენ და მთელი კანი გამიქრა“. მოცვივდნენ მეზობლები, ის რაც მათ დაინახეს ეს იყო განწირული, დაბრმავებული ქალი, რომელსაც სახე უბოლავდა და სიმწრით თავს კედლებს ახლიდა. ჯამშიდი არავის დაუკავებია, ის უბრალოდ მიიმალა. ნაიმა «PWA»-დან მეგობრების თანადგომის წყალობით გადარჩა. შანაზ ბუხარი აგროვებს სახსრებს, რათა დაიქირავოს ადვოკატი, რომელიც აიძულებს პოლიციას მოძებნოს და დააკავოს ჯამშიდი, ასევე ფული მოხმარდება ოპერაციას, რომელიც ნაიმას აღუდგენს მხედველობას ცალ თვალში.
უკანასკნელ ორ წელიწადს სენატორები ჯო ბიდენი და რიჩარდ ლიუგარი ეხმარებიან International Violence Against Women Act-ს მოქმედებაში მოიყვანონ კანონი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გატარდეს რიგი ღონისძიებანი, რომლებიც ნათელს მოჰფენენ მსგავს სისასტიკეებს და აიძულებენ საზღვარგარეთის ქვეყნებს მიაქციონ მათ ყურადღება. ეს საშუალებას მოგვცემს დაირღვეს სიჩუმე და დაუსჯელობის სინდრომი, რომლითაც გარემოცულია ტერორიზმის ეს სახე.
ჩემი ნაიმასთან შეხვედრის ყველაზე შემაძრწუნებელი ნაწილი კი, თუ არ ჩავთვლით მის სახეს, იყო მისი 12 წლის ვაჟიშვილის, ასან შახის, რომელიც ყველგან თან ახლავს დედას, სიტყვები. მან თქვა, რომ ერთ-ერთ სახლში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ თავდასხმიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ზედა სართულზე კაცი ყოველ დღე სასტიკად სცემდა ცოლს და ემუქრებოდა: „ნახე ქვევით ქალი? რომელიც ქმარმა დაწვა? ზუსტად ასევე მოგექცევი!“
რამდენიმე დაზარალებული ქალი პაკისტანიდან:
|