მარიამობა სიღნაღში

ნაწილი 10


      მეორე დილით კი რობერტმა და ფიქრიამ საგულდაგულოდ დაათვალიერეს ეზო. დედა ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩვენი სტუმრებით, ნეტავ რამდენიმე დღეს კიდევ დარჩენილიყვნენო, განსაკუთრებით ფიქრიას დარჩენა უნდოდა – რა მოხდება ერთი კვირით მაინც აქ რომ იყოსო?






      ერთი პატარა უხერხულობა: ცოდვა გამხელილი ჯობია და დედამ ახლაც არ იცის, სიგარეტს რომ ვეწევი!!! სტუმრების ყოფნის დროსაც და მეორე დღესაც ცოტას მაინც ვნერვეულობდი და შიგადაშიგ მეორე სართულზე ავრბოდი სიგარეტის მოსაწევად სამგზავრო საფერფლით ხელში... სწორედ მაშინ მიწოდა ფიქრიამ "დიდი ბავშვი"... რაც მერე რობერტის საოცრად ფაქიზ ლექსშიც აისახა.


        კახეთი. დედა

        (გუგუას)

დგახარ.
ეწევი...
ოდა სახლის მეორე სართულიდან გაჰყურებ ალაზნის ხეობას და
ოჩანი ღრუბლებით შემორაგვულ კავკასიონს.

დედა ვერ ადის კიბეებზე, –
გალაქულივით უპრიალებს კაკლის ხელჯოხი.

დგახარ.
ეწევი.
თითო „ბიჩოკი“ – თითო დარდი, მუჭში ჩამწვარი...

არ ნახოს დედამ
„დიდი ბავშვი“ თუთუნით ხელში,
რომელმაც უკვე ორმოცდაათს გადააბიჯა...

დგახარ
ეწევი...

წამოსვლისას –
ჩვენ „ღვინა“ ლეღვით,
„ბურთა“ ლეღვით და „თითა“ ყურძნით,
დედა – ხელჯოხით ალაყაფთან,
თვალს გვატანს, გვატანს,
ვიდრე შუკა შემოუხვევდეს...

მომნატრებია......

(სხვა სიტყვაა, – არ ვეძებ სიტყვებს!..)

ვდგავარ.
ვეწევი...


      P.S. განმარტება რობერტ მესხის სიტყვებისათვის: "დედა – ხელჯოხით ალაყაფთან, თვალს გვატანს, გვატანს, ვიდრე შუკა შემოუხვევდეს..." ლიტერატურულ საიტზე http://www.urakparaki.com/ ჩემმა ჩანახატმა "დედის თვალგატანებული" რეიტინგული ქულით 73, ჟანრში – პროზა, საიტის წევრთა გამოკითხვის მიხედვით 2010 წლის ივლისის თვეში "ლიტერატორის" სტატუსი დამიმკვიდრა.



                        დედის თვალგატანებული

                        (ვრცელი პასუხი ქალბატონ თამარ ბუკიას)

      თამარ ბუკია – შენ კიდე, რავა სულ წნორში დარბიხარ? ჩემნაიროოო!
      გიორგი ალავერდაშვილი – ძვირფასო თამარ! გუშინ კი გიპასუხე მოკლედ, მაგრამ ახლა შევეცდები, ცოტა განვავრცო: შაბათს, დილით, „ურაკპარაკზე“ შატილიონის (ელდარ ჭიჭიაშვილი) ლექსი „ქება ახმეტას“ წავიკითხე. ასეთი კომენტარიც დავუტოვე: „საათნახევარში კახეთისკენ გავწევ. ამ ლექსმა გული გამითბო! ვიცი ეს სითბო მალე თაკარა მზეში გადაიზრდება! ვიცი და ამიტომაც მიმიხარია! გაიხარე ელდარ!“.
      მართლაც, საათნახევარში უკვე სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი და წნორისკენ მივიჩქაროდი. გზაში კიდევ არაფერი, ფანჯრებიდან ცხელი ქარი მაინც უბერავდა... მაგრამ წნორში რომ შევედით, თითქოს გავარვარებულ ქვაბში მოვხვდი... ჩამწკრივებულ ტაქსებს გვერდი ავუარე და ფეხით დავადექი გზას, რადგან ბიძაჩემთანაც უნდა შემევლო (დიდ სამამულო ომში დაკარგული მეორე ბიძის სურათები მქონდა წამოღებული დასასკანირებლად და უნდა დამებრუნებინა). დიდხანს არ გავჩერებულვარ, ვიცოდი რომ დედა ჭიშკართან იჯდებოდა ჩემს მოლოდინში გზისკენ მომზირალი.
      „ბოლო წყალს“ გამოვცდი, წინ „ყვავიაანთ წყალი“ მელოდება... ისეთი ხვატი დგას, რომ სახეზე ოფლი წურწურით ჩამომდის... წესიერად გზასაც კი ვეღარ ვხედავ... უცებ ერთ-ერთი ორღობიდან უცნაურად ჩაცმული ხალხის ნაკადი ამოიზლაზნა და მთავარ გზაზე ორივე მხარეს გაიშალა... უცნაურად ჩაცმული კი იმიტომ მომეჩვენა, რომ უმრავლესობა თეთრ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები: ქალბატონები – ხაზგასმულად გადაპრანჭულები, მამაკაცები – შავი შარვლებით, თეთრი პერანგებით და კისერში მაგრად გაჭერილი თეთრი ჰალსტუხებით. რატომღაც თებგიზ აბულაძის ფილმი „ვედრება“ გამახსენდა, მიცვალებულთა კადრშენელებული მსვლელობით... მზის დაკვრა ხომ არ მივიღე-თქო? გავიფიქრე...
      „ყვავიაანთ წყალზე“ ბირჟაზე მსხდომ ბიჭებს ვეკითხები – ვინ არიან, საიდან მოდიან ან საით მიდიან-თქო? – ვერა ხვდები? იეღოველები არიანო! – ვაი მაგათ პატრონს, ერთი სული მაქვს სახლამდე მივაღწიო რომ ყველაფერი ვიშვლიპო და ეს კისერში გაჭერილი თეთრი გალსტუკები რაღაა-თქო? – რას ამბობ, კონგრესი ჰქონდათ და გალსტუკების გარეშე რაღა კონგრესი ექნებოდათო... მართლაცდა, ვაი ჩვენ! ამათ გამო გასწირა თავი კახეთის წმინდა დედოფალმა?...
      დედა მართლაც ჭიშკართან მელოდებოდა! ცოტა რომ მოვშინაურდი და სული მოვითქვი, ვისადილე და ეზოში გამოვედი. წინა ჩამოსვლაზე გათიბული ბალახი კარგად გამშრალიყო. ერთად მოვაგროვე და ცეცხლი მოვუკიდე. კახეთის თაკარა სიცხეს ესღა აკლდა და წავიდა შავი კვამლი ცაში...
      საღამოს პირზე ჭიშკრის მეორე მხარეს წყაროზე გადავედი მოსასულიერებლად. ხელ-პირი კარგად დავიბანე, მერე წყალს შევეშვირე და სიამოვნებისაგან ვფრუტუნებდი... ღობის მეორე მხრიდან რაღაც ჩურჩული გავიგონე და გადავიხედე. 5-6 წლის ბავშვები ისხდნენ გაყურსულები...
      – უუჰო, ერთხმად ამოიძახეს – მგელი გვეგონეო! შავი და ბანჯგვლიანი კი ვიყავი, მაგრამ შორტებიანი მგელი სად ენახათ ნეტავ? ხმამაღლა კი ვთქვი – მე კი დათვის ბელები მეგონეთ და მეც შემეშინდა-თქო... დათვის ბელებიო? ამაზე ხომ გადაბჟირდნენ სიცილით და საბოლოოდ მოილხინეს!
      მეორე დღეს, გამომშვიდობებისას, დედამ თვალი შეავლო ჩემს ნახევრად ცარიელ ჩანთას (უნდა რომ მთელი სახლი თავის ეზოიანად ჩამიდოს და გამომატანოს), თან მეუბნება, თბილისიდან სავსე ჩამოდიხარ, აქედან კი აბა, რა მიგაქვსო? სამაგიეროდ დედის თვალს გაგატონო! – ეგ რაღას ნიშნავს-თქო? ვკითხე.
      – რას ნიშნავს და, ჭიშკართან რომ დავჯდები, სანამ თვალს არ მიეფარები, იქამდე გიყურებ, დედის თვალის გატანებაც ეგ არისო!
      აი, ამის გამო დავრბივარ წნორში ჩემო თამარ!

გიორგი ალავერდაშვილი

* * *


      1. გიორგი, ისე გიშველის ღმერთი შენ, როგორც ამ ჩანაწერებმა და ფოტოებმა არაჩვეულებრივი განწყობა მომიტანა. ხომ ხედავ, უცბად "შენობაზე" გადავედი. სიმართლე გითხრა, აღარ მეგონა, კიდევ თუ გვქონდა შერჩენილი ქართველებს ადამიანური ურთიერთობები და მიწის სიყვარული. რამდენი ხანია ვნატრობ სიღნაღის ნახვას და ჯერ ვერ მოვახერხე. დედისგან თქვენმა დამალულმა სიგარეტმა ხომ საერთოდ გამალღვო… ჩემი დიდი პატივისცემა! მეც წარმოშობით კახელი ვარ და ჭკუა მეკეტება კახელებზე. ციცინო გრატიაშვილი.

      2. მადლობელი ვარ, გუგუავ, მართლაც მშვენიერია და მეტად უფრო მშვენიერი ის დიდებული დღესასწაული (წლევანდელი მარიამობა), რომელიც არასოდეს დამავიწყდება შენი და ქალბატონი მერის გამოისობით... მე ახლაც ვდუმვარ – ხელზე ჩამოვითვლი ასეთ დღეებს – ლამაზს და მშვიდს და ისეთს – შენი სახლის ფანჯრებიდან რომ ჩანდა თვალუწვდენელი ალაზნის ველი და თვალშეუდგამი კავკასიონი... რობერტ მესხი.

      3. გუგუა, შევედი „ფერეიდანში“ და კარგად ვისეირნე სიღნაღის ქუჩებსა და ნინო წმინდაც მოვინახულე. ყველანი კარგები ხართ! განსაკუთრებით მომეწონა შენი დედიკოს დანახვა თქვენთან ერთად. მეც მომეწონა "მაყრულად დაგაძინებთო". მადლობა კიდევ ერთხელ! ცისანა ზურგაშვილი.

      4. მადლობა გუგუა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის და მშვენიერი ფოტოებისთვის. თითქოს მეც თქვენთან ერთად გავისეირნე სიღნაღში და წნორში! მაგრამ რაღაც შეკითხვები დამებადა და იქნებ მიპასუხო? რომ წერ: „ტაძარში შესვლისას მარიამ ღვთისმშობლის, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის და სხვა წმინდანთა ხატების წინ სანთლები ავანთეთ, ვილოცეთ, შემდეგ კი წმინდა ნინოს საფლავიც მოვინახულეთ, მუხლი მოვიყარეთ, საქორწინო ბეჭდები დავაწყეთ საფლავზე, სადაც სხვა სამკაულებიც ბლომად ეწყო“-ო, ამიხსენი რატომ დააწყვეთ ბეჭდები და თანაც საქორწინო, მერე დატოვეთ თუ წამოიღეთ? ეტყობა მე არ მესმის კარგად, რა უფლებით ტოვებთ საქორწინო ბეჭდებს (თუ ასეა)? და ისიც ამიხსენი, თუ ღმერთი გწამს "დასტამბო" რას ნიშნავს? იმდენჯერ ახსენე და ერთხელაც არ აგიხსნია არა კახელებისთვის, აკი შენ თვითონა სთქვი, მხოლოდ კახელებმა ვიცითო? მედეა სიხარულიძე. აშშ.

      5. ქალბატონო მედეა, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის! შევეცდები დაწვრილებით გიპასუხოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე:
      ალბათ მოგეხსენებათ, რომ უკვე თექვსმეტი საუკუნეა, რაც წმინდა ნინო მაგ ადგილზე განისვენებს. მისი საფლავიდან ღვთიური მადლი გადმოდის, ამიტომაცაა რომ ყოველი მიმსვლელი სამკაულს იხსნის და დროებით ტოვებს საფლავზე, საიდანაც მადლი სამკაულზე გადადის, სამკაულიდან კი – მის მფლობელზე. სასწაულმოქმედად და სამკურნალოდაა მიჩნეული წმინდა ნინოს წყალიც. უმრავლესობა მიირთმევს ცივ და გემრიელ წყალს, სურვილისამებრ შეიძლება წყალში გავლაც. სპეციალურად ამისთვის იყიდება მონასტერში შეკერილი კვართები. დედაომ ფიქრიას აუხსნა, რომ კვართი აუცილებლად უნდა შეინახოს და თუ ვინიცობაა ავად გახდება ან რამე შეაწუხებს, მაშინ უნდა ჩაიცვას. აღსანიშნავია, რომ შუა ზამთარში, ყინვაშიც რომ გაიარო ამ წყალში – არც გაცივდები და არც სურდო შეგხვდება. სხვათაშორის, მეორე დილით რომ ვნახეთ, ფიქრიას კვართი თითქოს კრახმალშია გავლებულიო, ისეთი იყო... ეტყობა წყალში მართლაც არის რაღაც მინერალები...
      რაც შეეხება დასტამბოს – ეს იგივე პატარა დეკორატიული ნესვია. მოცულობით საშუალო ზომის ვაშლის სიდიდისაა, მაგრამ ოვალური, ნესვისმაგვარი. შეფერილობით საზამთროს წააგავს, მაგრამ მწვანე კი არა, ყვითელ და მუქ ყავისფერებშია გადაწყვეტილი. აქვს მეტად სასიამოვნო, მიბნედილი სუნი. თუმცა მისი ჭამაც შეიძლება. ბავშვობაში მე პირადად ხშირად მიჭამია სურნელოვანი დასტამბო.



      P.S. სპეციალურად საიტისთვის დასტამბო მომიტანა ჩემმა მეგობარმა თამაზ ბაღაშვილმა. ჩემი სიტყვები, რომ დასტამბო მხოლოდ კახელებმა ვიცით – აქაც გამართლდა.


      დამატებითი ინფორმაცია: სიღნაღიდან წმინდა ნინოს მონასტრისკენ რომ მივდიოდით, გზაზე რამდენიმე ძირი „თუთუბოც“ შეგვხვდა. ჩემი აზრით, „თუთუბოც“ მხოლოდ კახეთში ხარობს. აქვს მტევნისმაგვარი ნაყოფი, უფრო სწორად, წააგავს იასამანს, ოღონდ ყვავილების ნაცვლად აქვს პატარა ღვინისფერი მარცვლები. აქვს მომჟავო გემო. მისი ჭამა არ შეიძლება. ხორციანი წვნიანის დროს უნდა ჩაიხარშოს წვენში.
      კიდევ ერთი კოლორიტული კახური მცენარე – „კიტრანა“, იგივე „კიტრიწუწა“. გარეგნობით წააგავს მინიატურულ კიტრს, მაგრამ მისი ჭამა არ შეიძლება – საკმაოდ მწარეა (სახელწოდებაც ამაზე მიუთითებს)! ვრცელდება მეტად ორიგინალური გზით: ნაყოფი იმყოფება ვერტიკალურ მდგომარეობაში, მომწიფებისას იღებს მოყვითალო ფერს. თუ ამ დროს ვინმე ფიზიკურად შეეხო (ზოგჯერ მსუბუქი ნიავიც კი საკმარისია), ნაყოფი სკდება და მასში არსებული თესლი 1 – 1,5 მეტრის რადიუსით გაიფანტება. წვენის თვალში მოხვედრა იწვევს თვალის გართულებებს. გიორგი ალავერდაშვილი.




იპოვეთ ერთი განსხვავება – შეხებამდე და შეხების შემდეგ


      P.S. ქვეთავში გამოყენებული ფოტოები გადაღებულია რობერტ მესხის და ფიქრია ჩხარტიშვილის მიერ, რაზედაც დიდ მადლობას მოვახსენებ მათ. ეს ფოტოები დასამუშავებლად მეორე დღესვე მომიტანეს ოფისში, სადაც სტუმრად იმყოფებოდა ქალბატონი თამარ ბუკია. რა თქმა უნდა, სამახსოვრო სურათები კიდევ გადავიღეთ, რომლებსაც აქვე გთავაზობთ: