თოვლიანი ტყის ამბები
1. დათვისა და მგლის შეხვედრა
ზამთარია, ფიფქი ცვივა,
ნისლდაფენილ ქედებს ათოვს,
დათვს შემოხვდა ტყეში მგელი,
ეკითხება: – ძია დათვო,
რას აკეთებ ამ ზამთარში,
შინ ხომ ყველა კარგად ხართო? –
დათვმა უთხრა: – რა უნდა ვქნათ?
ამ ფიფქების ცვენა გვართობს,
დავწვებით და დავიძინებთ,
ბუნაგი გვაქვს თბილი, ფართო,
თქვენ რას შვრებით, რას აპირებთ,
სანადიროდ დადიხართო?
– სადღა წავალთ ამ თოვაში? –
დაიჩივლა მგელმა წყნარად, –
გადათეთრდა მინდორ-ველი,
თოვლი მოჩანს ცხვრების ფარად...
– რაღა გიჭირთ, თუკი თოვლი
გეჩვენებათ ცხვრების ფარად?
ადექით და თოვლი ჭამეთ,
ვითომ ცხვარი მოგიპარავთ, –
გაეხუმრა მგელს დათუჩა,
დაამშვიდა მერე თანაც, –
არ გეწყინოს ეს სიტყვები,
ჩვენ ხომ ახლობლები ვართო,
ურჩები ხართ მეტად მგლები,
თუმცა რა გვაქვს საკამათო?
დათვებს ჩვენი ადათი გვაქვს,
თქვენ კი თქვენი წესი გაქვთო, –
დაეთხოვა მეზობელს და
წაბაჯბაჯდა თოვლში მარტო.
2. კეთილი მეზობელი
მთებს ათოვს და ხევებს ათოვს,
ტყისპირს უკვე თოვლი ადევს.
ეუბნება შაშვს ბეღურა:
– დაგვიზამთრდა ძალზე ადრე.
რას აკეთებ, მეზობელო,
თუ მოძებნე ბინა სადმე?
– აქვე კარგი ბინა ვნახე, –
გადუშალა შაშვმა გული, –
რცხილის ხეზე, ხმელ ფოთლებში
თბილადა ვარ შეყუჟული.
შენ რა ჰქენი, რას აპირებ,
ხომ არ გერჩის ვინმე მტერი?
თუ წამოხვალ, ჩემს ბინაში
შენც მშვენივრად დაეტევი,
საკვებიც მაქვს იქვე ახლო –
ზღმარტლი, კუნელი და შქერი...
– მანდ ხომ წუწკი მელა ცხოვრობს,
რომ მოგვაგნოს, ვინ გვიშველის?
– აღარ ცხოვრობს, ჩემი ნატვრა,
როგორც იქნა უკვე ახდა,
მელამ სორო მიატოვა,
ხევის პირას გადასახლდა.
– მაშ, ცოტა ხანს შემიფარე,
სადღა წავალ, აბა, ახლა?
– წამობრძანდი, კარგად მახსოვს
მეგობრობა შენთან ძველი,
ჩემს ბუდეში დავეტევით
სტუმარიც და მასპინძელიც.
3. შველი და კურდღელი
ათოვს მინდორს, ათოვს ფერდობს,
ხეთა ტოტებს თოვლი შვენის.
– მაგ ბუჩქებში რას აკეთებ? –
ეკითხება კურდღელს შველი, –
ჩემთან წამო, რამეს გაჭმევ,
ახლობელი ხომ ხარ ჩემი?
– მეშინია, ჩემო კარგო,
ციყვს უნახავს გუშინ მგლები.
ამ ბუჩქებში თბილადა ვარ,
თანაც იმ მგლებს ვემალები.
– დაივიწყე ეგ ამბავი,
მგლების ბედი არ შეგშურდეს,
სანადიროდ წასულან და
შეიძლება ვერც დაბრუნდნენ,
ჰოდა, ნუღარ გეშინია, –
დაამშვიდებს შველი კურდღელს.
4. კოდალა ციყვებთან
ათოვს წაბლს და ათოვს მუხას,
ტყე ფიფქებით დაბინდულა.
ციყვი თავის პატარებით
ფუღუროში შეყუჟულა.
შეფრენილა ხეზე ჩიტი
ხეკაკუნა, გრძელნისკარტა,
კოდალაა, ხომ იცანით?
უკაკუნებს, ხის კანს ფანტავს.
ამ ხმაურზე გამოვიდა,
ტყეს მოავლო ციყვმა თვალი.
– ხეკაკუნავ, გამარჯობა,
დაანებე ამ ხეს თავი,
მერე სხვა დროს მოიძიე
ეგ მატლები და ჭიები,
ნუ ხმაურობ, ეს-ესაა,
დავაძინე პაწიები.
მოდი, ჩვენთან შემობრძანდი,
არ ჩაგივლის ეგ დრო ფუჭად,
გაგათბობ და სადილადაც
რკოს მოგართმევ თხელნაჭუჭას...
ზის კოდალა ფუღუროში,
რკოს არჩევს და ციყვებს ართობს,
გარეთ თეთრი ზამთარია,
მდუმარე ტყეს მშვიდად ათოვს.
5. სტვენიები და ჩხიკვი
ათოვს რცხილას, ათოვს წიფელს,
მწიფე ძახველს ღელის პირას
სტვენიები მისევიან,
გადადიან მასზე ყირას,
ჟღურტულებენ: – რა მწარეა,
თუმც არ იცის ამან წყენა,
მოდი, ვინმე დავპატიჟოთ,
გავუმწაროთ მასაც ენა. –
მიიხედეს, მოიხედეს
და სტუმარიც ნახეს, – ბედად
დათოვლილი წიფლის ტოტზე
აფხორილი ჩხიკვი თვლემდა.
დაუძახეს: – მეზობელო,
გვესტუმრე და რამე გვითხარ,
ამ ძახველზეც დაგვეწვიე,
არ მოგაცდენთ, ალბათ, დიდხანს. –
ჩამოფრინდა ჩხიკვი დაბლა,
თუმც სტვენიებს ავად უცქერს,
მერე ძახველს გადახედა –
მოუვიდა თვალში უცებ.
დაკენკა და მოჰყვა ჩხავილს,
მისი გემო როცა ნახა:
– რა მწარეა, მომატყუეთ?
სად წამიხვალთ, აბა, ახლა! –
სტვენიებმა მიაძახეს:
– არ გაქვს ჭკუა, კარგად გატყობთ,
თვალით რასაც მოიწონებ, –
ყველაფერი არ დაგატკბობს!..
ჩხიკვი გაწყრა, ფრთა გაშალა,
გაღმა მხარეს გადაფრინდა,
მხიარული სტვენიები
დაუბრუნდნენ თავის ბინას.
მწიფე ძახველს უმშვიდესი
ფანტელები დაეფინა.
6. ტრაბახა მელა
ათოვს სოჭს და ათოვს ნაძვებს,
ათოვს ცაცხვს და ათოვს თელას.
მშიერ ტურას შეხვედრია
და ტრაბახობს წუწკი მელა:
– როგორა ხარ, მეზობელო,
ხომ მოიწყვე ბინა კარგად? –
თავის გზაზე გაიყოლა,
აიკიდა ტურა ბარგად,
– წამობრძანდი ჩემს სოროში,
ბატები მყავს თითქმის ოცი,
დღესვე დავკლავ და მოგართმევ,
შენ ხომ გიყვარს ბატის ხორცი? –
ძალზე ბევრი იტრაბახა,
მაგრამ ტურას ვერა არგო,
ოცი ბატი სადაც ჰყავდა,
ისეთ სოროს ვერ მიაგნო.
7. ჩხართვი და კვერნა
ათოვს პანტას, ათოვს თხმელას,
მშვიდად მოდის თოვლი ციდან.
საღამო ხანს ცელქი კვერნა
სანადიროდ გამოვიდა.
უცებ აძვრა პანტის ხეზე,
სადაც ფითრზე ჩხართვი იჯდა,
თან ფიქრობდა, მსუქანია,
მეყოფაო ხვალის იჯრად.
მაგრამ ჩხართვმა მეტად ფრთხილმა
კვერნა დროზე დაინახა,
რცხილის ხეზე გადაფრინდა
და მტერს ასე მიაძახა:
– ვერ დამიჭერ, მტაცებელო,
მუდამ კარგად გხედავ, სად ხარ,
ეგერ მწიფე ასკილია,
ის იკმარე სადილ-ვახშმად!..
რაღა ექნა პატარა მხეცს?
მართლაც ასკილს მიაშურა,
დანაყრდა და დარცხვენილი
მიიმალა ტყეში ჩუმად.
8. ზამთრის საღამო ტყეში
ისევ ათოვს ტყეს და მინდორს,
ნისლმა მთები გადაბურა.
დათვი, მგელი, ციყვი, მელა,
ჩხიკვი, შაშვი და ბეღურა,
მესკიები, კოდალები,
კვერნა, კურდღელი და ტურა,
შველი, ჩხართვი და სტვენია –
ყველა ტყეში შეყუჟულა.
ბუნაგებში, ბუდეებში,
ფუღუროში მიმალულან,
ზოგსაც შამბი მოუნახავს,
ჩამთბარა და გატრუნულა.
ზამთრის მშვიდი საღამოა,
ფიფქი ცვივა, რახანია,
ცხოველები, ფრინველები –
სუყველანი აქ არიან,
მინდობიან მშობლიურ ტყეს,
ხან მშვიდსა და ხან ქარიანს,
ისევ თოვს და ისევ ბარდნის,
ზამთარია, ზამთარია...
დათვების მარანში
რთველი აქვთ დათვებს ტყის პირას,
დაკრიფეს მაყვლის თალარი,
დარეცხეს დიდი ქვევრები,
დაასუფთავეს მარანი.
ზოგი შორიდან დაბრუნდა,
მოცვზე წასული ტყეშია,
დაცალეს დიდი გოდრები –
შვებით გასწორდნენ წელშია.
შემოდგნენ საწნახელზედა,
დასძახეს ჰარი-ჰარალი,
დოვლათითა და ხალისით
აივსო დათვის მარანი.
მაყვლის და მოცვის ნაჟური
მოდის საწნახლის ტუჩიდან,
ზოგი ფელამუშს ადუღებს,
ზოგს სავსე კოკა უჭირავს.
დარბიან ურჩი ბელები
კოვზებითა და ჯამითა,
დასკდომაზე აქვთ მუცლები
ცხელი თათარას ჭამითა.
გაივსო დიდი ქვევრები,
ახლა სტუმრებსაც ელიან,
საწნახლის ახლოს დასხდნენ და
ასეთ სიმღერას მღერიან:
"გვალაღებს ტყეთა ბარაქა,
ღვინო გვექნება ულევი,
ზამთარს შევხვდებით ამაყად,
დალხინებული გულებით.
ქეიფს გავმართავთ დათვები,
ვიტყვით იმ მთისას, ამ მთისას,
ღვინოს დავლევთ და დავთვრებით,
ძილს მივეცემით ზამთრისას".
მომღერალი ჩხიკვი
ცხრათვალა მზე ტყის ნაპირას
შემოდგომის მდელოს ხედავს,
ბაჭიები ჩირგვთან წვანან,
ჩიტუნები ხეზე სხედან,
მთის ნიავი ყვითელ ფოთლებს
ათრთოლებს და ათამაშებს,
– მოდი, ერთად ვიმღეროთო, –
ეუბნება ჩხიკვი შაშვებს.
– კი ბატონო, – უთხრა შაშვმა,
შეეცვალა თუმცა ნირი,
სალამური მოიმარჯვა,
მოამზადა გუდა-სტვირი.
ხოლო ჩხიკვმა დასაკრავად
დაიჭირა წვრილი ჩხირი,
სულ ჩხავილით გააყრუა
მოშრიალე ტყის ნაპირი.
– გაჩუმდიო, – ჰკადრა შაშვმა,
ოდნავ გაჰკრა მხარზე მხარი, –
ჩხირზე დაკვრა გაგონილა?
კი არ მღერი, მხოლოდ ჩხავი!
ეგრე ჩვენთან ვერ იმღერებ,
სხვა ვინმე გყავს სანახავი,
სად შენა და სად გალობა?
დაგვანებე, ძმაო, თავი...
– რა ვნახეთო! – ჩიტუნებმა
ეს ამბავი ყველას ამცნეს,
მომღერალ ჩხიკვს დასცინიან:
– ნახეთ, ნახეთ, როგორ გვარცხვენს!..
ჩურჩულებენ ხის ფოთლებიც
და სიცილით ძირს ცვივიან,
იცინიან ბაჭიებიც,
მზის სხივებიც იცინიან.
ცელქი მელა
ტყის ნაპირას მიმავალმა
ვნახე ერთი ცელქი მელა,
მივესალმე, მომესალმა,
გადმომხედა წუწკმა ცერად,
მძიმე ხურჯინს მიათრევდა –
მიდიოდა ნელა-ნელა.
– მაგ ხურჯინში რა გიწყვია,
სად იყავი, ცელქო მელა?
– წისქვილს ვიყავ, სიმინდს ვფქვავდი,
ფქვილი მიმაქვს მოსაზელად,
რა ვქნა? დიდი ოჯახი მაქვს,
ჩემი სარჩენია ყველა.
შენ რა გინდა ამ ტყეებში? –
თითქოს მანაც გაიკვირვა,
მაგრამ ამ დროს მის ხურჯინში
მამალმა არ დაიყივლა?!
და გაიქცა ცელქი მელა,
დაიკარგა ტყეში წამსვე,
ხურჯინი კი მიატოვა –
ქათმებით აქვს თურმე სავსე.
ცოტა ხანში ნირწამხდარი
გაღმა სერზე დავინახე,
დავუქნიე მაშინ ხელი
და მუქარით მივაძახე:
– არ გინდოდა, წუწკო მელა,
ნაქურდალის გამოჩენა?
კარგი, კიდევ რომ შეგხვდები,
ვერვინ შეძლოს შენი შველა!
ქათმები კი დავამშვიდე –
წყალი ვასვი იქვე რუში,
წინ მამალი გავუძღვანე
და სოფლისკენ გამოვუშვი.
ბელები და თაფლი
წყაროს პირას მზიან ტყეში,
ვნახე უცხო სახილველი:
ხელადები ეპყრათ ხელში, –
თაფლს იყოფდა სამი ბელი.
დიდი კასრი მოაგორეს,
ქარვისფერი თაფლით სავსე,
ხან ქოთნებში გადაწონეს,
ხან ქილებში გადაასხეს.
მაგრამ ბოლოს ყოველ მათგანს
ეცოტავა თავის წილი,
არ უსმინეს დედის ნათქვამს
და დასწამეს ერთურთს ცილი.
ამან იმას წაჰკრა ხელი,
იმან კიდევ ამის ქოთანს,
აურიეს ყველაფერი,
ყველა ჩხუბობს, ყველა შფოთავს.
დაუგორდათ კასრი ხევში,
ძლივს ახელდნენ მტვერში თვალებს,
ქოთნებსა და ხელადებში
საღამომდე იგორავეს.
დაეღვარათ თაფლი სულ მთლად,
მოიწმინდეს მერე ოფლი,
არც ქურქები შერჩათ სუფთა,
აღარც – თაფლი გასაყოფი.
ჩიტი, მარწყვი და მელა
ხის ტოტზე იჯდა ჩიტუნა,
ჩანდა, რაღაცას ელოდა,
დაფრთხიალებდა, დახტოდა,
ხან დუმდა, ხანაც მღეროდა.
ხის დაბლა თვალს აპარებდა,
აკვირდებოდა ზემოდან,
მწიფე მარწყვები ეძახდნენ
იქვე პატარა მდელოდან:
- ჩვენთან მოფრინდი, ჩიორა,
მოდი, მორცხვობა კმარაო,
დაკენკე ჩვენი ნაყოფი,
ბარტყებს წაუღე ჩქარაო.
ისე დამწიფდა და დატკბა,
არ მოგწყინდება ჭამაო,
ჩამოდი, თორემ მოგასწრებს
მელია მეტიჩარაო.
ჩიტმა ჩასძახა: – თქვენს ნაყოფს
ვიცნობ, არ უნდა ქებაო,
ალბათ, არც გემო აკლია
და აღარც დამწიფებაო,
მაგრამ ის წუწკი მელია
ბუჩქებში იმალებაო,
თვალი სულ ჩემკენ უჭირავს
და ჩუმად ეცინებაო.
წავა და ჩამოვფრინდები,
აქ გდება მოსწყინდებაო,
როდემდე იცდის? მაგისი
ჯილაგიც ამოწყდებაო...
მელამ თქვა: – ამ ჩიტს რა უჭირს,
ტოტზე ნიავი არწევსა,
ჩემი აქ ყოფნა თუ იცის,
უნდა ვუცადო ამ წელსა.
მე კი ლოდინი მომწყინდა,
გულზე დარდები მაწევსა,
ნეტავი მაგის ბუმბულსა
ნიავი როდის გაწეწსა?
მაგის ჯავრს ამათ მოვკითხავ,
ამ ჩამწიფებულ მარწყვებსა
და ჩიტის ნაცვლად მათ შევჭამ,
განა მარწყვები მაწყენსა?
ადგება, გაიზმორება
და მარწყვებისკენ გასწევსა,
მაგრამ გაწბილდა საწყალი,
მათ შეჭმას ვეღარ ასწრებსა.
ტყის მხრიდან უზარმაზარი
დათვი მოადგა ჩირგვებსა,
მელა შეკრთა და გაიქცა,
მარწყვები დარჩათ ჩიტებსა.
|