ლორდი სტივენ ლორდ ლოიდი
The Rt Hon Lord Steven Lloyd





მატიანე

ბრიტანულ–ქართული სიყვარული და
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი



C R O N I C L E
BRITISH-GEORGIAN AMOUR
&
TBILISI STATE UNIVERSITY
TBILISI
2010

      წიგნი ეძღვნება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდისა და მისი მეუღლის საქართველოს ბაგრატიონთა დიდგვაროვანი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონის ნათელ ხსოვნას.


წინასიტყვაობა

      წიგნში „ბრიტანულ-ქართული სიყვარული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” ასახულია ორი დიდებული ქვეყნის – დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დიდგვაროვანი შვილების ოჯახის სასიყვარულო ისტორია საბჭოთა კომუნისტური საქართველოს მკაცრ პირობებში, მათი წარმომავლობა, მოღვაწეობა და უდიდესი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. აქვე მოცემულია ინგლისელი ლორდის დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდისა და საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონის ბიოგრაფიული ცნობები და მათი წინაპრების რთული და გაუსაძლისი პირობები, რომელიც ტრაგიკული შედეგით დასრულდა.
      წიგნში აგრეთვე შეტანილია ახალგაზრდა წყვილის ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები, მათი უძვირფასესი მეგობრების, კოლეგების, ნაცნობებისა და ნათესავების ფოტოები.
      განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის მოღვაწეობა და მისი უდიდესი დამსახურება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე.
      წარმოგიდგენთ უფროსი ლორდის, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდისა და მისი ვაჟიშვილის – ენათმეცნიერის, ასოცირებული პროფესორის უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდის ურთიერთობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და საქართველოს ფართო საზოგადოებასთან, მათ ჩანაწერებს, მოგონებებსა და რეკომენდაციებს.
      დღეს ორი ღვაწლმოსილი ქვეყნის ბრიტანეთისა და საქართველოს შვილები ქეით და სტივენ ლორდ ლოიდები საქართველოში იმყოფებიან და უსაზღვრო ქველმოქმედებას დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული სითბოთი ეწევიან. ისინი იმ ქვეყნის შვილები არიან, რომელსაც მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია საქველმოქმედო საქმიანობაში და ამ ქვეყანას ინგლისი ჰქვია. მათ ძარღვებში ხომ სწორედ ინგლისიდან წამოსული ქველმოქმედების გრძნობებით აღსავსე სისხლი ჩქეფს.
      ჩვენ ორი სხვადასხვა ეპოქის ინგლისელი ქალ-ვაჟის საქართველოსთან ურთიერთობა ერთმანეთს დავუკავშირეთ და მათ შორის პარალელები გავავლეთ, რისთვისაც გარდა XXI საუკუნის ინგლისელი და-ძმის სტივენ და ქეით ლოიდების ბრიტანულ-ქართული სიყვარულის ისტორიისა, წიგნში შევიტანეთ XIX საუკუნის ინგლისელი და-ძმის ოლივერ და მარჯორი უორდროპების ბრიტანულ-ქართული სიყვარულის ვრცელი ისტორიაც.


ლორდი სტივენ ჰენრი ლოიდი

      დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი დაიბადა 1939 წლის 22 ოქტომბერს ინგლისში, ლონდონის საგრაფოში. იგი ერთადერთი შვილი იყო ოჯახში. მისი მშობლები – მამა ჰენრი ჯეიმს ლოიდი და დედა მარია როზმერი ჰანოვერი–ლოიდი დიდგვაროვანი ლორდები იყვნენ.
      ჰანოვერთა გვარის მემკვიდრეა მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მეთაური დედოფალი ელისაბედ II და მისი სრული სახელი და გვარია - ელიზაბეთ ალექსანდრა მერი უინძორი. ბრიტანეთში უინძორთა დინასტია გაერთიანებული სამეფოს დინასტიაა, რომელიც ჰანოვერთა დინასტიის მემკვიდრეა 1901 წლიდან, მისი უკანასკნელი წარმომადგენლის – დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ანტიგერმანული პირობების გამო, ჯორჯ V გამოაცხადა, რომ დედოფალ ვიქტორია ჰანოვერის შთამომავლებს ბრიტანეთში უინძორის გვარი უნდა მიეღოთ.
      ჰენრი ლოიდსა და მარია ჰანოვერს რთულ პირობებში მოუწიათ ჩვილი ბავშვის გაზრდა და მალე მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენისათვის ზრუნავდნენ, რადგან ინგლისის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. ამ უბედურებას ტრაგიკული შედეგი მოჰყვა, ბავშვი გადარჩა, მაგრამ სამწუხაროდ დაბომბვამ მისი მშობლები შეიწირა. ასე გაიზარდა ობოლი ბავშვი ნათესავების ოჯახში, რომლებიც მშობლების მაგივრობას უწევდნენ და თავის დედ-მამად მიაჩნდა. მან თავისი წარსულის შესახებ მხოლოდ ნათესავებისგან გადმოცემით იცოდა.
      სტივენი ბეჯით მოსწავლედ ითვლებოდა. მან კარგად იცოდა ისტორია და ლიტერატურა, გატაცებული იყო უცხო ენებით, მათ შორის რუსულით.
      უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდა ფილოლოგი, დოქტორი ლორდი სტივენ ჰენრი ლოიდი გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა რუსეთში იმყოფებოდა და მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.
      პირველად, სწორედ საბჭოთა რუსეთში დაიწყო მისი სასიყვარულო რომანი, სადაც ის სრულიად შემთხვევით შეხვდა დიდგვაროვან ქართველ გოგონას, საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, ქეთი ბაგრატიონს და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა.
      ინგლისელმა ლორდმა პირველად ქეთისგან შეიტყო, რომ საბჭოთა კავშირში არსებობს ერთი პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ანუ „ჯორჯია” ჰქვია. ახალგაზრდა პროფესორს ქართველი გოგონას მშობლიური ქვეყნის მოსაძებნად ჩანთიდან მსოფლიო რუკა ამოუღია, მაგრამ მას ერთი დიდი საბჭოთა რუსეთის წითელი სახელმწიფო შერჩა ხელში, რომელსაც ვეებერთელა ასოებით მხოლოდ „სსრკ” ეწერა, რადგან რუკაზე არც ფერი ჰქონია საქართველოს და არც გეოგრაფიული მდებარეობა.
      დიდგვაროვანი ინგლისელი ძალიან მოიხიბლა ქართველი ქალის არისტოკრატული სილამაზით, დაინტერესდა საქართველოთი, ქართული კულტურით და ქეთისთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. სტივენს პატარა ქართველ გოგონაზე საკმაოდ საინტერესო მოგონებები ჰქონდა და უდიდესი გრძნობებით შეპყრობილი, ხშირად საუბრობდა ხოლმე მეგობრებთან უმშვენიერეს მანდილოსანზე ქალბატონ ქეთი ბაგრატიონზე, რომელიც მისი მეუღლე გახდა.
      აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა წყობილების პირობებში სასტიკად აკრძალული და საშიში იყო უცხოელთან ურთიერთობა და ქართველ ქალთან ოჯახის შექმნა. გარდა ამისა, სტივენს არანაკლებ წინააღმდეგობას მისი გამზრდელი მშობლებიც უწევდნენ. მათ ქართველი რძალი არ სურდათ, ქეთის ომისა და „ვოდკის” მოყვარულ რუსს ეძახდნენ და ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ. მაგრამ მიუხედავად ყოველმხრივი წინააღმდეგობისა, ბრიტანულ-ქართულმა სიყვარულმა გაიმარჯვა და ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდმა და ქეთი ერეკლეს ასულმა ბაგრატიონმა ფარულად იქორწინეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის (ახლანდელი ახალგორის) რაიონში. მათ შეეძინათ ორი შვილი: უფროსი ქალიშვილი ქეით ლოიდი და უმცროსი ვაჟიშვილი სტივენ ლოიდი.
      ინგლისელი ლორდი, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი საქართველოში დასახლდა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. ის ინგლისური ენის ლექცია-სემინარებს უკითხავდა ქართველ პროფესორ-მასწავლებლებს და საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლების განვითარებაში. მას ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან და საკმაოდ ცნობილ ადამიანებთან: რევაზ დოღონაძე, ნიკო ყიასაშვილი, თინა თუშმალიშვილი, მანანა არჩვაძე, ასმათ ხურცილაძე, ლეილა გამსახურდია, ჯული ბაქრაძე, ქრიზანთემა კოპინაშვილი, გივი ბახტაძე, ელენე ახვლედიანი, ნელი საყვარელიძე, ბიძინა ლუტიძე, თამარ გომართელი, ქეთევან კანდელაკი და სხვები. ასევე უდიდესი სიყვარულით საუბრობენ მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონი სტივენის ყოფილი მოსწავლე-პედაგოგები, მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც ახლა უკვე პროფესორები არიან: ლია სვანიძე, რევაზ ზარიძე, დარეჯან (ჯანიკო) სირია, ლალი ჯოხაძე, ლია ფერაძე, ირინა გოგორიშვილი, მანანა მიქაუტაძე, თამარ ჯაში, ლილი გოქსაძე, მაია რუსია, ლია უგრეხელიძე, სალომე ბოლქვაძე, მარინა გელაშვილი, არიანე ჭანტურია, რომან ხარბედია, მანანა სოტკილავა, თამარ ზარიძე, ციცინო ხვედელიძე, მარინე მეტრეველი, ნათელა (ციცო) ჩიგოგიძე, ეთერ კაკულია და სხვები.
      სხვათა შორის, ქართული პრესა და მედია ხშირად იხსენებს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდისა და მისი დიდგვაროვანი მეუღლის საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლის ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონის ოჯახს და უდიდეს პატივს მიაგებენ მათ ნათელ ხსოვნას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთში სტატიაც კი გამოქვეყნდა სათაურით: „თსუ დიდი სტივენ ლოიდის სახელს არასოდეს დაივიწყებს”.
      საბჭოთა კომუნისტური წყობილების მკაცრ პირობებში მაშინდელი ეგრეთ წოდებული „კაგებე”-ს აგენტები სასტიკად ექცეოდნენ ბრიტანულ-ქართულ ოჯახს, დევნიდნენ, იმდროინდელი მილიციის განყოფილებებში იბარებდნენ, ავიწროებდნენ, მათ შვილებს საბავშვო ბაღშიც კი არ უშვებდნენ და ემუქრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მამით, ეროვნებითა და გვარ-სახელებით ინგლისელები იყვნენ, ხოლო დედით კი დიდგვაროვანი სამეფო გვარის წარმომადგენლის – ქეთი ბაგრატიონის შვილები. როგორც ჩანს, პატარა სტივენისა და ქეითის მშობლების დიდგვაროვანი წარმომავლობა მიუღებელი აღმოჩნდა მაშინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისათვის და ალბათ, თავის მხრივ, გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კომუნისტური მმართველობისა და წყობილებისათვის. ყოველივე ეს უკვე საკმარისი მიზეზი იყო საბჭოთა იმპერიისათვის, რათა შური ეძიათ მათზე. და ასეც მოიქცნენ.
      სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობა საქართველოში დიდხანს ვეღარ გაგრძელდა და დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი ბრიტანეთში გამგზავრების დროს 1971 წლის 29 დეკემბერს ხელოვნურად შექმნილ ავტო-კატასტროფაში მოკლეს.





* * *

ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონი

      ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონი დაიბადა 1945 წლის 8 მარტს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის (ახლანდელი ახალგორის) რაიონში. მისი მამა ერეკლე მუხრანის ძე ბაგრატიონი წარმოშობით ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო, ხოლო დედა – ელენე გიორგის ასული ქართველიშვილი – სამხრეთ ოსეთიდან. მათ შეეძინათ ორი შვილი: უფროსი ვაჟიშვილი ირაკლი ბაგრატიონი და უმცროსი ქალიშვილი ქეთი ბაგრატიონი. ერეკლეს დედ-მამა მუხრან ბაგრატიონი და ანა ჭავჭავაძე დაღესტანში ცხოვრობდნენ.
      საბჭოთა წყობილებისა და სტალინიზმის მკაცრი რეჟიმის პირობებში ბაგრატიონებმა რეპრესიები განიცადეს. ქეთის მშობლები და ძმა სამშობლოდან გააძევეს, რის გამოც ყოვლად გაუსაძლისმა პირობებმა მათი სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო დრო, როდესაც ენა, მართლმადიდებლური სარწმუნოება და ქართული მამული ერთნაირად მიუღებელი იყო საბჭოთა იმპერიისათვის. მაგრამ ერმა, რომელსაც მამული წაართვეს, სარწმუნოება შეუგინეს და, ფაქტობრივად, მონად აქციეს, მშობლიური ქართული ენისა და საქართველოს წახდომა არ დაუშვა. ერეკლე ბაგრატიონის დასჯის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საქართველოს გამო უცხოეთში გაგზავნილი წერილი იყო. კონვერტზე გამგზავნის მონაცემებთან ერთად მას „დიდი რუსეთი” აღუნიშნავს და იქვე ფრჩხილებში „საქართველო” მიუწერია, რის გამოც მისი წერილი რუსეთის საზღვრებს ვერ გასცდა და სპეცსამსახურების მიერ გაიშიფრა. ამიტომაც ერეკლეს საბჭოთა კავშირის უპატივცემულობისა და აბუჩად აგდების ბრალდება წაუყენეს, რომ ფრჩხილებში „საქართველო” კი არა, „საბჭოთა საქართველო” უნდა დაგეწერაო და სასტიკად დასაჯეს.
      ობლად დარჩენილი პატარა ქეთი ბებიამ სასწრაფოდ თავის გვარზე – ქართველიშვილზე გადაიყვანა, მამის სახელიც ერეკლე – ბესარიონზე შეუცვალა და ბაგრატიონებზე მოსალოდნელი რისხვა თავიდან ააცილა. ასე იზრდებოდა პატარა ქეთი ბებიის გვარზე, რომელსაც კატია ქართველიშვილს ეძახდნენ. თუმცა შეკითხვაზე, რა გვარი ხარ, ბავშვი გაინაზებოდა, ყელსაც მოიღერებდა და სწრაფად და სრულად პასუხობდა-ხოლმე: „მე ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონი ვარ” და ბოლოს დაამატებდა: „გაიგეთ?” სწორედ ამის გამო ბავშვს ხშირად ეკითხებოდნენ სახელს და პატარა ქეთიც ყოველთვის საყვარლად პასუხობდა-ხოლმე შეკითხვას. ბებიას კი ძალიან ეშინოდა და ბავშვს ბაგრატიონის ხსენებას უკრძალავდა, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვს რასაც უკრძალავ, სწორედ იმას აკეთებს.



      ბებიას ძალიან უყვარდა პატარა გოგონა და რადგან უკვე მოხუცებული იყო და ხშირად ავადმყოფობდა, სურდა ქეთის სამედიცინოზე ესწავლა და ექიმი გამოსულიყო. ბებიამ ისიც კარგად იცოდა, რომ მედიცინა უცხოეთში მაღალ დონეზე იყო განვითარებული და სურდა თავის ერთადერთ შვილიშვილს სამედიცინოზე სწავლის დროს უცხოური ლიტერატურითა და გამოკვლევებით ესარგებლა, რის გამოც ქეთი პატარაობიდანვე გაძლიერებულ უცხო ენას ეუფლებოდა. ბებია ბავშვს ყოველდღე სკოლაში დაჰყვებოდა, შეძლებისდაგვარად ცდილობდა მასწავლებლებს განსაკუთრებული ყურადღება პატარა ქეთისთვის მიექციათ და დამატებით კერძო გაკვეთილებიც ჩაეტარებინათ.
      ბებია – თამარ ხეთაგუროვი-ქართველიშვილისა, ქეთის ქართულ პოეზიასთან ერთად თავისი წინაპრის – კოსტა ხეთაგუროვის ოსურ ლექსებსა და ჩონგურზე დაკვრას ასწავლიდა. ქეთიმ წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და ქების სიგელიც დაიმსახურა.
      გასული საუკუნის 60-იან წლებში, უმაღლესი განათლების მისაღებად ქეთი ბაგრატიონი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მოწვეული იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ახალგაზრდა ინგლისელი ფილოლოგი, დოქტორი ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდი. იგი ძალიან დაინტერესდა საქართველოთი, ქართული კულტურით და როგორც თვითონ ამბობდა, ქართველი ქალის არისტოკრატული სილამაზით მოიხიბლა. როდესაც სტივენმა თავის გამზრდელ მშობლებს აცნობა, რომ ქართველი ქალის შერთვას აპირებდა ცოლად, გარდა საბჭოთა წყობილების მხრიდან გამოწვეული წინააღმდეგობისა, არანაკლები წინააღმდეგობა მისმა მშობლებმაც გამოავლინეს.
      სტივენი თავის მშობლებს არწმუნებდა, რომ მისი საცოლე არ იყო რუსი გლეხის ქალი და, თუკი ჩვენ დიდგვაროვანი ლორდები ვართ, ქეთი საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელიაო. ისინი ქართველი რძალის სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ და ქეთის ომისა და „ვოდკის” მოყვარულ რუსს ეძახდნენ. თუმცა არა მხოლოდ სტივენის მშობლები, არამედ სრულიად დიდი ბრიტანეთი ასე ფიქრობდა, რომ საქართველოც საბჭოთა რუსეთი იყო და ყველანი ომისა და „ვოდკის” მოყვარული რუსები იყვნენ.



      ქეთიმ სამედიცინო ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, მოსკოვიდან სტივენთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და მიუხედავად მრავალმხრივი წინააღმდეგობისა, ბრიტანულ-ქართულმა სიყვარულმა გაიმარჯვა. ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდმა და ქეთი ბაგრატიონმა ფარულად იქორწინეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის (ახლანდელი ახალგორის) რაიონში, ხოლო ოფიციალური რეგისტრაციის უფლება მხოლოდ მაშინ მისცეს, როდესაც მათ ორი შვილი შეეძინათ: ქეითი და სტივენი.
      მას შემდეგ ინგლისელი ლორდი სტივენ ჰენრი ლოიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, სადაც ის ინგლისური ენის ლექცია-სემინარებს კითხულობდა ქართველი პროფესორ-მასწავლებლებისათვის. ახალგაზრდა ინგლისელმა პროფესორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის განვითარების პროცესში.
      სამწუხაროდ, სტივენისა და ქეთის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. საბჭოთა კომუნისტური წყობილების მკაცრ პირობებში მაშინდელი ეგრეთ წოდებული „კეგებე”-ს აგენტები სასტიკად ექცეოდნენ ბრიტანულ-ქართულ ოჯახს, დევნიდნენ, იმდროინდელი მილიციის განყოფილებებში იბარებდნენ, ავიწროებდნენ, მათ შვილებს საბავშვო ბაღშიც კი არ უშვებდნენ და ემუქრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მამით, ეროვნებითა და გვარსახელებით ინგლისელები იყვნენ, ხოლო დედით კი დიდგვაროვანი სამეფო გვარის წარმომადგენლის – ქეთი ბაგრატიონის მემკვიდრეები.


ქალბატონი თამარ ბაგრატიონ-მუხრანელი, ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი
და ლორდი სტივენ ლორდ ლოიდი

* * *
ახალი თაობა
საქართველოში ნამდვილი ბაგრატიონი ათი-თხუთმეტია
ინტერვიუ ია ბაგრატიონ-მუხრანელთან

http://www.open.ge/index.php?m=4&y=2010&art=22218


თავად-აზნაურთა ჟურნალ "სამეფო გვირგვინის" პრეზენტაცია


      როგორც ჩანს, პატარა სტივენისა და ქეითის მშობლების დიდგვაროვანი წარმომავლობა მიუღებელი იყო მაშინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისათვის და ალბათ, თავის მხრივ გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კომუნისტური მმართველობისა და წყობილებისათვის. ყოველივე ეს უკვე საკმარისი მიზეზი იყო საბჭოთა იმპერიისათვის, რომ შური ეძიათ მათზე. თუმცა ასეც მოიქცნენ. 1971 წლის 29 დეკემბერს მოხდა ვითომ უბედური ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც ინგლისელი ლორდი სტივენ ჰენრი ლოიდი იმსხვერპლა.
      ასე დარჩა ქვრივი ქეთი ბაგრატიონი თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად. მალე ახალგაზრდა ქვრივის ცხოვრებაში გამოჩნდა ქართველი მამაკაცი – ოთარ სვანიძე, რომელმაც ქეთი ბაგრატიონის შვილები, პატარა ქეითი და სტივენი იშვილა, მამობა გაუწია, ქართული სახელები შეარქვა და მათი უზომო სიყვარულიც დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილს ოთარ სვანიძესა და ქეთი ბაგრატიონს ოფიციალური ქორწინების რეგისტრაცია არ გაუფორმებიათ, ისინი პატარა ქალ-ვაჟთან ერთად თავს მაინც ბედნიერ ოჯახად გრძნობდნენ.
      გარკვეული მიზეზების გამო ქეთი ბაგრატიონი დიაბეტით დაავადდა და მხედველობაც დაკარგა. მალე დიდებული ქალბატონი სრულიად უსინათლო გახდა, ავადმყოფობა საკმაოდ შეუქცევად განვითარდა და 2010 წლის 8 ნოემბერს იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
      საქართველოს დიდგვაროვანი მამულიშვილი ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონი მშობლიურ ქართულ მიწას მიებარა.

ქეთი ბაგრატიონი
08 მარტი, 1945
08 ნოემბერი, 2010


ყვავილების დედოფალო;
ვარდი, ტიტა, პიონი.
საყვარელი დედიკო მყავს
ქეთი ბაგრატიონი.

სტივენ ლორდ ლოიდი


* * *
დარეჯან (ჯანიკო) სირია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი


      დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი სტივენ ჰენრი ლოიდი მოღვაწეობდა და ლექცია-სემინარებს გვიკითხავდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ინგლისური ფილოლოგიის მასწავლებლებს.
      ეს იყო დრო, როდესაც უცხოელები საქართველოში არ ჩამოდიოდნენ. განსაკუთრებით კი ის უცხოელები, რომლებიც ინგლისურად საუბრობდნენ. ამიტომ როდესაც ინგლისელი ლორდი ჩვენს უნივერსიტეტში მოიწვიეს, ეს მართლაც სენსაცია იყო.
      ბატონი სტივენი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი გახლდათ და ენის მატარებელთან საუბარი (რაც მაშინ იშვიათობას წარმოადგენდა) თითოეული ჩვენგანისთვის მეტად სასარგებლო და საინტერესო იყო. ჩვენ უდიდესი სიყვარულით ვესწრებოდით მის ლექციებს და საკმაოდ დიდ პრაქტიკასა და გამოცდილებას ვიძენდით.
      ახალგაზრდა დოქტორი ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებს საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიდა ინგლისური ენის სწავლების მეთოდებისა და სასაუბრო ენის თავისებურებების შესახებ. ჩვენ ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდებოდით მის ლექციებს, რადგან ჩვენთვის, როგორც ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, ეს იყო პირველი ტრეინინგების პრაქტიკული კურსი. ინგლისელი ლორდი მუდამ მზად იყო დაგვხმარებოდა და სასარგებლო მითითებები მოეცა ჩვენთვის.
      ბატონი სტივენი გახლდათ საშუალო სიმაღლის, სიმპათიური, თავმდაბალი და საოცრად კეთილი ადამიანი. მისი ვაჟიშვილი უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი გარეგნობით, თვისებებითა და ხასიათით ძალიან ჰგავს თავის მამას, უფროს სტივენ ლოიდს.
      დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობა და მისი უსაზღვრო დახმარება არასოდეს დამავიწყდება.



მანანა მიქაუტაძე

საქართველოს დამსახურებული პედაგოგი
თბილისის 52-ე საჯარო სკოლა


      მახსოვს, გასული საუკუნის 60-იან წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული იყო დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დოქტორი სტივენ ჰენრი ლოიდი, რომელიც ინგლისური ენის კათედრაზე ლექცია-სემინარებს კითხულობდა პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
      ახალგაზრდა პროფესორი უაღრესად განათლებული იყო და შესანიშნავად ფლობდა უცხო ენებს, მათ შორის რუსულს. იგი საქართველოში დაოჯახდა დიდგვაროვან ქართველ ქალზე ქალბატონ ქეთი ბაგრატიონზე და მათ ორი შვილი შეეძინათ.
      ბატონი სტივენი და ქალბატონი ქეთი ყველას განსაკუთრებულად გვიყვარდა და ყოველთვის დიდი სიხარულის მომგვრელი იყო მათთან შეხვედრა და საუბარი.
      თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხშირად იმართებოდა ინგლისელთან შეხვედრები, კონფერენციები და საღამოები, სადაც სიტყვით გამოდიოდნენ საკმაოდ ცნობილი პროფესორები: ნიკო ყიასაშვილი, მანანა არჩვაძე, თამარ გომართელი, ბიძინა ლუტიძე, თინა თუშმალიშვილი, ნელი საყვარელიძე, ასმათ ხურცილაძე, ქეთევან კანდელაკი და სხვები.
      მე ხშირად ვესწრებოდი ბატონი სტივენის სემინარებს და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, როდესაც ინგლისელი ლორდი მოხსენების გასაკეთებლად ემზადებოდა, მან ჯერ შექსპირი გაიხსენა:
                   „რადგან არავის შეიბრალებს სიკვდილის ცელი,
                   დატოვე შვილი, როგორც ხსოვნის ერთგული მცველი.”
      და შემდეგ ამ ციტატასთან დაკავშირებული ახალი სასიხარულო ამბავი გვითხრა: „მე სულ ახლახანს კიდევ ერთი ახალი ოჯახის წევრი – ვაჟიშვილი შემეძინა და ვერ გადამიწყვეტია რა სახელი დავარქვა.”
      ბატონმა ლოიდმა ვაჟის რამოდენიმე ინგლისური სახელი ჩამოთვალა და ქართული სახელის შერქმევაზეც ფიქრობდა. მაგრამ ბოლოს არჩევანი მაინც სტივენზე შეაჩერა, რადგან მის ქალიშვილს დედის – ქალბატონ ქეთი ბაგრატიონთან ასოცირებული სახელი ქეითი ერქვა, ვაჟიშვილს კი თავისი სახელი სტივენი დაარქვა.
      სემინარის დასრულების შემდეგ ბედნიერ ინგლისელსა და ახლა უკვე ვაჟიშვილის მამას „ალაფურშეტი” მოვუწყვეთ და ყველამ სათითაოდ მივულოცეთ ძეობა. მისი გაბრწყინებული და უბედნიერესი თვალები არავის დაგვავიწყდება.



რევაზ დოღონაძე


გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,
მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი


      ჩემი მოსკოვში მოღვაწეობის პერიოდში გავიცანი ახალგაზრდა დიდგვაროვანი ინგლისელი პროფესორი ლორდი სტივენ ჰენრი ლოიდი, რომელიც მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო მოწვეული და ლექციებს კითხულობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.
      მე გაოცებული დავრჩი ბატონი სტივენის რუსული ენის ბრწყინვალე ცოდნით და მისი ქართველ გოგონაზე უზომო სიყვარულით. ეს იყო უმშვენიერესი სტუდენტი გოგონა, საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი და ყველასათვის სათაყვანებელი ქართველი ქალი ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონი.
      სამწუხაროდ, მე მხოლოდ რამოდენიმე კვირის გატარება მომიწია მათთან ერთად, რადგან სტივენსა და ქეთის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ოჯახის შექმნა და საქართველოში აპირებდნენ დაქორწინებას.
      მე და ჩემმა მეგობრებმა ახალგაზრდა წყვილი გამგზავრების წინ ჩვეულ რესტორანში მივიწვიეთ, ბედნიერების ვახშამი მოვუწყვეთ, უდიდესი წარმატებები ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ. ინგლისელ ლორდთან დაშორებამ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდით, რომ ის ჩვენს სამშობლო საქართველოში მიემგზავრებოდა.



ქეით სტივენის ასული ლოიდი


      ქეით სტივენის ასული ლოიდი დაიბადა საქართველოში მისი მამის – ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში და მას თავისი დედის, ქალბატონ ქეთი ბაგრატიონთან ასოცირებული სახელი – ქეითი დაარქვეს.
      მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა ინგლისელი გოგონა ქართველმა მამაკაცმა ოთარ სვანიძემ იშვილა, მამობა გაუწია და ქართული სახელი – ეთო შეარქვა. ეს გამოწვეული იყო იმითაც, რომ მამობილს სასწრაფოდ უნდა გადაერჩინა პატარა და-ძმა, აეცილებინა მათთვის მოსალოდნელი განსაცდელი და უბედურება. ოთარიმ მთელი თავისი ცხოვრება სტივენსა და ქეითს შესწირა, შვილად აიყვანა, მამობა დაადგინა და საკუთარი მშობელივით მზრუნველობა გაუწია. ოთარის ფასდაუდებელი ამაგი მიუძღვის უპირველესად მათი სიცოცხლის გადარჩენაში და შემდეგ მათ აღზრდა-განათლებაში. ალბათ, ოთარ სვანიძე რომ არ ყოფილიყო, დღეს ისინი გაძევებული ან გადასახლებული იქნებოდნენ, ან შეიძლება საერთოდ ცოცხლებიც აღარ ყოფილიყვნენ, რადგან საბჭოთა კომუნისტური წყობილების მკაცრ პირობებში მაშინდელი ეგრეთ წოდებული „კეგებე”-ს აგენტები პატარა და-ძმას სასტიკად ექცეოდნენ, დევნიდნენ, ავიწროებდნენ, საბავშვო ბაღშიც კი არ უშვებდნენ და ემუქრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მამით, ეროვნებითა და გვარსახელებით ინგლისელები იყვნენ, ხოლო დედით კი დიდგვაროვანი სამეფო გვარის წარმომადგენლის – ქეთი ბაგრატიონის მემკვიდრეები.
      როგორც ჩანს, პატარა ქეითისა და სტივენის მშობლების დიდგვაროვანი წარმომავლობა მიუღებელი იყო იმდროინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკური კავშირისათვის და ალბათ, თავის მხრივ გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კომუნისტური მმართველობისა და წყობილებისათვის. ყოველივე ეს უკვე საკმარისი მიზეზი იყო საბჭოთა იმპერიისათვის, რომ შური ეძიათ მათზე. თუმცა ასეც მოიქცნენ და სპეცდაკვეთით, სრულიად პატარა ბავშვების ბიოლოგიური მამა – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი ხელოვნურად შექმნილ ავტოკატასტროფაში მოკლეს.
      ამ საშინელებისაგან და კიდევ ახალი მოსალოდნელი უბედურებისაგან ოთარ სვანიძემ ბავშვები მაშინ იხსნა, როგორც კი ისინი შვილად აიყვანა, ეროვნება შეუცვალა და ქართული გვარსახელები მისცა.
      საშუალო განათლების მიღების შემდეგ ქეით ლოიდმა სწავლა თბილისის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. იგი დანარჩენი სტუდენტებისაგან განსაკუთრებული აქტიურობითა და საუკეთესო აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა. დიდი პასუხისმგებლობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა პროფესორ-მასწავლებლებსა და მეგობრებს შორის.
      საქართველოში ქეითს სტუდენტური პერიოდის გატარება ქვეყანაში შექმნილ ძალიან რთულ პირობებში მოუწია. სახელმწიფოში სრული ქაოსი და პოლიტიკურად დაძაბული ვითარება იყო. დედაქალაქში თვეობით გათიშული იყო სინათლე, წყალი, გაზი. გაუთავებელი რიგები იდგა პურ-პროდუქტებზე, ნავთზე, საწვავზე და სხვა. მთლიანად მოშლილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკი, ჩაბნელებული ქუჩები, ბანდიტებისა და ყაჩაღების თავაშვებული თარეში. ქვეყანაში სრული განუკითხაობა და ძალადობა დამკვიდრდა.
      ქეით ლოიდმა წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისი ძმის – სტივენ ლორდ ლოიდის ნაშრომებში. მას განსაკუთრებული დამსახურება ლექსიკონების შედგენაში მიუძღვის და თანაავტორი გახლავთ მოგონებების კრებულისა „სიტყვანნი ჩვენნი”.
      პატარა ქეითს პოეზია და უცხო ენები ბავშვობიდანვე იტაცებდა. მათ შორის ოსური, რომელსაც პატარა გოგონას მისი დიდი ბებია თამარ ხეთაგუროვი ასწავლიდა და ქართულ ლიტერატურასთან ერთად თავისი დიდებული წინაპრის – კოსტა ხეთაგუროვის შემოქმედებით მოძღვრავდა.
      დღეს ინგლისელი და-ძმა საქართველოში ქველმოქმედებას ეწევა. მათ 2008 წელს თამარაშენში გამართულ ვეფხისტყაოსნის მარათონზე ადგილობრივი მოსახლეობა საჩუქრებით დააჯილდოვეს და სკოლის ბავშვებს ორ-ორი პაკეტი დაურიგეს. ერთი პაკეტი შეიცავდა ტკბილეულსა და გამაგრილებელ სასმელებს, ხოლო მეორე პაკეტი კი – სკოლისათვის საჭირო ყველა საკანცელარიო ნივთებს.
      აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმება სტივენ და ქეით ლოიდების ქველმოქმედებას, რაც გამოიხატება იმით, რომ თბილისის უნივერსიტეტებსა და საჯარო სკოლებში უფასოდ კითხულობენ ლექცია-სემინარებს ინგლისურსა და იაპონურ ენებში და მათ მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამითა და სავარჯიშო სახელმძღვანელოებით ასწავლიან. ამ იდეის ავტორები ქეითი და მისი ძმა სტივენი არიან, ფინანსურ საკითხებსაც თვითონვე აწესრიგებენ, მამისეულ ტრადიციას აგრძელებენ და მათ, როგორც თვითონ ამბობენ „საქართველოს სიყვარული” აფინანსებთ. როგორც ამბობს: „მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელსაც მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია ქველმოქმედებით საქმიანობაში და ამ ქვეყანას ინგლისი ჰქვია.”
      80-იანი წლების დასასრულს ქეით ლოიდის წარმატებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მის ცხოვრებაში უეცრად გამოჩნდა ქალაქ გორში დაბადებული და აღზრდილი, როგორც ზღაპრებში ამბობენ „თეთრ ცხენზე ამხედრებული მამაცი რაინდი”. ეს გახლდათ საბჭოთა კავშირის დიდი ბელადის იოსებ სტალინის საგვარეულო ოჯახის წარმომადგენელი მირიან ჯუღაშვილი. მიუხედავად მისი „მკაცრი” გვარიშვილობის და ულმობელი წარმომავლობისა, მირიან ჯუღაშვილი საკმაოდ მორიდებული და გაუბედავი აღმოჩნდა სიყვარულის წინაშე. ამიტომაც მან სიყვარულის ნიშნად ქეითს საყვარელი ვაჟი თოჯინა აჩუქა, რის შემდეგაც მოხდა მათი შეუღლება.
      მირიან ჯუღაშვილსა და ქეით ლოიდს შეეძინათ სამი შვილი: იოსები, თეკლა და გვანცა. თუმცა მათ ბედნიერებას თან ახლავს საკმაოდ სერიოზული პრობლემები სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რაც გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობით სტალინიზმის წინააღმდეგ და 2008 წლის ზაფხულში განვითარებული ასევე პოლიტიკურად დაძაბული მოვლენებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სადაც დღევანდელი არსებული საომარი მოქმედების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის შეღწევა შეზღუდულია და საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.



მირიან სერგოს ძე ჯუღაშვილი


      მირიან სერგოს ძე ჯუღაშვილი დაიბადა ქალაქ გორში. მისი მამა სერგო ნიკოლოზის ძე ჯუღაშვილი გახლდათ საბჭოთა კავშირის დიდი ბელადის იოსებ სტალინის საგვარეულო ოჯახის წარმომადგენელი.
      მირიან ჯუღაშვილმა გორის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. იგი ძალიან ბეჯითი და თავისი წინაპარივით გენიოსი იყო. მირიანი უანგარო შრომას ეწეოდა სწავლის პერიოდში და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში, პირნათლად ასრულებდა სტუდენტურ მოვალეობას, სათავეში უდგებოდა ფრიად საპასუხისმგებლო საქმიანობას და დიდი წარმატებით აგვირგვინებდა ყოველივეს. მან საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ეკონომიკის დარგში.
      სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ მირიან ჯუღაშვილმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მას რაღაც განსაკუთრებული გრძნობით შეუყვარდა დიდგვაროვანი ოჯახის ასული ქეით ლოიდი, მაგრამ არ იცოდა ეს განსაკუთრებული გრძნობა რამდენად მისაღები იქნებოდა მისთვის.
      მიუხედავად მისი „მკაცრი და ულმობელი” გვარის წარმომავლობისა, მირიანი საკმაოდ მორიდებული და გაუბედავი აღმოჩნდა სიყვარულის წინაშე. მას არ სურდა დაუფიქრებელი ნაბიჯით ისეთი რამ შეეტანა ქალ-ვაჟის ურთიერთობაში, რაც არსებულ გრძნობებს რაიმეს ავნებდა და სამუდამოდ დააზიანებდა. ამიტომაც მან სიყვარულის ნიშნად ქეითს საყვარელი ვაჟი თოჯინა აჩუქა, რის შემდეგაც მოხდა მათი შეუღლება.
      მირიან ჯუღაშვილსა და ქეით ლოიდს შეეძინათ სამი შვილი: იოსები, თეკლა და გვანცა. თუმცა მათ ბედნიერებას თან ახლავს საკმაოდ სერიოზული პრობლემები სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რაც გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობით სტალინიზმის წინააღმდეგ და 2008 წლის ზაფხულში განვითარებული ასევე პოლიტიკურად დაძაბული მოვლენებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სადაც დღევანდელი არსებული საომარი მოქმედების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის შეღწევა შეზღუდულია და საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.



ლია სვანიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და
სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი

მ ო გ ო ნ ე ბ ა


      2009 წლის ზაფხულის ერთ ცხელ დღეს იმ გამომცემლობას მივაშურე, სადაც ჩემი წიგნი უნდა გამოცემულიყო. იქ კეთილგანწყობილი ადამიანები მელოდნენ. სამუშაო ოთახში უცნობი შევნიშნე. ახალგაზრდა სიმპათიური ყმაწვილი ფეხზე წამოდგა, ხელზე მეამბორა და ისე მიპასუხა სალამზე. მასპინძლებმა გამაცნეს: “ეს სტივენ ლოიდია, ინგლისელი ლორდის ვაჟი, ნახევრად ქართველია და ნახევრად ინგლისელი.” რაღაც უცნაურმა და საოცარმა განცდამ სადღაც შორეულ წარსულში გადამისროლა. ეს განცდა ძალიან დიფუზური იყო და წამშივე გაქრა. თითქოს, ძალიან ნაცნობი და ოდესღაც ჩემს ახალგაზრდობაში გაგონილი სახელი ჩამესმა. შევწუხდი... ჩამოვჯექი, ბოდიში მოვიხადე დაგვიანებისათვის, მიზეზიც მოვიყვანე – უნივერსიტეტთან საცობი იყო მეთქი. ყმაწვილმა, ოდნავი აქცენტით მაგრამ ლამაზი ქართულით მკითხა: “თქვენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხომ არ მოღვაწეობთ?” დიახ. უნივერსიტეტი ჩემია, იქ ვსწავლობდი და მისი დატოვება არ შემიძლია.
      ყმაწვილი ისევ წამოდგა, სახეზე სიწითლემ გადაჰკრა, თვალები გაუბრწყინდა და შემეკითხა (შეკითხვაში მოუთმენელი მოლოდინი გამოსჭვიოდა): “თქვენ მამაჩემს, ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდს ხომ არ იცნობდით?”
      ჰოი, საკვირველებავ, ისევ ერთ წამში შორეულმა მეხსიერებამ ჩემს თვალწინ, სრულიად ნათლად გადამიშალა წარსული. ეს გახლდათ ჩემი ინგლისელი კოლეგა და მეგობარი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი.
      ვიდრე ჩვენს უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავდა ყველაფერი ასე დაიწყო. არ მახსოვს ზუსტად რომელი წელი იყო 60 თუ 70-იანი, მე და ჩემი ორი, ძალიან ლამაზი მეგობარი – ნელი ახვლედიანი და ქრიზანთემა კოპინაშვილი უნივერსიტეტიდან გამოვდიოდით. გასასვლელთან ჩვენი საყვარელი ლექტორი ბატონი ბიძინა ლუტიძე იდგა ახალგაზრდა პიროვნებასთან ერთად. ცხადია, ჩვენ მათ გვერდს ვერ ავუვლიდით. ბატონმა ბიძინამ კომპლიმენტებით შეგვამკო და იმ ულამაზეს ყვავილებს შეგვადარა, იმ დროს რომ უხვად ჰყვაოდნენ უნივერსიტეტის ბაღში. შემდეგ, იმ წამსვე გაგვაცნო უაღრესად მომხიბვლელი უცნობი: “გოგონებო, ეს ჩემი მეგობარია, ინგლისელი ლორდი სტივენ ლოიდი.” (სახელი და გვარი საგანგებოდ გააგრძელა). ჩვენ მას ხელი ჩამოვართვით აღფრთოვანებულებმა. იმ დროში უცხოელის გაცნობა საინტერესოც იყო და საშიშიც. სტივენ ლოიდი ქართულ-ინგლისურად მოგვესალმა, სერიოზულად და აუჩქარებლად შეგვათვალიერა თითოეული ჩვენთაგანი, არცერთს არ დავწყვიტა გული, თითქოს მოზომილი აქვსო ისე თანაბრად შეაჩერა ჩვენზე ყურადღება. შემდეგ გასწორდა, თავი ოდნავ გადახარა და გაიღიმა. სასწაული ღიმილი ჰქონდა, რაღაც აზრის გამომხატველი. პირადად ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა თვალებმა. ღრმა, ჭკვიანური და სევდიანი თვალები ჰქონდა, ძალიან ლამაზი, მრავლისგამომხატველი, ჩაფიქრებული თვალები... მე შევამჩნიე, რომ ჩემს მეგობრებს ძალიან მოეწონათ ბატონი სტივენი.
      ჩვენ კარგა ხანს ვიდექით ხუთივე ერთად წრეში, იმ ლამაზ ზაფხულის დღეს, არავის გვინდოდა ადგილიდან დაძვრა. შემდეგ ისევ ბატონმა ბიძინამ იაქტიურა; “ჩემო კარგებო, ჩვენი სტივენი ცოლიანია, მისი მეუღლე დიდგვაროვანი ქართველი გახლავთ – ქეთი ბაგრატიონი, გოგონაც ჰყავს უკვე, პატარა ქეითი. ჩვენ ყველას გულიანად გაგვეცინა. ნელი ახვლედიანმა მოსწრებულად უთხრა ჩვენს საყვარელ ლექტორს: “თქვენ ჩვენს გულში ხომ არ იყავით, როგორ გაეცით პასუხი გამოუთქმელ შეკითხვას?” ქრიზანთემამ კი კეკლუცურად აღნიშნა: “მადლობა თქვენ ბატონო ბიძინა შეტყობინებისათვის, თორემ ეს უცნობი ნამდვილად შემიყვარდებოდა ერთი ნახვით.”
      იმ დღის შემდეგ, ჩვენ ბევრჯერ შევხვდით უცხო ენების კორპუსისაკენ მიმავალს ან იქიდან პირველი კორპუსისაკენ მომავალ ახალგაზრდა პროფესორს სტივენ ჰენრი ლოიდს. მას არასოდეს დავუტოვებივართ უყურადღებოდ, შეჩერდებოდა, მოგვესალმებოდა, რაღაცას გვეტყოდა, პატივისცემით დაგვემშვიდობებოდა და გაუყვებოდა გზას დინჯი, მოზომილი ნაბიჯებით, თითქოს არსად არ მიეჩქარებოდა, დრო ყოველთვის ზუსტად ჰქონდა გათვლილი. ხან ყველა ერთად შევხვდებოდით, ხან კიდევ ცალ-ცალკე და როდესაც ცალკე შევხვდებოდით რომელიმე ჩვენგანი, სიხარულით ვამცნობდით-ხოლმე ერთმანეთს – “იცი ვინ ვნახე დღეს? ჩვენი ინგლისელი.”
      მას შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი ინგლისური ენის კათედრაზე ქართველ პროფესორ-მასწავლებლებისთვის ინგლისური ენის ლექცია-სემინარებს კითხულობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სტივენის ყოველ ნაბიჯს კომუნისტური ხელისუფლება აკონტროლებდა, საქართველოზე და ქართველ ქალზე შეყვარებულმა ინგლისელმა ლორდმა მაინც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლების განვითარების პროცესში.
      მერე? მერე დიდხანს არ ჩანდა ეს მშვენიერი, ბრწყინვალედ აღზრდილი ახალგაზრდა კაცი. ჩვენ ყველანი ვეძებდით და მოუთმენლად ველოდით მის გამოჩენას მაგრამ ამაოდ. შემდეგ კი გავიგეთ, რომ ის დაიღუპა ავტოკატასტროფაში...
      შემდეგ? შემდეგ კი უფრო დაწვრილებით გავიგეთ დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის სტივენ ჰენრი ლოიდის დიდი სიყვარულისა და ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. ეს უკვე ძალიან გვიან, 2009 წლის ზაფხულის ცხელ დღეს გვიამბო მისმა ვაჟიშვილმა, ახალგაზრდა პროფესორმა სტივენ ლორდ ლოიდ უმცროსმა, რომელიც სამწუხაროდ არ იცნობდა თავის მამას, ის მხოლოდ 14 დღის იყო მაშინ.



მარინა გელაშვილი

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი


      ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს სკოლას ესტუმრა ახალგაზრდა დიდგვაროვანი ინგლისელი პროფესორი ლორდი სტივენ ლოიდი. ეს იყო სკოლა, სადაც მისი დის – ქეით ლოიდის შვილები, ვაჟიშვილი – იოსებ ჯუღაშვილი და ქალიშვილი თეკლა ჯუღაშვილი წარჩინებით სწავლობდნენ.
      ბატონი სტივენი ქველმოქმედების მისიით მობრძანდა და ჩვენს სკოლაში სრულიად უფასოდ უცხო ენის კურსი წაიკითხა ინგლისურსა და იაპონურ ენებში. ერთხელ ინგლისელი ლორდი, სულით ქართველი ჭაბუკი, რომელიც განსაკუთრებული სათნოებით, სიყვარულითა და კეთილი ღიმილით საუბრობდა, შემთხვევით ჩემს გაკვეთილზე შემოვიდა. იგი სუფთა ქართულით, გრამატიკულად და უშეცდომოდ, მაგრამ აქცენტით მესაუბრებოდა. მე ამ დროს გაკვეთილზე ვხსნიდი ძველ ქართულს „შუშანიკის წამებას”, სტივენს გაეღიმა და მივხვდი, რომ კარგად იცოდა წმინდანების ცხოვრება და რამოდენიმე ვრცელი ციტატის ადგილი ტექსტიდან ზეპირად მითხრა.
      ამრიგად, ჩემს მოვალოებად მიმაჩნია ეს გარემოებანი შემდეგნაირად აღვნიშნო. ინგლისელი დიდგვაროვანი ლორდისა და ქართველი დიდგვაროვანი ბაგრატიონის შთამომავალი, ბრიტანულ-ქართული კულტურისა და ტრადიციების მქონე ახალგაზრდა, ბატონი სტივენ ლორდ ლოიდი უაღრესად განათლებული გახლავთ და მოსწავლე-მასწავლებლებისადმი უანგაროდ მზრუნველი ვაჟი. იგი რამოდენიმე ენაზე საუბრობს და თავისი დედა-სამშობლოს ჭეშმარიტი პატრიოტია, რომელიც საქართველოს განათლებულ მომავალზე ზრუნავს და ამისათვის უსასყიდლოდ თავდადებული შრომობს. ის გახლავთ ადამიანი „ცოცხალი ენციკლოპედია”, გადაშლილი წიგნია ჩვენს წინაშე, რომლის მხოლოდ წაკითხვაა საჭირო. მასთან საუბარი და უბრალოდ ურთიერთობაც კი, გარდა იაპონურისა და ინგლისურისა, ფრიად საინტერესო ინფორმაციისა და უამრავი სასარგებლო თვისებების მომცემია თითოეული ქართველისათვის. მისი წმინდა ინგლისურ-ქართული ხასიათი, განსაკუთრებით კი მისი საოცარი თავმდაბლობა, ინგლისელი ლორდისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული არისტოკრატიული თავაზიანობა და უაღრესად დახვეწილი თვისებები, საოცარი ქართული სითბო და ძლიერი მეგობრული სულისკვეთება ფრიად მისაბაძია თითოეული ჩვენგანისათვის. სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილი, ინგლისელი პროფესორი საქართველოსთვის ღვთის საჩუქარია.
      თუმცა სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა ბატონი სტივენი ყოფილიყო, რადგან იგი ძვირფასი ქართველი დედის, საქართველოს დიდგვაროვანთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქალბატონი ქეთი ბაგრატიონის აღზრდილია და ყველაფერი საუკეთესო მისცა თავის შვილს იმისათვის, რომ სანაქებო მამულიშვილი აღზრდილიყო და ერთგულად ემსახურა თავისი დედასამშობლოსთვის, რასაც ბატონი სტივენი პირნათლად ასრულებს კიდეც.
      მსურს სკოლისა და სრულიად საქართველოს სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სტივენს იმისათვის, რომ დღეს იგი ჩვენს გვერდით არის და საქართველოს განათლებულ მომავალზე ზრუნავს.



სტივენ ლორდ ლოიდი


      ბრიტანულ-ქართული ფესვების მქონე მრავალპროფილიანი ინგლისელი მოღვაწე – ენათმეცნიერი, ფილოლოგი, რამოდენიმე წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი, ჟურნალისტი, პოეტი, მთარგმნელი, პოლიგლოტი, იურისტი, ქართველოლოგი და ასოცირებული პროფესორი უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი დაიბადა საქართველოში მისი მამის – უფროსი სტივენის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში.



      სტივენს მამის – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდის სახელი ჰქვია, რის გამოც, ბრიტანეთში როდესაც მამა-შვილზე საუბრობენ, მამას უფროსი ანუ „სინიორ” სტივენით მიმართავენ, ხოლო ვაჟს კი უმცროსი ანუ „ჯუნიორ” სტივენით.
      მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა ინგლისელი ბიჭი ქართველმა მამაკაცმა ოთარ სვანიძემ იშვილა, მამობა გაუწია და ქართული სახელი – კახაბერი შეარქვა. ეს გამოწვეული იყო იმითაც, რომ მამობილს სასწრაფოდ უნდა გადაერჩინა პატარა და-ძმა, აეცილებინა მათთვის მოსალოდნელი განსაცდელი და უბედურება. ოთარიმ მთელი თავისი ცხოვრება სტივენსა და ქეითს შესწირა, შვილად აიყვანა, მამობა დაადგინა, საკუთარი მშობელივით მზრუნველობა გაუწია და ფასდაუდებელი ამაგი დადო უპირველესად მათი სიცოცხლის გადარჩენაში და შემდეგ მათ აღზრდა-განათლებაში.
      ალბათ, ოთარ სვანიძე რომ არ ყოფილიყო, დღეს ისინი გაძევებული ან გადასახლებული იქნებოდნენ, ან შეიძლება საერთოდ ცოცხლებიც აღარ ყოფილიყვნენ, რადგან საბჭოთა კომუნისტური წყობილების მკაცრ პირობებში მაშინდელი ეგრეთ წოდებული „კეგებე”-ს აგენტები პატარა და-ძმას სასტიკად ექცეოდნენ, დევნიდნენ, ავიწროებდნენ, საბავშვო ბაღშიც კი არ უშვებდნენ და ემუქრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მამით, ეროვნებითა და გვარსახელებით ინგლისელები იყვნენ, ხოლო დედით კი დიდგვაროვანი სამეფო გვარის წარმომადგენლის – ქეთი ბაგრატიონის შვილები. როგორც ჩანს, პატარა სტივენისა და ქეითის მშობლების დიდგვაროვანი წარმომავლობა მიუღებელი იყო იმდროინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკური კავშირისათვის და ალბათ, თავის მხრივ გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კომუნისტური მმართველობისა და წყობილებისათვის. ყოველივე ეს უკვე საკმარისი მიზეზი იყო საბჭოთა ხელისუფლებისათვის, რომ შური ეძიათ მათზე. თუმცა ასეც მოიქცნენ და სპეცდაკვეთით, სრულიად პატარა ბავშვების ბიოლოგიური მამა – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი ხელოვნურად შექმნილ ავტოკატასტროფაში მოკლეს.
      ამ საშინელებისაგან და ბავშვებზე კიდევ ახალი მოსალოდნელი უბედურებისაგან გადასარჩენად ოთარ სვანიძემ ისინი შვილად აიყვანა, ეროვნება შეუცვალა და ქართული გვარსახელები მისცა.
      ბრიტანულ-ქართული ფესვების მქონე უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი მშობლების შესახებ თამამად ამბობს, რომ ერთმა შექმნა მეორემ კი – გაზარდა, ამიტომაც ორი მამა ჰყავს და ორივე უყვარს, ისევე როგორც სამშობლო. განსაკუთრებულად კი მაშინ ამაყობს, როცა მას ქართველს ამსგავსებენ.
      ინგლისელი პროფესორი დღემდე გაოცებულია მამობილის ოთარ სვანიძის სულგრძელობით, რადგან მან იმდენად ძლიერ შეიყვარა და გაითავისა სხვისი შვილები, რომ ალბათ ბევრ ნამდვილ მამას არ უყვარს საკუთარი და ხშირად იხსენებს ერთ-ერთ ასეთ ფაქტს: სტივენი რვა თვის ჩვილი ბავშვი იყო, როდესაც მამობილმა სრულიად შიშველი პირველად აიყვანა ხელში, თავის მკლავებში ჩაიწვინა, იმ ადგილას აკოცა სადაც ვაჟებს კოცნიან ხოლმე მამები, ზეცას გაუწოდა მკლავებში ჩაწვენილი და მოლუღლუღე ჩვილი, ღმერთს მადლობა შესწირა გვარის გამგრძელებელი ვაჟი რომ მიჰგვარა და ორივე ხელით მკერდზე მიიკრა.
      სტივენს უცხო ენები ბავშვობიდანვე იტაცებდა. იგი რვა უცხო ენას ფლობს, მათ შორის ოსურს, რომელსაც პატარა სტივენს მისი დიდი ბებია თამარ ხეთაგუროვი ასწავლიდა და ქართულ ლიტერატურასთან ერთად თავისი დიდებული წინაპრის – კოსტა ხეთაგუროვის შემოქმედებით მოძღვრავდა. ჯერ კიდევ პატარა სტივენმა ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და მეგობრობის შესახებ ოსურ ენაზე პოემაც კი დაწერა.
      სტივენის ბრიტანულ განათლებაში განსაკუთრებული დამსახურება ოქსფორდის პროფესორს, დოქტორ მაიკლ ბერმანს მიუძღვის. მას დამთავრებული აქვს ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები: ფილოლოგიური, ჟურნალისტიკისა და იურიდიული ფაკულტეტები. იგი თავისი ინგლისელი მამისა და ქართველი დედის საპატივცემულოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლობდა და რამოდენიმე წითელი დიპლომიც დაიმსახურა. მას თავისი ავტორობით გამოცემული აქვს ნაშრომები და სახელმძღვანელოები: „ინგლისური ენის გრამატიკა”, ბიოგრაფიული წიგნი „უიღბლო მშვილდოსანი” და მოგონებების კრებული „სიტყვანნი ჩვენნი”, ინგლისურად თარგმნა ანა კალანდაძის რჩეული პოეზია. იგი არის მსოფლიოში პირველი ქართულ-იაპონური და იაპონურ-ქართული ლექსიკონების ავტორი და შემდგენელი.



      სტივენს თავისი საქმიანობის გამო მისი ბრიტანელი მეგობრები „დოქტორ ჯონსონს” ეძახიან და ასეთ შეფასებას აძლევენ: „მისი თხოვნა ბრძანებაა, ხოლო მისი აზრი კი – უდავო ჭეშმარიტება”. (დოქტორ ჯონსონი (1709-1784) იყო გამოჩენილი კრიტიკოსი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ლექსიკონების შედგენაზე მუშაობდა).
      2007 წელს თბილისის მოსწავლეთა სასახლეში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი „გზა მშვიდობისაკენ – ჩემი ხედვა”, სადაც სტივენმა ოსურ პოეზიაში პირველი ადგილი დაიკავა, სპეციალური დიპლომი დაიმსახურა და განსაკუთრებული პრიზიც მიიღო. აღნიშნული პრიზი ლონდონში მოგზაურობას ითვალისწინებდა, რაზეც მან უარი განაცხადა, რადგან ლონდონი მისი მშობლიური ქალაქია და იქიდან ჩამოსული ინგლისელი პროფესორის საქართველოდან ისევ უკან ლონდონის დასათვალიერებლად ინგლისში გაგზავნა არ ისურვა.
      2008 წელს თამარაშენში გაიმართა „ვეფხისტყაოსნის” მარათონი, სადაც ახალგაზრდა პროფესორი სტივენ ლორდ ლოიდიც მიიწვიეს. მან შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი” ოსურ ენაზე წაიკითხა, ადგილობრივი მოსახლეობა საჩუქრებით დააჯილდოვა და სკოლის ბავშვებს ორ-ორი პაკეტი დაურიგა. ერთი პაკეტი შეიცავდა ტკბილეულსა და გამაგრილებელ სასმელებს, ხოლო მეორე პაკეტი კი – სკოლისათვის საჭირო ყველა საკანცელარიო ნივთებს.
      საქართველოში სტივენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პერიოდის გატარება სახელმწიფოში შექმნილ ძალიან რთულ პირობებში მოუწია. ქვეყანაში სრული ქაოსი და პოლიტიკურად დაძაბული ვითარება იყო. დედაქალაქში თვეობით გათიშული იყო სინათლე, წყალი, გაზი. გაუთავებელი რიგები იდგა პურ-პროდუქტებზე, ნავთზე, საწვავზე და სხვა. მთლიანად მოშლილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკი, ჩაბნელებული ქუჩები, ბანდიტებისა და ყაჩაღების თავაშვებული თარეში, სრული განუკითხაობა და ძალადობა დამკვიდრდა ქვეყანაში.
      სტუდენტობის პერიოდში სტივენს უამრავი სტატიები აქვს გამოქვეყნებული ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. მათ შორის აღსანიშნავია: „საქართველოს რესპუბლიკა”, „შანსი”, „ახალგაზრდა ივერიელი”, „დრონი”, „ქართული უნივერსიტეტი”, „თბილისი”, „Georgian News”, „ზარია ვოსტოკა”, „პრავდა”, „საქართველო”, ახალგაზრდული გაზეთი „კოქტეილი”, „სტუდენტური პაემანი” და სხვა. სწორედ ერთ-ერთი სტატია მიუძღვნა ავტორმა დედაქალაქში ტროლეიბუსის სახურავზე სავსე ახალგაზრდებთან ერთად უცნაურ მგზავრობასა და ქართველების დუხჭირ ცხოვრებას, რომლის ძარღვებშიც მამით ინგლისელი დიდგვაროვანის თავაზიანი, მორიდებული და ზრდილობიანი სისხლი ჩქეფდა, ხოლო მის სულში დედით ქართველი თავადის არისტოკრატიული, ძლიერი, მტკიცე, უდრეკი და შეუპოვარი მაგრამ ყველაზე თბილი და გულუხვი სული ბობოქრობდა.
      ბრიტანეთში სტივენი იურისკონსულტია მოქალაქეობისა და ემიგრაციის საკითხებში და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. იგი საქართველოში ჩამოსვლამდე ინგლისის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა.
      დღეს სტივენი საქართველოშია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობის მამისეულ ტრადიციას აგრძელებს, ქველმოქმედებას ეწევა და ანაზღაურების გარეშე კითხულობს ლექციებს ინგლისურსა და იაპონურ ენებში. იგი მის მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამითა და სავარჯიშო სახელმძღვანელოებით ასწავლის და უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს პროფესორ-მასწავლებლების, მოსწავლე-სტუდენტებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა მომსახურე პერსონალის მიმართ.
      საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმება ახალგაზრდა პროფესორის სტივენ ლორდ ლოიდის ქველმოქმედებას. მათი შუამდგომლობით ასევე სრულიად უფასო გაკვეთილებისათვის საათების რაოდენობა აქვს დაკავებული თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმში, თბილისის ეკონომიკის, სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტში (თესისუ) და სხვა. ამ იდეის ავტორები სტივენი და მისი და ქეითი გახლავთ, ფინანსურ საკითხებსაც თვითონვე აწესრიგებენ, მამისეულ ტრადიციას აგრძელებენ და „საქართველოს სიყვარული” აფინანსებთ. როგორც ამბობს: „მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელსაც მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია ქველმოქმედებით საქმიანობაში და ამ ქვეყანას ინგლისი ჰქვია.”
      ჯერ კიდევ 90-იან წლებში პატარა სტივენმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში. მისი აზრი და შემოთავაზებული წინადადება მისაღები და გასათვალისწინებელი გახდა მაშინდელი ხელისუფლებისა და თბილისის ადმინისტრაციისათვის. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თავისუფლების მოედანზე (ყოფილი ლენინის მოედანზე) აღმართული ხელგაშლილი ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და ამ ადგილს ლენინის მოედნის ნაცვლად თავისუფლების მოედანი ეწოდა. ქალაქ თბილისის მერიის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ საზოგადოებაში პრესის საშუალებით გაავრცელა შეკითხვა თუ ვისი ძეგლი შეიძლებოდა დადგმულიყო ლენინის ნაცვლად. საზოგადოების მხრიდან იყო უამრავი მოსაზრება. ზოგი ასახელებდა ქართველ მეფეებსა და დედოფლებს, ზოგი მწერლებსა და ზოგიც მსახიობებს. პატარა სტივენმა არც კი იცოდა, უფლება თუ ჰქონდა ამგვარ შეკითხვას გამოხმაურებოდა და თავისი აზრი გამოეთქვა, რადგან მას ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა, რომ საქართველოში მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ყველაფერი საშიში და აკრძალული იყო. თუმცა მას ბევრი მაინც არ უფიქრია. შიში და მწარე წარსული ცოტა ხნით დავიწყებას მისცა და თბილისის ხელმძღვანელობის მიერ დასმულ შეკითხვას ყველასათვის მისაღები პასუხიც გასცა.
      მან აღწერა, როგორი ლამაზი იყო თავისუფლების მოედანი ორმხრივი ვიწრო ქუჩებით, პუშკინის სკვერით, მერიის შენობა ლამაზი ფასადითა და საათით, რომელიც პატარა სტივენს დიდი მშობლიური ლონდონის ბიგ-ბენს აგონებდა და აღნიშნა, რომ თუ თავისუფლების მოედანია, არავითარი ძეგლის დადგმა საჭირო არ არის და მთლიანად თავისუფალი იყოსო.
      მალე სტივენის მიერ შეთავაზებული მოსაზრება და წინადადება ქალაქ თბილისის მერიამ მოიწონა, დაამტკიცა და მას მადლობის წერილიც გამოუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „თქვენი წინადადება მიღებულია, თავისუფლების მოედანზე არავითარი ძეგლი არ დაიდგმევა და თავისუფლების მოედანი თავისუფალი იქნება მთლიანობაში აღსაქმელად.”
      ამით პატარა სტივენმა დიდი ფინანსური მოგება მოუტანა საქართველოს, ზედმეტი თანხების ხარჯვა ააცილა ქალაქ თბილისის მერიას და თავისი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში.
      მას შემდეგ თავისუფლების მოედანი წლების მანძილზე აბსოლუტურად თავისუფალი იყო, ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა და მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში.
      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქართველი საზოგადოება უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს ახალგაზრდა ინგლისელი პროფესორის სტივენ ლორდ ლოიდის მიმართ. ის თითქმის ყოველდღიურად ღებულობს მადლობის წერილებს სხვადასხვა სასწავლებლებიდან, პროფესორ-მასწავლებლებისგან, სტუდენტებისგან და საჯარო სკოლების ყველაზე პატარა მოსწავლეებისგანაც კი. მათ შორის აღსანიშნავია თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე (რომელიც სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო თავის სახელსა და გვარს არ გვიმხელს) და სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ნიაზ ლეკიაშვილი. თუმცა ხშირია შეურაცხმყოფელი და უარყოფითი ემოციებით აღსავსე წერილებიც, რომელთა რამოდენიმე მათგანიც წარმოდგენილია ამ წიგნში.



ნიაზ ლეკიაშვილი

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის დამსახურებული პედაგოგი


      ამ წერილის ავტორი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის პედაგოგი ნიაზ ლეკიაშვილი ვარ. ასაკი 72 წლის, მუშაობის 45 წლის სტაჟი. მყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი (სტუდენტები), მეუღლე გარდაცვლილია. გიგზავნით ჩემს წიგნს, თუ დაინტერესდებით, წაიკითხეთ. ალბათ გაეცნობით კახეთის ერთ-ერთი სკოლის ისტორიას, რომელიც 2002 წელს დავწერე (120 გვერდზე გაეცნობით ჩემს პიროვნებას).

      ბატონ სტივენ ლორდ ლოიდს!

      საყვარელო ადამიანო, ჩემი სიცოცხლის პერიოდში სულ თითზე ჩამოსათვლელი პიროვნებები მყავს სანიმუშო, მათ შორის თქვენ ბრძანდებით. მე წავიკითხე ჟურნალ „ქაროზში” (აპრილის ნომერში) ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილის წერილი „ინგლისელი ქართველი”.
      ამ წერილის შინაარსით თქვენი პიროვნება საკმაოდ გავიცანი, როგორც ღრმად განათლებული, კეთილშობილი, ყველა დადებითი თვისებებით შემკობილი, რაც ასე გამკობთ და გალამაზებთ.
      თქვენმა ჰუმანურობამ, პატრიოტულმა საქციელმა, ღვთის სიყვარულმა მომხიბლა უფლება დავიტოვე დიდი მადლობა გადამეხადა ასეთი შვილობისთვის. ამ წერილიდან გაგიცანით, როგორც უპატიოსნესი პიროვნება, საამაყო ინგლისელი ქართველი, - მისაბაძი თვისებების მატარებელი.
      მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს დედას ქალბატონ ქეთი ბაგრატიონს ასე ლამაზად თქვენი აღზრდისათვის. სიტყვები ვერ მომიძებნია, რასაც თქვენ იმსახურებთ. უნაკლო პიროვნება ბრძანდებით. ღვთის შვილად მოგნათლავ. ეს დაიმსახურეთ იმ ლამაზი და ბრძნული პასუხებისთვის, რაც თქვენი ინტერვიუდან ჩანს.
      ყველაზე მეტად გამათამამა იმ გრძნობამ, რომ თქვენ ჯუღაშვილების ახლო ნათესავი ბრძანდებით. ვლოცავ ყველა ჯუღაშვილს, სტალინის საგვარეულოს. მე ბავშვობაში 20-მდე ლექსი ვისწავლე იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე, რაც დღესაც მახსოვს.
      ღმერთმა სამძიმარი გაშოროთ. ძალიან სამწუხაროა, რომ მამათქვენი, დიდებული ინგლისელი ლორდი და პროფესორი სტივენ ჰენრი ლოიდი ასე ნაადრევად წასულა ამ ქვეყნიდან.
      ჩემი აღფრთოვანება ვერ დავფარე თქვენი ბრძნული პასუხების გამო და წერილით გიხდით მადლობას (უდიდესი სიამოვნება მომანიჭეთ). უმრავლოს ქვეყანას თქვენნაირი სრულყოფილი, ყოველმხრივ შემკობილი ახალგაზრდები.
      გლოცავთ და ღრმა სიბერეს გისურვებთ!



მარიამ ლორთქიფანიძე


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი


      „თუ ერთ წყაროში აღწერილია რაიმე ისტორიული მოვლენა, სასურველია, ის სხვა წყაროთიც იყოს დასაბუთებული, ან მას მხარს უჭერდეს უცხოური წყაროები.”

      ქართული პრესა და ტელევიზია ამ ბოლო ხანებში ხშირად საუბრობს ბრიტანულ-ქართულ დიპლომატიაზე, მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე.
      ინგლისი და საქართველო მუდამ იყვნენ ერთა თანამეგობრობის ალიანსში შემავალი ქვეყნები. დღეს ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდროდ და მყარად იკიდებს ფეხს. საქართველოსა და ქართული ლიტერატურისადმი ინგლისელების უანგარო და განსაკუთრებული ზრუნვა სათავეს ჯერ კიდევ 1800-იანი წლებიდან იღებს, როდესაც ინგლისელმა და-ძმამ ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა ქართული ენა შეისწავლეს, საქართველოში ჩამოვიდნენ და ქართული ლიტერატურის უნიკალური შედევრი „ვეფხისტყაოსანი” ინგლისურად თარგმნეს.
      უორდროპების შემდეგ არაერთი ინგლისელი მეცნიერი დაინტერესდა საქართველოთი, მათ შორის აღსანიშნავია გასული საუკუნის 60-იან წლებში მოწვეული ახალგაზრდა ენათმეცნიერი, პროფესორი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგიის კათედრაზე პროფესორ-მასწავლებლებისათვის ლექცია-სემინარებს კითხულობდა. დიდი ინგლისელი ლორდის ბატონი სტივენის ფასდაუდებელი ამაგი დაუვიწყარი იქნება საქართველოსთვის, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლების განვითარების საქმეში. თსუ-ს გაზეთში წლების წინ გამოქვეყნებულ სტატიასაც კი გავეცანი, სადაც აღნიშნული იყო, რომ „თსუ დიდი სტივენ ლოიდის სახელს არასოდეს დაივიწყებს”.
      დღეს პირველ ქართულ უნივერსიტეტში მამის მიერ განვლილ გზას მისი ვაჟიშვილი, ენათმეცნიერი, ასოცირებული პროფესორი უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი აგრძელებს და ქველმოქმედების სახით ლექციებს კითხულობს ინგლისურსა და იაპონურ ენებში. იგი უზომოდ შეყვარებულია საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე.
      სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილი, უმცროსი სტივენი როდესაც სახლში მესტუმრა, თავისი საქმიანობა გამაცნო და ბრიტანულ-ქართულ სიყვარულზე მესაუბრა, მე უდიდესი სიამოვნება მომანიჭა მისმა საინტერესო და ფრიად სასიამოვნო საუბარმა. მის სულში ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი დავინახე, სული, რომელიც განსაკუთრებული სიფაქიზით აღზარდა აწ გარდაცვლილმა საქართველოს დიდებულმა მამულიშვილმა, ქართველმა დედამ, ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ქალბატონმა ქეთი ერეკლეს ასულმა ბაგრატიონმა.
      დაე, ნათელში ყოფილიყოს მისი სათუთი სული.



ზოია მაჩაიძე

ქიმიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი


      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის დერეფანში ხშირად მხვდებოდა „უცხო” გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი არაქართული შეფერილობის თმითა და წვერით, რომელსაც მხარზე მძიმე ჩანთა ეკიდა, ევროპული წარმოების უჩვეულო ქურთუკის მკლავზე გაერთიანებული სამეფოს ფერადი დროშა ჰქონდა ამოქარგული, სწრაფი, უხმაურო ნაბიჯებით დადიოდა და სახეზე რაღაცნაირი მორიდებული და თან ძალიან კეთილი ღიმილი ეფინა, რითაც ყველასაგან გამოირჩეოდა. რატომღაც ჩავთვალე, რომ საქართველოში დროებით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა ყოფილიყო და ჩემს გუნებაში „უცხოელად” მოვნათლე.
      რამდენიმე შემთხვევითი შეხვედრის დროს აუცილებლად გზას მითმობდა, თუ ჩემზე წინ გადიოდა ან შემოდიოდა, მაშინ კარებს გააღებდა, დაიკავებდა, ჯერ მე გამატარებდა და შემდეგ თვითონ გაივლიდა. მას შემდეგ უკვე კარგა ხანს თავის უხმო დაკვრით ვესალმებოდით ერთმანეთს. მასთან გასაუბრების ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მაინტერესებდა რა აკავშირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, წარმოშობით საიდან იყო და რას საქმიანობდა, მაგრამ სამწუხაროდ, მე ინგლისურ ენას არ ვფლობ და მისი გაცნობა გამიჭირდებოდა. რატომ ჩავთვალე, რომ ის მაინცდამაინც ინგლისურენოვანი უნდა ყოფილიყო, დღემდე არ ვიცი, ეტყობა ინტუიცია მკარნახობდა. თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, ჩემმა ინტუიციამ გაამართლა კიდეც, რადგან მე წაკითხული მქონდა ინგლისელი ავტორის სტივენ ლორდ ლოიდის ნაშრომების კრებული „ინგლისური კულტურა და ტრადიციები”და ამ წიგნში აღწერილი ინგლისური თვისებები ზედმიწევნით ჰგავდა ამ უცხოელის ყოფაქცევასა და თვისებებს.
      ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურში მისულს, თსუ-ს ქიმიის ლაბორატორიაში უჩვეულო ჟრიამული დამხვდა. როგორც გავარკვიე, კათედრის თანამშრომლები: ნელი საღარაძე, კახა სულაბერიძე, მაია კეკენაძე, ირინე ლაფერაშვილი, გიორგი ჩაჩავა, ლალი ტურიაშვილი, ნინო რობაქიძე,Lლეილა გოდერძიშვილი, თამარ დავითაია, მაია რუსია და სხვები უცხო ენის პედაგოგს ელოდნენ, რომელიც მათ ორ ენაში ინგლისურსა და იაპონურში ჩაუტარებდა უფასო გაკვეთილებს. ცოტა ხანში კარი გაიღო და ჩემს მიერ „უცხოელად” მონათლული ახალგაზრდა სუფთა, ლიტერატურული ქართულით მოგვესალმა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მის ლექციას დავესწარი, ბოლომდე მოვისმინე მისი ლამაზი ქართულით ახსნილი მასალა და აღფრთოვანებული დავრჩი იმ პედაგოგიური ნიჭით, რომელიც მას ასე უხვად გააჩნდა, მაგრამ სიურპრიზები თურმე ჯერ კიდევ წინ მელოდა!
      სრულიად ახალგაზრდა „უცხოელი” მამით ინგლისელი ლორდის, როგორც მას თსუ-ში უწოდებდნენ, დიდი სტივენ ჰენრი ლოიდის შთამომავალი, დედით კი ქართველი, ბაგრატიონების სამეფო შტოს წარმომადგენლის ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონის ვაჟი ენათმეცნიერი, ასოცირებული პროფესორი სტივენ ლორდ ლოიდი აღმოჩნდა.
      ასე გავიცანი და შემდგომში დავუახლოვდი ბატონ სტივენ ლოიდ უმცროსს. იგი იმ დიდებული ინგლისელი მამის – დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდის ტრადიციების გამგრძელებელია, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლების განვითარების პროცესში. ახალგაზრდა პროფესორთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობა დღესაც გრძელდება, რადგან ჩვენს შორის ენის ბარიერი აღარ არსებობს და ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე.
      ბატონი სტივენი მრავალმხრივ განათლებული პიროვნება და საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. ფლობს რამდენიმე (8) უცხო ენას, კარგად იცნობს თავისი „ორივე სამშობლოს” ისტორიას, დაინტერესებულია თეოლოგიით, ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ, მთარგმნელობით და პუბლიცისტურ მოღვაწეობას და მსოფლიოში პირველი ქართულ-იაპონური ლექსიკონების ავტორი და შემდგენელია.
      მოხიბლული ვარ ჩემი უმცროსი მეგობრის პიროვნული თვისებებითაც – მისი სიკეთით, ჯერ კიდევ შემორჩენილი ბავშვური გულუბრყვილობით, დახვეწილი არისტოკრატული მანერებით, თავმდაბლობით, უანგარობით, გულისხმიერებითა და მოსმენის საოცარი უნარით. მე ძალიან მეამაყება, რომ დღეს უკვე ჩემი მეგობარი გახდა იმ წიგნის ავტორი, რომელიც წლების წინ მქონდა წაკითხული ინგლისური ტრადიციებისა და ადათ-წესების შესახებ. ასევე გამაოცა მისმა თითქოსდა „ორ ნაწილად გაყოფილმა” პატრიოტიზმმა. იგი განსაკუთრებული გრძნობით საუბრობს ბრიტანულ-ქართულ სიყვარულზე და თავისი დედასამშობლოს ჭეშმარიტი პატრიოტია, რისი თვალსაჩინო მაგალითიც მისი ქველმოქმედებითი საქმიანობაა ქართული საზოგადოების მიმართ. მას უსაზღვროდ უყვარს ინგლისიც და საქართველოც, მაგრამ ეტყობა ქართული ფესვები უფრო მძლავრობს – ლონდონის ვეებერთელა საკუთარ სახლში ფუფუნებით ყოფნას თბილისის ნახევრადმოუწყობელ ბინაში ცხოვრება აირჩია.
      ჩვენი საუბრებიდან შევიტყვე მისი ორი დიდი გულისტკივილის შესახებ. ძალიან განიცდის, რომ მისი საყვარელი მშობლები ერთად არ არიან დაკრძალულნი და მეორე – კარგა ხანია ცდილობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ წინ რაღაც გაურკვეველი დაბრკოლებები ეღობება. ბატონი სტივენი იმედს არ ჰკარგავს, რომ მისი ეს ოცნება ასრულდება.
      მეც მწამს, რომ ადამიანი, რომელიც ასე უანგაროდ ემსახურება თავის სამშობლოს და საყვარელ საქმეს, ნამდვილად ღირსია ერქვას საქართველოს მოქალაქე. როდესაც ბატონი სტივენი ჩემთან ამ თემაზე საუბრობს, ყოველთვის მახსენდება ჩვენი დიდი პოეტის სიტყვები: „საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი.”


ნელი საყვარელიძე


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის
ინგლისური ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი


      დიდგვაროვან ინგლისელთან ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდთან და მის ოჯახთან მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაკავშირებდა. იგი ჩვენს უნივერსიტეტში ლექცია-სემინარებს კითხულობდა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი მის მოხსენებებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა წყობილების დროს საშიში იყო უცხოელთან ურთიერთობა, ჩვენ მაინც ხშირად ვიკრიბებოდით მეგობრებთან ერთად და ახალგაზრდა პროფესორი უამრავ საინტერესო ამბავს გვიამბობდა. ყველას ძალიან გვეამაყებოდა ინგლისელ ლორდთან ურთიერთობა და მის მშვენიერ მეუღლესთან ქალბატონ ქეთი ბაგრატიონთან მეგობრობა(ჩვენთვის ქეთი იმდენად საყვარელი და საუკეთესო „დაქალი” იყო, რომ ჩვენს ვიწრო სამეგობრო წრეში მას „მშვენიერას” ვეძახდით). ბატონ სტივენსაც ჰყავდა თავისი განსაკუთრებული ქართული სამეგობრო, რომლებზეც ხშირად საუბრობდა ხოლმე: მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერი ბატონი რევაზ დოღონაძე, თსუ-ს ცნობილი პროფესორები: ნიკო ყიასაშვილი, გივი ბახტაძე, რევაზ ზარიძე, თინა თუშმალიშვილი, ლია სვანიძე, ასმათ ხუციშვილი, ციცო ჩიგოგიძე, ლილი გოქსაძე, ქეთევან კანდელაკი, ბიძინა ლუტიძე, მანანა არჩვაძე, ჯანიკო სირია და სხვები.
      ლექციების გარდა, ყველას ძალიან გვაინტერესებდა ბატონი სტივენის პირადი ცხოვრება და მანაც დიდი სიამოვნებით გვიამბო ყველაფერი. იგი ისე გვიყვებოდა ქართველ ქალთან გამიჯნურების ამბავს, რომ შთაბეჭდილება შეგვექმნა, თითქოს ინგლისელმა ლორდმა ჯერ მისი სული დაინახა და სიყვარული მერე დაიწყო.
      ზამთრის ცივი და სუსხიანი ღამე იყო. მეგობრები ბუხართან ვისხედით და ფინჯან ყავას მივირთმევდით. ახალგაზრდა პროფესორი და მისი მშვენიერი მეუღლე ქალბატონი ქეთი ბაგრატიონი გუგულებივით ერთმანეთს შესცქეროდნენ. შემდეგ ბატონი სტივენი სავარძელის ზურგს მიეყრდნო, ქეთის მარჯვენა ხელი ასწია, განსაკუთრებული სიფრთხილით ეამბორა, თავის მარცხენა მუხლზე დაიდო და საკუთარი ოჯახის სიყვარულზე გვიამბო.
      „ჩემი სასიყვარულო ისტორია მოსკოვის უნივერსიტეტში მოღვაწეობით დაიწყო, სადაც სასწავლებლად იმყოფებოდა საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელი ქეთი ბაგრატიონი. ქეთის შემდეგ პირველი საამაყო ქართველი მეგობარიც „პროფესორ მისტერ რევაზ დოგონაძე” „ემგეუ”-ში გავიცანი.
      ქართველ დიდგვაროვანთან შეხვედრა სრულიად შემთხვევით მოხდა და იმ მომენტიდანვე რაღაც უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო. უსაზღვროდ მოვიხიბლე ასეთი მშვენიერი და თვალწარმტაცი ქართველი გოგონათი, წუთიერად თავბრუ დამეხვა, საკუთარი თავიც კი დამავიწყდა და სადღაც ოცნებებში გადამისროლა. რაღაც უხილავი სიმები მაერთებდნენ მასთან, გულს მისკენ ეზიდებოდნენ, ათრთოლებდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ.
      ჩემს თავში ათასნაირი აზრი ცვლიდა ერთმანეთს და ყველაფერს თან ახლდა რაღაც სიხარული, – უცხო ადგილას აღმოცენებული სიხარული. როგორც კი გონზე მოვედი, ჩემს თვალწინ იდგა შველივით ყელმოღერებული, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, პატარა ბავშვივით საყვარელი გოგონა და გაოცებული მიმზერდა. გული უცნაური სიკეთით ჰქონდა სავსე და თვითონაც სიკეთე იყო პატარა გოგონას სხეულში ჩასახლებული. ეს ღვთაებრივი ქმნილება მეფის ასულივით მშვენიერი და ულამაზესი იყო. მას ვარდივით ტურფა და ანგელოზივით უმწიკვლო გარეგნობა ჰქონდა.
      პატარა ქეთი ბუნებას რაღაც ღვთიური ღირსებით დაეჯილდოვებინა, მისი სულიც ისეთივე ღირსებით და ისეთივე უმანკო მშვენებით იყო შემკული, როგორც მისი სხეული. გოგონას სახეზე მთელი მისი სულიერი მდგომარეობის ამოკითხვა შეიძლებოდა. აღარც ერთი სიტყვა, აღარც ოდნავი მოძრაობა, ჩვენ უკვე რაღაც შეუცნობი, მოსიყვარულე თვალებით მივჩერებოდით ერთმანეთს. არის დუმილი, რომელიც ზოგჯერ ყოველგვარ ჰარმონიაზე უფრო ტკბილია და ჩვენ ამ დუმილითაც ვტკბებოდით.
      ყოველთვის ვიცოდი, რომ ანგელოზები მხოლოდ ზეცაში არიან, მაგრამ ახლა დავიჯერე, რომ ერთ-ერთი მათგანი შეიძლება დედამიწაზეც ჩამოფრინდეს. ეს ხომ სასწაული იყო, რომლის ხილვაც მხოლოდ მე მარგუნა ბედმა.
      ძნელია უყურებდე თოჯინასავით საყვარელ ადამიანს, გრძნობდე, თუ როგორი საყვარელია, როგორი სიცოცხლით სავსეა. მასთან მიახლოება გინდოდეს, გინდოდეს გულში ჩაკვრა და საალერსო სიტყვების თქმა, მაგრამ არ გქონდეს ამის უფლება, ძალა, გამბედაობა. გეშინოდეს სიყვარულის, გეშინოდეს, რომ სიყვარულს ფასი არ დაუკარგო, თავი არ მოაწყინო და შენი უზომო სიყვარულით არ დაღალო.
      გული საშინლად მიცემდა, სისხლი მიდუღდა და ბოლოს ისღა მოვახერხე, გოგონასათვის ხელზე მეამბორა. მივხვდი, რომ ჩემს წინაშე მდგომი ქართველი ანგელოზი თავდავიწყებით შემიყვარდა.
      თუმცა საქართველოს შესახებ ამ პატარა გოგონასგან შევიტყვე და როდესაც ვუთხარი, რომ რუსს არ გავხართ და საიდან ბრძანდებით-მეთქი, „ჯორჯიადან” ვარო, რაზეც გამეღიმა, მეგონა იხუმრა და მეც ხუმრობით ვუთხარი – მართლაც ტიპიურ ამერიკელს გავხართ-მეთქი. მან კი შავი წარბები შეიკრა და მკაცრი ტონით შენიშვნა მომცა: – მე არ მითქვამს ამერიკელი, მე ვთქვი საქართველო. მისი მკაცრი ტონი და გამოხედვა იმას ჰგავდა, მოულოდნელად ელვა რომ გაანათებს ჩაბნელებულ ქუჩას და იმავ წამს ისევ ღამის წყვდიადში შთაინთქმება ყველაფერი.
      სიმკაცრე და გაბრაზებაც კი ამშვენებდა ისედაც მშვენიერ მეფის ასულს. უნივერსიტეტის ბაღში ჩამოვჯექით და პატარა ქართველმა გოგონამ თავის წარმომავლობაზე, სამეფო გვარსა და მშობლიურ ქვეყანაზე ბევრი რამ მიამბო. ამ დროს ჩანთიდან მსოფლიო რუკა ამოვიღე და საქართველოს ძებნა დავიწყე, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ქეთიმ ამიხსნა, რუკაზე არც ფერი ჰქონდა საქართველოს და არც გეოგრაფიული მდებარეობა.
      თუმცა ძალიან უხერხულად და თითქოს დამნაშავედაც კი ვიგრძენი თავი, როდესაც საქართველოს გაცნობა ქეთიმ ინგლისელი და-ძმის – ოლივერ და მარჯორი უორდროპების საქართველოში მოგზაურობითა და მათ მიერ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” თარგმანით დაიწყო, რადგან ეგონა, რომ მე კარგად ვიცნობდი უორდროპების ნაშრომებს და წაკითხული მქონდა მათი თარგმანები. მაგრამ მოგვიანებით ეს შეცდომა გამოვასწორე და ახლა უკვე ზეპირად და თანაც ქართულად ვიცი დიდი შოთას რამოდენიმე აფორიზმი.
      დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ყველაზე სწორი არჩევანი და გადადგმული ნაბიჯი, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, ქეთისთან ქორწინება იყო და ახლა კი მზად ვარ მისთვის მთელი სამყარო შევიძულო, რომ ყველაზე მძაფრად და ყველაზე ძლიერად მხოლოდ ის ჩემი სიყვარული მიყვარდეს. უარი ვთქვა იმაზე, რაც უდიდესი სიამოვნების მომტანია და ყველაფერი ქეთის დავუთმო. თითქოს რაღაც ზებუნებრივი ძალით მის გვერდით ყოფნა ყოველგვარ წუხილსა და დარდს მიმსუბუქებს. მასთან ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არსად არავისთან.”

      ყველანი სულგანაბული ვუსმენდით. არ ვიცით, შურით იყო ეს გამოწვეული თუ უდიდესი პატივისცემით, არავის გვინდოდა მისი ამბის თხრობა დასრულებულიყო, რადგან ჩვენთვის საინტერესო იყო არა მხოლოდ ამბავი, რომელსაც ბატონი სტივენი გვიყვებოდა, არამედ ფრიად საინტერესო იყო მისი ინგლისურად თხრობის მანერაც, ხატოვანი ენით გადმოცემის კულტურა, ინგლისელი ლორდისათვის დამახასიათებელი თავაზიანობა და უაღრესად დახვეწილი თვისებები. ზოგჯერ თუ რომელიმე სიტყვას ვერ გავიგებდით, მის გვერდით მჯდომი მშვენიერი ქალბატონი ქეთი ბაგრატიონი თავისი მშვიდი, კეთილი და მოკრძალებული საუბრით განგვიმარტავდა ხოლმე ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობას, ფრაზას ან წინადადებას.
      ბრიტანულ-ქართული ოჯახი და სტივენისა და ქეთის უსაზღვრო ურთიერთსიყვარული სამაგალითო დარჩება თითოეული ჩვენგანისათვის.



რევაზ ზარიძე


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი, ზოგადი ფიზიკის სრული პროფესორი, გამოყენებითი
ელექტროდინამიკისა და რადიოტექნიკის ლაბორატორიის მეც. ხელმძღვანელი

რეკომენდაცია


      2009-2010 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში სრულიად შემთხვევით გავიცანი ახალგაზრდა და ქართულად მოსაუბრე ინგლისელი პროფესორი – სტივენ ლორდ ლოიდი, რომელიც თსუ-ში ქველმოქმედებას ეწევა და უფასოდ კითხულობს ლექციებს ინგლისურსა და იაპონურ ენებში. ახალგაზრდა პროფესორის გვარი ჩემთვის საკამოდ ცნობილი იყო და მისმა საუბარმა გასული საუკუნის 60-იანი წლების მეგობარი გამახსენა. ეს გახლდათ უმცროსი სტივენის მამა – უფროსი ლორდი სტივენ ჰენრი ლოიდი.
      როგორც ცნობილია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი. იგი 1964 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა და ინგლისური ენის ფილოლოგიის კათედრაზე პროფესორ-მასწავლებლებისათვის ლექცია-სემინარებს კითხულობდა.
      ბატონი ლოიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თითქმის ყველას უყვარდა და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდა.Mმე მასთან საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებდა როგორც უნივერსიტეტში ჩვენი საქმიანი მოვალეობებიდან გამომდინარე, ასევე მის გარეთ.
      მასთან ურთიერთობა უამრავი საინტერესო და სასარგებლო თვისებებისა და ინფორმაციის მომცემი იყო ჩვენთვის. მისი სუფთა ინგლისური ხასიათი, განსაკუთრებით კი მისი საოცარი თავმდაბლობა, ინგლისელი ლორდისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული არისტოკრატიული თავაზიანობა და უაღრესად დახვეწილი თვისებები, მისი ყურადღება ჩვენს მიმართ და ძლიერი მეგობრული სულისკვეთება ლოცვანივით გადამდები იყო თითოეული ჩვენგანისათვის.
      მას ასევე მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა ჰქონდა საკმაოდ ცნობილ პროფესორებთან: დარეჯან(ჯანიკო) სირიასთან, ლია სვანიძესთან, ლალი ჯოხაძესთან, თამარ ზარიძესთან, ლილი გოქსაძესთან, ნათელა(ციცო) ჩიგოგიძესთან, ქეთევან კანდელაკთან, ასმათ ხუციშვილთან, მანანა არჩვაძესთან, თინა თუშმალიშვილთან, ლეილა გამსახურდიასთან, ნელი საყვარელიძესთან, ბიძინა ლუტიძესთან, ნიკო ყიასაშვილთან, რევაზ დოღონაძესთან და სხვებთან. ცხადია, თითოეული ჩვენგანისათვის უდიდესი პატივი იყო ინგლისელ ლორდთან მეგობრობა და მასთან საქმიანი ურთიერთობები.
      სწორედ ანალოგიური თვისებების მატარებელია მისი ვაჟიშვილი – უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით არის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობის მამისეულ ტრადიციას აგრძელებს.
      ამრიგად, დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდის ფასდაუდებელი ამაგი დაუვიწყარი იქნება საქართველოსთვის, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის განვითარების პროცესში. Aმის შესახებ ჩვენი უნივერსიტეტის პრესამაც კი რამოდენიმე წლის წინ აღნიშნა, რომ „თსუ დიდი სტივენ ლოიდის სახელს არასოდეს დაივიწყებს.”
      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს რეკომენდაცია გაგიწიოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდისა და მისი მშვენიერი მეუღლის, საქართველოს დიდგვაროვანთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქალბატონი ქეთი ბაგრატიონის მოღვაწეობასთან დაკავშირებით.



ქეთევან კანდელაკი


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის პროფესორი (შუაში დგას)


      მახსოვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული იყო ინგლისელი ლორდი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ენათმეცნიერი დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი. მისი პედაგოგიური ნიჭი, უდიდესი სიკეთე და გულთბილი საუბარი, რომელიც სიმპათიური, დარბაისელი პროფესორის აუდიტორიებში ვლინდებოდა, მთელს უნივერსიტეტს ათბობდა და ალამაზებდა.
      მე და ჩემი მეგობრები; ციცო ჩიგოგიძე, დარეჯან სირია, ნელი საყვარელიძე, ლილი გოქსაძე, თინა თუშმალიშვილი და სხვები, ხშირად ვესწრებოდით ბატონი სტივენის ლექციებს და უდიდეს პრაქტიკასა და გამოცდილებას ვიძენდით. იგი საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიდა სასწავლო მეთოდური პროგრამებისა და სასაუბრო ენის თავისებურებების შესახებ.Bბრიტანულ დიდგვაროვან ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდა პროფესორის ყოველი ლექცია-სემინარი და მეტყველების კულტურა მუდამ რაღაც ახლის აღმოჩენა იყო ჩვენთვის.
      საბჭოთა კომუნისტური წყობილების დროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ინგლისურენოვანი პროფესორი სწორედ ბატონი სტივენ ჰენრი ლოიდი იყო, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა თსუ-ს ინგლისური ენისა და ლიტერატურის განვითარების პროცესში. Mამ საქმეში მას მუდამ მხარში ედგა უნივერსიტეტის საამაყო პროფესორი ბატონი ნიკო ყიასაშვილი და სხვები.
      აღსანიშნავია ისიც, რომ მას ისეთ რთულ პერიოდში მოუწია საქართველოში მოღვაწეობა, როდესაც აკრძალული იყო უცხოელი სტუმრების ჩამოსვლა, საქმიანი ურთიერთობები და ხშირ შემთხვევაში მათთან უბრალო საუბარიც კი.
      მიუხედავად ამგვარი სირთულეებისა, ჩვენ მაინც ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე მეგობრების ოჯახში და თბილი ბუხრის გარშემო ვუსმენდით ჩვენი საამაყო ინგლისელი სტუმრის საინტერესო ისტორიებს თავისი მშობლების ინგლისის სამეფო კართან დაკავშირებული წარმომავლობისა და მოსკოვის უნივერსიტეტიდან დაწყებული ბრიტანულ-ქართული სიყვარულის შესახებ. იგი განსაკუთრებული გრძნობებითა და ემოციებით გვიყვებოდა ქართული სამეფო გვარის წარმომადგენელთან ქალბატონ ქეთი ბაგრატიონთან გამიჯნურების ამბავს. ჩვენთვის ცოტა უცნაური და საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ ვიდრე ბატონი სტივენი თავისი სასიყვარულო რომანის თხრობას დაიწყებდა, ჯერ მისი მშვენიერი მეუღლის ქალბატონ ქეთი ბაგრატიონის გვერდით დაჯდებოდა, ხელზე ეამბორებოდა, მის ხელს მუხლზე დაიდებდა, თავის ხელს ზემოდან დაადებდა, შემდეგ ერთმანეთს თვალებში ჩახედავდნენ, გაუღიმებდნენ და ბოლოს ინგლისელი ჯენტლმენი საუბარს მხოლოდ მაშინ დაიწყებდა, როცა ყველას თვალს გადაგვავლებდა ხოლმე.
      დიდგვაროვანმა ინგლისელმა ლორდმა სტივენ ჰენრი ლოიდმა ცოდნისა და გამოცდილების გარდა დიდი სიყვარული და საუკეთესო მოგონებები დაგვიტოვა, რომლებიც ჩვენი გულებიდან არასოდეს გაქრება. ბატონ სტივენთან და ქალბატონ ქეთისთან მეგობრობამ უდიდესი შთაბეჭდილებები მოახდინეს ჩვენზე. მათი ღვთიური და უნიკალური ცოლ-ქმრული ურთიერთობა მისაბაძ მაგალითად დარჩება თითოეული ქართული ოჯახისათვის.



თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის
23-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე

ჩემო ყველაზე ძვირფასო სტივენი მასწავლებელო!


      როგორც კი გავიგე, ჩვენი სკოლიდან თქვენი წასვლის ამბავი ცხადია, მე და დედას უზომოდ დაგვწყდა გული და ძალიან გავბრაზდით კიდეც. მივხვდით, რომ არც ისე სახარბიელოდ იყო საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. თქვენ არასოდეს იმჩნევდით და არც საუბრობდით იმაზე, თუ რამხელა შური, ბოროტება და ღვარძლი ჩაისახა საქართველოში თქვენი ყველაზე სასარგებლო და საამაყო ქველმოქმედების გამო. სამწუხაროდ, ამ უმსგავსო საქციელს სკოლებიც შეუერთდნენ. მინდა გითხრათ, რომ მასწავლებელმა რა გამოცდაც არ უნდა ჩააბაროს ან ატესტაცია გაიაროს და უმაღლესი ქულების რაოდენობა დააგროვოს, მისი საუკეთესო და ყველაზე სამართლიანი შემფასებელი საბოლოოდ მაინც მოსწავლეები ვართ და ჩვენ არაფერი გამოგვეპარება. ამიტომაც თავი ვალდებულად ჩავთვალე თქვენი შეფასება გამეკეთებინა და საჯაროდ წარმედგინა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრისათვის, რათა მას თავის მხრივ შეეფასებინა თქვენი ღრმა პატრიოტული სულისკვეთება და უდიდესი ამაგი თქვენი დედასამშობლო საქართველოს ერისა და ქვეყნის წინაშე. ეს კი სწორედ იმ მშობელი დედის დამსახურებაა, რომელმაც ასე ლამაზად აღზარდა თქვენი სული, რადგან დიდი ილიას მსგავსად წინ გიძღვით ჭეშმარიტება და უკან გრჩებათ კვალი განათლებული. იმედი მაქვს, რომ, როდესაც მეც თქვენსავით ნიჭიერი და განათლებული გავიზრდები, თქვენს ძვირფას დედიკოს ქალბატონ ქეთი ბაგრატიონს მეც შევხვდები და დეიდა ქეთის განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ჩემს სწავლა-განათლებაში მისი ვაჟიშვილის დამსახურებისათვის.
      სამწუხაროდ, მე ჯერ კიდევ პატარა ვარ და ცოტა შემეშინდა, რომ ამ წერილისათვის შეიძლება მასწავლებლები გადამეკიდონ ისე, როგორ ეს სჩვევიათ ხოლმე და სკოლის დამთავრებამდე გამამწარონ. ამიტომ მინისტრის სახელზე დაწერილი წერილის მოკლე შინაარსს მხოლოდ თქვენ გიგზავნით.
      ჩემი სკოლა, თბილისის სხვა საჯარო სკოლებისაგან განსხვავებით, გარდა წმინდა ილია მართლის სახელობისა, განსაკუთრებული არაფრით იყო, ვიდრე ინგლისელი პროფესორი სტივენი მასწავლებელი არ გვესტუმრა. განა ექვსი წლის განმავლობაში მასწავლებლები არ მყოლია და ისინიც არ მყვარებია?! მაგრამ სტივენი მასწავლებელი ყველა მათგანისაგან ნამდვილად გამოირჩევა და ძალიან საყვარელია. მის გაკვეთილებს ყველანი განსაკუთრებული ყურადღებით ვისმენდით და პირდაპირ კლასშივე ვიმახსოვრებდით. რაც უფრო ბევრ გაკვეთილებს ვესწრებოდი, მით უფრო გაოცებული ვრჩებოდი, რადგან სტივენი მასწავლებლის ახსნილ გაკვეთილს სახლში სწავლა და ტვინის ბურღვა აღარ სჭირდებოდა. მისი მეტყველების კულტურა, გადმოცემის უნარი და სხვადასხვა სირთულისა და ზოგიერთ ჭირვეულ მოსწავლეებთან მიდგომა, სულ უფრო და უფრო მაოცებდა. ისიც ძალიან მაინტერესებს, ცივი და მიუკარებელი ინგლისიდან ჩამოსულმა, ბავშვების ალერსი სადღა ისწავლა. მას ჩვენი სკოლის დამლაგებელი და კარისკაციც კი ძალიან უყვარდა. ალბათ ერთ-ერთი პროფესიით ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რადგან ძალიან კარგად ესმოდა თითოეული ჩვენთაგანის ფსიქიკა, ბავშვის შინაგანი ბუნება, გონებრივი შესაძლებლობები. განსაკუთრებით რთულია უფროსკლასელებთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც მათ გარდატეხის პერიოდი აქვთ და ძნელია ყველა სათითაოდ დაიმორჩილო.
      სტივენი მასწავლებლის გაკვეთილს რამოდენიმე მშობელი და ჩვენი სკოლის მასწავლებლებიც დაესწრნენ. მათ სხვადასხვა თემებზე კითხვებიც დაუსვეს და სტივენი მასწავლებელი თავისი ჩვეული სტილითა და მშვიდი, კეთილი და ბრძნული საუბრით, ჯერ ყველას მადლობას უხდიდა შეკითხვისათვის და შემდეგ თავისი ლამაზი და გამართული ქართულით საკმაოდ საინტერესო, ამომწურავი და საფუძვლიანი განმარტებებით პასუხობდა. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება იქ დამსწრეთა აღფრთოვანებული სახეები. ადამიანი ბრმა უნდა იყოს, ეს რომ ვერ დაინახოს, ყრუ უნდა იყოს, ეს რომ ვერ გაიგოს და მუნჯი უნდა იყოს, ეს რომ ხმამაღლა არ აღნიშნოს.
      ბუნებით მასწავლებელს, ცოდნასა და განათლებასთან ერთად, უდიდესი ენერგია და ნიჭიც ჰქონდა, მასწავლებლობის ნიჭი, რომლითაც ღმერთმა ასე უხვად დააჯილდოვა. მას უსასრულოდ შეეძლო მთელი დღის განმავლობაში, სკოლის გაკვეთილებისა და მეცადინეობების დამთავრების შემდეგ, შესვენების გარეშე წაეკითხა ჩვენთვის იაპონურისა და ინგლისური ენის კურსი და მერე ისევ ჩვენზე მზრუნველობის გამო ხშირად შეგვეკითხებოდა, ხომ არ დაიღალეთო. აბა რა დაგვღლიდა ასეთი საყვარელი მასწავლებლის მოსმენით. ყოველივე ამის შემდეგ საქართველოსა და ქართველ ხალხზე უზომოდ შეყვარებული სტივენი მასწავლებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გაქცეულიყო, სადაც მას სტუდენტების უდიდესი ტალღა ელოდა და ახლა მათთვის გვიანობამდე უნდა წაეკითხა ლექციები.
      ყოველივე ამის შემდეგ გაბოროტებული პედაგოგები ბავშვებს გვეკითხებიან, რატომ გიყვართ გუშინდელი მოსული სტივენი მასწავლებელი ასე ძალიანო, რადგან ჩვენს გაკვეთილებზე ან საერთოდ არ დადიხართ, ან, თუ დადიხართ, არაფრის მაქნისები ხართ და ძლივს გაკავებთ რამოდენიმე წუთიან გაკვეთილებზეო. ყველაფერს დამსახურება უნდა და სამართლიანი შეფასება. აუცილებელი არ არის მთელი ცხოვრება სკოლაში ასწავლო, რომ ბოლოს ვიღაცამ ძლივს დაგაფასოს და შეგიყვაროს. მაგრამ მე და დედიკომ ისიც კარგად ვიცით, სხვა სკოლის ბოროტმა ენებმა შურით თუ ბოღმით, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ჩვენი სკოლის პედკოლექტივის სახელით ანონიმური წერილი რომ გაუგზავნეს და „ჩინური” ენის გაკვეთილების სასწრაფოდ აღკვეთა მოითხოვეს, რითაც სტივენი მასწავლებელი აიძულეს მეცადინეობა შეეწყვიტა და სკოლა მიეტოვებინა. იქნებ ის მაინც გაერკვიათ, რომ იაპონურისა და ინგლისურის გაკვეთილები იყო და არა ჩინურის.
      მიუხედავად ჩვენი სკოლის ხელმძღვანელობის და პედაგოგების საკმაოდ გარკვეული ნაწილის უდიდესი სიმპატიისა და პატივისცემისა ახალგაზრდა ინგლისელი პროფესორის მიმართ, საყვარელი სტივენი მასწავლებელი მაინც გულნატკენი და შეურაცხყოფილი წავიდა ჩვენი სკოლიდან.
      ამჯერად მსურს განათლების მინისტრს ვკითხო რა შეფასება ეკუთვნის სტივენი მასწავლებელს?!

      აქვე წარმოგიდგენთ მინისტრის სახელზე გაგზავნილ ანონიმურ წერილს:
      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინისტრს ბატონ ნიკა გვარამიას
      თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის მასწავლებელთა კოლექტივის მის: თბილისი უზნაძის 59

      განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურს სასწრაფოდ ვთხოვთ ყურადღება მოგვაქციონ 23 საჯარო სკოლის პედკოლექტივს შექმნილი სიტუაციის გამო.
      ზემოხსენებული სკოლის მასწავლებლები ფრიად აღშფოთებულნი ვართ ჩვენს სკოლაში ჩინური ენის ჯგუფების ჩამოყალიბებით, რადგან მთელი სკოლის მოსწავლეებს - თითქმის უკლებლივ ყველას, სავალდებულო საგნების სწავლა აღარ სურთ და ყველანი ჩინური ენის შესწავლის გაკვეთილებს ესწრებიან.
      ჩვენი დირექტორის - თემურ კიკნაძის აქტიური მონაწილეობითა და მისი ბრძანებით ხდება სკოლაში სასწავლო პროცესების ჩაშლა, ბავშვების კლასებიდან გამოყვანა გაკვეთილების დროს. მისივე ბრძანებით მასწავლებლები განვიცდით ზეწოლას და სხვადსხვა ბრძანებების შესრულებას, რაც ჩვენს მოვალეობებს აღემატება.
      გარდა ამისა, სამასწავლებლოში მიმდინარეობს ცალკეული კეკლუცი და მეტიჩარა მასწავლებლებისათვის ინგლისური ენისა და ჩინური ენის შესწავლის ინტენსიური კურსები, სადაც მთელი მაგიდები დაკავებულია და მასწავლებლებს შესაძლებლობა არ გვეძლევა ხუთწუთიანი შესვენების დროს ჩვენც მივიღოთ გარკვეული დასვენება, ან თუნდაც მივუჯდეთ მაგიდებს და მოსწავლეთა სააღრიცხვო ჟურნალები შევავსოთ და მათი საკონტროლო ნამუშევრები გავასწოროთ.
      გთხოვთ დროულად მოგვაქციოთ ყურადღება და მოგვცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება.
      პატივისცემით, 23-ე საჯარო სკოლის პედაგოგთა კოლექტივი. 22.10.2009



თამარ ჯაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ინგლისური ფილოლოგიის პროფესორი


      ძალიან მეამაყება, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდის ვაჟიშვილს, ახალგაზრდა სტივენ ლორდ ლოიდს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს მოკლე ლექციების კურსს მეც ვუკითხავდი. თუმცა, არანაკლებ საამაყოა მისი დიდგვაროვანი დედის ქალბატონ ქეთი ბაგრატიონის წარმომავლობაც.
      უმცროსი სტივენი ყველა სტუდენტისაგან განსაკუთრებული ყოფაქცევითა და საუკეთესო აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა. თუმცა ზოგჯერ ლექციებსაც გამიცდენდა ხოლმე, რადგან ოთარ ჭილაძის რომანებს თარგმნიდა და ამგვარი საქმეებით იყო დაკავებული. მას ძალიან მოსწონდა ეს მწერალი. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა პროფესორზე უმცროს სტივენ ლორდ ლოიდზე და ბრიატნულ-ქართულ ოჯახზე საქართველოს მედიამ და ტელე-რადიო მაუწყებლობამ გადაცემებიც კი მოამზადეს, სადაც ჩემთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ საკმაოდ ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები.
      დღეს ენათმეცნიერი, ასოცირებული პროფესორი სტივენ ლორდ ლოიდი კვლავ ჩვენს გვერდით არის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობის მამისეულ ტრადიციას აგრძელებს. იმ დიდი პროფესორი მამისა, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ინგლისური ფილოლოგიის განვითარების პროცესში.



ლონდონი - 10 დაუნინგ სტრიტი


თამარ ჯაში მარგარეტ ტეტჩერის სტუმარი


      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი თამარ ივანეს ასული ჯაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მანჩესტერში, დიდზბერის პოლიტექნიკურ კოლეჯში იმყოფებოდა.
      დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ქალბატონი მარგარეტ ტეტჩერი საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს თბილისს ეწვია და ჯაშის ქალიშვილის ქართულ ქორწილსაც დაესწრო.
      ქალბატონი თამარის ბრიტანეთში ყოფნა დაემთხვა არჩევნებს, სადაც „რკინის ლედიმ” კვლავ გაიმარჯვა და მან გადაწყვიტა ბრიტანეთის პრემიერისთვის მისალოცი ბარათი გაეგზავნა, რომელშიც ეწერა:
      „ძვირფასო მისის ტეტჩერ!
      მე ვარ საბჭოთა მასწავლებლების ჯგუფის წევრი, რომელიც სტაჟირებას გადის დიდზბერის პოლიტექნიკურ კოლეჯში. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი ინგლისში ყოფნა დაემთხვა არჩევნებს და ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა პირადად მოგილოცოთ, რადგან ჩვენ შევხვდით თბილისში თქვენი ვიზიტის დროს, ჩემი ქალიშვილის ქორწილში. იმედი მაქვს და მჯერა, არ დაიშურებთ ძალ-ღონეს, რათა მიაღწიოთ უკეთეს ურთიერთგაგებას ჩვენს ქვეყნებს შორის. ვერც კი აგიწერთ, თუ რაოდენ დიდი შთაბეჭდილება დატოვეთ ქართველებზე. განსაკუთრებით ბედნიერი მოგონებები დარჩა ჩემს ოჯახს თქვენი სტუმრობის გამო.”
      მალე ქალბატონმა თამარმა თავის სახელზე დაუნინგ სტრიტიდან გერბიანი კონვერტი მიიღო:
      „ძვირფასო ქალბატონო თამარ!
      დიდი მადლობა წერილისათვის. მისის ტეტჩერი ფრიად დაინტერესდა თქვენით. მას ძალიან კარგად ახსოვს თქვენი ქალიშვილის ქორწილი. თუ თქვენ და თქვენს კოლეგებს გსურთ ლონდონში ყოფნისას ეწვიოთ დაუნინგ სტრიტს ისე, რომ მას მიეცეს თქვენი ნახვის შესაძლებლობა, ქალბატონი ტეტჩერი გთხოვთ მობრძანდეთ დაუნინგ სტრიტზე 23 ივლისს, ხუთშაბათს, ხუთის ნახევარზე. იმედი მაქვს, რომ ეს დრო თქვენთვისაც მოსახერხებელი იქნება. იგი მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას.”
      ქალბატონმა თამარმა პრემიერ-მინისტრს გადასცა სამახსოვრო საჩუქარი - ელენე ახვლედიანის რეპროდუქციების ალბომი იმ სურვილით, რომ ეს გაახსენებდა საქართველოს.
      „ისედაც ძალიან კარგად მახსოვს საქართველო. არასოდეს დამავიწყდება მშვენიერი ქართველი ხალხი, თქვენი სტუმართმოყვარეობა და სითბო.” -კეთილი ღიმილით უთხრა მასპინძელმა. ამის დასადასტურებლად გამოიტანა ორი, დიდ ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათი ავტოგრაფებით. მათზე აღბეჭდილი იყო თვითონ, როცა რიტუალების სასახლეში აღფრთოვანებული ტაშს უკრავდა პატარა მოცეკვავეებს. შემდეგ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და პრემიერმა მათ დაუნინგ სტრიტის მოკლე ისტორიაც უამბო. გამომშვიდობებისას მადლიერმა სტუმარმა უთხრა:
      „ძვირფასო ქალბატონო ტეტჩერ, ჩვენთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა დაუნინგ სტრიტის ამ ისტორიულ სახლში მოწვევა ჩვენი დროის ყველაზე გამოჩენილი პრემიერ-მინისტრის მიერ, იმ ქალბატონის მიერ, რომლითაც ყველა აღფრთოვანებულია. მაგრამ ძალიან ცოტას თუ შურს მისი, რადგან უარღესად მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობა აკისრია.
      გისურვებთ ჯანმრთელობას და სიკეთეს თქვენ, თქვენს ოჯახს და თქვენს ყველა ინგლისელ მეგობარს. ინგლისელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და აყვავებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ და მოუთმენლად გელით ჩემი შვილიშვილის ქორწილში.”
      ამ ბოლო სიტყვებზე ტეტჩერმა ბევრი იცინა და დაჰპირდა, რომ 17-20 წელიწადში, ალბათ, უფრო მეტი დრო მექნებაო.



ნათელა (ციცო) ჩიგოგიძე


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხო ენათა კათედრის უფროსი
მასწავლებელი, ინგლისური ფილოლოგიის პროფესორი (მარცხნივ).


      გასული საუკუნის 60-იან წლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებს ლექცია-სემინარებს წაუკითხავდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი.
      მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდებოდა ისეთ დროს, როდესაც უცხოელები თბილისში საერთოდ არ ჩამოდიოდნენ და მით უმეტეს ინგლისელები, ერთ-ერთი ახალგაზრდა ინგლისელი პროფესორის ბრიტანულ-ქართულმა სიყვარულმა მას საბჭოთა კომუნისტური სირთულეები და წინააღმდეგობები გადაალახვინა და მან პირველმა შეიტანა თავისი ცოდნისა და გამოცდილების მნიშვნელოვანი წვლილი პირველ ქართულ უნივერსიტეტში.
      სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მე ინგლისური ენის ლექციებს ვკითხულობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხო ენების კათედრაზე, ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგმა ქეთო კანდელაკმა შემომთავაზა ბატონი სტივენის ლექციებს დავსწრებოდი. მე, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღე ეს შემოთავაზება და ქეთოსთან ერთად უკლებლივ ყველა ლექციას უდიდესი სიხარულითა და განსაკუთრებული ინტერესით ვესწრებოდით.
      ახალგაზრდა დოქტორი სტივენ ჰენრი ლოიდი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი გახლდათ. მან საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლების უნარ-ჩვევებზე და სწავლების მეთოდებზე.
      ჩვენ დიდი გატაცებით ვესწრებოდით მის ლექციებს, რადგან იქ ვიძენდით უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას. მისი ლექციების დროს აუდიტორია ყოველთვის თითქმის გადაჭედილი იყო საკმაოდ ცნობილი პროფესორ-მასწავლებლებით, საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლებიდან მოსული პედაგოგებითა და თავისუფალი მსმენელებით.
      ბატონი სტივენ ჰენრი ლოიდი განსახიერება იყო ჩვენი წარმოდგენისა დიდგვაროვან ინგლისელ ჯენტლმენზე თავისი დაუვიწყარი გარეგნობით და შინაგანი თვისებებით. მისი სასიყვარულო ისტორია ქალბატონ ქეთი ბაგრატიონთან განსაკუთრებულ, არა ამქვეყნიურ სიამოვნებას გვგვრიდა ყველა ჩვენთაგანს. მისი სინაზე და სიფაქიზე ყველასათვის მისაბაძ მაგალითად რჩებოდა.
      მე იმდენად ღრმად ჩავწვდი ახალგაზრდა პროფესორის სტივენ ჰენრი ლოიდის გარეგნობას და მასთან დაკავშირებულ თვისებებს – გულთბილობას, თავმდაბლობას, მეგობრობასა და უანგარო დახმარებას, რომ მისგან უსაზღვროდ გაზიარებული ცოდნა არასოდეს დამავიწყდება.



ზოგიერთი რამ ჩვენი შემოქმედებიდან

ამონარიდი ქეით და სტივენ ლოიდების წიგნიდან „სიტყვანნი ჩვენნი”


      „ყოველთვის ძალიან მიხარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისვლა და მამას ყოფილ მოსწავლეებთან და მის მეგობრებთან საუბარი. მსურს მამას საპატივცემულოდ ყველას მოვეფერო, რადგან მგონია, რომ ის ისევ იქ არის და რომელიღაც აუდიტორიაში ლექციას კითხულობს. მე ხომ ამ „ცოდნის ტაძარში” ვსწავლობდი და ეს ჩემი უნივერსიტეტიცაა.
      აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი საინტერესო მოგონება და რამდენიმე კურიოზიც მაქვს. მათ შორის განსაკუთრებულია მისაღები გამოცდები და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება.
      როგორც ბრიტანულ-ქართული ფესვების მქონე, მშობლების შესახებ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთმა შემქმნა მეორემ კი გამზარდა, ამიტომაც ორი მამა მყავს და ორივე მიყვარს, ისევე როგორც სამშობლო. განსაკუთრებულად კი მაშინ ვამაყობ, როცა მე ქართველს მამსგავსებენ.
      ძალიან მეამაყება, რომ ჩვეულებრივი ინგლისელებისაგან განსხვავებით, არაჩვეულებრივი ინგლისელი ვარ, ჩემებური ინგლისელი, რომელიც დაიბადა ულამაზეს და უსაყვარლეს ქვეყანაში საქართველოში, რადგან ჩემს ძარღვებში ინგლისური სისხლი ჩქეფს, ხოლო ჩემს გულში ქართული ტრადიციული სული ბობოქრობს. მე ხომ ქართველიც ვარ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როდესაც ბავშვი იბადება, დედის ენაზე ტირისო, რომ დავიბადე – მეც ქართულად ვტიროდი.” თუმცა ტირილზე ყოველთვის დედასთან დაკავშირებული არაერთი ძალზედ მძიმე და სევდიანი ამბავი მახსენდება ხოლმე.



მოწეული კვახი, რომელმაც ვაჟას
ცოდნისათვის ათიანი დაიმსახურა


      ოქსფორდის უნივერსიტეტის გარდა, მამის – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდისა და დედის – საქართველოს ბაგრატიონთა დიდგვაროვანი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონის საპატივცემულოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი.
      მისაღებ გამოცდაზე ათბალიანი სისტემიდან ცხრიანი მივიღე, რაზეც უკმაყოფილება გამოვთქვი და ათიანი მოვინდომე. მაშინდელი საგანმანათლებლო წესების მიხედვით, ზეპირ გამოცდაზე უმაღლესი ქულის მისაღებად მიმღები კომისიის თავმჯდომარესთან უნდა გავსულიყავი, რომლიც უფლებამოსილი იყო შეფასების ნიშანი ან მაქსიმალურად მოემატებინა, ან კი პირიქით – მინიმუმამდე დაეკლო. სამწუხაროდ, კომისიის თავმჯდომარესთან ჩემი ურთიერთობა ძალიან ცუდად დაიწყო და მან საკმაოდ მკაცრი ტონით მომმართა: „ალბათ იცით, რომ ათიანებს ასე ადვილად არ ვწერთ და შეიძლება ეს ცხრიანიც დაკარგოთ. მზად ხართ ამისთვის?” ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ ჩემს ძარღვებში შეუპოვარი და უდრეკი ინგლისური სისხლი ჩქეფდა. ამიტომ წინ გადადგმული ნაბიჯი უკან აღარ გადმოვდგი, საკამოდ ცნობილი ფრაზით; „ჯერ გავსინჯოთ, მერე განვსაჯოთ” – მეთქი მტკიცედ ვუპასუხე და მის წინ გაბედულად დავჯექი.
      მის მიერ დასმული კითხვა, რად გიყვარს სამშობლო, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩემთვის და საერთოდ არ ეხებოდა საგამოცდო ბილეთში მოცემულ საკითხებს. რამდენიმე წამით გავჩერდი და პასუხის გაცემა ფეხზე ადგომით ვითხოვე. კი ბატონო აბრძანდითო, მითხრა გაკვირვებულმა. უმალვე წამოვდექი, გავსწორდი, წელში გავიმართე და დავიწყე:

„ირემს რად უყვარს მთის წყარო,
ვაჟკაცს – ნალესი ხმალია,
მე თუ რად მიყვარს სამშობლო
აბა, რა საკითხავია?!”

      ამ დროს ისიც ფეხზე წამოხტა, „მოწი კვახი აქეთო” – მითხრა და ჩემსკენ წამოიწია. მე ზუსტად ვერ გავიგე თუ ვერ მივხვდი რა უნდა მექნა და ვკითხე, რა მოვწიო-მეთქი? თავი მოწი, თავიო. რატომღაც მეგონა, რომ თავში უნდა ჩამარტყას-მეთქი, მივიწიე მაგრამ მომზადებული ვიყავი, რომ ჩარტყმის შემთხვევაში უცებ უნდა გამომეწია თავი.
      ბატონმა კომისიის თავმჯდომარემ თავზე მაკოცა და მითხრა, წაიღე შენი ათიანი და წადიო. მთელი გზა იმას ვფიქრობდი, თუ რატომ იყო ჩემი თავი კვახი ანუ გოგრა.



„რამ შემქმნა ლორდად-თავადა, რატომ არ მოველ ვაჟადა?!”


      ბავშვობაში ჩემი საყვარელი სათამაშო ყოველთვის იყო ტრაქტორი და როდესაც მეკითხებოდნენ, რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო, ვპასუხობდი – იმდენი უნდა ვისწავლო, რომ ტრაქტორისტი გავხდე-მეთქი და ახლა მეგობრები ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ალბათ დღემდე ჯერ კიდევ ვერ ისწავლე იმდენი, რომ ბავშვობის ოცნება აგეხდინა და ტრაქტორისტი ყოფილიყავიო.
      მახსოვს, როდესაც მე და დედა საქართველოდან ბრიტანეთში ვბრუნდებოდით ხოლმე, ყოველთვის თან დამქონდა ჩემი საყვარელი ტრაქტორი, მაგრამ ყოველი გამგზავრების დროს აეროპორტში ჩემს უკმაყოფილებასა და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. უკმაყოფილებას მუდამ ჩემი სათამაშოს გამო გამოვთქვამდი, რადგან ტრაქტორი იმდენად დიდი იყო, რომ მოუხერხებელი ხდებოდა თვითმფრინავის ბორტზე მისი ატანა და დედა მას ბარგთან ერთად აბარებდა. გასაოცარი კი ის გახლდათ, რომ დედას აუცილებლად განსაკუთრებული ჭურჭელი ქართული მიწით უნდა აევსო, წმინდა ტაძარში ნაკურთხი ქართული წყლით უნდა დაენამა, ბორტზე ასულს მუხლებზე უნდა დაედო, საგულდაგულოდ უნდა მოჰფერებოდა და ხელებშემოხვეული ჩუმად ეტირა.
      ერთხელ დედას საყვედურით ვკითხე, რატომ არ შეიძლება ამ მიწის ბარგთან ერთად ჩაბარება, ჩემი ტრაქტორი შეიძლება გატყდეს და დაზიანდეს, ეს კი მხოლოდ ჩვეულებრივი მიწაა, რომელსაც არაფერი მოუვა და, თუ მაინცდამაინც რამე დაემართება, მიწა ლონდონშიც ბევრი გვაქვს-მექთი.
      დედამ თავზე ხელი გადამისვა და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით მითხრა: „ეს ჩვეულებრივი მიწისგან იმით განსხვავდება, რომ მას სახელად ქართული ჰქვია, ამიტომ ასეთ მიწას ლონდონში კი არა, მთელი დედამიწა რომ გადავიფრინოთ, ვერსად ვიშოვნით საქართველოს გარდა. ეს ჩვენი გულია და მას განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა სჭირდება, რომ რამე არ ეწყინოს, არ ეტკინოს და არ დაშავდესო.”
      ამ სიტყვების შემდეგ ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს ვინმე სულიერთან ან რაიმე მგრძნობიარესთან გვქონდა საქმე და არა მიწასთან. როგორც კი სახლში მივიდოდით, დედა ამ მიწას ოთახებში ლამაზად მორთული ქოთნის ყვავილებს გაუნაწილებდა ხოლმე და მათ ქართული ნიადაგით გამოკვებავდა.
      დედის გარდაცვალებას ძალიან მძიმედ განვიცდი და ვერაფერი ავსებს იმ სიცარიელეს, რასაც უდედობა ჰქვია. ეს სიცარიელე დედას საყვარელმა ყვავილებმაც კი განიცადეს და თითქოს მათი მფარველი სული დაკარგეს. მოხდა დაუჯერებელი, მაგრამ საოცარი ფაქტი. დედას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მის ყვავილებს არც ქართული მიწა ეკლდათ და არც ნაკურთხი წყალი, მათ ჯერ საკმაოდ შესამჩნევად მოიწყინეს და ჭკნობა დაიწყეს, შემდეგ კი ყველა ყვავილმა სიცოცხლის ხალისი დაკარგა და გახმა. დედის გარდაცვალებამ თითქმის ღმერთისადმი რწმენაც კი შემირყია, მაგრამ ამ გამხმარმა ყვავილებმა ყოველგვარი რწმენა კვლავ დამიბრუნა რადგან დავრწმუნდი, რომ ადამიანსა და მცენარეს შორისაც კი ყოფილა რაღაც უხილავი, მაგრამ ძალიან ძლიერი სიყვარულისა და ერთგულების გრძნობა.
      მხოლოდ ერთადერთ კითხვაზე არ პასუხობდა დედა: თუ რატომ ტიროდა ყოველთვის გამგზავრების დროს და არა გამომგზავრების დროს. ვცდილობდი ჩემით გამეგო, მაგრამ ამაოდ.
      დღეს კი მეც იგივე სენი მჭირს, რაც დედას, საქართველოდან გამგზავრების დროს ყოველთვის ტირილი მინდება ხოლმე, მაგრამ ვაჟი ვარ და როგორც ვაჟამ მასწავლა: „ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა, ქვითინი დიაცურადა-ო”.
      თუმცა მსურს აღვნიშნო ისიც, რომ ქართულ ლიტერატურაში ილია მოიხსენიება როგორც თავადი ჭავჭავაძე, აკაკი როგორც თავადი წერეთელი და სხვა, ხოლო ვაჟა კი – გლეხი რაზიკაშვილი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არსებობს ერთი რამ, რაც მორალურადაც და შინაგანადაც უდიდეს უხერხულობას მიქმნის. ეს გახლავთ თავადის მოწმობის დამადასტურებელი ტიტულის საბუთი, რომელიც მე უბის ჯიბეში მიდევს და ჩემს თავადობას მოწმობს, ლუკა რაზიკაშვილზე კი ამბობენ – გლეხიაო. ნეტავ ისეთი გლეხი ვიყო, როგორიც ვაჟა-ფშაველაა!

ტრიალებდა, ტრიალებდა,
ტრიალებდა კარუსელი,
ქარს მიჰქონდა ხეების
და ხეივნების ნამუსრევი,
ბეღურები ეშვებოდნენ
კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას
გაოცებით შესცქეროდა.

გოგონა კი ჩამჯდარიყო
თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა,
მამას თვალს არ აშორებდა.
მამაც იქვე, სადაც ეგდო
კოპიტების დიდი ჩრდილი,
ვიღაც უცნობ მანდილოსანს
შესცქეროდა გაოცებით.

ის უცნობი ძაღლს უმზერდა,
ძაღლი იდგა გოგონასთან,
ძაღლი – გოგოს, გოგო – მამას,
მამა უცნობს უცქეროდა.
ამ მზერაში იყო რაღაც
უცნობი და აუხსნელი,
ტრიალებდა, ტრიალებდა,
ტრიალებდა კარუსელი.

ვახტანგ ჯავახაძე

      ვახტანგ ჯავახაძის ლექსში აღნიშნული უცნობი მანდილოსანი, ამ ოჯახის წევრად მივიჩნიე და გადავწყვიტე ჩემი აზრის გადმოცემა ლექსად გამეგრძელებინა:

დასასრული

რადგან უცნობს ეტყობოდა
მამის გრძნობას ეცნობოდა,
ღობეს კი არ ეხებოდა
გულის კარი ეღებოდა.

მამა იდგა და ვერ ხსნიდა,
მცდარი იყო თუ ნამდვილი,
როცა უკვე გონს მოეგო
საქმე იქმნა სულ ადვილი.

მაგრამ უცებ ძაღლი შეკრთა,
გაიწია, გაექანა,
მერე უცნობს მიეახლა
და ფეხებთან დაენარცხა.

მანდილოსანს ცრემი თვალზე
შეუშრა და შეუჩერდა,
ნაცრისფერი გადაედვა
გული ხშირად აუძგერდა.

აქ დასრულდა ეს ამბავი,
სიტყვა მორჩა სახმარისი,
უცხო ქალი იყო მათი –
მეუღლე და დედა მისი.

ტრიალებდა, ტრიალებდა,
ტრიალებდა კარუსელი
ქარს მიჰქონდა ხეების
და ხეივნების ნამუსრევი,
ბეღურები ეშვებოდნენ
კოპიტების კენწეროდან
იჯდა გოგო და დედიკოს
გაოცებით შესცქეროდა.

სტივენ ლოიდი. 9 წლის.


ლექსი მღალატობს

ლექსო, რად მტანჯავ ლამაზო?!
რად არ მასვენებს დარდები,
მოდი და გული გამიღე
გადამიშალე ვარდები.

შემომხვდი გზაზე ან მთაზე,
გადამეყარე მოწყენილს,
იქნებ მეც დამნაშავე ვარ და
ვგავარ კოკორს მოწყვეტილს.

ბნელ ღამეს დავეხეტები,
ვთქვი, ერთხელ კიდევ გათენდი,
ნუ მომკლავ, ცოტაც მაცოცხლე,
ღამეს ხომ შენთვის ვათევდი.

სტივენ ლოიდი. 11 წლის.


ღრუტუნია

ღრუტუნია ღრუტუნა,
გეყოს ხტუნვა, თამაში,
არ გრცხვენია მთლიანად
ამოსვრილხარ ტალახში.

რკოზე გეპატიჟებით,
აქვე არის ყანაში,
თუ მაგარი ბიჭი ხარ,
გამეჯიბრე ჭამაში.

ქეით ლოიდი. 7 წლის.


მამლაყინწა

მამლაყინწა მამალო,
ფისოს ედიდგულები,
ხომ ხედავ, რომ არ გერჩის,
რაღას ეჩურჩულები.

თავმომწონე ქოჩორა
გიყვარს თივის ზვინი,
ნუ გგონია გახურავს
თავზე მეფის გვირგვინი.

ქეით ლოიდი. 7 წლის.


მარტორქა

ერთი რამე მინდა გკითხოთ,
მიპასუხებთ ალბათ,
ყველა ცხოველს რაც მინახავს
მხოლოდ ორი რქა აქვს.
მარტორქა კი რად დასაჯეს?
ნაკლებია ვისზე?
ერთი დიდი რქა დაასვეს,
ისიც მხოლოდ ცხვირზე.

ქეით ლოიდი. 8 წლის.


ლეკვი მურია

მამამ ლეკვი მომიყვანა,
შავყურება მურია,
მეგობრობა მურიასთან
მართლაც საამურია.

მიბრაზდება სტივენი,
მეჩხუბება დედიკო,
მე კი მაინც ძლიერ მიყვარს
პაწაწინა მურიკო.

ქეით ლოიდი. 8 წლის.


ვის რა გვიყვარს

დათუნიას უყვარს თაფლი,
მელაკუდას – მამალი,
ყურცქვიტას კი სტაფილო,
ციყვს – თხილი და კაკალი,
ქორს და ძერას – წიწილა,
მგელს და ტურას – ბატკანი,
ინდაურს და მის ჭუკებს
უყვართ ხორბლის მარცვალი.
მე კი ყველას მირჩევნია
ჩემი დედა ლამაზი,
დედულეთის სამშობლო
საქართველოს მთა-ბარი,
ყველაფერზე მთავარია
ლონდონი და თბილისი,
ჩემს ძამიკოს ურჩევნია
ბევრი ტკბილი ირისი.

ქეით ლოიდი. 9 წლის.


არ მოხდება შერიგება

იღუშები, შუბლს გემჩნევა
ღრმა ნაოჭთა ნაკეცები,
თუ მიზეზად მე მიმიჩნევ,
ავდგები და გაგეცლები.

ჩემთან აბა რა გაქვს სამტრო?!
მე ხომ ყველგან შენთან ვდგები,
თუ დაგშორდი, რომ მინატრო,
ახლოს აღარ დაგიდგები.

გთხოვ, ყოველთვის ეს გახსოვდეს,
რომ მე ხალხის მერიდება,
თუ დაგცილდი, არასოდეს
არ მოხდება შერიგება.

ქეით ლოიდი. 12 წლის.


სადღეგრძელო

ძმებს გაუმარჯოს, ვით ცხრათვალა მზეს,
სხივს გაუმარჯოს შუქივით მარადს,
თქვენ მეგობრობის უფლებას მოგცემთ,
მაგრამ მტრობისას არა და არა!

ცრემლს გაუმარჯოს, ვით გამდნარ ლითონს,
მიწას, რომელზეც კვლავ ერთად ვივლით,
მე თქვენ სიცოცხლის გზატკეცილს გითმობთ,
ჩემთვის ვიტოვებ სიკვდილის ბილიკს.

ფრთებს გაუმარჯოს, ვით გაშლილ ანძებს,
და იმათ, ვისაც მე ვასახელებ;
ირაკლი, ვაჟა, უჩა, გიორგი...
სამშობლო თქვენი კვლავ ასახელეთ!

წლებს გაუმარჯოს, ისე ვით ლოცვებს,
და ღმერთს, რომელიც ჩვენ ყველგან გვფარავს,
მე თქვენ სიცოცხლის უფლებას მოგცემთ,
სიკდილმისჯილი მე ვიყო მარად!

სტივენ ლოიდი. 15 წლის.



„ბიჭი ვარ და არ უნდა ვიტირო”


      წვიმიანი და საკმაოდ ცივი დღე იყო. პატარა ბიჭუნა ფეხშიშველი დარბოდა რკინიგზის ვაგზლის მიდამოებში და ხელგამოწვდილი მოწყალებას ითხოვდა.
      – ბიძია, დამეხმარე რა, ძალიან გთხოვ – მითხრა ბიჭუნამ და პაწაწინა ხელები გამომიშვირა.
      – მშობლები არ გყავს ასეთ სიცივეში ფეხშიშველი და დასვრილი რომ დარბიხარ? – ვკითხე გაოცებულმა.
      ბავშვმა თავი დახარა, თვალები ცრემლებით აევსო და თქვა:
      – მამა ციხეშია, დედამ კი დიდი ხანია მიგვატოვა და თურქეთში წავიდა. ტანსაცმელი რომ გავირეცხო, სხვები აღარ მაქვს რომ ჩავიცვა და გამოვიდე.
      – რამდენი წლის ხარ?
      – ექვსის, ჩემი და ხუთის, პატარა კი სამის.
      – ისინი სად არიან?
      – ჩემი და აქ არის სადღაც, ძმა კი ბებიასთან დარჩა სახლში. ჩვენ უნდა ფული ვიშოვოთ, რომ საჭმელი ვიყიდოთ და მივუტანოთ. ის ყველაზე პატარაა და მთელი დღე ტირის. ჩვენ როცა მოგვშივდება, შეგვიძლია ცოტა მოვითმინოთ, იმას კი არ ესმის და ტირის. მე მხოლოდ ღამე ვტირი ხოლმე, ყველას რომ სძინავს. სირცხვილია, ბიჭი ვარ და არ უნდა ვიტირო, მაგრამ მაინც ტირილი მინდება ხოლმე. ბებია მეუბნება, შენ რომ არ მყავდე, მეც მშიერი მოვკვდებოდიო.
      ჯიბეში ქართულ თეთრებთან ერთად რამოდენიმე ინგლისური პენსიც მქონდა, ყველაფერი ამოვიღე, რაც ხელში მომხვდა და ბიჭუნას პატარა მუჭაში ჩავუყარე. თვალცრემლიანმა ბავშვმა უცხოური ხურდების გამო მადლობა ძლივს წარმოთქვა და სიხარულით გაიქცა.
      საოცარი აჩქარებით მიცემდა გული. სისუსტე ვიგრძენი და თავბრუ დამეხვა. სუსხიანი ღამე მოუსვენრად გავატარე. მსურდა მალე გათენებულიყო, რომ რკინიგზის სადგურში გავქცეულიყავი, მენახა პატარა ბიჭუნა და სამივე და-ძმას მოვფერებოდი, გულში ჩამეხუტა და მათთვის თბილი ფეხსაცმელი და ცოტა პური და რძე მაინც მეყიდა.
      ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ვეძებე პატარა ბიჭუნა და მისი და, რომელიც იქვე ახლოს უნდა ყოფილიყო სადმე, მათი ვინაობაც გამოვიკითხე მაგრამ ამაოდ, არავინ არაფერი იცოდა. ალბათ, იმ უამინდობაში ფეხშიშველი გაცივდა და ავად გახდა, ან იქნებ... არ ვიცი, ამის გაფიქრებაც არ მინდა.

სტივენ ლოიდი. 19 წლის.



წერილი მეგობარს

„ბევრი მეფიცება მეგობრობას და მეგობარი არაა –
ზოგი კი პირიქით, მეგობრად არც ჩამითვლია და მეგობარია.”
დემოკრიტე


      ჩემო ძვირფასო მეგობარო!
      გახსოვდეს, რომ მცდარი აზრი, როგორი უხეშიც არ უნდა იყოს, თუკი გულწრფელია, სიბრალულს უნდა იწვევდეს ჩვენში და არა დაცინვას. გონებით ბრმა ადამიანი ისეთივე საცოდავია, როგორც თვალდავსებული და თუ ან ერთი, ან მეორე პირდაპირ გზას ასცდება, იგი არც დამნაშავეა და არც სასაცილო.
      ყველა ადამიანს გააჩნია გონება, რომელიც მას წარმართავს და სურვილი იმისა, სხვებმაც შენსავით იმსჯელონ, იმას წააგავს, რომ მოინდომო, შენი სიმაღლისა და აღნაგობის გახადო ყველა. ყველა ადამიანი ეძებს სიმართლეს, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ იპოვნა იგი. ამიტომ, უსამართლობაა ვდევნიდეთ, ან თუნდაც დავცინოდეთ ვინმეს იმ მრწამსისათვის, რომელიც თავისი გონების შესაბამისად გამოუმუშავდება.
      დამნაშავეა იგი, ვისი სიტყვაც და მოქმედებაც შეგნებულ სიცრუეს წარმოადგენს და არა ის, ვისაც გულწრფელად და ალალად სწამს თავისი ნათქვამი. არაფერი არ მიმაჩნია უფრო დიდ დანაშაულად, სიმდაბლედ და დაცინვის ღირსად, ვიდრე სიცრუე. ხოლო, სიმართლისმოყვარეა თუ არა ადამიანი, ვმსჯელობ იმის მიხედვით, თუ რამდენად ჭკვიანია იგი. მთელი სიცოცხლე გახსოვდეს, რომ მხოლოდ მკაცრი სიმართლე უნდა იყოს შენი გზის მაჩვენებელი ამ ქვეყანაზე, მხოლოდ მისი საშუალებით შეძლებ არ შეიბღალო სინდისი და პატიოსნება. ამას მარტო მოვალეობა კი არ მოითხოვს, არამედ შენივე ინტერესები.
      შენს ასაკში, როგორც წესი, ყმაწვილები გულმართლები არიან და ადვილად წამოეგებიან გამოცდილი ადამიანების ტყუილებს. ეს ადამიანები კი ბოროტად იყენებენ მათ ნდობას. მცდარი ინფორმაცია ბარიერად შეიძლება იქცეს სწორი ინფორმაციის ძიების გზაზე. ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა, თუ მას სწორი ინფორმაცია აქვს. ზოგი პიროვნება, მხოლოდ თავისი გარკვეული მიზნის მისაღწევად, ცდილობს დაგარწმუნოს სიცრუეში. არავის აქვს უფლება თავს მოგახვიოს ან დაგაჯეროს რაიმე ინფორმაცია. გქონდეს ყველაფერზე საკუთარი აზრი. მიიღე მხოლოდ ის, რაც შენი აზრით არის სწორი, დანარჩენს ნუ მიაქცევ ყურადღებას. ყველაზე უბედურია ის, ვინც სიცრუის ქაოსში ცხოვრობს. ტყუილის სათავე, რომელსაც ზიანის მოტანა შეუძლია შიში, ბოღმა და შურია. მსგავსმა ტყუილმა შეიძლება ადამიანებს ან თავგანწირული საქციელისკენ უბიძგოს, ან ცხოვრება დაუნგრიოს. ეცადე არ გაავრცელო ისეთი ტყუილი, რომელსაც ზიანის მოტანა შეუძლია. იგი ისეთ ხაფანგს დააგებს, რომელშიც ტყუილის გამავრცელებელიც და მსხვერპლიც ერთად აღმოჩნდებიან. შედეგად მივიღებთ ქაოსს, როგორც კონკრეტულ პიროვნებებსა და მეგობრებს შორის, ასევე მთლიანად საზოგადოებაში. როცა საზოგადოებაში გამოდიხარ, ერიდე მას, ვინც პირველი შემოგთავაზებს მეგობრობას. იყავი ზრდილობიანი მათ მიმართ, მაგრამ ამავე დროს მიუნდობელი, უპასუხე თავაზიანობით, მაგრამ არა გულახდილობით. გაზვიადებული თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის გამო ნუ დაიჯერებ, რომ ვინმე შეიძლება დაგიმეგობრდეს პირველი ნახვისთანავე ან კიდევ ხანმოკლე ნაცნობობის შემდეგ. ჭეშმარიტი მეგობრობა ნელ-ნელა მწიფდება და იფურჩქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები ნამდვილად ცდილობენ დამეგობრებას.
      არის კიდევ ერთი სახე იმისა, რასაც მეგობრობას უწოდებენ. იგი აახლოვებს ორ ახალგაზრდას და გარკვეული დროის განმავლობაში საკმაოდ მხურვალეცაა, მაგრამ ამ ნაჩქარევ მეგობრობას ხელს უწყობს რაიმე შემთხვევა, რომელიც ერთად შეჰყრის ადამიანებს თავაშვებული ქეიფისა და ღრეობის დროს და ურცხვობითა და ლოთობით ამტკიცებენ მეგობრულ კავშირს. ისინი ერთმანეთისაგან სესხულობენ ფულს სხვადასხვაგვარი უმსგავსო საქმეებისათვის, თავიანთ თანამზრახველთა საამებლად, ჩხუბში ემხრობიან ხან თავდამსხმელს, ხან კიდევ თავის დამცველთ, უყვებიან ერთმანეთს ყველაფერს, რაც იციან და ხან უფრო მეტსაც.
      ასე გრძელდება მანამ, სანამ რაიმე მოულოდნელი შემთხვევა არ გათიშავთ. შემდეგ არცერთი მათგანი მეორეზე აღარ ფიქრობს, და თუ გაიხსენებს, მხოლოდღა იმისათვის, რომ გასცეს მის მიერ ასე გაუფრთხილებლად განდობილი საიდუმლო, გაწიროს შეფიცული ძმობა და ძვირფასი მეგობრობა და დასცინოს კიდეც.
      „მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა” - რუსთაველის ეს ბრწყინვალე ფრაზა უპირველესად შეისისხლხორცეს და გაითავისეს „ვეფხისტყაოსნის” გმირებმა. ხოლო შემდეგ იგი აღიარა ყველა ჭეშმარიტად წმინდა მეგობრული გრძნობით განმსჭვალულმა და კაცთმოყვარე ადამიანმა.
      ანალოგიას ვეზიარე მეც. კარგად გავიაზრე ის, თუ რაში მდგომარეობდა მისი არსი, მთლიანად გავეცანი ფაბულას, რამაც ჩემში მოახდინა რევოლუცია. გამოდევნა ყოველგვარი ბოროტება, შური, მტრობა და მათი ადგილი სიყვარულმა, ძმობამ, ჰუმანიზმმა და სიკეთემ დაიკავა. რთული წარმოსადგენია ის გარემოება, როდესაც ადამიანს სიკეთე არ უფასდება, რაოდენ ძვირფასიც არ უნდა იყოს იგი. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სამაგიერო საჩუქარს არ ითხოვ, გარდა ერთისა – მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა და თანაგრძნობა ჩემო ძვირფასო მეგობარო.
      არაერთხელ გითქვამს, ყველაფერს ცოტა ხანში გადაგიხდიო, მაგრამ ნუ დაგავიწყდება დიდი შოთას სიტყვები; მეგობრის პატივისცემას გადახდა არ უხერხდება, პატივისცემა უნდა გახსოვდეს და მადლიერებით იყო სავსეო. თუ შენ რაიმეს უკან დაბრუნება გსურს და ამის უნარი გაგაჩნია, მხოლოდ ჩემი უდიდესი და უძვირფასესი ძმობა და მეგობრობა დამიბრუნე, სხვა ყველაფერი, რასაც სესხად და ვალად მიიჩნევ, შენთვის დამილოცნია. სხვამ თუ არა, შენ მაინც კარგად იცი, რომ ყველასთვის ბოროტების წინააღმდეგ აღმართული ხმალისა და მოსალოდნელი უბედურებისაგან დამცავი ფარის გარდა, ანთებული სანთელიც ვარ, სწორედ ის სინათლე ვარ, გზად და ხიდად რომ გაედება თითოეულს. ყველას ყველაფერს ისე გავუნაწილებ, რომ ჩემთვის არაფერს დავიტოვებ და შენ თვითონ ხარ უამრავი ასეთი შემთხვევის მომსწრე. ამჯერადაც კვლავ ჩემს საამაყო შოთას დავესესხები: „უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების”. ჩემი თავის სიამოვნებაზე არასოდეს მიფიქრია და ყოველთვის ვაკეთებდი არა იმას, რაც მე მიხაროდა და როგორც მე მსურდა, არამედ იმას, რაც შენს გულს გაახარებდა. სწორედ ასეთი მეგობრობა მასწავლა მსოფლიო კლასიკურმა ლიტერატურამ.
      გახსოვდეს რამოდენა განსხვავებაა შემთხვევით ამხანაგებსა და ნამდვილ მეგობრებს შორის. ძალზე სასიამოვნო და თავაზიანი თანამესუფრე შეიძლება სრულიად გამოუსადეგი და საშიში მეგობარიც კი გამოდგეს. ასეთი რამ ხშირად ხდება ცხოვრებაში.
      ადამიანთა შეხედულება შენზე დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა აზრისანი არიან ისინი შენს მეგობრებზე. არსებობს ძალზედ მართებული ესპანური ანდაზა: „მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ”. თავისთავად იბადება ეჭვი, რომ კაცი, რომელიც მეგობრობას ამყარებს თაღლითთან ან ვინმე უსაქციელოსთან, ალბათ რაიმე ცუდის ჩადენას და დაფარვას აპირებს. რამდენადაც შეძლო, მოერიდე ყეყეჩებთან და გაიძვერებთან ყოველგვარ მეგობრობას, თუკი ასეთებთან რაიმე დამოკიდებულებას შეიძლება „მეგობრობა” ვუწოდოთ. მაგრამ აზრადაც არ გაივლო ასეთი ხალხის მტრად გადაკიდება ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ისინი ხომ ბევრნი არიან და ვამჯობინებდი საიმედო ნეიტრალიტეტის დაცვას, ვიდრე მეგობრობის დამყარებას, ან კიდევ ბრძოლაში ჩაბმას რომელიმე მათგანთან. შეიძლება აშკარად დაუპირისპირდე მათ მანკიერებას და ახირებულობას ისე, რომ არცერთმა თავის პირად მტრად არ მიგიჩნიოს. ასეთების მტრობა თითქმის ისევე სახიფათოა, როგორც მეგობრობა. უმჯობესია მტრების დავა მოაგვარო, ვიდრე მეგობრების ჩხუბში ჩაერიო, რადგან ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი მტერთაგანი შეიძლება შენი მეგობარი გახდეს, ხოლო ერთ-ერთი მეგობარი კი მტრად იქცეს. ეცადე, ყველასთან თავდაჭერილი იყო, ოღონდ ნამდვილად და არა მოჩვენებით. მოჩვენებითი თავდაჭერილობა ფრიად უსიამოვნოა, მაგრამ თავდაუჭერლობაც მეტად საშიშია. ძალიან ცოტა ახერხებს საშუალო გეზის აღებას. ზოგი ზედმეტად გულდახურულია და სასაცილოც კი ხდება – სულ უბრალო რაღაცასაც დიდის ამბით მალავს, ბევრი კიდევ გადამეტებულად გულღიაა – მზად არის პირველსავე შემხვედრს გაუზიაროს ყველაფერი, რაც იცის.
      მეგობრების ამორჩევის შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციო საზოგადოების შერჩევასაც. ყოველნაირად ეცადე, იმათ შორის ტრიალებდე, ვინც შენზე მაღლა დგას. ეს შენც აგამაღლებს, ხოლო შენზე დაბლა მდგომებთან ურთიერთობა თავისთავად გაიძულებს ძირს დაეშვა, რადგან, როგორც უკვე გითხარი, როგორ საზოგადოებაშიც გაქვს საქმე, ისეთი ხარ შენც. შენზე მაღლა მდგომებზე რომ ვლაპარაკობ, მინდა სწორად გამიგო, მხედველობაში მაქვს მათი ჭეშმარიტი ღირსებები და საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი მათზე. საზოგადოება კი ორგვარია: მაღალი და დაბალი. მაღალი საზოგადოება შედგება იმათგან, ვისაც რაიმე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია მეცნიერებასა და ხელოვნების რომელიმე დარგში. დაბალ საზოგადოებად კი, რომელსაც ყოველთვის თავი უნდა აარიდო, ვთვლი იმ ადამიანთა საზოგადოებას, რომლებიც ყველაზე მეტად გართობებს მისდევენ, არარაობას წარმოადგენენ და თავისთავად სიძულვილის ღირსნი არიან. ასეთნი დიდ პატივად სთვლიან შენთან სიახლოვეს და მზად არიან ხელი შეუწყონ შენს ყოველგვარ ახირებულობასა და ნაკლს, ოღონდ კი შენთან ყოფნის საშუალება მისცე. ზოგი დიდად ამაყობს იმით, რომ რომელიღაც წრეში ყოველთვის სხვაზე მეტად ჩანს, რაც ნამდვილი ყეყეჩობაა და მეტად საძრახისია. არაფერი ამქვეყნად კაცს ისე არ ამცირებს, როგორც მსგავსი ცდომილება. ხშირად თინეიჯერებს ტრაბახი და ბაქიაობა ნაკლის დამალვის საუკეთესო საშუალება ჰგონიათ. ამიტომ, რაც უფრო ცუდად მიუდით საქმე, მით უფრო მეტს ტრაბახობენ. მათ აუგად ხსენებას ავადმყოფურად განიცდიან, მაგრამ არავის არასდროს იმდენი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ მათთვის, რამდენიც თვითონ მიუყენებიათ საკუთარი თავისთვის. ყველა უნდა ეცადოს, რომ საკუთარი ნაკლოვანებები გაათვითცნობიეროს, რადგან ნაკლოვანებათა გამოსწორება და სიძნელეთა გადალახვა მათი გაცნობიერებით იწყება. დაცემულის ფეხზე წამოდგომისას, უკეთესად ჩანს თითოეული პიროვნების ნაკლი და ღირსება.
      ნიჭიერი, ღირსეული და კარგად გაზრდილი კაცი ყოველთვის და ყველგან გაიკაფავს გზას. საფუძვლიანი ცოდნა გზას გაუკაფავს კარგ საზოგადოებაში, ხოლო დახვეწილი მანერები სასურველ სტუმრად აქცევს მას. მე ხომ უკვე არაერთხელ მითქვამს შენთვის, რომ თავაზიანობა და კარგი ქცევა სრულიად აუცილებელია შენი სხვა ღირსებებისა და ნიჭის დასამშვენებლად. მათ გარეშე არავითარი ცოდნა, არავითარი სრულყოფა სათანადო სიმაღლით არ წარმოგვიდგება.
      კარგი იქნებოდა, თუ შენ ახლავე გამოიყენებდი იმ უპირატესობას, რომლითაც ჩემი არცთუ ისე ცუდი გამოცდილებიდან შეგიძლია ისარგებლო. მე ჩემს მეგობრულ მოვალეობად მიმაჩნია, ისეთ საკითხზე გესაუბრო, რომლის არცოდნამ შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომა დაგაშვებინოს, შეცდომა, რომლის არცოდნა არცოდვად აღარ ჩაგეთვალოს. ამიტომ მსურს ამაზე დღესვე მიგითითო, რადგან ხვალ, შესაძლოა, იგი დაგვიანებულად, უკან მიდევნებულ ლამპრად იქცეს, რომელიც წინ სავალს კი არ გინათებს, არამედ უკვე გამოვლილ გზას აშუქებს, რაც უსარგებლო და ფუჭი საქმეა.
      ძალიან მინდა იცოდე, თუ რაოდენ დიდი განძია დრო და რა აუცილებელია მისი გონივრულად გამოყენება. ეს ჭეშმარიტება ბევრისთვისაა ცნობილი, მაგრამ ძალიან ცოტა მისდევს მას ცხოვრებაში. დღეს შენისთანა ახალგაზრდამ მთელი დრო სწავლას უნდა მოახმაროს. გახსოვდეს, თუ სასწრაფოდ არ ჩაუყრი საფუძველს ცოდნას, რომლის შეძენასაც აპირებ, ვეღარასოდეს, მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, ვეღარ დაეუფლები მას.
      ცოდნა – ესაა ჩვენი მოხუცებულობის თავშესაფარი, და თუ ვიდრე ახალგაზრდები ვართ, არ დავრგეთ ხე, მზისგან მოსაჩრდილი არ გვექნება სიბერეში. არ მოვითხოვ და არც მოველი შენგან დიდ მონდომებასა და სიბეჯითეს მეცნიერებაში – საზოგადოებაში გასვლის შემდეგ. მესმის, რომ ეს შეუძლებელი იქნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, შეიძლება შეუთავსებელიც. ამიტომ, გახსოვდეს, სწორედ ახლა გაქვს დრო მეცადინეობისათვის, ეს არც მომქანცველი იქნება შენთვის და არც ყურადღებას გაგიფანტავს რამე. ასეთი შესაძლებლობა კი აღარასოდეს აღარ გექნება შენს ცხოვრებაში. თუკი მეცნიერებანი, რომელთა შესწავლასაც დააპირებ, ხანდახან ძნელად მოგეჩვენება, გახსოვდეს, რომ შრომა შენი მუდმივი თანამგზავრია იმ მოგზაურობაში, რომელსაც ვერსად გაექცევი. რამდენადაც ადრე იქნები მზად თავისუფლებისათვის, მით უფრო ადრე მოვა იგი და მონობიდან შენი განთავისუფლება მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გამოიყენებ შენთვის განკუთვნილ დროს.
      ღირსეული საქმის კეთებას ბედნიერება მოაქვს. ამ წერილში მოყვანილი მითითებები სინამდვილეში სავალი გზის მაჩვენებლებია. მათი დამრღვევი ადამიანი ემსგავსება მძღოლს, რომელიც საგზაო წესების დარღვევის შედეგად გადადის სავალი ნაწილიდან და ავტოავარიას ახდენს. როცა რაღაც სიტუაციაში შეცდომას ვუშვებთ, იმსხვრევა ურთიერთობები და ცხოვრებაც. მხოლოდ შენ იცი საით მიდის გზა, იმის მიხედვით, თუ გარკვეული მომენტისთვის რა მიზნები გაქვს კონკრეტული პიროვნების მიმართ ან ცხოვრების ამ პერიოდისთვის. შეიძლება ისიც გაიფიქრო, რომ უკვე დაგვიანებულია, ძველმა გზამ ისეთ ჩიხში შეგიყვანა, რომ არანაირი საშუალება აღარ არსებობს ახალი გზის დასაწყებად. ცხადია, ეს ასე არ არის. გზაზე აუცილებლად არის რაღაც წერტილი, საიდანაც ახალი მარშრუტის შედგენა შეიძლება. შენი არაკეთილმოსურნე ადამიანები დაცინვას დაგიწყებენ და ყოველმხრივ ეცდებიან გზიდან გადაგიყვანონ, სხვადასხვა ცდუნების დახმარებით გიბიძგონ უზნეო ცხოვრებისკენ. ასეთ ადამიანებს საკუთარი მიზნის მიღწევა სურთ. თუ მათ მოუსმენ და დაუჯერებ, ბედნიერების გზიდან გადახვალ და უბედურება არ აგცდება. არც ის გეგონოს, რომ ბედნიერების გზა მოფენილია მხოლოდ ია-ვარდით და მასზე არ არის ეკალბარდი. არის და თანაც რამდენი, მაგრამ შენ მაინც გააგრძელე გზა და წინ იარე. ზოგჯერ შეიძლება წაიქცე, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ვერ შეძლებ წამოდგომას და გზის გაგრძელებას.
      ვინც ცდილობს, რომ ამ გზიდან არ გადავიდეს, იშვიათად უშვებს სერიოზულ შეცდომას. ბედნიერებისაკენ მიმავალი გზა ავტობანია მათთვის, ვინც იცის სად არის გადასავარდნი. მძღოლი შენ ხარ, ასე რომ ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.
      მაშ ასე, ჩემო ძვირფასო მეგობარო! მე მგონია, ძალიან სასარგებლო დარიგებას გთავაზობ. სიტყვაზე „დარიგება”, ნუ მიწყენ ძმობილო! პატიოსან სიტყვას გაძლევ, თუ შეასრულებ ყველაფერს, რასაც შენგან მოვითხოვ, შემდეგში, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემდა წილად, შეგისრულებ ყველაფერს, რასაც კი მოინდომებ.
      აქ ვწერ ყველაფერს, რასაც ვფიქრობ და რაც, როგორც მგონია, გამოგადგება შეხედულების ჩამოსაყალიბებლად ანდა, უბრალოდ, შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს. კარგია, თუ ჩემი შრომა უქმად არ ჩაივლის!
      არ ჩაივლის უქმად, თუ თავს იმის ნახევარ ყურადღებას მაინც დაუთმობ, რასაც მე გითმობ შენ.
      ამ წერილით ვამთავრებ ყოველგვარ მოღვაწეობას ჩემი მეგობრის ცხოვრებაში. შორეულ ქვეყნებში მივემგზავრები და თან მიმაქვს დარდი, სევდა, ფიქრი, ნაღველი, მეგობრობა და ძმადშეფიცული სიყვარული. უკანასკნელად მოგმართავ თხოვნით, ყოველივე გაიხსენო: დღე გაცნობისა, დღე ძმადნაფიცობისა და დღე განშორებისა. კარგად გაიაზრე, მოიფიქრე, მიუხვდი ყველას, თუ რას ითხოვენ შენგან, მიმიხვდი მეც და შესაბამისად მოიქეცი. უამრავი განცდაა ამ წერილში და კიდევ ბევრის დაწერა მსურდა, მაგრამ შემეშინდა, რომ მისი მოცულობის გამო, დაგეზარებოდა ჩემი წერილის შინაარსის გაცნობა და ალბათ, დამღლელიც კი იქნებოდა შენთვის მისი წაკითხვა, რადგან ამაზეც დიდი მადლობელი დაგრჩები, თუ წაიკითხავ იმას, რაც არის.
      ბევრის კითხვა არას დაგაკლებს და არც არაფერს წაგართმევს, პირიქით, მეტ ცოდნას მოგცემს, ვიდრე გგონია რომ იცი, ბევრ საკითხში გაერკვევი და გამოიწვრთნები კიდეც. ან თუნდაც გამართულ კითხვას მაინც ისწავლი.

„ნუ გიხარია, შეგიქებენ როდესაც იმას,
რაც თვითონ შენში არ არსებობს, არ გაგაჩნია,
და ნუ გაწყრები, გიძაგებენ როდესაც იმას,
რასაც შენ თვითონ ვერ ამჩნევ და ლაქად გაჩნია.”

ჰ. ცადისი

სტივენ ლოიდი. 21 წლის.



გაზეთი „სტუდენტური პაემანი”


      ჩემი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ საქართველოში მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პერიოდის გატარება სახელმწიფოში შექმნილ ძალიან რთულ პირობებში მომიწია. ქვეყანაში სრული ქაოსი და პოლიტიკურად დაძაბული ვითარება იყო. დედაქალაქში თვეობით გათიშული იყო სინათლე, წყალი, გაზი. გაუთავებელი რიგები იდგა პურ-პროდუქტებზე, ნავთზე, საწვავზე და სხვა. მთლიანად მოშლილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკი, ჩაბნელებული ქუჩები, ბანდიტებისა და ყაჩაღების თავაშვებული თარეში, სრული განუკითხაობა და ძალადობა დამკვიდრდა ქვეყანაში.
      მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, თავგადასავლების მოყვარული პატარა ინგლისელი ჭაბუკისათვის ცხოვრება მაინც საინტერესოდ გრძელდებოდა. სასწავლო პროცესი ჩვეული რიტმით მიმდინარეობდა, ტრანსპორტი ყოველთვის გადაჭედილი იყო და უდიდეს გმირობად ითვლებოდა ტროლეიბუსის სახურავზე მგზავრობა, ხალხი ასე თუ ისე რაღაც საქმიანობას ეწეოდა და ოჯახს არჩენდა, ქუჩებში სოკოებივით მიმოფანტული იყო სხვადასხვა ფერისა და ფორმის სავაჭრო ჯიხურები, გამოდიოდა უამრავი დასახელების ჟურნალ-გაზეთები და სხვა.
      სტუდენტობის პერიოდში მთელ რიგ სტატიებს ვამზადებდი ხოლმე ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებისთვის. სწორედ ერთ-ერთი სტატია მივუძღვენი საქართველოს დედაქალაქში ტროლეიბუსის სახურავზე სავსე ახალგაზრდებთან უცნაურ მგზავრობასა და დუხჭირ ცხოვრებას. ეს გახლდათ გაზეთი „სტუდენტური პაემანი”, რომელშიც იგი დაიბეჭდა სათაურით: „რა დროს ზრდილობაა”. წარმოგიდგენთ ამ სტატიას.



რა დროს ზრდილობაა

„სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ ზრდილობისათვის ყოველთვისაა დრო”
ინგლისური გამოთქმა


      ყოველ ჩვენგანს კარგად მოეხსენება, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაა დღეს საქართველოში - პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ყველანი მძიმედ განვიცდით სამშობლოსადმი თავდადებული ვაჟკაცების დაღუპვას. მათ ხომ ქვეყნის მომავლის ბედი ამოძრავებდათ.
      ყოველივე ეს კი სხვა მიზეზებთან ერთად საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია; ეკონომიკური კრიზისი, ინფლაცია, პოლიტიკური და ეთნიკური აშლილობა, ძმათამკვლელი ომი, უმუშევრობა, დეფიციტი და ზნეობრივ ღირებულებათა დევალვაცია... მაგრამ ამავე დროს მიმდინარეობს დიდი ისტორიული გარდატეხის რევოლუციური პროცესი - ერთი სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია იცვლება მეორეთი. ასეთ პროცესს ყოველთვის თან ახლავს კონფლიქტებიც... მაგრამ ეს არ გახლავთ დღევანდელი ჩემი საუბრის თემა.
      მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ძალზე საჭირბოროტო საკითხზე, რაც სამშობლოს პატრიოტობას, სიყვარულსა და პატივისცემას მოწმობს. საამისო მაგალითები უამრავია Dდღევანდელ ცხოვრებაში. ერთი ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი მეც, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდაზე მაგვიანდებოდა. ეს გამოწვეული იყო ჩემი შინაგანი ბუნებით, რადგან ჩემს ძარღვებში მამით ინგლისელი დიდგვაროვანის თავაზიანი, მორიდებული და ზრდილობიანი სისხლი ჩქეფდა, ხოლო ჩემს სულში დედით ქართველი თავადის არისტოკრატიული, ძლიერი, მტკიცე, უდრეკი და შეუპოვარი მაგრამ ყველაზე თბილი და გულუხვი სული ბობოქრობდა, რომელთა გამოვლენაც ერთ-ერთ ავტობუსის გაჩერებაზე მომიწია; მობრძანდით ბატონო, პირველი თქვენ აბრძანდით ბატონო, მიბრძანდით ბატონო, დაბრძანდით ბატონო და ბოლოს ძირს ჩაბრძანებული ისევ მე დავრჩი, რის გამოც გადატვირთული ტროლეიბუსის კარებზე მომიხდა ჩამოკონწიალება.
      „გადაიწიეთ, გადაიწიეთ, გადადით უკან! მოხუცი ქალი ცალ ფეხზე დგას კიბეზე, არ ჩავარდეს. ღმერთო ჩემო, მთლად ასე როგორ გადაჯიშდა და გადაგვარდა ეს ხალხი, აღარც მოხუცი იციან, აღარც ბავშვი, აღარც დიდი და აღარც პატარა - იძახდა საშუალოზე ცოტა მაღალი, ვულგარული გარეგნობის კოხტა ტანზე ბრტყელი ქამრით შემოჭერილი, თვალებ „ჩაკრასკული”, დაახლოებით 38 წლის ქალბატონი და სრული აგრესიით ღეჭავდა რეზინას.
      - გადაიწიეთ, გადაიწიეთ! - აყვირდნენ სხვებიც და გადატვირთულ ტროლეიბუსს კარებზე ჩამოეკიდნენ.
      - მოხუცს უნდა დაუთმო გზა, ვაჟბატონო! თუ საჭიროა უნდა დარჩე კიდეც და შემდეგს დაელოდო, არა უშავს, ახალგაზრდა ხარ და მოიცდი - შენიშვნა მომცა ერთმა და ირგვლივ დასტურის გამომხატველ სახეებს გადახედა.
      - დახურეთ კარები, არ წავა ტროლეიბუსი! სად მაქვს შარის თავი, ვინმე რომ ჩავარდეს - იყვირა მძღოლმა და ხელები ჩემსკენ გამოიშვირა.
      - ცოტაზე მაინც გადადით, გამოცდაზე მაგვიანდება - წარმოვთქვი ლოდინით ძალაგამოლეულმა და უმალვე გავჩუმდი.
      - ცოდოა, იქნებ მართლა ეჩქარება. ნუთუ ერთი კაცის ადგილი არ არის? - ყოყმანობდა გოგონა.
      - თუ ასე დაგეწვათ გული მაგ ბიჭზე, ჩაბრძანდით და ამოატარეთ - ურჩია პირველმა და საღეჭი რეზინი გაატკაცუნა.
      - რა უგულოდ ლაპარაკობთ?! - უპასუხა გოგონამ.
      - უგულოც ხარ და უჭკუოც, გამოუჩნდა გულშემატკივარი - მიიღო პასუხი.
      - სწორედ რომ გამოვუჩნდი.
      - მაიმუნი ხარ და მეტი არაფერი.
      - ქალბატონო, წესიერად ილაპარაკეთ - წყნარად მიუგო გოგონამ.
      - არაწესიერად შენ ლაპარაკობ! - აფეთქდა ქალი.
      - დაწყნარდით ქალბატონო - მოისმა ხმები აქეთ-იქიდან.
      - როგორ თუ დავწყნარდე, ეგღა მაკლია ვიღაც ნაძირალას თავი გავუყადრო - იხტიბარს არ იტეხდა ეს უკანასკნელი და კიდევ უფრო უმატა საღეჭის ტკაცუნს.
      ჩემი დაგვიანება არავის ენაღვლებოდა და არც გამოცდის ბედი აინტერესებდა ვინმეს. მხოლოდ კარებში ჩაჭედილი გოგონა ყოყმანობდა და საჩემო ადგილის მოსაპოვებლად ხალხს აქეთ-იქით მხრებით აწვებოდა.
      - ჩადი, ბიძია, ჩადი. აქ ცუდის მეტს არაფერს მოისმენ - სინანულით მითხრა უცნობმა ბიძიამ და გულაჩუყებული ძირს დავეშვი. კარებმა ჩემს წინ გაიბრახუნა და ტროლეიბუსი დაიძრა.
      იმ დღით გამოცდაზე ვეღარ გამოვცხადდი.
      ანალოგიური ფაქტები დღეს ძალიან ბევრია. რა მოხდა? რამ შეგვაძულა ასე ერთმანეთი? რამ ჩაახშო ის დიდი სიყვარული, ძმობა და მეგობრობა იმ ხალხში, იმ საზოგადოებაში და იმ ერში, რომელსაც ქართველი ჰქვია?
      ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ თავისუფალ, ერთიან, დემოკრატიულ საქართველოს ზნეობრივად აღზრდილი, სულიერად მდიდარი, თავაზიანი და კეთილშობილი მომავალი თაობა სჭირდება. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, დღეს თითქოს მოდიდან გადავარდა ყველა ეს ადამიანური თვისება. არა მგონია, მოიძებნებოდეს ისეთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც პიროვნებაში უპირველესად სიკეთესა და სიყვარულს არ აფასებდეს. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რა დროს სიკეთესა და ზრდილობაზე ლაპარაკია ამ დაქცეულ ქვეყანაში, რასაც ხშირად გაიგონებთ ქუჩაში, მაღაზიაში, ტრანსპორტში, კინო-თეატრში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
      სწორედ რომ დროა. არაერთხელ ითქვა ამის შესახებ პრესის, რადიო-ტელევიზიისა თუ სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ბევრიც დაწერილა და წაკითხულა, რასაც, სამწუხაროდ, უკეთესი შედეგი არ მოჰყოლია. შუღლი, ბოროტება და კონფლიქტი არასოდეს ყოფილა სიკეთისა და ბედნიერების მომტანი. განა ძმათაშორის ბრძოლამ და სისხლისღვრამ არ გამოიწვია თბილისის ერთ-ერთი უნიკალური ადგილის, რუსთაველის გამზირის დანგრევა და გაპარტახება?!
      „სიყვარული აღგვამაღლებს”-ო შემთხვევით არ უთქვამს რუსთაველს. მან მაგალითი მოგვცა იმისა, რომ ყოველ საქმეს, რომელიც ერის ინტერესებიდან გამომდინარეობს, ეს მცნება უნდა ედოს საფუძვლად.
      მახსოვს, როდესაც დედა ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას უდიდესი სიყვარულით მასწავლიდა, ქართულ კულტურასთან, ტრადიციებთან, მონარქიზმის აღდგენასთან და საქართველოს სამეფო ოჯახის ადათ-წესებთან ერთად, მათ არისტოკრატიულ თავაზიანობაზეც საუბრობდა ხოლმე. ძველად, როდესაც გზაზე მამაკაცი მოდიოდა ცხენით და დაინახავდა, რომ ქალბატონი მობრძანდება ფეხით, მამაკაცი ცხენიდან ჩამოვიდოდა, მანდილოსანს მიესალმებოდა და ვიდრე ქალბატონი თვალს არ მოეფარებოდა, ცხენზე არ შეჯდებოდა.
      სად წავიდა ეს წმინდა ქართული თავაზიანობა და განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემა?! მსურს ისევ დაბრუნდეს ის საუკეთესო თვისებები, რაც ოდითგანვე ახასიათებდათ ქართველ ელიტასა და საქართველოს არისტოკრატიას. ყველა ჩემს თანამემამულეს ვთხოვ, უწინარესად ერთმანეთს ვცეთ პატივი და გვიყვარდეს ერთმანეთი. არ იქნება ურიგო თუ ამას დღევანდელი პარლამენტის სხდომებზეც გაითვალისწინებენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღმერთის შვილები ვართ და ყველამ ეკლესიურად უნდა ვიცხოვროთ, რადგან „ღმერთი სიყუარული არს.”
      ვფიქრობ, რომ ეს იქნება პირველი და უკანასკნელი წერილი იმ საკითხის შესახებ, რასაც ერის სიყვარული ჰქვია.

თსუ-ს სტუდენტი სტივენ ლორდ ლოიდი. 22 წლის.



”საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ”


      ქართველმა ხალხმა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უაღრესად რთული და ძნელი გზა განვლო. რამდენი მსხვერპლი იქნა გაღებული, რამდენი სისხლი და ოფლი დაიღვარა, რამდენი სიცოცხლე შეეწირა იმას, რომ დღეს ქართველ ხალხს მშვიდობიანი, შემოქმედებითი შრომით ეცხოვრა და საქართველოს, თავისი ეროვნული სახითა და მაღალი ეროვნული კულტურით დღევანდლობამდე მოეღწია. ბევრი იყო დაბრკოლება, მარცხი თუ სიძნელე ამ გზაზე, მაგრამ იყო გამარჯვების ზეიმიც, ეროვნული ძალების სრულად გაფურჩქვნის შესაძლებლობაც, როდესაც ქართველმა ხალხმა წარმოაჩინა თავისი უშრეტი ენერგია და დიდი ნიჭი.
      დღეს საქართველო დიდი გარდაქმნების ეტაპზეა და რადგანაც ჩვენ ვემზადებით გავხდეთ ჩვენი სამშობლოს ღირსეული მოქალაქენი, ჩავდგეთ მომავლის მშენებელთა და შემოქმედთა რიგებში, აღვადგინოთ მონარქისტული წყობილება და აღვზარდოთ ღირსეული ტახტის მემკვიდრე, პირველ ყოვლისა, კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენი მშობლიური რესპუბლიკის, ჩვენი ხალხის განვითარების გზა, მისი ტკივილები და სიხარული, უნდა ვგრძნობდეთ დიდ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას როგორც მომავლის, ისე წარსულის წინაშე. „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა”... – უთქვამს ილიას.
      და მართლაც, ფართოა ქართველი საზოგადოების იდეალი. დუმს ბუნება, ჩაფიქრებულია, უჭირს, თუ როგორ შეაფასოს თავისი წარსული, თავისი აწმყო, რით გაახაროს მომავალი.
      საქართველო ჯერ კიდევ დაძაბული, მოუწესრიგებელი და ქაოსური ურთიერთობის მორევში ტრიალებს. ქართველები პოლიტიკურ ციებ-ცხელებას შეუპყრია. ზოგიერთი გულგრილად დგება განზე და ცინიკური ღრმა რწმენით ცდილობს ახსნას განზე დგომის მიზეზი, – პოლიტიკა რა ჩემი საქმეაო, ისე წამოიძახებს ხოლმე, თითქოს დღევანდელი საქართველო მისი ქვეყანა კი არა, რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ნაწილი იყოს.
      მხოლოდ საქართველოს თავად-აზნაურობა შემორჩა ერთგული თავისი მრავალტანჯული სამშობლოსი. სწორედ საქართველოს თავად-აზნაურობა ცდილობს საზოგადოებაში გააღვივოს პატრიოტიზმის ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც თითოეულ ადამიანში დევს და ილიას მსგავსად, ერთ დიდ ცეცხლად გადააქციოს, რომლისგანაც თავისი სამშობლოს ქართული ტრადიციული სითბო და სიყვარული წარმოიქმნება. ვინ იცის, დღეს რამდენი ჩემისთანაა დედით ქართველი, უცხო ქვეყნის მიწაზე რომ იმკვიდრებს ცათა სასუფეველს და არც კი იცის, რომ მის სულში საქართველოში დანთებული სამშობლოსადმი სიყვარულის ნაპერწკალი ქრება და სასწრაფოდ ხელახლა გაღვივებას ითხოვს. ქართულ ენას არ სწავლობს და ალბათ, სურვილიც აღარ აქვს, რომ იაკობ გოგებაშვილის „აი ია”-თი დატკბეს და მშობლიურ ენაზე ერთხელ მაინც დაიმღეროს: „მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ”.
      ეჰ, რამდენს შეიძლება გაუძლოს ამ პატარა გულმა. ყველაზე უნდა ვიზრუნო და ყველაფერი გავაკეთო. უცებ ჭაბუა ამირეჯიბი გამახსენდა: „კაი ხანია მას მერე, რაც მივხვდი – ჩემზე მე უნდა ვიფიქრო მხოლოდ, და ცის ქვეშ ყველაფერზეც უნდა ვიფიქრო მე. ორივე ტვირთი უნდა ვზიდო ერთდროულად და ერთად. ერთ-ერთის ან ცალ-ცალკე ზიდვა უქმად შრომა არის ყოველთვის. კარგია ეს, მარტოკაციც ვარ და მთელი ქვეყნიერებაც, მაგრამ ასეთ ადამიანს თანდათან და ბოლოს მთლად ავიწყდება, შესაძლებელი თუა, ვინმემ რომ იფიქროს და იზრუნოს მისთვის.”
      რა ქნას ყელამდე ვალებსა და გაჭირვებაში ჩავარდნილმა საქართველომ, რით მოაწონოს თავი უზნეო შვილებს, სულ მაჭამე, შემინახე, მიყიდე, ჩამაცვის რომ შესძახიან, რა ქნას? არაქათი გამოელია, ძალა გამოეცალა, დედულ-მამულები მისმა ნაშიერებმა გაუნიავეს, ბარაქა გამოაცალეს, სამეფო ოჯახები მოსპეს, მათი განძი და ქონება მიითვისეს და დღეს მასვე ედიდგულებიან – კარგად გვაჭამე, კარგად შეგვინახე, თორემ შენი არც დემოკრატია გვინდა, არც თავისუფლება და არც მონარქიაო.
      ამ საყვედურზე გული უკვდება საქართველოს, სევდა-ნაღველი ემატება და მწარედ ითუთქება. ტირის დედასაქართველო, ტირის და უნებურად ახსენდება პოეტის ვაებიანი სტრიქონები – „ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა პატარა საქართველო, ობოლი საქართველო, მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა, გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.” განა მამობილი ახლაც ყალბი დაპირებებით არ უამებს გულს და ვითომ მალამოს სცხებს? განა ახლაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ილუზიას არ უქმნის მსოფლიოს თვალში? რაც თავიდანვე იგრძნო ობოლმა, გაჭირვებულმა, ძმათამკვლელ ომში გამოვლილმა, ჩვენს იმედზე დარჩენილმა საქართველომ.
      დღეს საქართველო უდიდესი იმედით შეჰყურებს თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც საქართველოს თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს საუკეთესო და საამაყო წევრები არიან. სწორედ საქართველოს თავად-აზნაურები და ჩვენც მათთან ერთად მივხედავთ უფლის მიერ კურთხეულ საქართველოს, ჩვენ მოვწმენდთ ნუგეშის ცრემლს, ამოვუდგებით მხარში და გავათავისუფლებთ „მამობილის” მზრუნველობისაგან. საბრალო საქართველოს მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ ტანჯვა-წამებითა და ჭრილობებით ჰქონდა მკერდი მოუშუშებელი, განა მხოლოდ შემოსეულ მტერთაგან? ისევ და ისევ საკუთარი შვილები უჯიჯგნიდნენ სხეულს და მომავლის რწმენას უკარგავდნენ. მაგრამ ვაი, რომ თავს შეგვახსენებს ხოლმე ერთი ძველი ქართული ანდაზა, მუხას რომ უთქვამს: „ცული რას მიზამდა, ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო.”
      აი, დადგა დღე, რომლის შესახვედრადაც თითქმის მთელი სიცოცხლე ვემზადებოდი. ქვეყანა, რომელიც ასე სასოებით მზრდიდა, მესათუთებოდა, თავს მევლებოდა და მოთმინებით ელოდა ამ დღეს, როცა დიდ სიხარულთან ერთად სამშობლოსადმი დიდი პასუხისმგებლობის ჩემს წილ ტვირთს ამკიდებდა საიმედო და სანდო ჭაბუკურ ქედზე.
      ეს წმინდა ტვირთი მამულიშვილობის საქვეყნო ტვირთია და იგი ასეთივე რუდუნებით, ზოგჯერ ხვნეშით, ზოგჯერ წვალებით, მაგრამ ყოველთვის პატიოსნად რომ არ ეზიდათ თქვენსა და ჩვენს მამებს, პაპებს, ხოლო საუკუნეთა მიღმა იმ კაცს, რომელმაც თავის თავს ქართველი და ინგლისელი უწოდა, ვისი სისხლი დღესაც თქვენსა და ჩვენს ძარღვებში ჩქეფს, არ იქნებოდა არც დღევანდელი სიხარულით გაცისკროვნებული დღე, არც ეს აყვავებული მხარე და არც ის დასაფიცარი ერი, რომლის შვილებად ყოფნა ასე გვეამაყება და რომლებსაც ტკივილამდე საყვარელი სახელი – საქართველო და ბრიტანეთი ჰქვიათ.
      რა ტვირთიაო? – ალბათ იკითხავთ.
      ეს ის ტვირთია, რომლის გარეშეც არ არსებობს მოქალაქე, არ არსებობს ბედნიერი ოჯახი და ურომლისოდაც არ იარსებებს სამშობლო და მისი მომავალი. ეს ტვირთი ჯანსაღი და სრულყოფილი შთამომავლობის შექმნის განაწესი და დავალებაა, შთამომავლობისა, რომელმაც ოციოდე წლის შემდეგ საკუთარი მხრებით უნდა ზიდოს იგივე ტვირთი და თავის შვილებს უანდერძოს მისი კაცურად ტარება. ამჯერად უილიამ შექსპირს დავესესხები: „მაგრამ უშვილოდ სიკვდილისკენ გზას თუ გაიგნებ, ვერც სიყვარულის და ვერც სიმართლის ფასს ვერ გაიგებ.” როდესაც ახალგაზრდა წყვილი ოჯახს ქმნის და ნებაყოფლობით კისრულობს პასუხისმგებლობას მშობლების, ერისა და სახელმწიფოს, ქვეყნის აწმყოსა და განსაკუთრებით მომავლის წინაშე, ამ პასუხისმგებლობას სრულიად კონკრეტული სახე და სახელი აქვს – შვილი. შვილია თქვენი და ჩვენი სამშობლოს უკვდავება და ქვეყნის საქმე მაშინ იქნება კარგად, როცა შვილი მშობელს აჯობებს. ამიტომაც ჩამოაყალიბა ქართველმა კაცმა ეს სიბრძნე აფორიზმად: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა!” ურჩევნია და მერე როგორ!
      თუ ჩემი დედასამშობლო საქართველო უფლებას მომცემს, რომ საკუთარ თავს უძვირფასესი ჩინი და დიდებული წოდება „ქართველი” მივანიჭო და მის ერთგულ შვილთა რიგებში ჩავეწერო, თუნდაც ნაწილობრივ, სადღაც გულის სიღრმეში მაინც, ჩემთვის ეს იქნება ყველაზე დიდი პატივი და საპატიო წოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ დედით ქართველი აუცილებლად ქართველიცაა, რაც პირადად ჩემთვის ფრიად საამაყო და საპასუხისმგებლოა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართველიც ვარ, ჩემებური ქართველი, რადგან აუთსაიდერთა რიგებში ვირიცხები. მაგრამ მიუხედავ ამისა, მე მზად ვარ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ერთგულად ვემსახურო ჩემს დედასამშობლოს და დავიცვა მისი თავისუფლება, რაც არ უნდა მწარე და ეკლიანი იყოს იგი. მე არასოდეს მეშინოდა დასჯის, მე ყოველთვის მეშინოდა დარდის, დარდის იმ ორი სამშობლოსი, რომლებსაც ბრიტანეთი და საქართველო ჰქვიათ. საუკუნეების სიღრმიდან შემოგვღაღადებს თავისუფლების ძებნაში სულდაღლილი და კურთხეული მოწამე რაინდი სულხან-საბა: – „თავისუფლება არავის მონას ნიშნავს!”
      მართლაც რა მშვენიერია საქართველო თავისი ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ერითა და ბერით.
      ერთ დღეს თბილისში ადრიანი გაზაფხულის უჩვეულო, მაგრამ სუსხიანი დილა გათენდა. წინადღით შეთანხმებულ ადგილას დროულად მივედი, რადგან დასავლეთ საქართველოში ბატონი ჯავახიშვილის დაკრძალვაზე მივემგზავრებოდი. მზე ჯერ კიდევ სრულად არ ამოსულიყო, მაგრამ თბილისში მაინც თბილისური სითბო იგრძნობოდა. ჩემს წინ თეთრი მანქანა გაჩერდა და წინა სავარძელში შემომთავაზეს დაჯდომა. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი მაგრამ მაინც წინ მომიწია დაჯდომა. მანქანაში ხუთნი ვიყავით: თავადი ბატონი პეტრე ქოჩაკიძე, თავადი ბატონი ვაჟა აბაშიძე, მისი სამეფო უდიდებულესობა თავადი ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი, თავად-აზნაურთა საკრებულოს საქმეთა მმართველი ქალბატონი ლეილა მირიანაშვილი და მე – მუდამ მათი ერთგული მსახური.
      დიახ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, მისი სამეფო უდიდებულესობა ის არის, ვინც სამშობლოსათვის, ერისა და ქვეყნის სამსახურში დგას და მამულისთვის, ენისთვის, სარწმუნოებისთვის და მეფისთვის თავდადებული იბრძვის ამ უსწორ-მასწორო ქვეყანაში. შეიძლება ვინმემ მისაყვედუროს, რომ მისი სამეფო უდიდებულესობა მხოლოდ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II არისო. ცხადია, ის უპირველესად ჩემი დედოფალიცაა და ძალიან მიყვარს, მაგრამ მის ბრწყინვალებასთან ერთად მისი სიცივე და გულგრილობაც შეინიშნება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრიტანეთში განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა შინაური ცხოველების მიმართ ვლინდება. მათ შორის აღსანიშნავია ბრიტანეთის დედოფალი, რომელსაც 9 ძაღლი ჰყავს და ისინი ყველაზე მეტად უყვარს. მე წერილობით მივმართე ბრიტანეთის დედოფალს და ვთხოვე საქართველოშიც შეექმნა ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია, მაგრამ ამ თხოვნაზე მას პასუხიც კი არ გაუცია. თუმცა მისი დუმილიც გასაგებია ჩემთვის, რადგან ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედებები მძვინვარებს, ხალხი დაუცველია, იქ სადაც უმუშევრობა, გაჭირვება და სიღარიბეა, ცხოველთა დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მართლაც წარმოუდგენელია. ამიტომ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი და მე თვითონ ვიხილე ყოველივე ეს რეალური სურათი, ძალიან შემრცხვა მისი უდიდებულესობა ბრიტანეთის დედოფლის ჩემი უმართებულო წერილობითი მოთხოვნის გამო.
      ამრიგად, სულ უბრალო თხოვნაზეც კი, თუკი ეს ვინმეს ან რაიმეს სასიკეთოდაა გამიზნული, ქალბატონი ია ბაგრატიონი დაუფიქრებლად და წარბშეუხრელად რკინის ქალამნებსაც კი ჩაიცვამს და გმირულად წინ გაუძღვება. თავადი ია მტიცედ და შეუპოვრად იცავს თავისი ქვეყნის ისტორიას, წინაპრების ღირსებებს, მათ კულტურას, ტრადიციებს და საქართველოს ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის დაარსებით საუკეთესო მამულიშვილებს უზრდის საქართველოს. ბრძენს უთქვამს; მეფე თავისი საქმით შეინიშნებაო და ამიტომაც გახლავთ ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი მისი სამეფო უდიდებულესობა. იგი დედასავით საყვარელია, სანთელივით წმინდა და ანგელოზივით სათნო. მისი მშვიდი, სასიამოვნო და საოცრად კეთილი საუბარი ლოცვასავით გადამდებია ჩემთვის. ნუთუ როდესმე დავიღლები მისი მოსმენით, ბავშვივით საყვარელ ხელებზე ამბორითა და დედაშვილური გრძნობით აღსავსე მზერით? პასუხი უდავოა – არასოდეს.
      როგორც კი გავემგზავრეთ და პირი დასავლეთისაკენ ვქენი, გულმა სულ სხვარიგად დამიწყო ფეთქვა. დასავლეთის გახსენებაზე ჩემი მამულეთი ბრიტანეთი წარმომიდგა თვალწინ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთისკენ კი არა, დასავლეთ საქართველოსკენ მივექანებოდით, გული მაინც დედათბილისისაკენ იწევდა. უცებ სუნთქვა გამიჭირდა, თითქოს გულიც გამიჩერდა, უკან მოვიხედე და ცხენზე ამხედრებულ მეფეს – დავით აღმაშენებელს მოვკარი თვალი. მასაც პირი დასავლეთისკენ ჰქონდა და თითქოს თბილისს გაურბოდა. მალე მცხეთის ჯვარიც უკან ჩამოვიტოვეთ და ბორჯომში შევედით.
      დაახლოებით 150 კილომეტრში ვიმყოფებოდი თბილისიდან და სულ მხოლოდ რამოდენიმე საათი მაშორებდა თბილისს, მაგრამ რაც უფრო ვშორდებოდი დედაქალაქს, მით უფრო მენატრებოდა და მეტად ძლიერდებოდა ეს გრძნობა.
      თქვენ წარმოიდგინეთ ჩემო ძვირფასო მკითხველო, რომ ლონდონი და ჩემი თბილი და ლამაზი სახლი კი არა, არამედ თბილისი და ჩემი ცივი და დანგრეული სახლი მენატრებოდა. სახლი, სადაც მეგობრის ან სტუმრის მიწვევაც კი მეუხერხულებოდა სარემონტო სამუშაოების გამო.
      ბორჯომის ცენტრალურ პარკში თითქოს სამკურნალო, მაგრამ ადრიანი გაზაფხულის სუსხიანი ნიავი ჰქროდა. ცამდე აზიდული მთები და ბუნების მიერ სილამაზით დაჯილდოებულ პარკში რამოდენიმე სკამი იდგა. ერთ-ერთ სკამზე ორი დიდგვაროვანი თავადი იჯდა და ჩემს საყვარელ მწერლებზე საუბრობდა, ხოლო მე კი, მათი ერთგული მსახური, ჩემი სათაყვანებელი თავადების წინაშე ვიდექი ლოდივით გაყინული, თვალებიდან ცრემლები მდიოდა და ჩემს ჭრელა-ჭრულა, არაქართული შეფერილობის წვერს ცვარივით ეფინებოდა. სწორედ ამ წუთას სიტყვამ „ლოდივით” მომაგონა ასეთი ფრაზები.
                  „მაინც ვინ ხარ? – მეკითხება პრინცი,
                  ერთი მუჭა საქართველოს მიწა ვარ
                  და ერთ ცივ ლოდზე ამოჭრილი ფიცი.”

      ძალიან მრცხვენოდა თავადების წინაშე თვალცრემლიანი დგომა, რადგან სირცხვილი მე ჩემმა ვაჟამ მასწავლა: „ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა, ქვითინი დიაცურადა”-ო, მაგრამ ამჯერად ჩემში ვაჟასეულ სირცხვილს თბილისურმა მონატრებამ დაძლია და თვალებიდან ცრემლები მადინა.
      ვიდექი ტაძარში ანთებული სანთლით ხელში და განსვენებულის ცხედარს ვუმზერდი. თითქოს მეჩურჩულებოდა რაღაცას, ან შესაძლოა მადლობას გვიხდიდა თითოეულ ჩვენგანს პატივის მიგებისათვის. ბატონი ჯავახიშვილი წავიდა და გაქრა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მან უდიდესი სიყვარული დაგვიტოვა, რომელიც არასოდეს გაქრება...
      მე კი, კვლავ საქართველოს თემას დავუბრუნდები. დედასამშობლოს წმინდა და სპეტაკ მიწას ჩავეხუტები და უსაზღვროდ მოვეფერები. ჩემს წილ მადლობას გადავუხდი და ყველას მაგივრად უდიდეს ბოდიშსაც მოვუხდი უამრავი გულისტკენისათვის, შეურაცხყოფისათვის, დამცირებისათვის, რაც ოდითგანვე მიუღია როგორც მტრისაგან, ასევე მოყვრისაგან.
      ალბათ სამწუხაროა, მიწას რომ ენა არა აქვს, პასუხს ვერ გაგცემს. რამდენიც გნებავს ლანძღე, აგინე, შეურაცხყავი, ჩააფრქვიე მიწაში მთელი შუღლი და ბოღმა, იგი მაინც ყველაფერს აიტანს, უჩუმრად მოგისმენს და სამუდამოდ საკუთარ გულში ჩაგიკრავს. რამდენი საუკუნე ებრძოდა, რას არ ჩასძახოდა ადამიანი ამ მიწას, რომ მისგან პასუხი ერთხელ მაინც მიეღო, მაგრამ ამაოდ!
      ბოლოს კი ისევ უხმოდ, ისევ უსიტყვოდ თვითონ მიგიწვევს, საწოლს გაგიმზადებს, შეგიერთებს და თავის მსგავს ნაწილად გაქცევს, და ამას ჰქვია მიწის პასუხი.

სტივენ ლორდ ლოიდი. 2009 წელი.



მონარქი - მეფე თუ დიქტატორი


      საქართველო საუკუნეების მანძილზე მონარქისტული ქვეყანა იყო და მას მეფე-დედოფლები მართავდნენ. დღეს იგი საპრეზიდენტო ქვეყანად არის ქცეული და მას პრეზიდენტი მართავს.
      ქართველ საზოგადოებაში არსებობს მონარქიის აღდგენის იდეა, მაგრამ ამავდროულად არსებობს ამ იდეის განხორცილების ქვეცნობიერი შიშიც. გამოკითხულთა 97% ფიქრობს, რომ თუ საქართველოში აღსდგება მონარქია და პრეზიდენტი მეფით შეიცვლება, ხოლო მისი სავარძელი - ტახტით, მაშინ ეს ძალიან დიდ პრობლემებს წარმოქმნის, რადგან სახელმწიფოში უპირველესად სამეფო რეფორმები გატარდება: შეიზღუდება საზოგადოებრივი უფლებები, მუშა-მოსამსახურეებს შეუმცირდებათ ადგილ-მამულები, მოხდება საზოგადოების კლასიფიკაცია და დაიყოფა მაღალ და დაბალ ფენებად, უდიდესი თანხები დაიხარჯება სამეფო დარბაზების ასაშენებლად და სასახლეების მოსაწყობად, გლეხისთვის შეუძლებელი გახდება უმაღლესი განათლების მიღება, ხალხის პატივმოყვარეობა შეილახება, რაც დაკავშირებული იქნება გვარიშვილობასთან, უპირატესობით კვლავ თავად-აზნაურები ისარგებლებენ, ყველანი მეფის ყმები და მოჯამაგირეები ვიქნებით და სხვა.
      საქართველოში მეფე წარმოდგენილია როგორც რაიმე ბოროტი ან ვერაგი ზრახვების მქონე მათრახიანი დიქტატორი, რომლისაც აუცილებლად უნდა გეშინოდეს, ემალებოდე, გაურბოდე. ცხადია, ეს მცდარი აზრია.
      მაგალითად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო საპარლამენტო მონარქიაა. სახელმწიფოს ოფიციალური მეთაურია მონარქი, რომლის ძალაუფლებაც კონსტიტუციურია და მხოლოდ მინისტრთა რჩევით მოქმედებს. მონარქი არის აღმასრულებელი ორგანოს მეთაური, საკანონმდებლო ორგანოს ინტეგრალური ნაწილი, სასამართლო ორგანოს მეთაური, სამეფო გვირგვინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ინგლისის ეკლესიისა და ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის 16 დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაური. ამრიგად, ერთი შეხედვით თითქოს მკაცრი და მრისხანეა მონარქი დედოფალი ელისაბედ II, მაგრამ მისი სიმკაცრე და მრისხანება არ ნიშნავს ვინმეს გამათრახებას და როზგების ქვეშ გატარებას. თუმცა ქართველი საზოგადოების მიმართ დასმულ შეკითხვაზე, მისი სამეფო უდიდებულესობა ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II ბუკინგემის სასახლეში ბროლის მათრახის გადასარტყმელად რომ მიგიწვიოთ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რას იზამთ მეთქი, ყველა დიდი სიამოვნებით დათანხმდა ამ მიწვევას, რადგან ბრიტანეთის დედოფლისაგან მიღებული ერთი მათრახიც კი ჩვენთვის ძალზედ საამაყოა და საკმაოდ დიდი პატივიო.
      მეფის ხსენება ხალხში არ უნდა იწვევდეს შუღლს, აგრესიას ან შიშს. განა პრეზიდენტები არ ამათრახებენ საკუთარ საზოგადოებას, რომლებსაც ხელში მათრახის ნაცვლად რეზინის ტყვიები, ხელკეტები და ცრემლსადენი გაზის იარაღები უკავიათ?! უმსგავსო პრეზიდენტს, მსგავსი ანუ ღირსეული მეფე სჯობია. მეფე უნდა იყოს ხალხში და ხალხი უნდა იყოს მეფეში.
      თავადის ან აზნაურის ტიტული არა გვარიშვილობისა და წარმომავლობის მიხედვით უნდა განისაზღვროს, არამედ თითოეული ინდივიდის მიზანსწრაფვითა და სხვადასხვა ფორმის დამსახურებით ერისა და ქვეყნის წინაშე. ერის დიდება უბრალო ადამიანების თავდადებასა და დიდი ნიჭიერებით დაჯილდოებული პიროვნებების თავმდაბლობაში, მათ ერთსულოვნებაში მჟღავნდება. ამის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს ედამ სმითი. თუ ერი მაქსიმალურად გამოავლენს უბრალო ადამიანებს და ერთი იდეის ირგვლივ გააერთიანებს ინდივიდებს, მათ ვერავინ მოერევათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში სწორედ ასეთი გაერთიანება და ერთსულოვნება სუფევდა, როდესაც მთელი ერი ერთად იყო შეკრული.
      მისმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მრავალჯერ აღნიშნა როგორც ბაგრატიონთა და დიდგვაროვანთა, ასევე თავად-აზნაურთა უდიდესი დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ საქართველოს წინაშე. მან თქვა: „ბაგრატიონებს ჯერ მთავარი სიტყვა არ უთქვამთ, ეს მომავალში უნდა გააკეთონ. ასე რომ, ჩვენ იმედით ვცხოვრობთ და მოუთმენლად ველოდებით იმ ბედნიერ დღეს, როცა ბაგრატიონები თავის სიტყვას იტყვიან.”
      საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო გვარის მუხრანის შტოს შთამომავალმა, უმშვენიერესმა ქალბატონმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა განაცხადა: „ჩვენი წარსული - ჩვენი ქვეყნის დიდების დასტურია, როცა ქვეყანას ღვთივკურთხეული მეფენი მართავდნენ. „მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა” იდგნენ ბაგრატიონები ქვეყნის, რწმენის, ქართველობის დასაცავად „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”. ბაგრატიონების ფენომენი, რომელთაც უკვე ადრეფეოდალურ ხანაში მოიხვეჭეს სახელი, დღესაც არ არის ჯეროვნად შეფასებული და აღიარებული. მომავალი მეფე აუცილებლად ამ დინასტიიდან უნდა იყოს, რომელიც უძველესია ევროპაში.
      ამჟამად საქართველოში და ესპანეთში ცხოვრობენ ბაგრატიონთა სამივე შტოს წარმომადგენლები. პირადად მე ჯერჯერობით ვერავის ვერ ვხედავ სამეფო ტახტზე ასასვლელად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბაგრატიონთა რამოდენიმე წყვილის პირმშოები პატრიარქმა უნდა გაზარდოს აქ, საქართველოს წიაღში. ამ მადლიან მიწაზე ქართული მსოფლმხედველობის, შემართების, ზნეობის ახალგაზრდებში უფალი გამოაჩენს ღირსეულს.
      მეფე არც ინიშნება და არც ირჩევა. იგი მოგვევლინება, როგორც ერის ისტორიული და გენეტიკური კოდის გამომხატველი, წარსულისა და მომავლის დამაკავშირებელი, მთლიანობის და სტაბილურობის, რწმენის, ზნეობის, სიმტკიცის გარანტი”.

      ბაგრატიონების შესახებ ვახუშტიმ საკმაოდ მკაფიო სენტენციით აღნიშნა: „ბაგრატიონნი იცნობის მხნეობით, სიბრძნე-ქველობით და ერისადმი თავდადებულობით”. თითქმის ყველა ბაგრატიონისთვის ეს იყო დედააზრი მათი ცხოვრების წესისა, მსოფლმხედველობისა და მიზანდასახულობისა. ბაგრატიონები, ისევე როგორც თავად-აზნაურები, უპირველესად ერს ეწირებოდნენ. მათი წესი და ყოველგვარი ტრადიციული მოვალეობა, სახელმწიფოს მმართველობასთან ერთად, ერისა და ქვეყნის დაცვა იყო. მათი დევიზი, რაც ქვეყნის გადარჩენისათვის რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოსტულატით განისაზღვრება; გონივრული პოლიტიკა, მსოფლმხედველობა, ეროვნული იდეა, სტაბილურობა, იყო ილია ჭავჭავაძის უკვდავი ტრიადა: „ენა, მამული, სარწმუნოება”.
      დღეს ილიასეულ ტრიადას ეფუძნება მეოთხე ძვირფასი დეფინიცია: „ენა, მამული, სარწმუნოება, მეფე”, რომლის იდეოლოგიც გახლავთ 1990 წლიდან არსებული საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოში დაბადებული პოლიტიკური მოძრაობა „სამეფო გვირგვინი”.
      ჩემი აზრით, საქართველოს მეფე ტრადიციულად უნდა იყოს აუცილებლად ბაგრატიონების სამეფო დინასტიის მემკვიდრე, ორივე მშობლით ქართველი, ეკლესიურად აღზრდილი, მის ფიზიკურ მონაცემებთან ერთად მისი ინტელექტი, ნიჭი, სიბრძნე და შინაგანი მეფური ბუნებაც უნდა შეინიშნებოდეს. როგორც დიდი შოთა გვასწავლის, მეფე უნდა იყოსო სამართლიანი, მოწყალე, მაღალი, უხვი, მადაბალი და ა.შ. აქედან გამომდინარე, მეფის ხატება, მისი პიროვნება, მისი გვირგვინი და ტახტი მონარქისტული სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც გახლავთ ქვეყნის ერთიანობის, მშვიდობისა და ტრადიციული ძლევამოსილების გარანტი. კონსტიტუციური მონარქია და მეფე ეკლესიასთან, ერთან და ბერთან გაერთიანებით გადაარჩენს საქართველოს.
      მაგრამ ჰყავს კი საქართველოს ასეთი მეფის კანდიდატი?

სტივენ ლორდ ლოიდი. 2010 წელი.


      ამ წიგნის გამო ჩემს ნიჭიერ ქართველ სტუდენტებთან, და-ძმა ირაკლი და სალომე დანელიებთან დაკავშირების შემდეგ, მათგან არაჩვეულებრივი პასუხი ინტერნეტის საშუალებით მივიღე და საკმაოდ აღფრთოვანებული დავრჩი. მსურს თქვენც გაგიზიაროთ მათი წერილების შინაარსი.



ირაკლი და სალომე დანელიები


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
ინგლისური გამოთქმა


      დიდი მადლობა, რომ საშუალება მოგვეცით ჩვენი უმნიშვნელო წვლილი შეგვეტანა ამ მართლაც და სანაქებო წამოწყებაში. მივესალმებით თქვენს ასეთ საინტერესო ინიციატივას და მზად ვართ რითაც შეგვეძლება, ყველანაირად დაგეხმაროთ თქვენს მიერ წამოწყებულ ესოდენ დიდ და კეთილ საქმეში. ორივეს ძალიან გაგვიხარდა, რომ სწორედ ჩვენ დაგვიკავშირდით. მართლაც ძალიან ბევრის დაწერა შეგვიძლია თქვენთან ურთიერთობაზე და ზოგადად თქვენს პიროვნებაზე. აუცილებლად დავწერთ და ტექსტს მზა ფორმით გადმოგიგზავნით.
      ძალიან სამწუხაროა დედის გარდაცვალება. მთელი გულით და სულით ვიზიარებთ ასეთ მწუხარებას, ღმერთმა აცხონოს მისი სული. თქვენ კი გამძლეობასა და სულიერ სიმტკიცეს გისურვებთ, ჩვენ თუ რაიმე შეგვეძლება იმისათვის, რომ მცირედით მაინც შეგიმსუბუქოთ ესოდენ დიდი დანაკლისი, თქვენს გვერდით გვიგულეთ. ყოველ დაღმართს აღმართი მოჰყვება, ასევე დიდ უბედურებასაც დიდი სიხარული და ბედნიერება თან სდევს, ამიტომ გამაგრდით. უფალი იყოს თქვენი მფარველი და შემწე, დაე, უფალმა გაგაძლიეროთ! უდიდეს პატივს გცემთ და ძალიან გვიყვარხართ. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს.
      „ყოველ ადამიანს დაბადებისთანავე დაჰყვება მემკვიდრეობით გადაცემული ორი „გამოუსყიდავი ვალი.„ ვალი მამულისა და ვალი ღვთისა. ორივეს „სისხლის, სიცოცხლის„ ფასი აქვს. თუმცა ეს ორი ვალი ერთმანეთისაგან არ განიყოფა, ერთი გულისხმობს მეორეს და მეორე – პირველს.” ილია ჭავჭავაძე.
      ღირსეულ მამულიშვილთა წყალობით, რომელთაც თავი შესწირეს საფიცარი ენის, მამულისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლას, ჩემი ქვეყანა მრავალჭირნახული გადარჩა და დღემდე მოვიდა, მაშინ როდესაც სხვა ერები, რომელთაც თავის დროზე მსოფლიო ცივილიზაციები შექმნეს (ეტრუსკები და სხვ.) ისტორიული ქარტეხილების შედეგად აღიგავენ მიწისაგან პირისა.
      ქართველი, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან ქართულ საქმეს აკეთებდა. ამის უამრავი მაგალითია ისტორიაში. ასეთ ადამიანთა შორისაა საქართველოს ბაგრატიონთა დიდგვაროვანი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, აწ გარდაცვლილი ქალბატონი ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონი.
      რაოდენ დასაფასებელია ადამიანი, რომელიც შორეულ ლონდონში თავის შვილებს ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას და აყვარებდა საქართველოს ისტორიას. ქედს ვიხრით დიდებული ქართველი ქალბატონის წინაშე.
      დედით ქართველ ბაგრატიონთა გვარის თავადი და მამით ინგლისელ ლორდთა შთამომავალი, პროფესორი ბატონი სტივენ ლორდ ლოიდი, არა უბრალოდ საუბრობს ქართულად, არამედ ბრწყინვალედ იცის ქართული ლიტერატურა და ისტორია.
      ბატონ სტივენს ლონდონში ჩასული მრავალი სტუდენტისთვის გაუწვდია დახმარების ხელი. ამ სიყვარულმა იგი საქართველოში ჩამოიყვანა, რათა ქართველი ახალგაზრდებისთვის უსასყიდლოდ ესწავლებინა ინგლისური და იაპონური ენა. ახალგაზრდა პროფესორი ჩვენთვის იყო არა მარტო იაპონური ენის მასწავლებელი, არამედ თავისი ცხოვრების წესით უანგარო სიკეთის, შრომისმოყვარეობის, ჰუმანიზმისა და დიდი მამულიშვილობის თვალსაჩინო მაგალითი.
      ბატონი სტივენის ლექციები უცხო ენის შესწავლისათვის გათვალისწინებული პროგრამის გარდა, საუცხოო განტვირთვასაც მოიცავდა ყოველგვარი დაძაბულობისა თუ გადაღლილობისაგან. პირადად მე ძალიან ვერთობოდი კიდეც და ამ გართობა-ხალისობაში იაპონურსაც უფრო სწრაფად და მარტივად ვითვისებდი. ვფიქრობ, განტვირთვა და თანაც ასეთი სასარგებლო და მხიარული, ძალზედ კარგია. რაც შეეხება ჩვენი ინგლისელი ლექტორის ვოკალურ მონაცემებს, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრს შეშურდება მისი არაჩვეულებრივი ხმისა და საუკეთესო გემოვნებით შესრულებული რეპერტუარის. გარდა ამისა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საოცარი ნიჭი ეგრეთ წოდებული „სვეცკი” ვაკელი გოგო-ბიჭების პაროდიაში. მისმა მსახიობურმა უნარმა მთელი ფართო აუდიტორია გაგვაოცა. მოკლედ და ლაკონურად რომ ვთქვათ, ბრიტანულ-ქართული სიყვარულით აღსავსე ბატონი სტივენი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული.
      გვსურს აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ ბრიტანელები საკმაოდ ცივ და მიუკარებელ ადამიანებად მიგვაჩნდა, მაგრამ ჩვენმა ძვირფასმა ლექტორმა ეს სტერეოტიპი ნამდვილად გააქრო და უზომოდ შეგვაყვარა თავი.
      ბატონო სტივენ! ძალიან, ძალიან გვიყვარხართ და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თქვენი სახით შევიძინეთ ასეთი უშუალო, კეთილი და, რა თქმა უნდა, უგანათლებულესი მეგობარი. დარწმუნებული ვართ, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება, განმტკიცდება და უფრო მეტად გაღრმავდება კიდეც.



მარიამ ხუხუნაიშვილი


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი

"თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული..."

“ძალიან მეამაყება, რომ ჩვეულებრივი ინგლისელებისაგან განსხვავებით, არაჩვეულებრივი ინგლისელი ვარ
- ჩემებური ინგლისელი, რომელიც დაიბადა ულამაზეს და უსაყვარლეს ქვეყანაში საქართველოში, რადგან ჩემს
ძარღვებში ინგლისური სისხლი ჩქეფს, ხოლო ჩემს გულში ქართული ტრადიციული სული ბობოქრობს.
მე ხომ ქართველიც ვარ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როდესაც ბავშვი იბადება, ის დედის ენაზე ტირისო,
რომ დავიბადე - მეც ქართულად ვტიროდი”

სტივენ ლორდ ლოიდი


      როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის ნამდვილი ქართველი მამულიშვილი?
      შეგვიძლია რამოდენიმე აუცილებელ თვისებას გავუსვათ ხაზი: უნდა იყოს პატრიოტი, შეინარჩუნოს ქართული სული იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, იცოდეს ქართული ენა, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, “ვეფხისტყაოსანი”, ზოგადად ქართული პროზა, პოეზია, ქართული ფოლკლორი, იყოს ქველმოქმედი, ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა, კარგად ესმოდეს ადამიანების, იყოს მიზანსწრაფული, წარმატებული... ალბათ იფიქრებთ რომ ეს ყველაფერი არარეალურია, რომ იდეალური, თუმცა არარსებული ადამიანი აღვწერე. მინდა გითხრათ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, მე ერთ-ერთი მათგანის გაცნობის ბედნიერება მქონდა.
      ეს ადამიანი მამით დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დედით ქართველი არისტოკრატი, ენათმეცნიერი და ასოცირებული პროფესორი ბატონი სტივენ ლორდ ლოიდია. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბატონ სტივენთან ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდა. ის მართლაც გამორჩეული პიროვნებაა, გამორჩეული ინგლისელი-ქართველი.
      აღმოსავლური კულტურა ყოველთვის მაინტერესებდა და ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონური ენის შესწავლის შესაძლებლობა მომეცა, რაც ბატონი სტივენის ინიციატივა იყო. იგი ქველმოქმედების სახით ასწავლიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლებში იაპონურ ენას. მთელ თავის ცოდნას, მონდომებას, დროს გვახარჯავდა. ეს არ იყო მხოლოდ იაპონურის გაკვეთილები, ჩვენ არ ვსწავლობდით მხოლოდ იაპონურს, ბატონი სტივენისაგან ვიღებდით მაგალითს, ის გვასწავლიდა ჭეშმარიტ ”ქართველობას”. MED
      ასეთი ადამიანის აღზრდისათვის მადლობა დედას ეკუთვნის, საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელს, დიდებულ მამულიშვილს, ქალბატონ ქეთი ბაგრატიონს. მან შეძლო, მიუხედავად ცხოვრებისეული წინააღმდეგობებისა, დიდი ილიას მსგავსად, საამაყო შვილი, ნამდვილი ქართველი მამულიშვილი აღეზარდა სამშობლოსათვის.
                  “დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
                  ისე აღზარდე შენ შვილის სული,
                  რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
                  უკან ჰრჩეს კვალი განათლებული”



ალექსანდრე (ლექსო) ოქრომჭედლიშვილი


სტუდენტი


      უდიდესი სიყვარულით მახსენდება ბატონი სტივენ ლორდ ლოიდი და ჩვენი იაპონური ენის ლექციები. მე როგორც კი შევიტყვე, რომ გვეძლეოდა ასეთი უნიკალური შანსი იაპონური ენის შესწავლისა, მაშინვე გავეშურე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქ დამხვდა არაჩვეულებრივი ატმოსფერო, რომელსაც ახალგაზრდა ინგლისელი პროფესორი ბატონი სტივენი ქმნიდა. პირველივე ლექციაზე იგრძნობოდა უდიდესი სიყვარული მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.
      არაჩვეულებრივი ადამიანია ბატონი სტივენი. უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მაქვს მის მიმართ. ის აკეთებდა უკეთილშობილეს საქმეს-უფასოდ და უდიდესი მონდომებით გვასწავლიდა იაპონურ ენას. იგი გახლავთ განსაკუთრებული პიროვნება და საუცხოო მასწავლებელი.
      ბრიტანულ-ქართული სიყვარულით აღსავსე ინგლისელი ლორდი დაუღალავად გვასწავლიდა, თითოეულ ახალ მოსწავლეს ხელახლა უხსნიდა სხვებისთვის უკვე მრავალგზის ახსნილ მასალას და ამას აკეთებდა უდიდესი სიყვარულითა და მონდომებით.
      ბატონი სტივენი არაერთი ნიჭით დააჯილდოვა უფალმა და ის თავის ცოდნას ყოველთვის დაუშურვებლად გადმოგვცემდა, გვიზიარებდა თავის გამოცდილებასა და ერთგულებას. ისეთი ქველმოქმედება, რომელსაც ბატონი სტივენი სჩადიოდა, არის ძალიან იშვიათი მოვლენა. დედით ქართველი არისტოკრატი ბატონი სტივენ ლორდ ლოიდი საქართველოს დიდი შვილია, რომელიც ღირსეულმა და საამაყო ქართველმა დედამ, საქართველოს დიდგვაროვანი სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ქეთი ბაგრატიონმა განსაკუთრებული სიწმინდით აღზარდა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ ადამიანს. ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირი მამულიშვილები, რადგანაც სწორედ სიყვარული გადაარჩენს ადამიანს და შემდეგ ამ უდიდეს გრძნობაზე უნდა დაფუძნდეს დანარჩენი ყოველგვარი სიკეთე, განათლება. აი, ამის თვალსაჩინო მაგალითია ბატონი სტივენი. მსურს სრულიად საქართველოს სტუდენტების სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ აწ განსვენებულ ქალბატონს ქეთი ერეკლეს ასულ ბაგრატიონს ასეთი ბრწყინვალე და ძვირფასი შვილის აღზრდისათვის და განსაკუთრებული პატივი მივაგოთ მის ნათელ ხსოვნას.
      მიხარია, რომ ასეთ ადამიანს შემახვედრა უფალმა! უფალმა ინებოს, რომ ჩვენი გაკვეთილები გაგრძელებულიყოს! დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ბატონო სტივენ!



შენს ლამაზ სულს

პატიოსნების ნამდვილი სახე ხარ
კაცურ-კაცობის სუფთა სარკე ხარ
მთის ვეფხვს გადარებ ძალით და ღონით
შენში სიკეთე ღმერთისგან მოდის.
სიმტკიცე დაისახე რწმენა ჩაისახე
ვიცი ბევრისთვის ტყუილად გაისარჯე
ფარ-ხმალი არ დაყარო ცხოვრება ბრძოლაა
სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილი შორსაა.

კახა ლომიძისგან
საუკეთესო მეგობრობისთვის



თამარ თათარაშვილი


სტუდენტი


      2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასაწყისში, განცხადებათა დაფაზე შემთხვევით წავაწყდი ერთ უჩვეულო განცხადებას – „იაპონური ენის უფასო ლექციები”, რომელსაც ახალგაზრდა დიდგვაროვანი ინგლისელი პროფესორი, ენათმეცნიერი ბატონი სტივენ ლორდ ლოიდი კითხულობდა. ცოტა უცნაურად მომეჩვენა სიტყვა „უფასო” და გადავწყვიტე შემევლო, საკუთარი თვალით მენახა და თვითონვე დავრწმუნებულიყავი ამაში.
      აუდიტორიაში შესვლისთანავე ხალხმრავლობა მომხვდა თვალში, ხოლო დაფასთან იდგა არაქართული, სასიამოვნო გარეგნობის ადამიანი, რომელიც თბილად მომესალმა და მადლობა გადამიხადა, რომ გამოვნახე დრო და დავინტერესდი ამ შეხვედრით. ეს იდეალური ადამიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდისა და საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქალბატონი ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონის ვაჟიშვილი – ბატონი სტივენ ლორდ ლოიდი იყო.
      ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ენათმეცნიერი და მრავალმხრივ განათლებული პროფესორი ბატონი სტივენი ძალიან საინტერესოდ საუბრობდა იაპონური ენისა და კულტურის შესახებ და ამასთანავე არ იშურებდა ეპითეტებს ქართული ენის შესაქებად და ქართველებისადმი სიყვარულზე დაუფარავად საუბრობდა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი საუბარი, რომელსაც საქართველოთი აღფრთოვანებული უცხოელები მართავენ ხოლმე ფართო აუდიტორიის წინაშე. ჩანდა, რომ ბატონ სტივენ ლორდ ლოიდს უფრო ღრმა ფესვები აკავშირებდა საქართველოსთან, უფრო მშობლიურად საუბრობდა ამ ქვეყნის შესახებ. აშკარა იყო, რომ ის იყო ინგლისელი ქართველი, ქართული სულის და ბუნების, მას ყოველივე ქართულისადმი ღრმად ჰქონდა გამჯდარი სიყვარული და უზომო პატივისცემა. იგი ყოველი ლექციის დასასრულს აღნიშნავდა, რომ მისთვის დიდი პატივია ქართველად იწოდებოდეს და ეს უანგარო ქველმოქმედება ქართველ სტუდენტებს გაუწიოს, შეასწავლოს იაპონური ენა და ისიც გაგვიმხილა, რომ თურმე ეს ენა მან ერთი პატარა იაპონელი გოგონასადმი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად შეისწავლა.
      სტუდენტებთან ბატონი სტივენის უშუალო, მეგობრული და თბილი მოპყრობა უფრო გვიადვილებდა ერთი შეხედვით რთული ენის შესწავლას. ლექცია იწყებოდა იაპონური მისალმებით და მადლობის გადახდით. ყოველი შეხვედრის შემდგომ მისადმი პატივისცემა, სიყვარული და მომავალი შეხვედრის ხალისი მემატებოდა. ეს დრო ჩემთვის მრავლისმომცემი იყო და სტუდენტები, რომლებიც დავდიოდით ბატონ სტივენთან, ყოველთვის სასიამოვნოდ ვიხსენებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასთან ერთად ლექციებზე გატარებულ საათებს.



ვაჟა ქორიძე


სტუდენტი


      სტივენ დიდი მადლობა! ეს არის გულით ნათქვამი სიტყვები, რომელშიც მთელი შენი კეთილი ემოციებია ჩადებული. მე მიხარია, რომ ასეთი ტკბილი და სათნო ადამიანი გავიცანი თქვენი სახით სტივენ. არ ვიცი ინგლისურის გავლენაა თუ პატივისცემით გამოხატული თავაზიანობა, რომელიც თქვენს ნამდვილ ოჯახიშვილობას გამოხატავს, მაგრამ თქვენ ჩემი კარგი მეგობარი ხართ და უფლება გაქვთ "შენობით" მომმართოთ :)). მე ვახსენე თქვენი ოჯახიშვილობა, მართლაც, რომ აღტაცებული ვარ თქვენი სათნოებით, სიკეთით, კაცთმოყვარეობით, განათლებით, ოჯახისა და სამშობლოს პატივისცემით, რაც მხოლოდ და მხოლოდ დიდ ოჯახიშვილობაზე მიუთითებს. ადამიანი ყოველთვის ფასდება იმ კრიტერიუმით, თუ რამდენად აფასებს ის მის მშობლიურს: დედას, მამას, აღმზრდელს, სამშობლოს, ან რამდენად ინახავს მათ ხსოვნას გულში. თქვენ სწორედ ასეთი ბრძანდებით სტივენ, თქვენ იცით ყოველივე ამის ფასი და გულით დაგაქვთ ეს სიყვარული. ეს უკანასკნელი კი გულს გითბობს და სიკეთით აღგავსებს კაცს. შემდეგ კი დადიხარ დედამიწის ზურგზე სიყვარულით აღსავსე და უნაწილებ მას შეძლებისდაგვარად სხვებსაც. მე ვიცი და მჯერა მართლაც, რომ უნაწილებთ დადებით ემოციებს თქვენს გარშემომყოფთ. საიდან ვიცი? იქედან, რომ ჩემთვისაც გაგიმეტებიათ საკმაო წილი სიყვარულისა, რომლისთვისაც მე უღრმეს მადლობას გიხდით სტივ!
      P.S. მადლობა დათუჩიასათვის, ძალიან საყვარელია :)) ბოდიშს ვიხდი, რომ საპასუხო საჩუქარს ვერ გიძღვნით. :)



ჯურღმული, იაპონური და ბევრი სითბო

ეს გახლავთ ერთ-ერთი სტუდენტის მიერ ინტერნეტში განთავსებული წერილი,
რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, ორიგინალური სათაურიც
ძალიან მომეწონა და აღფრთოვანებული დავრჩი


      ამ პოსტის წერისას არ ვარ ჟურნალისტი. ვარ სტუდენტი, რომელიც გამოხატავს თავის სუბიექტურ აზრსა და დამოკიდებულებას. იაპონურს ვსწავლობ.
      ოჰაიოო გოძაიმას(უ)! – რაც ქართულად ნიშნავს – დილა მშვიდობისა! და ამ ყველაფერში სრულიად შემთხვევით გავყავი თავი.
      ჯგუფელები რადიოს ლექციიდან გამოვედით და დავიწყეთ ბჭობა იმაზე, თუ როგორ გაგვეტარებინა ტელეს ლექციამდე დარჩენილი ორი საათი. ამ დროს დავინახე განცხადების დაფაზე გამოკრული ფურცელი, სადაც ეწერა, რომ იაპონური ენის შესწავლის მსურველებს მეორე კორპუსში სტივენ ლოიდი ელოდა. წავედით, იაპონური ვისწავლოთ-მეთქი, არავინ წამომყვა. ძალით წავათრიე და ჩავედით მეორე კორპუსის ჯურღმულ აუდიტორიაში. იქ დაგვხვდა რამდენიმე სტუდენტი და საშუალო ასაკის, გაღიმებული და ქართულად აქცენტით მოსაუბრე ადამიანი. თავიდანვე მომეწონა, მართლა მომეწონა. აი, ზოგს ხომ აქვს ისეთი აურა, რომელიც გიზიდავს, გათბობს და შენც დადებითად განგაწყობს, სწორედ ასეთი ჰქონდა. ჩამოვსხედით ყველანი სკამებზე და დიდი ინტერესით შევაცქერდით ამ ადამიანს.
      როგორც უკვე ვთქვი, სტივენი ჰქვია. მამით ინგლისელია, დედით ქართველი და თანაც ბაგრატიონი. კითხულობს ლექციებს ლონდონის უნივერსიტეტში და იცის დაახლოებით 12 ენა (პოლიგლოტობა ჩემი ოცნებაა).
      ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ამ სუნიან, დამპალ, ძველ, მახინჯ და ცივ აუდიტორიაში? იქ, სადაც აბსოლუტურად ყველა ოცნება სამარდება და სადაც მომავალი უპერსპექტივო გეჩვენება?! (საუბარია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სუულ დაბლა რომაა იმ აუდიტორიებზე, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, არასოდეს დაგავიწყდებათ).
      უბრალოდ ჩამოვიდა იმისათვის, რათა ქართველებს რაიმე ენა ასწავლოს. ისეთი ენა, რაც არ არის გავრცელებული და რასაც, ალბათ, ცხოვრებაში ვერც ვისწავლიდით ვერსადროს. მაგალითად იაპონური. თან უფასოდ, უსასყიდლოდ, უარაფროდ. „დედაჩემის ხათრით და საქართველოს სიყვარულით”-ო, ასე ამბობს. ვინმეს რომ ეთქვა, ალბათ არ დავიჯერებდი, რომ ადამიანი ასე არაფრის გულისთვის შეიძლება ჩამოვიდეს დიდი ბრიტანეთიდან, გაატაროს აქ ერთი წელი მარტო იმიტომ, რომ მე რაღაც ვისწავლო. მაგრამ სტივენს რომ უყურებ, ეს ავტომატურად გჯერა.
      უკვე 2 000 სტუდენტი სწავლობს იაპონურს. ორი ათასი ძალიან ბევრია. ჩემმა ჯგუფელებმა მასზე პორტრეტი გადაიღეს. პრეზენტაციები ჯერ არ გვქონია, ამიტომ ვერ დავდებ ახლა ვიდეოს, თუმცა თუ ვინმე დაინტერესდება, გამოვართმევ და ავტვირთავ.
      ისე, ძალიან გამიხარდა, რომ ამ პრაგმატულ და ცივ საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიკეთეს, უბრალოდ, აკეთებენ და შენგან მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ ეს სიკეთე მიიღო. მეც ვცდილობ, რომ მივიღო.
      უკვე ვისწავლე ელემენტარული ფრაზები. ანბანს ვსწავლობ. აქვე დავძენ, რომ იეროგლიფებს არ ვეხებით. მათი რიცხვი 3000-ს აჭარბებს და ივნისამდე დაძლევა შეუძლებელია. იაპონური ანბანი ორად იყოფა: კანჯი და კანა. სწორედ კანჯი არის იეროგლიფები, ჩვენ კი კანას ვსწავლობთ. კანა ორმარცვლიანი ანბანია და მისი შესწავლა ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება.
      ძალიან სასაცილო ენაა. მაგალითად, ფეხსაცმელი იაპონურად არის „ქუცუ”(შრიფტი არ მაქვს შესაბამისი, სორრყ). „ეს რა კარგი ქუცუ გქონია”.
      ჩემი „სივი” უკვე გამდიდრდა ახალი ენით, რომელსაც ჯერ მხოლოდ დაწყებითი დონე უწერია. მთავარია დაიწყო.

      ძალიან მინდოდა უამრავ სტუდენტებში რამენაირად ამ წერილის ავტორი მომეძებნა და დიდი მადლობა გადამეხადა, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მისი არც სახელი ვიცოდი, არც გვარი და არც სქესი. თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სავარაუდოდ ავტორი აუცილებლად ვაჟი უნდა იყოს, რადგან, როგორც ვიცი, ქართველი გოგონები ცოტა მორცხვი და მორიდებული თვისებების არიან და ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიცაა: დამპალი, ძველი, მახინჯი, სუნიანი, ან თუნდაც: არ ვიცოდი, დრო სად გამეტარებინა, არავინ წამომყვა, ძალით წავათრიე, ჩამოვსხედით სკამებზე, აურა ჰქონდა, სასაცილო ენა, კარგი ფეხსაცმელი და სხვ. აუცილებლად თავს აარიდებდნენ. თუმცა ძალიან მეამაყება, როდესაც ქართველი ვაჟები ასეთი ნიჭითა და ფაქტების აღწერის შესანიშნავი უნარით არიან დაჯილდოებულნი. სტივენ ლორდ ლოიდი.


* * *

http://www.youtube.com/watch?v=sHRE5FJwuDI


* * *


გიორგი ალავერდაშვილი


      ლორდი სტივენ ლორდ ლოიდი 2011 წლის 24 ივნისს გავიცანი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სადაც კავშირ – პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“ მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“ მორიგ შეხვედრაზე ფირდოუსის „შაჰნამეს“ 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო ტარდებოდა – „სპარსული სიტყვის ზეიმი“. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება. საღამოს სტუმარი იყო პოეტი, ირანისტი, „შაჰნამეს“ ქართულად მთარგმნელი, ქალბატონი ბელა შალვაშვილი.
      პოეზიის საღამოს მსვლელობისას უამრავი ფოტო გადავიღე საიტში განსათავსებლად, მათ შორის ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის. იგი სიტყვით გამოვიდა ფართო საზოგადოების წინაშე და საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა ფირდოუსის შემოქმედებასა და თარგმანებზე, რამაც განსაკუთრებით აღაფრთოვანა მისი აღმატებულება ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი მაჯიდ საბერი და უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა დიპლომატიური კორპუსის შემადგენლობაში


 
დანარჩენი ფოტოები იხილეთ:
ბლოგი 196 – ბელა შალვაშვილი – «ფირდოუსი – შაჰნამე»


      საღამოს დამთავრების შემდეგ „ფურშეტი“ გაიმართა, სადაც ლორდმა სტივენ ლორდ ლოიდმა მთხოვა, რომ მისი ფოტოები „ფლეშკაზე“ გადამეწერა, რაზედაც სიამოვნებით დავთანხმდი. ფოტოების გადაწერისას სტივენის „ფლეშკაზე“ თვალი შევავლე ულამაზესი ქართველი ქალბატონის სამ ფოტოს. დავინტერესდი მისი ვინაობით და ვთხოვე, მოკლედ მოეთხრო ჩემთვის თავისი პიროვნების და ამ მშვენიერი ქალბატონის შესახებ, რომელიც დედამისი აღმოჩნდა – ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონი. დედამისზე საუბრისას სტივენს თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა... მე მადლობა მოვახსენე, ასე რომ უყვარდა დედა და უცხო ადამიანთან ცრემლების არ მოერიდა... "თუმცა მე ვაჟა-ფშაველამ მასწავლა, რომ ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა, ქვითინი დიაცურადა", მაგრამ დედასთან მიმართებაში ვაჟას აზრს ვერ ვითვალისწინებ და მაინც ვტირი"-ო (ლორდი სტივენ ლორდ ლოიდი).
      საუბარმა დიდხანს გასტანა. წინამდებარე ტექსტური მასალაც მაშინ გადავიწერე და სიტყვიერად შევუთანხმდი ლორდ სტივენ ლორდ ლოიდს, რომ მოეცა ნებართვა მის შესახებ ჩემს საიტში www.fereidani.ge ცალკე გვერდი გამეკეთებინა, რაზედაც დიდსულოვნად დამთანხმდა.
      დამშვიდობებისას ჩემდა გასაკვირად მკითხა, რომ, თუ ვინიცობაა მეტროს ვერ მივუსწრებდი, სახლამდე წასასვლელად ტაქსის ფული მქონდა თუ არა? სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საოცარი მსგავსება მის სულიერ სამყაროსა და გარეგნობას შორის – იგი ხომ მთლიანად ოქროსფერ სხივებშია გახვეული და საოცარ აურას ფლობს?



* * *

ლორდი სტივენ ლორდ ლოიდი


      ძვირფასო ბატონო გიორგი!
      მსურს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ საუკეთესო საიტის შექმნისათვის. ფრიად მოხიბლული ვარ თქვენი უსაზღვრო დახმარებითა და განსაკუთრებული სიკეთით, რომლითაც ასე უხვად დაგაჯილდოვათ ღმერთმა. საოცარი კაცთმოყვარე და უაღრესად თავდადებული ბრძანდებით მეგობრებისა და სამშობლოს მიმართ. აღფრთოვანებული ვარ იმ უდიდესი სიყვარულითა და ძალზედ მნიშვნელოვანი გრძნობით, რომელიც ჩემთვის გაიმეტეთ და რომელზეც საქართველოში "ჩვენებურიაო" ამბობენ.
      საქართველოში ძალიან უკვირთ ჩემი უდიდესი სიყვარული დედას მიმართ. ხშირად, როდესაც ჩემს სახელს ვერ იხსენებენ, ასე ამბობენ ხოლმე, ის ბიჭი მოვიდა, დედაზე რომ სულ ტირისო. ფრიად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვიდრე ჩემზე იტყოდნენ დედა ისე ძალიან უყვარს, რომ სულ ტირისო, ნუთუ არ იციან ვაჟა-ფშაველას როგორ უყვარდა თავისი დედა.
      როდესაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასა და რაზიკაშვილების ბიოგრაფიულ მოგონებებს ვკითხულობდი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თითქოს ვაჟა-ფშაველა მეც ძალიან კარგად მიცნობდა და ჩემს უზომო დედა-შვილურ სიყვარულსაც, ბავშვობიდანვე ყველგან თან დამყვებოდა და ჟამთააღმწერელივით დედასთან განშორების შემდეგად გამოწვეულ გულისტკივილს დაწვრილებით აღწერდა.
      მსურს წარმოგიდგინოთ ამონარიდი ვაჟა-ფშაველას მოგონებებიდან, რომლებიც ზედმიწევნით ჰგავს ჩემსას. „მამა ძალიან მიყვარდა და დედა კი ყველას მერჩივნა, უდედოთ დარჩომა ჩემ სიკვდილათ მიმაჩნდა, როდესაც დედას მამაშორებდენ და სხვაგან სადმე გამგზავნიდენ, ჩემთვის არც ძილიძილი იყვო და არც პური და წყალი. ტირილი სუ თვალებზედ მადგა.”
      პატარაობიდან ლუკას სულ ხეზე უყვარდა ჯდომა. დედამისს კი ძალიან ეშინოდა, რომ არ ჩამოვარდნილიყო და ერთხელ ასე დააშინა: „შენ თუ ხეზე ასვლას არ მოიშლი, აგერ, ახუნის გორაზე, სულ ზევით, მაღალი წიფელი რომ დგას, იქ ავალ, იმ წიფელზე შევხტები, სულ წვერზე მოვექცევი, იქიდან გადმოვარდები, დავეცემი და მოვკვდები... შენ კი უდედოდ დარჩები და რაღა გეშველება ობოლსაო?”
      იმ დღიდან ლუკა ხეზე აღარასოდეს ასულა. დიდობაშიც, ხესთან რომ მივიდოდა, დედის სიტყვები ახსენდებოდა და მუხლები აუკანკალდებოდა ხოლმე. თურმე, ფხიკლეთ ქალმა გულქანმა ისეთი შთამაგონებელი ლაპარაკი იცოდა, რომ მისი ნათქვამი მთელი ცხოვრება ახსოვდა ვაჟას.
      ერთხელ პატარა ლუკა სხვის ბაღში შეიპარა და ვაშლი მოწყვიტა. მებაღემ დაინახა და უთხრა: „ვაშლი აღარ მომპარო თორემ დედა მოგიკვდებაო.” მას შემდეგ ვაჟა ისე გაიზარდა, რომ ოღონდ დედა ნუ მომიკვდებაო და აღარასოდეს არაფერი მოუპარავს.
      რა ვქნა, ძალიან მიყვარს დედა და ყველას გთხოვთ ამის გამო ნუ გამკიცხავთ. ძალიან განვიცდი დედის გარდაცვალებას და ვერაფერი ავსებს იმ სიცარიელეს, რასაც უდედობა ჰქვია. ამ ტრაგედიის შემდეგ ხშირად მეუფლება ისეთი გრძნობა, თითქოს ამ ქვეყანაზე აბსოლუტურად უაზროა ჩემთვის სიცოცხლის გაგრძელება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თქვენთან ურთიერთობისა და განსაკუთრებული ქართული სიყვარულის შემდეგ, ყოველგვარი გრძნობა უკვე აზრიანი მეჩვენება. სწორედ ამ წუთებში გამახსენდა საკმაოდ ცნობილი და გამოჩენილი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი, რომელმაც თქვა: "ადამიანი იმიტომ კი არ ცოცხლობს, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებს, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მის მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ..."
      ასე რომ ეს უნიკალური ფრაზები ჩემს ძვირფას მეგობარს, ბატონ გიორგი ალავერდაშვილს ეკუთვნის.
      და მართლაც ჩემო ძვირფასო მეგობარო, ალავერდი შენთანა ვარ!

უდიდესი პატივისცემით, მუდამ თქვენი ერთგული იბერიელი
სტივენ ლორდ ლოიდი.


* * *