წინამდებარე თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი არის პირველი ვრცელი მეცნიერულ-საცნობარო გამოცემა ქართულ ენაზე. იგი მოიცავს თეატრის ისტორიას და თეორიას უძველესი დროიდან ჩვენს დღეებამდე. მასში ყურადღება თანაბრად გადანაწილებულია თეატრალური აზროვნების როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ფორმებზე. პოსტმოდერნისტულმა ეპოქამ თეატრალური პრობლემების განხილვის ახალი რაკურსი შეარჩია. კულტუროლოგიამ, თეატრალურმა ანთროპოლოგიამ, სემიოლოგიამ, თეატროლოგიამ, დისკურსიულმა ლოგიკამ მოითხოვა თეატრის ჩასახვისა და განვითარების ეტაპების მოაზრება საერთო-საკაცობრიო ცივილიზაციის კონტექსტში. XXI საუკუნის ტექნოგენურ-კომპიუტერულმა რეალობამ საგრძნობლად გააფართოვა საკომუნიკაციო ქსელი და დააჩქარა თეატრალური პროცესების ინტეგრაცია. მოვლენების კომპლექსურმა შესწავლამ ცხადჰყო, რომ ცალკეული სპეციფიკის მიუხედავად, კაცობრიობის თეატრალური კულტურა ექვემდებარება განვითარების ერთსა და იმავე კანონზომიერებას. განსხვავებული ეპოქები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ადამიანთა თამაშისა და პოეტური მედიტაციის მოთხოვნილებებზე, მაგრამ თავად ეს მოთხოვნილებები უცვლელი რჩება და მათი პარადიგმების ამოხსნა დროის შესატყვისად, ნათელს მოჰფენს თანამედროვე თეატრალურ ტენდენციებსაც.
პირველად ქართულ თეატრმცოდნეობაში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა აღმოსავლური თეატრის თეორიამ და პრაქტიკამ. ჩვენ შევეცადეთ შეძლებისდაგვარად აგვესახა უძველესი კულტურის მქონე ერების თეატრალური გამოცდილებანი ძველეგვიპტური თეატრიდან მოყოლებული, თანამედროვე იაპონური თეატრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო წარსულში ,,ტაბუირებულ” რელიგიისა და თეატრის ურთიერთმიმართების თემას. გამოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე (ისევე როგორც სხვა შემთხვევაშიც), ამ და სხვა საკითხების მხოლოდ მონიშვნით შემოვიფარგლეთ, რაც შესაძლოა მომავალში მათი დამუშავების საფუძვლად იქცეს.
გამოცემის საერთო მიზნიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად ფართოდ არის წარმოდგენილი მომიჯნავე დისციპლინების – ლიტერატურის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის ცნებები და ტერმინები. თეატრთან მათი სიახლოვის და ურთიერთგამდიდრების პროცესის გაშუქება, მომავლის საქმეა.
მოცულობის და დახასიათების თვალსაზრისით, სტატიები დაყოფილია ცალკეულ ვრცელ ნარკვევებად, ინფორმაციულ სტატიებად, ცალკეულ მინიშნებებად. შევეცადეთ არგუმენტების გამყარებასაც ფაქტობრივი მასალით. შეგნებულად გვერდი ავუარეთ ცალკეული ქვეყნების თეატრის ისტორიის აღწერას, რადგან იგი ვერ მოთავსდებოდა ვერც გამოცემის მოცულობაში და ვერც მის კონცეფციაში.
იგივე ითქმის ბიოგრაფიულ სტატიებზეც. გამოცემაში შეტანილია მხოლოდ ის თეატრალური მოღვაწეები, რომლებიც მოხსენიებულია თეორიულ ნარკვევებში. ჩვენ შეგნებულად გვერდი ავუარეთ ქართველ თეატრალურ მოღვაწეთა ბიოგრაფიის ანოტირებას ორი მოსაზრების გამო: პირველი – იმიტომ, რომ ეს უკვე გააკეთა ქართულმა საბჭოთა ენციკლოპედიამ. მეორე და მთავარი – იმიტომ, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ამზადებს ფუნდამენტურ გამოცემას ქართულ თეატრზე და მის მოღვაწეებზე დასაბამიდან მოყოლებული, ჩვენი თანამედროვეების ჩათვლით.
ადგილის ეკონომიის მიზნით გამოყენებულია შემოკლებანი, რაც მითითებულია თეატრალური ლექსიკონის წინა გვერდზე. შემოკლებანი გავრცელდა სტატიების ავტორებზეც, რომელთა გვარსახელები მითითებულია გამოცემის ტექნიკურ ნაწილში. ხელმოუწერელი სტატიები მომზადებულია სარედაქციო კოლეგიის მიერ.
ფაქტების და მოვლენების აქცენტირების მიზნით გამოყენებულია სხვადასხვა სახის კურსივები (შრიფტის მოცულობა, გამუქება, დახრა და ა.შ.).
წინამდებარე გამოცემა პირველ რიგში ითვალისწინებს თეატრის პრაქტიკოსების ინტერესებს, თუმც იგი გათვლილია უაღრესად ფართო აუდიტორიაზე, რომელშიც შედიან ხელოვნების სხვადასხვა სასწავლებლების პედაგოგები, სტუდენტები, საერთოდ ჰუმანიტარული (და არა მარტო) დარგების წარმომადგენლები. იგი, ამასთანავე, შესაძლებელია გზამკვლევად იქცეს თეატრით დაინტერესებული ყველა პირისათვის. შესაძლებლობის ფარგლებში შევეცადეთ გამოცემის შესრულება შედარებით გამარტივებულ ენაზე.
ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, ქართულ ენციკლოპედიას მორალური და ფინანსური მხარდაჭერისათვის.
დაბოლოს, შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ჩვენს მიერ შექმნილ თეატრის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ამომწურავად ავსახეთ მსოფლიო თეატრალური კულტურის უკიდეგანო სივრცე. ეს პირველი ხნულია, რომელსაც, იმედია, მომავალი თაობები კარგად დამუშავებულ ოქროყანად გადააქცევენ.
|