ვინ იყო მინადორა ხოშტარია?


      ეს უნიკალური ფოტო-მასალა 2011 წლის 22 ივლისს, სპარსულ ჩაიხანა გულანშაროში «მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონის» პრეზენტაციაზე მიმავალს, ჩემმა უფროსმა მეგობარმა, პროფესორმა, ბატონმა თენგიზ (გიზო) ურუშაძემ გადმომცა. მან მთხოვა, რომ მისი მეგობრისთვის დამედგინა ეგრეთ წოდებული ქართველი პრინცესის(?), მინადორა ხოშტარიას ვინაობა, რომელიც დაკრძალული ყოფილა თეირანის სასაფლაოზე, სპეციალურად მისთვის აგებულ მავზოლეუმში.






      გთავაზობთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩის, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის მეტად საინტერესო პუბლიკაციებს XX საუკუნის დასაწყისის ცნობილი მეწარმე-მეცენატის აკაკი ხოშტარიას (1877-1932) და მისი მეუღლის, მინადორა ხოშტარიას (1881-1924) შესახებ.


«საქართველოს რესპუბლიკა»
2010-05-07
აკაკი ხოშტარია რეზა-შაჰის ინაუგურაციაზე


      XX საუკუნის თითქმის ყოველი დეკადა იყო ირანელი ხალხის დემოკრატიული აქტიურობის, ანტიფეოდალური, ანტიკოლონიური, ანტიმონარქიული შეუპოვარი ბრძოლის აღმავლობის და დამარცხების წლები.
      ნახევრად კოლონიურ ქვეყანაში განხორციელებული 1905-1911 წლების რევოლუცია, ე. წ. "საკონსტიტუციო მოძრაობა", არის XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანტიფეოდალური და ანტიიმპერიალისტური რევოლუცია, რომელმაც მძლავრი ბიძგი მისცა რევოლუციურ მოძრაობას აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში და სერიოზული საფრთხე შეუქმნა ინგლისურ კოლონიალურ ბატონობას ინდოეთში.
      1907 წლის 31 აგვისტოს ხელი მოეწერა რუსეთ-ინგლისის ხელშეკრულებას ირანის გავლენის ზონებად დაყოფის შესახებ. ამრიგად, ირანის განმათავისუფლებელი მოძრაობა გაერთიანებული კოლონიური ძალების პირისპირ აღმოჩნდა.
      პირველი მსოფლიო ომის დროს ნეიტრალური ირანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იქნა ოსმალო თურქეთის, მეფის რუსეთის და ინგლისის მიერ, ხოლო ბოლშევიკების ემისრების ხელშეწყობით კასპიისპირა რაიონში შეიქმნა "გილანის საბჭოთა რესპუბლიკა" (1919-1921). ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ძალას იკრეფდნენ ცენტრიდანული და სეპარატისტული ძალები. ყაჯართა კარის ძირდამპალ ადმინისტრაციას არ ჰქონდა ძალა და უნარი დეზინტეგრაციული ტენდენციების დაძლევის.
      ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც არის გასათვალისწინებელი: ირანის ჩრდილოეთით ძალას იკრეფდა საბჭოთა რუსეთი, რომელსაც, ინგლისელების აზრით, გარკვეულ ვითარებაში შეეძლო შეექმნა პრობლემები დიდი ბრიტანეთის კოლონიური ბატონობისთვის ინდოეთში. გარდა ამისა, ინგლისს ფრიად მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა ირანის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონში, სადაც იგი ფლობდა ნავთობამოსაღებ და ნავთობგადამმუშავებელ სიმძლავრეებს. ამრიგად, ირანის ტერიტორიის "სანიტარიულ ჯებირად" ქცევა საშურ ამოცანად იქცა რეგიონში.
      საჭირო იყო მიზანმიმართული, ენერგიული ლიდერი, რომელიც რეფორმების განხორციელებისა და სათანადო ინფრასტრუქტურების შექმნის მიზნით ჩაატარებდა ქმედით ღონისძიებებს, რის შედეგად დაშლის პირამდე მისულ ირანს გარდაქმნიდა ცენტრალიზებულ, ეფექტური აღმასრულებელი აპარატის მქონე სახელმწიფოდ.
      ამ მოთხოვნებს სრული მოცულობით აკმაყოფილებდა რუსი სამხედრო ინსტრუქტორის, გენერალური შტაბის პოდპოლკოვნიკის ალექსი დომანტოვიჩის მიერ 1878 წელს შექმნილი ყაჯართა ირანის ერთადერთი რეალურად ქმედითუნარიანი სამხედრო შენაერთის, ე. წ. "სპარსეთის კაზაკთა ბრიგადის" წიაღში მხედრობის ხელმძღვანელად ჩამოყალიბებული რეზა-ხანი, რომელმაც 1919-20 წლებისთვის მიაღწია "ბრიგადის" მეთაურის თანამდებობას.
      ამრიგად, რეგიონში ინგლისელების სტრატეგიული ბანქოს თამაშში "ფსონის" ოპტიმალური ვარიანტი ნაპოვნი იყო.
      1921-1924 წლებში რეზა-ხანი გახდა თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, დაამყარა წესრიგი დედაქალაქსა და მეამბოხე პროვინციებში, შეხვდა შიიტური სასულიერო წოდების მესვეურებს ქ. ყუმში და ქ. ნაჯაფში (ერაყში), დაარწმუნა "ბაზრის" თავკაცები და შიიტური თემის მესვეურები, რომ ირანი არ ივლის იმ გზებით, რომელიც ბოლშევიკებმა ანდა ათათურქმა აირჩიეს. მთავარი მიზანი არის ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. პარლამენტისა და ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა გაიზიარა რეზა-ხანის სტრატეგიული გეზი. ამასობაში რეზა-ხანმა აჰმად შაჰ ყაჯარი ევროპაში "გაისტუმრა".
      ზემოთ აღნიშნულის ლოგიკური ფინალი იყო ყაჯართა თურქულენოვანი დინასტიის არსებობის შეწყვეტა, ფეჰლევიანთა (შეადარე ქართ. ფალაური). დინასტიის დაფუძნება და 1925 წელს რეზა-შაჰის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალის გამართვა.
      თეირანის რუსული ბანკის თანამშრომელი, სპარსული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშების შესანიშნავი მთარგმნელი ამბაკო ჭელიძე აღნიშნავს: "ყოფილმა ქართველმა კომერსანტმა ა. ხოშტარიამ ახალ შაჰს მიუძღვნა იტალიური ხელოვნების მარმარილოს ქანდაკებები, რომელიც დიდ ღირებულებას შეადგენდა. რეზა-შაჰმა კომერსანტს მადლობა გადაუხადა და დასძინა: – მე ჯერ ისეთი სასახლე არ მაქვს, რომ ასეთი ძვირფასი ნივთები დავალაგო, მალე ავაშენებ ახალ სასახლეს და როდესაც ამ ქანდაკებებს შიგ მოვათავსებ, ნადიმზე შენც დაგპატიჟებო (ექვსი წელი სპარსეთში, თბ. 1964, გვ. 41).
      აკაკი ხოშტარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დიდი ლიტერატურა არის შექმნილი, აქ ჩვენ ძალიან მოკლედ შევეხებით მხოლოდ ზოგიერთ საკითხს. XIX საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში რუსეთის იმპერიის სინამდვილეში ქართველ მეწარმე-მეცენატთა შორის ანალიტიკური მახვილგონივრულობით, ფართო თვალსაწიერით, აზარტული გატაცებით, პროექტების და ქმედებათა ფანტასტიკური მასშტაბურობით გამოირჩეოდა აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია (1887-1932). მისი საქმიანობის ძირითად ასპარეზს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასია (განსაკუთრებით ბაქო), თურქეთი და ძირითადად ირანის ჩრდილო რაიონები. ზურაბ ავალიშვილის შეფასებით, აკაკი ხოშტარია იყო "ამერიკული ყაიდის" ბიზნესმენი.
      ჩვენი წერილის თემასთან დაკავშირებით ის ფაქტია საგულისხმო, რომ აკაკი ხოშტარიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა მმართველ ყაჯართა დინასტიის პირველ პირებთან და სახელმწიფო აპარატის მაღალი რანგის მოხელეებთან. და აი პარადოქსი, ყაჯართა დინასტიის დამაქცეველის რეზა-ხანის გამეფების ცერემონიალის დროს აკაკი ხოშტარიას ეძლევა საშუალება ახალ გვირგვინოსანს მიართვას იტალიიდან ჩამოტანილი ძვირფასი საჩუქარი. ცხადია, ქმედითი და წონადი შუამდგომლობისა და დახმარების გარეშე ყაჯარებთან დაახლოებულ ქართველ ბიზნესმენს ვერ მიესვლებოდა რეზა-შაჰთან და ახალი შაჰიც, რასაკვირველია, არ გამართავდა მასთან თითქმის შინაურულ საუბარს.
      აღძრულ საკითხზე ცალსახა პასუხის გაცემისთვის ჩვენ არ გვაქვს დამამტკიცებელი საბუთი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომელიც თავსდება აკაკი ხოშტარიას XX ს. 20-იანი წლების ცხოვრებისა და შესაძლებლობების ლოგიკურ "ჩარჩოებში".
      აკაკი ხოშტარიას მოღვაწეობა დაემთხვა მეტად რთულ და შფოთიან პერიოდს: რუსეთისა და ირანის რევოლუციებს, პირველ მსოფლიო ომს, თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასა და ბოლშევიკების მიერ მის დამხობას. ყველაზე დიდი დანაკარგი გახლდათ 1921 წელს საქართველოში აკაკი ხოშტარიას უძრავი ქონების კონფისკაცია, განსაკუთრებით კი საბჭოთა რუსეთსა და ირანს შორის 1921 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად რუსეთის მიერ მეფის რუსეთის აქტივებსა და ვალებზე უარის თქმის შემდეგ ირანში რუსეთის მოქალაქეებისათვის კონცესიების, საავტომობილო და რკინიგზის მაგისტრალების, ბანკებისა და სხვა ქონების ჩამორთმევა.
      1924 წელს გარდაიცვალა ბატონი აკაკის მეუღლე ქალბატონი მინადორა. ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუში გახლავთ – მინადორა ხოშტარიას (1881-1924) სამლოცველო და აკლდამა თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე. ამ ნაგებობის დამპროექტებელი უთუოდ განათლებული ხუროთმოძღვარი იქნებოდა, რომელიც ზედმიწევნით იცნობდა ქართული შუასაუკუნეობრივი ხუროთმოძღვრების კანონებს.
      1921 წელს შექმნილი სამართლებრივი, ფინანსური პრობლემების გარდა იმ პირობებში, როცა აკაკი ხოშტარიას საკმაოდ "გრილი" ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობასთან, მას გაუჭირდებოდა სასულიერო დანიშნულების ნაგებობის აშენების მიზნით საბჭოთა საქართველოდან ხუროთმოძღვრების ჩამოყვანა ირანში. თუ აკაკი ხოშტარიამ ირანში არსებული სახუროთმოძღვრებო რესურსი, მაშინ მინადორა ხოშტარიას აკლდამის დამპროექტებელი და მშენებელი მხოლოდ ნიკოლოზ მარკოვი შეიძლება ყოფილიყო.
      ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს შემდეგი: ნიკოლოზ ლევის ძე მარკოვი (1882-1957) დაიბადა და გაიზარდა თბილისში გიმნაზიის დირექტორის ოჯახში. 1910 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული განყოფილება, ხოლო 1914 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენის სპეციალობით, რის შემდეგ იგი გაანაწილეს კავკასიის ფრონტზე. 1917 წელს მას ჰქონდა ინჟინერ-კაპიტნის წოდება. მალე მან დაიწყო სამსახური ირანის ე.წ . სპარსეთის "კაზაკთა ბრიგადაში", რომლის მეთაური იყო ვიცე-პოლკოვნიკი რეზა-ხანი. ნ. მარკოვმა დაამყარა ახლო მეგობრული ურთიერთობა რეზა-ხანთან და მალე დაიკავა "ბრიგადის" შტაბის უფროსის თანამდებობა. ჯარში სამსახურს ნ. მარკოვი უთავსებდა არქიტექტურის დარგში ნაყოფიერ მოღვაწეობას. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალი ნიკოლოზ მარკოვი გარდაიცვალა თეირანში და დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე.
      ნიკოლოზ მარკოვმა დააპროექტა და ააშენა შვიდი მეჩეთი, ირანის ფინანსთა, თავდაცვის, იუსტიციის სამინისტროების შენობები, მთავარი ფოსტა, იტალიის საელჩო, რუსების, სომხების და ასირიელების ეკლესიები, რამდენიმე სკოლა და მრავალი სხვა. ნ. მარკოვის შემოქმედებითი მეთოდის ძირითადი ნიშან-თვისება გახლდათ მაღალი პროფესიონალიზმი და, რაც მთავარია, მის მიერ დაპროექტებული და აშენებული ობიექტები სრულ შესაბამისობაშია კონკრეტულ ეროვნულ და კონფესიურ თავისებურებებთან. სწორედ მას, თბილისში დაბადებულსა და გაზრდილს, მაღალი რანგის ხუროთმოძღვარს შეეძლო "ქართულ სტილში" აეგო მინადორა ხოშტარიას აკლდამა.
      დიდია ალბათობა იმისა, რომ რეზა ფეჰლევისთან დაახლოებულმა პირმა რეზა-ხანის ბრიგადის შტაბის უფროსმა ნიკოლოზ მარკოვმა, რომელიც ქ-ნი მინადორას აკლდამის აშენების შემდეგ უთუოდ ახლოს დაუმეგობრდა აკაკი ხოშტარიას, გაუწია მას შუამდგომლობა ახალი მეფის წინაშე.




ქრისტიანობა ისლამის გვერდით...
გვესაუბრება აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი ჯემშიდ გიუნაშვილი
«საქართველოს რესპუბლიკა». # 6
პარასკევი, 12 იანვარი, 2007 წელი


      პროფესორი ჯემშიდ გიუნაშვილი თვალსაჩინო აღმოსავლეთმცოდნე ირანისტია, 1992-2004 წლებში იგი ელჩობდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ამჟამად საქართველო-ირანის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეა. ამ დღეებში, თეირანში ერთ-ერთ დიდ სამეცნიერო კონფერენციაზე გამგზავრების წინ ჩვენი კორესპონდენტი შეხვდა ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილს და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა.
      ქვემოთ გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს.
      – ბატონო ჯემშიდ, 5 იანვრის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნებულია ისლამური სამყაროს წამყვანი ქვეყნის – ირანის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება დოქტორ მაჰმუდ აჰმადინეჟადის საშობაო და საახალწლო მილოცვის ბარათი – "დღითი დღე მტკიცდება ერთა რწმენა უფლისადმი". თქვენი კომენტარი, თუ შეიძლება.
      – აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფუძემდებლური ფაქტორი: ირანის სოციალურ-პოლიტიკურ წყობას საფუძვლად უდევს რელიგიური ნორმები. ყველა კანონი და სამოქმედო აქტი ითვალისწინებს მუსლიმანურ ნორმებს. აბრამისტული რელიგიების წმინდანებს, კერძოდ, იესო ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობელს, მუსლიმთა საღვთო წიგნში ყურანში საპატიო ადგილი უჭირავთ. სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლურ ლიტერატურაში იესოს პარადიგმა მუდამ ერთ-ერთი ცნობისწადილის აღმძვრელ თემად რჩებოდა, რადგან მისი ყურანისეული ხატის თითოეული პლასტი ვარიანტული გადამუშავების დიდ შესაძლებლობას იძლეოდა. ამ საფუძველზე კი ამოზრდილია შუა საუკუნეების აღმოსავლური ლიტერატურისა და განსაკუთრებით პოეზიის ქრისტიანული ნაკადი. ბატონი აჰმადინეჟადის სიტყვები – "იესო ქრისტემ (წმინდა იყოს სახელი მისი) სამართლიანობასა და რწმენაზე დამყარებული მშვიდობა და სიკეთე აუწყა ყველას. ის იშვა დედის კალთაში, რომელიც უფალმა წმინდანად აკურთხა და ყველა დედაზე მაღლა დააყენა. ღვთისმშობელი დედა და მისი ძე უფალმა აამაღლა" – მიუთითებს იმაზე, რომ იგი როგორც მართლმორწმუნე მუსლიმი სრულად არის მატარებელი ამ მდიდარი რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობისა. გავიხსენოთ 2005 წლის 20 სექტემბერს გაეროში წარმოთქმული მისი სიტყვები: "... როგორც არაერთხელ გაგვიცხადებია, ირანი არ თვლის შესაძლებლად იმოძრაოს ბირთვული შეიარაღებისკენ, გამომდინარე მისი რელიგიური საწყისებიდან".
      კომპეტენტური პოლიტიკოსები ისლამური ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების განხილვისას სათანადოდ ითვალისწინებენ რელიგიის ფაქტორს. 1998 წლის შემოდგომაზე ჟურნალისტმა კითხვით მიმართა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ბ-ნ ვალერი ჟისკარ დ ესტენს: "ხომ არ ეჭვობთ, რომ ირანი ინდოეთსა და პაკისტანს აუბამს მხარს ბირთვულ ბრძოლაში." ვალერი ჟისკარ დ ესტენის პასუხი: "მე არ მგონია, რომ ირანმა ასეთი რამ შემოგვთავაზოს. ირანი შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელობის ხელშეკრულებას, ხოლო რევოლუცია, რომელსაც ამ ქვეყანაში ჰქონდა ადგილი, ფრიად განსხვავდება სხვათაგან, იმიტომ რომ საზრდოობს რელიგიური ასპექტებით".
      – პრეზიდენტის მისალოცი ბარათის დასკვნით ნაწილში წერია: "უფალს შევთხოვთ ირანისა და მსოფლიოს ყველა ქრისტიანის ბედნიერებასა და ჯანმრთელობას. დაე, ახალი წელი სიუხვისა და წარმატების მომტანი იყოს მათთვის".
      – გთხოვთ, შეეხოთ ისლამურ ირანში მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობის საკითხს.
      – ირანი მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის მრავალეროვანი და მრავალკონფესიური სახელმწიფო იყო. აკადემიკოსი გიორგი წერეთელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ აქემენიანთა (მეხუთე-მეოთხე ს.ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) იმპერიაში სხვადასხვა ეთნიკურ ერთეულთა შემოქმედების მონაპოვრები მოექცა ერთიან კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში, რომ აქემენიანთა ზეობის პერიოდი "აღმოსავლეთის ხალხთა ერთიანობის ხანა იყო, რაც წარმოადგენდა მნიშვნელოვან ეტაპს მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში", ხოლო იმპერიაში წარმოქმნილმა სოციალურ-ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფო მშენებლობაში. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, საინტერესოა ლეონტი მროველის ცნობა იმის თაობაზე, რომ ძველი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები წააგავს "სამეფოსა სპარსთასა".
      საქართველო, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლი, ექცეოდა ხოლმე ირანის ძლიერი იმპერიის გეოპოლიტიკური ინტერესების ეპიცენტრში, რასაც ხშირად მოსდევდა სისხლისმღვრელი ომები, საქართველოს მოსახლეობის დარბევა და გადასახლება. მაგრამ ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას სხვა მხარეც ჰქონდა. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: "... ქართველ-მაჰმადიანთა ბრძოლას არასდროს წმინდა სარწმუნოებრივი ბრძოლის ხასიათი არა ჰქონია... სპარსულ პოეზიას დიდი გავლენა ჰქონდა ქართველებზე და მისი საგმირო და სააშიკო სიტყვიერება ქართველობას უყვარდა და შეჰხაროდა იმგვარადვე, როგორც თვით სპარსელები შეჰხაროდნენ. თუმცა "შაჰნამე" (როსტომიანი) ფირდოუსისა, "ვისრამიანი", "ქილილა და დამანა", "ლეილ-მეჯნუნიანი" სპარსელი მაჰმადიანი მგოსნების დაწერილი იყო, მაგრამ ქრისტიანი ქართველებიც გატაცებით კითხულობდნენ, მათთვისაც ეს თხზულებები ხელოვნების ძვირფასი განძი იყო. სხვათა შორის, ხომ სპარსული მწერლობის გავლენის წყალობით აღორძინდა ქართული საერო პოეზიაც. თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველო სხვადასხვა მაჰმადიანთა სამთავროებსა და სპარსეთს ებრძოდა, პოეზია და კულტურა ქართველ-სპარსთა სულიერ ერთობას ჰქმნიდა და მტრობის მაგიერ სიყვარულს სთესავდა. ქართველებისათვის სპარსულ-მაჰმადიანური კულტურა უცხო რამე არ ყოფილა და თავიანთი პოლიტიკური მტრების მწერლობას, მეცნიერებასა და ხელოვნებას დიდ პატივსა სცემდნენ".
      ასეთი გახლავთ ისტორიული ჭეშმარიტება. ჩვენს დროში ირანმა ერთ-ერთმა პირველმა სცნო ახალი საქართველო. ირანი ავითარებს ნორმალურ, მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსთან და მტკიცედ იცავს მისი საზღვრების შეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
      რაც შეეხება ქრისტიანების მდგომარეობას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, უნდა მოგახსენოთ შემდეგი: კონსტიტუციის მიხედვით ყველა მოქალაქე თანაბარი უფლებებით სარგებლობს, დე იურე არსებობს მხოლოდ რელიგიური უმცირესობები (იუდევლები, ქრისტიანები, ცეცხლთაყვანისმცემლები). ისინი სრულად სარგებლობენ კულტურული ავტონომიით: საბავშვო ბაღი, სკოლა, ეკლესია, კლუბი, ჟურნალ-გაზეთი, კვოტები პარლამენტში. ახლად არჩეული არამუსლიმი დეპუტატი ფიცს დებს თავისი საღვთო წიგნის ენაზე. ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და ავტორიტეტული სასულიერო წრეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქრისტიანული ეკლესიების მესვეურებთან კეთილი ურთიერთობის გაღრმავებას. ხშირია ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენელთა ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
      მეტად მნიშვნელოვანი იყო 2001 წლის 27-31 მაისს განხორციელებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ვიზიტი მოეწყო უმაღლეს დონეზე: პატრიარქი შეხვდა რელიგიურ-პოლიტიკურ ლიდერს აიათოლა ხამენეის, პრეზიდენტს ჰოჯათ ოლ-ესლამ ხათამის, კულტურისა და ისლამური დამოძღვრის მინისტრს, აიათოლა მოთაჰარის სახელობის სასულიერო სასწავლო ცენტრის რექტორს, საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის მთავარ სამმართველოს უფროსს. პატრიარქს ვრცელი საუბარი ჰქონდა ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან. 29 მაისს პატრიარქმა საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევით ცენტრში წაიკითხა მოხსენება თემაზე – "ირანი-საქართველო: ცივილიზაციათა დიალოგი". პატრიარქი შეხვდა რელიგიური უმცირესობების ეკლესიების ხელმძღვანელებს (მართლმადიდებლებს, გრიგორიანელებს, კათოლიკეებს, ცეცხლთაყვანისმცემლებს, იუდაელებს), დალოცა წმინდა ნიკოლოზის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, ეკლესიას უბოძა წმინდა გიორგის ხატი. იქვე შეხვდა ქართველ სტუდენტებს, სტაჟიორებს და ასპირანტებს, მოინახულა დულაბის მართლმადიდებლური სასაფლაოს ქართველთა საფლავები, დაათვალიერა თეირანისა და ისპაჰანის რელიგიური და არქიტექტურული ძეგლები. პატრიარქს მხურვალე შეხვედრა მოუწყვეს თანამემამულეებმა ფერეიდუნშაჰრიში (ზემო მარტყოფი).
      ვიზიტის შეფასებისას სხვადასხვა დონეზე აღინიშნა, რომ ქრისტიანობის ორიათასწლოვანი ისტორიისა და ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების მანძილზე ეს გახლდათ საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი ირანში. გარდა ამისა, ეს იყო საზოგადოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურის პირველი ვიზიტი ირანში. ვიზიტის შედეგები ვრცლად გაშუქდა ირანის რადიო-ტელევიზიასა და პრესაში, ხოლო პატრიარქის მიერ 29 მაისს წაკითხული მოხსენება სრულად გამოქვეყნდა გაზეთ "ირან ნიუსის" 30 მაისის ნომერში.
      უნდა მოგახსენოთ, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვადასხვა კონფესიების ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის საქმეს, ყველა სალოცავი დაცული და მოვლილია. ამ საქმეში მეტად მნიშვნელოვანია ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის როლი.
      ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია მრავალი ქრისტიანული ძეგლი, მათ შორის ნესტორიანთა წმინდა ღვთისმშობლის სალოცავი ურუმიეში, რომელსაც სპეციალისტები, საფლავის ქვების წარწერების მონაცემების მიხედვით, პირველი საუკუნით ათარიღებენ. ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუში ირანის ტერიტორიაზე გახლავთ მეოცე საუკუნის დასაწყისის ცნობილი მეწარმე-მეცენატის აკაკი ხოშტარიას (1877-1932) მეუღლის მინადორა ხოშტარიას (1881-1924) აკლდამა თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკლდამა მოკლებული იყო მოვლა-პატრონობას და სრული დანგრევის პირას იყო მისული. თეირანის ოსტანის (გუბერნიის) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტმა 2003 წლის შემოდგომიდან 2004 წლის ივნისამდე ჩაატარა აკლდამის კაპიტალური სარესტავრაციო სამუშაოები.
      ასეთი გახლავთ მოკლედ ქრისტიანთა და ქრისტიანობის მიმართ დამოკიდებულება ისლამურ რესპუბლიკაში.

ესაუბრებოდა გურამ წიკლაური