ბატონი ტომ ტრიერი კი ასე გავიცანი – რამდენიმე ხნის წინ ემაილზე მივიღე ასეთი შინაარსის წერილი: „ბატონო გიორგი, მე ყურადღებით გავეცანი თქვენს ვებ-გვერდს ფერეიდნელი ქართველების შესახებ. ვინაიდან მაისის დასაწყისში ფერეიდანშაჰრში ვიზიტი მაქვს დაგეგმილი, სურვილი მაქვს შეგხვდეთ ჩემს იქ გამგზავრებამდე, თუ თქვენ ამისათვის დროს გამონახავთ. მეტი ინფორმაციის მოპოვება მინდა ქართველი მოსახლეობის თაობაზე ფერეიდანში და ამავე დროს იქნებ თქვენ შეძლოთ დამეხმაროთ იქაური ლიდერების, უხუცესების და სხვა აქტიური პირების საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვებაში. ველი თქვენს პასუხს. მე შემიძლია დაგირეკოთ, თუ გამომიგზავნით თქვენი ტელეფონის ნომერს. სამწუხაროდ მე ქართული არ ვიცი, თუმცა ვფლობ რუსულ ენას. პატივისცემით ტომ ტრიერი“.
წერილი იმდენად სუფთა ქართულით იყო შედგენილი, რომ არც კი მიფიქრია, თუ უცხოელი მწერდა, ამიტომ ჯერ სპორტის სასახლის სალაროებთან შეხვედრა ვთხოვე, ”მისთვის თვალებში რომ ჩამეხედა” და მერე უნდა გადამეწყვიტა, რამდენად იმსახურებდა იგი ამ ინფორმაციის მიწოდებას!!! პასუხის გაგზავნისას ჩემმა ქალიშვილმა სოფიკომ თვალი მოჰკრა უცხო სახელსა და გვარს, რასაც სასწრაფოდ მეორე პასუხიც მიჰყვა...
გაცნობის შემდეგ გაირკვა რომ ბატონი ტომ ტრიერი ჩვენი, ქართველების სიძე აღმოჩნდა! ის წერილი კი მისი მეუღლის, ქალბატონ ქეთევანის შედგენილი ყოფილა.
ამ შეხვედრიდან ცოტა ხანში ბატონი ტომი და ქალბატონი ქეთევანი ფერეიდანში გაემგზავრნენ. თავიდან ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში უგრძვნიათ თავი, ”მაგრამ როცა მაღაზიებზე ქართული წარწერები გამოჩნდა და ეზოებიდან შიგადაშიგ ქართული გადაძახილები გავიგეთ, მაშინვე სიმშვიდე დაგვეუფლაო” – ღიმილით იხსენებდნენ დაბრუნებისას.
|