* * * The Georgian Times – N023 (438)
შეიძლება საქართველოში ბევრმა არც იცის, რომ ირანში უკვე ცხრა წელია ქართულენოვანი რადიო მაუწყებლობს. მისი დაარსების ინიციატორები ფერეიდნელი ქართველები არიან, რომელთაც სურვილის განხორციელებაში ირანის ხელისუფლება დაეხმარა. ”ჯორჯიან თაიმსი” რადიოს დირექტორს, ბატონ დავით გუგუნაშვილს ესაუბრა.
– თქვენი რადიოს შესახებ გვითხარით რამდენიმე სიტყვა. რა ტერიტორიაზე ვრცელდება, რამდენად პოპულარულია...
– რადიო დაარსდა 1998 წელს ირანის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის ძალისხმევით. მისი გავრცელების სფერო ძირითადად საქართველოა. თავდაპირველად ქართულ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა ჩვენს რადიოზე, მაგრამ დღესდღეობით ეს პრობლემა თითქმის მოიხსნა და შესაბამისად მსმენელიც გაიზარდა.
– თუ ეცნობით დღევანდელ ქართულ პრესას, რა აზრის ხართ მასზე და რა შენიშვნები გაქვთ?
– სამსახურეობრივი ფაქტორებიდან გამომდინარე, ქართულ პრესას ყოველდღე ვეცნობით ინტერნეტის გზით. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ქართულ პრესას ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება იმისათვის, რათა შეძლოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. სამწუხაროდ, ქართულ გაზეთებს არ ეტყობათ დამოუკიდებლობა და თითოეული მათგანი გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიის სამსახურშია.
– რამდენად არიან ინფორმირებულები ფერეიდნელები საქართველოს დღევანდელი ვითარების შესახებ და რამდენად არის დაინტერესება ისტორიული სამშობლოთი?
– ფერეიდნელი ქართველები, საქართველოსადმი სიყვარულიდან გამომდინარე, თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მის შესახებ ინფორმაციებს ძირითადად ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით იგებენ. დაინტერესება ისტორიული სამშობლოთი საკმაოდ დიდია. საქართველოს ნებისმიერი წარმატება მათთვის სასიხარულოა.
– როგორც ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, როგორ აფასებთ უცხოეთიდან, რას ფიქრობთ დღევანდელი ქართული საზოგადოების პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე?
– ”სხვა სხვის ომში ბრძენიაო.” გარედან ადამიანმა ბევრი სირთულე შეიძლება დაინახოს, მაგრამ გადაჭრის გზების ძიება გარედან არ უნდა ხდებოდეს. ქართულ საზოგადოებას აქვს საკმარისად დიდი პოტენციალი გადაჭრას მის წინაშე არსებული ყველა სირთულე, ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური.
– თბილისში ძალიან ცოტა ფერეიდნელი ახალგაზრდა სწავლობს, რა არის ამის მიზეზი, და საერთოდ, ფერეიდნელებს რამდენად აქვთ საქართველოში ჩამოსვლის და ცხოვრების სურვილი?
– ფერეიდნელების სიმცირის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერჯერობით რაიმე სისტემა ფერეიდნელთა ჩამოყვანის შესახებ არ არსებობს. დღესდღეობით თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში დამოუკიდებლად ჩამოსული ახალგაზრდები სწავლობენ. როდესაც განათლების სამინისტრო გამოყოფს სპეციალურ კვოტას ფერეიდნელებისათვის, მაშინ მათი რიცხვიც გაიზრდება. რაც შეეხება საქართველოში ცხოვრების სურვილს, ეს სურვილი ბევრს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი თავს იკავებს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაგან.
– ქართული ენის სწავლა, ქართული თვითშეგნების შენარჩუნება რამდენად პრობლემატური საკითხებია ფერეიდანში ამჟამად? შესაძლებელი იქნება თუ არა პერსპექტივაში ირანში ქართულენოვანი სკოლების გახსნა?
– ფერეიდნელებმა დიდი შრომის ფასად მოახერხეს ქართული თვითშეგნების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, მას არასოდეს დაკარგავენ, თუმცა საქართველოს საზოგადოების მხრიდან საჭიროა მხარდაჭერის გაგრძელება სწორი გეგმით. ქართველები ირანში არ წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობას. ამიტომ ქართული სკოლის გახსნა შეუძლებელია. თუმცა არსებობს სპეციალური კურსები და საზაფხულო სკოლები, სადაც მოზარდები და ახალგაზრდები ქართულ ენას ეუფლებიან. ამის შედეგად ფერეიდანში ხშირად წააწყდებით ქართულ წარწერებს მაღაზიებსა და ქუჩებში.
– თუ შეიძლება მოგვიყევით დღევანდელ ირანში მოღვაწე ცნობილი ქართველების შესახებ...
– დღევანდელ ირანში კულტურის და საზოგადო მოღვაწეთა შორის არიან საკმაოდ ცნობილი ქართული წარმომავლობის მქონე ადამიანები. ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა ცნობილი ირანელი მსახიობი სირუს გორჯესტანი. ასევე ცნობილი მსახიობი იყო აწ განსვენებული ნემათოლა გორჯი, რომელმაც, როგორც ამბობენ ქართული ენაც იცოდა.
– რას უსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს?
– საქართველოს პირველ რიგში გამთლიანებას, მშვიდობას და წინსვლას ვუსურვებ. ქართველთა შორის აუცილებლად უნდა განმტკიცდეს ერთობა და ყველამ ერთიანი ძალისხმევით იშრომოს თავისუფალი და ბედნიერი სახელმწიფოს ასაშენებლად.
|