ზურაბ თორია – გზა დიდ გურჯისტანამდე

(სურათები აღებულია ბატონ ნოდარ კოჭლაშვილის პირადი ფოტო-არქივიდან)

      უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ურთიერთობის ცენტრში, ბატონ ნოდარ კოჭლაშვილთან ჩვენი სტუმრობა ირანიდან საქართველოში ოთხი საუკუნის წინათ შაჰ-აბაზის მიერ მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ასიათასობით ქართველთა შთამომავლობის, ორი ფერეიდნელი ახალგაზრდის – არია და შაჰინ ხოსროშვილების ყოფნას დაემთხვა.
      ახლახან მთელი საქართველო გაფაციცებით თვალს ადევნებდა ფერეიდნიდან საქართველოსკენ – ამ უშორეს გზაზე დამდგარ ახალგაზრდებს, რომელთაც ფერეიდანში ჩარჩენილ ჩვენს თანამოძმეთა საუკუნოვან ნატვრას, წინაპართა მიერ ტანჯვით განვლილი გზით სამშობლოში დაბრუნებას, ხორცი შეასხეს.
      მათი სვლა ქართული პრესის ფურცლებზე სათანადოდ გაშუქდა, სხვადასხვა ტელეარხზე არაერთი გადაცემაც მიეძღვნა.
      ამჯერად, ბატონი ნოდარი, როგორც უცხოეთში გადახვეწილ მრავალ თანამოძმეს, კეთილ მასპინძლობას უწევს ვაჟკაცური აღნაგობის, ქართული იერსახის ახალგაზრდებს და ცდილობს მოგვაახლოვოს იმ შორეული, ჩვენთვის ტრაგიკული ლეგენდით მოცულ მხარესთან, ფერეიდანი რომ ჰქვია...

      ახალგაზრდები მასპინძელს მოკრძალებით მისჩერებიან და დროდადრო დიალოგში თვითონაც ერთვებიან. ამ დიალოგში ფერეიდნის პრობლემები სიღრმისეულად ვერაა წარმოჩენილი, რადგან მასპინძელი მტკივნეულ თემებს შეგნებულად თავს არიდებდა, მათი ამაღლებული განწყობის დაჩრდილვაც უხერხული ჩანდა... მათთან ურთიერთობის შემდეგ დაგვრჩა უდიდესი იმედი იმისა, რომ ქართველი კაცი როგორაც არ უნდა მოსწყვიტონ დედა სამშობლოს, გულიგულში მშობელი ქვეყნის, მშობელი მიწის მოთაყვანე რჩება. ამ მარადიული თაყვანისცემის წილ თანამოძმენი უანგარო სიყვარულისა და თანალმობას მიაგებენ მათ.

* * *

      ნოდარ კოჭლაშვილი: – ეს გზა ფერეიდნელებისათვის ტანჯვის გზა იყო. ისკანდერ მუნშს პირდაპირ უწერია: შაჰ-აბაზმა ასი ათასი ქართველი ირანში წამოასხაო. თვითონ ფერეიდნელები ამ პროცესს ასე გადმოგვცემენ: ”ნახირივით გადმოვურეკივართო”. 1965 წელს ირანში ყოფნისას, ყველა მსაყვედურობდა, ”ჩონ ნახირივით, გადმოურეკივართ შაჰ-აბაზს, თქვენ კი დაგივიწყივართ და აღარ გინდივართ...”
      1965 წელს 15 ახალგაზრდას წერა-კითხვას ვასწავლიდი იმ პირობით, რომ მათ შემდგომში სხვებისთვის ესწავლებინათ, იმათ კიდევ სხვებისთვის და ამ გზით გავრცელებულიყო ქართული დამწერლობა. მაშინ თეირანში სამუშაოდ (საშოვარზე) ბევრი იყო ფერეიდნიდან. როგორც კი შეიტყვეს, რომ ჩასული ვიყავი, თვითონ მიპოვეს გამოფენაზე (საბჭოთა კავშირის გამოფენა იყო, ამ გამოფენის მომწყობი ერთ-ერთი წევრი გახლდით). უდიდესი სიხარული და, ამავე დროს, მწუხარებაც განვიცადე. ადამიანები, რომლებმაც ოთხი საუკუნის განმავლობაში უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ შემოინახეს სიყვარული სამშობლოსი, დღეს ცოცხალი მოწმეები არიან ამ იგავმიუწვდომელი ერთი გულებისა. რასაც მაშინ მიყვებოდნენ, იმასვე მოუყვებოდნენ ამ ორ ჭაბუკსაც. როდესაც ამ გზაზე მოდიოდნენ, ეს იყოო ტანჯვის გზა.
      ამ ორმა ახალგაზრდამ ბავშვობიდანვე გადაწყვიტა, რომ ეს ტანჯვის გზა უკან, დიდ გურჯისტანამდე ფეხით გამოევლო და შეასრულა კიდევაც. არიას ადრეც ვიცნობდი, რამდენჯერმე ნამყოფია საქართველოში...
      წერა-კითხვის სწავლების შემდეგ დედაენების საქმე ცუდად იყო. კომუნისტების დროს, მოგეხსენებათ, ლენინი იყო გამოყვანილი ყველა დედაენაში ჩვენს მამად და მასწავლებლად. ხოლო ყოფილ შაჰს საგანგებო მუხლი ჰქონდა შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსში: ვისაც საბჭოთა კავშირიდან წიგნი ჰქონდა შეტანილი ირანში, კომუნისტური პროპაგანდისთვის ისჯებოდა, მით უმეტეს, თუ იმ წიგნში ლენინი იყო გამოსახული. ამის გამო, მე რომ აქ წიგნები და დედაენები ვიშოვე, რომლებითაც აწ განსვენებულმა განათლების მინისტრის მოადგილემ, უშანგი ობოლაძემ მომამარაგა, ლენინის პორტრეტი ამოვხიე. უშანგი ობოლაძე დიდი პიროვნება გახლდათ. ღმერთმა აცხონოს. არც კი ვიცნობდი, მაგრამ მივედი და მოვუყევი ფერეიდნელთა მდგომარეობა. ამ კაცმა ლამის იტირა. აიღო და ოცი დედაენა გადმომცა, თან გამაფრთხილა, ეს ამბავი არავის შეეტყო. მაშინ, თუ კომუნისტურ პროპაგანდას არ ემსახურებოდა, წიგნის საზღვარზე გადატანა იკრძალებოდა. ეს იყო 1967 წელს. მანამდე კი, 1965 წელს წიგნის უქონლობის გამო ქაღალდზე ვუწერდი ფერეიდნელებს ქართულ ანბანს, იქვე ვუწერდი სპარსულ ასონიშნებსაც ტრანსკრიფციებით. მათ ანბანში ასონიშნები – ც, ჭ, წ, კ, პ არაა. ორ-ორი ასონიშნით ვადგენდი ბგერებს (არია და შაჰინი ბგერებს კარნახობენ). არია და შაჰინი ხოსროშვილები არიან. ეს გვარი ძველქართული სახელიდან – ხოსროდან არის წარმომდგარი. საქართველოში – ხოსრო დღესაც ჰქვიათ. მათ ხოსროშუაილად მოიხსენიებდნენ, მოგვიანებით შეიტყვეს, რომ შუაილო კი არა, სწორი ფორმა – შვილია.
      ერთი საუკეთესო მეგობარი მყავდა, პურუშანი. ამ კაცთან ისეთი საუბრები მქონდა, არც ჩვენს და არც ირანის მთავრობას ესიამოვნებოდა. იგი მთავრობაში დიდი გავლენით სარგებლობდა. ვთხოვე, ჩვენს ფეხბურთელებს ჩამოვიყვან-მეთქი. ქართველ სპორტსმენებს მეტად უჭირდათ და შესაძლო იყო, გარკვეული შემოსავალი გასჩენოდათ. მართლაც, ცოტა ხანში ირანის სპორტსაზოგადოებამ მიიწვია ჩვენი ”დინამო”. მაშინ წავიღე ის ოცი დედაენა და გადავეცი მუხტარს (ესენიც იცნობენ). მან დაურიგა ფერეიდნელებს. იმათ კიდევ გადაწერეს და გაავრცელეს. ხელით გადაწერილის ერთ ეგზემპლიარს ახლაც ვინახავ და ეს გადმომცეს ნიშნად იმისა, შენს მოცემულ წიგნებს ტყუილუბრალოდ არ ვაცდენთო. ასე, ნელ-ნელა გავავრცელეთ წერა-კითხვა.
      საბჭოთა პერიოდში, ირანში (ისპაჰანში) ბანკის წარმომადგენელი იყო ამბაკო ჭელიძე. მან ირანიდან ჩამოიყვანა 7 წლის ფერეიდნელი ბიჭუნა – ამირ მირჯაზაი ანუ, როგორც თვითონ დაირქვა, ამირან პაპიაშვილი. ამბაკოს და მის მეუღლეს, სარას, ფერეიდნელებზე დაწერილ წიგნში აქვთ ეს ამბავი შეტანილი. მე ეს ვიცოდი. 1965 წელს ამირანმა ჩემი თეირანში ყოფნა შეიტყო და მომძებნა. იგი ამათი სოფლიდან – დაშქესანიდან ყოფილა. სოფელი მაღალმთიანია. დაშქესანში ყოფილა საბადოები და აქედან ეზიდებოდნენ მადანს. ამირანი აქ სწავლობდა, თბილისში. მერე, მამა ავადააო, შემოუთვალეს. გაემგზავრა ფერეიდანში და უკან აღარ გამოუშვეს. საქართველოში ყოფნის გამო ბევრჯერ იყო დაპატიმრებული. ეშინოდათ, კომუნისტურ სახელმწიფოში რომ იყო ნამყოფი. და ასე ჩარჩა ირანში. როცა შევხვდი, ჩამეხუტა, იტირა. დაუსრულებლად იხსენებდა საქართველოს. ეს კაცი რვა წლის წინ გარდაიცვალა.
      კომუნისტების დროს ხშირად არა, მაგრამ მაინც მიწევდა ირანში ჩასვლა, ხან მოცურავეები ჩამყავდა, ხან ფეხბურთელები, გამოფენებშიც ვიღებდი მონაწილეობას და ყოველ ჩასვლას ჩვენებურებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად ვიყენებდი...


      შაჰინი: – მე ვიცოდი, რომ თუ ამ გზას გამოვივლიდით, მას დიდი ინტერესი მოჰყვებოდა საქართველოში, ხალხი უფრო მეტს გაიგებს ფერეიდანზე. ჩვენ ეს გზა, რაც არ უნდა დაგვჯდომოდა, უნდა გამოგვევლო. ექვსი წელი ვფიქრობდით ამაზე. სულ ახალგაზრდები ვერ ვიქნებოდით და უნდა მოგვესწრო. ჩემი ძმის გარდა სხვა არავინ მყავდა ისეთი სანდო და ყოჩაღი, რომ ამხელა გზისთვის გაეძლო. თვითონ მოცურავე და მოჭიდავე ვარ, მაგრამ მაინც ძნელია, 12 საათი შეუჩერებლად ფეხით იარო. ფეხები გვისივდებოდა. ნემსით ან დანით უნდა დაგვესერა ეს დასიებული ადგილი. თავდაპირველად ფეხი საშინლად გვტკიოდა, მაგრამ როცა დავისერავდით, ტკივილი გვიყუჩდებოდა, მიუხედავად სიძნელეებისა, უკან არ დაგვიხევია. ძაან ვიტანჯეთ. გვინდოდა ბოლომდე ფეხით ჩამოვსულიყავით, მაგრამ ვიზის გამო პრობლემები შეგვხვდა. ირანის სპორტის ფედერაციამ წერილი გამოგვატანა აზერბაიჯანის საელჩოში და ზომები მიიღეს, რომ არავის შევეჩერებინეთ, თუმცა, რაღაც არ გამოვიდა, – დრო იწურებოდა. ამის გამო იძულებული გავხდით ასტანიდან ყაზახამდე მანქანით გვემგზავრა. ყაზახიდან წითელ ხიდამდე ფეხით წამოვედით. იქ პოლიციელები და ჟურნალისტები დაგვხვდნენ. ფერეიდნიდან თბილისამდე სულ 2000 კილომეტრია, ჩვენ მოკლეზე მოვჭერით და 1350 კილომეტრი გამოვიარეთ. მანქანები ნელ-ნელა მოგვაცილებდნენ, საბოლოო მიზანს მაინც მივაღწიეთ.


      არია: – მანამდე საქართველოში 7-8-ჯერ ვარ ნამყოფი. საერთო ჯამში აქ ორი წელი დავყავი. მამა 25 წლის წინ ავარიაში დაიღუპა. შაჰინს მამა არ ახსოვს. სამი ძმანი ვართ. უფროს ძმას ირანის ჯარში მაღალი თანამდებობა უჭირავს, როგორც ალავერდი ხანს... ორი უმცროსი და გვყავს. ერთი გათხოვდა, მეორე უნივერსიტეტში სწავლობს. უფროს ძმას ცოლ-შვილი ჰყავს. იმის შვილს შევარქვით პირველად ქართული სახელი – ილია. ლამაზი ბიჭია. (მის დაბადების დღეზე მეც ვიყავი დაპატიჟებული, მოსაწვევი მივიღე, მაგრამ ვერ წავედი, – ამბობს ბატონი ნოდარი). ჩემმა ძმამ დიდი ქორწილი გადაიხადა, ასეთი დიდი, ძველქართული ტრადიციის ქორწილი ფერეიდანში პირველად გაიმართა. მარტყოფიდან ჩვენ სოფლამდე 5-6 კილომეტრზე მანქანები იყო ჩარიგებული.

პატარა ქართველი – ილია ხოსროშვილი

      მე ძალიან მიყვარს საქართველო. ირანი კარგია, მაგრამ ცხოვრება საქართველოში მირჩევია. სულ ერთია საქართველოში სად იცხოვრებ. თბილისში ისეთი უბნებია, აქ ისეთი სული ტრიალებს, მირჩევია აქ ერთი წელი ვიცხოვრო, მერე კი თუნდაც მოვკვდე. აქ ერთი წლის ყოფნა მირჩევია სხვაგან ათასი წლით ყოფნას.
      სოფელში ქართულს მეც ვასწავლი. ახლა უნდათ მაღალ დონეზე ასწავლონ. ირანის მთავრობამ გაგვიხსნა დაწყებითი ქართული სკოლა. მე იქ დამნიშნეს და იქ უნდა ვასწავლო.
      ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ ქალაქზე უფრო სუფთა და მოვლილია. მთელი ფერეიდნის პროვინციის, პირიქითა ფერეიდნის (ბოინის) ცენტრია. დიდი სოფელია.


      ნოდარ კოჭლაშვილი: – ესენი იქ რომ დაასახლეს, ერთი შიშველი ადგილი იყო. ძალიან შრომისმოყვარენი არიან. იქაურობა ააყვავეს, მათი დასახლება ყველასაგან გამოირჩევა. თუ სხვაგან კარტოფილი პირობითად თუმანი ღირს, ფერეიდნული კარტოფილი ორ თუმნად იყიდება. აი, ასეთი სახელი აქვს ყველაფერს მათ მოწეულს. თაფლს ყველგან აწარმოებენ ირანში, მაგრამ ფერეიდნულ თაფლს ბადალი არ მოეპოვება და ორჯერ მეტად ფასობს. ფერეიდანში იზრდება მცენარე – გარში, რომლის მტვერს შაქარზე 20-ჯერ მეტი სიტკბო აქვს. ამ მცენარის ქვეშ შემოდგომაზე ნაჭრებს გაფენენ, ბერტყავენ და მტვერს აგროვებენ. ამ მტვრისაგან ამზადებენ ნუგას, რომელსაც სხვაგან დამზადებული ნუგა ვერ შეედრება. გარში ერთწლიანი მცენარეა. შემოდგომაზე მოჭრიან და შეშად იყენებენ.


      არია: – ჩემი ბიძაშვილის ყანაში 400 წლის წინანდელი თაღებია. ამბობენ ჩვენი წინაპრების აშენებულიაო. არავის ვუშვებთ იქ, რომ ვინმემ არ დაანგრიოს, ჩვენთან გვარები შეცვლილია. ზოგს თავისი გვარი არც ახსოვს. ჩვენი გვარი ხომ თავადური იყო, ხოსროშუალები ვიყავით, ახლა ხოსრაიდ ვიწერებით. სხვა გვარებია: აბრამინი – აბრამიშვილები, მათი წინაპარი მღვდელი ყოფილა. არიან დარჩიაშვილები, გუგუნაშვილები, ონიკაშვილები და ა. შ. იმათი წინაპრები აღარ ვიცით ვინ არიან, ჩემს გვარზე საბუთები გვაქვს სახლში.
      ერთი ქვა ვიცი, ერთი სოფელია, აფუსჯი, რუში. მე როცა ვიკვლევდი ჩვენს ქართველობას, ამ ქვაზე აღმოვაჩინე ქართული ასოებით ნაწერი. არავისთვის მითქვამს. ამ ქვას თავის დროს წამოვიღებ და სახლში დავდებ. ჩუმათ უნდა წამოვიღო და უნდა ვაჩუქო საქართველოს.

      ნოდარ კოჭლაშვილი: – იქნებ ქართული არ არის? ჯერ ფოტოები გადაიღე და დავრწმუნდეთ (იგი უხსნის ქართული დამწერლობის ისტორიას).


      შაჰინი: – კარგია საქართველო. ისპაჰანი ლამაზია, იქ ხიდებიც ქართველებს გაუკეთებიათ (უნდილაძეებს), მაგრამ მე რომ თბილისი ვნახე, ერთი გამზირი მარტო, მთელი ისპაჰანი ჩემთვის არ არის ასეთი ლამაზი. თბილისი მადლია, დახატულია, ლამაზია. წუხელ ავედით ნარიყალაზე, ღამის თბილისი ვნახე, ძალიან ლამაზია.
      ჩვენი გვარი კახეთიდანაა, თუმცა კახეთში ჯერ არ ვყოფილვარ, იქ ჩემი წინაპრების მიწაა. უნდა მივიდეთ ჩვენ იქ, მაგრამ რომელი სოფლიდან იყვნენ ჩვენი წინაპრები, ეს არ ვიცით. ახლა წავალთ და ვნახავთ ჩემს მიწა-წყალსა. ძაან მიყვარს კახეთის მიწა. უნდა ავიღო ხელში, წყალი უნდა დავლიო, ეს ჩემი ოცნებაა. საქართველო პირველია, მაგრამ კახეთი მაინც სხვაა. მთელი კახეთი ჩვენია, ჩვენი წინაპრებისაა. ხანჯაგ ბეგი ყოფილა ჩვენი წინაპარი. დიდი კაცი ყოფილა, კახელი, ირანშიც ფეოდალები ყოფილან.

საქართველოზე ჩაფიქრებული ფერეიდნელი

      მე იქ მიწას ვამუშავებ. სახლებსაც ვაშენებ და ვყიდი. მე და არიას ჩვენი პატარა ბიზნესი გვაქვს. მამულები გვაქვს. ზამთარში სახლებს ვაშენებთ ბარში (ჩვენი ადგილი მთიანია, მკაცრი ზამთარი იცის, ექვსი თვე თოვლი დევს, ზაფხული სამი-ოთხი თვეა) ზაფხულში კარტოფილი მოგვყავს. ვენახებიც გვაქვს. ბაღჩაში ნუში, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ბალი, ალუბალი გვიდგას. ჩვენს ეზოში რომ შემოხვიდეთ, თავი საქართველოში გეგონებათ. ახლა ჩვენ აქ რომ ვართ, ძალიან უხარიათ ფერეიდნელ ქართველებს და სულ იმედის სალამს მოგიკითხავენ.



      არია: – ჩვენ ფერეიდნელების წარმომადგენლები ვართ. მოგიკითხავენ, ამ საქართველოს ქართველებს მოკითხვა გადაეცითო.


      შაჰინი: – ძალიან ლამაზია საქართველო. ირანიც ლამაზია, მაგრამ საქართველო ჩემს თვალში უფრო ლამაზია.



ზურაბ თორია



* * *
   
რაჰმან და თინა რაჰიმები თავიანთი ხელით ნაქსოვ ხალიჩებთან

   

* * *

      ირაკლი კანდელაკის შვილი, კინორეჟისორი, გელა კანდელაკი ჰყვება: ”ძირითადად ღამით, არარეგალურად მუშაობდნენ... ერთხელაც პოლიციელები შეხვედრიათ... მამაჩემს ქართულად გაულანძღავს. გაოცებულან... ჩვენც ქართველები ვართ. თუ გინდათ, უფრო ძალიან გაგვლანძღეთ, ოღონდ თქვენი ქართული გაგვაგონეთო, უთქვამთ. ბოლოს დამეგობრებულან და თვითონაც მიხმარებიან მუშაობაში”.