«ვინც საქართველოში იყოს და საქართველოს
ჰაერს სუნთქავდეს, რა უნდა უჭირდესღა?»


      რამდენიმე ხნის წინ კვლავ შემეხმიანა გერმანიაში ქართული სათვისტომოს მიერ დაარსებული ჟურნალის ”ქართული” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამომცემელი, ქალბატონი თინათინ ჩითინაშვილი, რომელმაც შემომთავაზა ვირტუალური ინტერვიუს ჩაწერა. ვირტუალურ კორესპონდენტსა და რესპონდენტს შორის მეტად ორიგინალური ”დიალოგი” გაიმართა, რომლის შედეგსაც აქვე გთავაზობთ:





* * *

      ალბათ როგორ უკვირთ ფერეიდნელ ქართველებს, როდესაც ჩვენს შესახებ, საქართველოდან თავისი ნებით, თუნდაც მხოლოდ დროებით წასულ ქართველებზე ესმით. მათთვის საოცნებო საქართველოში დაბრუნების სურვილს საუკუნეების მერეც არაერთი სამშობლოზე შეყვარებული გმირი შეეწირა. იქ ისევ ლაპარაკობენ ქართულად, საქართველო კი მათთვის 400 წლის შემდეგაც წმინდათაწმინდა სამშობლოა. მათ შესახებ ყველა გულისტკივილით ვისმენთ, მხოლოდ ერთეულები მიდიან მათთან და ეუბნებიან: ”ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და ძმებად გვეგულებით!”. ერთი მათგანი გიორგი ალავერდაშვილია, რომელიც ამის სათქმელად თვითონ ჩავიდა ფერეიდანში და იქ მყოფ ქართველებს კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს და გვტკივა.

– როგორც ვიცი, თქვენ შარშან ფერეიდანის სტუმარი იყავით, რა იყო ასეთი მოგზაურობის წინაპირობა?


– გაზეთ ”ახალ აზრში” დაიბეჭდა პუბლიკაცია სათაურით: ”რა აწუხებთ ირანში მცხოვრებ გურჯებს?”, რომლის წაკითხვისთანავე გამიჩნდა სურვილი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ჩავსულიყავი ფერეიდანში, ფეხი დამედგა იქაურ მიწაზე, გამეცნო ამ 400 წლის წინ მშობლიური მიწა-წყლიდან აყრილი ქართველების შთამომავალნი და მათთვის მეთქვა: ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ და გვახსოვხართ! ყოველივე ამას კი წინ უსწრებდა ბავშვობაში ნანახი გურამ პატარაიას ფილმი ”შორია გურჯისტანამდე!”, რომლის ნახვის შემდეგ ოცნებად მექცა ფერეიდანში ჩასვლა. ამრიგად, ამ მოგზაურობით ბავშვობის ოცნება ავისრულე!

– და როგორი იყო ამ ოცნების გაგრძელება?


– ნანახმა და გაგონილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... რა რაც მთავარია, არც ისე ”შორია გურჯისტანამდე”, რადგან ისინიც ჩამოდიან, ფეხითაც კი!!! ყოველი ფერეიდნელის ოცნებაა, როგორმე ცისარტყელას ქვეშ გაძვრეს და მეორე მხარეს ისტორიული დედა-სამშობლო იხილოს, თუნდაც ერთი თვალის შევლებით, რადგან ”ვინც საქართველოში იყოს და საქართველოს ჰაერს სუნთქავდეს, რა უნდა უჭირდესღა? (ფერეიდნელი ქართველი - ხვიჩა სეფიაშვილი).

– როგორ ჩააღწიეთ ფერეიდანამდე და როგორ შეგხვდნენ იქაური ქართველები?


– თბილისიდან მატარებლით ვიმგზავრე ბაქომდე, იქიდან სასაზღვრო ქალაქ ასატარამდე ტაქსით წავედი. საზღვარზე გადასვლისას სტუმარმა უნდა გაითვალისწინოს მათი ადათ-წესები და დაემორჩილოს ირანში დამკვიდრებულ კანონებს. მაგალითად, ქალბატონებისათვის აუცილებელია ჩადრის ტარება, რომლის შემთხვევითი ჩამოცურებაც კი მრუშობის ტოლფასია. შეზღუდვა მამაკაცებისთვისაცაა, ჩაცმულობაში აუცილებლად ზომიერებაა საჭირო, თორემ ”შეუფერებელი ჩაცმულობის გამო” შეიძლება ტურისტს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცენ. მე ამ მხრივ ყოველნაირად მოწესრიგებული ვიყავი, ამიტომ დაუბრკოლებლად გავიარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და ხაზგასმული თავაზიანობით დამრთეს ნება გზის გაგრძელებისა.
      ასტარიდან თეირანამდე და შემდეგ ისპაჰანამდე ავტობუსით ვიმგზავრე. გზაში ყოველთვის ვგრძნობდი ყურადღებას და პატივისცემას ჩვეულებრივი, უბრალო ირანელი ხალხის მხრიდან. მეპატიჟებოდნენ წვენებზე, ნამცხვრებზე, ერთმა ახალგაზრდამ მზესუმზირაც კი გამომიგზავნა, უარის თქმა უხერხული იყო. ბოლოს ნარჩენების ”დასაბინავებლად” ჯიბეები მოვისინჯე, იქნებ პაკეტი ან რაიმე ქაღალდი მაინც ვიპოვო, რომ შევახვიო-თქო... ჩემს გადასწვრივ ახალგაზრდა ქალბატონი იჯდა, გვერდით 13-14 წლის ბიჭით, მომღიმარმა დედამ რაღაც უჩურჩულა შვილს, ბიჭმაც თავისი სავარძლის გვერდიდან პატარა სანაგვე ყუთი მოხსნა და მომიტანა, თან მანიშნა, შიგ ჩაყარეო. ჩემს კეთილისმყოფელს ქართული ბორჯღალიანი ხურდა ფულები ვაჩუქე, თან განვუმარტე ბორჯღალის, მზის სიმბოლოს მნიშვნელობა, როგორც ხვავისა და ბარაქის სიმბოლო ძველ საქართველოში. ბიჭი დიდხანს ათვალიერებდა ქართულ მონეტებს...
      ისპაჰანიდან ფერეიდნამდე ტაქსით ავედი. რადგან მე მარტყოფში ვაპირებდი მისვლას, ფერეიდანის შესასვლელში ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადავიდა და ორ ახალგაზრდას სპარსულად დაელაპარაკა, რომლებიც თავიანთ მანქანას ჩაჰკირკიტებდნენ. მცირე საუბრის შემდეგ ტაქსის მძღოლი გაღიმებული მობრუნდა და მანიშნა, ყველაფერი კარგად არისო, მეც მივბრუნდი ახალგაზრდებისაკენ და ანგარიშმიუცემლად, ქართულად მადლობა გადავუხადე. მათ სახეები უცებ შეეცვალათ და მაშინვე ჩემთან მოცვივდნენ, თან მეკითხებოდნენ, თქვენ ეს სიტყვა საიდან იცითო, მეც სიხარულით ავუხსენი რომ საქართველოდან ვიყავი სპეციალურად მათთან ჩასული გასაცნობად და სამეგობროდ, რომ საქართველოში ყველამ იცის მათი ტკივილიანი ისტორია და ბევრს აქვს სურვილი მათთან ჩასვლის და გაცნობისა. ამ ახალგაზრდებმა საუბარში ამიხსნეს რომ ფერეიდანი იგივე მარტყოფია, შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ეს იყო ჩემი პირველი გაცნობა ფერეიდნელ ანუ მარტყოფელ ქართველებთან.

– როგორ ცხოვრობენ ფერეიდნელი ანუ მარტყოფელი ქართველები და რა აქვთ მათ ჩვენთვის უჩვეულო ცხოვრების წესში?


– ასეთი ის არის, რომ ოჯახში შესვლამდე მთავარია ფეხზე გაიხადო. ცხოვრებით კი ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ. ყველგან გაღიმებული და გაცისკროვნებული სახეები მხვდებოდა, რაც მარტო იმით კი არ იყო განპირობებული, რომ დიდი საქართველოდან ჩამოსულ ცოცხალ სტუმარს ხედავდნენ. ასე იყო ოჯახებშიც და ქუჩაშიც, მე იქ მოწყენილი ადამიანი არ მინახავს, არც ნასვამი და არც ხელგაწვდილი. ამისთვის სპეციალური ურნებია დადგმული, ვისაც როდის უნდა, მაშინ შეჰმადლის ალაჰს და საჭირო შესაწირსაც გაიღებს, რასაც შემდგომ ქალაქის მუნიციპალიტეტი ანაწილებს საჭიროებისამებრ და რაც მთავარია, ამ 400 წლის განმავლობაში არც ერთ ქართველს ქართველზე ხელი არასოდეს არ აღუმართავს, გინებითაც კი არ იგინებიან. ხალხი კი, ძალიან საოცარი ხალხია, ნამდვილი ქართველები, მე ვიტყოდი, ჩვენზე უკეთესი ქართველები, რევაზ ინანიშვილის პერსონაჟებს გვანან: ალალები, მართლები და უაღრესად პატიოსნები, სამშობლოზე შეყვარებულები, საქართველოს სადიდებლად ანთებული სანთლები... ჩვენს ყოველდღიურ ყოფას რომ ვუყურებ, სურვილი მიჩნდება, ეს საკუთარი დედის მაგინებელი ბიჭები და შიშველ-ტიტველი გოგონები როგორმე ჩამაყვანინა ფერეიდანში, ერთმანეთის და სხვისი პატივისცემა მაინც რომ ისწავლონ მათგან.
      უარესსაც გეტყვით, 12 ივლისს ”რუსთავი2”-ზე ”ცოცხალ შოუში” ვითომდა მის საქართველოს სილამაზის კონკურსზე ვანო ჯავახიშვილმა ”განასახიერა” მთვრალი გოგონა - მის ფერეიდანი! კინაღამ სისხლი ჩამექცა... ასეთი ცინიზმი და მკრეხელობა ვის მოუვიდა თავში ან ვანო ჯავახიშვილი როგორ დათანხმდა ამ სისაძაგლეზე? დარბაზი კი იცინის! ამას ხომ შეიძლება ირანში მცხოვრები ქართველებიც უყურებდნენ (ირანის ტელევიზია 4 ქართულ არხს აჩვენებს)! ეს ადამიანები საერთოდ აზრზე რომ იყვნენ, თუ რა ხდება ფერეიდანში, ასეთ შეურაცხმყოფელ გადაცემას არ გააკეთებდნენ...

– საერთოდ, რამდენად ცნობილია ფართო საზოგადოებისათვის თქვენი ფერეიდანში მოგზაურობის შესახებ?


– იყო ქართულ პრესაში ამის შესახებ მასალები. გარდა ამისა ჩემმა ვაჟმა, ირაკლი ალავერდაშვილმა, ფერეიდანში გადაღებული სურათების და ჩემს მიერ გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით შექმნა მეტად ორიგინალური საიტი www.fereidani.com, სადაც ყველაფერი დაწვრილებით არის აღწერილი და რომლის მონახულებასაც ვთხოვ თქვენს მკითხველებს, ამ საიტს მოფერებით ”ფერეიდუნას” ვეძახით.

– როგორ დაირქვა საიტმა ასე?


– მე ყოველთვის ვამბობ: მყავს ერთი მეუღლე – თამარი, ორი შვილი – ირაკლი და სოფიკო და ერთიც შვილობილი – ”ფერეიდუნა”, რომელიც ”შვილიშვილად” უფრო შემეფერება, რადგან ირაკლის შექმნილია... სხვა თუ წლობით იზრდება, ჩვენი ”ფერეიდუნა” კვირეებით და თვეებით ”იზრდება”, რადგან ყოველთვის ვცდილობთ, ახალ-ახალი ინფორმაციები შევმატოთ საიტს. ამ მიზნით გავიცანი უსპეტაკესი ადამიანი, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის თანამშრომელი, აღმოსავლეთმცოდნე ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი, რომლის მოწოდებულმა ხელით გადაწერილმა ”დედა ენამ” სენსაცია მოახდინა. მნიშვნელოვანია მსოფლიო მოგზაურის, ბატონ ჯუმბერ ლეჟავას ფერეიდანში მოგზაურობის შთაბეჭდილებები, ან თუნდაც ქალბატონ ხათუნა გალდავას ჩანაწერები და ფოტოსურათები ავიღოთ... ჩემდა გასახარად, საიტი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე ირანში და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ემიგრაციაში.
      სულ თავიდან, პუბლიკაციების შემდეგ ირანიდან პირველად რომ დამირეკეს, ეტყობოდათ, სუფრასთან იყვნენ. სუფრის ყველა წევრი ცალკ-ცალკე დამელაპარაკა, ერთ-ერთმა კი მითხრა, აქ ბევრი ქართველი ჩამოსულა, მაგრამ მათ შორის საუკეთესო თქვენ ხართო... საიტის შექმნის შემდეგ კი, როცა დამირეკეს, ყურმილში ჯერ შეძახილები გაისმა: ”გაიხსნა, გაიხსნაო!”, შემდეგ კი როცა მომასმენინეს მარო თედიაშვილის შესრულებით რევაზ ლაღიძის სიმღერა ”უნდა გაზარდოს დედამა ვაჟი, მტრის გამჯავრებელიო”, რომელიც საიტს მუსიკალურ ფონად გასდევს, თავი ვეღარ შევიკავე... თითქოს ამ სულშიჩამწვდომ და სევდიან სიმღერას პირველად ვისმენდი... ყურმილის ერთ მხარეს მე ვიცრემლებოდი, მეორე მხარეს კი – ისინი...

– კარგად მესმის. როგორც ვიცი საქართველოსაც ხშირად სტუმრობენ ბოლო ხანებში ფერეიდანიდან.


– კი. გასულ ზაფხულს თბილისში იმყოფებოდა ირანში მცხოვრებ ქართველთა ერთი ჯგუფი, რომლებიც ჩემს საიტს გამოეხმაურნენ და ასე დავმეგობრდით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ბატონი ალექსანდრე იოსელიანი, რომელიც თავის უფროს ქალიშვილთან, ნათიასთან ერთად იყო ჩამოსული, მისი მეუღლე – ქალბატონი მართა და უმცროსი ქალიშვილი თამარი უკვე ერთი წელია თბილისში ცხოვრობენ, სხვათაშორის თამარი ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, სწორედ მათ სანახავად იყო ჩამოსული ბატონი ალექსანდრე, მათ ჰყავთ ერთი ვაჟიც – მიშა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამო ვერ ჩამოვიდა თავის ისტორიულ სამშობლოში. მათთან ერთად იყო ჩამოსული ხვიჩა სეფიაშვილი მეუღლით და 5 წლის ვაჟით – ნოდარიკოთი, რათა ”დავანახო სამშობლო, სადაც 400 წელია შორს ვართ!”
      მოვინახულეთ ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც უკვე მესამე წელია, რაც ხალხური რეწვისა და ფოლკლორის ფესტივალი ”არტ-გენი” იმართება. დავესწარით ფესტივალის დასკვნით კონცერტს, დავსტკბით სულშიჩამწვდომი სვანური და მეგრული ხალხური სიმღერებით. ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბექა გონაშვილმა ფერეიდნელი სტუმრები სცენაზე მიიპატიჟა, საიდანაც ჩვენი თანაფესვები მიესალმნენ დამსწრე საზოგადოებას. მინდა აღვნიშნო პატარა ნოდარიკოს აღფრთოვანება, მან ხომ პირველად ნახა ნამდვილი ჩოხიანი ბიძიები, რომლებიც ადრე მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდა ნანახი... ბოლოს კი ყველაფერი განშორების ცრემლებით დამთავრდა. ფერეიდნელთა ჯგუფს გარს თბილისელი ქართველობა შემოეხვია... სტუმრად ეპატიჟებოდნენ, უბის წიგნაკებში ჩანაწერებს აკეთებინებდნენ, გულში იხუტებდნენ და თავიანთ ალალ სიყვარულს და სითბოს სთავაზობდნენ...

– კიდევ გეგმავთ ახლო მომავალში ამ კუთხით რამეს?


– იცოცხლეთ, გეგმები ბევრი მაქვს... პირველ რიგში მინდა მოვინახულო ”ტკივილიანი ციხემთა”, სადაც წარმოებულმა ომმა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა და ჩრდილივით სამუდამოდ თან სდევს ფერეიდნელ ქართველებს. ამ მთაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ ფერეიდნელები თითქოს კვლავ მონებად აქცია იმ დროს და დღემდე მისი ზეგავლენა სულში აქვთ დარჩენილი. დიდი სურვილი მაქვს როგორმე მივაკვლიო და ფირზე აღვბეჭდო ციხემთიდან გადმოყრილი ნაომარი ქართველების, ქალისა და კაცის სამკაულები და აღჭურვილობა!!! ასევე მინდა გადავიღო ისპაჰანში შაჰ-აბასის ”ჩეჰელ-სეთუნის” სასახლის კედელზე არსებული ალავერდი-ხან უნდილაძის ერთად-ერთი და უნიკალური ნახატი, სადაც ალავერდი-ხანი შაჰ-აბასის მარცხნივ ზის (ხაზგასმა სიტყვაზე – ზის) და რა თქმა უნდა – ხიდი, რომელსაც მეც და ჩემი ფერეიდნელი მეგობრები ხუმრობით ”პაპას ხიდს” ვეძახით. აგრეთვე მინდა მოვინახულო: შირაზში – წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წამების სავარაუდო ადგილი და ალავერდი-ხან უნდილაძის სახელთან დაკავშირებული გრანდიოზული სკოლა და ქარვასლა; ჰორმოსში – ალავერდი-ხან უდილაძის შვილის, იმამყული-ხან უნდილაძის ძეგლი, როგორც მეტად იშვიათი გამონაკლისი; ფერეიდანში – 80 ფერეიდნელი ქართველის საფლავი იმ 200-მდე ქართველიდან, რომლებიც ერაყის ომში დაიღუპნენ და ბოლოს, მინდა გავიცნო და გავესაუბრო ფერეიდნელი ქართველის, პატრიოტი მასწავლებლის, საიდ მულიანის (იგივე გიორგი მულიაშვილი) მოსწავლეებს, რომელთაც ბატონი საიდი ქართულ წერა-კითხვას ასწავლის.
      საიდ მულიანი არის ავტორი წიგნისა: ”ქართველთა როლი ირანის ისტორიაში, კულტურაში და ცივილიზაციაში”, რომლის ერთი ეგზემპლიარი მეც მაჩუქა ჩემი ფერეიდანში მოგზაურობის დროს. სხვათაშორის, ბატონი საიდი მეორედ ვინახულე აქ, საქართველოში, ქალბატონ გიული ალასანიას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ”ქართული დიასპორა – ხიდი მსოფლიოსთან”, სადაც მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული ბატონ მუხტარ (ასლანი) დარჩიაშვილთან ერთად. მინდა შეგახსენოთ, რომ გაზეთ ”კვირის პალიტრაში” დაიბეჭდა ინტერვიუ ბატონ მუხტართან – ”ფერეიდანში ქართველს ქართველზე ხელი არასოდეს აღუმართავს”.

– ბევრი სურვილი გქონიათ!


– კიდევ ერთი მაქვს, რაც უახლოეს დროში მინდა სისრულეში მოვიყვანო. პირველი ქართველი, ვინც საკუთარი სახსრებით იმოგზაურა და ფეხი დაადგა ფერეიდანის მიწაზე, იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო დიდი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი, რომელიც 1904 წლის აპრილში დასნეულებული გარდაცვლილა და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე. 2006 წლის 19 მარტს, წვიმიან კვირა დღეს, მოვინახულე ბატონ ლადო აღნიაშვილის საფლავი და ფერეიდანიდან ჩემი გამომგზავრების დღეს მასპინძლების მიერ გამოტანებულ საგზალში აღმოჩენილი ჩვენებური მიწის თხილის მსგავსი ნაყოფიც კი დავთესე... ახლა მინდა, რომ აღნიაშვილის საფლავიდან აღებული ქართული მიწა მი-მო-ვაბნიო ციხემთის კლდეებს, ხოლო ”ანქ”-აური სიღნაღის მიწა – ”ინქ”-აური სიღნაღის კედლებს...

– თქვენი ჩანაფიქრების ასრულებას და წარმატებებს გისურვებთ!


– დიდი მადლობა, თქვენს მკითხველებს კი კიდევ ერთხელ ვთხოვ, მოინახულონ www.fereidani.com. ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო და საქართველო!




თინათინ ჩითინაშვილი


* * *

       მეგობრებო, ახლა კი გთავაზობთ დიდი ბრიტანეთის ქართულ ემიგრანტთა ჟურნალ ”თანამემამულეში” დაბეჭდილ სტატიას – ”პირველი ქართველები ფერეიდანში” (რედაქტორი და გამომცემელი – ბატონი ზაზა მესხი).



”თანამემამულეს” რედაქცია მადლობას უხდის გიორგი ალავერდაშვილს ამ მასალის მოწოდებისათვის.
დამატებითი ინფორმაცია ამ თემაზე შეგიძლიათ მოიპოვოთ ვებ-გვერდზე: www.fereidani.com