გიორგი კალანდია – «საქართველოს სული ვარ!»


      ამ ზეცას გამარჯვებაც ახსოვს და დამარცხების ტკივილიც, თუმცა იყო დრო, როცა მის ქვეშ გართხმულ ქვეყანას თითქმის ნახევარი მსოფლიო ეკავა.
      ირანი ის სახელმწიფოა, რომელიც ბევრს შიშის ზარს სცემდა, ბევრისთვის კი მეგობარი და საოცნებო მხარე იყო. ქართველებს ირანისადმი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ, რადგან ჩვენ იქ 400 წლის წინ დაკარგული სულის ნაწილს ვეძებდით.
      ირანის დედაქალაქმა თეირანმა შეუძლებელია არ მოგხიბლოს, იგი ნამდვილი აზიური მეგაპოლისია, მეჩეთების დიდი ზურმუხტისფერი გუმბათებითა და გადატვირთული ქუჩებით. ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სახლებითა და მუდამ მოცეკვავე შადრევნებით. თუმცა თეირანში ყველაზე ლამაზი მაინც ხალხია, როცა აქაურ ქუჩებსა და კაფეებში ჩვეულებრივ ირანელებს უცქერ, ძალაუნებურად ძველი სპარსეთი გახსენდება და შენს წინაშე პერსეპოლისის კედლებზე ამოკვეთილი აქემენიდების სახეები ცოცხლდება.
      თეირანში ჩვენი ტელეექსპედიცია მხოლოდ ერთი დღე ჩერდება, თუმცა ამ ერთ დღეში 14 მილიონიან ქალაქში ქართული ოჯახის პოვნას მაინც ვახერხებთ.
      გუგუჩანების სახლში შესვლისთანავე ხვდები, რომ ოჯახის ყველაზე ძვირფასი საგანძური ქართველობაა, ისტორიული სამსობლოსადმი ნოსტალგია აქ ყველაფერში იგრძნობა, კედლებზე ჩამოკიდებული სურათებიც კი საქართველოს უკავშირდება.
      ოჯახის უფროსი მაჰამად, იგივე მალხაზ გუგუჩანი ფერეიდნიდან ირანის დედაქალაქში ძალიან ახალგაზრდა გადასახლდა, სპარსულენოვანმა გარემომ და უზარმაზარი ქალაქის დაძაბულმა რიტმმა მასში საქართველოს სიყვარული ვერ დაჩრდილა, პირიქით, ბატონი მაჰამადი თეირანში ქართველობას უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება.
      ქართული წესები შევინარჩუნეთ წინაპრების წყალობით, აბა რა უნდა შეინარჩუნო თუ ქართველი ხარ, – ვინ გასწავლათ ქართული? – მე დედამ მასწავლა, მეც ამათ ვასწავლე, ასე მიდის, 400 წლის განმავლობაში ასე ყოფილა, დედამ შვილს ასწავლა, შვილმა კიდევ თავის შვილს ასწავლა (მაჰამად (მალხაზ) გუგუჩანი).
      “მალხაზას ცოლი რომ შავიქენ, დამიდგა რო ქართულად უნდა ილაპარაკოო და შვილები ქართულად უნდა გაიზარდონო, მეც მიყორდა და ევდევნო, ეხლაც სახლშიაც ლაპარაკი სულ ქართულად გვაქვს, ყველა გვეკითხება თეირანში ქართულად როგორ ამბობთო, ჩვენ ხომ ოჯახში ქართველები ვართ” (აზამ გუგუჩანი).
      ქართველმა ქალმა შორეულ ირანში ჩვეული სილამაზე არ დაკარგა, ძნელბედობამ და გაჭირვებამ მის გარეგნობას ვერაფერი დააკლო, ეს ისტორიული ფაქტი გუგუჩანების ოჯახში სტუმრობისას უფრო თვალნათელი გახდა.
      გუგუჩანებს ყველაზე მეტად თანამემამულეების წარმატებები ახარებთ, სამშობლოს შესახებ ახალ ამბებს აქ გულის ფანცქალით ელიან და იმ დღეზე ოცნებობენ, როცა საქართველო ძლიერი სახელმწიფო იქნება.
      ბავშობიდანვე ვნატრობდი და საქართველო გულში მედო, სადაც დავდიოდი საქართველო ჩემთან იყო და საქართველოზე სულ ვნატრობ რომ გამარჯვებული და ფეხზე დადგომილი იყოს (მაჰამად (მალხაზ) გუგუჩანი).
      მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოჯახი საქართველოზე უზომოდ შეყვარებულია, მათ შორის ყველაზე მეტად მაინც გვარის გამგრძელებელი მასუდ გუგუჩანი გამოირჩევა, 29 წლის ახალგაზრდას ისტორიული სამშობლო ყოველდღე ენატრება.


      საქართველო დედა სამშობლოა ჩვენი ქართველებისა, რომ ვყოფილვართ ოდესმე, საქართველო ბავშობიდანვე გვენატრებოდა, ახლა ღმერთის წყალობით გზები გაიხსნა, სიტუაცია გამაიცვალა, ადრე ძაან გვენატრებოდა საქართველო, ფერეიდანში რო წვიმდა ამბობდნენ საქართველოში ახლა წვიმსო, როცა თოვდა, ჰეე საქართველოში თოვსო. მე იმედი მაქვს ქართველები ერთად იქნებიან (მასუდ (მამუკა) გუგუჩანი).
      ირანის ქართველობა მშობლიურ ენას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, ენას აქ აღმერთებენ, უფრთხილდებიან და თაყვანს სცემენ.
      ქართული ენა ძაან ტკბილია და ყველა ქართველისათვის ეს არის საამაყო. ძალიან ძნელია ჩვენთვის ენის შენარჩუნება, იმიტო რომ თეირანში სულ სპარსელები არიან, მაგრამ ქართველი სადაც არის მთავარი არის იქ ქართულად ილაპარაკოს და კაცად დარჩეს, ძალიან სირცხვილია ენა რომ დაკარგოს. სადაც ხარ მთავარია კაცი იყო და იცოდე ქართული, ჩემი დედა ენა ქართულია და ძაან ვამაყობ ამით (მასუდ (მამუკა) გუგუჩანი).


      საქართველოსთან ერთად ახალგაზრდა არც ფერეიდანს ივიწყებს, მხარეს რომელსაც იგი წინაპრების და სამშობლოს ხსოვნას უკავშირებს.
      ლეგენდარული ადგილია, რადგან 400 წლის მანძილზე აქ ვყოფილვართ, ჩვენი მიწა წყალია, ერთი ნაწილი საქართველოსი არის და რაღაც ნატვრები, ოცნებები ჩვენი 400 წლის განმავლობაში იქ არის. იქაურ კედლებს რომ ვხედავთ ჩვენი პაპები გვაგონდება, ის არის ჩვენი სუფთა ქართული სოფელი, იქ ყველა ქართულად საუბრობს და ეს ჩვენთვის ქართველებისთვის არის მთავარი. ფერეიდანში რო წახვალ ყველა ადგილებს ქართული სახელები აქვს და ეს როგორც საქართველოშია. თვეში ერთხელ ფერეიდანში ვარ, წელიწადში ერთხელ მივდივარ, ძაან მიყვარს იმიტო რო ყველანი ქართულად ლაპარაკობენ და ეს მნიშვნელოვანია ყველაზე (მასუდ (მამუკა) გუგუჩანი).
      მასუდმა საუბრის ბოლოს ქართველებთან ის სიტყვები დაგვაბარა, რომელთა დავიწყება ალბათ არ ღირს, მათში ხომ ფერეიდნელების 400 წლოვანი დარდიც ჩანს და გაუტეხელი ეროვნული სულისკვეთებაც.
      მინდა გითხრათ მხოლოდ მიყვარხართ ქართველებო, ქართველი სახელს რომ გავიგებ დავისვენებ, სადაც ქართველის სახელს გავიგონებ დავისვენებ, სადაც ქართული ხმა მესმის, ქართული საუბარი, ეს მართლა მასვენებს, მინდა ქართველებს უთხრა სადაცა ხართ არ დაჰკარგოთ თქვენი დედა ენა, იმიტო რომ ადამიანის ვინაობა არის მისი დედა ენა. კაცმა რომ დედა ენა დაკარგოს ვინაობა აღარა აქვს. აი 400 წელი დიდი ტანჯვა გამოიარა ეს ენა შეინახა. არ შეიძლება ენა დაჰკარგოთ, ეს გაჩვენებს რა გენია ქართული (მასუდ (მამუკა) გუგუჩანი).
      თეირანის შემდეგ გზას ქვეყნის შუაგულისაკენ ვაგრძელებთ. გეზი კიდევ ერთი ცნობილი ქალაქისაკენ გვიჭირავს.
      ლეგენდას თუ დავუჯერებთ ისპაჰანი იმდენი წლისაა, რამდენისაც ირანის ზეგანია, ამ ქალაქის ისტორია კი სპარსეთის ისტორიისაგან განუყოფელია.
      თითქმის ორი საუკუნე ისპაჰანს ქართველი მოურავები მართავდნენ.
      პირველი ქართველი ტარუღა ხოსრო მირზა იყო (1618-1656 წწ), რომელიც თანამდებობაზე ფარსადან გორგიჯანიძემ შეცვალა (1656-1696 წწ). ფარსადანის შემდეგ კი თანამდებობა ვინმე პაატა გურჯმა დაიკავა. ქალაქის მმართველის ტახტი ვახტანგ მეექვსის ძმას, როსტომსაც ერგო.
      ისპაჰანის ბოლო ქართველი ტარუღა ერეკლე პირველის ვაჟი ბატონიშვილი დავითი ანუ იმამ ყული ხანი იყო.
      ისპაჰანი უზარმაზარი იმპერიის დედაქალაქად სელჩუკმა მბრძანებელმა მალიქ შაჰმა გამოაცხადა. მისივე მმართველობის დროს ქალაქი კიდევ უფრო გალამაზდა და გამშვენიერდა. თუმცა ისპაჰანის ბედნიერების ვარსკლავი შაჰ-აბას პირველის ტახტზე ასვლის შემდეგ ამობრწყინდა. იგი სეფიანთა დინასტიის მეხუთე და ყველაზე დიდი მბრძანებლის სატახტო ქალაქი გახდა.
      შაჰის ბრწყინვალება ისპაჰანის რეზიდენციის არქიტექტურაში ნათლად ჩანს. მოედანი, რომელზეც იგია გაშენებული, მსოფლიოში უდიდესად ითვლება და “ნაყსე ჯაჰანი” ანუ მსოფლიოს სურათი ეწოდება.
      მნახველი დღესაც აღტაცებაში მოჰყავს სასახლე ალი ყაფუს კერამიკით ნაძერწ სამკაულებსა და ფირუზისფერ მოხატულობას. მრისხანე მბრძანებელი შაჰ-აბასი ამ თაღებ ქვეშ აწყობდა ელჩებისა და სხვა საპატიო სტუმრების მიღებას. ამავე სასახლეში 1615 წელს საქართველოს მიწასთან გასწორება გადაწყდა. სწორედ მაშინ ირანმა კახელებს საღვთო ომი ანუ ჰაზავათი გამოუცხადა.
      ქართველები ომში სასტიკად დამარცხდნენ. განრისხებულმა შაჰ-აბასმა მოსახლეობის დიდი ნაწილი დახოცა, გადარჩენილები კი შორეულ ირანში გადაასახლა. ქართველი ხალხის ამ ეროვნულ ტრაგედიას ევროპელი მოგზაური დელა ვალე შემდეგნაირად აღწერს:
      “ქართველთა დიდ გადასახლებას მოჰყვა საზარელი წყვეტა-ჟლეტა, რამდენი სიკვდილი გაჭირვებისაგან. რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება, რამდენი ჩვილი ყმაწვილები თავიანთ მშობლებმა დაახრჩეს ან წყალში ჩააგდეს სასოწარკვეთილებისაგან, რამდენი სხვა მოჰკლეს სპარსელ ჯარის კაცებმა მიტომ რომ ისინი სასიცოცხლო არ იყვნენ, რამდენი ძალით მოგლიჯეს დედის ძუძუს და დააგდეს შარაზედ მხეცების საჭმელად ან მხედრების, ცხენების და აქლემების სასრესად. მხედრებს არაერთხელ უვლიათ ქართველთა მიცვალებულ ლეშებზედ, რამდენი მიცვალებულის გვამი მგელს, ძაღლს და ნადირს უხრია და უგლეჯ-უჯიჯგნია, რამდენჯერ მამა – შვილს, ქმარი – ცოლს, ძმა – დას მოაშორეს ისე, რომ მათ იმედიც არ შერჩენიათ როდისმე ერთმანეთის ნახვისა. ამ სამწუხარო შემთხვევაში რამდენი ქართველი ქალი და კაცი იყიდებოდა ყველგან პირუტყვზე უფრო იაფად ვინ იცის და ვინ მოსთვლის გატანჯულ ქართველთა ცრემლსა და დარდს”.
      შაჰ-აბასის მრისხანებამ მთელი კავკასია შესძრა, თუმცა იგი არც პირველი და არც უკანასკნელი ყოფილა მათ შორის, ვინც ქართველებს შორეულ ირანში ასახლებდა:
      ჯალალ-ად დინი – მან სპარსეთში 25 ათასი ქართველი გაიყვანა;
      თემურ ლენგი – მისი ბრძანებით 180 ათასი მოსწყვიტეს სამშობლოს;
      შაჰ-ისმაილი – გადასახლებულთა რიცხვი 25 ათასზე მეტია;
      შაჰ-თამაზი – 50 ათასი ადამიანი;
      შაჰ-აბასი – 400 ათასი ქართველი;
      სელიმ ხანი – 20 ათასი;
      ფეიქარ ხანი – 130 ათასი;
      ნადირ შაჰი – 5 ათასი;
      უზუნ ჰასანი – 3 ათასი;
      აღა მაჰმად ხანი – 20 ათასი.

      ისპაჰანი და მდინარე ზიანდერუდი განუყოფელია, თავად მდინარე კი ”სი ო სე ფოლის” გარეშე ალბათ წარმოუდგენილია. ეს ულამაზესი 33 მალიანი ხიდი XVII საუკუნეში აიგო და ქართველი ხალხის შემოქმედებითი ნიჭის თავისებურ სიმბოლოდ იქცა.
      ისპაჰანში, შაჰის 40 სვეტიან სასახლე ”ჩეჰელსოთუნში”, ერთ-ერთ კედელზე შაჰ-აბასის ნადიმობაა ასახული. მრისხანე ბრძანებელი ხალიჩაზე ფეხმორთხმით ზის და შარბათს მიირთმევს, აქვეა მთელი სასახლის კარი, თავდახრილი მოახლეებით და ჰარამხანის მოცეკვავე ქალებით. შაჰის გარშემო დიდებულთა მთელი დასია შემოკრებილი, თუმცა აბასის გვერდით, როგორც პირველი პირველთა შორის – ალავერდი ხან უნდილაძე ზის.
      წარმოშობით ქართველმა ფეოდალმა ირანში განუზომელ ძალაუფლებას მიაღწია. “მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავედი ხანს ვემორჩილებიო” – უთქვამს უნდილაძით მოხიბლულ შაჰ-აბასს.
      ქართველი ფეოდალი არც განსაკუთრებით მომხიბვლელი იყო და არც სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული პატრიოტი, თუმცა შაჰის პირადი გვარდიის მეთაურსა და დიდ ბეგლარბეგს როგორც ჩანს საქართველო მაინც არ ავიწყდებოდა.
      სწორედ ამიტომ ირანის ქართველობის უმეტესობას დღემდე სჯერა რომ უნდილაძემ ”სი ო სე ფოლის” ხიდის 33 თაღი 33 ქართული ბგერის საპატივცემულოდ ააგო.


      ხიდის მშენებლობა 1600 წელს შაჰ-აბასის ბრძანებით ალავერდი ხან უნდილაძემ დაიწყო. მისი სიგრძე 300, სიგანე კი 14 მეტრია. არქიტექტურული თვალსაზრისით ნაგებობა უნიკალურია, მართალია იგი არც მოხატულია და არც მოჭიქული, თუმცა აგურის წყობით ჩუქურთმები ისეა გამოყვანილი რომ მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
      ხიდის ხუროთმოძღვრება უჩვეულოა, მას ორივე მხრიდან თაღოვანი ღია აივნები აკრავს, საიდანაც ხიდის ქვეშ ჩასვლა შეიძლება. ქვედა დერეფნების იატაკი კი თითქმის მდინარის ზედაპირის დონეზეა დაგებული.
      ზაფხულის ცხელ დღეებში უნდილაძის ხიდქვეშა სივრცის სიგრილე და წყლის რაკრაკი უამრავ ადამიანს იზიდავს. ქვის ამაღლებული ჯებირებიდან აქ წყალი ქვევით ისე ეშვება რომ პატარა ჩანჩქერის შთაბეჭდილებას ქმნის.
      აღმოსავლური ხიბლი “სი ო სე ფოლთან” ალბათ ყველაზე მეტად იგრძნობა, აქაურობა ხომ ყოველთვის სიცოცხლითაა სავსე. ბურჯებზე მოწყობილ კაფეებში ახალგაზრდობა თავს ნარგილეს მოწევით იქცევს. შრომით დაღლილი უფროსები ხიდზე დინჯად დააბიჯებენ, ცაში გამოკიდებული 33 თაღი კი თითქოს ისპაჰანის მცხუნვარე მზის სხივებს ეცეკვება.
      მშვიდი და წყნარი ისპაჰანი 1979 წელს მღელვარების ერთ-ერთი ეპიცენტრი გახდა.
      სახალხო გამოსვლების მიზეზი ირანის მაშინდელი შაჰის მოჰამად რეზა ფეხლევის სისასტიკე და უგუნური პოლიტიკა აღმოჩნდა, ფეხლევს ხალხი ეროვნული ტრადიციებისა და ეკონომიკის განადგურებაში სდებდა ბრალს.
      ირანის შაჰი არც ფერეიდნელი ქართველებისადმი გამოირჩეოდა გულმოწყალებით. პირიქით ფეხლევის რეჟიმის ამოცანა ქართული მოსახლეობის სრული ასიმილაცია იყო.
      შაჰის მმართველობით უკმაყოფილო ასიათასობით ადამიანი 1978 წელს თეირანის, ისპაჰანისა და ყუმის ქუჩებში გამოვიდა. ქვეყანაში ისლამური რევულუცია დაიწყო, რომელსაც ირანელი ხალხის სულიერი ლიდერი, დიდი იმამი აიათჰოლა ჰომეინი ხელმძღვანელობდა.
      შაჰის რეაქცია მოსალოდნელზე უფრო მკაცრი აღმოჩნდა, მან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ტანკები და საბრძოლო ვერტმფრენები გამოიყვანა. არმიასთან შეტაკებაში ასობით მომიტინგე დაიღუპა. ფეხლევის სისასტიკის მიუხედავად ხალხმა უკან არ დაიხია, 1979 წელს მღელვარების ტალღამ პიკს მიაღწია, მარტო თეირანის ქუჩებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს პროვინციულმა ქალაქებმაც, მათ შორის ფერეიდუნ შახრმა. უნდა აღინიშნოს რომ ირანის ისლამურ რევულუციაში ქართველები აქტიურად მონაწილეობდნენ. შაჰის რეჟიმის დამხობაში ისინი ირანის კეთილდღეობასთან ერთად საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების გზასაც ხედავდნენ.
      რევოლუციის ბედი აიათჰოლა ჰომეინის გამბედაობამ გადაწყვიტა, იგი დევნილობიდან სამშობლოში 1979 წლის 1 თებერვალს, სწორედ იმ მომენტში დაბრუნდა, როცა ეს ირანს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. იმამში ხომ ხალხი სულიერ მოძღვართან ერთად ეროვნულ ლიდერსაც ხედავდა.
      რევულუციის გამარჯვებას წინ უკვე აღარაფერი ედგა, შაჰმა თავს ეგვიპტეში გაქცევით უშველა, 10 დღეში კი მისმა რეჟიმმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.
      ისპაჰანში ყოფნის დროს ჩვენი ტელეექსპედიცია განსაკუთრებით ჯულფის სომხური დასახლებით დაინტერესდა. სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილი იყო რომ აქაურ სომხურ ტაძრებში ქართული საფლავები შემორჩა, თუმცა ვიდეოფირზე ჩვენამდე ისინი არავის გადაუღია.
      ისფაჰანის გარეუბანში სომხურ დასახლება ახალ ჯულფას ჯერ კიდევ 17 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ შაჰ-აბასმა 3 ათასი სომეხი დედაქალაქში ვაჭრობის განვითარების მიზნით საგანგებოდ ჩაასახლა. აბასი სომეხ ვაჭრებს განსაკუთრებით სწყალობდა, ამიტომ მან ჯულფის მცხოვრებლებს თვითმართველობის უფლება მისცა და გადასახადებისაგანაც გაანთავისუფლა. რელიგიური აღმსარებლობის უფლების მინიჭების შემდეგ სომხებმა ახალ ჯულფაში უზარმაზარი და უმდიდრესი ეკლესიები ააგეს. აქ წირვა-ლოცვა სომხურ ენაზე მიმდინარეობდა. თავად შაჰ-აბასიც ხშირად მონაწილეობდა წყალკურთხევის დღესასწაულში, რელიგიურ ცერემონიალს იგი ფეხშიშველი ესწრებოდა.
      ნერსესის, მინასის და სარქისის ეკლესიების კარები ჩვენი ტელეკამერისათვის სომეხი წინამძღვრის საგანგებო ნებართვის შემდეგ გაიღო.
      ქართული ეპიტაფიების ძებნა დიდხანს არ დაგვჭირვებია, ეზოებში, უამრავ სომხურ საფლავის ქვებს შორის ნათლად ჩანდა მხედრული წარწერებით დამშვენებული სამარის ლოდები:
      “ქრისტე უფალო შეიწყალე და კურთხევით მოიხსენე მონა შენი - გორელი თაყაინსშვილი ზაალი, ვინც ვინ წაიკითხოთ და შენდობით მომიხსენოთ, ღმერთმა თქვენც შეგინდოს ცოდვანი თქვენი”
      “ქრისტე შემიწყალე საწუთროსა ამის სოფლისაგან, გარდაცვლილი უცნაურისა სიკვდილისაგან, მე აზნაურის შვილი ზურაბ წოდებული, წლისა ათვრამეთისა, ქართველი, მართლამადიდებელი ქრისტიანი. ნუ დამივიწყებთ ძმანო მკვიდრნო საქართველოსანო”.
      “უფალო შეიწყალე აქა მაწოლე გორელი სააკაშვილი გიორგი. შეუნდე ცოდვანი მისი”.
      “ქრისტე უფალო ღმერთო, შეუნდე აქა მწოლელს გორელი მირიანთ რამაზასა შვილის ზურაბის სულსა, სამოთხე და ნათელი აღირსე, შეუნდე ცოდვანი მისი. ვინცა წაიკითხოთ, შენდობა უთხარითა. ღმერთმა თქვენცა შეგინდოსა ცოდვანი თქვენი”.
      “უფალო ღმერთო შეიწყალე აქა მწოლელისა მოქალაქე ქართუელი, პაპუას შვილი ფარსადანის სიძე. სულსა სამოთხე და ნათელი აღირსე. შეუნდე ცოდვანი მისი “.


      თუ ქართული საფლავის ქვების არსებობა ჯულფაში სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილი იყო, აბსოლუტურად მოულოდნელი გახდა დღემდე უცნობი ქართული ხელნაწერის პოვნა. მას საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა, ჩვენი ტელეექსპედიციის წევრმა ბუბა კუდავამ ვანქის ეკლესიასთან არსებულ სომხურ მუზეუმში მიაკვლია.
      “სპარსეთში მოსულნი თუ ტყვეობით წაყვანილნი ქართველნი ყოველთვის ქრისტიან ხალხს ეკედლებოდნენ, მათსავე ეკლესიებში შესანახად მიჰქონდათ ქართული წიგნები და სიწმინდეები”. გასული საუკუნის ცნობილი ისტორიკოსის ზაქარია ჭიჭინაძის ზემოხსენებული სიტყვებით ქართული ხელნაწერის სომხურ ტაძარში არსებობა ადვილი ასახსნელია.
      ღამის ისპაჰანით შეუძლებელია არ მოიხიბლო, ქალაქი ხომ სიბნელეში განუმეორებელ ელფერსა და ბრწყინვალებას იძენს, თუმცა ჩვენი გაოცება ისპაჰანში უფრო სხვა რამემ გამოიწვია, მოულოდნელად ერთ-ერთ გადატვირთულ ქუჩაზე ჩვენს წინ მიმავალი მანქანა და მის მინაზე გაკეთებული წარწერა შევნიშნეთ. “ქართველო გაგიმარჯოს” ასეთი მოწოდებით მიჰქროდა მრავალმილიონიან ქალაქში ირანული მანქანა!
      მოიჩდაბა რაჰიმის სახლში მთელი ოჯახი დაგვხვდა, პატარა ბავშვებმა როგორც კი ჩვენი სტუმრობის ამბავი გაიგეს აბრაზე საგანგებოდ მისასალმებელი სიტყვა დაწერეს.
      ბატონი რეზო რაჰიმი ქართულ წერა-კითხვას ისპაჰანის ქართველობას მთელი მონდომებით ასწავლიდა, რადგან იგი თვლიდა რომ ეს ყველაზე საშური და მნიშვნელოვანი საქმე იყო. ბატონი რეზოს ოჯახის ყველა წევრი ქართულად საუბრობს, მათ მშობლიური ფერეიდნული პირველად მშობლებისაგან მოისმინეს. ამ ოჯახში ეროვნულ ტრადიციებს განსაკუთრებით უფრთხილდებიან, ქართველობის შენარჩუნება აქ ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
      ჩვენს ისპაჰანელ მასპინძლებს გვიან ღამით დავემშვიდობეთ, მეორე დღეს გეზი ფერეიდნისაკენ გვიჭირავს, რაჰიმების ოჯახში სიმღერით გამოგვაცილეს, იმ სიმღერით, რომელიც ფერეიდნისკენ მიმავალ ქართველს ალბათ ყველაზე მეტად უხდება.
      10 დღიანი ლოდინის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ ფერეიდნისაკენ გამგზავრების უფლება მოგვცა, ისპაჰანიდან ზაგროსის მთებისაკენ გზა ნახევარ უდაბნოს მიუყვება. აუტანელი სიცხე და მზის სიმხურვალე ძალაუნებურად 400 წლის წინათ გადასახლებულთა ტანჯვაზე ჩაგაფიქრებს.
      ფერეიდანი – ირანის ქართველთა აღთქმული მხარე, აქ ყველაფერი განსხვავებულია, ძალიან ლამაზია და დახატული. თანამედროვე ფერეიდანი ისფაჰანის საგუბერნატოროს ერთ-ერთ შაჰრესთანს ანუ პროვინციას წარმოადგენს და იგი ირანის ცენტრალურ მთიანეთში მდებარეობს. ფერეიდუნ შაჰრის შაჰრესთანი 6 სასოფლო თემისა და 262 დასახლებული პუნქტისაგან შედგება. მოსახლეობა 114 ათას კაცს აღემატება. რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია.


      ირანის ზეგანზე გაშენებული პატარა ქართული წალკოტი უამრავი რბევისა და აწიოკების ობიექტი იყო. სამშობლოდან გამორეკილ ფერეიდნელებს საკუთარი სახლ-კარის დაცვა ამჯერად ავღანელეთა შემოსევებისაგან უწევდათ. გმირული წარსულის დასტურად მთებზე გათხრილი სანგარი დღემდე შემორჩა.
      ფერეიდანში ყველა ადგილს ქართული სახელი ჰქვია, ყველას თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, აქაურ მთებს კაცები სიმაგრეებად იყენებდნენ, გამოქვაბულებში კი ქალები და ბავშვები იხიზნებოდნენ.
      ფოტოებს, რომელსაც თქვენს ტელეეკრანებზე ხედავთ, 1927 წელს ამბაკო და სარა ჭელიძეების მიერ ფერეიდანშია გადაღებული, მათი დათვალიერების შემდეგ ხვდები რომ ფერეიდანში შეუცვლელი მხოლოდ ბუნება არ დარჩენილა. კარგად დააკვირდით ამ სახეებს, მაშინდელ ფერეიდნელებს საქართველო ისევე უყვარდათ, როგორც მათ დღევანდელ შთამომავლებს.
      ერთ-ერთი ჯგუფის შუაში სეიფოლა იოსელიანი დგას. გულანთებული ქართველი, რომელიც ისტორიულ სამშობლოში ყველაზე მძიმე პერიოდში, 1923 წელს დაბრუნდა. სეიფოლა საბჭოთა საქართველოს მთავრობას ფერეიდნელი ქართველი ბავშვებისათვის მშობლიური ენის სწავლებაში დახმარებას სთხოვდა. კომუნისტებმა ირანიდან ჩამოსული ქართველისათვის წიგნებიც კი ვერ გაიმეტეს და გულანთებული პატრიოტი იმედგაცრუებული დატოვეს. თუმცა სეიფოლას სამშობლოს სიყვარული ერთი წუთით არ განელებია.
      ფერეიდნის სოფლები, ირანის სხვა დასახლებულ პუნქტებთან შედარებით გაცილებით ლამაზია, ხელთნაშენი საჩრდილეები და საბელავი ხეების ტყე ყოველთვის მშვენიერი სანახავია. განსაკუთრებით შორიდან. გადავწყვიტეთ პროვინციის დათვალიერება სოფელ ჩუღურეთიდან, ანუ როგორც აქ ამბობენ ჩუღრუთიდან დავიწყოთ.
      ირანის ქართველ პატრიოტთა სამჭედლო, ასე ეძახიან ჩუღრუთს, რომელიც ფერეიდუნ შაჰრის დასავლეთით 13 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი ძველად საკმაოდ დიდი ყოფილა, იგი ზიღლი სულთანს ბახტიარის ხანისათვის მიუყიდია და მასაც უცხო ტომელები ჩაუსახლებია ჩუღრუთში. ახლა აქ 1500 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან მხოლოდ ნახევარია ქართველი.
      როგორც აღვნიშნეთ ირანში ქართველ პატრიოტთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჩუღრუთიდან წამოვიდა, აქაურები კიდევ რამდენიმე საუცხოო თვისებით გამოირჩევიან ისინი საოცრად ენა მოსწრებულები და მშვიდი ხასიათისა არიან.
      ჩუღრუთში გადავწყვიტეთ ჩვეულებრივი სამოსახლოები დაგვეთვალიერებინა, რადგან ცნობილია, რომ საერო არქიტექტურის ძველი ტრადიციები ფერეიდანში დღემდე შემორჩა.
      აქ სახლები ალიზითაა აშენებული, იგი უმეტეს შემთხვევაში ბრტყელ ბანიანია, მიწით მოტკეპნილი ისევე, როგორც წინათ ეს ქართლის ზოგიერთ სოფელში იყო. სახლის გარეგანი მორთულობა სადაა, მას ვიწრო კარ-ფანჯრები ამშვენებს. აივნის ფუნქციას კი ბოძებიანი შესასვლელი ასრულებს. ეზოშია მოთავსებული ბოსელი და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების სათავსო. სამოსახლოს გალავანი არტყია, რომლის ცენტრშიც დაბალი ჭიშკარია ჩაშენებული.
      ჩუღრუთში რომ ქართული პატარებმა ზედმიწევნით იციან ამის მოწმენი თავად გავხდით, სოფლის ცენტრში 10 წლის კიროს ასლანიანს სწორედ იმ დროს შევხვდით, როცა მას ცხვარი საძოვარზე მიჰყავდა. პატარა ქართულად მაშინვე გამოგვესაუბრა.

კიროს ასლანი
ძველი სახლები

      კიროსი ძალიან მალე დაგვიმეგობრდა, მან საქართველოს შესახებ მშობლების მონაყოლიდან იცის, ამიტომ როცა ჩვენი სადაურობა გაიგო მაშინვე საჩუქარი შემოგვთავაზა.
      საღამო ჟამს გადავწყვიტეთ ჩუღრუთში ერთ-ერთ ოჯახს შინ სტუმრად ვწვეოდით. დიდი საქართველოდან გადამღები ჯგუფის გამოჩენას დიასახლისი აშრაფა სეფიანი სიხარულით შეხვდა. ამიტომ ქალბატონი მის საუკუნოვან სახლ-კართან დაკავშირებულ ყველა დეტალს დიდი მონდომებით გვიყვებოდა. ქალბატონი აშრაფა მრავალშვილიანი დედაა, თუმცა ამჟამად მეუღლესთან ერთად სახლში მარტო ცხოვრობს, ახალგაზრდები ისპაჰანში გადავიდნენო ბედის საძიებლად.
      ჯერ კიდევ სეფიანების სახლ-კარს ვიღებდით, როცა ოჯახის უფროსი დაბრუნდა, ბატონი ჯაფარეს გამოჩენა და მისი საუბარი ძალაუნებურად ჩვენებურ კახელ გლეხს გაგახსენებდა.
      ჩვენს საუბარს ნელ-ნელა მეზობლები და ოჯახის მეგობრები შემოუერთდნენ, მათთან ლაპარაკის დროს ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ. მასპინძელმა ირანულ ჩაიზე მიგვიპატიჟა, ფერეიდანზე საუბარი ამჯერად ხალიჩაზე ფეხმორთხმულებმა გავაგრძელეთ. ვიგებთ რომ აქაური ქართველები ერთმანეთს განსაკუთრებით უფრთხილდებიან, ამიტომ გურჯებს შორის ჩხუბი, მკვლელობა ან ყაჩაღობა თითქმის არ არსებობს.
      ჩვენებურებთან საუბრის დროს ჩუღრუთთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო ლეგენდა თუ გადმოცემა მოვისმინეთ, გავიგეთ სოფელში მცხოვრებთა ქართული გვარებიც. ჯაფარე სეფიანმა რვავე შვილს ქართული ზედმიწევნით შეასწავლა, ოჯახის უფროსს მიაჩნია, რომ მშობლიური ენა დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
      იმავე ღამეს ფერეიდუნ შაჰრის ცენტრალურ მოედანზე უცნაური სანახაობის მომსწრენი გავხდით, მთავარ ქუჩაზე უამრავი ადამიანი ხმამაღალი შეძახილით მოდიოდა. როგორც გავარკვიეთ ამ მხიარულების მიზეზი ქორწილი იყო. ზეიმი ფერეიდნელ ქართველებში ორ დღეს გრძელდება, და მასში მთელი გვარი მონაწილეობს. ხმამაღალი შეძახილით “შაბო, შაბო” ნათესავები ერთმანეთს წყვილის გაბედნიერებას ულოცავენ.
      ზეიმი სიძის სახლიდან იწყება, აქ დაფდაფებს უკრავენ, ჩირაღებს ანათებენ და სტუმრებს შინ ეპატიჟებიან. შიგნით კი სიძე, მისი მშობლები და ოჯახის უხუცესები მილოცვას იღებენ, აქვე აუცილებლად მოგართმევენ საუკეთესო ირანულ ჩაის. სიძის სახლში ყველაზე მეტად ქართველი ახალგაზრდები ხმაურობენ, ისინი ცეკვავენ და ხმამაღლა მღერიან.
      სიძის სახლში ერთსაათიანი ზეიმის შემდეგ მთელი ჯგუფი პატარძლის ოჯახში მიემართება, აი აქ კი ნამდვილი ქართული ზეიმი იმართება, თითქმის მთელი ქალაქი ქუჩაში გამოდის. ყველაზე მეტად ბიჭები აქტიურობენ, ისინი მოტოციკლით ერთმანეთს სიჩქარესა და სიჩაუქეში ეჯიბრებიან.
      პატარძლის სანათესაო მომსვლელებს ცეკვა-თამაშით ეგებება, ქალები მოშორებით დგანან და ახალგაზრდების მხიარულობას იქიდან ადევნებენ თვალს, აქვე მოაქვთ დედოფლისთვის მიძღვნილი საჩუქრები, პატარძალი ცალკე ოთახშია და მას სიძე მხოლოდ ორ დღიანი ზეიმის დასრულების შემდეგ იხილავს.
      ფერეიდნელების ქორწილმა საუკუნეების განმავლობაში სახე იცვალა, თუმცა ჯგუფურ ცეკვაში დაკვირვებული თვალი ხორუმის ელემენტებს მაინც შენიშნავს. ზეიმზე აუცილებლად ქართულ სიმღერასაც გაიგონებთ, რომლის სპარსულ ჰანგებში ჩვენებური სიტყვები მაინც ნათლად და ლამაზად ჟღერს.
      ფერეიდანში ორი დღის შემდეგ ვერც კი ხვდები რომ უცხოეთში ხარ, ქუჩებში სიარულის დროს, ადამიანებთან ურთიერთობისას ქართული გარემო ყველაფერში იგრძნობა და ძალაუნებურად ფიქრობ, რომ გურჯისტანამდე არც ისე შორია!
      ფერეიდუნ შახრი ზოგიერთ ჩვენ მთიან ადგილსა ჰგავს, წვერის მთაზე რომლის გარშემოც ქალაქია გაშენებული, თოვლი შუა ზაფხულამდე არ დნება, მის ხევებსა და ღრანტეებში ყინულის დიდი მარაგი ინახება, რომლითაც მოსახლეობა საჭიროების დროს სარგებლობს.
      ქალაქი პატარაა, თუმცა კოხტა და მოვლილი, დაბალი ბანიანი და ჩალისფერი სახლები თავისებურ აღმოსავლურ ეგზოტიკას ქმნის, ისევე როგორც მთელს ირანში, აქაც ქუჩაში უამრავი მოტოციკლი დადის, ტრანსპორტის ეს სახეობა ფერეიდნელების გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
      ქალაქის ქუჩებში გასულს დუქნები და მაღაზიები ქართულად გესალმებიან და იქაურების ფიქრ-ვარამს აბრებზე დატანილი ჩვენებური წარწერებით გიმხელენ.


      კიდევ ერთი თავისებურება, როცა ფერეიდუნ შახრში დადიხარ, საქართველოდან ჩასულ სტუმარს ყველა გიღიმის, გესალმება და შინ მასპინძლობას გთავაზობს.
      ჩვენს გადამღებ ჯგუფს ქალაქში გადაადგილება უჭირდა, რადგან ყოველ ჩვენს გამოჩენას ხალხმრავლობა და აღტაცება მოსდევდა, გვესალმებოდნენ თითქმის ყოველ ნაბიჯზე, გამარჯობის შეძახილით ხელს გვართმევდნენ, ჩერდებოდნენ მანქანებით, სრულიად უცნობი ადამიანები მოდიოდნენ და სამშობლოს უსაზღვრო მონატრებაზე საუბრობდნენ.
      ქართველობა ფერეიდნელისთვის არამარტო ეროვნებაა, ის პატივიცაა და ღირსების განსაკუთრებული შეგრძნებაც, ეს განწყობა აქაურებს საუკუნეებიდან მოსდევთ.
      წინაპრების განვლილი ცხოვრება ფერეიდნელებს ბევრ რამეს ავალდებულებს, ამიტომ საუკუნეებს გამოვლილ ტრადიციებს ახალგაზრდები აქ თვალის ჩინივით უფრთხილდებიან, ყველა ცდილობს მშობლიური ენა ზედმიწევნით ისწავლოს და ისტორიულ სამშობლოზე რაც შეიძლება მეტი შეიტყოს.
      ფერეიდანში ქართული სატელევიზიო ჯგუფის გამოჩენა ყველაზე მეტად ახალგაზრდებს გაუხარდათ, მათ შორის განსაკუთრებით არსენა ლალიაშვილი და მამუკა გუგუნაშვილი გამოირჩეოდნენ, ისინი ჩვენს ავტომანქანას მოტოციკლით აედევნენ და იქიდან შეძახილებით გაგვეცნენ: არსენა და მამუკასათვის საქართველო ყველაზე საოცნებო მხარეა, ეს მათთან საუბარში კარგად იგრძნობა, ბიჭების მთელი ენერგია სამშობლოსთან შეყრის სურვილითაა სავსე.
      ქართველებს ვეტყვი, რომ გაგიმარჯოთ, ერთები ვართ, იმ დროს ველოდებით რომ ერთები შავიქნათ, გურჯისტანის ქართველებო არ დაგვივიწყოთ. თქვენი თავი გვაგონდების, ჩვენც გვინდა რომ თქვენ არ დაგვივიწყოთ, ქართველებს ვეტყვი რომ გაგიმარჯოთ, ერთები ვართ (ერთ-ერთი ინტერვიუდან).
      ახალგაზრდებთან საუბარი დიდხანს გაგვიგრძელდა, ისინი ისტორიულ სამშობლოზე უამრავ კითხვას გვისვამდნენ, საქართველოს შესახებ ყველაფერი აინტერესებდათ. ამბობდნენ თავის სათქმელსაც, უემოციოდ მათი სიტყვების მოსმენა ხშირად შეუძლებელი იყო:
      რომ მოვკვდებით, ჩვენ საფლავზე დაწერენ ქართველია, ქართველი მაგარია, ქართველი ერთია, იცოდეთ რომ ჩვენ გულჩი ხარ ხართ, საქართველოს არ დავივიწყებთ არასოდეს (ერთ-ერთი ინტერვიუდან).
      როცა ამ ახალგაზრდებს უსმენდით ვხდებოდით, რომ ქართულ გენს ისტორიულმა ქარტეხილებმა ვერაფერი დააკლო, ფერეიდნისა და ფერეიდნელების შემხედვარეს კი დიდი სპარსელი პოეტის ჯალა ად დინ რუმის სიტყვები გახსენდება:
      “ჩვენ აბა რა ვართ,-
      ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი
      ეს შენ ხარ მხოლოდ მესაკრავე,
      შენია ჰანი;
      ჩვენ აბა რა ვართ,-
      ჩვენ ვართ ერთი ლიტონი სტვირი,
      ეს შენ ქვითინებ ჩვენს სხეულში
      და ჩვენში ტირი;
      ჩვენ აბა რა ვართ,-
      მთა ვართ მხოლოდ, რა უნდა გვექოს,
      ეს შენ ხმიანობ და ჩვენც შენი აგვიდის ექო;
      ლომნი ვართ, მაგრამ,
      დროშის ფრთებზე ვმძლავრობთ და ვმარდობთ,
      გვიბერავს ქარი და ჩვენც ვშფოთავთ, და ეს ვართ მარტო...
      ჩვენ რატომ გვიმზერ, როცა შენთან ესოდენ ვხვაობთ,
      შენ თავს შეხედე
      სიუხვის და სიკეთის ზღვაო!”

      გადავწყვიტეთ ფერეიდნის გარშემო მდებარე კიდევ რამდენიმე ქართული სოფელი დაგვეთვალიერებინა, მეგზურობა არსენა ლალიაშვილმა და მამუკა გუგუნაშვილმა გაგვიწია.
      რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 9 კილომეტრის მოშორებით სიბაქი ანუ ვაშლოვანი მდებარეობს, აქ ამჟამად 3 ათასამდე ქართველი ცხოვრობს, თუმცა სოფელში მშობლიური ენა თანდათან მივიწყებას ეძლევა.
      ვაშლოვანი პირველად ფერეიდუნ შახრის მაზრა ყოფილა, ანუ მისი მიწები მხოლოდ იალაღებად გამოიყენებოდა, ხალხი აქ მოგვიანებით დასახლებულა, სოფელი ორ, ძველ და ახალ ნაწილად იყოფა, სამწუხაროდ ძველი დანგრეულა, სწორედ მაშინ განადგურებულა ლამაზი ქართული სახლები და ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუშები.
       ვაშლოვანის ზემოთ, ფერეიდუნ შახრიდან 17 კილომეტრში თვალწარმტაცი სოფელი ჯაყჯაყი მდებარეობს. მოსახლეობა 2 500 კაცს შეადგენს, რომელთა 70 პროცენტი ქართველია.
      ძველების გადმოცემით, კახეთიდან ფერეიდანში გადასახლებული ერთი სოფლის ხალხი კვლავ ერთად დასახლებულა და ამ ადგილისთვისაც თავისი ძველი სამოსახლოს სახელი უწოდებიათ.
      აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთოდ, ფერეიდანი ოთხ ნაწილად, უბნად ანუ ნაჰიედ იყოფა. ტერიტორიის იმ ნაწილს სადაც ქართული სოფლები და მოსახლეობაა “გურჯი ნაჰიე”- “ქართველთა უბანი” ანუ “პატარა საქართველო” ეწოდება. ჯაყჯაყიც ამ პატარა საქართველოს ნაწილია.
      მამაგულას მთასთან და წისქვილის რუსთან ახლოს, შუა ხეობაში, ხრიოკსა და მოტიტვლებულ მთებს შორის ულამაზესი ჩანჩქერი გადმოდის, ეს ადგილი ქართველებისათვის თავშექცევის უსაყვარლესი ადგილია და მას პიტნიანს ეძახიან, პიტნიანის წყალი სპარსეთის ყურეში ჩაედინება, ჩანჩქერი კი პატარა ოაზის ქმნის, რომელსაც ჩვენებურები თურმე სამშობლოს ადარებენ, ვინ იცის იქნებ სწორედ აქ დაიბადა ერთი ძველი ფერეიდნული ხალხური ლექსიც.
      ფერეიდანში ბავშვებთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა პატარებისაგან ქართული საუბარი გვესმოდა, რადგან ოთხას წელგამოვლილ ჩვენებურ ლაპარაკს უსმენ და ხვდები რომ ამგვარი წყლით იკვება და ისაზრდოა ქართულმა სალიტერატურო ენამ.
      ფერეიდანში საშუალება მოგვეცა მხარის გუბერნატორს, ბატონ მაჰმუდ რაბანს შევხვედროდით, მიუხედავად იმისა რომ მისი ქართველობა ჩვენთვის წინასწარ ცნობილი იყო, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა სახელმწიფო ჩინოვნიკისაგან ჩვენებური საუბრის მოსმენა. ბატონი მაჰმუდი ქართველობითა და ხალხის მხარდაჭერით აშკარად ამაყობს.
      ჩვენი ტელეექსპედიციის ბოლო დღეს ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა მოგვიწყეს, მიგვიპატიჟეს ხეხილის ბაღში, რომელიც ქალაქის შესასვლელშია გაშენებული.

ფილმის გადაღების დროს

      გზად ზედმიწევნით მოვლილი პურის ყანები გავიარეთ. მიუხედავად სიცხისა, ჩვენებურები მაინც მუშაობდნენ და უკვე მომწიფებულ თავთავს გასალეწად ამზადებდნენ.
      მაჰამად ონიკაშვილიც ყანაში მუშაობდა, თუმცა როგორც კი ჩვენი სტუმრობის ამბავი გაიგო ყველა საქმეს თავი დაანება და სასაუბროდ მოვიდა, მოხუცი თავს ნამდვილი ქართველობით იწონებდა. ფერეიდანში კი სიტყვა ასლი დედნის ანუ ნამდვილის მნიშვნელობით გამოიყენება, ბატონმა მაჰამადმაც ამ გარემოებას ხაზი განსაკუთრებით გაუსვა.
      მუჰამედ ესპანანის ხეხილის ბაღი ისევეა გაშენებული, როგორც ამას საქართველოში აკეთებენ, აქაურ მკაცრ კლიმატს, მცხუნვარე მზესა და უდაბნოს ცხელ ქარებს ქართული მარჯვენა არ შეეპუა და ვაზი მოაშენა, ბატონი მუჰამედი მას სამშობლოს სიყვარულისა და წინაპრების ხსოვნის ნიშანს უწოდებს.
      ბაღში თანდათან ახალგაზრდები იკრიბებიან, ჩვენს საპატივცემულოდ ცეცხლს ანთებენ და სამწვადეს ამზადებენ.
      ქალები იქვე ხის ჩრდილში სტუმრებისთვის საჭმელს აკეთებენ, ტრადიციები ამ შემთხვევაშიც ურყევია, ჩვენებურების სუფრა ქართულისაგან თითქმის არაფრით განსხვავდება.
      ჩვენს გარშემო ფერეიდნელი ახალგაზრდების მართლაც რომ საუკეთესო ნაწილი შეიკრიბა, ბიჭები ისტორიულ სამშობლოს წუთით არ ივიწყებენ და საქართველოზე ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობით საუბრობენ. აქაურებს ქართველობის შეფასების საკუთარი კრიტერიუმი აქვთ, პატრიოტიზმი ფერეიდანში უპირველეს ყოვლისა ისტორიული ტრადიციების ერთგულებასაც ნიშნავს.
      არსენ ონიკაშვილი დღეს ფერეიდანში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ადამიანია, რადგან იგი მშობლიურ ენაზე საუკეთესო ლექსებს წერს, არსენას ლექსებს კი ახალგაზრდები სწავლობენ, შეხვედრებზე სიმღერებად აჟღერებენ, ავტორი საკუთარ სტრიქონებს სამშობლოს, ფერეიდანსა და წინაპრების წარსულს უძღვნის.