“ჩემო ნათქომო სიტყვაო შენამც კი გაჰქვეყნდებოდე...”


      ჩემი წარსული ცხოვრება ისე არ აიწერება,
      როგორც დაგლეჯილ მთათ მკერდი ძაფით არ დაიკერება.

                        მიხა ხელაშვილი

      მაინც რა წარსული გქონდა ასეთი, ფშაურ, ლეგა ჩოხაში გამოწყობილ 25 წლის მხარბეჭიან ძალოვან და გულოვან ვაჟკაცს?! შენმა ბავშვობამ ხადის მთებში გაიარა. ბერად დაყუდებული მოსანთლიშვილის შეგირდი იყავი, იმ მოსანთლიშვილისა, მთელი სიცოცხლე დარაჯად რომ ედგა ღვთისა და ვერდავიწყებულ ”ცისთვალა ფშავლის ქალას” პირველ სიყვარულს. ვეება ლოდიდან მისი ფიგურა გამოკვეთა, ირგვლივ მასავით ტანმაღალი კელაპტრები აუნთო და ხმადაუძვრელად შესთხოვდა ღმერთს იმ სოფელში მყოფი სათაყვანებელი სულის ცხონებას. ალბათ, მოსანთლიშვილმა შთაგბერა და დაგანათლა შენი მიწის, შენი ხალხის სიყვარულის საოცარი ნიჭი.
      შენი ცხოვრება შფოთიან 1917 წელს დაემთხვა. ვერ შეურიგდი მთაში სისხლითა და აწიოკებით შემოსულ ”წითელ ჩეკისტებს”, ძალმომრეობას. ტყეში ყაჩაღად გავარდი, ნაბადი და იარაღი იქცა შენს მეგობრად და მესაიდუმლედ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ძმად შეეფიცე და დაიფიცე, საქართველოს თავისუფლებას შესწირავდი ყველაზე ძვირფასს, უფლისაგან ნაბოძებს.
      პოეტი იყავი, ხელაშვილო, ფანქარმომარჯვებული, ტყის სიღრმეში ხეზე მიყრდნობილი ლექსებად კინძავდი შენს ნაფიქრალსა და განცდილს, ლურჯ იებსა და ეკლიან ასკილებს ეფერებოდი. გტანჯავდა ძლიერი ადამიანური გრძნობა სიცოცხლის სიყვარულისა, მონატრებისა, ისევ და ისევ სამშობლოს თავისუფლებისა.
      წინასწარმეტყველური იერი, როგორც ყველა პოეტს, მუდამ თან გდევდა, აკი უთხარი კიდეც ერთ ლექსში დედას:
      ”სხვას კი არავის რა უშავ,
      შენ მებრალები ბეჩაო”.

      სულ მალე, ”ახალი ცხოვრების” დასამკვიდრებლად მებრძოლი ხელისუფალნი წამებით ამოხდიან სულს შენს მოხუც დედას.
      სველ მიწაზე პირქვე დამხობილს, უსაშველოდ გტკიოდა ამაყი სული და დედის ნაწამები სხეული. დასაფლავების დღეს ჩარგალში თავმოყრილ ხალხში, სადაც ”წითელი ჩეკისტები” ერჩეოდნენ, ქარივით მივარდი თოფ-იარაღში ჩამჯდარი, უხმოდ ტიროდი, ემთხვიე დედას, ვერავინ გაბედა წინ გადაგდგომოდა. უცბადვე შეერიე ტყეს, მთელი ღამე მიაქროლებდი ცხენს, ბორგავდა შენი შეგინებული, გამწარებული სული, არაადამიანურ ტკივილს განიცდიდი. ტყის ექო გეხმიანებოდა:
      ”დედას ვუყვარვართ შვილები,
      დედა არ გვახსოვს შვილებსა,
      ამიტომ წუთისოფელი
      გვტანჯავს და გვაცოდვილებსა”.

      თანდათან მცირდებოდა შეფიცულთა რაზმი. ჩოლოყაშვილმა საზღვარგარეთ გაპარვა გადაწყვიტა.
      ჩარგლის თავს შეხვდით ერთმანეთს შენ და ქაქუცა. შემოდგომა იყო, ისლებსა და წვიმას აევსო არაგვის ხეობა. ფერი გასცრეცოდათ ლოყაწითელ ასკილებს, ნავლისფერი სევდით ავსილი იდექით ვეება ხის ქვეშ.
      – უნდა წამოხვიდე, მიხავ! აქ დარჩენას აზრი არა აქვს, ძაღლებივით ჩაგვახრჩობენ ”ახალ დროებისანი”, – ბოღმიანად მარცვლავდა ქაქუცა. წვიმით დასველებული ნაბდის ქვეშ ჩამოტეხილივით მოუჩანდა მხრები ტანხმელ ვაჟკაცს.
      სიტყვას ვერ ძრავდი, მიხა. მდუმარედ იდექი, ვეღარც წვიმას გრძნობდი, ვეღარც ჟამისფერი ხვალინდელი დღის შიშს. ლაშარის გორზე ანთებული ცეცხლის კვამლის სუნი გიწვავდა ნესტოებს, ცადატყორცნილი იფნების ქვეშ ანთებული კელაპტრების შუქმა მოგჭრა თვალი წამიერ, წითლად იელვა არჯალათ პარასკოს თავჩითამ, შემთვრალი ფშავლების შემღერება შემოგესმა, დროშა დაირწა ხევისბერის ხელში, ცას უწია ყელმოღერებული კელაპტრის ალმა, გარმონს გაუწია ხთისოთ გოდერძიმ, იფნის კენწეროებს შემოეჭდო ნაგზირალაანთ თამარის ხმარბილი სიმღერა, შორიდან შემოესმა ხევისბერის მოზომილად, დინჯად ნათქვამი სიტყვები: ”გადიდოს, გაძლიეროს ღმერთმა პირქუშო ყაწიმმშვენიერო, ზინზილიანო, დევ-დედაბერთ ამომწყვეტო...” და იგრძენი ხელაშვილო, რომ ვერ იცოცხლებდი იქ, სხვაგან ”აემ სულყველას” გარეშე. სხვაგან ტყის მარწყვს და ცაცხვის ყვავილს არ ექნებოდა ასეთი სურნელი. შეხედე ქაქუცას, უხმოდ მოგეხვია ჩოლოყაშვილი. დიდხანს იდექით ასე მუხის ქვეშ, ვერ გრძნობდით წვიმის წვეთები თუ შემთხვევით წამწამსგამოცილებული ცრემლი გისველებდათ ღაწვებს.
      იცოდი, ხელაშვილო, სიკვდილის პირისპირ რჩებოდი, აკი თქვი კიდევაც, ”მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი”.
      ხატების შემმუსრავმა, ეშმაკის თანაზიარმა ადამიანებმა მოისყიდეს სულმოკლე კაცუნები, შენს მეგობრებად რომ ასაღებდნენ თავს, შენთან ლუკმა გატეხეს, მერე კი მძინარეს ტყვიები დაგახალეს. შენი სხეული ერთ კვირას დუშეთის მოედანზე ეკიდა. შენი სული კი ცისკენ მიჰყვებოდა გზაწვრილებს, მადლიანმა კაცმა მოიპარა ღამით შენი სხეულის ნაწილები, შენს დას, პელაგიას, ხელით ნაქსოვ, ფშაურ ჭრელ ხურჯინში ჩაულაგა და შენი მზის მოფიცარ პელაგიასვე გადასცა.
      თოვლიან ბილიკებს მიჰყვებოდა ზურგზე ხურჯინმოკიდებული პელაგია ჩარგლისკენ, ზურგით მიჰქონდა ცოდო-ბრალი ”იმ დროებისა”, ზვავები სწყდებოდა მთის წვერებს, ბრაზიანად მოშხუოდა არაგვი. ხმით მოსთქვამდა პელაგია, ქარი პასუხს უბრუნებდა. ხელაშვილის სული კი უკუნს კაფავდა, მტრედისფერში და ცისფერში ნიათობდა, საქართველოსთვის ლოცულობდა, დედამიწაზე ეშმაკი ხარხარებდა, ზვავის ხმაზე გნიასობდა. პელაგიას ხურჯინი არ ამძიმებდა, აკი ბავშვობაშიც ასე იცოდა, მოგიკიდებდა ზურგზე და ქარივით დაჰქროდა ღელე-ღულეებზე.
      მარტომ გზიდა, მარტომ გაგითხარა საფლავი ”ხალხის მტერს”, სათუთად აყრიდა მიწას ცრემლებში დამბალ შენ ძვლებს. ბევრს გაბარებდა ბევრი ჭირ-ვარამის დამტევი, გაუტეხელი ფშავლის დედაკაცი იმ სოფლის ბინადრებთან. რამდენი ცრემლიც დაგეცა, იმდენმა იამ ამოყო თავი შენს წილ მიწაზე. უკვდავება ნიშნავს, კაცი კვდება, სიცოცხლე რჩება. შენი სიცოცხლე შენს ლექსებში დარჩა. იმ სიყვარულში დარჩა, რომელიც უწყვეტი და მარადიული სიცოცხლის მკვებავი წყაროა, გოდერძათ ნაციხარზე ამოსულ ტყის ყვავილებში დარჩა, შენსავით რომ ვერ ელევა თავის ფუძე-კერას, არაგვში მტევნისფერი მზის ცხუნვით დამთვრალი კალმახების ბორიალს, თეთრ თექამოსხმული მთების სიზვიადესა და გაზაფხულის მოახლოებით გულშეძრული ჭალების ყოჩივარდების ცრემლებით ატირებას.
      შენთვის სიცოცხლის საზომი სიყვარული იყო, სიკვდილის შიშს რომ სჯობნის. სიკვდილს ამარცხებს და მასზე ძლიერია და თუ კაცის ღირსება მის არჩევანშია, შენ ყველაზე ღირსეული კაცი ყოფილხარ, ხელაშვილო, რადგან შენს არჩევანს ”სამშობლო”, ”სიყვარული” და ”ერთგულება” ერქვა.

თინიკო მგელიაშვილი.

* * *

      შეიყრებიან ღრუბელნი, საფშაოდ გადადიანო
      დაგესევიან მურგვლივა მთაწმინდის წვერო, კლდიანო
      ნამს ცვარად გადმოგაყრიან, მთაო, ქუჩ-ბალახიანო,
      ჭუჭყს არ გარჩენენ ტანზედა, ცრემლის წყარონი დიანო,
      წაწალა აგიმურღვდება, არაგვო კალმახიანო.
      ვეღარ ამოხვალთ ლაღადა, ჭალის პირებზე იანო,
      დაჭერილს ჩამოგავლევენ, მისრიაშვილო, ხმიანო.
      გიდგანან აქეთ-იქითა, გულ-რკინავ ფოლადიანო,
      ხე-ქვანიც დაგემშვიდობნენ, მთა-წვერნიც მოგტირიანო.
      დუშეთის კრებას დაესწარ, გულდრინჯო, მოკლე დღიანო,
      მალე გაავლევ გულის ხმას, რა ფიქრებს ჩაგიშლიანო,
      სიცოცხლის გმირო, აშკარო, სამარეს გაგითხრიანო,
      თოფს დაჰკრვენ მისრიაშვილსა, მაინც არ დაიშლიანო,
      შიგაით ამაიგმინე მანძელა, ხარო, რქიანო,
      თოფის ხმით დაგასრულებენ, სწორებში ქატიბრიანო.
      არ კვდება მისრიაშვილი, მტერო, ნუ გიხარიანო,
      შვილებსა, ლეგა მგლისასა, მისრიანივე ზრდიანო,
      ყოჩაღად იყავ ხოშიავ, ცრემლებით სილაღიანო,
      ისრე მოზარდე ობლები, თვალებ არ მაიწყლიანო,
      ლაშარ-ღელესა ფშავლები თავი თავს მაიყრიანო,
      შენ შვილებს დაჰპატიჟებენ, წინ სუფრას გაუშლიანო.
      სამის დროშით და ფერხისით, საჯარეს შამოვლიანო
      დაიძახებენ შენ ლექსსა, ცრემლებსაც გადმაჰყრიანო,
      დალევენ შესანდობარსა, თასებსაც გამასცლიანო,
      ამისსა მალექსებელსა სახელ მიხაი მქვიანო,
      როდის მოხვიდე ზაფხულო, ვინტოვკავ გაგახმიანო,
      ბევრაის დედა ვატირო, ბევრ უჭკო მოვაჭკვიანო,
      მე მაბრალებენ შენს მოკვლას, ცოდვიანს მეძახიანო.

* * *

ჩოლოყაშვილის რაზმელებს


qaquca მაღალი ღმერთი გწყალობდეთ, ჩვენი ლაშარის ჯვარია,
წინათაც ეგრე იბრძოდნენ, ის ჩვენი წინაპარნია.
გაიმარჯვიან მტერთანა, ცუდად არ დარჩის ცდანია.
წაეკიდიან, სძლივიან მცირეთა უთვალავნია.
თქვენც მათი მიმბაძავი ხართ,
თუმც ახლა დრონი სხვანია,
თქვენც გაიმარჯვებთ ბრძოლებში,
თქვენც გაქვთ დიდების გზანია.
სიკვდილზე არავინ ფიქრობს, ყველა იქ მიმავალია.
მოვკვდებით, ღია დაგვხვდება სასუფეველის კარია.
იქ მიგვიღებენ, სადაცა გმირთა სავანე არია,
იქ იქნებიან ქართველნი,
ვინც სამშობლოსთვისს მკვდარია.
ემაგის მალექსებელი ფშავში ფშაველთა გვარია,
იქაური ვარ, საცა დგა გოდერძათ ნაციხარია.
qaquca

ლუკა მელუა ბარნოვი. საფრანგეთი - Luka Melua Barnovi. FRANCE

* * *

      მიხეილ ზურაბაშვილი, ფანდურზე ავტირდებიო,
      ავაჰმე, ჩემო ნადობო, სადა რა იმყოფებიო,
      ვის რა სახლს დაემწყემსები, ვის კერას ჩამასჯდებიო,
      ლამაზ თეთრ კელაპტარივით, ვის ხელში ჩამასდნებიო.
      ადექ და ნისლო, მთას წადი, თავზე რას მებურვებიო.
      გადმოხედნება მწადიან, საცა შენ მეგულვებიო.
      ქალის მთხოვარო მთხუებო, ცეცხლშიამც დაიწვებიო,
      აკი, მას მეუბნებოდი, მე ჯერ არ გავთხოვდებიო.