ხათუნა ბახტურიძე - ”მისანდობელი” ძმაკაცებისგან მოკლული ველის პოეტი


ჟურნალი ”გზა” N4 24.01.2008


      ქართული ხალხური სიმღერა − ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო” ყველა ჩვენგანს მოუსმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი ავტორი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი, ფშაველი მიხა ხელაშვილია. საბჭოთა პერიოდში, მისი სახელის ხსენება, ისევე, როგორც თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, სასტიკად იყო აკრძალული. ხალხში გავრცელებული მისი რამდენიმე ლექსი, ფოლკლორისტებს მთქმელის დაუსახელებლად, დიდი რისკის ფასად შეჰქონდათ ხალხური პოეზიის კრებულებში. მიხა ხელაშვილის ცხოვრებასა და მის შემოქმედებაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდა ცნობილი საიტის www.fereidani.ge ავტორმა, გიორგი ალავერდაშვილმა. როგორც აღმოჩნდა, ის პოეტის ერთადერთ ქალიშვილს, 86 წლის თამარ ხელაშვილს პირადად შეხვედრია და მისგან ერთობ საინტერესო ამბებიც მოუსმენია.

* * *

      – ბატონო გიორგი, მიხა ხელაშვილის შესახებ ინფორმაცია საიდან მოიპოვეთ?
      – სიღნაღის რაიონში, სოფელ ძველ ანაგაში სტუმრობისას, მასპინძლის ოჯახში ძალიან კარგი ქართველი კაცი, სამი შვილის მამა სანდრო შანიძე გავიცანი, რომელმაც მითხრა, რომ პაპამისის, პოეტ ალექსანდრე შანიძის პირად არქივში ფერეიდნელი ქართველების უნიკალური ფოტოები ინახებოდა. საუბრისას ისიც გაირკვა, რომ სანდრო ქართული ხალხური ფოლკლორის მოტრფიალე ყოფილა და ბევრი საინტერესო და გაუხმაურებელი ამბავიც იცოდა.
      – მიხა ხელაშვილის შესახებ რა გიამბოთ?
      – მიხა ხელაშვილი 1900 წელს, უკანა ფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირედ, სოფელ ახადში დაბადებულა. დაწყებითი განათლება თამარ-მეფის (თამარ-ღელის) სალოცავში მიუღია და შემდეგ, სწავლა თბილისის ორწლიან სადიაკვნო სასწავლებელში გაუგრძელებია. მისი დამთავრებისთანავე, ბარისახოში დიაკვნად გაუმწესებიათ, მერე კი ჩარგლის ეკლესიაში, მღვდლად უკურთხებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ცხოვრება ჰქონდა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა და კომუნისტების წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა დაიწყო. გადმოცემის მიხედვით, ხელაშვილი კარგი ცხენოსანი, შესანიშნავი ჩუბინი და ძალზე გამბედავი კაცი ყოფილა. გამუდმებით დაატარებდა ტყავის აბგას, რომელშიც ქაღალდები და საწერი საშუალება ელაგა. შესვენების დროს, თურმე მინდორზე წამოწვებოდა და ლექსებს წერდა. ხალხურ სიტყვიერებაში, მიხას მხოლოდ რამდენიმე ლექსია შემორჩენილი და თანაც იმიტომ, რომ თავად გამოუგზავნია ტყიდანახლობლებისათვის, ფანდურზე დასამღერებლად. მათგან დამღერებული კი (თუ ამას ვინმე გაბედავდა), ხალხში სწრაფად ვრცელდებოდა. თვით მიხას ეს არ სჯეროდა და ნატრობდა: ”ნეტავი, ჩემო სიტყვებო, ხალხშიაც გაჰქვეყნდებოდე”. იცოდა, რომ კომუნისტები მისი სახელის ხსენებასაც კი აკრძალავდნენ, ხალხის მტრად და ყაჩაღად გამოაცხადებდნენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ახალგაზრდა, ნიჭიერი ყმაწვილი განსაკუთრებით უყვარდა და ენდობოდა კიდეც. ხუმრობით, კარის პოეტს უწოდებდა და ჰპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კარგ სწავლა-განათლებას მიაღებინებდა. – კარის კი არა, ველის პოეტი ვარ, – ხუმრობდა ისიც. ფშავში სატრფო ჰყავდა, დედუნა ბაჩიაშვილი, მაგრამ მის მოსანახულებლად ფარულად დადიოდა. ”ჩეკისტების” დევნის გამო, საყვარელ ქალთან ჯვარი ვერ დაიწერა, მაგრამ მეუღლედ აღიარა და ცოტა ხანში შვილიც შეეძინათ. როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი კომუნისტების მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და თავისი რაზმით თურქეთში გადავიდა, მიხა ხელაშვილმა, ზოგიერთ სხვა ადამიანთან ერთად, ბელადს უარი შეჰბედა: – მეც ცივი, აქ სიკვდილი მელის, მაგრამ მაინც, ჩემს ქვეყანაში ყოფნა მირჩევნიაო. დარჩა მიხა ტყეში გასულ ”ყაჩაღად”. ტყიდან, თავის ჯვარდაუწერელ მეუღლეს ჭოგრიტით უთვალთვალებდა და თაყვანისმცემლებსაც შორიდან უგერიებდა. ერთ-ერთი მათგანი მექალთანეობით ცნობილი ვახტანგ რაზიკაშვილი ყოფილა. მისთვის ტყიდან დაუბარებია:
      ”ეგრე უთხარით ვახტანგსა: ხელაშვილ დაგმდურებია. იცოდე, იქ ნუ გაივლი, სადაც ხელაის გზებია! თავის გვარდავიწყებულო, რაზიკაშვილი ხდებია!”
      ბოლოს, ის ყველაზე ”მისანდობელმა” ძმაკაცებმა მოკლეს. თანაც, ზუსტად იმ დღეს, როდესაც 25 წელი შეუსრულდა.
      – როგორ მოკლეს?
      – მინდა აღვნიშნო, რომ ”ველის პოეტის” ნათესავებსა და მეგობრებს კომკავშირელები გამუდმებით აშანტაჟებდნენ და კატეგორიულად სთხოვდნენ, მიხას დაჭერაში დახმარებოდნენ. სხვათა შორის, ეს უღირსი საქმე ძალიან ბევრმა არ იკადრა და კომუნისტებთან წინააღმდეგობას საკუთარი თავიც გადააყოლა, მაგრამ საბოლოოდ, ღალატი ხელაშვილის ყველაზე სანდო ძმაკაცებს: ლუკა მარცვალაშვილს და ლევან გარსევანიშვილს აკისრებინეს. მათ პურის არყით, უგონოდ დაათვრეს ძმადნაფიცი და მერე, თოფის კონდახით გაუტეხეს თავი. ძმაკაცებისაგან მოკლულ მებრძოლს მიწაც არ აღირსეს – დუშეთში ჩაიტანეს და მილიციის ეზოში დააგდეს. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარმა ხრწნა არ დაიწყო. ბოლოს, მიცვალებული მიხას დამ, სალომემ მოიპარა, ხურჯინით ცხენს აჰკიდა, დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით ჩარგალში აიტანა და დედის საფლავის გვერდით დამარხა.

   
სალომე, მიხას და
 
მიხა ხელაშვილის საფლავი
 
თამარ ხელაშვილი

      – ხელაშვილის ქალიშვილი, ქალბატონი თამარი სად ნახეთ?
      – მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ამჟამად 86 წლის ქალბატონი, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში ცხოვრობს. მისი მისამართი სანდრო შანიძემ მომცა. 86 წლის ქალბატონის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ, გული დამიმძიმდა... ეს არა მარტო ქვემო ქედის, არამედ მთელი საქართველოს სირცხვილია! საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოშლილია, დანგრევის პირზეა მისული... ქალბატონი თამარი უკვე რამდენიმე წელია, ღამეს ეზოში, რაღაც სასწაულით მიტანილ თუ ატანილ გადატიხრულ ვაგონში ათევს და ფაქტობრივად, იქ ცხოვრობს. ერთადერთი ძროხა, ძაღლი, ორი ინდაური და სამი ციცარი ჰყავს. მატერიალური სიდუხჭირისა და ბევრი ტკივილის მიუხედავად, ყოველთვის წელში ამაყად გამართული დადის და ჭიშკარს იმ იმედით გაჰყურებს, რომ იქნებ, ვინმეს გაახსენდეს და მოიკითხოს. ”ბეჩავადა ვგდივარ, ბეჩავად...” მივედი თუ არა, ფშავური კილოთი მომიბოდიშა და ერთადერთი სკამი შემომთავაზა. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის ”ქალბატონოთი” არ მიმემართა: ბებო დამიძახე, ასე მირჩევნიაო.
      – რისი გახსენება შეძლო ქალბატონმა თამარმა?
      – ის 2 წლის ყოფილა, როდესაც მის ოჯახს ”წითელი” მილიციონერები დასხმიან თავს. დღემდე კოშმარივით ახსოვს, როგორ სცემდნენ დედას და ბებიას, წიხლებით, თამარი კი ფეხის კვრით მოუცილებიათ თავიდან... თოფის კონდახებით კიდობანი დაუმტვრევიათ, სადაც იარაღს და მიხა ხელაშვილის ლექსებს ეძებდნენ.
      – მამის შესახებ თუ ახსოვს რაიმე?
      – ის 6-7 წლის ყოფილა, როდესაც ”ლექსობა” დაუწყია. მეზობლის კაცს, მისი თანდასწრებით უთქვამს: ”აე ბალღი მამის ფერი გამოვაო”. თამარს მაშინ გაუგია, თუ ვისი შვილი ყოფილა. მამას ის ძირითადად, დედის ხელნაწერებიდან იცნობს. ერთ-ერთი წერილის ასლს წაგიკითხავთ: ”ბალღი არ ენახა. ერთხელ შემომითვალა, სახლს იქით მამულში გაიარე და იქ დაჯექი, ბალღი დურბინდით უნდა ვნახოო. მე ძალიან მეწყინა, შინ რად არ მოიდაო. განა არ ვიცოდი, ჩვენს სახლს ტყიდან მილიცია ჰყარაულობდა. იმას, იქ მოსვლა სიკვდილს უქადდა. ბალღი გავიყვანე. ნახა, ალბათ. შემომითვალა: აბა, შენ იცი, არ დაღონდეო”. თუ ნებას დამრთავთ, მეორე ხელნაწერის ასლსაც წაგიკითხავთ.
      – ბრძანეთ.
      – ”ერთ დღეს, ზამთრის პირი იყო, მიხა ჩვენს ეზოში მოვიდა. გარეთ გამოვედი და მივეგებე. – შინ ვერ შემოვალ, ჩქარა უნდა წავიდე, აქ არავინა მნახოსო, – თქვა, – ამ ზამთარს კახეთში მივდივარ. შენ აქ იყავ, გაზაფხულზე შენც წაგიყვან, თუ არ მომკლეს და ცოცხალი დავრჩი. თუ მომკლეს, შენ იცი შენი თავისა. ნუ გასთხოვდები, ახადს წაგიყვანენ ჩვენები. თუ ჯალაფთ არ დაგაყენეს და ჩხუბი დაგიწყეს, იქ თავის საკუთნო ოჯახში იქნები. ქვეყნის მოჯამაგირეობას ის გირჩევია, ე შვილი კარგად გაზარდო და თავადაც უსაყვედუროდ იყო. ახლა შენ იცი, მე ვერ შეგისრულებ დანაპირებს მაშინ, თუ ცოცხალი აღარ ვიქნები და შენც დასთმეო, – თქვა, გამომეთხოვა და წავიდა. რა ვიცოდი, თუ ცოცხალს ვეღარა ვნახავდი. იმის შემდეგ ბევრი წვალება ვნახე, ბევრი ტანჯვა გამოვიარე, მიხაი კი არამ დამავიწყა”.
      – ხელნაწერების დედნები რა მდგომარეობაშია?
      – ძალზე სავალალო მდგომარეობაშია: დრო-ჟამისაგან ისეა გაყვითლებული და გაცრეცილი, რომ სპეციალური ხელთათმანების გარეშე, შეხებაც კი საშიშია. განსაკუთრებით დაზიანებულია ის ფურცლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, კლდეებში ინახებოდა. ქალბატონმა თამარმა დედამისის, ულამაზესი ფშაველი ქალის სურათიც მაჩვენა. მამის ორი ფოტოსურათიც ჰქონია, მაგრამ ერთ-ერთ ცნობილ პიროვნებას უნათხოვრებია და ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია. ამიტომ, დედის სურათის თხოვება ვეღარ შევბედე.
      – ამჟამად ხელნაწერები სად ინახება?
      – ხელნაწერებზე სანდრო შანიძე მუშაობს. მართალია, ის ამ საქმის სპეციალისტი არ გახლავთ, მაგრამ სანდროსნაირებმაც რომ არ მიხედონ ამ განძს, ის უკვალოდ დაიკარგება. ერთხელ, მისი ენთუზიაზმით აღტაცებულმა ვკითხე: რა კაცი ხარ-მეთქი? გაკვირვებულმა შემომხედა და მიპასუხა: ჩვეულებრივი ქართველი ვარო. როგორი პასუხია? მოგვიანებით, ისიც გავიგე, რომ ამ კაცის ინიციატივით ბარისახოს ეთნოგრაფიული მუზეუმი გახსნილა; მისივე დაფინანსებული ყოფილა გიგი ხორნაულის 600-გვერდიანი წიგნი – ”მზიანი რწმენის საუფლო”. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ”ჩვეულებრივი” ქართველები.
      – როგორც ვიცი, არსებობს წიგნი – ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”, სადაც მიხა ხელაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა დეტალურადაა აღწერილი, მაგრამ მკითხველისათვის მიუწვდომელია. ამის მიზეზი რა არის?
      – ეს წიგნი შეზღუდული რაოდენობით დაიბეჭდა და ჯერ გასაყიდად არაა გამოტანილი, მაგრამ თქვენ საჩუქრად გადმოგცემთ. ისე, უახლოეს მომავალში მისი ხელმეორედ გამოცემა იგეგმება.