გვირგვინით შემკობილნი

”კვირის პალიტრა” 28 აპრილი - 4 მაისი, 2008

მოდით, ერთი წითელი კვერცხი წარწერაწაშლილ საფლავზეც გავაგოროთ წამებული მამების სახელზე

გარეჯელ მამათა ”ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა!...”


      დავითგარეჯა – საუკუნეთა მანძილზე ბერთა ქალაქად წოდებული წმინდა სავანე – ქრისტიანობის ბურჯად და სასოებად აღმართული შეუვალ მცველად უდგას აღმოსავლეთის კარიბჭეებთან მრავალი ავბედობის მომსწრე საქართველოს – სამშობლოს ჩვენსას. ამ ბრწყინვალე ლავრას VI საუკუნიდან, დაარსების დღიდან მოყოლებული, ახსოვს მტრის არაერთი მაოხარი ლაშქრობა და მონასტრის ძმათა მოწამებრივი აღსასრული. თუმცა, გვირგვინი, დავითგარეჯის წმინდა კედლებისა და მირონმდინარე ქვაბ-სენაკების ნაწამებ ჩუქურთმებს XVII საუკუნეში, ბრწყინვალე აღგდომის ღამეს დაადგა თავს, გვირგვინი – როგორც ზეციური საზღაური უმაგალითო მოწამებრივი ღვაწლისა, მამათა მიერ ქრისტესთვის სიხარულით გაღებული სიცოცხლისათვის...

აღდგომა ”მართალ სულთა ამოყვანება” ხატმწერი – თეოფანე კრეტელი (ბერძენი) – XVI საუკუნე. ათონის მთა – სტავრონიკიტის (ჯვარი მძლეველი) მონასტერი.

გოგიტა ბუხაიძე. დავით გარეჯი.

      1616 წელს, მას შემდეგ, რაც პირსისხლიანმა შაჰ-აბასმა მორიგი მაოხარი ლაშქრობა მოაწყო კახეთში, განსაკუთრებით მძიმე დროება დაუდგა ღვთივკურთხეულ ივერიას. ბედის უკუღმართობით დაშლილი და დაქუცმაცებული ქვეყანა, ერთიანობის მადლისგან დაცლილი, მხოლოდ უმაგალითო სიმამაცისა და თვითშეწირვის წყალობით ახერხებდა ქართული სულის შენარჩუნებას. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოწამებრივ აღსასრულში სამღვდელონი და საერონი: ბერი თევდორე, ცხრა ძმა ხერხეულიძე, წმინდა დედა საქართველოსი ქეთევან დედოფალი, პაატა სააკაძე, რუსთველი, მროველი, ხარჭაშნელი ეპისკოპოსნი, მეფე ლუარსაბი, მარტყოფის გმირები...
      ვერც მტერი ძღებოდა ქართული სისხლით და ვერც ქართული სისხლი ისვენებდა ერისა და სარწმუნოების სადარაჯოზე...
      ქართული სისხლით მთვრალ და გონებაამღვრეულ ირანის ხელმწიფეს მოეთავებინა კახეთის ფუძემრავალი სოფელ-ქალაქების იავარქმნა და ახლა ცხოველებზე განადირება მოსურვებოდა ყარაიის ველზე. ღამემ მოუსწრო სპარსთა ლაშქარს გარეჯის მისადგომებთან და იქვე ბრძანა ბანაკის დაცემა შაჰმა.
      შუაღამისას ინება კარვიდან გამოსვლა და სუფთა ჰაერზე ჰარამხანაში მოთელილი სხეულის გამართვა აბასმა. ვარსკვლავებით აკიაფებული ზეცა დაჰყურებდა განცხრომასა და ღრეობას თავმიცემულ ბანაკს. ოთხივ კუთხით თვალი მოავლო ირანის მბრძანებელმა და შორს, დასალიერზე უცნაურად მოციმციმე წერტილები დალანდა. რატომღაც ციდან ჩამოსულიყვნენ და მთის კალთებზე კიაფებდნენ ვარსკვლავები. აზრი ვერ ჰკიდა არაამქვეყნიურ შუქ-ნათელს გველის ჭკუის პატრონმა და მხლებელნი იხმო. ვერავინ ახსნა, რას ნიშნავდა ვარსკვლავთა უცხო ციაგი. მერე მიეახლა წელში მლიქვნელურად მოდრეკილი, რომელიღაც სულგაყიდული ქართველი და ჩაუსისინა: – ირანის მზეო, იმ მთაზე დავითგარეჯის ქვაბ-სავანეებია და ბერმონაზვნები უფლის აღდგენას ზეიმობენ კელაპტრებითა და სანთლებით ხელში. სწორედ მათი შუქი ციაგებსო...
      გაცოფდა და რისხვით აბორგდა შაჰ-აბასი: – აკი ამოვწყვიტე ყველა სულიერი კახეთში!... ახლავ გასწით და ყათლამი (სიკვდილი) შეჰყარეთ დიდსა და პატარას, ჩაუქრეთ და ჩაუნავლეთ ის მოციმციმე ვარსკვლავები ჯიუტ გურჯებსო...
      აიყარა და გათქარუნდა დავითგარეჯისკენ იარაღში ჩამჯდარი ყიზილბაშთა ათასეული...



* * *

      ღვთაებრივი ნათლით გაკაშკაშებულა დავითგარეჯის ლავრა, ყველა ქვაბი და სენაკი. მხურვალე ლოცვით ეგებება 6 ათასი გარეჯელი ბერი ბრწყინვალე აღდგომის გათენებას. სამშობლოს გადარჩენას შესთხოვენ უფალს მუხლმოდრეკილი მონასტრის ძმები.
      ახოვანი წინამძღვარი აღავლენს წირვას. რატომღაც ჭმუნვა და სევდა აღბეჭვდია სპეტაკ სახეზე ღირს მამა არსენს.
      – გამოცხადება მქონდა წუხელ, შვილნო, – ცრემლმა აუნისლა თვალისჩინი მოძღვარს, – ანგელოზმა მაუწყა, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამაღამ დიდი გამოცდა გველის – მახვილით მოვისრებით. ვისაც სურს დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე, დაე, გაიქცეს ან დაიმალოს, ხოლო ვისაც სწყურია იხსნას სული თვისი მარადისობისათვის, მახვილით მოსწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა!...
      წამით გაირინდა ყველა. შემდეგ მუხლი მოიყარეს წინამძღვრის წინაშე: – მონასტერსა ამას სულის გადასარჩენად მოვსულვართ და აღსასრულს ქრისტესთვის, ვითარცა ზეციურ ჯილდოს, სიხარულით მივიღებთო!...
      მხოლოდ ორი ახალგაზრდა მორჩილი განერიდა დავითგარეჯის ლავრას და ბილიკებით დაეშვა თავშესაფრის საძებნელად. გზაგასაყარზე მარცხნივ გაუხვიეს, მახლობლად შეგულებულ მღვიმეში ღამის სათევად, მარჯვნიდან კი გარეჯისკენ მიმავალ ბილიკზე ანთებული მაშხლითა და მრუდე იატაგანის ბრკიალით არაბული ტაიჭი შემოაჭენა ყიზილბაშთა ჯარის სარდალმა...
      გაცისკროვნებული შეეგება ზედ მომდგარ მტრის ცხენოსნებს წმინდა სავანის ბერმონაზვნობა. არსენ წინამძღვრის წინ ყალყზე შეაგდო მერანი შაჰის სარდალმა. კელაპტრების ათინათმა წამიერად გადაურბინა შიშველ მახვილებს...





* * *

      მჭახედ გადმოაგდო ორიოდ სიტყვა ყიზილბაშმა: – თუ უარყობთ ქრისტეს და აღიარებთ მაჰმადს, უკან გავაბრუნებ ჯარს, თუ არა და სიცოცხლეს გამოეთხოვეთო!...
      თავი ასწია და თვალი მოატარა არსენ წინამძღვარმა ირგვლივეთს, მტკიცედ, შეურყევლად იდგა მის ზურგს უკან გარეჯელ ბერთა წმინდა საძმო, მშვიდი და ღვთაებრივად განათებული სახით. არც ჭმუნვა, არც მწუხარება, არც შიში – ყველა მათგანი სპეტაკი და გაცისკროვნებული...
      უზღვავი ძალა მოიცა არსენმა და საოცრად მშვიდად მიმართა მტრის სარდალს: – ჩვენ მზად ვართ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სამშობლოსთვის თავი გავწიროთ! მხოლოდ გვადროვეთ ზიარების მიღებაო...
      დასტური ბრძანა სპარსელმა...
      მხურვალედ ილოცეს წმინდა მამებმა, უჩქარეს ზიარებას, ეამბორნენ ერთურთს...
      მაცხოვრის ხატი იტვირთა წინამძღვარმა. ზეასწია და ჯვარსახოვნად გადასახა საზვარაკედ განმზადებულ ძმებს...
      დაიძრა მამა არსენი და მიჰყვა სამწყსოც...
      საოცარ სახილველს შეესწრნენ სპარსნი – ზართა ულამაზეს ჰარმონიაში, მშვიდად ლიტანიობდა აღსასრულისთვის განმზადებული 5998 შავოსანი, არც ერთი სიტყვა, არც ერთი თხოვნა, არც ერთი მუდარა სიცოცხლის ჩუქებისა! მხოლოდ გალობა ისმოდა მათი ბაგეებიდან: ”ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!...”
      როგორც იქნა, თვალი მოსწყვიტა გაოგნებულმა ყიზილბაშთა სარდალმა ღვთაებრივ სურათს, წითელქალაღაიანი ხელი მოწყვეტით ჩაიქნია და დაიღრიალა: ”ყათლამი გურჯებს!...”
      არსენი პირველი შეეგება მტრის მახვილს. ისევე, როგორც ლოცვისას, აქაც მორჩილად მიჰყვნენ წინამძღვარს ბერები.
      ჩაისისინებდა სისხლიანი იატაგანი და ბაგეზე უწყდებოდათ ”მამაო ჩვენო!...”
      მეწამული კვართით შეიმოსა დავითგარეჯა!...
      წითელი ფიანდაზი გაეფინა წმინდა ლავრის ვიწრო ბილიკებს!...
      მოეღალათ და მოექანცათ ხელი ყიზილბაშებს. გარეთ მოეთავებინათ ავნაქნარი. ახლა სენაკებსა და ქვაბებს ჩხრეკდნენ. ყველაფერს ბილწავდნენ, წვავდნენ და ანადგურებდნენ...
      ერთ მიუვალ ქვაბში დაყუდებულ ბერს წააწყდნენ. ტრაპეზზე დასვენებული წმინდა ნაწილებისკენ გაიწიეს მომხდურებმა. დაასწრო ჭაღაროსანმა, მსწრაფლ აიტაცა ბარძიმი და გამოცალა...
      გაიწივლა იატაგანმა. ტრაპეზზე ერთდროულად დაეცა ბარძიმი და წმინდა მამის მოკვეთილი თავი...


* * *

      სამშვიდობოს გასულმა ორმა მორჩილმა დავითგარეჯაზე ღვთაებრივი სიზმარ-ცხადი იხილა: დღესავით განათებულიყო ზეცა წმინდა ლავრის თავზე. შარავანდედთა თაიგული დასდგომოდა ქრისტეს სავანეს... ოდნავ მოშორებით კი, ძლივს შესამჩნევად და საწყალობლად ბჟუტავდა ორი პატარა დიადემა, თაიგულისგან მოწყვეტილი და გაფერმკთალებული...
      ბევრი აღარ უფიქრიათ მორჩილთ. გულამოვარდნით, ძეძვ-ეკლიანი ბილიკებით თელვით აირბინეს გარეჯის გზაზე. მთიდან ეშვებოდა ყიზილბაშთა ურდო. წინ გადაუდგა ორი შავოსანი სარდალს. წამით შეჩერდა სპარსი, სისხლიანი თვალები მიაშტერა უცხოთ, პირჯვრის წერითა და ლოცვით რომ უღობავდნენ გზა-სავალს...
      ორმა იატაგანმა იელვა მაშხალების არილში. ორი მორჩილი მხარიღლივ განკვეთილი ჩაიკეცა გზის ორთავ კიდეზე...
      გათქარუნდა მტარვალთა ურდო, მიწყდა ჭიხვინიც...
      მტრის მიერ ვერდადუმებულ ზართა ექო კი ღვთაებრივი ჰარმონიით აფენდა მიდამოს: ”ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!...”
      აღსრულებულიყო გარეჯელ მამათა ”ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა!...”
      თენდებოდა ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

მოამზადა ზვიად სეხნიაშვილმა




ტექსტში გამოყენებულია დავით გარეჯის მონასტრის ფოტოები მართლმადიდებლური ფორუმიდან   www.church.ge


დავით გარეჯი.

ალექსანდრე (სანდრო) აღლაძე



დავით გარეჯის ფრესკები.

პაატა ვარდანაშვილი



დავით გარეჯი.

მარიამ მოლოდინაშვილი