აქბარ მოყადასი (ზუბიტაშვილი) საქართველოში



აქბარ მოყადასი


გიორგი ალავერდაშვილი


მეტეხთა ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე

         მეტეხთა ღვთისმშობლის ტაძარი, ანუ უბრალოდ მეტეხი – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცნობილი ძეგლია, როგორც თბილისისათვის, ასევე მთელი საქართველოსათვის. მეტეხთა ტაძართან ბევრი ძველი გადმოცემაა დაკავშირებული, მაგრამ სამწუხაროდ ქართულ მატიანეებს ტაძრის აგების შესახებ არაფერი საბუთი არ შემოუნახავთ. რაც შეეხება თვით სახელწოდებას, ჟამთააღმწერლის სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ იგი ხატისგანაა წარმომდგარი. თვით ტაძარს მემატიანე “ისანთას” უწოდებს და არა “მეტეხს”. იგი “მეტეხთა ღვთისმშობლის” ხატის “საყოფელად” აუგიათ. ეს, აწ უკვე დაკარგული, ხატი, უეჭველია, დიდად სახელმოხვეჭილი და პატივცემული უნდა ყოფილიყო: იქნებ ეს სწორედ ის ხატია, რომლის წინაშეც ლოცულობდა თამარი თავისი ლაშქრის გასტუმრების შემდეგ? რაკი ტაძარი ხალხს “მეტეხთა ღვთისმშობლის” ბინად წარმოედგინა, ამ სახელმა ადრევე დაიმკვიდრა ადგილი. აღსანიშნავია, რომ ყველა ძველ საბუთში სახელწოდება მრავლობით რიცხვში იხმარება: მეტეხნი (“მეტეხთა”) და არა მეტეხი. მეტეხი უფრო გვიან, XVII საუკუნეში გვხვდება.
         ადგილი მტკვრის მარცხენა შემაღლებულ ნაპირზე, რომელიც განკუთვნილი იყო მეტეხის ტაძრის ასაშენებლად, იფარგლება ციცაბო, კლდოვანი კედლით. ეს კედელი ჯერ მდინარე მტკვრის გასწვრივ მიემართება, ხოლო შემდეგ უეცრად უხვევს და გამოწეულ კონცხს ქმნის. სწორედ ეს ადგილმდებარეობა – გამოწეული ციცაბო კონცხით – იყო მიზეზი იმისა, რომ მეტეხი ძველი თბილისის დომინანტად იქცა.
         მეტეხის ჰარმონიული შეთანხმება თავის კლდოვან კვარცხლბეკთან შორიდანვე შეიგრძნობა. მაყურებლის მხედველობას ატყვევებს ამ მაღალი, ბუნებრივი კლდის დამაგვირგვინებელი ტაძარი. სამხრეთის ფასადი კლდის ნაპირას არის მოქცეული. მისი გლუვი კედელი, რომელსაც არავითარი დამატებითი გამოწეული მასები არ გააჩნია, ვერტიკალური კლდის მიმართულებას აგრძელებს. ასეთივე გლუვი, მოხდენილი, მაგრამ უფრო ვიწროა დასავლეთის ფასადი, იგი მიმართულია იქით, სადაც თვით კლდესაც კონცხის ვიწრო და მაღალი ფორმა აქვს. ძეგლი შერწყმულია კლდესთან თავისი ლამაზი, აზიდული ფორმებით.
         მეტეხის ტაძარი ჯვაროვან-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა კარიბჭით ჩრდილოეთის მხარეს. იგი ნაშენია აგურისაგან (შიგნით რამდენიმე ალაგას ქვანარევი აგურის წყობა ჩანს), გარედან კი მოპირკეთებულია რუხი, მოყვითალო ქვიშა-ქვის სუფთად ნათალი კვადრებით.
         ძეგლის გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს. ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის გუმბათქვეშა მკლავები ერთნაირი სიღრმისაა, აღმოსავლეთის მკლავი კი დაგრძელებულია ბემით; იგი ნახევარწრიული აბსიდით მთავრდება. ბემა აღმოსავლეთის მკლავს დანარჩენ მკლავებზე მეტ სიღრმეს ანიჭებს და მთელი სივრცეც დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დაგრძელებული გამოდის. ამის გამო გუმბათი ნაგებობის ცენტრში კი არაა მოქცეული, არამედ გადაადგილებულია დასავლეთისაკენ.
         აფსიდის გვერდით მცირე ზომის სამსხვერპლო და სადიაკვნეა. მათ ზემოთ, მეორე სართულზე, ასეთივე ზომისა და მოყვანილობის სადგომებია. ჯვრის ოთხ მკლავს შორის, რომელნიც ნაგებობის ძირითად სივრცეს ქმნიან, კუთხის დამატებითი სივრცობრივი მონაკვეთებია. სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხის მონაკვეთები ძალიან მაღალია და ისინი დიდი თაღოვანი მალებით უკავშირდებიან ჯვრის მკლავებს. სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთები ორსართულიანია. ქვედა მონაკვეთები ფართო თაღებით უერთდება ცენტრალურ სივრცეს. მეორე სართულში კედლებით გამოთიშული სადგომებია, რომლებიც ასევე თაღოვანი, მაგრამ მცირე, ხვრელებით უკავშირდება ჯვრის მკლავებს.

         გუმბათქვეშა ბურჯებს რთული, ჯვრის მოყვანილობის გეგმა აქვთ. იმ წიბოებს, რომლებიც ჯვრის მკლავებისკენაა მიქცეული, მსხვილი, ნახევარწრიული პილასტრები აქვს აყოლებული. ტაძრის გარე (სამხრეთისა და ჩრდილოეთის) კედლებზე გუმბათქვეშა ბურჯებს შეესაბამება ორსაფეხურიანი პილასტრები, რომლებსაც თაღები ეყრდნობა.
         შიდა სივრცე განათებულია ვიწრო და მაღალი სარკმლებით: თითო-თითოა ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავებში და სამი – აფსიდში. სამხრეთის მკლავში სამი ფართო სარკმელია, ორი ქვედა ფართო სარკმელი მერმინდელია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში, ამას გარდა, მოთავსებულია კიდევ თითო-თითო სარკმელი, რომლებიც აღმოსავლეთის კუთხის მონაკვეთებს ანათებს.
         ნაგებობის გარედან ასახულობაში აშკარად გამოიყოფა აგურით ამოყვანილი მერმინდელი ნაწილები – გუმბათი მთლიანად, სამხრეთის ფასადი, აგრეთვე თითქმის მთლიანად, აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების ცალკეული ნაწილები, კარიბჭის ზედა ნაწილი და კვარცხლბეკიც. უფრო ადრე ძეგლის ფასადები თლილი ქვით შეუკეთებიათ. მერმინდელი წყობა, თავდაპირველ წყობასთან შედარებით, გამოირჩევა კვადრების მცირე ზომითა და წყობის სხვაგვარი იერით. ამ შეკეთებათა მიუხედავად, ნაგებობის გარე ასახულობა, გუმბათის გამოკლებით, ინარჩუნებს თავდაპირველ ხუროთმოძღვრულ ფორმებსა და დეკორატიულ სისტემას.
         ძეგლის ფასადები, როგორც ზევით იყო აღნიშნული, მოპირკეთებულია სუფთად ნათალი კვადრებით. თავდაპირველი ქვების რიგები სწორია, წყობა კარგი და წესიერი. საპირე ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი ზედაპირის გამოფიტვის შედეგად ძალიან დაზიანებულია, ამის გამო მორთულობის დიდი ნაწილიც დაკარგულია.
         ნაგებობა დგას ცოკოლზე, რომელიც ზედა ლილვისა და ქვედა საფეხურისაგან შედგება. ცოკოლის ქვები კლდის შემოსწორებულ ზედაპირზეა დალაგებული, ზოგან კლდე ცოკოლის ქვედა საფეხურის მაგივრობას სწევს.
         მეტეხის ტაძრის ფასადების დიდი, გლუვი სიბრტყეები მორთულია ცალკეული დეკორატიული ელემენტებით, რომელთა გამაერთიანებელ მოტივად ოთხსავე ფასადისათვის ჰორიზონტალური სარტყლებია გამოყენებული.