“გამარჯობა გიორგი, დიდი მადლობა! შენისთანა ხალხი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, შეიძლება ითქვას, ”ცხოვრებას უადვილებს”. სიამოვნებით ვეცნობი მასალებს შენს ვებ-გვერდზე და როცა კი ვნახულობ, ყოველთვის მიხარია და გული სევდით მევსება-ხოლმე... მე უკვე 14 წელია ჰოლანდიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. www.gotscha.nl პატივისცემით, გოჩა ლაღიძე. ჰოლანდია.”
ეს წერილი რამდენიმე ხნის წინ მივიღე. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა და ”შთაბეჭდილებების ქართულ დიასპორაში” დავამატე. მაშინვე გამახსენდა ”იმედის” ტელევიზიაში ”დროებაში” ნანახი ვრცელი სიუჯეტი გოჩა ლაღიძის შესახებ, რომელიც საბრძოლო აღჭურვილობის მეტად ორიგინალურ ასლებზე მუშაობდა. მისი საიტიდან კი მის ყველა ნამუშევარს და ბიოგრაფიულ მონაცემებსაც გავეცანი, სადაც ვკითხულობთ:
”გოჩა დაიბადა თბილისში, 1965 წელს. 1-ლ ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში სწავლის დროს (1971-1979) იგი ამჟღავნებს მიდრეკილებას ფიზიკა-მათემატიკისადმი და თავისებურ ნიჭს მხატვრობისადმი. მშობლების ინიციატივით, 1979 წლიდან, გოჩა სწავლას განაგრძობს თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. მის საუკეთესო აღმზრდელ პედაგოგთა შორის აღსანიშნავია საქართველოს ისტორიის მასწავლებელი ჯუანშერ ჯურხაძე. ისტორიის მასწავლებელი გოჩასთვის სამაგალითო პიროვნება შეიქმნა. მან გააღრმავა გოჩას ინტერესი საქართველოს ისტორიისადმი და დააინტერესა ქართველი რაინდების გმირული ცხოვრება-მოღვაწეობით და მათი საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშებით, რომლის შესანიშნავი კოლექციაც გოჩამ 14 წლის ასაკში მის ოჯახში ნახა. ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან საუცხოო ქართულმა საჭურველმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და გადააწყვეტინა თავისი ხელით მუზარადი დაემზადებინა. გოჩა წარმატებით აღწევს მიზანს და ასე იბადება მისი პირველი ნამუშევარი, ე.წ. ”გუდამაყრული ჩაბალახი”. შედეგით მოხიბლულმა მასწავლებელმა გოჩას, წახალისების მიზნით, თავისივე ნახელავი ფარი აჩუქა.
1982 წლიდან გოჩა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის სტუდენტია, სადაც იგი ხვდება თავის მომავალ მეუღლეს. 1989 წელს იცავს დიპლომს, კვალიფიკაციით – ელექტროობის ინჟინერი. ინსტიტუტში სწავლის დროს იგი სერიოზულად არის დაინტერესებული ქართული საჭურველით, ინტენსიურად სწავლობს ისტორიული საბრძოლო აღკაზმულობის ნიმუშებს. 1985 წლიდან აკად. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხშირი სტუმარია. კვლევაში მას განსაკუთრებულ დახმარებას უწევენ მუზეუმის ფონდის თანამშრომლები და ქართულ იარაღზე სამეცნიერო ნაშრომების ავტორები, ბატონები, კოტე ჩოლოყაშვილი და გურამ შოშიტაშვილი. პერიოდში, 1985-1989, ქმნის მნიშვნელოვან ისტორიულ და მხატვრულ ნამუშევარს – მთლიანად აღადგენს ხევსურულ აბჯარს (ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლავეები, საფუხრეები, სამხარიღლიო, ფარი და ხმალი). საქართველოს ტელეფილმის და რესპუბლიკის სახალხო მხატვის ბატონი გურამ გაბაშვილის ინიციატივით, 1988 წელს, შეიქმნა და გადაიცა ფილმი ”ჯაჭვის პერანგი”, სადაც მისი ნამუშევრები საზოგადოებას გააცნეს სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლებმა პროფ. კოტე ჩოლოყაშვილმა, მხატვარმა გურამ გაბაშვილმა და შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის კარიბჭის აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელმა, მხატვარმა თემურ სულხანიშვილმა.
1988 წელს გოჩას საქართველოს მხატვართა კავშირის ხალხური ოსტატის წოდება ენიჭება. ამავე წელს, რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ, ნამუშევრები იგზავნება ავსტრიის ქალაქ ტიროლის მერიაში ორგანიზებულ სამხატვრო გამოფენაზე. ამ პერიოდში გოჩას მისწრაფებები და უდიდესი სურვილია გამოჭედოს ქართული ჯავარდენი და შუა საუკუნეების ევროპელი რაინდის ჯავშანი.
|