|
23 ივნისი. დასვენება (ჰიუსტონი, ”სიქს ფლეგ”)
24 ივნისი – 29 ივნისი
|
პრაქტიკული მეცადინეობა ტყეში გასვლით: ვერტმფრენში შესვლა და გამოსვლა, სამეთვალყურეო საგუშაგოს დაკავება, საკონტროლო გამშვები პუნქტი, პატრულირება ქალაქში, თავდასხმა ღამით და კონვოი.
აღსანიშნავია, რომ თვითოეული ამოცანა ამერიკის მხრიდან მომზადებული იყო სამ ვარიანტად: მარტივი, საშუალო და რთული. ჩვენი ოცეული ყოველთვის ირჩევდა რთულ ვარიანტს.
საწვრთნელი ბაზის ტყის უზარმაზარი მასივი დაყოფილი იყო სექტორებად, თვითოეული სექტორი განკუთვნილი იყო კონკრეტული ამოვანის შესასრულებლად. სექტორის შუაში იდგა კარავი, სადაც ტარდებოდა თეორიული მეცადინეობა, ეგრეთ წოდებული კლასი. ზოგადად, სწავლება მიმდინარეობდა შემდეგი სქემის მიხედვით: 5 წუთი – შესავალი, 20 წუთი – კლასი, 10 წუთი – მომზადება, 20 წუთი – ვარჯიში, 40 წუთი – შესრულება და 15 წუთი – შეჯამება, სულ 2 საათი.
განვიხილოთ ერთ-ერთი ამოცანა, კერძოდ ამოცანა, რომელიც აქტუალურია საქართველოსათვის, ესაა ”იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები”. შესავალი სიტყვა წარმოსთქვა სერჟანტმა როდრიგესმა, მან გაგვაფრთხილა შხამიანი მცენარეების და ქვეწარმავლების შესახებ, სად იყო ტუალეტი და სასმელი წყალი, შეგვახსენა რომ მეცადინეობის დროს არ დაგვეფრთხო მის ტერიტორიაზე მყოფი გარეული ცხოველები.
კლასი ჩაატარა სერჟანტმა ქართენფერმა, მას ეხმარებოდა სერჟანტი დანიელი. გაგაცნობთ მოკლე ჩანაწერს: ”ჩვენ ვართ მშვიდობის დამცველები. ჩვენი მიზანია ერთ წერტილში შევკრიბოთ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები. ლტოლვილები – ეს არის ხალხი, ვინც შიშის ნიადაგზე იძულებული გახდა მიეტოვებინა თავისი სახლ-კარი. მათ აქვთ საშუალება, დაუბრუნდნენ თავიანთ მიწა-წყალს, სადაც დატოვებული ჰყავთ 2-3 კაცი, რომლებიც იცავენ მათ კერძო საკუთრებას, თვითონ კი გადაადგილებით ეძებენ სასმელ წყალს, პროდუქტებს.
ჩვენ დაგვიძახეს, რათა ეს ხალხი დავაბრუნოთ თავის ადგილზე, ჩავსვათ მანქანებში ან ფეხით გადავაადგილოთ ერთი წერტილიდან მეორეში. უნდა ავირჩიოთ ადგილი, სადაც შევკრებთ მათ, გავაერთიანებთ და შემდეგ მოვახდენთ მათ გადაადგილებას. ამ ოპერაციის დროს უნდა გამოვიყენოთ ის პირებიც, ვინც აქტიურობს, ლიდერობს. უნდა ვკითხოთ მათ, სად მიდიან, რა უნდათ. თუ ისინი წინააღმდეგნი იქნებიან ჩვენს მიერ შერჩეული მარშრუტისა, უნდა ავუხსნათ, რომ მეორე წერტილში არის საჭმელი, წყალი, არიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები და ა.შ. ოპერაცია უნდა ჩატარდეს ისე, რომ არ დავკარგოთ არცერთი ჯარისკაცი. თვითონ ლტოლვილებმა არ უნდა იჩხუბონ, არავითარ კონფლიქტურ სიტუაციებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ არ უნდა შევეხოთ ფიზიკურად. ვინც საშიშროებას წარმოქმნის, ისინი უნდა განვაცალკევოთ, დანარჩენები იქნებიან ცალკე და ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი. უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია. თუ მოითხოვეს წყალი, მივცემთ თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ რამდენი მარაგი გვაქვს, თუ მარაგი ცოტაა, მაშინ მხოლოდ ჯარისკაცებს უნდა მივცეთ, ვინაიდან ჩვენი უშიშროება და ჯანმრთელობა მთავარია. თუ პატარა ბავშვს სჭირდება რაიმე, უნდა ვეცადოთ, რომ ყველა პირობა შევუქმნათ შეძლებისდაგვარად. არავის არ უნდა დავპირდეთ ის, რაც არ შეგვიძლია გავაკეთოთ. მათი მოტყუება არ შეიძლება. უნდა ვითანამრომლოთ მათთან, ვინაიდან მათ აქვთ გამოცდილება, ჩვენ კი ძალა, ორგანიზება და ზურგი.
სცენარის მიხედვით დღევანდელ ოპერაციაში იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ვაბრუნებთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე. მზვერავების მიერ მოტანილი ინფორმაციის თანახმად, მათი ყოფილი საცხოვრებელი დანაღმულია, ისინი მაინც მოითხოვენ სახლში დაბრუნებას, ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ იქ დაბრუნება არ შეიძლება, თუ ამას მოჰყვება კონფლიქტი, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ იარაღიც. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, როდის ვისროლოთ და ვის ვესროლოთ, ვინაიდან ტყვიამ არ იცის, შენ მშვიდობის დამცველი ხარ თუ ტერორისტი, ტყვია უბრალოდ კლავს ადამიანს! თუ საჭირო გახდა, უნდა გამოვიძახოთ სამხედრო პოლიცია”.
10 წუთიანი მომზადების შემდეგ დაიწყო ოპერაცია: ჩვენი სამშვიდობო ოცეული მიჰყვება გზას, რამდენიმე ხანში გამოჩნდა სამი სამოქალაქო პირი – ერთი ქალი და ორი კაცი. ერთ მათგანს ხელში უკავია ”დოლარები”, ისინი თხოულობენ საჭმელს. ჩვენ არ გვაქვს საჭმელი, მაგრამ ვაძლევთ წყალს. შემდეგ გამოჩნდა სამოქალაქო პირების ჯგუფი, ერთ-ერთი მოაგორებს ურიკას, რაზედაც აწყვია შრომის იარაღები. ერთი მათგანი ”გონებაჩლუნგის” შთაბეჭდილებას ტოვებს: სიარულის დროს იგრიხება, გაჰყვირის გაუგებარ ფრაზებს, ხელში უკავია ცული. ტყის სიღრმეში მოჩანს კარავი, კარავის გარშემო სარეცხია გაფენილი. ჩვენი წარმომადგენელი თარჯიმნის თანხლებით უახლოვდება მათ. მოქალაქეთა ჯგუფში ატყდა ჩოჩქოლი, რომელიც მალე ჩხუბში გადაიზარდა. ჩვენი ოცეული იყოფა ორად. ერთი აწარმოებს წრიულ თავდაცვას, მეორე ცდილობს მათ დაშოშმინებას. ჩვენმა ჯარისკაცებმა გააცალკევეს მოჩხუბრები და ჩაუტარეს ჩხრეკა. ორს ამოაცალეს დანა, ”გონებაჩლუნგს” ჩამოართვეს ცული. გამოიძახეს სამხედრო პოლიცია. დაკავებული იქნა ორი მამაკაცი. სიტუაცია განიმუხტა. ყველა სამოქალაქო პირი მოათავსეს გაეროს მანქანაში და გააგზავნეს დანიშნულების წერტილში. ოპერაცია დამთავრდა.
|
საქართველოს დროშის ქვეშ - გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი
 |
კურიოზები
|
რა თქმა უნდა ეს სწავლება კურიოზების გარეშე არ ჩაივლიდა. მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მათგანი:
1. ტყის სასწავლო სექტორი სავსე იყო ქვეწარმავლებით და გარეული ცხოველებით. ერთ-ერთი ამოცანის შესრულების დაწყებამდე, მე როგორც დამკვირვებელი, მოვიმარჯვე ბლოკნოტი და ტყის სიღრმეში შემაღლებული ადგილისაკენ გავეშურე, რათა უკეთ მედევნებინა თვალი ამოცანის შესრულებისათვის. უცებ დამფრთხალმა ქორბუდა ირემმა ჩამიქროლა. თან გამიხარდა, თან გამიკვირდა... როგორც იქნა ავფოფხდი შემაღლებულ ადგილზე და კინაღამ ისევ უკან ჩამოვვარდი... იქ ”მოწინააღმდეგე მხარის” სნაიპერი იყო გაწოლილი... მე უფლება არ მქონდა ”ჩემიანებისთვის” რამე მიმენიშნებინა... არც უკან დაბრუნება შემეძლო... ვიდექი ჩემი ”მტრის” გვერდით და ვუყურებდი, თუ როგორ ესროდა ”ჩემიანებს”. მარტო იმითღა ვინუგეშე თავი, რომ საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. აქედან დასკვნა: როცა ტყეში დამფრთხალი ცხოველი გადაგეყრება ან რომელიმე ადგილიდან უცებ ფრინველთა გუნდი ამოფრინდება, ესე იგი ვიღაცამ მათი მყუდროება დაარღვია. ეს ადრე რომ მეფიქრა, აღარ გავხდებოდი ჩემიანების ”ხოცვა-ჟლეტის” მოწმე.
2. ერთკვირიანი პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების დროს ვცხოვრობდით ტყეში, კარავში, რომელიც 1200 კაცს იტევდა! ჩვენს ფეხქვეშ შხამიანი ქვეწარმავლები ხშირად დასრიალებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ არც ერთ უბედურ შემთხვევას არ ჰქონია ადგილი. კარვის ერთ-ერთ შესასვლელში კი მიწაზე ჩიტის ბუდე იყო, რომელშიც დედა ჩიტი კვერცხებზე იჯდა. იგი საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას, ახლოს მისვლის და სურათის გადაღების საშუალებაც კი მომცა. ბუდეს წითელი ლენტი შემოვახვიეთ, უნებურად ფეხი რომ არ დაგვებიჯებინა!
|
|
3. სრულდებოდა ამოცანა ”ღამის პატრულირება”. ჩვენმა ოცეულმა მიიღო დავალება, რომ დაეკავებინათ ყველა სამოქალაქო პირი, ვინც კი საეჭვოდ მოეჩვენებოდათ. ამოცანის დაწყებიდან გავიდა ცოტა ხანი და ჩვენმა სამშვიდობოებმა პირველი დაკავებული უკვე მოიყვანეს, რომელსაც სათვალეები ეკეთა, თეთრი შორტები ეცვა და ხელში კინო-აპარატი ეჭირა... აღმოჩნდა რომ ეს ”დაკავებული” იყო საქართველოს ტელევიზიის თანამშრომელი, ბატონი გივი ბაქრაძე, რომელიც სატელევიზიო გადაცემისთვის ”სპა” დოკუმენტურ მასალებს იღებდა. უბრალოდ, ბატონ გივის თადარიგი დაუჭერია და აუტანელი სიცხის გამო შორტებში გამოწყობილა...
4. ერთ-ერთი შეიარაღებული შეტაკების დროს ჩვენმა ოცეულმა წინ წაიწია. უკან დარჩა ”დაჭრილებით” სავსე ”ბრძოლის ველი”. სანიტრებმა თავისი საქმე ჩინებულად შეასრულეს. გამოიყვანეს ყველა ჩვენი ”დაჭრილი” და ლაზარეთებში გადაანაწილეს. ამ დროს გაისმა კიდევ ერთი გასროლა. აღმოჩნდა, რომ მტრის ”დაჭრილმა” ჯარისკაცმა თავი მოიკლა. რადგან მას ყურადღება არავინ არ მიაქცია, ის კი სისხლისაგან ”იცლებოდა” და თანაც აუტანელი ტკივილი ”სტანჯავდა”... აქედან დასკვნა: ბრძოლის ველიდან ყველა დაჭრილი უნდა გამოიყვანო, მნიშვნელობა არა აქვს შენიანია თუ მოწინააღმდეგის... ერთი პატარა შენიშვნაც: იმ პერიოდში ჩვენი სამხედრო პირები ვატარებდით სამხედრო ფორმას, რომელსაც თეთრი მატერია ჰქონდა მიკერებული კისერთან, ვითომდა სისუფთავის მაჩვენებელი, სინამდვილეში კი ზუსტ სამიზნეს წარმოადგენდა სნაიპერისათვის.
5. სრულდებოდა ამოცანა ”ვერტმფრენში შესვლა და გამოსვლა”. სწავლების დონის შემოწმების მიზნით ამერიკის მხრიდან რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო პირი გვესტუმრა საველე ფორმებით. ერთ-ერთ გენერალს ზურგჩანთა ერთი მხრიდან გახსნილი ჰქონდა. მაშინ იმდენი ინგლისური არ ვიცოდი რომ გამეფრთხილებინა, ამიტომ პირდაპირ მივედი და უბრალოდ თასმა შევუკარი... საშინლად გაოცებულმა გენერალმა მადლობა გადამიხადა... შემდეგ კი გაირკვა, რომ ყველა სნაიპერს მიზანში ვყავდი ამოღებული, მათ ხომ არ იცოდნენ თუ რას ვაპირებდი...
6. ნამდვილი კურიოზი კი შემემთხვა ამოცანის ”ტერორისტები ქალაქში” შესრულების დროს. ჯერ კი პატარა კომენტარი: სწავლების თვითოეული მონაწილე აღჭურვილი იყო ”მაელსის” სისტემით, დამკვირვებელთა ჯგუფის გარდა. როდესაც ჯარისკაცს ტყვია ”ხვდებოდა”, ირთვებოდა მისი ”სიგნალიზაცია”. ამის შემდეგ ”დაჭრილი” ჯარისკაცი პირველად ხსნიდა წინასწარ მიცემულ დალუქულ კონვერტს, სადაც იგი მინიშნებული, თუ სად იყო ”დაჭრილი”, შემდეგ კი წითელი სითხით სავსე პატარა პაკეტს, რომელიც ”ჭრილობის” ადგილზე უნდა წაესვა და დალოდებოდა სანიტარს ლაზარეთში გადასაყვანად. ყოფილა შემთხვევებიც, როცა ჯარისკაცი მაშინვე ”კვდებოდა” (ესეც ბარათში იყო მითითებული).
|
 |
|
 |
|
სპეციალურად ამოცანის შესასრულებლად აგებული იყო ბუტაფორიული ქალაქის ერთი უბანი თავისი ფოსტით, სასტუმროთი, ბაზრობით და სასაფლაოც კი... ”ტერორისტების” გამოჩენას ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ბაზრობაზე ველოდით, ამიტომ ჩვენმა ოცეულმა ახლო პოზიციები დაიკავა. მე ჩემი ბლოკნოტით ხელში, ბაზრობის შუაში, განათების სვეტთან დავიკავე ადგილი და ველოდით ამოცანის დაწყებას. ამოცანა კი არა და არ იწყებოდა. ჩვენი ბიჭები უსაქმოდ იდგნენ თავთავიანთ ადგილებზე... მთელი სწავლების განმავლობაში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი ზედმეტად პუნქტუალურად კეთდებოდა... ბოლოს ჩემთან მოვიდა ერთი ამერიკელი სერჟანტი და ჩუმად მთხოვა ადგილი შემეცვალა, რადგან სწორედ იქ უნდა ”აფეთქებულიყო” პირველი ჭურვი, სადაც მე ვიდექი და ეს უნდა ყოფილიყო ამოცანის დაწყების ნიშანი. როგორც დამკვირვებელი, მე ”მაელსის” სისტემით არ ვიყავი აღჭურვილი, ჩემზე არავითარი იარაღი არ მოქმედებდა, მაგრამ მაინც მაშინვე დავტოვე დაკავებული ადგილი, ამ დროს ჭურვიც აფეთქდა... უცებ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მივხვდი რომ თვალთან რაღაც მომხვდა და დავეცი... მეგონა რომ დავბრმავდი, თან მიკვირდა თუ რატომ ვგრძნობდი ტკივილს... მაშინვე წამიყვანეს სამედიცინო პუნქტში, სადაც უკვე უამრავ ”დაჭრილს” მოეყარა თავი. რომ ხედავდნენ, რომ მე ნამდვილი სისხლი მდიოდა, ყველა გზას მითმობდა. გაკვირვებულმა ექიმმა სასწრაფოდ დამიმუშავა ჭრილობა, რაც მთავარია თვალი გადარჩა.
შემდეგში გაირკვა, რომ ამოცანის დაწყებამდე უქმად მდგომი ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ქართველი ოფიცერი, ხელში ჰილზს ათამაშებდა. ამოცანა რომ დაიწყო უცებ შორს მოისროლა, საითაც არავინ არ ეგულებოდა და ჩემდა სამწუხაროდ მე აღმოვჩნდი სწორედ იმ ადგილზე...
მეორე დღეს გაზეთში დაიბეჭდა ცნობა, რომ მთელი სწავლებების მანძილზე მხოლოდ ერთხელ დაიღვარა ქართველი ოფიცრის ნამდვილი სისხლი და ისიც ქართველივე ოფიცრის ხელით...
|
|
ბოლოს ერთი რჩევა ჟურნალისტებთან დაკავშირებით. არც ერთმა სამხედრო პიროვნებამ არ უნდა გაამხილოს სად აგზავნიან ან რა მისიით. ამისთვის არსებობს ზემდგომი ორგანო, რადგანაც ერთ-ერთი ქალბატონის, CNN-ის სპეციალური კორესპონდენტის თქმისა არ იყოს: ”ჭკვიანი კორესპონდენტი ნამდვილი ალიგატორია! თუ კბილი "ჩაგავლო", თავს აღარ გაგანებებს. მან პასუხი ყოველთვის წინასწარ იცის, მაგრამ უნდა რომ რესპონდენტს ათქმევინოს”.
* * *
|
|