ავთანდილ სონღულაშვილი

ირანში ქართველთა ნაკვალევზე

გვიხმობს ფერეიდანი!

ამას ამბობდა ქართველი,
სპარსეთში გადახვეწილი,
რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ,
მაინც დავრჩები ქართველი.

ირანის ცენტრალურ მთიანეთში, დაახლოებით 180 კილომეტრზე სეფიანთა ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანის სამხრეთ-დასავლეთით, იქ, სადაც აღმართულია ბახთიარის მაღალი მთები, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს სპარსეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონი, რომელსაც ფერეიდანს ეძახიან. თითქმის ოთხი საუკუნეა, რაც ამ მაღალ მთებში ბინადრობს ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამშობლოსგან მოწყვეტილი ქართველი მოსახლეობა. ისინი ჩვენში “ფერეიდნელი ქართველების” სახელით არიან ცნობილი.

ზუსტი და დაწვრილებითი ცნობები ფერეიდანში ქართველთა ჩასახლებისა და მათი იქ ცხოვრების შესახებ თითქმის არ შემონახულა. თვით ირანში საგანგებოდ იყო მიჩქმალული ფერეიდნელთა ქართველობა და დღემდე მათ რიცხვს ხელოვნურად მიაწერენ და უმატებენ სპარსულ მოსახლეობას.

მთელი XVII-XVIII საუკუნეების განმავლობაში არცერთი ქართველი, რუსი თუ ევროპელი მოგზაური არ მოხვედრილა ფერეიდანის მხარეში, რის გამოც ამ პერიოდის შესახებ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება იქ მოსახლე ქართველების შესახებ.

მხოლოდ 1840 წელს გაიარა გზად ფერეიდანში ინგლისელმა ჰენრი ლეიარდმა, რომელმაც შემოგვინახა პირველი წერილობითი ცნობა ფერეიდანთან დაკავშირებით.

ირანის ცნობილ ისტორიკოსსა და სტატისტიკოსს სეიდ ალის, რომელიც XX საუკუნის 20-30-იან წლებში მოღვაწეობდა და რომელმაც ირანის ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნებათა მთლიანი სტატისტიკა შეადგინა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ირანში ქართველები მოსახლეობენ. რა თქმა უნდა, რომ არც საზღვარგარეთელი ავტორები იხსენიებენ ირანში ქართველი მოსახლეობის არსებობის ფაქტს. XIX საუკუნის ცნობილი მკვლევარი ელიზე რეკლიუ, რომელმაც მსოფლიო გეოგრაფიის მრავალტომიანი შრომა შეადგინა, როცა ირანის გეოგრაფიას გადმოსცემს, ამ მხარეს ფერეიდუნად იხსენიებს და თვლის, რომ თითქოს იქ ცხოვრობენ საქართველოდან გადასული სომხები, რომლებიც ქართულ ენაზე ლაპარაკობენო. რეკლიუ სწორ ინფორმაციას ემყარება, როცა აღნიშნავს, რომ ფერეიდანის მოსახლეობა საქართველოდან არის გადასული (თუმცა არა გადასული, არამედ ძალით გარეკილი) და მათი სალაპარაკო ენა ქართულია, მაგრამ ცდება და ერთმანეთში ურევს სომხებსა და ქართველებს და ქართულ ენაზე მოლაპარაკე ფერეიდანის ქართველ მოსახლეობას სომხებად თვლის.

რადგან შაჰ-აბასი ქართველებში უნარიან მეურნეებსა და გულად მეომრებს ხედავდა ამიტომ გადაწყვიტა, რომ ტყვე ქართველების ფერეიდნის მაღალმთიან რაიონში ჩასახლებით მტკიცე ბარიერი შეექმნა ბახთიარების, ლურებისა და ქურთების ტომებისათვის, რომლებიც განუწყვეტლივ თავს ესხმოდნენ და მუდმივი შიშის ქვეშ აყენებდნენ სეფიანთა შაჰების სატახტო ქალაქ ისფაჰანსა და მიმდებარე სპარსელთა სოფლებს. ფერეიდანი სწორედ ბახთიარიდან ისფაჰანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მოხერხებული და ცბიერი შაჰის ეს ვარაუდი შემდეგში ცხოვრებამ დაადასტურა. ბახთიართ ტომები: ჩარლანგი, ჰაფლანგი, ბოსაქი, მომსალე, ქუნუსი დროგამოშვებით ერთიანდებოდნენ და დარბევებს აწყობდნენ ქართველთა სოფლებზე. ქართველები არა თუ თავს იცავდნენ, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობასაც მფარველობდნენ. თუ არა ქართველები, იქაური სომხებისა და ზოგიერთი სპარსული სოფლის ხსენებაც აღარ იქნებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ქართველი ქალი იარაღს აისხამდა და მტრის წინააღმდეგ იბრძოდა. ზოგჯერ ქართველები თავად ბახთიარებისგან შევიწროებულ ბახთიარებსაც იფარავდნენ.

მოგვიანებით, შაჰის ბრძანების თანახმად, აქ მცხოვრები ქართველების გაძლიერების მიზნით, ისფაჰანის პროვინციაში დასახლებული ჩვენი თანამემამულენი ფერეიდანში ჩაასახლეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, სადაც ქართველების კომპაქტურად დასახლება მოხდა. მართალია ირანის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა ეს აქტი, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთმა ვითარებამ შეაძლებინა ქართველობას დღემდე მოეტანა თავისი ეროვნული სული. სხვა შემთხვევაში, როგორც ყველა დამპყრობს ჩვევია და ზევით უკვე ითქვა ქართველობა მთელი ირანის ტერიტორიაზე გაფანტეს, რის შემდეგ მათი ასიმილაცია ადვილად განხორციელდა.

საქართველოში ზეპირგადმოცემებიდან იცოდნენ, რომ სპარსეთის მივარდნილ მხარეში მათი მოძმე ქართველები ცხოვრობდნენ. ბევრ ქართველს შემდეგშიც ხშირად უმუხთლა ბედმა და ისტორიის მთელ ამ მონაკვეთში ნებით თუ უნებლიედ, თავის სიცოცხლეს ირანის შაჰის კარზე ან ქვეყნის რომელიმე პროვინციაში ატარებდა. სამწუხაროდ, ფერეიდნელთა ვინაობის შესახებ წერილობითი ცნობები ნაკლებად მოგვეპოვება. “კალმასობის” ავტორი თავის ცნობილ პერსონაჟს ლოცვაში ათქმევინებს: “ეძიე (ადონაი უფალო) სისხლნი ივერიისა, დანთხეულნი მირიან მეფითაგან ვიდრე აქამომდე, და მოიყვანე ერი იგი (ქართველი) ფერეითიდგან (ფერეიდანი).

ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრი ირანში გადასახლებულ ქართველებზე. პოლიევქტოვის პირად არქივში დაცულია ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ირანს გადასახლებულ ქართველთა ერთ-ერთი თანმგრძობი მოითხოვს შეიქმნას საზოგადოება ან კომიტეტი, რომელსაც დაევალებოდა საზღვარგარეთ მცხოვრები და ადგილობრივ მაჰმადიან ქართველთა საქმეების შესწავლა. პირველ რიგში ამ კომიტეტს უნდა მოეწყო ექსკურსიები სპარსეთში, თურქეთში… ქართველ მაჰმადიანთა ენის, წეს-ჩვეულებათა, რელიგიისა და ყოფის ყოველმხრივი შესწავლის მიზნით. მათ მჭიდრო კონტაქტი უნდა დაემყარებინათ მაჰმადიან ქართველებთან.

საქართველოდან გადასახლებულ ქართველთა ბედ-იღბალზე ქართველი საზოგადოების დაინტერესებას მოწმობს გაზ. “ივერიაში” და “დროებაში” გამოქვეყნებული პუბლიკაციები.

დიდი სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში 1871 წელს პირველი ფერეიდნელი ქართველის – იოთამა ონიკაშვილის ჩამოსვლამ თბილისში. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაცხოველდა ქართველი ხალხის ინტერესი ფერეიდანის მიმართ. ბევრმა ქართველმა გამოთქვა სურვილი წასულიყო და თავისი თვალით ენახა იქ მცხოვრები ქართველები. ამ ამბავს ფართოდ გამოეხმაურა იმდროინდელი ქართული პრესა.

პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც 1894 წელს ფეხი დადგა ფერეიდანის მიწაზე, რათა გაცნობოდა იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ყოფას, იყო ლადო აღნიაშვილი. როგორც თავად ლადო იგონებს ირანში შეხვედრილ სომხის ტერტერას არ ესიამოვნა ქართველის ვიზიტის მიზანი და შეეცადა გაადაეფიქრებინა ფერეიდანში წასვლა: “ისინი საზიზღარი ფანატიკოსები არიან, შეუძლიანთ შენც გაგამაჰმადიანონ” – “არიგებდა” დიდ მამულიშვილს. ლ. აღნიაშვილმა დაათვალიერა ყველა ქართული სოფელი. გადაიღო ფოტო-სურათები. თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოსცა წიგნი თავისი მოგზაურობის შესახებ. აღნიაშვილი ფერეიდნელ ქართველებს სთხოვდა არ მოეხდინათ სისხლის აღრევა სპარსელებთან, შეენარჩუნებინათ ენა და ეროვნული ტრადიციები, ეცხოვრათ მეგობრულად და დალოდებოდნენ განთავისუფლებას. ლადომ, სოფელ ბოინის მცხოვრებ ქართველს სამახსოვრო წერილი დაუტოვა. ეს უკანასკნელი რამდენიმე წელი ინახავდა წერილს, როგორც რელიქვიას, მაგრამ ხელისუფლების შიშით გაანადგურა. მოხუცი ქართველები დიდი სიხარულით იგონებდნენ აღნიაშვილის მათთან ყოფნას.

1896 წელს კიდევ ორი ფერეიდნელი ესტუმრა საქართველოს – ხუციშვილი და ონიკაშვილი, ხოლო 1905-1906 წლებში თბილისში იმყოფებოდა ფერეიდნელი ქართველი მაჰმუდ მაყაშვილი. ასევე, თბილისში ყოფილა მისი სიძე ნასრულა. ქართულ კლუბში ის დასწრებია ბალ-მასკარადს. მასკარადის დროს მისთვის ქართველებს გადაუციათ უთარიღო ბარათები, სადაც ეწერა: “ნასრულა მიყვარხარ”, “ნასრულა გაკოცებ”. თეირანში დაბრუნებული ნასროლა გაცნობია ქართველ მოჭიდავეს, რომელსაც სახელი გაუთქვამს და ფალავნობით საკმაო თანხაც უშოვია. შემდეგ ნასრულას თანხლებით ის წასულა ისფაჰანში, მაგრამ გზაზე ორივე მოუკლავთ ყაჩაღებს.

1922 წელს ფერეიდნელი ქართველი სეიფოლა იოსელიანი ეწვია საქართველოს. იგი აქ დარჩა 1923 წლის ზაფხულამდე. სანამ იოსელიანს მიუჩენდნენ მისთვის განკუთვნილ ბინას, იგი თითქმის თვენახევრის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში თავისი ძველი მეგობრის პავლე ლორთქიფანიძის ბინაზე.

1922 წლის 25 აგვისტოს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დაავალა განსახკომს მოეწყო ექსპედიცია ირანის ქართულ კოლონიებში რსფსრ წარმომადგენლობის მეშვეობით და წაეღოთ ქართული გაზეთები ლიტერატურასთან ერთად.

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი დიპლომატიური ღონისძიებები გაეტარებინა ირანში მცხოვრები ქართველების სასარგებლოდ. ასევე გამოყო შესაბამისი თანხა სეიფოლა იოსელიანის დასაფინანსებლად საქართველოში ყოფნის დროს.

სეიფოლამ საქართველოს ცაკ-ს მიმართა თხოვნით გამოეყოთ მისთვის სათანადო თანხა ირანში – ფერეიდანში დასაბრუნებლად და ასევე საჭირო სახსრები, რათა მას შესაძლებლობა მისცემოდა ფერეიდნელი ქართველი ბავშვებისათვის ესწავლებინა ქართული წერა-კითხვა და ეზრუნა მომავალი თაობის აღზრდაზე. მაგრამ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მთლიანობაში არ დააკმაყოფილა ეს მამულიშვილური საქმე. დადგენილებაში აღინიშნა, რომ “მიეცეს წინადადება ს. იოსელიანს საჩქაროდ წარმოადგინოს ცნობა თუ რამდენი დასჭირდება მას სპარსეთში, თავის სოფელში დასაბრუნებლად და ამისდა მიხედვით გადასწყდეს მისი გამგზავრების საკითხი. დანარჩენ ნაწილში მისი თხოვნა დატოვებული იქნას უყურადღებოდ”.

1923 წლის სექტემბერში იოსელიანმა იგივე თხოვნით მიმართა საქართველოს ცაკ-ს, რაზეც ანალოგიური პასუხი მიიღო. თუმცა აღმასრულებელმა კომიტეტმა ამავე დროს დააყენა საკითხი სპარსეთის ქართულ სოფლებში კულტურულ დაწესებულებათა დაარსების შესახებ, რაც განსახილველად გადაეცა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს.

1942 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ თეირანში სსრკ ელჩთან შეთანხმებით, ფერეიდნელ ქართველებს გაუგზავნა 97 დასახელების ლიტერატურა ქართულ ენაზე. ასევე “პატეფონის” 32 ფირფიტა. 10 ცალი ჩონგური, 5 ფანდური, 2 დოლი, 5 დაირა. ამავე დროს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მითითებით რადიოკომიტეტში მომზადდა საკონცერტო პროგრამები (ძირითადად, ქართული ხალხური მუსიკის თემატიკაზე).

1943 წელს, როდესაც სტალინი თეირანის კონფერენციაზე ჩავიდა აუდიენციაზე ეწვია შაჰს სასახლეში. შაჰი ისე დაიბნა, რომ მუხლებზე დაემხო და სტალინს მხსნელი უწოდა. სტალინმა ფეხზე ააყენა… უკან რომ გამობრუნდა სტალინი თავის გარემოცვაში მყოფ ქართველებს ქართულად გაესაუბრა: “აფსუს, ახლა გიორგი სააკაძე რომ ააყენა და მუხლმოდრეკილი სპარსეთის შაჰი დაანახაო…”.

საბჭოთა დელეგაციის ჩასვლამ ირანში ბევრს გაუღვიძა იმედის ნაპერწკალი. მას დაბეჯითებით სთხოვდნენ მფარველობას აზერბაიჯანელები და ფერეიდნელი ქართველები.

საელჩოში რამდენჯერმე მივიდა ფერეიდნელ ქართველთა წარმომადგენელი სეიფოლა იოსელიანი, ესაუბრა სტალინს, უამბო, რომ 1922 წელს საქართველოში ჩამოსულა, ყოფილა ფილიპე მახარაძესთან და უთხოვია, გადაეწყვიტა ირანელ ქართველთა სამშობლოში დაბრუნების საკითხი. მახარაძეს დახმარება აღუთქვამს, ისიც კი მიუნიშნებია, სამგორის ველზე დაგასახლებთო. მაგრამ მას შემდეგ ყველაფერი დავიწყებას მისცემია. სეიფოლამ სთხოვა სტალინს გადაესინჯა ფერეიდნელ ქართველთა დაბრუნების საკითხი. სტალინმა უპასუხა, ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები, რადგან ახლა ამის დრო არ არისო.

1944 წელს ირაკლი კანდელაკმა ფერეიდანში ჩაიტანა ქართული ლიტერატურა. დარიგების დროს დიდი ინტერესი გამოიჩინეს, ყველა ცდილობდა მეტი წიგნი მიეღო. სოფელ ფორელში ჩხუბიც კი მოუვიდათ. ასევე ჩაიტანეს პატეფონი, რამდენიმე ასეული ქართული სიმღერების ფირფიტა. იყო შემთხვევა სოფელ ავჭალაში, როდესაც ქართულ სიმღერებს დილიდან საღამომდე უსმენდნენ. განსაკუთრებით, მოწონებიათ მარო თარხნიშვილის გუნდის სიმღერები.

იმავე 1944 წელს სოფელ ბოლნისის მკვიდრის, მოლა პაპაშვილის თაოსნობით, საქართველოში გამოგზავნეს პირველი ქართული წერილი, რომელიც საქართველოს ისტორიულ მუზეუმს გადაეცა. წერილი შემდეგი შინაარსის არის: – “გამარჯობათ ქართველებო, გისურვებთ მტერზე გამარჯვებას, ნაზად იყოს ჩვენი მამა ბატონი სტალინი”. წერილის დაწერას ესწრებოდა 200 კაცამდე. აუწერელი იყო ის სიხარული, როდესაც პაპაშვილმა წაუკითხა წერილი იქ დამსწრე ქართველობას.

1945 წელს სომხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობდა ფერეიდანში მცხოვრები თვისტომნი სამშობლოში დაებრუნებინა. ასეთი ხმების გავრცელება აღელვებდა ფერეიდნელ ქართველებს.

ირანში 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ კოტე ფრუიძე და მოსე ნატროშვილი. ისფაჰანში სამუშაოს შოვნა ძალიან ძნელი შეიქმნა. მდგომარეობის გამოსწორებამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში ზამთრის დროს მათ გადაწყვიტეს ფერეიდანში წასვლა სოფლის მეურნეობის სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. ისინი მივიდნენ ქართულ სოფელ თოლერში. ორივე ქართველი სოფელში იყო დაბადებული და მათთვის სოფლის მეურნეობა ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენდა. ამას გარდა, მოსე ნატროშვილი მეცხვარეობაში დახელოვნებული სპეციალისტი იყო.

თოლერის სტუმრები ირანში 13 წლის ყოფნის მანძილზე მუშაობდნენ რკინიგზების მშენებლობაზე, სადაც გაიცნეს მრავალი ქართველი, რომლებიც ფერეიდანიდან სეზონურ სამუშაოზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთ მათგანთან დამეგობრდნენ კიდეც და სწორედ მათი მიწვევით 1945 წლის აგვისტოში წავიდნენ სამუშაოდ ფერეიდანში.

“დაუპატიჟებელი” სტუმრების მისვლა არ ესიამოვნა ფეოდალ-ხანს, რომელიც იყო არა მხოლოდ მემამულე არამედ ფეოდალიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხანმა გადაწყვიტა ფრუიძისა და ნატროშვილის განდევნა. პირველ რიგში მათ შესახებ აცნობა ისფაჰანში მყოფ “საბჭოთა” კონსულს, რომ “მის სოფელში მივიდა ორი ფაშისტი ან მათი მსგავსი ორი პიროვნება გაურკვეველი მიზნით…” მეორე დღეს ისფაჰანიდან სოფელში გამოცხადდა საკონსულოს წარმომადგენელი. ადგილზე გაეცნო ვითარებას. ბუნებრივია, მან ვერავითარი საეჭვო ვერ აღმოაჩინა და გულთბილად გამოემშვიდობა ქართველებს. მაშინ ხანი თავად გაემგზავრა პატარა ქალაქ დარანდში და აცნობა ქალაქის ხელისუფლებას, რომ თითქოს მის სოფელში ჩავიდა ორი ქართველი ბოლშევიკი ქართველ მოსახლეობაში პროპაგანდის გასაწევად და არეულობის მოსახდენად. მონაყოლის გამძაფრების მიზნით ხანმა ახალი სიცრუეც მოიგონა: “რომ ისფაჰანიდანაც კი მათთან მოვიდა თავად რუსი კონსული და დიდხანს რაღაცას რუსულად ლაპარაკობდნენო”.

ამის შემდეგ კოტე და მოსე გაგზავნეს “ისპრავნიკთან”, რომელმაც პირადად დაკითხა ქართველები თუ ვინ იყვნენ, რატომ მოვიდნენ, როდის ჩამოვიდნენ საქართველოდან, რა საქმიანობას ეწეოდნენ? და სხვ. მათ საბედნიეროდ, პოლიციელთა შორის აღმოჩნდა პიროვნება, რომელმაც იცოდა რკინიგზის მშენებლობაზე ქართველების მრავალწლიანი საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა ისპრავნიკი იცნობდა ირანელ მშენებლებს, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ეს ორი ქართველი. კოტემ და მოსემ ხელი მოაწერეს ოქმს, რომ ირანში დიდი ხანია ცხოვრობდნენ და “საბჭოთა საქართველოსთან” არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. ოქმში დაფიქსირდა ფაქტი, რომ ფრუიძე და ნატროშვილი ფერეიდანში ჩავიდნენ მუშაობის მიზნით, რადგან ქალაქებში ეკონომიკური კრიზისის გამო უმუშევრობა მძვინვარებდა და თავის რჩენა ჭირდა. მოგვიანებით ქართველები გაათავისუფლეს.

ხანის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების გამო ფერეიდანის სტუმრებს სამუშაოს შოვნა გაუძნელდათ. მეგობრების ხარჯზე ცხოვრება შეუძლებელი იყო, რადგან თვითონ ისინი შიმშილობდნენ. თეირანში დაბრუნებაც შეუძლებელი შეიქმნა ნაადრევი დიდთოვლობის გამო. გზებზე მოძრაობა აღარ შეიძლებოდა. კოტე და მოსე იძულებული გახდნენ თორელში დაბრუნებულიყვნენ. შეიძინეს 30 ცხვარი, მოიმარაგეს მათთვის საკვები და ასე გაატარეს ზამთარი. გაზაფხულზე გზები გაიხსნა. კარგად ნაკვები ცხვრები გაყიდეს და შეძლეს თეირანში დაბრუნება.

ფერეიდანის სტუმრები შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ქართველ გლეხებთან ყოფნის დროს მოწმენი გახდნენ მათი გამოუვალი, მწარე ცხოვრებისა, მონობისა, ძალადობისა და ძარცვისა…

გამომგზავრების დროს მათ აცილებდნენ თვალცრემლიანი ფერეიდნელი ქართველები. ისინი სთხოვდნენ კოტესა და მოსეს მისულიყვნენ გენერალურ საკონსულოში და მოეთხროთ მათი ცხოვრების შესახებ თუ რა ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ კონსულს განცხადებით მიემართა “დიდი და უფროსი ძმის სტალინისათვის, როგორ ცხოვრობდნენ და იტანჯებოდნენ ღმერთისაგან დავიწყებული და ძალით სამშობლოსაგან მოწყვეტილი ქართველები”.

1947 წლის იანვარში ისფაჰანში საბჭოთა კავშირის კონსულს – კრიუჩკოვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გ. კიკნაძემ ფერეიდანში მცხოვრები ქართველებისათვის გადასაცემად გაუგზავნა 104 ეგზ. გაზეთი “კომუნისტი”, 18 ცალი ჟურნ. “პიონერი”, “ოქტომბრელი”, 14 ეგზ. გაზ. “ნორჩი ლენინელი”.

უცხოეთთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოებამ ირანში მცხოვრებ ქართველებს 1946 წელს გაუგზავნა მიმართვა, სადაც აღნიშნული იყო: “ირანში მცხოვრებ ქართველებს. ძმებო ქართველებო! უცხოეთთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოებამ შეიტყო, რომ თქვენ მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილი ხართ დედა-სამშობლოს, მაინც არ დაივიწყეთ საყვარელი დედა-ენა და შეირჩინეთ საკუთარი ნაციონალური გრძნობანი.

ამიტომაც ჩვენი საზოგადოება გიგზავნით თქვენ და თქვენ შვილებს ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებს, ქართულ წიგნებს. ისინი მოგცემენ საშუალებას ნაწილობრივ მაინც გაეცნოთ თქვენი დედა-სამშობლოს თანამედროვე ყოფას და წარსულის ისტორიას.

ჩვენ გიგზავნით მშობლიური ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებს. წიგნს “დედა-ენას” ათეული წლების განმავლობაში სწავლობს ქართველი ბავშვების სულ ახალი და ახალი თაობა. თუ მოისურვებთ ჩვენ გამოგიზავნით სხვა ქართულ წიგნებსაც. ძმური სალმით უცხოეთთან კავშირის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე ნიკოლოზ მიქავა”.

ამ პერიოდში აღნიშნული საზოგადოების რეზიდენცია მდებარეობდა თბილისში, ვოლოდარსკის ქ. # 3-ში.

ასევე, საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ 1946 წლის 6 დეკემბერს ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნა წერილი, რომელსაც ხელს აწერს აკადემიკოსი ა. ჯავახიშვილი. წერილში ნათქვამია: “ძმებო ქართველებო! საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ შეიტყო, რომ თქვენ, შორეულ ირანში მყოფ ქართველებს არ დაგვიწყებიათ სამშობლო და გაინტერესებთ თუ როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ თქვენი ძმები დედა საქართველოში.

ჩვენ გვინდა, რომ საკუთარი ყურით გაიგონოთ დედა საქართველოს ქართველებისაგან ძმური სალამი, მოისმინოთ ამბები მათს ცხოვრებაზე, მოისმინოთ მშობლიური სიმღერები და მუსიკა. ამიტომ ჩვენ თხოვნით მივმართავთ საქართველოს რადიო-კომიტეტს, რათა მათ მოაწყონ ხოლმე გადაცემანი თქვენთვის.

ამავე მიზნით გიგზავნით საჩუქრად რადიო-მიმღებებს, რომლებიც მოიტანენ თქვენამდე დედა საქართველოს ალერსიან ხმებს. მოგვწერეთ წერილი, შეგვატყობინეთ თქვენი სურვილი იმის შესახებ, თუ რის მოსმენა უფრო გინდათ საქართველოდან, რა უფრო გაინტერესებთ გაიგოთ სამშობლოდან.

ჩვენ შევეცდებით გიამბოთ ბევრი საინტერესო რამ ჩვენი სამშობლოსა და მისი ხალხის შესახებ. ჩვენი საუკეთესო მომღერლები გიმღერებენ თქვენ ძველსა და ახალ ქართულ სიმღერებს. მუსიკოსები შეასრულებენ მშობლიური მუსიკის საცეკვაო და სხვა მელოდიებს; პოეტები წაგიკითხავენ ლექსებს, მეცნიერები გიამბობენ ჩვენი სამშობლოს სიმდიდრისა და ბუნების სილამაზის შესახებ.

ხშირად მოგვწერეთ წერილები, შეგვატყობინეთ თქვენი ცხოვრების ამბები, თქვენი ჯავრი და სიხარული. დაე, ეს ჩვენი საჩუქარი იყოს თავდები ჩვენი ძმური მეგობრობისა და ურთიერთკავშირისა”.

50-იან წლებში თითქმის შეწყდა ურთიერთობა ფერეიდანთან. სტალინის გარდაცვალებამ, 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიამ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბა. 1960 წელს ფერეიდნელი ქართველები საქართველოს ხელისუფლებას უგზავნიან წერილს მათი მძიმე მდგომარეობის შესახებ: “… გაცნობებთ, რომ ჩვენ ქართველები ცუდად ვცხოვრობთ. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს უმაღლეს საბჭოს აღმოგვიჩინოს მატერიალური და მორალური დახმარება. გთხოვთ არ გამოიყენოთ ეს ცნობა ირანისათვის თქვენს რადიოგადაცემებში, რადგან ეს წერილი საიდუმლოდ არის დაწერილი და ჩვენ არ გვინდა, რომ ირანის ხელისუფლებამ გაიგოს ამის შესახებ. ირანის ხელისუფლება უპატივცემულოდ გვეპყრობა და არასდროს არ აქცევს ყურადღებას ჩვენს საჩივრებს.

ეს არის მეორე მომართვა თქვენდამი. პირველზე… პასუხი არ მიგვიღია. გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გაგვცეთ პასუხი. მეტად აღარ შეგაწუხებთ”.

60-იანი წლების მეორე ნახევარში დღის წესრიგში დადგა ქართველ საზოგადოებაში ფერეიდნელთა საკითხი, რასაც ხელი შეუწყო ქართველ მეცნიერთა პუბლიკაციებმა, პოპულარულმა ლიტერატურამ, ქართულმა პრესამ, სალექციო და კინოპროპაგანდამ. ცოცხალი კადრებით შემოუნახეს შთამომავლობას ფერეიდნელთა სახეები კინოხელოვნებმა ირაკლი კანდელაკმა, გიორგი ასათიანმა, გურამ პატარაიამ, ირაკლი ონოფრიშვილმა.

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, მეცნიერული მიზნით, ფერეიდანში ჩასული იყვნენ: ნოდარ კოჭლაშვილი, ნოდარ ნაჭყებია, ზურაბ შარაშენიძე, მაგალი თოდუა, თედო უთურგაიძე, დარეჯან ჩხუბიანიშვილი…

ფერეიდნელთა მეტყველებისა თუ ყოფის საკითხებს ნაშრომები მიუძღვნეს: თეო ჩხეიძემ, თინათინ ჭავჭავაძემ, მაია მაჭავარიანმა, გიორგი ჭიპაშვილმა, გიორგი გოცირიძემ…

1969 წლის ოქტომბერში ფერეიდანში, ქვემო მარტყოფში ყოფნის დროს ცნობილ ირანისტს მაგალი თოდუას “ძველებური” სახლ-კარის პატრონმა ნოსრათ ალ-ლაჰიმ მის ოჯახში დაცული შვიდი საგვარეულო საბუთის დედანი გადასცა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად აქტუალური გახდა ფერეიდნელი ქართველების ჩამოსახლების სურვილი.

ვასილ მჟავანაძის მმართველობის დროს ორგანიზაციულად მომზადდა წინაპირობა ფერეიდნელთა 300-მდე ოჯახის საქართველოში ჩამოყვანის შესახებ. 70-იანი წლების დასაწყისში ფერეიდნელთა პირველი ჯგუფი ორი ათეული ოჯახის რაოდენობით ჩაასახლეს გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონების სოფლებში. ყოველი ოჯახისათვის აგებული იყო ოთხოთახიანი ორსართულიანი სახლი. სათავსოებით, ეზოებით. კომფორტაბელურად გაწყობილი იყო ოთახები და სამზარეულო. ხელმძღვანელობამ იზრუნა რეპატრირებულთა შრომითი მოწყობისა და სათანადო მატერიალური პირობების შექმნისათვის; სწავლა-განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის.

მაგრამ ეს ისტორიული ექსპერიმენტი ჩანასახშივე წარუმატებელი აღმოჩნდა. მოკლე ხანში ჩამოსულ ფერეიდნელთა ნახევარზე მეტმა დაბეჯითებით მოითხოვა დაბრუნება ირანში. საბჭოთა პერიოდში რეპატრიაცია არ იყო ადვილი საქმე, ხოლო რეპატრიანტების უკან დაბრუნება უფრო დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

იბადება კითხვა, რატომ დამთავრდა მარცხით იმდროინდელი საქართველოს ხელმძღვანელობის ესოდენ კეთილშობილური ზრახვები და ქმედებანი? ცნობილი მეცნიერისა და დიპლომატის ჯემშიდ გიუნაშვილის სამართლიანი შეფასებით, საქმე ის იყო, რომ ფერეიდნელებმა არ იცოდნენ სად მოდიოდნენ და რა გარემოში იცხოვრებდნენ, ხოლო თბილისელებს ფაქტობრივად არ ჰქონდათ წარმოდგენა, თუ ვინ მოჰყავდათ საქართველოში. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის წარმოდგენაში ფერეიდნელი წამებულის შარავანდით მოსილი პიროვნებაა, რომელიც მუდამ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე. მართლაც, როცა კითხულობ ფერეიდნელის მიერ შეთხზულ ასეთ სტრიქონებს:

ფერეიდანის მიწას ხნავ,
აგერ ოთხასი წელია,
აგერ ოთხასი წელია.
გამხმარი ფიქრი ჩავთესე
ხმელი ხორბალი ერია.
სამშობლოს მონატრული ვარ
აგერ ოთხასი წელია,
აგერ ოთხასი წელია…

სხვა დასკვნას, თითქოს, ვერ გააკეთებ, ვახუშტი კოტეტიშვილის განმარტებით, “ეს არის ალბათ გენეტიკური ნოსტალგია, მემკვიდრეობითი სევდა, თაობიდან თაობაში გადასული და ვერ დავიწყებული, დროსა და სივრცესთან ჯიუტი ჭიდილი ასწლეულის მანძილზე”.

ფერეიდნელთა საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღიდანვე ცალსახად დადგა ახალ პირობებთან მათი შეგუების პრობლემა. ხელმძღვანელები, რომლებიც ყურად არ იღებდნენ ამ საკითხზე კომპეტენტურ სპეციალისტთა აზრს, ფიქრობდნენ, რომ ხელის ერთი მოსმით აღმოფხვრიდნენ ჩამოსახლებულ ფერეიდნელთა ყოფაში ღრმად ჩამჯდარ იმ ჩვევებს, რაც მათ მიიღეს და შეითვისეს უცხო გარემოში საუკუნეთა მანძილზე ცხოვრების შედეგად.

სპეციალისტების აზრი იმის შესახებ, რომ ფერეიდნელთა დასახლება უნდა მოხდეს კომპაქტურად არ იყო გათვალისწინებული და განხორციელდა დეპორტირებულთა ცალკეულ სოფლებში გაფანტულად ჩასახლების გაუმართლებელი მეთოდი. პირველად ახალჩამოსულებს სოფელში ზოგიერთმა უწოდა “ირანელი თათრები”. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ახალჩამომულებს პირდაპირ ეკითხებოდნენ “ღორის ხორცს რატომ არ ჭამ თუ ქართველი ხარ” ან “რანაირი ქართველი ხარ ღვინოს არ სვამო”.

ნიშანდობლივია, რომ რეპატრირებული ფერეიდნელი ქართველების უკან დაბრუნების საქმეში, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელი იყო ფერეიდნელი ქალების პოზიცია და როლი. ფერეიდნელი ქალი, რომელიც 400 წლის განმავლობაში გმირულად იცავდა კერას გარეშე ელემენტების შეღწევისაგან და ფაქტობრივად მან შეუნარჩუნა ფერეიდნელებს ქართული ენა, საქართველოში იგი აღმოჩნდა იმ კონსერვატორულ-რეაქციულ ძალად, რომელიც წინ აღუდგა თანამედროვე საქართველოში არსებულ ყოფითსა და მოქალაქეთა შორის ყოველდღიური ურთიერთობის ნორმებს.

ფერეიდანიდან ჩამოსული ქართველები ირანში დაბრუნების მიზეზად ასახელებდნენ საკუთარი ცხოვრების წესის დაკარგვას, რაც საუკუნეების მანძილზე ჩამოუყალიბდათ. ასევე მათი ინტერესების გაუთვალისწინებლობას, რომელსაც დიდი სითბოს მიუხედავად ვერ გრძნობდნენ. საკუთარ თავს ღამურებს უწოდებდნენ. ირანში “გურჯებად” ცნობილ ფერეიდნელებს აქ “თათრები” შეარქვეს, რაც მათ ძალიან წყინდათ. ფერეიდნელი ქართველის რეზო ხუციშვილის სიტყვებით “ჯობია ირანში “გურჯი” ვიყო, ვიდრე საქართველოში თათარი”.

სოფლები და მოსახლეობა

თანამედროვე ფერეიდანი ირანის რიგით მეათე, ისფაჰანის ოსთანის (საგუბერნატორო) შვიდიდან ერთ-ერთ შაჰრესთანს (პროვინცია) წარმოადგენს. როგორც აღვნიშნეთ იგი მდებარეობს ირანის ცენტრალურ მთიანეთში, ბახთიარიის მაღალ მთებში. მისი საზღვრებია: ჩრდილოეთით – გოლფაეგანის, აღმოსავლეთით – ისფაჰანის ცენტრალური, სამხრეთით – შაჰრქოდის შაჰრესთანები, ხოლო დასავლეთით – მას ბულიუქ-ოლ ბაქუდარაზი საზღვრავს. ამის გარდა, გორჯის, ქარჩამბუს და ჩადეგანის დეჰესთანებში (სასოფლო თემი) შემავალი სოფლები ირანის სტატისტიკური სამმართველოს მიერ ფერეიდანის ერთ დიდ დეჰესთანად არის მიჩნეული.

ფერეიდანის შაჰრესთანი შედგება ახორეს (მარტყოფი) და დარანის ბახშების (რაიონი), 6 დეჰესთანისა და 262 დასახლებული პუნქტისაგან. მისი მოსახლეობა 114 ათას კაცს აღემატება.

ფერეიდანის შაჰრესთანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (დარანის ბახშში) მდებარე გორჯის დეჰესთანი აერთიანებს 25 სოფელს – 24,175 მოსახლით. გორჯის დეჰესთანის 8 სოფელში ქართველები ცხოვრობენ.

გორჯის დეჰესთანს სამხრეთით ესაზღვრება მაგუის ანუ ჰუმეს დეჰესთანი, რომელშიც ქართველებით დასახლებული სამი სოფელია. ამას გარდა, ქართველები ცხოვრობენ ახორე ბალაში (ზემო მარტყოფი), რომელიც ახორეს ბაღშის ცენტრს წარმოადგენს.

ფერეიდანის ადგილ-მდებარეობა მაღალია, სააგარაკო. აქ იცის შედარებით ხანგრძლივი ზამთარი. ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება 2 მეტრი თოვლი მოვიდეს და მთელი გზები დაფაროს და გააფუჭოს. ზოგჯერ თოვლისაგან გაწმენდის დროს ადგილიც კი აღარ რჩება თოვლის გადასაყრელად და იძულებულნი ხდებიან თოვლი გადაყარონ ქუჩაში, რომლის დონეც გაცილებით მაღალია ვიდრე სახლის სახურავი. მცხოვრებლები ქუჩაში გასავლელ გვირაბებს აკეთებენ, რათა ერთი სახლიდან მეორეში გადავიდნენ. ხშირად ქუჩაში გავლის საშუალებაც არ არის. ასე რომ, ამ მხრივ, ფერეიდანი ზოგიერთ ჩვენს მთიანს ადგილს ჰგავს. წვერის მთაზე, რომლის გარშემო სახლობს ქართველების მეტი წილი, თოვლი არ დნება შუა ზაფხულამდე; მის ხევებსა და ღრანტეებში მთელი ზაფხული ინახება ყინულის დიდი მარაგი, რომლითაც სარგებლობს მოსახლეობა საჭიროების დროს. ეს მთა განირჩევა მშვენიერი წყაროს წყლებით და ჰაერით, რომლითაც ადგილობრივი მკვიდრნი ამაყობენ. იშვიათად დაგელაპარაკება ვინმე, რომ თავიანთი “წყალისა და ჰაერის სიმდიდრე” არ ახსენოს.

ეს მთები, როგორც ყველა მთა სამხრეთ ირანში, ერთი შეხედვით, წარმოადგენენ ვეება ლიტონი ქვის ზოდებს, რომელთა სხეულზე ვერ ნახავთ ხის ნატამალს. ისინი დაჩეხილი და დასერილია ნიაღვრებისაგან, ალაგ-ალაგ სრულიად გადარეცხილია, დაღრეჯილი და პირქუშად გამომზირალი. ისინი თითქო წარბებშეკრული, ცივის გამომეტყველებით დაცქერიან ზევიდან გარშემო დაფენილ ამწვანებულ სოფლებს. მაგრამ ამ უსიცოცხლო მთებსაც თავისი სიცოცხლე ჰქონიათ. მათი შორეული და ხშირად მიუვალი წიაღიდან გამოდის მრავალი ნადირი და ფრინველი – ჯეირნები, თხები, მგლები და ტურები, კაკბები და ქედნები, აგრეთვე ვეფხვები, რომლებზედაც ხშირად უხდებათ ნადირობა. ამ კუზიანი მთების თხემებზე დაფრიალებენ ქორები და არწივები, რომლებიც ეშვებიან ძირს, როგორც გადმოსროლილი ისარი, რაიმე წაქცეული ცხოველის დანახვაზე.

მიტომ ფერეიდნელი, რომელიც შეკედლებია ამ მთებს საუკუნეების განმავლობში, და არც გაშორებია მას არასოდეს, ცხადია, უკეთესს ვერ წარმოიდგენს.

სოფლები შედარებით ლამაზია. ხელთნაშენი საჩრდილე და საბელავი ხეების ტყე მშვენიერი დასანახავია, განსაკუთრებით, შორიდან. ამ მხრივ ქართველების სოფლები ბევრად სჯობს სომხების და თურქების ზოგიერთ სოფელს.

“ძველების” გადმოცემით, საქართველოდან ფერეიდანში გადმოსახლებული ერთი სოფლის ხალხი კვლავ ერთად დასახლებულა და ამ ადგილისთვისაც თავისი სოფლის სახელი უწოდებიათ. ირანელი ავტორების ცნობით ფერეიდანის ყველაზე დიდი სოფელი ზემო მარტყოფია (ახორე ბალა, ახლა ფერეიდუნშაჰრი). ამ სოფელში უმრავლესობა (სამი მეოთხედი) ქართველები ცხოვრობენ.

იგი მდებარეობს გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთით, გრძედის 50 გრადუსზე, 6 წუთსა 15 სეკუნდზე და განედის 32 გრადუსზე, 56 წუთსა და 20 სეკუნდზე. ზღვის დონიდან ეს სოფელი 2670 მეტრზეა გაშენებული.

დედაქალაქ თეირანთან შედარებით დროში სხვაობა 6 წუთი და 12 წამია. ასე რომ, როცა თეირანში 12 საათია, მარტყოფში მაშინ 11 საათი, 53 წუთი და 47 წამია.

ზემო მარტყოფი მდებარეობს ფართო და მიმზიდველ ხეობაში, რომელიც მცენარეულობით არის შემოსილი. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია აფუსის მთით, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან საზღვრავს ყაბლესა და დეზის მთები, აღმოსავლეთიდან კი მაჰავერის ბორცვი აკრავს. შეიძლება ითქვას, რომ დაბა მარტყოფი ფერეიდანის მთისძირის ჭიშკარს წარმოადგენს. იგი ფერეიდანის უკიდურეს მთებში მდებარეობს და ახორეს სახელწოდებაც აქედან მიუღია. სიტყვა “ახორე” ეტიმოლოგიურად “ახერი”-დან მომდინარეობს. “ახერ” სპარსულია და ქართულად ბოლოს, კიდეს ნიშნავს.

მარტყოფის ჰავა ცივი და მკაცრია. ზამთარში ხშირად თოვლისაგან გზები იკეტება. ზაფხული მოკლე და გრილი იცის. ამიტომ იგი ფერეიდანის შაჰრესთანის მოსახლეობისათვის საკურორტო ადგილს წარმოადგენს. ცხელ ზაფხულში ხალხი მარტყოფში მიემგზავრება თვით ისფაჰანიდანაც სუფთა, ჯანსაღი ჰაერისა და სამკურნალო წყლებისთვის. შემოდგომის დამდეგს მარტყოფის ჰავა უკვე აციებას იწყებს.

მარტყოფი სარწყავ წყალს მდინარე ჩუღურეთიდან იღებს. აქ მრავალი ბუნებრივი სასმელი და სამკურნალო წყაროა. მარტყოფის წყალს სასიამოვნო გემო აქვს. შეიძლება ამიტომაც არის, რომ აქაური ხალხი ფეროვანი, ძლიერი და ჯანსაღია. ყველა დანარჩენი ქართული სოფელი, აგრეთვე, მთებში, ცივი სარტყლის ზონაში მდებარეობს.

ამა თუ იმ მოგზაურს თუ მკვლევარს ფერეიდანში ისეთი სოფლებიც აქვთ დასახელებული, რომელიც სხვაგან არ არის მოხსენიებული. ლ. აღნიაშვილის მიერ დასახელებული სოფელი შაანათი სხვაგან არსად გვხვდება. ასევეა სეიფოლა იოსელიანის მიერ ხსენებული სოფელი აღაგოლი. იგივე მდგომარეობაა ამბაკო ჭელიძესთანაც, რომელიც სრულიად ახალი სახელწოდების ორ სოფელს – დარბენდი და სარდაბი – ასახელებს. ორ განსხვავებულ სახელწოდებას – ხამის ლიანი და უზუნ ბელაყი – გვაძლევს იური მარიც და ბოლოს, რაზმარასთანაც ორი ახალი სოფლის სახელს ვხვდებით: დაჟგანი და შეშჯავანი. ამგვარად, ერთი და იგივე სახელწოდების სოფლის სახელებთან ერთად, ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა სახელის მქონე თითო-ოროლა სოფელს და ამავე დროს სხვადასხვა ცნობაში სოფლების სხვადასხვა რაოდენობას.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ სოფელში ქართული მოსახლეობა უკვე აითქვიფა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ დაკარგეს თავიანთი ეროვნული თვითშეგნება, ანდა კიდევ, იმის გამო, რომ ხშირად ერთსა და იმავე სოფელს სხვადასხვა ორი, თუ ზოგჯერ სამი სახელიც ერქვა, შესაძლებელია, ერთი და იგივე სოფელი სხვადასხვა სახელით აქვთ მოცემული ავტორებს. მაგალითად, ლადო აღნიაშვილის დროს ერთ სოფელს სამი სახელწოდება ჰქონია: აფუსი, რუისპირი და რუსთავი; ა. ჭელიძესთან სოფელი თოლეი, თელავად და დომბექამარადაც იწოდება და სხვ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთოდ, ფერეიდანი ოთხ ნაწილად, უბნად ანუ ნაჰიედ იყოფა. ტერიტორიის იმ ნაწილს, სადაც ქართული სოფლები და მოსახლეობაა ეწოდება “გურჯი ნაჰიე” – “ქართველთა უბანი”, ანუ “პატარა საქართველო”. დანარჩენ სამ უბანში “ნაჰიე ჩადეგუნ”, “ნაჰიე ფარსაღ”, “ნაჰიე თოჰმაჰლუში” სპარსელები, ქურთები, ბახთიარები და სომხები ცხოვრობენ.

XIX საუკუნის ბოლოს ლადო აღნიაშვილის მონაცემებით, ქართველების დასახლებაში 14 სოფელია: შაანათი, თოლერი, ბოინი, ტაშკესანა, აფუსი, ახჩა, შაიურდი, ჯაღჯაღი, სიბაქი, ჩუღრუთი, ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, დეესური და ნინოწმინდა. “ზოგიერთ სოფელს ორი სახელი ჰქვია. მაგალითად, ზემო მარტყოფს – ახორაბალა (ზემო), ქვემო მარტყოფს – ახორა ფაინ (ქვემო). თოლერს – დომბე-ქამარე და ნინოწმინდას – ქუდუბანაქ. პირველ სახელებს ქართველები გამოთქვამენ, მეორეს სპარსელები”.

1894 წლისათვის ლ. აღნიაშვილის აზრით, ჩამოთვლილ სოფლებში 2460 კომლი და 12-15 ათასი სული ქართველი უნდა ყოფილიყო.

XX საუკუნის 20-იანი წლებისათვის ქართული სოფლების შესახებ ამბაკო ჭელიძე შემდეგ მონაცემებს გვთავაზობს:

“1. ქვემო მარტყოფი (ახორე ფაინ) – ქართულს არავინ ლაპარაკობს, გარდა ორიოდე ღრმად მოხუცებული პირისა. ამ სოფელში ათას სულამდე მცხოვრებია.

2. ზემო მარტყოფი (ახორე ბალა) – ყველაზე დიდი სოფელია და ითვლება ქართველი მოსახლეობის ცენტრად. ამ სოფელში, ქართველების გარდა, არიან ჩასახლებული ირანელები და ებრაელები, დაახლოებით 250 სულამდე. ყველამ ზედმიწევნით იცის ქართული ლაპარაკი, ზოგს მაინც ქართველებისაგან ვერ გაარჩევთ. საერთოდ, აქ ენა საუცხოოდ არის დაცული. განსაკუთრებით, ქალებმა და ბავშვებმა მხოლოდ ქართული ენა იციან. დაახლოებით 3000 მცხოვრებია.

3. ჩუღურეთი (ჩუღრუთი) – ეს სოფელი ზიღლი სულთანმა მიჰყიდა ბახტიარის ხანს. ამ სოფლის ერთი მეხუთედი ეკუთვნის ქართველებს, დანარჩენი ბახტიარებია. მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 650 სულს უდრის.

4. ვაშლოვანი (სიბაქი) – ქართული კარგად იციან. 1800 სული ცხოვრობს.

5. ჯაყჯაყი – ქართული კარგად იციან. 750 სული ცხოვრობს.

6. ნინოწმინდა (ქუდმუნაქი) – ქართულს ივიწყებენ. 400 სულამდე მცხოვრებია.

7. დაშქესანი – ქართული იციან სპარსულის შერევით – 400 სულამდე მცხოვრებია.

8. ბოინი – ქართული კარგად იციან. 1100 სული ცხოვრობს.

9. თოლეი-თელავი (დომბექამარი) – ადრე შეისყიდა თურქმა. ქართულს ივიწყებენ, 1200 სულამდე მცხოვრებია.

10. რუისპირი (აფუსი) – ქართულ ივიწყებენ. 1300 სულამდე ცხოვრობს.

11. ახჩა – შაჰს მიუყიდნია ბახტიარისათვის, ამჟამად მესამედი ეკუთვნის ქართველებს. 2300 სული ცხოვრობს.

12. შავსოფელი (შაურდი) – ქართულს ივიწყებენ. 600 სულია.

13. დარბენდი – ბახტიარების სოფელია. ქართველი 40 სულია. 14. სარდაბი – ბახტიარების სოფელია – ქართველები 40 სულია. 15. ბადიგანი – ესეც ბახტიარების სოფელია. ქართველები 25 სულია”.

ა. ჭელიძეს გაანგარიშებით მთლიანად მოსახლეობა 12545 სულს უდრიდა. აქედან, 20%-ს ქართული აღარ ცოდნია.

საარქივო მასალების მიხედვით, 1931 წელს ქართველები ცხოვრობდნენ 15 სოფელში 13 ათასამდე სული, ხოლო 1945 წლის მონაცემებით, ფერეიდანში, მხოლოდ 12 ქართული სოფელია დაფიქსირებული: 1. ზემო მარტყოფი – დაახლოებით 10 000 სული; 2. ბოინი – 1200; 3. ქვემო მარტყოფი – 1500; 4. აფუსი – 2000; 5. თორელი – 1200; 6. სიღნაღი (სიბაქი); 7. ჯაყჯაყი; 8. ჩუღურეთი; 9. დარბანდი; 10. ახჩაი; 11. დაშქესანი; 12. შაურთი.

იყო სოფელი ყანდაური, რომლის მოსახლეობა გადასახლდა ქალაქ შირაზის რაიონში. სტატისტიკური მონაცემების უქონლობის გამო, დაახლოებითი გამოთვლით ფერეიდანის ქართული მოსახლეობა იმ დროისათვის 23 ათასზე მეტი უნდა ყოფილიყო.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ირანის ისტორიაში პირველად მხოლოდ 1956 წელს ჩატარდა. ამ აღწერით ფერეიდანის ქართულ სოფლებში ცხოვრობდა 16012 სული, ხოლო 1966 წლის აღწერით – 18043 სული.

როგორც ვხედავთ, 1956 წელს 40-იან წლებთან შედარებით, ფერეიდანის ქართულ სოფლებში, საერთოდ, მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ეს განპირობებული იყოს მთის სოფლებიდან მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებით ან ქალაქებში საშოვარზე წასვლით. ამ ხანებში ბევრი ფერეიდნელი წავიდა სამუშაოდ თეირანში, ისფაჰანსა და სხვა ქალაქებში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როგორც ირანის პრესა წერდა, მოსახლეობის პირველი აღწერის დროს ზოგიერთ შორეულ და მაღალმთიან სოფლებში ბევრი ოჯახი მთლიანად აუწერელი დარჩა. 1966 წლის მოსახლეობის აღწერა შედარებით უფრო ორგანიზებულად მოეწყო. ამ აღწერის მონაცემებით, ფერეიდანის ქართული სოფლების მოსახლეობა ორი ათას სულზე მეტით გაიზარდა. სავარაუდოდ, აღნიშნულ პერიოდში ფერეიდანის ქართულ სოფლებში ცხოვრობდა სულ ცოტა 12 ათასი ქართველი ანუ 2500-მდე ოჯახი. მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, არ შედიან ის ქართველები, რომლებიც ცხოვრობდნენ ქალაქებში ან შესაძლოა მაზანდერანში და ზოგიერთ სხვა პროვინციაში.

თავდაპირველად, სოფელ დაშქესანის მოსახლეობა შედგებოდა ქართველებისა და სომხებისაგან, ჰქონდათ საერთო ეკლესია. ქართველების მიერ ისლამის ძალდატანებით მიღების შემდეგ სომხები გადასახლდნენ სხვა დასახლებულ პუნქტებში. მათ ადგილას ხელისუფლებამ ჩამოასახლა სოფელ ხამშილიდან თათრები. 1944 წლისათვის მოსახლეობის ნაწილი თათრები იყვნენ, დანარჩენი ქართველები და საქართველოდან ჩამოსახლებული ბოშები. ხშირი იყო თათრებსა და ქართველებს შორის შერეული ქორწინება. აღსანიშნავია, რომ თათრები ბორჩალოს რაიონიდან ჩაასახლეს ირანში. მთელ ფერეიდანში მათ სახელი გაითქვეს ქურდობით.

ირანში, სადაც მხოლოდ სახელებითა და მამის სახელით მიმართავენ ხოლმე, გვარები კი დიდად არ არის მიღებული ხმარებაში, ქართველებმა წმინდად შეინახეს თავიანთი მამა-პაპეული გვარები.

ფერეიდანში გავრცელებული გვარებია: ბათუანი, იოსელიანი, სეფიანი, ლაჩინაანი, გუგუნაანი, ასლანიანი, ონიკიანი, მიქელაანი, ხუცუცაანი, დავითაანი, გოგიჩაანი, აღიაანი, გულიანი, დარისპანაანი, ელარაანი, ვარდიაანი, ზეკოკიაანი, თამაზაანი, თავერდაანი, ლობიტაანი (იოსებაანი), მათიაანი, მამუკაანი, მარტიაანი, სამადაანი, სუფიაანი, სულიკაანი, ფოცხვერაანი, ქევსიაანი, ქურდაანი, შოშიაანი, ხადიკოიაანი, ხატიკაანი და სხვ. სახელები კი სპარსული აქვთ: იადოღლა, როყია, შარაფა, ლეილა, ასადოლა, ყოლია, ალიმერდუნი, ნეიმათოლა, სოლთანა, ჯავარა, ფარანგისა, მუსტაფა, ყადამხეირა, ეშრათი, ჰოსეინ, სექინა, სედიყა, რეზა, მარზია, მოაჰედი და სხვ.

XX საუკუნის 40-იან წლებში გვხვდება ასეთი გვარ-სახელები: ალი მაჰმედ შეიხ მაჰმადი ეშმაკაშვილი, ქოლამ ჰუსეინ რეზაი – მგელაშვილი. ოფიციალურ სახელთან ერთად (პასპორტის მიხედვით) ფართოდ იყო გავრცელებული გვარები: ციკანაშვილი, მელანაშვილი, ბურჯიშვილი, თავაძე, მიქელაძე, ნინიკაშვილი, ონიკაშვილი, ფოცხვერაშვილი, რობიტაშვილი, გიორგაშვილი, ზაქარიაშვილი და ა. შ.

ამავე დროს ფერეიდანში გვარების შეერთებას ჰქონდა ადგილი. ერთ შემთხვევაში იგი გვარის გაძლიერებით იყო გამოწვეული, ხოლო მეორე შემთხვევაში გვარის შემცირებით. ამასთან ერთად, გარკვეულ როლს ასრულებდა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორიც. ძლიერი და გავლენიანი გვარები, რომელთა წარმომადგენლებიც ხშირად “ხანები”, “თავადები”, “მამასახლისები” და სხვ. წოდებისა თუ თანამდებობისანი იყვნენ, თავის გვარზე იწერდნენ რიცხობრივად შემცირებულ ან ეკონომიკურად დასუსტებულ გვარებს, რაც ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი, რამეთუ გარკვეული პრივილეგიის მქონე გვარებს მფარველობა გაეწიათ დასუსტებული გვარებისათვის, ამით ძლიერი გვარები დასუსტებულ გვარებს ასიმილაციის პროცესისაგან იცავდნენ.

ყოველ სოფელს ჰყავდა ქეთხუდა და მოსამართლე “სეფიდრიში” (თეთრწვერა). ესენი მართლაც მოხუცები იყვნენ, გამოცდილებით დაბრძენებული და მოსახლეობის მხრიდან პატივისცემით სარგებლობდნენ.

სოფლის მმართველობაში განუსაზღვრელი იყო ხანის უფლებები. ქართველი გლეხები, რომელთაც მცირე რაოდენობის საქონელი ჰყავდათ ძარცვის ობიექტი ხდებოდნენ ხანის მსახურებისაგან. მათ არც მეზობელი ლურის ტომი ჩამორჩებოდა. ხანი ყველა ზომას მიმართავდა მოსახლეობის ხელში ჩასაგდებად. მაგალითად, 1945 წელს ხანის ბრძანებით ქართველი გლეხი წააქციეს და მუცელზე გაცხელებული ქვები დაადეს. გლეხმა წამებას ვეღარ გაუძლო და ხელი მოაწერა მიწის ნაკვეთის გაყიდვის დოკუმენტზე ხანის სასარგებლოდ.

ხანის უფლებებთან შედარებით სასამართლოსა და პოლიციას არავითარი ძალა არ გააჩნდა. პირიქით, ისინი ხანს ექვემდებარებოდნენ. ძალაუფლების ცხოვრებაში გასატარებლად ხანს ყავდა დიდი რაოდენობით მსახურები, რომლებიც მის ყოველ ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. აი, მათი საქციელის რამდენიმე მაგალითი: 1945 წლის შემოდგომაზე ხანის მსახურებმა თავი გაუტეხეს და სასტიკად ცემეს ყოლამ ჰუსეინ გელაშვილის ცოლს. ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეეძლო ფეხზე წამოდგომა. მომხდარი შემდეგმა მიზეზმა გამოიწვია: ხანს ახლობლები ესტუმრნენ. ხანმა გადაწყვიტა ქათმის ხორცით გაეწია მასპინძლობა. მთელ სოფელში კი ქათამი, მხოლოდ 5-6 ოჯახს ჰყავდა 2-3 ფრთის რაოდენობით. როდესაც ხანის ბრძანებით ყოლამ გელაშვილის ოჯახს ქათმები წაართვეს, მისი მეუღლე დასაჯეს, რადგან მან პროტესტის ნიშნად ყვირილი დაიწყო მშველელის მოსახმობად.

ხაშიმმა სარდაფში ცოტაოდენი ყურძენი შეინახა ოჯახის წევრებისათვის. ღამით ხანის მსახურებმა ხილი მთლიანად წაიღეს.

ფერეიდნელმა ქართველმა ქალმა მთელი წელი იშრომა და ლამაზი ხალიჩა მოქსოვა, როგორც კი შეიტყო ხანმა, ხალიჩა მაშინვე მისი საკუთრება გახდა.

იმისათვის, რომ გლეხმა რაიმე პროდუქტი წაიღოს ქალაქში გასაყიდად აუცილებელი იყო ხანის ნებართვა. ამავე დროს უნდა გადაეხადა ქირა სახედრით მგზავრობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სახედარი გლეხს ეკუთვნოდა. ასევე გადასახადი იყო საჭირო ქალაქში შესასვლელად.

სოფელი თორელი, რომელიც ისფაჰანიდან 150 კილომეტრით არის დაცილებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. გლეხების “უფორმო” სახლები გაფანტული იყო სიბინძურესა და “ბრმა” შესახვევებში. თითქმის ყველა საცხოვრებელი ბინა უჰაერო და ბნელი იყო. ირგვლივ ჭუჭყი, პარაზიტები და სიღარიბე სუფევდა. ასეთი ვითარებაში ხანის რეჟიმით თავმობეზრებულმა თორელის მოსახლეობამ გადაწყვიტა “უკეთესი” ხანის სამფლობელოში გაქცევა. მაგრამ ჟანდარმერიამ ძველ საცხოვრისში დააბრუნა. მაშინ დაიწყო ხანის წინააღმდეგ მოსახლეობის გამოსვლა. შეშინებული ხანი საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა და როგორც ამბობდნენ, სახალხო პარტიაში ჩაეწერა. სოფელში დატოვა საქმის მწარმოებელი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი სისასტიკით განაგრძო ხალხის ძარცვა.

სხვადასხვა დავალებით მოსული ჩინოვნიკები ჩვეულებრივად დაკავებული იყვნენ მოსახლეობის ძარცვით. საჩივარს არავითარი რეაგირება არ მოსდევდა. ფულის წართმევის საბაბი ყოველთვის მოიძებნებოდა. ჩვეულებრივი მაგალითი: თორელში გარდაიცვალა ავადმყოფი. მაშინვე გამოცხადდა პოლიცია და აჯარიმებს გარდაცვლილის ყველა მეზობელს, რომ მათ დროულად არ შეატყობინეს ხელისუფლებას მომხდარის შესახებ.

ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად სცემდნენ როზგებით. სცემდნენ უმნიშვნელო მიზეზის გამო, სცემდნენ, აჯარიმებდნენ, გზავნიდნენ ციხეში, მხოლოდ იმის გამო, რომ პასუხი არავის მოეთხოვებოდა.

1966 წლის აღწერის მასალების მიხედვით ფერეიდანის თითოეულ ქართულ სოფელში არსებობდა სოფლის ენჯუმენი (საბჭო), დაწყებითი სკოლა და მეჩეთი.

ქართულ სოფლებში იყენებდნენ ორბორბლიან ფართო ურმებს, რომლებშიც აბამდნენ 2-დან 6-მდე ხარს. ურმებით გადაჰქონდათ ჭირნახული და სამშენებლო მასალა. მხოლოდ სოფელ ახორში სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა სახედარი.

ქალაქსა და სოფელს შორის მიმოსვლა სახედრების საშუალებით ხდებოდა. ზამთრის თვეებში მგზავრობა ძალიან შეზღუდული იყო დიდთოვლობის, გარეული ნადირის, (განსაკუთრებით მგლების) საშიშროებისა და ქურდების თავდასხმის გამო.

1965 წლიდან ფერეიდნის ორი დიდი სოფელი – ქვემო და ზემო მარტყოფი ფერეიდნის დაბა-ქალაქად – ფერეიდუნშაჰრად იქცა. იგი ამჟამად ფერეიდნის ცენტრს წარმოადგენს.

მეურნეობა

დამკვიდრდა იძულებით ფერეიდანში კახეთიდან აყრილი მოსახლეობა. გლეხმა იქაც, იმ უცხო მიწაზეც გუთანსა და თოხს მოკიდა ხელი, ამრავლა პურის თესლი. დახვდა სპარსეთს გადასახლებულ მიწის მუშას ხორბლის ადგილობრივი ჯიშ-ვარიაციები, მაგრამ განსაკუთრებით, სათუთად ეპყრობოდა და უფრთხილდებოდა იგი საქართველოდან წაღებულ, მშობლიური პურის თესლს, რომელმაც ჩანს, ახალ გარემოშიც შეინარჩუნა მისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები. ამის მადლია ის, რომ ოთხი საუკუნის მანძილზე თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ღვივდებოდა სპარსეთის ნიადაგში ქართული ხორბლის თესლი, ისევე, როგორც ფერეიდნელი ქართველის გულში ღვიოდა და შთამომავლობას გადაეცემოდა სამშობლოში დაბრუნების დაუოკებელი სურვილ-ოცნება.

ფერეიდნელ ქართველთა სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული მასალებიდან ირკვევა, რომ მათ მემინდვრეობაში ცნობილია სხვადასხვა ჯიშის ხორბალი. ამათგან კი უპირატესობა ეძლევა საშემოდგომო კულტურას, რომლის თესლი იქ საქართველოდანაა ჩატანილი. ფერეიდნელები ქართულ საშემოდგომო ხორბალს “ყანას” უწოდებენ. ფერეიდანის მემინდვრეობაში ყანის სახელწოდებით ცნობილი საშემოდგომო ხორბალი შეესატყვისება ჩვენს ქართულ დოლის პურს. მით უფრო, რომ იქაც ეს სიტყვა აღნიშნავს მხოლოდ ხორბლის ერთ, ისიც საშემოდგომო ჯიშს და არა, საერთოდ, ყველა ხორბლის ნათესსა და საყანურს.

ფერეიდნელ ქართველთა ყოფაში მოწმდება საქართველოდან წაღებული მეორე ხორბალიც. ამ საგაზაფხულო კულტურას იქაც თან გაყოლია და დღემდე შემორჩენია ქართული სახელი – დიკა.

პურეული კულტურების გარდა, მოჰყავდათ ოსპი, ლებია (ლობიო), ნუხუდო (მუხუდო), კარტოფილი, ჭარხალი, შაჰის წიწმატი, პიტნა, რეჰანი, ქინძი, მოლაფტაფი (მზესუმზმირა). ფერეიდანში ხახვი და ნიორი არ ითესებოდა. ტყის “მუსირა” იხმარებოდა ნივრის მაგივრად.

სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია, რომ ფერეიდნელი გლეხები სახნავ-სათეს იარაღებს თვითონვე ამზადებენ ხისაგან. დღევანდლამდეა შემონახული მისი ქართული სახელწოდებები: “გუთანი”, რომელშიც ჩვეულებრივ ერთი ან ორი უღელი ხარი ებმება, “ჩარგავი” ოთხუღლიანი. გუთნის მთავარ ნაწილს “ გუთნისდედას” ეძახიან, რომელიც გამაგრებულია “ლილვზე” “ხმლით”, “ლილვს” წინ “თაფხე” აქვს, უკან – “ხელკავი” და სხვ. შემონახულია სამეურნეო იარაღების ქართული სახელები: “ფიწალი”, “ნიჩაფი”, “ცხავცხრილი”, “კევრი”, “ლამგალი”.

მიწის მოხვნა ფერეიდნელმა ქართველებმა იციან იმერულ წესზე. აქვთ პატარა ხის კავ-სახნისი, გრძელი თოკით გამობმული უღელზე, სახვნელის ქუსლი და ერქვანი, ისეთივე სამეურნეო იარაღია, როგორიც არის იმერული “წეწენა”. თვით ფერეიდნული ხარების ჯიში ძალიან წააგავს იმერული ხარის ჯიშს.

ფერეიდნელთა “მამულ-წყალი” იყოფა “შიგამამულებად” და “გარემამულებად” ანუ “მაზრებად”. მაზრა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. იქ ხნავენ, თესავენ და საქონელს აძოვებენ. აქვთ ბინები, ე. ი. ეწევიან ისეთსავე მეურნეობას, როგორიც ქიზიყშია დღემდე შემონახული. ზემო მარტყოფს 12 მაზრა გარემამული ჰქონია, ამათგან ყველაზე ვრცელი ყოფილა საძოვარი “ვარბანდი” – თვალუწვდენელი, ვრცელი მინდორი, რომელიც სოფლისათვის მთავრობას ჩამოურთმევია.

ფერეიდნელები ეწეოდნენ თესლბრუნვას და მიწების დასვენებას. დასვენებულ მიწას “არვილი” ერქვა. გადაღლილ ნაკვეთს დახნავდნენ, გააპატივებდნენ და დაუმუშავებელს დატოვებდნენ. ორი-სამი წლის შემდეგ კვლავ დათესავდნენ. მარცვლეულის შემდეგ სავარგულთა მნიშვნელოვან ნაწილს უთმობდნენ იონჯას, რომელიც “მიწასაც აკეთებდა” და კარგ ფასშიც იყიდებოდა.

მიწით უზრუნველყოფილ პირებს ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე ჰექტარი ხელოვნურად გაშენებული ტყე, რომელსაც “ბაღჩასაც” უწოდებდნენ, ხოლო ბაღჩა დათმობილი ჰქონდა მასალისა და ყოველდღიურად სახმარი მერქნის (წნელი, სარი, ბოძი, შეშა და სხვ.) მომცემ ხეებს.

ფერეიდანში ვაზის მოვლას ისეთი მძიმე შრომა არ სჭირდება, როგორც ჩვენთან. იქ ნაკლებად იცის ვაზმა დაავადება. ფერეიდანში ძირითადად გავრცელებულია ვაზის შემდეგი ჯიშები: ქიშმიში, ფურის ძუძუ, ბედრი, სევერგუნი, თაბრაზა, ადრეულა, ასკარყურძენი, იაყუტი, მაჰმუდი (მამუდი), ლორქოში. ფერეიდნელების განმარტებით, ყურძნის ჯიშს – “ფურის ძუძუს” – “იმიტომ ვუწოდებთ, რომ ყურძნის მარცვალი წყლიანია და დიდი თითის ოდენააო”. “დიდ თითს” კი ფერეიდენელები ცერს ეძახიან.

ირანში ყურძენი მთლიანად ბაზარზე გადის და ის ძალიან იაფიცაა. საქიშმიშედ ფერეიდნის ყურძენი ნაკლებად გამოდგება. ამიტომ ყურძენს, რაც პირდაპირ სახარჯოდან გადარჩებათ, ინახავენ ჯაგნებით საზამთროდ. აგრეთვე, მას წურავენ, ტკბილს ადუღებენ, სანამ ნახევარზე არ დადგება. ასე მომზადებულ სასმელს ეძახიან “შირას” და ხმარობენ ზამთრობით.

სომხები ყურძენს ქართველებისაგან ყიდულობენ. ისინი ძველებურად ეწევიან მეღვინეობას. აქვთ ქვევრები და საწნახლები.

ფერეიდანში არის ერთი იშვიათი მცენარე, რომელიც სამეურნეო ცხოვრებაში დიდ სარგებლობას იძლევა. ფერეიდნელი ქართველები მას გაზანგულანს ეძახიან. გაზანგულანი ანუ გიაზი ტროპიკული მცენარეა. იზრდება ხრიოკ ადგილებში. ერთი შეხედვით, ეკლის ბუჩქს მოგაგონებთ. მისი ფოთოლი წვრილია, ნაცრისფერი. მისი ხე მაჯის სიმსხო იზრდება, ხოლო მიწაში მისი ძირები ბევრად მსხვილია გარეთა ტანზე. ბუჩქი გაშლილია, მიწაზე გაფრთხნილი. შეხედულებით თავისთავად უბრალოა, მაგრამ ზაფხულობით იძლევა მშვენიერ შაქრის ფქვილს. იგი მეტად ტკბილია და სურნელოვანი. გიაზის ფქვილი ერთი ათად მეტი ღირს, ვიდრე შაქარი. ისფაჰანში არსებობს განსაკუთრებული სახელოსნოები, სადაც ამზადებენ გიაზის კვერებს. ეს კვერები იგზავნება ირანის ყველა ქალაქში და სხვა ქვეყნებშიც. ისფაჰანში ისე არავინ ჩამოვა, რომ საოჯახოდ გიაზი არ შეიძინოს, როგორც იშვიათი გემოს ტკბილეული. ირანელი თუ სტუმრად მიგიწვევთ, უსათუოდ გიაზით გაგიმასპინძლდებათ.

საერთოდ, სოფლის მეურნეობის წარმოება ფერეიდანში მეტად რთულ პირობებთან არის დაკავშირებული. ფერეიდანის მხარეში, ისე, როგორც ირანის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ზაფხულის განმავლობაში იშვიათად მოდის ნალექები და ისიც ისე მცირე რაოდენობით, რომ ნიადაგის ზედაპირს ოდნავადაც ვერ ალბობს. ასეთ პირობებში ხელოვნური მორწყვის გარეშე შეუძლებელია სამიწათმოქმედო მეურნეობის წარმოება.

ნიადაგის სარწყავი მეურნეობა ფერეიდანში პრიმიტიული და თანაც მეტისმეტად შრომატევადია. მინდვრებს რწყავენ ე. წ. ყანათების წყლით. ფერეიდნის მთებში ბევრია ბუნებრივი წყარო, რომლებიც წყლის მარაგს იღებენ ზამთარში და გაზაფხულზე თოვლის დნობის დროს. თოვლი ფერეიდნის მთებში, როგორც ზევით აღვნიშნეთ ჩვეულებრივ დიდი მოდის. ზაფხულის სიცხეებში წყლის აორთქლება რომ თავიდან აცილებული იქნეს, წყაროს სათავიდან გამოჰყავთ მიწისქვეშა არხი, რომელიც დახრილია ჰორიზონტზე და მიჰყვება წყალგაუმტარ ნიადაგის ფენას. ყანათის წყალი მიწის ზედაპირზე იქ გამოჰყავთ, სადაც სარწყავი ყანები, ბაღები და ვენახებია გაშენებული. მიწისქვეშა გვირაბის მთელ სიგრძეზე, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრზე არის გაჭიმული, მიწისქვეშა არხის ნიადაგის ზედაპირთან შესაერთებლად გაჭრილია ჭების მთელი წყება, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრზე არის გაჭიმული, მიწისქვეშა არხის ნიადაგის ზედაპირთან შესაერთებლად გაჭრილი ჭების მთელი წყება, რომლებიც ერთმანეთისაგან 20-30 მეტრით არის დაშორებული. მიწისქვეშა გალერეის გაჭრის დროს ჭების საშუალებით ამოაქვთ განათხარი მიწა. მიწის ამოღება ხდება სპეციალურად დამზადებული ცხვრის ტყავის გუდებით (“დულ”), რომელიც ჭის თავზე დადგმულ ჩარხზე თოკით არის მიბმული. ჭებს სხვა დანიშნულებაც აქვთ. მიწისქვეშა არხის მუშაობის დროს ჭების საშუალებით ჩადიან გვირაბში და ეწევიან მის პერიოდულ შეკეთება-გასუფთავებას.

ყანათების მოწყობა და გამოყენება დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომ ფერეიდნელ გლეხს სარწყავი წყალი მეტწილად წყაროებიდან და ნაკადულებიდან ღია არხით გაჰყავს. არსებობს სხვა საშუალებაც: ზამთრის წყლის დასაგროვებლად მთის ვიწროებში, ნაკადულისგან გაჭრილ ვიწრო ხრამებში ღორღს და მიწას ხერგავენ, წყალს აგუბებენ და ზაფხულში საჭიროების მიხედვით ხმარობენ. ამ პრიმიტიულ წყალსაცავებს “ჰაუზი” ანუ აუზი ჰქვია. მიუხედავად ამისა, ფერეიდნის სოფლებში სარწყავი წყლის ფასი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ფერეიდნელ ქართველებს სარწყავი წყლის განაწილების და მასზე გადასახადების გაანგარიშების მეტად ორიგინალური წესი შეუმუშავებიათ. ყანის ან ბაღის თავში, საიდანაც წყალი უნდა იქნეს გადაშვებული, არხში წყალს აგუბებენ. დაგუბებული წყლის ზედაპირზე თიხის ან სპილენძის ფსკერგახვრეტილ სპეციალურ ჯამს დებენ. ფსკერის ნახვრეტიდან წყალი თანდათანობით შედის ამ ჭურჭელში და იძირება. ამ საქმეს ერთი ადამიანი ემსახურება. იგი ყოველ ჩაძირვაზე ჭურჭელს სწრაფად ამოიღებს წყლიდან, დაცლის და კვლავ წყლის ზედაპირზე მოათავსებს. ამ პრიმიტიული, მაგრამ მეტისმეტად თავისებური “საათის” საშუალებით ზედმიწევნით ზუსტად შეიძლება გაანგარიშებულ იქნეს წყლით სარგებლობის დრო. მიწის დიდი ნაკვეთების მორწყვისას, როცა ამისათვის რამდენიმე დღე-ღამეა საჭირო, დროის სადღეღამისო საზომს ანუ ე. წ. “შაბანერუზს” იყენებენ. ხმარებაშია სხვა საშუალებანიც.

მიწის მფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესიც ფერეიდანში თავისებური იყო. ფერეიდანის რაიონის სოფლების მთელი მიწები XIX საუკუნის დამლევამდე ხალესეს, ე. ი. სახელმწიფოს ეკუთვნოდა და მათ უმაღლეს მფლობელად ირანის შაჰი ნასრედდინი ითვლებოდა. ფაქტობრივად კი, ამ მიწებს განაგებდა შაჰის უფროსი ვაჟი, პრინცი ზილი სულთანი. მაშინ ზილი სულთანს ირანის მიწათმფლობელთა მეფესაც უწოდებდნენ. მას ისფაჰანის პროვინციასა და ირანის სხვა კუთხეებში ორი ათასამდე სოფელი ეკუთვნოდა.

იმავე XIX საუკუნის ბოლოს სასაქონლო-ფულადი მეურნეობის განვითარებისა და საგარეო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოთხოვნამ, ირანში ტრადიციით დადგენილი წესის წინააღმდეგ მიწა ყიდვა-გაყიდვის ობიექტად გადააქცია. მიწების შეძენით დაინტერესდნენ ფერეიდანის სოფლებშიც. შეძლებულმა ხანებმა დაიწყეს მიწების შესყიდვა ხაზინიდან.

მიწები, რა თქმა უნდა, ფერეიდნელ გლეხებს არ შეუსყიდიათ ხანისაგან. მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ. მთელ სოფლებს ან ცალკეულ მსხვილ ნაკვეთებს ფერეიდანში ყიდულობდნენ ბეგები, აღები და სოფლის სხვა გავლენიანი პირები.

ირანის სხვა სოფლების მსგავსად, ფერეიდანის მხარის ქართველთა სოფლებში გლეხისა და მემამულის სამეურნეო ურთიერთობა შუასაუკუნეობრივ ტრადიციულ ხუთელემენტიან საზიარო საიჯარო სისტემას ემყარებოდა. გლეხი მემამულის მიწას იჯარით იღებდა ოთხი წლის ვადით. ზოგჯერ საიჯარო გარიგება ერთი ან ორი წლითაც იდებოდა. მოსავალი ნაწილდებოდა იმის მიხედვით, თუ ვის ხელში იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი: მიწის ნაკვეთი, სარწყავი წყალი, თესლი, შრომის საშუალებანი და მუშახელი. შრომის საშუალებებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და მუშა პირუტყვი. სამიწათმოქმედო წარმოებაში მოწინავე ამ ხუთი ელემენტიდან თითოეულის საზღაურად მოსავლის ერთი მეხუთედი იყო გათვალისწინებული. გლეხების უმრავლესობას სრულიად არ გააჩნდა მიწა და წარმოების სხვა საშუალებები. ისინი საკუთარი შრომის ქირად მოსავლის მხოლოდ ერთ მეხუთედ ნაწილს იღებდნენ. ეს გარემოება გლეხს მტკიცედ ამაგრებდა მემამულის მეურნეობაზე და თავისებურ ყმურ მდგომარეობაში აყენებდა. ფერეიდნელი უმიწაწყლო და მცირემიწიანი გლეხების ოჯახებს გაზაფხულის დამდეგამდეც არ მიჰყვებოდათ ხოლმე თავისი შრომის პროდუქტი. ისინი იძულებულნი იყვნენ სესხისათვის მიემართათ მემამულისა და სოფლის მევახშისათვის. სესხს კი ჩვეულებრივ, დიდი პროცენტით იძლეოდნენ. ამრიგად, იქმნებოდა მუდმივად მოუცილებელი სავახშო კაბალა, რაც კიდევ უფრო აუარესებდა გლეხის ოჯახის ისედაც უბადრუკი და ბოგანო ცხოვრების პირობებს. შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ საშუალო შეძლების გლეხების მცირე ნაწილს, რომლებსაც საკუთარი ხარები ჰყავდათ და სათესლე მასალა ჰქონდათ. ისინი მოსავლის ორ მესამედს იღებდნენ. იმ გლეხებს, რომელთა განკარგულებაში მარტო გამწევი ძალა იყო, საიჯარო გარიგების საფუძველზე მოსავლის ნახევარი ერგებოდათ. მაგრამ უამრავი ადგილობრივი და სახელმწიფო გადასახადი ისე ამცირებდა ამ კატეგორიის გლეხების სარჩოს, რომ ფერეიდანში იშვიათი იყო გლეხი, რომელსაც სამეურნეო წლის ბოლომდე გაჰყოლოდა წინა წლის მოსავალი.

ფერეიდნელი გლეხის შრომას კიდევ უფრო ამძიმებდა საბატონო ბეგარა. გლეხი ვალდებული იყო კვირაში ორი-სამი დღე უსასყიდლოდ ემუშავა მემამულის სასარგებლოდ. საიჯარო პირობის გარეშე გლეხებს ამუშავებდნენ მემამულის ბაღებსა და ვენახებში, აშენებინებდნენ სახლებს, მათ გაჰყავდათ გზები, არხები, მწყემსავდნენ მემამულის პირუტყვს და სხვ. მემამულის ან სახელმწიფო მოხელის სოფელში მოსვლის დროს გლეხები ვალდებული არიან ყოველგვარი სამსახური გაუწიონ მათ. გლეხს არ შეუძლია პირისპირ შეხვდეს ბატონს. იგი უნდა დაელოდოს მის მობრძანებას, წელში უნდა მოხრილიყო და, თუ ბატონი ინებებდა, ემთხვეოდა ფეხებზე. გლეხს სიტყვისშეუბრუნებლად უნდა შეესრულებინა მემამულის ნება-სურვილი. საკმარისი იყო სულ მცირე “დანაშაული”, რომ გლეხი გაეწკეპლად. მემამულე-ფეოდალები არაიშვიათად მიმართავდნენ სასჯელის უფრო მკაცრ, შუასაუკუნეობრივ ბარბაროსულ წესებსა და მეთოდებს.

XX საუკუნის შუა ხანებში სოფელ თორელის მიწა და ნაგებობები ეკუთვნოდა ადგილობრივ ხანს, ეროვნებით ირანელს. გლეხები არენდით იღებდნენ მისგან მიწას, წყალს და საცხოვრებელს. ხანს შეეძლო სურვილის მიხედვით ნებისმიერ დროს ჩამოერთმია გლეხისათვის არენდით გაცემული ქონება. არენდა, როგორც წესი მოსავლის 75%-ის გადახდას ითვალისწინებდა. მოუსავლიანი წლის შემთხვევაში გადასახადს ნატურის ნაცვლად ხანი ფულად ანაზღაურებას აკისრებდა თორელებს. ფულადი გადასახადი შეიძლება შეცვლილიყო საოჯახო ინვენტარით. გადაუხდელობის შემთხვევაში მევალე კაბალაში ექცეოდა და ფაქტობრივ, მისი დამოკიდებულება ხანისადმი მონურ შრომას უახლოვდებოდა.

მარტყოფში მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ ირანელი ფეოდალები სოფელ ხუნსარიდან. ოთხი-მეხუთედი ეკუთვნოდათ ხორდა მალექებს – ქართველ გლეხებს. ქვედა ახორაში მიწის მეხუთედი ქართველი გლეხების კუთვნილება იყო, ოთხი-მეხუთედი ქართველი მემამულეებისა, როგორებიც იყვნენ: რეზა ყული ხანი, ხოსროვ ხანი და ბაგირ ხანი.

სოფელ დაშქესანში მიწის ერთ მეექვსედს ფლობდნენ მემამულეები: რეზა ყული ხანი, ჰაჯი ჰეიდარი და ჰაჯი ახმედი, რომლებიც ცხოვრობდნენ ირანულ სოფელ ხუნსარში. მიწის დანარჩენი ნაწილი ეკუთვნოდათ ქართველ გლეხებს. სოფელ ბოინში მიწის ხუთი მეექვსედი ეკუთვნოდა მამედ ხუსეინ ხან დახტს, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავდა. სოფელ ახჩაში მიწების დიდ ნაწილს ფლობდნენ ხუნსარელი ფეოდალები ჰაჯი ჰუსეინის თავკაცობით და ა. შ.

როგორც ამ მოკლე დახასიათებიდან დავინახეთ, მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნოდათ მემამულეებს. ქართული ოჯახების უმრავლესობა იძულებული იყო კაბალური პირობებით, არენდით აეღო მიწა. ქართული სოფლების ახალგაზრდობა იძულებული ხდებოდა დამატებითი სამუშაო ეძებნა. ისინი, ძირითადად, შავ მუშებად და შარაგზის შეკეთებაზე მუშაობით ცდილობდნენ თავის რჩენას.

60-იან წლებში გორჯის დეჰესთანში მუშაობდა 5 ტრაქტორი, აქედან ერთი სოფელ ბოინში. დაარსებული იყო 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ხოლო სოფელ დაშქესანში მოქმედებდა ერთი კოოპერატიული საზოგადოება.

1962 წლის იანვრის მიწის რეფორმამდე ფერეიდანის ქართულ სოფლებში ისევე, როგორც მთელ ირანში, გაბატონებული იყო ე. წ. “არბაბ-რაიათის” ფეოდალურ-ბატონყმური სისტემა. როგორც დავინახეთ, გლეხების დიდ უმრავლესობას მიწა არ ჰქონდა და ხუთელემენტიანი წილადობრივი იჯარით ამუშავებდა მემამულე-ფეოდალის მიწას. ამასთან, უნდა შეესრულებინა საბატონო ბეგარა და მიწის მფლობელისათვის მიერთმია ისეთი გამოსაღებები, როგორიცაა ბატკნები, ქათმები, კარაქი და სხვა. რეფორმამ მართალია, გააუქმა ფეოდალური სისტემა, მაგრამ გლეხების დიდი მასა კვლავ უმიწოდ დარჩა. ხოლო ის გლეხები, რომლებმაც მიწა მიიღეს, ვალდებული იყვნენ ეხადათ გამოსყიდული თანხა.

ფერეიდანში მიწათმოქმედების გვერდით სიმბიოზურად წარმოდგენილია მესაქონლეობაც. ნაყოფიერი საძოვრები, მაღალი ადგილი, თავისუფალი მიწის სავარგულები ხელს უწყობს მესაქონლეობის განვითარებას. ისტორიულად ცნობილია, რომ აქ განვითარებული ყოფილა როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა მესაქონლეობა, უფრო კი, წვრილფეხა მესაქონლეობა, რაც გეოგრაფიული პირობებით ყოფილა განპირობებული.

თითოეულ საშუალო ოჯახს ჰყავდა ხუთიდან ათამდე ცხვარი, თითო-ოროლა ძროხა, უღელი ხარი, ერთი ან ორი ცხენი და ვირი. ჯორი, აქლემი და კამეჩი ქართულ სოფლებში ძალიან ცოტაა. ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ ამ მთიან ადგილზე მეტი სიცივე იცის. ნაკლებად მისდევენ ფერეიდნელი ქართველები აგრეთვე საოჯახო შინაური ფრინველების მოშენებას. იშვიათი სანახავია განსაკუთრებით იხვი, ბატი და ინდაური.

ცხვრის მოსაშენებლად ფერეიდანში მეტად კარგი პირობებია. ამიტომ აქედან გამოსული ცხვარი კვებავს მთელ რიგ ქალაქებს. ამ მხრივ ფერეიდანს უცხოელთა ყურადღებაც მიუქცევია. იქ მისულა ერთი ინგლისელი, რომელსაც გამოუკვლევია ცხვრის ჯიშები, მატყლის თვისება, ხარისხი და ფერი. მისი გამოკვლევით, ფერეიდანში ცხრა ფერის მატყლი ყოფილა და ღირსებითაც – პირველხარისხოვანი.

ისფაჰანის ბაზარზე ფერეიდანის ერბო ყველა სხვა ადგილში დამზადებულ ერბოზე უფრო ძვირია. ცხვრის ერთი კილო ფერეიდნული ერბო ისფაჰანის ბაზარზე 250 რიალად იყიდება, მაშინ, როცა საერთოდ, ერბო თეირანში ღირს 180-200 რიალი.

სუსტად იყო განვითარებული მეფუტკრეობა. მცირე რაოდენობის მაღალი ხარისხის თაფლი გადამყიდველების მეშვეობით იყიდებოდა თეირანში.

ქართული სოფლების ირგვლივ ფართო შესაძლებლობა იყო ჯეირანზე, კურდღელზე და გარეულ ღორზე ნადირობისათვის. რელიგიური აკრძალვის გამო, კურდღლისა და ღორის ხორცს ქართველები არ ჭამდნენ. რელიგიური ტაბუსა და იარაღის უქონლობის გამო, მონადირეობა საერთოდ არ იყო განვითარებული. ფერეიდანში მგლების დიდი რაოდენობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა მეცხვარეობას.

ქართველი გლეხები გაურბოდნენ ცხენების ყოლას სიღარიბის და უფრო მეტად იმიტომ, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები და სოფლის პოლიცია გლეხების ცხენებს იყენებდა საკუთარი სარგებლობისათვის.

ფერეიდანში ყველა ქართველ გლეხს შეუძლია ხალიჩების ქსოვა. საქმით დაკავებულია მოსახლეობის 40%. მათი ნაწარმი განსხვავდება ირანული და სომხური ნაკეთობისაგან402. და მაინც, ქართველებში იშვიათია ხელოსნობა და ვაჭრობა. სოფლებში თუ ვინმეა ვაჭარი, ან მოხელე, თითო ოროლას გამოკლებით, უსათუოდ ფარსია. ვერცერთ ქალაქში და, განსაკუთრებით, ისფაჰანში, რომელთანაც ფერეიდნელები დაკავშირებული არიან, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრთან, ვერ ნახავდით ვერცერთ ქართველ ვაჭარს და ვერც ხელოსანს, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები გვხვდებოდნენ.

რელიგია და ყოფა-ცხოვრება

შაჰ-აბას პირველი მოქნილად იყენებდა რელიგიას ირანის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურში. შაჰის მიერ ქართლის მეფის სიმონ ხანის ქალიშვილის ცოლად შერთვა ადასტურებდა ქრისტიანობისადმი შემწყნარებლური და კეთილი დამოკიდებულების პოლიტიკის გატარების ცდას. მისი სამეფო კარის მოხელენი ან ქრისტიანები, ანდა ქრისტიანებისადმი კეთილად განწყობილი ხალხი იყვნენ. შაჰი ამავე დროს, თანხმობას აცხადებდა ირანში მცხოვრები ქრისტიანების მორჩილებაზე რომის პაპისა და კათოლიკური ეკლესიისადმი. ამასთან, შაჰი ნებას იძლეოდა, მის სახელმწიფოში კათოლიკე მისიონერებს ქრისტიანული სარწმუნოება ექადაგათ.

არსებული რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე, რომის პაპი დაბეჯითებით ითხოვდა შაჰისაგან, გამოეცა ინსტრუქციები, რათა ყოველ ქრისტიანს, როგორც შაჰის სამფლობელოებში დაბადებული, ისე უცხო ქვეყნებიდან მოსულთ, ან ომიანობის დროს ტყვედ ჩავარდნილთ, მოპყრობოდნენ ლმობიერად. შაჰს არ უნდა დაეშვა ქრისტიანული სარწმუნოების იძულებით უარყოფა. თავის მხრივ პაპი აღუთქვამდა შაჰს, რომ ისიც ასევე მოიქცეოდა, თუ მაჰმადიანები მოხვდებოდნენ ქრისტიანულ ქვეყნებში, ან ოსმალთა მიერ ტყვედ წაყვანილნი ქრისტიანთა ხელთ აღმოჩნდებოდნენ.

ბუნებრივია, შაჰის პოლიტიკა ქრისტიანებისამდი ევროპის სახელმწიფოთა პოზიციით განისაზღვრებოდა, რაშიც მთავარ როლს ოსმალეთის საკითხი წარმოადგენდა.

შაჰ-აბასმა, როგორც ცბიერმა პოლიტიკოსმა ქრისტიანებისადმი დამოკიდებულება რომის პაპისა და ევროპის მონარქებისადმი ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღნიშნა და მაგალითისათვის მოიტანა, რომ “ის ქრისტიანთა მფარველი იყო, რასაც ადასტურებდა მის მიერ რომის პაპისაგან საჩუქრად გამოგზავნილი ოქროს ჯვრის საქართველოს მეფესთან გაგზავნა, ხოლო საკუთარი ხელით გათლილი ხის ჯვრისა კი პატრიარქთან”.

ქართველების გამაჰმადიანებას ირანში არ აყოვნებდნენ (აქედან წასხმული ქართველობა მალე “გაათათრა” შაჰ-აბასმა გარკვეული ღონისძიებების მოშველიებით), რადგან მათ უნდა შეევსოთ ძირითადად სახელმწიფოს რეგულარული არმია. ყოველ შემთხვევაში, ის ეკლესიები, რომელიც ქართველებმა ირანში ჩასახლების პირველ წლებში აიშენეს, მალე მოშალეს.

1621 წელს ფერეიდანში ჩასახლებულ ქართველებსა და სომხებს შაჰმა მოუწოდა მიეღოთ ისლამი. მათმა ერთმა ნაწილმა ძალის გამოყენების შიშით მოწოდებას “მორჩილების ნაბიჯით შეეგება” და ძალაუნებურად დამორჩილდა ბრძანებას. ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო, რომ ქრისტიანული ეკლესია, რომელიც აქ გადმოსახლებულებმა ააშენეს და სადაც სრულდებოდა ქრისტიანული რელიგიური რიტუალები მიზგითად გადაექციათ, რათა საეკლესიო ზარის ნაცვლად მუეძინის ხმას მოეხმო მლოცველები. ამ მიზნით ფერეიდანში საკითხის გადასაწყვეტად გაიგზავნა შაჰის მეჯლისნავისი ამირ აბუ-ლ-მაალა ნაზარი. როგორც აღვნიშნეთ, ნაწილმა აღიარა ისლამის რჯული. სასულიერო წოდება – ბერ-მონაზვნები და მღვდლები წინ აღუდგნენ სარწმუნოების შეცვლას. მათი მეცადინეობით დიდმა ნაწილმა შეძლო ქრისტიანობის შენარჩუნება. მღვდლებსა და ბერებს გარკვეული მუქარა აგრძნობინეს. მათაც “დამორჩილების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ და ზიზღით შედგეს ფეხი მუსლიმანობის წრეში”. “ყველა ვინც იტყოდა აღსარების მუსლიმანური რჯულის ორი დებულების მშვენიერ სიტყვებს, მათ სახარებას და სხვა საღვთო წიგნებს

ეპისკოპოსებს და მღვდლებს ართმევდნენ და დაადგინეს, რომ მუსლიმან მოძღვრებს მათთვის ყურანი და შარიათის დადგენილებანი ესწავლებინათ”.

ასევე, ყველა სომეხ ქრისტიანს, რომლებიც გადასახლებულ იყვნენ მაზანდარანში ისლამის რჯულის მიღებისაკენ მოუწოდებდნენ. ზოგმა თითქოს ნებაყოფლობით მიიღო. “ზოგმაც ზიზღით, – ღმერთმა უწყის ეს, თქვა აღსარება და ისლამის ხალხის რიგებში ჩადგა”. ისქანდერ მუნში ვერ მალავს, რომ მაზანდარანში რჯულის გამოცვლაზე უფრო მეტი ზეწოლა ყოფილა.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს შეხედულება, რომ არ გვაქვს ცნობები ფერეიდნელი ქართველების გამაჰმადინების დროის შესახებ. მაგალითად, გიორგი ჭიპაშვილის აზრით: “ქართველთა გამაჰმადიანების ისტორია ძნელი დასადგენია. ამის შესახებ რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს”.

თამილა ცაგარეიშვილის შეხედულებით, “ფერეიდნელების გამაჰმადიანების ისტორია დადგენილი არ არის და არც წერილობითი დოკუმენტი არსებობს ამის შესახებ”.

ზურაბ შარაშენიძე ისქანდერ მუნშის მონაცემებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ფერეიდანში, ბახთიარების მეზობლად დასახლებული ქართველები შაჰ-აბასმა გაამაჰმადიანა 1621 წელს.

ჩვენი აზრით, შაჰის ხელისუფლება გაურბოდა ფერეიდანში კომპაქტურად ჩასახლებული ქართველებისა და სომხების მაჰმადიანობაზე მოქცევისათვის მკვეთრი ღონისძიებების გატარებას. ბუნებრივია, შაჰ-აბასს არ გაუჭირდებოდა ერთი ხელის მოსმით მიეღწია თავისი სურვილის აღსრულებისათვის, თუმცა ამ პროცესის დასრულება მთლიანობაში მომავლის პერსპექტივად ჩათვალეს.

სარწმუნო ცნობებით, შაჰ-აბასმა ქართველები გაათავისუფლა გადასახადებისაგან და არ სდევნიდა ქრისტიანული რწმენის გამო. ფერეიდნელმა ქართველებმა თავდაპირველად, მართლაც შეძლეს მათ მიერ დასახლებულ ადგილებში შეენარჩუნებინათ ქრისტიანობა და აეშენებინათ მცირე ზომის ეკლესიები. ეს პროცესი თითქმის 134 წელი გაგრძელდა.

ფერეიდნელებს კარგად ახსოვთ, რომ პირველ ხანებში ირანშიც ქრისტიანები ყოფილან. მეხსიერებას შემორჩა მათე მღვდლის სახელი, რომლისგანაც შექმნილია გვარი მათიაანი. არის ტოპონიმი “ყარაქეშიში”, რაც შავ მღვდელს ნიშნავს. ასევე ამბობდნენ, რომ ღორის ხორცს ჭამდნენ, ფერეიდნის მთებში ღორებზე ნადირობდნენ, რაც გარკვეულ დრომდე ქრისტიანობის შემორჩენის მანიშნებელია.

როგორც ვიცით, შაჰ-აბას პირველმა გადასახლებული ქართველები კომპაქტურად დაასახლა, რაც თავისებურ კითხვებს ბადებს. მათი ასიმილაცია რომ სდომებოდა შაჰი სხვანაირად მოიქცეოდა. ტრადიციულად, უცხო ტომის შვილებს, ერთ ნაწილს რომ ჰამადანში ჩაასახლებდნენ, მეორეს – ქირმანში, მესამეს – შირაზში, თეირანში, გილანში ან მაზანდარანში, ხორსანში და ა. შ. მაშინ რა მიზანს ისახავდა ირანის ხელისუფლება, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამდა? ზევით აღვნიშნეთ, რომ მუდმივი ძრწოლა და შიში ჰქონდა სპარსეთს ბახთიართა ტომებისაგან, როგორც თავისუფლების მოყვარე და თანაც შეუპოვარი მეომარი ხალხისაგან. ასევე, ლურებისაგან განიცდიდა თავდასხმის საშიშროებას. საჭირო იყო ფერეიდანთან საიმედო “ჯებირის” აღმართვა, რათა ჩაეკეტა ერთ-ერთი ხელსაყრელი გზა დედაქალაქის – ისფაჰანისაკენ მიმავალი. “სწორედ ამით უნდა აიხსნებოდეს, რომ შაჰმა აქ ჩაასახლა ესე დიდძალი ქართველობა”.

აღნიშნულ საკითხთან არის დაკავშირებული ფერეიდნელი ქართველებისათვის ქრისტიანული აღმსარებლობის შენარჩუნება გარკვეული პერიოდის მანძილზე. როგორც დავინახეთ, სტრატეგიული მიზნით მოხდა ქართველების კომპაქტიური დასახლება ფერეიდანში, რაც ირანის ინტერესებისათვის იყო გათვალისწინებული. თუ შაჰ-აბასი ძალით მოინდომებდა მათ გამაჰმადიანებას და ბუნებრივია ქართველები მასობრივად არ დათანხმდებოდნენ, მაშინ სრულიად უნდა ამოეჟლიტა ქართველობა. ეს კი ხელს შეუშლიდა იმ ამოცანის განხორციელებას, რასაც შაჰ-აბასის გეგმა ითვალისწინებდა.

მართლაც, ქართველებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა ბრძოლებში ირანის ინტერესების დასაცავად. მაგალითად, 1722 წელს ავღანელებმა ისფაჰანი აიღეს. მირ-მაჰმუდმა ფაქტობრივად, დაიპყრო ირანი. ავღანელების ჯარს მარტყოფზე მიუტანია იერიში. ქართველების წინამძღოლად გამოსულა გლეხი თათაშვილი. მას მეომრები მარტყოფთან სიახლოვეს ერთ გორაზე გაუმაგრებია. შეტაკება გაგრძელებულა რამდენიმე დღე. ავღანელები დამარცხებულან. ბრძოლაში ქართველებს გაუმარჯვიათ. ამ გორას ახლაც “თათაშვილის გორა” ეწოდება.

თავის ცნობილ ფერეიდნულ ტექსტებში არნოლდ ჩიქობვას მოცემული აქვს სეფ ალ-ლაჰ (სეიფოლა) იოსელიანის საინტერესო მოგონება, სადაც ერთი იქაური ქართველის, ნესირას ამბავია გადმოცემული. ერთხელ თურმე ტახტის მაძიებელ ქერიმ-ხანს (1750-1779 წწ.) ფერეიდანში, ზემო მარტყოფში ოცი კაცით გამოუვლია და ერთი გლეხისთვის უკითხავს: ქართველო, შეგიძლია, სოფელში ორი ლიტრა პური გვიყიდო და საუზმე გვაჭამოო. გლეხს სტუმრისათვის პური უყიდია, ბატკანი დაუკლავს და, როგორც შეეძლო, გამასპინძლებია. წასვლის წინ ქერიმ-ხანს გლეხისთვის სახელი უკითხავს. ნესირა მქვიაო, მიუგია ქართველს. ნესირო, – უთქვამს ქერიმ ხანს, – თუ ჩემი გამარჯვება გაიგო, არ მოგერიდოს, მოდიო. ნესირა (ნასირი) იმავე წელს ქვემო მარტყოფში გადასახლებულა და მალე ჯარშიც წაუყვანიათ. ჯარში ნასირს ქერიმ-ხანის გამეფება გაუგია. ამდგარა და შირაზში ხლებია. ქერიმ-ხანს კარგად მიუღია სტუმართმოყვარე მასპინძელი, სულთნობა უბოძებია და შვებულება მიუცია. ასე გამხდარა ნესირა ნასირ-ხანი. სეიფ ალ-ლაჰ იოსელიანისვე მოგონებით, მისი შვილიშვილი მად-ისმაილ-ხანი (მოჰამმად ესმაილ-ხან) იქცა თურმე მთელი ფერეიდანის უფროსად.

გაძლიერებული ქერიმ-ხან ზენდი ყველა ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლას ახშობდა. ჩანს, ბახთიარების პრობლემამ დააჩქარა ფერეიდნელ ქართველთა გამაჰმადიანება. XVIII საუკუნის შუა ხანებში ბახთიართა მღელვარება კვლავ გრძელდებოდა. ამიტომ ქერიმი ბახთიარის ტომებში არსებული მღელვარების ჩასახშობად გაემგზავრა. იგი სასტიკად გაუსწორდა ურჩ ტომებს, მრავალი მათგანი აჰყარა და ფარსსა და ყუმში გადაასახლა, რითაც დაქსაქსა ისინი და სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ჩააბა. ბახთიართა ტომებიდან დაახლოებით სამი ათასი კაცი წაიყვანა და თავის ჯარში ჩარიცხა. ასე მოუღო ბოლო ქერიმ-ხანმა ბახთიარელი ტომების აჯანყებას.

ამის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა თუნდაც ძალის გამოყენებით გადაეჭრა ქართველების გამაჰმადიანების საკითხი… რა თქმა უნდა, როდესაც მოიხსნა პრობლემა ხელისუფლება არ აბოგინებდა შუაგულ სპარსეთში რამდენიმე ათას ქართველს თავისი განსაკუთრებული სჯულითა და კულტურით. 1750 წელს ქართველებს ძალით მიაღებინეს ისლამი და დააკისრეს გადასახადები. ამ ფაქტმა გამოიწვია ქართველების შეიარაღებული აჯანყება ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც მრავალი ქართველი შეეწირა. ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ხსოვნა დღემდე შემორჩა ფერეიდნელებში. ფერეიდნელი ქართველის სიტყვით, რომელიც ზურაბ შარაშენიძემ ჩაიწერა 1968 წელს ირანში, “ზემო ახორის დასავლეთით მდებარე მთას “სიხეს” (ციხე) ეძახიან. აქ ქერიმ-ხან ზენდს გურჯებთან ბრძოლის დროს ბევრი გურჯი დაუხოცია”.

როდესაც ქართველებს მასობრივად მიაღებინეს ისლამი, დაუნგრიეს ეკლესიები ან მეჩეთებად აქციეს, იავარყვეს საეკლესიო ქონება, ამის შემდეგ ქართველი სასულიერო წოდება იმალება. ეროვნული ტანსაცმელი იდევნება და იცვლება ირანულით. ქალებისათვის სავალდებულო ხდება ჩადრის ტარება. მეურნეობიდან იდევნება მევენახეობა და ღვინის წარმოება, ტრადიციული ეროვნული დღესასწაულები თანდათანობით დავიწყებას ეძლევა. იკრძალება ეროვნული ცეკვები და სიმღერები. ნაცვლად დიდი სტუმართმოყვარეობისა და ჩვეული მხიარულებისა ადგილს იკავებს კარჩაკეტილობა, იზოლაცია, საკუთარი არსებობისათვის მუდმივი შიში. ეროვნული ტანსაცმელიდან რჩება მხოლოდ ფართო შარვალი, რადგან მეზობელი ლურისა და ბახთიარის ტომების შარვლების მსგავსი იყო და ირანელთა მხრიდან ყურადღების გარეშე დარჩა.

ირანის ადმინისტრაციის მხრიდან ქართველები განიცდიდნენ მუდმივ მეთვალყურეობას. მათ წაართვეს უფლება ესწავლათ მშობლიური ენა და მწერლობა. გამიზნულად ინერგებოდა ირანული ენა, შარიათის ტრადიცია და წეს-ჩვეულება. აიძულებდნენ შეესისხლხორცებინათ მუსლიმანური თვითშეგნება და ფანატიზმი.

ქართველი მოსახლეობის მიმართ ირანის ხელისუფლების პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენდა მთლიანად აღმოეფხვრათ მათი ხსოვნიდან სამშობლო და არ დაეშვათ არავითარი კავშირი საქართველოსთან, როგორი ფორმითაც უნდა ყოფილიყო. ასეთი ფაქტების შემთხვევაში ხელისუფლება სადამსჯელო ზომებს მიმართავდა.

რელიგიის შეცვლასთან ერთად შეიცვალა ფერეიდნელთა ზნე-ჩვეულებანი და საყოფაცხოვრებო წესები. ფერეიდნელი ქართველები ისლამის მიღების შემდეგ ასრულებენ ყველა იმ რელიგიურ მისტერიასა და დღესასწაულებს, რომელთაც ასრულებს ყველა მაჰმადიანი.

ჰაჯის წოდება შეუძლია მიიღოს ყველამ, ვინც მექაში წავა, ილოცებს და ცოცხალი დაბრუნდება. ასეთი რამ ხდება ფერეიდნელ ქართველებშიც. მარტო 1928 წელს იქიდან თორმეტი კაცი გაემგზავრა მექაში სალოცავად. მათი უმეტესობა ღარიბები იყვნენ, რომლებიც მთელ ქონებას ხარჯავდნენ იმ იმედით, რომ “ღმერთი ლუკმას არ დაუკარგავდა”. როგორც ვხედავთ, ისლამმა ქართველ ფერეიდნელებში მძლავრად გაიდგა ფესვები. 1923 წელს, როდესაც სეიფოლა იოსელიანი საქართველოდან ფერეიდანში დაბრუნდა, ფანატიკოსთა თვალების ასახვევად ჯერ მეშჰედს მივიდა შუა აზიის გზით, მთელი თვე იქ ილოცა და შემდეგ საქრისტიანო ქვეყნიდან დაბრუნებული “განწმენდილი” მივიდა ფერეიდანში, რათა მის წინააღმდეგ განგაში არ აეტეხათ.

სეიფოლა თავის “პატარა საქართველოში” დიდი პატივისცემით სარგებლობდა, ხანის წოდება გააჩნდა და ასე რომ არ მოქცეულიყო მისი ავტორიტეტი, მისი ხანობა დაეცემოდა. ამ დროს ქართველები შეჭირვებული იყვნენ მეზობლად მცხოვრები ტომებისაგან. ამიტომ სეიფოლა ჩავიდა თეირანში და იმდროინდელი პირველი ვეზირი რეზა ხანი ინახულა. მან სთხოვა ვეზირს ფერეიდნელი ქართველებისათვის იარაღის შეძენის ნებართვა, რომ ყაჩაღი ქურთებისა და ბახთიარებისაგან თავი დაეცვათ. ვეზირისაგან მან ზრდილობიანი უარი მიიღო: “მაგისთანა ხალხს თვით სახელმწიფო ალაგმავს, და იარაღი ხალხს რაც აქვს ისიც უნდა ჩამოვართვათო”. როგორც შემდეგში მათი დიალოგიდან ირკვევა, რეზა ხანს გარკვეული ეჭვი გაუჩნდა, რომ “საბჭოთა ქვეყნიდან” დაბრუნებულ იოსელიანს კომუნისტური იდეების გასავრცელებლად ხომ არ ჰქონდა განზრახული რაიმე ჩანაფიქრით იარაღის მოთხოვნა.

ისფაჰანში იყო ერთი თავზეხელაღებული, სასულიერო წოდების საშინელი მოძულე სამხედრო პირი ათაფური, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო, მაგრამ ქართული დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა. მას მაინც ფერეიდნელი ქართველი ჯარისკაცები ჰყავდა თავის გარშემო. ის დაინახავდა თუ არა ქუჩაში მიმავალ მოლას უსევდა ჯარისკაცებს:

– აბა მიდით, დააფრთხეთ, ფართხუნა ტანსაცმელი შემოახიეთო. ჯარისკაცები მისცვივდებოდნენ მოლას, დაწეწავდნენ, მიათრ-მოათრევდნენ და გაუშვებდნენ.

– ამ დროს კარგი შემოსავალი გვქონდაო, – ამბობდნენ ჯარისკაცები. ათაფურმა ერთი აჯანყების დროს, როგორც ამბობდნენ, რამდენიმე მოლა დაიჭირა, ნაობახში შეყარა და წვერები შეაკრიჭა. მოლებმა საჩივარი აღძრეს მთავრობის წინაშე. ამ ამბავმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ათაფური პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მან თავი ადვილად გაიმართლა:

– ახალი კანონის დებულებით ციხეში ჩასმულ დამნაშავეს თმა და წვერი გაკრეჭილი უნდა ჰქონოდა და მეც ამ კანონის თანახმად მოვიქეციო. ათაფური გამართლდა. მოლებიც გაანთავისუფლა კანონმა, მაგრამ მათ ციხიდან გამოსვლაზე უარი განაცხადეს:

– სანამ წვერები არ გაგვეზრდება ქუჩაში ვერ გამოვალთო. კანონმა ადვილად დააკმაყოფილა მათი უკანასკნელი სურვილი. ათაფური შირაზში გადაიყვანეს, მისი სახელი კი, მწარე მოგონებად დარჩათ ისფაჰანელ მოლებს.

თუ რაიმე შერჩენიათ ქართველებს ქრისტიანული სარწმუნეობისა, ერთადერთი ის არის, რომ როცა ფერეიდნელი ქართველი ქალი პურის ცომს მოზილავს და ლავაშს თონეში ჩასაკრავად გაამზადებს, მასზე ხელით ჯვარს დაუსვამს. სწორედ იმ მიზნით, რომ ამით შეენარჩუნებინათ მათ მეხსიერებაში შემორჩენილი ქრისტიანული სარწმუნოების ელემენტები, ამ სარწმუნოებაში შესული ზოგიერთი ადრეული წეს-ჩვეულებანი, რაც, თავისთავად, “ქართველობის” შენარჩუნებას ნიშნავდა.

მართალია ჯვარი საზოგადოების განვითარების უძველეს საფეხურზეა წარმოქმნილი, მაგრამ ქრისტიანობაში შესული და გაძლიერებულია. ფერეიდნელთა რწმენა-წარმოდგენებში იგი მხოლოდ ქრისტიანული წეს-ჩვეულების ელემენტია და არა წარმართული პერიოდისა. მისი შენარჩუნებით ფერეიდნელი ქართველები ძველი ეროვნული წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას ეძალებოდნენ.

როგორც ვიცით, “გურჯის” სოფლები “მაჰლებად” (უბნებად) იყოფოდა. მაჰლები ერთმანეთისაგან “რუებით” იყო დაცილებული. თითოეული მაჰლი რამდენიმე “ქუჩის” გაერთიანებას წარმოადგენდა. “ქუჩები” ფერეიდნელთა გვარების ეპონიმების სახელით იწოდებოდნენ (ონიკაანთ ქუჩა, ასლანაანთ ქუჩა და სხვ.). ისინი ერთმანეთთან იმ საერთო “მეიდანით” (დასახლების ცენტრალური ადგილით) იყვნენ დაკავშირებულნი, სადაც წყარო ჩამოდიოდა (ბუთუანთ წყარო, სუფიანთ წყარო, “გელაზი” და სხვ.). ერთ ქუჩაზე დაახლოებით 19-მდე სახლი შეიძლებოდა ყოფილიყო, სხვები ერთმანეთზე მჭიდროდ, ახლო-ახლო, თითქმის გადაბმულად იდგა და მათი სახურავებიც ურთიერთის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენდნენ.

სახლები ალიზით იყო აშენებული, ბრტყელ ბანიანი, მიწით მოტკეპნილი ისევე, როგორც წინათ ქართლის ზოგიერთ სოფელში. ასეთივე შენობები ჰქონდა ყველას, საზოგადოდ, ირანის მთელ ტერიტორიაზე. ბინის შინაგანი მორთულობა სადა იყო. ვიწრო კარ-ფანჯრები იციან, ოთახში დაგებულია ნოხი ან ქეჩა. 20-იან წლებში არც ერთ ოჯახში, გარდა სეიფოლა იოსელიანისა სკამი არ ჰქონდათ. სკამს მხოლოდ იშვიათი სტუმრისათვის ინახავდნენ.

ეზოებში ყველას ჰქონდა სახაბაზო, თორნე, გომი (ბოსელი), ფიჩხი და გამხმარი წივა, რომელსაც აგუნდავებენ, ახმობენ მზეზე და ხმარობენ ზამთრობით სათბობ მასალად ქურსში*.

ქურსი ჰიგიენის მხრივ ძალიან ცუდია, ოთახი ივსება ნახშირის მძიმე სუნით. მით უმეტეს, თუ ქურსი წივითაა ანთებული, იმ ოთახში უჩვევი კაცი ვერ გაძლებს მაგრამ, როგორც ჩანს, ნახშირის სუნსაც თურმე ეჩვევა ორგანიზმი. რასაკვირველია, ქურსის ხმარება შედეგია შეშის სიძვირისა. ამიტომ ფერეიდნელი ქართველებისათვის ქურსის ხმარება აუცილებელია.

ზოგიერთ სახლში შეხვდებით დედაბოძებს მშვენიერი ჩუქურთმებით. თითქმის ყველას აქვს პურის შესანახი კიდობანი. თაროებზე აწყვია სპილენძის ან თიხის ჭურჭელი. სოფელ ავჭალაში ხმარობენ ჩვენებურ თიხის ქოთანს, რომელშიც ლობიოს ხარშავენ.

სოფელ ბოინის მცხოვრებნი მეჭურჭლეობასაც მისდევენ. აქ შეხვდებით ქართულ ლიტრას, კოკას და ქვევრებს. ამავე სოფელში არის კუსტარული წესის სამჭედლოები, სადაც ბლომად აკეთებენ ქართული ტიპის ბარებს, თოხებს, ნალებს და სხვ. საწარმოო იარაღები, კავ-გუთანი, ურმები ძველი ქართული ტიპისაა. ძაფს ართავენ თითისტარებით. ბევრი ჯარასაც ხმარობს. მრავალი ოჯახი თავს ირჩენს ხალიჩების, თოკებისა, და ფარდაგების ქსოვით. ირანელი ვაჭრები ორ-სამჯერ ჩადიან ფერეიდანში და ბლომად იძენენ ქართველი ქალების მოქსოვილ ხალიჩებსა და ფარდაგებს.

საჭმელები თითქმის ქართულია. აკეთებენ მწვადს, ხაშს, ხინკალს, ყაურმას, წნილიც ხშირად შეგხვდებათ ქართველთა სუფრაზე. ყოველდღიურად საკვებად, შეიძლება ითქვას, რომ აქვთ პური და ხორცი. თუ რაიმე გადარჩებათ წლიური მარაგიდან, გააქვთ ისფაჰანის ბაზარზე გასაყიდად.

საზოგადოდ, ირანელი ხალხი შინაურ ფრინველს ნაკლებად ეტანება, მათი ყოველდღიური სანუკვარი საჭმელი ცხვრის ხორცია, რომელიც მოიპოვება მთელი წლის განმავლობაში. ცხვრის ხორცი შედარებით იაფია. მისგან მზადდება მრავალნაირი საჭმელი და გემოც საუცხოო აქვს. ხარის ხორცს იშვიათად ხმარობენ, ამასაც უმთავრესად, მოსახლეობის უღარიბეს ნაწილში. ხარი იკვლება იმ რაიონებში, სადაც სომხები და ებრაელები ცხოვრობენ. ზოგიერთმა ირანელმა არც კი იცის, თუ რა გემო აქვს ხარის ხორცს.

ჩადრი მაჰმადიანი ქალის განუყოფელი თანამგზავრია. ამ მხრივ განსაკუთრებული მდგომარეობაა დღეს ირანში. თუ სხვა ისლამურ ქვეყნებში ქალს შეუძლია საზოგადოებაში უჩადროდ გამოჩენა, ირანში ეს შეუძლებელია. საინტერესოა, რომ სოფელ თოლერის ქართველი მაჰმადიანი ქალები გასულ საუკუნეში ჩადრის გარეშე გამოდიოდნენ ქუჩაში და, მხოლოდ უცხო პირებთან შეხვედრის დროს იფარავდნენ სახეს.

ქართველები სხვადასხვა კულტურებთან ერთად, თესავდნენ ოპიუმსაც, რაც ხელს უწყობდა ოპიუმის წევას. ამ მეტად მავნე ნარკოტიკულ საშუალებას ხმარობდა მამაკაცებისა და ქალების 5-10%. თუმცა ქართველი მოსახლეობის ოპიუმის მწეველთა პროცენტი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე ირანელებსა და თათრებს შორის, მაგრამ უფრო მაღალი, ვიდრე სომხებში, მათთან ოპიუმის კულტურა თითქმის არ იყო მიღებული.

შემორჩენილი წეს-ჩვეულება, საკულტო ქმედებასთან დაკავშირებული რიტუალები აშკარად მიგვანიშნებენ ქართულ სამყაროსთან კავშირს. ამათთაგან აღსანიშნავია წვიმების საწინააღმდეგო მისტერია: გაჭიანურებული წვიმის შემთხვევაში ბიჭები წითელ ტანსაცმელს ჩაიცვამენ (ზოგიერთი მონაცემებით, წითელ ქუდებს დაიხურავენ), ქოლგებს დაიფარებენ. ივლიან და ქართულად იმღერებენ:

“აღარ გვინდა ტალახი,
ღმერთო მოგვეც ბალახი!
ღმერთო მოგვეც ჰასილი,
აღარ გვინდ მოჰასილი*.

ჯგუფი ვისი სახლის წინ შეჩერდება და იმღერებს, იმ სახლის პატრონი ვალდებულია თითოეულ მათგანს რაიმე ნობათი – ნუში, ქიშმიში და სხვა უბოძოს.

ქრისტიანული რელიგიის აშკარა ანარეკლია შემდეგ ჩვეულებებში: კალოზე ძნის გალეწვისას, როდესაც ხვავი დაგროვდება, მის ირგვლივ ორ წყებად წრეხაზს შემოავლებენ, ხოლო ზემოდან ჯვარს გამოსახავენ.

ფერეიდნელთა მარტყოფში არის ადგილი, რომელსაც ამაღლება ჰქვია. როცა ბავშვი ავად გაუხდებათ, იქ ცხვარს აიყვანენ და დაკლავენ.

მსხვერპლშეწირვის შემდეგ ავადმყოფი განიკურნება. არის აგრეთვე, “დედა მარიამის” სახელზე სალოცავი ადგილი, სადაც “მარიამობის თვეში” კოპწიათ მორთული ქალები მიდიან და ლოცულობენ.

ფერეიდნელმა ქართველებმა საუკუნეების განმავლოაბში ისლამური საზოგადოების გარემოცვის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეს ნათესავთა ურთიერთობის ძველი ქართული ტრადიციული ბუნება. ნათესაობის სხვადასხვა ფორმებიდან (სისხლიერი, მოყვრობითი, ხელოვნური) ფერეიდნელ ქართველებში, უმთავრესად, სისხლიერი და მოყვრობითი ნათესაობა მოქმედებდა, რაც იმ გარემოებით უნდა აიხსნებოდეს, რომ ირანში გადასახლებული ქართველები სისხლიერ და მოყვრობით ნათესაობის შენარჩუნებაში “ქართველობის” შენარჩუნებას ხედავდნენ, ხოლო ხელოვნური ნათესაობის დასამყარებლად (ძმადნაფიცობა, ნათლიად მოკიდება და სხვ.) ადგილობრივი მაჰმადიანური გარემო ხელსაყრელ პირობებს არ ქმნიდა. ფერეიდნელი ქართველები “ძმადნაფიცობას” სპარსელებთან ერიდებოდნენ, ხოლო ნათლიად მოკიდების ძველი ქართული წესი გამუსლიმანების შემდეგ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან ერთად თანდათან მიეცა დავიწყებას.

საუკუნეების განმავლობაში უცხო ეთნიკურ გარემოცვაში მყოფი ფერეიდნელი ქართველებისთვის საქორწინო ინსტიტუტი მათი ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობად იქცა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საერთოდ, ეთნიკური კუთვნილებისა და მისი თავისებურებების დაცვის უმთავრეს უჯრედს სწორედ საოჯახო ყოფა წარმოადგენს.

წმინდა ქართულ სოფლებში შერეული ქორწინება იშვიათობას წარმოადგენდა. ქართველები ერიდებოდნენ ირანელზე დაქორწინებას. ირანელები პირიქით, ყველა ღონეს ხმარობდნენ ქართველზე დასაქორწინებლად. მათ იზიდავდა ქართული ოჯახის ტრადიციული სიმტკიცე. ქართველი ქალები ირანელებთან შედარებით სარგებლობდნენ დიდი პატივისცემით. ქართველებში იშვიათი იყო განქორწინება. მიუხედავად ისლამის აღმსარებლობისა, ქართველები გაურბოდნენ მრავალცოლიანობას.

ფერეიდნელ ქართველებში საქორწინო ასაკის ნორმირება შარიათით არ ხდებოდა. ირანელთა საქორწინო ჩვეულებებში კი, ბუნებრივია, შარიათის მოთხოვნებია გათვალისწინებული. ფერეიდნელები ძველი ქართული ჩვეულებების გავლენით საქორწინო ასაკისათვის მთავარ ფაქტორად ქალ-ვაჟის ფიზიკურ მომწიფებას მიიჩნევდნენ.

რადგან ფერეიდნელი ქართველები, მოქცეულნი ლოკალურ გარემოცვაში, გაურბოდნენ ქალის გათხოვებას სხვა ეროვნების წარმომადგენელზე ისინი იძულებული იყვნენ ერთ უბანში მოეძებნათ სარძლო და ბავშვობაშივე შეერჩიათ იგი.

ფერეიდნელ ქართველებში აკვანში დაწინდვის გარდა იცოდნენ ბავშვის დაბადებამდე დაწინდვაც, რომელსაც ორსული დედები აბანოში ასრულებდნენ. ისინი ამის ნიშნად ერთმანეთს ინას წაუსვამდნენ თავზე, გულისპირსა და ხელისგულზე. ბავშვის დაბადებამდე დაწინდვის ჩვეულება საქართველოს ზოგიერთ კუთხეშიც არის დამოწმებული.

“მუცლად შეთქმისა” და აკვანში დაწინდვის გარდა, გავრცელებული იყო მცირეწლოვანთა დაწინდვაც. აღნიშნული წესი ფართოდ იყო გავრცელებული როგორც ქართველი, ისე მრავალი სხვა ხალხის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში.

ეროვნული თვითშეგნება

უცხო მხარებში გადაკარგულებმა თავი არ დაუხარეს შაჰინ-შაჰის ვერაგულ ზრახვებს. მტრის გასაკვირვად ვაჟკაცურად გაუძლეს ყველა გაჭირვებას, დამცირებას და საქვეყნოდ გამოიტანეს ქართველი ხალხის შეუდრეკელი ბუნება და სულიერი სიმდიდრე.

ფერეიდნელი ქართველისათვის ყველაზე საამაყო და სანუკვარია ქართველობა და ყველაზე მშობლიური ადგილი დედამიწაზე – ოცნებადქცეული საქართველო, რომლის სიყვარულს აკვნიდანვე უნერგავს შვილს ფერეიდნელი დედა.

ფერეიდანში არსებობს გადმოცემა, რომ მათ წინაპარს საქართველოდან წამოღებული ვაზის რქა დაურგავს, რომელსაც იქ მოურწყველად გაუხარია და გამრავლებულა. ამ ადგილს “პაპას ბაღი” დარქმევია და მის მიდამოებში ყოველ გაზაფხულს სალოცავად მიაშურებენ მარტყოფელები. აქ ხდება ახალგაზრდების გაცნობა და ერთმანეთის არჩევაც. “პაპას ბაღი” მარტყოფელებს დაკარგული სამშობლოს სიმბოლოდ მიაჩნიათ. “ღმერთმა ნუ ქნას მისი გახმობა, მაშინ ხომ მამა-პაპათა და დიდი საქართველოს მახსოვრობა დაეკარგება ჩვენ ხალხს”.

ფერეიდნელმა ქართველმა ჯარისკაცებმა ერთი მეორის გატანა და ქომაგი იციან. 20-იან წლებში ერთმა მათგანმა, ცუდად მოპყრობისათვის, თავის უფროს ოფიცერს ხელი ჰკრა და აუზში გადააყირავა. ამის გამო გაასამართლეს და სასჯელად ასი როზგის დარტყმა გადაუწყვიტეს. როცა სასჯელი სისრულეში უნდა მოეყვანათ, ჯარის უფროსები და თვით ჯარიც მოიყვანეს საყურებლად. უკანასკნელ წუთში ჯარიდან გამოვიდა მისი ამხანაგი, მარტყოფელი ჯარისკაცი მოჰასებ დავითაშვილი და განაცხადა: სასჯელი გაყავით შუაზე. ასიდან ორმოცდაათი მე დამკარითო.

– შენ რაღა დაგიშავებია? – ეკითხება უფროსი.

– მე არაფერიც არ დამიშავებია, მაგას რომ ასი შალაღი დაჰკრათ, ვერ აიტანს. შეიძლება მოკვდეს კიდევაც. მაშინ მე თავი ცოცხალი რაღათ მინდა?!.

– ყოჩაღი ყოფილხარ, – ეთქვა უფროსს გაკვირვებით. გაროზგვა სხვა დროისათვის გადადვეს და შემდეგ სრულიად აპატიეს.

ბახთიარებისა და ქურთების სოფლებში ქართველებიც ცხოვრობენ, რომელთაც დედა-ენა შემოუნახავთ. ფერეიდნელი ქართველის მუსტაფა პაპაშვილის ნაამბობი: “წავედით ყაჩაღების დასაჭერად. ქურთის ერთ სოფელში დავბინავდით. ჩვენ, ორი ქართველი ერთს ოჯახში შევედით ღამის გასათევად. დაღლილები ვიყავით. წამოვწექით, მაგრამ გვშიოდა. ძილი არ მოგვეკიდა. ცოტა ხნის შემდეგ, ქალებმა ქართულად დაიწყეს ლაპარაკი ჩვენ შესახებ:

– ახლა ამათ საჭმელი არ ჩავახეთქოთ?..

– თვალებიც დავსებიათ და შიმშილითაც ამოწყვეტილან. მაგათი დარდი მაქვს?

– უპასუხა მეორემ.

ჩვენ ჯერ გავიტრუნეთ. შემდეგ ვიფიქრეთ, აქ კეტი არ დაგვცხონ თავში-თქო. გამოვეხმაურეთ ქართულად: რას იწყევლები, ჯერ ხომ არასა გთხოვთ. ეს რომ გაიგეს, დაიწყეს თავში ცემა: ვაი, ჩვენს თვალებს, ეს ვინ ყოფილხართ, ჩვენ კი ბახტიარები გვეგონეთო. შემდეგ, სანამ არ წამოვედით, სულ იქ ვიყავით და დიდი პატივი გვცეს”.

ფერეიდნელ ქართველთა ეროვნული თვითშეგნების შესახებ ლ. აღნიაშვილი სამ ელემენტს გამოყოფს: პირველი მათგანი არის ენა, მეორე ელემენტი არის ის, რომ ყოველი მათგანი განურჩევლად ასაკისა და სქესისა აღიარებს თავს წმინდა ქართველად. ვერავინ გაუბედავს მათ სხვაფრივ მოხსენიებას, თუ არა გურჯი. “მას ესმის, რომ ის გურჯია და ესმის სრულის შეგნებით. ესმის და თავი მოსწონს ამითი. პირველი ქართველი მას ჯერ თავისი თავი ჰგონია და მერე სხვები”. მესამე ელემენტი არის ტიპი და ზნე: კეთილი და სათნო, სტუმართმოყვარე, პატიოსანი, თავმოყვარე, მამაცი, გამბედავი, ლმობიერი და პირში მთქმელი.

ყოველ ადამიანს ერთი დედაენა აქვს, რომელზედაც დედა ესაუბრება, რომელზედაც ენას აიდგამს. ენათმეცნიერებს გამოთქმული აქვთ მოსაზრება, რომ ფერეიდნელი ქართველებიდან ქართული ენა მხოლოდ იმ ოჯახებმა შეინარჩუნეს, სადაც ბავშვებს დედა ქართველი ჰყავდათ! ესაა მისი ერის, მშობლების ენა.

ეროვნული ენის ცოდნა დღემდე განაპირობა ქართველების კომპაქტურად დასახლებამ ფერეიდანში. თუმცა ზოგიერთ სოფელში მმართველობამ შეძლო აეკრძალა ქართულ ენაზე ლაპარაკი.

ფერეიდნის მხარის სხვადასხვა ქართულ სოფელში ზოგჯერ სხვადასხვა სიტყვას ხმარობენ. მაგალითად, თუ ერთ სოფელში ამბობენ “ჩირდილი” (ჩრდილი), სხვაგან იტყვიან “ქოლღა”-ო. საინტერესოა, რომ ფერეიდანში, გათხოვლ ან განათხოვარ ქალს “ცოლს” ეძახიან, განურჩევლად იმისა, ჰყავს მას ქმარი, თუ არა, ხოლო გასათხოვარს – “ქალს”. როცა ისინი ამბობენ “ცოლი მოვიდა”-ო, მარტო იმას კი არ გულისხმობენ, რომ მისი ან სხვისი ცოლი მოვიდა, არამედ იმასაც, რომ გათხოვილი ქალი მოვიდა.

სოფელ თოლერში ლაპარაკობენ გვიანი შუა საუკუენეების ქართლ-კახურ დიალექტზე. მეტყველებაში ჩართულია უმნიშვნელო რაოდენობის სიტყვები ფარსის ენაზე. სოფელში ცხოვრობს მცირე პროცენტი არაქართული მოსახლეობა, რომლებიც კარგად მეტყველებენ ქართულად.

1998 წელს ფერეიდანში ყოფნისას ენათმეცნიერმა დარეჯან ჩხუბიანაშვილმა გააკეთა საინტერესო ჩანაწერები. თურმე ფერეიდნელი ქართველები განიცდიან, რომ მათ ენას “ბე რი არსი შა რევია”.

გულჩერა ხუციანი (ხუციაშვილი) წერდა თურმე: ადრე “იფო კარგი წესი იყო, გული ერთი ჰქონდაყე, პარსული არ შამოსეულიყო. შამოიდა პარსულმა და ჰარზადო (=ყველაფერი) გააფუჭა… ჰკანჭურებენ ენასაო, მაგრამ ინახვენო, ნამად (=კარგად) ინახვენო, რო არ დაიკარგოს ეს ჩონ ენაო. პარსულათ არ ვამბობთა… მოხუცებმა ბეñრია, რო არ იციან, რო პარსული იბნან… ძალიან საყორველია ჩონ ენა ჩონთი”. ჰკანჭურებენ სიტყვის მნიშვნელობა ასე განუმარტავს: “აი ყმაწვილს რო ვირზე შავსომთყე, ვეტყითყე, რო მაგრა ჩაYკანჭურე, მაYკანჭურე (=ჩაებღაუჭე), რომ არ გადმოვარდეო”.

აკად. ა. ჩიქობავამ 1922 წელს საქართველოში დროებით ჩამოსულ ფერეიდნელ ქართველ სეიფოლა იოსელიანთან მეცნიერული კონტაქტების შედეგად შექმნა ნაშრომები: “ყე ნაწილაკი ფერეიდნულში და მისი მნიშვნელობა გრამატიკა-ლოღიკის ურთიერთობის თვალსაზრისით” (წელიწდეული, 1-2 ტფ., 1923-24); “ვინის რეფლექსები ფერეიდანში” (ჩვენი მეცნიერება, 2-3, ტფ. 1923) და “ფერეიდნულის მთავარი თავისებურებანი” (ტფილისი უნივერსიტეტის მოამბე, 7, 1924). ამ გამოკვლევათა შედეგად ქართულ დიალექტებს შეემატა კიდევ ერთი – ფერეიდნული კილო.

20-იანი წლების დასაწყისში ფერეიდნელმა ქალებმა მუქარით იფრინეს მოლები, რომლებიც ურჩევდნენ მათ სპარსულ-არაბული ენის შესწავლას, რომელზედაც უნდა ელოცნათ ყოველდღე. მოლების მოთხოვნაში ქალებმა ქართული ენის მოსპობის საფრთხე დაინახეს.

1928 წელს ფერეიდნელმა ქალებმა ზემო მარტყოფში ჯოხებით სცემეს ვაჟების ჯარში გაწვევის თაობაზე მისულ მთავრობის წარმომადგენლებს. საყურადღებოა, რომ მთავრობას პასუხისგებაში არ მიუცია არც ერთი ქალი. მათი დანაშაული მამაკაცებს აზღვევინეს.

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ პირველი ქართველი ქალი იყო სარა ჭელიძე, რომელმაც ფერეიდანი და იქაური ქართველები ნახა.

პირველ ხანებში, ბანკი სადაც მისი მეუღლე მუშაობდა კვირას და პარასკევს ისვენებდა. უქმე დღეს ამბაკო ჭელიძე მეუღლესთან და ალექსანდრე ჭელიძესთან (ბანკის მძღოლი) სანადიროდ გავიდნენ თეირანიდან. მამაკაცები გორას აუყვნენ გარეულ ფრინველებზე ნადირობისთვის, სარა კი მანქანასთან დატოვეს. აი, რას იგონებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სარა ჭელიძე: იქვე ახლოს “ხეხილის მშვენიერმა ბაღმა მომაჯადოვა… ვერცკი შევნიშნე, როგორ აღმოვჩნდი ბაღის შუაგულში… უცებ ხმაური მომესმა. თვალი გავახილე და შეკვრთი: ჩემს წინ ბრგე ირანელი ვაჟკაცი აღმართულიყო, რაღაცას მეუბნებოდა, ხან მე მიყურებდა და ხან ჩვენს ავტომანქანას.

ძალიან შევშინდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ავდექი, მშვიდად გავუარე წინ და დავიწყე ძახილი: “ამბაკო, ალექსანდრე!” კარგად ვიცოდი, ხმას ვერ მივაწვდენდი, მაგრამ მინდოდა იმ კაცს სცოდნოდა, რომ მარტო არ ვიყავი.

უცებ ჩქარი ფეხის ხმა მომესმა, გული სიხარულით ამევსო, რადგან ჩვენები მეგონენ. მაგრამ სასტიკად მოვტყუვდი, ჩვენების ნაცვლად სამი ირანელი ჯარისკაცი მოიჭრა ჩემთან აქოშინებული.

შიშმა და გაკვირვებამ კიდევ უფრო შემიპყრო. ჩემმა გაოცებამ იმატა, როცა ერთი მათგანი აღელვებული მომვარდა და მომაძახა ქართულად:

– ვინა ხარ, საიდან ხარ, საიდანა იცი ჩვენებური? (ე. ი. ქართული). – იმედი მომეცა და სხაპასხუპით ვუპასუხე:

– საქართველოდან ჩამოსული ქართველი ქალი ვარ, ჩემი ქმარი თეირანის ბანკში მსახურობს. ამჟამად იგი აქვეა, ახლავე მოვა.

გაოცებული მიცქეროდნენ, თითქო რაღაც წარმოუდგენელი ამბის მოწმენი გამხდარიყვნენ. მეც გავთამამდი და ვკითხე:

– თქვენ ვინა ხართ?

ჯარისკაცმა მიპასუხა:

– ფერეიდნელი ქართველი ვარ, სოფელ ვაშლოვანიდან, სახელად ალია მქვია.

ეს ჯარისკაცები თურმე მახლობელ სოფელში მიდიოდნენ. ჩემი ძახილი რომ გაუგონიათ, ფერეიდნელი ქართველი ქალი ვგონებივართ; უფიქრიათ: რაღაც უჭირსო, და მოსაშველებლად გამოქცეულან.

მართალია, აშკარად ხელი ვერ შეუშალა ა. ჭელიძის “ვიზიტს” ფერეიდანში, მაგრამ ყველა გარემოებით ჩანდა, რომ ირანის ხელისუფლებას არ სიამოვნებდა უცხო თვალს ენახა გაჭირვებული და გაღატაკებული სოფელი.

სამ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი ქართველთა შთამომავლობა დახვდა ამბაკოსა და მის მეუღლეს 1927 წელს ფერეიდანში. დიდი ცნობისმოყვარეობა განსაკუთრებით ქართველი ქალის მისვლამ გამოიწვია. ქართველი ქალი უმეტესობას ჯერ არ ენახა. ჯარად ეხვეოდნენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ქალები. ყველას უნდოდა დალაპარაკება და ამასთანავე, ხელით შეხება. კოცნიდნენ ტანისამოსზე, ხელებზე… ყოველი ეზოდან გამორბოდნენ, ესალმებოდნენ და ემატებოდნენ ხალხს. ვინც სალამს ვერ გაბედავდა, იმათ სხვები ეუბნებოდნენ: – სალამი მიე, ჩვენები არიან. ჩვენებური ნამაათ (ლამაზად) იციან. შიგადაშიგ გაიძახოდნენ: “დიდ საქართველოდან მოსულან!”

ძალიან უყვარდათ ფერეიდნელ ქართველებს თავიანთ თავზე ლაპარაკი, უმთავრესად, თავიანთ უბედურებაზე. ხშირად იტყოდნენ: “დავსილო ჩემო თავო, დავსილები ვართ”.

არავინ სიტყვას ისე არ იტყოდა, რომ ფერეიდნელ ქართველთა გაჭირვება და ჩამორჩენილობა არ ეხსენებინა.

როდესაც მასპინძლებთან შეხვედრის დროს ამბაკო და სარა ჭელიძეებმა იმღერეს – “ქართველო ხელი ხმალს იკარ”, სარას მოგონებით ფერეიდნელ ქართველებს თვალები ენთებოდათ, ტუჩები უთრთოდათ, ნესტოები ებერებოდათ და ერთხელ კიდევ გამოხატავდნენ დიდ გრძნობას, რომ ისინი ქართველები არიან, რომ მათ ვერ გატეხს სულიერად ვერავითარი გაჭირვება. როცა ესმოდათ სიმღერა – “ახ, ნეტავი ჩიტი ვიყო”, ყველანი დიდ სიხარულს გრძნობდნენ, თვალები უბრწყინავდათ. ყველა მიხვდებოდა მათ უსიტყვო ნატვრას: გადაქცეულიყვნენ ჩიტად, გაფრენილიყვნენ და ენახათ მშობლიური საქართველო…

ფერეიდნელი ქართველები “შუშპრობას” ნაკლებად ეტანებოდნენ. მოლხენა უფრო მეტად სომხებში იყო შემორჩენილი. ქორწილსა და სხვა მხიარულებაში სომეხ დამკვრელებს იწვევდნენ. მუსიკალური ინსტრუმენტებიდან გავრცელებული იყო სტვირი, დოლი, ჩონგური, თარი და სხვ. ნ. მაისურაძემ გამოავლინა მეტად საინტერესო ცეკვა “ჰარი ბეშტა”. ცეკვავდა ორი მამაკაცი, ხელები თავქვეშ ჰქონდათ ამოდებული, იძახდნენ “ჰარი ბეშტას”. ირანელებს ეს ცეკვა არ სცოდნიათ. აღსანიშნავია, აგრეთვე, ცეკვა, რომელსაც ათი ქალი ასრულებს: “ხუთი იქეთ დადის, ხუთი აქეთ. ჩაფულს (ტამს) ცემენ, ნიფხავი ერთნაირი ჩაიცვიან, ერთმანეთს მიუმღეროდნენ ქართულად”. ზ. შარაშენიძის მასალების მიხედვით, ქორწილის დროს უკრავს საზი და დოლი. იკრიბებიან ახალგაზრდები: თამაშობენ რიკ-ტაფელას (“ჩუზ-ბაზი”) და ცეკვავენ ჯგუფურ ცეკვას “ჯოხურს”. და ეს იმიტომ, რომ ფერეიდნელი დედა ქართული ნანათი აკვნიდანვე უნერგავდა შვილს დაკარგული სამშობლოს სიყვარულს და ზღაპრებითა და ლეგენდებით საქართველოს შესახებ ზრდიდა მათში სამშობლოს ძიების ფარულ სურვილს და ინტერესს.

ფერეიდანში მყოფ ა. ჭელიძეს ბახთიარმა უთხრა: “ჩვენ ბახთიარები ბევრი ვართ, მაგრამ თქვენ, ქართველებს რომ ერთი მეორის სიყვარული გცოდნიათ, ჩვენ ასე არ ვიცით. პირიქით, ერთი მეორეს თავზე ვესხმით და ვანადგურებთ”.

1944 წლის პირველ აპრილს თბილისიდან მანქანით გაემგზავრა ირანში ირაკლი კანდელაკი. მის წინაშე ფრიად პასუხსაგები ამოცანა იდგა – ჩასულიყო ფერეიდანში და ენახა 328 წლის წინათ დასახლებული ქართველები – შეესწავლა მათი ყოფა-ცხოვრება. რამდენიმე დღის შემდეგ ქართველი მოგზაურები დაბინდებისას ისფაჰანში შევიდნენ. ქალაქის განაპირას, ერთი ქუჩის გადასასვლელზე, ირანელი პოლიციელი გადაეღობათ და ხმამაღლა სპარსულ ენაზე ბრაზიანი კილოთი დაიწყო ლაპარაკი. ხელებზე თეთრი სამაჯურები ჰქონდა, რაც რეგულატორი ყოფილა. როგორც ჩანს, მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია და ამიტომ გააჩერეს. პოლიციელმა და მგზავრებმა ერთმანეთს ვერაფერი გაუგეს. მაშინ ი. კანდელაკმა მძღოლს უთხრა გზა განეგრძო. პოლიციელი მაინც არ ეშვებოდა. ირაკლიმ თავისთვის ჩაილაპარაკა ქართულად – რა გააჭირა ამ კაცმა საქმეო! – ამ სიტყვების შემდეგ პოლიციელი შემოახტა მანქანის კიბეს და დაიწყო ქართულად ლაპარაკი. – ქართველი ხარ? შენი ჭირიმე, მეც ქართველი ვარ, თქვენი სისხლი და ძვლები, ფერეიდნელი ვარ, სოფელ ავჭალიდან, სად მიდიხართ? ასეთი დიდებული შეხვედრა მოულოდნელი იყო. ირაკლიმ აღარ იცოდა საიდან დაეწყო ლაპარაკი. ისინი მალე დამეგობრდნენ. პოლიციელი გვარად ხუციშვილი აღმოჩნდა. მან სთხოვა, რომ დილით ისფაჰანში მომუშავე კიდევ ოთხ ქართველს მიიყვანდა მათთან. მეორე დღეს, დილის 10 საათზე, ფერეიდნელი ქართველები მართლაც მივიდნენ საკონსულოსთან. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ იქ, ირანის ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანში ელაპარაკებოდი სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს…

ი. კანდელაკი ისფაჰანში უნდა შეხვედროდა რამდენიმე ქართული სოფლის ბატონ-პატრონს ჰუსეინ დავითაშვილს. ოფიციალურად იგი იწერებოდა დათხო დავითაშვილად, ზამთრობით ცხოვრობდა ისფაჰანში, ზაფხულობით კი ფერეიდანში, სოფელ თორელში. 1944 წელს ჰუსეინ დავითაშვილი 31-32 წლის მაღალი შავგვრემანი კაცი იყო. ლაპარაკობდა მძიმედ ხმადაბლა, ეტყობოდა უჭირდა ქართულად ლაპარაკი, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მასთან საუბარი. თვითოეული სიტყვის გამოთქმას უკვირდებოდა. დავითაშვილმა გადაწყვიტა ქართველ სტუმრებთან ერთად წასულიყო ფერეიდანში. ჰუსეინს ერთი კვირის წინ ორი სოფელი ბანქოში წაუგია, ხოლო წინა წელს 5 სოფელი ნარდში ჰქონდა მოგებული.

გლეხების ნაწილი მისალმებისას ბატონს ხელზე ჰკოცნიდა დიდის მოწიწებით. ბატონი ზოგიერთს ხელსაც არ აძლევდა საკოცნელად, რადგან ყველას არ ქონდა უფლება ხელზე მთხვეოდა.

ტრადიციის თანახმად, ჰუსეინის ოჯახში შესვლისას კარების წინ დაკლეს დიდი ყოჩი, გარდიგარდმო დადეს კარების წინ, სტუმრებმა გადააბიჯეს და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდნენ სახლში. ჰუსეინ ბატონის სახლი ორსართულიანი იყო, ეზოთი და დიდი აუზით. შენობა დაახლოებით 14 ათასს მოიცავდა. მას კიდევ მეორე სასახლე ჰქონდა. ჰუსეინი ისევე ექცეოდა გლეხობას, როგორც ყველა მებატონე, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძლიერ უყვარდა ქართველი ხალხი.

ი. კანდელაკის დაკვირვებით “მარტყოფში დიდი თუ პატარა, ოჯახში თუ გარეთ, ყველა მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს. ჩადრს არავინ არ ატარებს. საკმაოდ ლამაზები არიან ქართველები. ძლიერ განსხვავდებიან სახით და ფერით სპარსელებისაგან. სპარსელი ქალები მოყვითალო ფერის არიან. ფერეიდნელი ქალები კი მოთეთრო-მოწითალო ფერისა. ალბათ, იმიტომ, რომ ქართველი ქალი იშვიათად თხოვდება სპარსელზე. კითხვაზე, თუ რატომ არ თხოვდება ქართველი სპარსელზე ისინი პასუხობენ: “ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი სისხლი ნამაზია, სპარსელებს კი არეული სისხლი აქვთო”. იქაური მამაკაცები მაღალი, მხრებგანიერი, შავთვალწარბნი არიან. აქვთ არწივისებური ცხვირი.

1947 წელს თეირანში სეზონურ სამუშაოზე იმყოფებოდა 100-მდე ფერეიდნელი ქართველი. ისინი ირანელთა მხრიდან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებენ. “გურჯის” სახელით ირანელებს წარმოდგენილი ჰყავდათ გარეგნობით ლამაზი, შრომისმოყვარე, მამაცი და პატიოსანი ადამიანი. თუ ირანელი ვინმეზე იტყოდა, რომ ეს “გურჯია”, მაშინ დასახელებული პიროვნება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების მატარებლად იგულისხმებოდა. თუ ბავშვი ლამაზი და მიმზიდველი იყო, ირანელები მასზე ამბობდნენ – “მესლე ბაჩე – გიურჯი მიმონედ” – “როგორც ქართველი ბიჭი”. ლამაზ ქალზე დაქორწინებისას ირანელები აღნიშნავდნენ – “გიურჯი დოხტა” ან “გიურჯი კიზ”, ე. ი. ქართველი ქალი.

XX საუკუნის 60-იან წლებში თეირანიდან სამხრეთით, ყუმისაკენ მიმავალ გზაზე პატარა ერთსართულიან შენობას ეწერა “ჩაიე გურჯი” – “ქართული ჩაი”, შემდეგ სახლზე იყო წარწერა: “ბისქვითე გურჯი” – “ქართული ნამცხვარი”. ეს იყო ჩვეულებრივი სავაჭრო მაღაზიები და წარწერები მხოლოდ მყიდველის მისაზიდად გაეკეთებინათ, თორემ ჩაიც და ნამცხვარიც იქ სპარსული იყო.

ირანის ქარხნებში მომუშავე ქართველებში დიდი იყო ეროვნული სიამაყის გრძნობა. ისინი ჩვეულებრივ ქმნიდნენ ცალკე ბრიგადებს. ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ მხოლოდ ქართულად სპარსული აქცენტით ან ზოგიერთი სიტყვების გამოყენებით. ირანელებთან დაპირისპირების შემთხვევაში ქართველები ყოველმხრივ სოლიდარობას უცხადებდნენ ერთმანეთს. ამხნევებდნენ სიტყვებით: “აბა ბიჭო არ დავაჩაგვრინოთ თავი სპარსელსა!”, ან კიდევ “არ გავაცინოთ ბიჭო, სპარსელი გურჯზეგა!”

1947 წლის ზაფხულში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეცადინეობით თეირანში მივლინებული იქნა ა. ასლანიკაშვილი, რომელიც უნდა გასცნობოდა ირანში მცხოვრები ქართველების მდგომარეობას, განსაკუთრებით, ფერეიდანში, რასაც ხელს უშლიდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასლანიკაშვილმა შეძლო ურთიერთობა დაემყარებინა ფერეიდნელ ქართველებთან, რომლებიც იმყოფებოდნენ თეირანში სეზონურ სამუშაოზე. ქართული მხარის სურვილი იყო ურთიერთობა ჰქონოდა იმ ქართველებთან, რომლებსაც უნდოდათ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში მუდმივად საცხოვრებლად. ქართველები მუშაობდნენ შავ მუშებად, ნაწილი შუშისა და აგურის ქარხანაში. უმრავლესობას ბინა არ ჰქონდა და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა.

ცნობილი ირანისტი ნომადი ბართაია რამდენიმე წლის წინ ფერეიდანში ავტობუსით მგზავრობის დროს ასეთი ფაქტის მოწმე გახდა: “უცებ ჩვენი ავტობუსი შეჩერდა… წინ გავიხედე, გამეგო რაში იყო საქმე. ვნახე, ორი მძღოლი, მსუბუქი და საბარგო ავტომანქანის, მშვიდად ებაასებოდა ერთმანეთს, რის გამოც მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო.

თითქმის მთელი ირანი მომივლია, მაგრამ მსგავსი სურათი არსად მინახავს. ვიგრძენი, რომ ქართველთა ქალაქში ვიყავი…”

საქართველოს პირველ ელჩს ირანში ჯემშიდ გიუნაშვილს 11 წლის ფერეიდნელმა გოგონამ წერილი გაუგზავნა. თავის მხრივ ბატონმა ჯემშიდმა თავად მიმართა პატარა ქართველს, გამოეგზავნა თავისი ან მისი ნაცნობ-ნათესავების მიერ ქართულ ენაზე დაწერილი ლექსები. ელჩმა თავისი საპასუხო წერილი დაამთავრა სიტყვებით: “შენი პაპა ჯემშიდი”, რასაც კვლავ გოგონას პასუხი მოჰყვა:

“ჩემო ძვირფას პაპა!

იმდენი რომ თქვენი წერილის გაკითხვით გული გამიხარდა ჯერკი სიცოცხლეში არაფერსათვის არგახარებული ვიყავ. ახლა დამეჯერა რომ მართალი ქართველი ვარ. თქვენ რომ იყოთ ჩემი პაპა ემისგან მეტი მინდა რაღა? მე ოთხი ნატვრი მაქვს მაგრამ ლექსი კი არ მითქომ. ქართული ენა იმდენატ მე მაინტერესებს რომ ჩვეულებრივი სავბარიც ქართულად ლექსივით კაი და საინტერესორი. ჩემი პირველი ნატვრი არი საქართველოს დამშვიდება, აყვავება, აშენება, წინსვლა და საქართველოს ხალხის ჯამრთელობა და ბედნიერება. მეორე ჩემი ნატვრი ისი რო ძალიან მიყვარს წავიდე საქართველოში ჩემი და ჩემი წინაპრების სამშობლოში და ჩემი გული, სული, სისხლი ვაჩუკო და თავის მიწა და წყალს ვაკოცო. მესამე ესე რო მინდა წავიდე თბილისის უნივერსიტეტში ქართული ენა კარგად ვისწავლო და შემდეგ მოვიდე ირანში ფერეიდნელ ქართველებს ვასწავლო და გავამრავლო. ჩემი ბოლო ნატვრი და სურვილი ეს არი რო მუდამ ღმერთს ვეხეწები და ვთხოვ ჩემი ძმას თავის წიგნის დაბეჭდუში რომ ჰქვიან ქართველთა როლი ირანის ისტორიაში და კულტურაში მეშელოს და უშველოს. მაპატით თუ შეცდომილვარ.

თქვენი პატარა გოგონა ფარვინ მულიანი

განათლება

“თუკი წინაპარს შანთებით ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი ფერეიდანში ფანდურით,
შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა, ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა როცა ამდენი ქართველი?!”…
მუხრან მაჭავარიანი

XX საუკუნის ათიან წლებში ფერეიდანში ჩავიდა ქართველი, სახელად იუსუფი, რომელიც აწარმოებდა გეოლოგიურ გამოკვლევებს. მალე, მისი წასვლის შემდეგ სოფელ მარტყოფის მცხოვრები ჰუსეინ ონიკაშვილი, პროფესიით დალაქი ჩამოვიდა თბილისში მცირე ხნით. ირანში წაიღო წიგნები, რათა თავის სოფელში გაეხსნა სკოლა. მის განზრახვას წინ აღუდგა ირანის ხელისუფლება და ისლამური სასულიერო წოდება თავად ქართველთაგან.

ამავე პერიოდში ზოგიერთმა ფერეიდნელმა ქართველმა ასევე მოახერხა ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლა. აქ შეძლეს კარგად დაუფლებოდნენ მშობლიურ წერა-კითხვას. მათი მიზანი იყო წაეღოთ ქართული წიგნები და სახელმძღვანელოები და ფერეიდანის ქართულ სოფლებში გაეხსნათ სკოლები. “ექავრი ამბავი გავაგებინოთყე ჩონ ძმებს, რომელთაც მარტო ტფილისის და მარტყოფის სახელი მეტი არ გაუგონიაყე” – აღნიშნავდნენ ფერეიდნელები.

ყოლამ-ჰუსეინ ონიკაშვილის თბილისიდან ფერეიდანში დაბრუნებამ, ქართული წიგნების ჩატანამ და საქართველოს მდგომარეობის გაცნობამ ფერეიდნელი ქართველების დიდი სიხარული გამოიწვია. მოჰამედ სადეხ მესიდაშვილი ქართველ საზოგადოებას წერდა: “სულით გულით სალამს უძღვნი დიდად პატივცემულს საზოგადოების წევრებს და ყველა ჩონი ძმებს, ღმერთს ვთხოვ ყველა თქვენთაგანისთვის ჯანმრთელობას და იმედია, რომ თქვენი სამშობლოდან მოწყვეტილს ძმებს არ დაგვივიწყებთ – ჩვენი ძმა ყოლამ ჰუსეინას მოსვლამ და საქართველოს სიყვარულმა ორმოცდა ათი ათასი ქართველი გააცოცხლა. თქვენი ერთგული ძმა”.

ფერეიდანში დაბრუნებულმა, მეტ-ნაკლებად მომზადებულმა მამულიშვილებმა ენერგიულად მოჰკიდეს ხელი ქართველებში წერა-კითხვის შესწავლას. მოკლე ხანში ბევრმა მათგანმა შეისწავლა ქართულად კითხვა, მაგრამ წერა უჭირდათ. ეს იმით იყო გამოწვეული რომ “მასწავლებლები” სოფლიდან სოფელში დადიოდნენ და დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებდნენ ესოდენ დიდი მსურველების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.

1921 წელს ქართველი თავადი (სახელი უცნობია ა. ს.), ფერეიდანში ჩავიდა სადაც გარკვეული დრო დაჰყო. გაეცნო ქართველი მოსახლეობის ყოფას. თბილისში დაბრუნების შემდეგ თავისთან მიიწვია სოფელ ზემო ახორის მკვიდრი, წიგნიერი და გავლენიანი სეიფოლა ხან იოსელიანი. ერთი წლის შემდეგ სეიფოლა წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დატვირთული ჩავიდა ფერეიდანში, რათა გაეხსნა სკოლა. მანამდე გზად გაიარა თეირანში, სადაც შეხვდა მომავალ შაჰს რეზა ხან ფეჰლევის, რომელიც მაშინ იყო სამხედრო მინისტრი და მიიღო ნებართვა თავის სოფელში სკოლის გახსნაზე. იოსელიანი ცდილობდა სასწავლო პროცესი წარემართა ქართულ, რუსულ და სპარსულ ენაზე. იოსელიანმა სოფელში ჩაიტანა რკინის ღუმელი სკოლის შენობის გასათბობად. ირანელები და ისლამური ფანატიზმით შეპყრობილი ქართველი გლეხობა, რომელიც წამოეგო სასულიერო წოდების პროვოკაციას ბრალს სდებდნენ იოსელიანს ქრისტიანობის შემოტანის სურვილში. ამ ბრალდების გასამაგრებლად გლეხობა ამტკიცებდა, რომ იოსელიანის მოტანილი ღუმელი სინამდვილეში იყო ეკლესიის ზარი. იოსელიანის წინააღმდეგ იწერება დასმენები, მიმდინარეობს დაკითხვა… ენერგიული სეიფოლა ხანი წინააღმდეგობის მიუხედავად, აგრძელებდა საქმეს. მისი სკოლა, მართალია, მცირე დროით ფუნქციონირებდა და მოასწრო ქართულად ესწავლებინა 15-20 აღსაზრდელისათვის. ასევე, ქართული წერა-კითხვა ასწავლა სოფელ ბოინის 4-5 ქართველს. აქვე მიიღო ცოდნა სეიფოლას ვაჟმა ფათულა ხანმა.

სკოლის შესამოწმებლად თეირანიდან მოსულმა სპეციალურმა კომისიამ დაადანაშაულა იოსელიანი პრობოლშევიკურ მოღვაწეობაში. სკოლა დახურეს. ბრალდებისა და მეთვალყურეობის მიუხედავად, სეიფოლა ხანი ცდილობს კავშირი დაამყაროს სამშობლოსთან. სკოლის დახურვის შემდეგ სეიფოლა ხანს ესტუმრნენ “რუს-პერს-ბანკის” ისფაჰანის განყოფილების თანამშრომლები ამბაკო ჭელიძე, ისფაჰანის კონსულის მეუღლე და ირანში სტუმრად მყოფი რამდენიმე ქართველი.

სეიფოლა ხანის კიდევ ერთი შეხვედრა ქართველებთან შედგა 1927 წელს, როდესაც მასთან ჩავიდა მასწავლებელთა ჯგუფი თბილისიდან. ისინი რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ ფერეიდანში. სეიფოლასთვის ქართველებთან შეხვედრა ბოლო სიხარული აღმოჩნდა. ცოტა ხანში ის გარდაიცვალა. ზოგიერთი ქართველი და განსაკუთრებით, მეზობელი სომხური სოფლების მცხოვრებნი თვლიდნენ, რომ სეიფოლა მოწამლეს.

ჭეშმარიტი მოღვაწის საქმეს უკვალოდ არ ჩაუვლია. მან ბევრი გააკეთა თანამემამულეთა ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაში. მის საქმეს განაგრძობდა შვილი – ფათულა ხანი, რომელსაც 40-იან წლებში მაღალი ავტორიტეტი გააჩნდა ფერეიდნელ ქართველებში.

როდესაც თეირანში სსრკ ბანკი გაიხსნა, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გარკვეული კავშირი დაემყარებინა ფერეიდნელ ქართველებთან. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყოფილიყო პოლიტიკური მოსაზრებით და ბუნებრივია, საკავშირო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული. მით უმეტეს, რომ ა. ჭელიძესთან ერთად წარმომადგენლობაში სხვა ქართველებიც იყვნენ.

ამ პერიოდში თბილისიდან თეირანში ჩავიდა განათლების კომისარიატის წარმომადგენელი. მას ჰქონდა მანდატი, რომ ის იყო საგანგებოდ გამოგზავნილი განათლების კომისარიატის მიერ ფერეიდნელი ქართველების ცხოვრების შესასწავლად და ასაწერად. მან ა. ჭელიძეს გადასცა მოკლე წესდება თბილისში დაარსებული კულტურული საზოგადოებისა, რომელიც მიზნად ისახავდა კულტურულ მუშაობას ქართველ მაჰმადიანებში. წარმომადგენელმა ირანში ჩაიტანა ერთი ყუთი ქართული წიგნები, უმთავრესად, სასწავლო სახელმძღვანელოები და ბელეტრისტული ნაწარმოებები იმ მიზნით, რომ გაევრცელებინა ფერეიდნელ ქართველებში. განსახკომის სახელით ა. ჭელიძეს გადაეცა რამდენიმე წერილი-ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მიდგომოდა ფერეიდნელ ქართველთა ცხოვრების აღწერის საკითხს.

მიღებული წიგნების ნაწილი, რომელიც უფრო მისაღები იყო გაგზავნეს ფერეიდანში, ხოლო ნაწილი დაურიგეს თეირანში მყოფ ქართველებს.

1928 წლამდე მთელ ფერეიდანის რაიონში არც ერთი საერო სკოლა არ არსებობდა. დაბალი ტიპის სასულიერო სკოლებში – მექთებლებში – მოლები, სეიდები და ახუნდები “მასწავლებლობდნენ”. ისინი მუსლიმანური წესის მიხედვით მიწაზე ფეხმორთხმულ ბავშვებს აზეპირებინებდნენ ლოცვებს და ყურანის ცალკეულ სურებს მათთვის გაუგებარ არაბულ ენაზე. ამ “სკოლებში” წერა-კითხვას საერთოდ არ ასწავლიდნენ. სწავლების ერთადერთი მეთოდი მხოლოდ დაზეპირება იყო.

1928 წელს ზემო მარტყოფში გაიხსნა პრიმიტიული საერო სკოლა, სადაც სწავლება მხოლოდ სპარსულ ენაზე წარმოებდა. გლეხის შვილებს ამ სკოლაში არ შეეძლოთ ესწავლათ უსახსრობის გამო.

40-იან წლებში 11 ქართულ სოფელში, მხოლოდ 2 სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც 3 ირანელი მასწავლებელი იყო დასაქმებული. 16 ათასი მცხოვრებიდან სწავლობდა 90-120 მოწაფე. ქალები საერთოდ წერა-კითხვის უცოდინარი იყვნენ. მამაკაცთა მხოლოდ 20-30% შეიძლება ჩაგვეთვალა წერა-კითხვის მცოდნედ. სკოლაში სასწავლო საგნებს შეადგენდა ფარსის ანბანი და ყურანი.

ამჟამად, როგორც ფერეიდუნშაჰრში (მარტყოფი), ისე დარანში (ფერეიდანი) დაარსებულია უმაღლესი სასწავლებელი. თითოეულში სწავლობს ათასამდე სტუდენტი.

ბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფერეიდნელმა ქართველებმა არა მარტო ქართული ენა და ეროვნული თვითშეგნება შეინარჩუნეს, არამედ საწარმოო და საოჯახო ყოფის მაღალი მამა-პაპური კულტურაც, რისი მეშვეობითაც გადაურჩნენ კიდეც გადაგვარებას და დარჩნენ ქართველებად.

* * *

დასასრულს, ზოგიერთ იმ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც ირან-საქართველოსა და, გამომდინარე იქიდან, ჩვენსა და ფერეიდნელ ქართველებს შორის იჩინა თავი.

მას მერე, რაც ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია (1978 წ.), ხოლო საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა (1991 წ.) ამ ორ ქვეყანას შორის დამყარდა პირდაპირი კავშირები.

პირველი ოფიციალური შეხვედრა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის განხორციელდა 1991 წელს – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის პირველი სამმართველოს ხელმძღვანელი ბაჰრამ ყასემი საქართველოში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, სადაც შემდგომი შეხვედრა დაიგეგმა მომდევნო წელს ირანში.

1992 წელს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა ირანში აკად. თ. გამყრელიძის ხელმძღვანელობით, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას ურთიერთ ცნობისა და კეთილი დამოკიდებულების შესახებ.

1993 წელს ირანში ჩავიდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

1993 წელს საქართველოში გაიხსნა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო და საკონსულო.

1994 წელს ირანში გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის საელჩო და საკონსულო.

ირან-საქართველოს შორის არსებულმა ერთიერთკეთილგანწყობამ შესაფერისი პირობები შექმნა ფერეიდნელებთან ურთიერთობის დასამყარებლად. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყო 2001 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ოფიციალური ვიზიტი ირანში და ფერეიდანში პირველად ასეთი ოფიციალური პირის ჩასვლა.

ასევე მეტად მნიშვნელოვანი იყო იმავე წელსვე საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ირანში და პატრიარქ ილია II-ის მიერ ასევე ფერეიდანის მონახულება.

მაგრამ განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ ირანში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა ფერეიდანში და ის ენით აღუწერელი შეხვედრა, რომელიც ტელეარხების საშუალებით მთელმა მსოფლიომ ნახა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ირანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯემშიდ გიუნაშვილის მოღვაწეობა ირან-საქართველოს კულტურულ-ურთიერთობათა სფეროში, რომლის წყალობით, მრავალ ფერეიდნელს მიღებული აქვს ირანის ოფიციალური ინსტანციებისთვის მისაღები ლიტერატურა, რაც ხელს შეუწყობს მათ ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართულ-სპარსული ურთიერთობების შესწავლის საქმეში.

ირან-საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობის წყალობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფერეიდანში სამეცნიერო მივლინებით გააგზავნა ირანისტი ნომადი ბართაია, ეთნოლოგი ოთარ მიმინოშვილი და ფოტო ჟურნალისტი მიხეილ როსტომაშვილი.

2004 წელს სატელევიზიო არხებმა “იმედმა” და “რუსთავი-2”-მა ფერეიდანზე შექმნეს დოკუმენტური ფილმები.

ურთიერთობა ირან-საქართველოს შორის დღითიდღე ფართოვდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კავშირურთიერთობებს “დიდსა” და “პატარა” საქართველოს შორის, რომელთა მკვიდრთ დღეს თავისუფლად შეუძლიათ ურთიერთობა.