|
ეროვნული სამეცნირო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში კავშირ – პოეტურ ორდენ „მარად ახალი ქნარის“ მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“ ფარგლებში გიზო ვაშაკიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე მხატვრის ბოლო 4 თვეში შექმნილი 36 ტილოა წარმოდგენილი, რომელთა შორის არის აკვრელით, გუაშით და ზეთით შესრულებული პეიზაჟები, ნატურმორტი და პორტრეტები. ეს გიზო ვაშაკიძის პირველი პერსონალური გამოფენაა.
გიზო ვაშაკიძე პროფესიით გეოგრაფია. მიღებული აქვს გეოგრაფიის დოქტორის წოდება. არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. ხატვა 18 წლიდან დაიწყო. მისი ნამუშევრები ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნების პირად კოლექციებში ინახება.
„პერსონალური გამოფენა არასდროს მქონია. მხოლოდ ბავშვობაში ჯგუფურ გამოფენებში მივიღე მონაწილეობა. ორი თვის წინ სამსახური დავკარგე და, შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევას უნდა ვუმადლოდე გამოფენის მოწყობას. გარდა ამისა, მას შემდეგ ინტენსიურად დავიწყე ხატვა და დარჩენილ ცხოვრებას სწორედ მას მივუძღვნი. ჩემთვის იგი ძალიან თავისუფალი და კარგი პროფესიაა.
მთავარია დრო მქონდეს, ყოველთვის მაქვს თემა, რაზეც უნდა ვხატო. როცა ვხატავ, ბედნიერი ვარ. საერთოდ, ჩვენთან ნამუშევრების გაყიდვა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბოლო ორი თვე ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა, ვნახოთ ახლა რა იქნება. მართალია, ბევრ ნამუშევარზე გული მწყდება, როცა იყიდება, მაგრამ ეს აუცილებელია, რომ მხატვარმა იარსებო და იმუშაო.”
პოეტური ორდენის „მარადახალი ქნარის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ღანიშაშვილმა მითხრა, რომ ისინი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან ერთად ორ კვირაში ერთხელ ლიტერატურულ შეხვედრებს მართავენ. „გადავწყვიტეთ, ჩვენი შეხვედრები თემატურად გაფართოვდეს და ხელოვნების სხვადსხვა დარგის წარმომადგენლები მოვიწვიოთ. საზოგადოებას საინტერესო მხატვრის გიზო ვაშაკიძის ნამუშევრები წარმოვუდგინეთ. მე მათში რომანტიკული განწყობა დავინახე, რადგან ნაცრისფერი ჭარბობს, რომელიც ირაციონალური ფერია.
გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 12 მაისამდე გაგრძელდება.
|