|
ის იყო, წმინდა წყაროდან წამოსულები, უკვე ტაქსით წნორში შევდიოდით, რომ მობილურ ტელეფონზე მირეკავს კახა ფერეიდნელი და მეუბნება – ფერეიდანიდან ერთი ქართული ოჯახია ჩამოსული, ახლა სიღნაღში ვართ, ძალიან აინტერესებთ კახური სოფლების და რომელიმე ტიპიური ოჯახის ნახვა და თუ შეიძლება წნორში, დედაშენს ვესტუმროთო? ვუპასუხე, რომ მეგობრებთან ერთად მეც იქვე ახლოს ვიყავი და მალე სახლში ვიქნებოდით. ამაზე კახას გაეცინა და – ეტყობა გულმა მიგრძნოო!
ვთხოვე რობერტს და უკვე ფიქრიას (და არა ქალბატონ ფიქრიას), რომ ამ მოულოდნელი და საპატიო სტუმრების გამასპინძლებაში დამხმარებოდნენ. რობერტს გავახსენე, რომ კახა ფერეიდნელს უკვე იცნობდა „ურაკპარაკელთა“ პირველი შეხვედრიდან. ამის შემდეგ სამივენი ტაქსით წნორის ბაზარში მივედით პროდუქტების შესაძენად.
ტაქსის მძღოლს წინა საქარე მინასთან დასტამბო ედო. მაშინვე ხელი წავატანე და რობერტს და ფიქრიას გადავაწოდე, აბა თუ იცით, ეს რა არის-მეთქი? ორივემ მხრები აიჩეჩა – დასტამბო ხომ მხოლოდ კახელებმა ვიცით?
ცოტა ხნით ადრე, ნავთლუღის ბაზარზე საზამთროსა და ნესვს ვყიდულობდი. ხურდის დასაბრუნებლად გამყიდველმა ქალმა ხელჩანთა რომ გახსნა, შემთხვევით დასტამბოებს ვკიდე თვალი და ვკითხე, ჩანთაში რატომ მალავთ-თქო?
– ამ ქალაქელებმა ხო არაფერი არ იციან, გული შამიჭამეს რა არი და რა არიო, მეც ავდექი და ისევ სუმკაში ჩავდე, ისევ ჩემ გოგო-ბიჭებ წავუღებო მეთქი, – მიპასუხა გამყიდველმა.
– მე ვიცი დასტამბო რაც არის და თუ ოთხი ცალი გაქვთ, ოთხივეს ვიყიდი, ოჯახში ჩვენც ოთხნი ვართ და საძინებელში ბალიშებთან დავიწყობთ, ამის სუნს რა სჯობია-თქო?
ზუსტად ოთხი ცალი ჰქონდა!
რაც მე იმ ქალმა მლოცა!
ტაქსის მძღოლმა დასტამბო ფიქრიას აჩუქა!
წნორის ბაზარში და მაღაზიებში საჭირო პროდუქტები შევიძინეთ, თონეში ცხელი ლავაშებიც ავიღეთ (ერთი მოშიებულ რობერტს თითქმის მაშინვე შემოეჭამა – სურნელს ვერ გაუძლო) და ცენტრალურ გზაჯვარედინთან გავჩერდით – ირანულ ნომრიან მანქანას ველოდებოდით. ირანელების სტუმრობა წნორში პირველი არ იყო, მაგრამ ცოტას მაინც ვღელავდი. გავიხსენე ჩემი პირველი შეხვედრა უცხოელებთან, რომელიც ზუსტად 1979 წლის 30 ივნისს მოხდა.
მე, ჩემი და – ნაირა და მისი მეგობარი გოგონა რუსთაველის პროსპექტზე ვსეირნობდით. უკვე საღამოვდებოდა, როცა ერთი ქერათმიანი და შარვლიანი ქალბატონი (მაშინ შარვალში გამოწყობილი ქალი დიდი იშვიათობა იყო) მოგვიახლოვდა და ინგლისურად გვკითხა, თუ სად იყო ხელოვნების მუზეუმი. ჩვენც დიდი სიამოვნებით ავუხსენით, მაგრამ მაინც ვარჩიეთ პირადად მიგვეცილებინა უცხოელი ცოლ-ქმარი მუზეუმამდე. გზად ნაირამ სუვენირების მაღაზიაში შეირბინა და მათთვის საჩუქრად ქართველი ქალის გამოსახულებიანი ჭედური ნაკეთობა იყიდა. ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა იმ ქალბატონისთვის, რომ თვითონაც დაიბნა და იქვე, ტროტუარზე თავისი ხელჩანთა უცერემონიოდ გადმოაპირქვავა – დასძინა, სამწუხაროდ, მე არაფერი მაქვს, რომ გაჩუქოთო... მაშინვე მოცვივდნენ მილიციონერები, ალბათ, იფიქრეს რომ რაიმეს მოპარვას ან წართმევას ვუპირებდი... რომ გაიგეს, რაში იყო საქმე, თავი დაგვანებეს, მაგრამ შორიახლოს მაინც მოგვყვებოდნენ...
მუზეუმის შენობას რომ მივუახლოვდით, ამ ქალბატონის მეუღლემ სამახსოვრო ფოტო გადაგვიღო. მეორე ფოტო კი ყველამ ერთად გადავიღეთ. სხვათაშორის ამ ფოტოს გადაღება ქალბატონმა სწორედ ერთ-ერთ ადევნებულ მილიციონერს სთხოვა იმის დასტურად, რომ ჩვენს შორის არავითარ გაუგებრობას არ ჰქონია ადგილი. გამომშვიდობებისას ქალბატონმა ერთ-ერთ ფოტოზე (რომელიც მაშინვე მოგვართვა "პოლაროიდმა"), ასეთი წარწერა გაუკეთა: JENNIE WEBSTER, PA, USA.
|