|
გიორგი, როცა შემთხვევით შენი საიტი გავხსენი და გიცანი, ვერ აღვწერ რა დამემართა... მე და მარიამი დიდხანს ვათვალიერებდით ჩვენი მშობლიური სიღნაღის და თბილისის ხედებს... როგორ შეცვლილა სიღნაღი... მერე კი ტექსტებს ჩავუღრმავდი... გული მეტკინა... ვიტირე... სადაურსა სად წაიყვანო, ხომ გაგიგონია? მარიამი მეკითხებოდა, რატომ ტირიხარო, სანამ თვითონ არ წაიკითხა, იქამდე ვერ მიხვდა... ის კი გამიხარდა, ფერეიდანშიც რომ ყოფილა ”სიღნაღი”!
ჩემო გიორგი, დიდი შთაბეჭდილებებით დავრჩი შენი საიტის მერე, მაგარი საქმე წამოგიწყიათ! როგორ გაზრდილა და დავაჟკაცებულა ირაკლი, მე ხომ სულ პატარა მახსოვს. რომ იცოდე, მეუღლე 4 თვის წინ გარდამეცვალა და ჯერ ისევ შოკში ვარ... შენ ვერ წარმოიდგენ, რამხელა სიხარული მივიღე... ვინ იცის, იქნებ აქაც გინახულო მომავალში? ღმერთის მადლი არ მოგეშალოთ! ნათელა თანდაშვილი. ბრაზილია.
30. გამარჯობათ ბატონო გიორგი! მინდა მადლობა გითხრათ იმ დიდი შრომისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოს და ფერეიდნელი ქართველების მიმართ. ჩვენი გულიდან მოწყვეტილი ქართული გენის, ჯიშის, სისხლის არ დაკარგვისათვის, იმ ჯაჭვს რომ გვიერთიანებ, საქართველოს წარსული რომ ჰქვია... უფალი ჰფარავდეს ფერეიდნელ ქართველებს და ბედკრული საქართველოს იმ შვილებს, რომლებიც მარგალიტებად არიან გაბნეულნი სხვის მიწებზე... ღმერთმა ხელი მოგიმართოთ სასიკეთოდ დაწყებულ საქმეში! პატივისცემით, თამარ რამიშვილი, აშშ.
31. Мой грузинский друг, Георгий! Я армянин и живу в Москве‚ несколько дней назад я случайно открыл твой сайт о Ферейдане. Моё внимание привлекло сперва фон грустной мелодии, а потом и фотографии. . . С нетерпением прочитал английский вариант первои путешествии, потом и перевод нескольких глав. . . Мне сразу стало ясно, что происходит в сайте. . .

Не смотря на то, что я очень уважаю грузинов и хорошо знаю вашу историю (мы же братья по крови!) по етой трагедии, которая произошло 400 лет назад, я ничего не знал. Очень рад, что Ферейданские грузини все таки смогли сохранить родной язык, что к сожалению не могу сказать о некоторых грузинах, проживающих в Москве.
Мне очень понравилось тот факт, что в сердце Испахана, по близости дворца Шах-Аббаса есть прекрасный кирпичный мост, котории построил грузин Алаверди-Хан! Это правда, что мостовые 33 арки связани с грузинской азбукой? Есть ли какая-то связь у твоеи фамилии с Алаверди-Ханом?
В сайте кроме Ферейданских пейзажов я с удоволствием просматриваю фотографии Грузии. Как изменилось Тбилиси! Меня обрадовал то, что в конце 82-ой главы обнаружил фото Еревана! Друг мой дорогой, я хочу поблагодарить тебя за такую прекрасную и интересную работу! А также хочу поблагодарить Григол Саникидзе и всех, кто дал нам возможность, узнать о Ферейдане! С нетерпением жду о Ферейдане новых информации на английском языке! В ближающее время собираюсь приехать в Армению! А из Еревана до Тбилиси уже несколько шагов... С уважением, Гарник Саркисян. Москва.
|
32. ქართველებო, ყურადღებით იყავით, დიდი შეცდომა არ დაუშვათ... ფერეიდნელი ქართველები რომ ნაღდი ქართველები არიან, ეჭვი არავის შეეპაროს... 15 წელი გაატარა ჩემმა ოჯახმა მათ შორის, მამა დიპლომატიურ სამსახურში იყო ირანში და ამის გამო... თქვენ რომ იცოდეთ, რა ხალხია, მარტო ერთმანეთში ქორწინდებიან, შაჰის დროს და მერეც კაი ხანს მარტო ფერეიდნელი ქალები არ იხურავდნენ ჩადრს... თავიანთი რეზერვაციის ფარგლებში აქვთ "მცხეთა", "თბილისი"... კომუნისტური მმართველობის პირობებში ჩემს მშობლებს დიდი რისკის ფასად გადაჰქონდათ დედა-ენები და ფერეიდნელებში წერა-კითხვის აღდგენა-გავრცელებას ეწეოდნენ... დღემდე გვაქვს შემონახული მათი ბატისფეხური მხედრულით ნაწერი, ცრემლიანი წერილები საქართველოზე... "ძვირფასო"-ს ნაცვლად "უფასო"-ს ხმარობენ თავის დიალექტში და ასეც წერდნენ, "ჩვენი უფასო სამშობლო გვენატრებაო"... ასე რომ... ცოტა ღმერთსა და ისტორიასაც შეხედონ ცინიკოსებმა, შევეკამათები და დავუმტკიცებ ნებისმიერს, რომ ფერეიდნელი ქართველები - გადასახლებული, ნატანჯი, ნაგვემი, მაგრამ ქართველები არიან! და სამწუხაროდ ვერაფრით ვშველით...
33. არ მინდა რაიმე კომენტარი გავაკეთო "სამ საქართველოზე", საჭირო სიტყვები ძნელად თუ მოიძებნება და ამიტომ... ბატონო გიორგი, შესაძლებელია, რომ მსგავსი ექსპედიციები ან თუნდაც ექსკურსიები ახალგაზრდებისთვისაც მოეწყოს? ანტალიაში ანდა პარიზში წასვლას ეს მირჩევნია და დარწმუნებული ვარ ბევრ სხვა ქართველსაც. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია? ნიუ-იორკი. აშშ.
34. გუგუა გამარჯობათ! სულმოუთქმელად გადავიკითხე თქვენი წერილები. ბარაქალა, თქვენს ეროვნულ საქმეს და თქვენს დაუღალავ რუდუნებას. ახლა შემიძლია უფრო მეტი რამ გავიგო ჩვენს ფერეიდნელ ძმებზე და დებზე, ჩვენს შვილებზე და ჩვენს ღირსეულ ფერეიდნელ წინაპრებზე, რობლებმაც ქართული სული, ქართული გული, ქართული ენა და ქართული ეროვნული ღირსებები დღემდე შემოინახეს.
ჩემი დიდი სურვილია, რომ ფერეიდანში, დანარჩენი ქართველების ხმა მისწვდეთ. არცერთმა ქართველმა დედამიწაზე თავი უსამშობლოდ და მივიწყებულად არ უნდა იგრძნოს. რა ბევრნი ჩვენა ვართ?! რაც შეეხება იმ ქართულს, რომლითაც ფერეიდანში ლაპარაკობენ, მე ძალიან მეამაყება. მე ხევსური ვარ, და როდესაც ხევსურები ლაპარაკობენ ნახევარსაც ვერ ვიგებ... ან კიდევ ფშაური, მოხევური და ა.შ. რომ აღარაფერი ვთქვათ სვანურზე და მეგრულზე. მთავარია, რომ ჩვენ ყველა ქართველები ვართ და ერთადერთი სალოცავი – საქართველო გვაქვს. სულ ერთია როგორი ქართულით ვილოცებთ: ქართლულით, კახურით, მეგრულით, ფერეიდნულით, სვანურით თუ მესხურით.
სამშობლოდან იძულებით გადახვეწილო, ჩვენო ოჯახის წევრებო! არ გეგონოთ, რომ თქვენ მანდ მარტონი იყავით, რომ სამშობლომ თქვენ ერთი წუთითაც კი დაგივიწყათ. ასე გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა: ბებიამ და ბაბუამ დედას და მამას მოუთხრო, დედა და მამა ჩვენ გვიყვებოდნენ, ჩვენ კიდევ ჩვენ შვილებს გადავცემთ იმ სიყვარულს, რასაც ჩვენი ფერეიდნელი სისხლის და ხორცის, ჩვენი სულის და გულის სიყვარული ჰქვია. სადაც კი ირანელს გადავეყრები, ყველას თქვენზე ვეკითხები. ერთი ირანელი ქალი, სახელად მარია ბევრს მომიყვა თქვენს შესახებ. მითხრა: "ამდენს რომ მეკითხები, შენ თვითონ წამოდი ამ ზაფხულს და გაიცანი შენი გურჯებიო. მითხრა: ჩემს სახლში გეპატიჟები, ეს იმიტომ, რომ ვიცი რა კარგი ერის შვილი ხარო." ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ამის მოსმენისას... ირანელი ოჯახი, ირანში, სახლში მეპატიჟება იმიტომ, რომ თქვენ ისეთი კარგები ხართ, რომ დარწმუნებულები არიან, რომ მეც კარგი ვიქნები... გმადლობთ, რომ ასეთი ძვირფასები ხართ. გავიცნოთ ზოგმა პირადად, ზოგმა წერილებით. უფრო შევიყვაროთ ერთმანეთი, შევქმნათ ნაღდი ქართული ოჯახები და ვილოცოთ ჩვენი ჯიშისა და საქართველოსთვის... გფარავდეთ უფალი. ნანა ფიცხელაური. გერმანია.
35.1. გამარჯობა გიორგი! კეთილ საქმეს აკეთებ და სიკეთე არ მოგიშალოს ღმერთმა. ამერიკაში, ამ გადაკარგულ ქვეყანაში, პირველი სამსახური ირანელთან ვიპოვე, სარეკლამო ფირმა ჰქონდა. უფრო სწორედ, სარეკლამო ნეონის აბრებს ამზადებდა. მერე ფირმებს და კომპანიებს ფასადებზე უმონტაჟებდა. გაიგო თუ არა, რომ "გურჯი" ვიყავი, მაშინვე ამიყვანა სამუშაოზე, არ დაგავიწყდეთ, მე მაშინ ინგლისურის ბევრი არაფერი არ გამეგებოდა. დაახლოებით 6 თვე ვიმუშავე იმ კაცთან, ბევრ თავისი თანამემამულესთან ჰქონდა კავშირი, როცა მოსდიოდნენ, ეუბნებოდა, ნამდვილი გურჯი უნდა გაჩვენოთო. მე, ვიცი, რასაც ვწერ ეხლა − ამ ადამიანების თვალებში და ქცევაში ვხედავდი უდიდეს პატივისცემას ჩემი ერის წინაშე. "გურჯები", მაგრები და ლამაზები ხართო. ყოველთვის ამას იმეორებდნენ: ინგლისური სიტყვა GORGEOUS (გურჯეს), თქვენგან წარმოსდგებაო. (GORGEOUS − ნიშნავს, სრულყოფილს, ყველა სიამით შემკობილს).
35.2. 1991 წელს ახალი გახსნილი იყო საზღვარი ირანთან. მოვახერხე და წავედი. ტურისტული ავტობუსით ვიყავით. არ ვიცი საიდან გაიგეს. სასტუმროში მოგვაკითხეს. ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით ჯგუფში. ჩვენ მოგვაკითხეს ნომერში. პირველად ჩემს სიცოცხლეში, ვნახე 400-წლის წინ გადასახლებული ქართული ჯიში და გენი. სიტყვებს ვერ ვპოულობ, თუ რა ემოციებით მიმდინარეობდა ჩვენი საუბარი. სრული, ამ სიტყვის მნიშვნელობით გვეფერებოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმებს. ყოველ დღე გვაკითხავდნენ, ჩვენი გულისთვის ჩამოდიოდნენ თეირანში. ერთი კაცი გაგვეცნო რეზო მქვიაო, ჩვენზე ბევრად უფროსი იყო. ის უფრო ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე. თავიდანვე ფული შემოგვთავაზა. დაგჭირდებათ და დახარჯეთო. საქართველოში რომ ჩამოვალთ, მერე გადამიხადეთო. ფული რომ არ აიღოთ – მომეწყინებაო. განა მეწყინებაო, მომეწყინებაო. წამოსვლის დღეს, დაახლოებით 30 კილომეტრზე გამოგვაცილეს, მანქანებით გვერდში მოგვდევდნენ და გვემშვიდობებოდნენ. ეეჰჰჰ, მას მერე რამდენი დრო გავიდა. მათი სამშობლოს სიყვარულით და მონატრებით ანთებული სახეები ახლაც მკაფიოდ მახსოვს. ღმერთო, ყველა გადახვეწილი ქართველი დაგვაბრუნე ჩვენს მიწა-წყალზე. მერვე წელია, მეც სხვა მიწაზე ვცხოვრობ... ეს წერილი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე. გამახსენდა ამ კაცის გვარი – რეზო ონიკაშვილი, ამ სახელით და გვარით გაგვეცნო. იქნება მოვძებნოთ ის ადამიანი. არის შესაძლებელი?
35.3. ეს შარშან დავწერე. ვფიქრობ, ჩვენს ფერეიდნელებს გულებს გაუთბობს ეს მცირე წერილი: „დაახლოებით 8 წლის წინ მომიწია ჩემი დახატული სამშობლოს დატოვება. მოვდიოდით მე და ჩემი მეუღლე. არ გვქონდა მაშინ საშუალება ბავშვებიც წამოგვეყვანა, ჩვენ თვითონ არ ვიცოდით კონკრეტულად, სად მოვდიოდით. არავინ არ გველოდებოდა და არც არავის იმედი არ გვქონდა, საკუთარი თავის გარდა. რომ იტყვიან, სახრჩობელაზე ჩვენი ფეხით მივდიოდით. სხვა გამოსავალი არ გვქონდა.
ეხლაც არ ვიცი რამ მიბიძგა, გამეკეთებინა ვაზის წალამისგან შეკვრა და წამომეღო. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა ყველას. მეც, მეუღლესაც და ჩემს ვაზსაც. 7 წელი ვატარე ჩემთან ერთად სადაც წავედით და წამოვედით, ჩემთან ერთად იტანდა ყველანაირ გაჭირვებას. თავიდან სასტუმროებს ვიცვლიდით ყოველ კვირა, ძვირიდან იაფისკენ, სანამ საცხოვრებელ ადგილს მოვძებნიდით. არ უღალატიათ, არცერთი არ გამხმობია. აბაზანაში, სველ პირსახოცებში მყავდნენ გახვეულები. ვეღირსეთ აპარტმენტს, მაგრამ სად უნდა გამეხარებინა. კვირტები დახეთქვაზე ჰქონდათ უკვე. პარკებში დავეხეტებოდი, იქნება სადმე მზიანი ადგილი მეპოვა და დამერგო, თორემ უკვე მიხმებოდნენ. ბევრჯერ შევიცვალეთ ადგილსამყოფელი, შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში, სახლიდან სახლში. ჩემ ქართულ ვაზს ჩემთან ერთად უჭირდა, ხან ვედროებში მქონდა, ხან პლასტმასის კასრებში, თან ვახარებდი და ვამრავლებდი. 7 წლის მერე ვეღირსეთ "დროებით" საცხოვრებელს. მივაბარე ბარაქიან განაყოფიერებულ მიწას და შემოდგომაზე ნაყოფიც მომცა. ჩვენებურად ცოტა ღვინოც გავაკეთე. მოდით ეხლა გეტყვით: იმ გრძნობას და იმ ძალას გაუმარჯოს, რომელმაც იმ რამოდენიმე ვაზის წალამი წამომაღებინა ამ გადაკარგულში. გაიხარეთ და გამრავლდით. გიორგი ელჩიბეგაშვილი. აშშ.
36. გამარჯობა გიორგი! გამარჯობა გუგუა! გიორგი, ძალიან გამახარა შენმა მონათხრობმა. მეც ძალიან ბევრი შემთხვევები მქონია გერმანიაში, როდესაც ირანელებს ქართველები წინა პლანზე დაუყენებიათ, როდესაც გაუგიათ, რომ გურჯები იყვნენ. ჩემი ვაჟი გერმანიაში რომ ჩამოვიდა, მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა. ირანელი ეძებდა ერთ კაცს სამუშაოზე. რადგანაც აქ სამუშაოები ძალიან ჭირს, ექვსი გამოცხადდა ერთ ადგილზე. ირანელმა მარტო განცხადებები გადაიკითხა (აქ წერია ეროვნება) და თქვა ჩემი შვილის გვარი, ამას ავიყვანო. (მე, როგორც თარჯიმანი თან ვახლდი.) ვკითხე: "დასაწყისში ალბათ ინგლისურად გაართმევთ საქმეს თავს მეთქი?" მიპასუხა:" მე ისე ვიცი ინგლისური, როგორც ამან გერმანულიო." თქმით რას ვეტყოდი, მადლობის მეტს, მაგრამ სახეზე ალბათ დიდი გაკვირვება გამომეხატა; რადგან ასე მითხრა:" იცით რა, მე ირანელი ვარ (ჩვენ მაშინ არ ვიცოდით სადაური იყო) და ჩემთვის ირანში ირანელი და გურჯი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. მე ერთი უბედური შემთხვევა მქონდა, ჩემს სამშობლოში და ერთ გურჯს რომ არ გადავერჩინე, ახლა დაახლოებით ათი წლის მკვდარი უნდა ვიყოო. ასე, რომ სამადლობელი მე მაქვს-ო". მას შემდეგ რამდენიმე წელმა გაიარა. იგი ჩემს შვილს ყოველთვის "გურჯო"-თი მიმართავდა. ერთხელ ერთ თანამშრომელს უკითსავს: "რა არის "გურჯო", ეგ ხომ არც სახელია მისი და არც გვარი?"-ო "ეგ ჩვენს ენაზე "შვილოს, ძმაოს, მეგობაროს, ნიშნავს"-ო, უპასუხია ირანელს. ჩემმა შვილმა, რომ ეს მომიყვა, გავოცდი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თურმე შეიძლება დაივიწყო წარსული ბედის უკუღმართობა და უძმო, უმეგობრო და შეიყვარო ის ერი, რომელთანაც პურს, წყალს და ჰაერს იყოფ. ჩემთვის ეს ერთი ირანელი, მთელი ირანელი ხალხის სახეა, რომლებმაც გულში ჩაიკრეს, ჩემი ლამაზი და ერთგული, სამშობლოდან გადახვეწილი ქართველები და ჭირი და ლხინი ერთად გაიზიარეს. დიდი ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ნანა ფიცხელაური. გერმანია.
37. გუგუა გამარჯობათ! ვნახე თქვენი საიტი და რა გითხრათ არ ვიცი... გავიხარე თუ თავი დავითრგუნე, ყველაფერი გულთან მივიტანე. ჯერ მე-10 ქვეთავზე ვარ გაჩერებული, წინ ნელა მივდივარ, ვინაიდან ცრემლიანი თვალებით ზოგჯერ თემას უკან ვუბრუნდები, რათა არაფერი გამომეპაროს და მეც შევისისხლხორცო მათი სიხარული თუ ტკივილი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ძალიან გაფასებთ. დიდ ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ! მედეა სიხარულიძე. აშშ.
38.1. გამარჯობათ გიორგი, დღეს პირველად გავხსენი ეს ვებ-გვერდი და გული ისე ცუდად გამიხდა, ერთი კი ვიფიქრე ნეტავ არ გამეხსნა-მეთქი, მაგრამ მერე ჩემი თავის შემრცხვა ასეთი აზრის გამო. დავათვალიერე თქვენი საიტი და მართალი გითხრათ, გული ამევსო სიხარულითაც და ტკივილითაც. მართლაც რომ კარგი და სუფთა მამულიშვილური საიტია. ხშირი სტუმარი ვიქნები თქვენი, რომ კიდევ უფრო კარგად გავიგო ის გაჭირვება რაც ჩვენს ჩაგრულ ხალხს აქვს ისედაც ამ გაჭირვებულ დროში. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით. გუგუა შენ გაიხარე და გამრავლდი ასეთი გულანთებული ქართველობისთვის.
38.2. გუგუა, ჭეშმარიტო ქართველო გაგაძლიეროს ღმერთმა და ხელი მოგიმართოს ამ უდიდეს მამულიშვილურ საქმეში. შენი საიტის ხშირი სტუმარი ვარ და ვერასოდეს ცრემლის და ტკივილის გარეშე ვერ ვკითხულობ ჩვენი ნატანჯი ფერეიდნელი ქართველების წერილებს. იქნებ შენი საიტის საშუალებით, დიდი სიყვარული გადასცე ჩემი სახით (ერთი, რიგითი ქართველის) საქართველოს სისხლ-ხორცებს და ბედკრული საქართველოს ძირძველ ქართველებს. გუგუა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მადლობას მოგიხდი ჩემო კარგო ამ ტკბილ-მწარე ცრემლებისათვის, რის გარეშეც ერთი აბზაცის წაკითხვაც კი არ შემიძლია. ღმერთი შენსკენ და ყველა ჭეშმარიტი ქართველისაკენ, ვისთვისაც აუწონავი სიმდიდრეა ჩვენი პატარა, მაგრამ ულამაზესი და უტკბილესი საქართველო. გაიხარე გენაცვალე შენს ლამაზ ოჯახთან ერთად. მედეა პავლიაშვილი. აშშ. მყავს 2 შვილი და 1 შვილიშვილი და ალბათ უკვე ახლო მომავალში დავბრუნდები ჩემს სამშობლოში.
39. გამარჯვება გუგუა! ფერეიდნელი ქართველი პირველად თელავში გავიცანი 1972 წელს. სტუდენტური გასვლით ვიყავით თბილისიდან თელავში. ფერეიდანელ ქართველებზე ყოველთვის ვფლობდი ინფორმაციას, თუმცა მწირს. გასულ ღამეს "დესპანზე" დადებულ ლინკს შევყევი "საიტში". დილის 5 საათამდე ვკითხულობდი... გასული ღამის ჩემს ყოფას დაჭრილი სულის ბღავილს დავარქმევდი. ვიწამოთ ქართველნო! ჩვენ ერთმანეთი გვყავს! საქართველო გაბრწყინდება!
40. კარგა ხანია თვალს გადევნებთ Church.ge მართლმადიდებლური ფორუმიდან. ასევე ხშირად ვსტუმრობ თქვენს ვებ-გვერდს. სიმართლე გითხრათ, რამდენჯერაც კი შემოვედი საიტში, იმდენჯერ გული ამომიჯდა. საქართველოს ისტორია თვალნათლივ დამიხატეთ ირანის მეშვეობით. თვალწინ გამიცოცხლეთ ძველი საქართველო. მადლობა მინდა მოგახსენოთ ამისათვის. მე არა მგონია იყოს ქართველი, ვინც უცრემლოდ და გულგრილად წაიკითხავს ჩვენი თანამემამულეების ნაოცნებარს, მოწიწებას და დიდ სიყვარულს ქართული ჯიშისადმი და მიწისადმი. ვენაცვალე მათ ყველას. რომ შემეძლოს ყველას სათითაოდ ჩავიკრავდი გულში. მათი სახით ძველი საქართველო ცოცხლობს. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და გეფერებით ძალიან ბევრს, როგორც ქართველი ქართველს. მაპატიეთ ეს ჩემი მოწიწებული წერილი, ვეღარ დავმალე ტკივილი და სიხარული, ამიტომ მოგწერეთ. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით, ფატი გავაშელი. აშშ. ნიუ-იორკი.
41.1. ალბათ, რამდენჯერ უტირიათ საქართველოდან აყრილ ქართველებს ფერეიდანში?! ალბათ, რამდენჯერ გამოპარულან ირანიდან, გამოუვლიათ ჰორიზონტზე ცის გუმბათად ქცეულ, შვიდფერა ცისარტყელაში და შემოსულან მათთვის მირაჟად ქცეულ სამშობლოში, საქართველოში – "სიზმრად". ალბათ რამდენს თვალის ჩინიც კი წარსთმევიათ საზღაპროდ ქცეულ საქართველოსკენ ყურებით! 400 წელი; – გულის ქვეშ კრძალვით, სიყვარულით შეუნახავთ ძვირფასი განძი – "ხატება საქართველოსი". თქვენ, "400 წლის" ფერეიდნელო ქართველებო! – კმარა "ინქ" ყოფნა! – "ანქ" გელით! ეს არის, თქვენი სულიერი ტკივილით ტკივილმიყენებული, აქაური ქართველების სულის ამოძახილი!
41.2. მოგესალმები გუგუავ, გამარვებით! წუხელის გვიან, კიდევ ერთხელ გადავიკითხე საიტის ორივე ნაწილი, არაფერი გამომრჩეს მეთქი და შთაბეჭდილებებშიც შევყევი "ცრემლთა მდინარეს". მდინარეს ვამბობ და, გამჩენს ვფიცავარ არ ვცრუობ. განა კი, რა უნდა ერქვას, ორთავ თვალიდან წამოსულ ცრემლთა ნაკადულს, ნიკაპთან რომ ჰპოვებს შესართავს და მდინარესავით მიედინება, შენს მიერ თავმოყრილი წერილების სტროფიდან სტროფზე. ყოველ მათგანში, ულამაზესი საქართველოს, ულამაზესი ქართველების, ტკივილნარევ, თითქოს ლამაზ "ლეგენდად" ქცეულ ისტორიას რომ აღმოაჩენ. მადლობის მეტი რა გვეთქმის, ჩემო გუგუავ (გიორგი)! ნაზიბროლა წითელაშვილი. აშშ. ნიუ-იორკი.
42. რამდენჯერ შევდივარ ფერეიდანის საიტზე, იმდენჯერ გულდამძიმებული და ყელის ტკივილით გამოვდივარ (ყელში მაწვება ტკივილი და გულივით მიფეთქავს)... მეტის დაწერა მინდა, მაგრამ აღელვებისაგან სიტყვები მიწყდება... არ ვიცი, რა ჰქვია ამას... ბატონო გუგუა!!! ღმერთმა ყველა ჩვენს ფერეიდნელ ქართველს მისცეს თავის სამშობლოს ჩახუტების ბედნიერება, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ბევრ რამეში ვერ გეხმარებათ. რა სულგრძელი და ჩვენი სამშობლოს მოყვარული ხალხი ხართ, 400 წელი მოგაქვთ ენა დაუკარგავად... გაიხარეთ... ძლიერი რწმენის და რჯულის ხალხი ხართ! რატომღაც ვფიქრობ რომ თქვენ ჩვენზე მეტი ქართველები ხართ!!! ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთს ებარებოდეთ (მომწონს ეს გამოთქმა)!
43. გუგუა, ღმერთმა გაგიმარჯოს ჩემო კეთილო და გულიანო ქართველო! წავიკითხე და სურათებიც დავათვალიერე ფერეიდნელი ქართველების შესახებ... და მართლა ყელი ამტკივდა, ამტკივდა ემოციებისგან. გული ყელში მაქვს მოწოლილი, მაგრამ არ ფეთქავს. თითქოს გაჩერდა. ცრემლები კი თავისით მოდის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფერეიდნელ ქართველებს, ქართველობისათვის და თანაც ასეთი სამაგალითო ქართველობისათვის. შეინარჩუნეს ენა... სული... სიყვარული ქართული... მადლობა და დიდება თქვენ – დიდებულო ქართველებო. წარმოგიდგენიათ 400 წლის განმავლობაში ფერეიდანში ქართველი არ დაღუპულა ქართველის ხელით. მინდა ვიყვირო მთელი ქართველობის და საქართველოს გასაგონად – გესმით?! – გაიგეთ?! გაოცებული ვარ, აღფრთოვანებული და საერთოდაც სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი თქვენდამი გაჩენილი გრძნობების გადმოსაცემად. გუგუა-გიორგი, დიდი მადლობა ჩემო კარგო ქართველო. ღმერთი იყოს შენი მფარველი.
44. მიყვარხართ, პატივს გცემთ ფერეიდნელო ქართველებო. დიდება თქვენს ადამიანობას, სულიერებას, ერთმანეთის გატანას, სიყვარულს ყველაფერი ქართულისადმი. ნამდვილად ალალად გულით ვამბობ: ქედს ვიხრი და მუხლს ვიყრი თქვენი იმ გრძნობის წინაშე, რასაც სიყვარული ქვია საქართველოსადმი და ყველაფერი ქართულისადმი, ერთურთის სიყვარული. გაგიმარჯოთ ფერეიდნელო ქართველებო, იდღეგრძელეთ, გამრავლდით და გაიხარეთ. გუგუა! ჭეშმარიტო ქართველო! მადლობა შენი თავდადებული, უანგარო შრომისათვის, ჩვენს შორის გადებული ხიდისათვის. გაიხარე, იბედნიერე, გამრავლდი!
45.1. გამარჯობათ გიორგი! საინტერესო და გულზე მალამოსავით დასადები საიტი გაქვთ! თქვენმა წერილებმა და ფერეიდნელებმა ჩემი ცნობიერება შეცვალა! ჩემი თავი მაპოვნინა! დიდი სურვილი გამიჩნდა ფერეიდანში წასვლისა და იქაური ქართველების გაცნობისა, თუმცა ჩემს ქმარს ირანის გაგონებაც არ უნდა... ვერც გაამტყუნებ, თავის ქვეყანაში ცხოვრობს და მისთვის ეს გრძნობა ცოტა გაუგებარია...
თქვენი საიტის ნახვის შემდეგ წავიკითხე სხვადასხვა ოფიციალური რჩევები ირანში წამსვლელთათვის; ისინი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე თქვენი. მოკლედ: მოსახლეობასთან კონტაქტში არ შეხვიდეთო; ხალხს, პოლიციელებს, მუზეუმებს და სამხედრო შენობებს სურათები არ გადაუღოთო; მარტო არ წახვიდეთ ტურისტადო და ასე შემდეგ. მართალია ეს ყველაფერი? ამის წაკითხვის შემდეგ მარტოდ წასვლის სურვილი დამეკარგა... მაგრამ თუ ქართველების ჯგუფი წავა, მეც სიამოვნებით გავყვები. თქვენ რომ მწერდით: „წისქვილში ვინც მიდიოდა ფქვავდაო, ვინც არა – ჯერსა კითხულობდაო“ ეს ანდაზა პირველად გავიგონე, ძალიან მომეწონა და ბევრიც ვიცინე. სუფთა ქართული ანდაზაა. მე კი აქაურმა ცხოვრებამ ძალიან მერკანტილური გამხადა. თუ წინასწარ არ დავგეგმე ყველაფერი (ტრაექტორია, ბიუჯეტი, მოგზაურობის ყველა დეტალი, მაგალითად: რომელ საათებში გადის ავტობუსი თეირანიდან ისპაჰანში; რა ღირს, რამდენი ხანი უნდა მგზავრობას, სასტუმროების სია თეირანში, ისპაჰანში. სად დგანან ფერეიდანისკენ მიმავალი ტაქსები და სასტუმროები ფერეიდანში, ყველას ხომ არ გვყავს ნაცნობი, რომ მათთან გავათენოთ?) ისე არსად წავალ. არადა, მოუმზადებლად წასვლას ბევრად უფრო მეტი ხიბლი აქვს.
უკვე 10 წელია საქართველოში აღარ ვცხოვრობ და ხომ ხედავთ, ხასიათს ვინ ჩივის, გვარიც აღარ მაქვს ქართული... გადაჯიშებაა, აბა რაა... ფერეიდნელებისაგან განსხვავებით მე ჩემი სურვილით წამოვედი საქართველოდან, როგორც ბევრი სხვა ქართველი. ყველა ისე თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცით, თითქოს ქართული მიწა ფეხისგულებს გვწვავდა... ვერ ავიტანეთ დისკომფორტი... გულში ყოველთვის მოღალატედ ვთვლიდი ჩემს თავს და ყველა იმ ქართველს, ვინც უცხოეთში ვცხოვრობთ და შორიდან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ყველამ ვიპოვეთ პიროვნული გამოსავალი, თავი გადავირჩინეთ, გავიქეცით... ჩვენ ვერ მივხვდით, რომ ყველამ ერთად მანდ უნდა ავაშენოთ „კარგი ქვეყანა – საქართველო“. ვერავის ვერ გავკიცხავ, ყველა ადამიანი თავისუფალია და ყველას აქვს არჩევანის უფლება, სადაც უნდა იქ იცხოვროს... ჩემს თავს კი მაინც დამნაშავედ ვთვლი...
მიუხედავად იმისა, რომ აქ დავქორწინდი და ძალიან მოსიყვარულე ოჯახი მაქვს, ყოველთვის მახსენდება ის პერიოდი, როცა აქ წამოსასვლელად საბუთების შეგროვება დავიწყე. ეს ის პერიოდია, ხალხი მთელ დღეებს საელჩოების წინ რიგში რომ ატარებდა, იქნებ ვიზა მიიღონ და გაიქცნენ... გული მიტიროდა... იყო დრო, ქართველებს სტამბოლის ბაზარზე ყიდდნენ, ახლა ჩვენი ფეხით გავრბოდით ამ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან. განა ვიცით ჩვენ, წამსვლელებმა, რომ სანამ ჩვენი თვითმფრინავი აფრინდება თბილისის აეროპორტიდან, მშობლები და ახლობლები აეროპორტის მოსაცდელში დგანან, მდუმარედ უყურებენ თვითმფრინავს, იცრემლებიან და პირჯვარს იწერენ? განა ვიცით ჩვენ, წამსვლელებმა, მხიარულად რომ ვჯდებით თვითმფრინავში და შვებით ამოვისუნთქებთ „გვეშველა!“ ჩვენს თვითმფრინავს ჩვენი ახლობლების თვალცრემლიანი, სიყვარულიანი მზერა მოსდევს, სანამ ჩვენი თვითმფრინავი ღრუბლებში გაუჩინარდება? ჩვენ უკან ვტოვებთ ჩვენს სისხლსა და ხორცს... სიყვარულით სავსე გულებს... წლების მერე მხიარულები უკან ვბრუნდებით, იგივე აეროპორტში გვხვდება იგივე ხალხი, ჩვენზე დარდში და მოლოდინში (+ მანდაური მდგომარეობით ნანერვიანები) გაჭაღარავებულები და დაბერებულები... ჩვენ უკვე პრაქტიკულები, მიზანდასახულები და კრიტიკულები ვართ... სერიოზული სახით ვაკრიტიკებთ ქართულ მენტალიტეტს და ქართულ ტრადიციებს...
ამიტომაც მინდა ფერეიდნელი ქართველების გაცნობა! მათ ხომ 4 საუკუნეს გაუძლეს და არ გადაჯიშდნენ? რა შერჩათ მათ ქართული, გარდა ენისა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ ხასიათსა და ტრადიციებში (მე არ ვგულისხმობ სუფრის ტრადიციებს, ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია)? რა შეიძლება ვისწავლოთ შაჰ-აბასის ექსპერიმენტიდან?
ჩემო გიორგი, ერთი თხოვნით მინდა დავამთავრო ჩემი წერილი: იქნებ გააკეთოთ ქვეთავი და დადოთ საიტზე პრაქტიკული რჩევები ირანში/ფერეიდანში ტურისტად წამსვლელთათვის? თუნდაც მოკლედ... გმადლობთ! გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში. მომწერეთ ხოლმე... ძალიან გამიხარდება. პატივისცემით, ნანა.
45.2. გავმარჯოს ჩემს გიორგის! როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველანი. როგორ არიან ოჯახი და ჩვენი მეგობრები და ნაცნობი ხალხი? ის წერილი წავიკითხე და ჩემზეც ძალიან იმოქმედა. დაგვაკავშირე ის ქალბატონი და იქნებ როგორმე დავეხმაროთ, თუმცა როგორც შენ იცი და თვითონ ბრძანა აქ სხვა სიტოვაციაა, მაგრამ რაღაცას ვიზამთ რათა ავუსრულოთ იმ ქალბატონის ოცნება. ჩვენც ხომ ოდესმე ძალიან ვოცნებობდით საქართველოში წასვლაზე და შეგვისრულდა.
45.3. როგორ ბრძანდებით ძმაო გიორგი! თქვენთან ოჯახში როგორ არიან, იმედია როგორც ყოველთვის ყველაფერი კარგად არის! სალამი ირაკლისაც და ყველას. ნანას წერილი სამჯერ წავიკითხე და ძალიან დამწყდა გული, ეტყობა ამ განშორებაში მოენატრა თავისი სამშობლოში ცხოვრება და დროს გატარება, მე პირადად ძალიან კარგად და გულის სიღრმიდან ვიგრძენი ნანას ემოცია, ძალიან სამწუხაროა კაცს თითონ რომ ისეთი ლამაზი, კეთილი, ტკბილი და თბილი სამშობლოს ყოფნაში იძულებულია საზღვარგარეთ იცხოვროს, თითოეული უცხოეთში მცხოვრებ ქართველისათვის ძალიან ვწუხვარ, ნეტა მალე მიეცემოს ის საშუალება ყველას და რომ მალე დაბრუნებულიყოს თავის დედასთან. კაი აზრი შემოუთვლიათ ნანას თქვენთვის, ის რომ თუ შეკრებას გაკეთებთ საიტში ვისაც სურს ფერეიდანში მოგზაურობა! ფერეიდანში კიდე ვართ დიდი სიამოვნებით ასეთ პროგრამებში თუ რამე შეგვეძლოს ძმაო გიორგი.
გიორგი, ძალიან დავინტერესდი, ნანას წერილი რომ წავიკითხე ისედაც ნანა ვიგრძენი, როგორც ფერეიდნელი ქართველი, ისეთი ემოციები მოსდევდა მის წერილს და ამიტომაც სურვილი გამიჩნდა მასთან კავშირი და თუ დამაკავშირებ ნანასთან, მაინტერესებს ურთიერთობა. ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო და საქართველო!
46. ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, ამერიკის ქართულ დიასპორაში სასიამოვნო სიახლეა. ქართველთა გაერთიანების და ქართული ენის, კულტურის, თვითმყოფადობის, მამა-პაპათა ტრადიციების გადარჩენის მიზნით, ნიუ-იორკში ქართული სახლი „გრაალი“ გაიხსნა. მისი ერთადერთი მიზანია, ქართველთა ერთიანობა და ამის საფუძველზე ჩვენი ეროვნული საგანძურის, ენის, მამულისა და სარწმუნოების დაცვა.
ამ მიზნის მიღწევა, ალბათ, შეუძლებელი იქნება მსოფლიოს ქართულ დიასპორებთან, მასმედიასთან, ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთკავშირის გარეშე. კორპორაცია „გრაალი“-ს მესვეურთ, თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერისა და გულისხმიერების დიდი იმედი გვაქვს. ველით თქვენს გამოხმაურებას.
სიახლე აშშ-ს ქართულ დიასპორაში. ნიუ-იორკში ქართული სახლი „გრაალი“ გაიხსნა.
საქართველოს ისტორიული ჩარხის ტრიალმა მე-20 საუკუნის დასასრულისათვის მსოფლიოში, კერძოდ აშშ-ში ახალი ქართული ემიგრაციული ტალღის აზვირთება გამოიწვია.
ჩვენი ემიგრაცია აშშ-ში სულ რამოდენიმე წელს ითვლის, მაგრამ ამ მოკლე დრომ ხელი ვერ შეუშალა იმ ფაქტს, რომ დღეს აქ დაბადებულ ახალ თაობას მშობლიურ ენაზე მეტყველება უჭირს, არ იცნობს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. უფროსი თაობაც თანდათან სცილდება მშობლიურ ფესვებს, თუმცა ვერც აქაურ საზოგადოებაში ახერხებს სრულყოფილ თვითრეალიზებას.
სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ქართული სახლის, საინფორმაციო ცენტრის, ქართული საბავშვო თეატრის, ქართველთა თავშეყრის ადგილის არსებობის აუცილებლობა.
ნიუ-იორკში ახლად დაარსებული ქართული სახლის – კორპორაციის „გრაალი“ მიზანიც სწორედ დაქსაქსული ქართული საზოგადოების გაერთიანების და გაძლიერებისათვის ხელის შეწყობაა. ამასთანავე, იმ გზების მოძიება, რაც მათ საკუთარ სამშობლოსთან დაახლოვებაში შეუწყობს ხელს და საშუალებას მისცემს, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ამერიკულ საზოგადოებაში.
ამ მიზნის მისაღწევად ახლად დაარსებულმა ქართულმა სახლმა მუშაობა უკვე დაიწყო შემდეგი მიმართულებებით: • ქართული საკვირაო სკოლა და ძირითადი სკოლის შემდგომი პროგრამა; • ქართული საბავშვო და მოზარდმაყურებელთა თეატრი; • ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი; • კლასიკური მუსიკის სტუდია (ფორტეპიანო, ვიოლინო, სადაც მეცადინეობა მიმდინარეობს ქართულ ენაზე; • ჭადრაკის წრე; • ქართული მედია ცენტრი; • სოციალური და იურიდიული მომსახურების ცენტრი; • ქართული ბიბლიოთეკა და ვიდეოთეკა; • ქართველ მოზარდთა შეხვედრის ცენტრი.
ნიუ-იორკის ქართული ემიგრაციისთვის კორპორაციის „გრაალი“ დამფუძნებელთა სახეები უცხო არ არის. ისინი წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს და საკუთარ სიტყვას ამბობდნენ პირველი ქართული საკვირაო სკოლის (ირმა გვაზავა, მაია საბანაძე), ქართული მედიის (ქეთი ბერიანიძე), ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრის (ხათუნა იოსელიანი) დაფუძნებისა და განვითარების საქმეში.
ქართული სახლის – კორპორაციის „გრაალი“ კარი ღიაა ყველა ქართველისათვის. დარწმუნებულნი ვართ, მჭიდრო ურთიერთკავშირით და ნაყოფიერი თანამშრომლობით, უფრო მეტი ეროვნული საქმის გაკეთებას შევძლებთ. ძალა ხომ სწორედ ერთობაშია!
GRAALI Inc. Georgian Community Center in USA 714 Ave. U. Brooklyn, NY 11223 Ph. 1 (718)-375-2030. E-mail: graali@ymail.com
გთხოვთ „გრაალი“-ს ელექტრონული ფოსტის მისამართი დაამატოთ თქვენს საკონტაქტო სიაში. პატივისცემით, ქეთი ბერიანიძე. აშშ. ნიუ-იორკი.
47. ბატონო გიორგი, ახლა რომ ცისანა ზურგაშვილის, გიორგი ელჩიბეგაშვილის, მედეა პავლიაშვილის, ელზა ძაველურის, ნანა ფიცხელაურის, მედეა სიხარულიძის, ნაზიბროლა წითელაშვილის და მაიკო დარჩიას წერილები წავიკითხე ნამდვილად ბევრად ცრემლები მოვიდა!!!!!!! ეს ცრემლები ჩვენი წინაპრების წყაროა, სურნელია ჩემთვის. გიორგი, ჩემო ძმავ შენი ქართველი სურნელია! გიორგის, მედეას, ელზას, ნანას, მედეას, ნაზიბროლას და მაიკოს ქართველი სურნელია. ჩემო დაიკო მერი რაზმაძეს სურნელია, რომ თქვენსსავით მეგობრებს გავიცანი. ჩემს მასწავლებელს სურნელია, რომ ქართულ ენას მასწავლა. სტამბოლში, საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის სურნელია, რომ ქართულად კურსები გააკეთა და მეც ვისწავლე. ყველას გისურვებთ ჯანმთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს! ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი! ყველანი და ყველა ქართველები ძაან მიყვარხართ. გაუმარჯოს საქართველოს!!!!!!!! პატივისცემით, ორჰან ბერიძე. თურქეთის ქართველი. 04.06.2009.
48. გიორგის გაუმარჯოს! ამ საიტს ძალიან ხშირად ვკითხულობ. მაგრად ვთანაუგრძნობ ფერეიდნელ ქართველებს და ვუსურვებ გამაგრებას და ჯანმრთელობას ყველას უკლებლივ, არ დაეკარგოთ ქართული სული, ენა და აი ის შარმი, რაც ქართველებს გვაქვს და რითაც ვამაყობთ, რასაც ქართული ადათ-წესები და მენტალიტეტი ჰქვია, ხოლო შენ, ჩემო ძმაო, გისურვებ ჯანმრთელობას, გახარებას შენს საყვარელ ოჯახში, გამრავლებას და გაძლიერებას. ღმერთმა გაგიმარჯოს კეთილო ადამიანო, რომ ასეთ საშვილიშვილო საქმეს აკეთებ! ძალიან გაფასებ და პატივს გცემ! მანანა ტონია. მოსკოვი. ჩვენ ვართ გურჯები, სამშობლოს ბურჯები!
49. დიდი პატივისცემით პირადად თქვენ, ჩემო გიორგი და იმ ნაღდ, ძირძველ ქართველებს, რომლებმაც ასე გმირულად და ხელზე გოგმანით შემოინახეს ქართული სული და მშობლიური ენა. "არვინ გაბედოს აუგი ამ ულამაზეს გენზე, ღვთისმშობლის წილი ქვეყანა არვის დაადგეს ყელზე“.
50. ჩემო გიორგი! აღფრთოვანებული ვარ შენი საიტით და ეს მინდოდა მესიჯით დამედასტურებინა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს! წმინდა გიორგი გვფარავდეს ყველა ქართველს! საუკეთესო სურვილებით, თემურ ფირაშვილი. ინგლისი.
51. გიორგი, შენ გაიხარე მადლიანო ადამიანო. ვკითხულობ, ვკითხულობ შენს საიტს და სადღაც შორეულ, ოთხასი წლის წინანდელ დროში დავბორიალობ ჩემი ფიქრებით. დაწვრილებით ვკითხულობ ფერეიდნელების ამბებს, თავგადასავლებს და ლამისაა გული ამომივარდეს განცდებისაგან. რომ შემეძლოს ახლოს მისვლა მათთან, ალბათ სათითაოდ ჩავიხუტებდი. ამდენი ტანჯვა-წამება გამოვლილებს როგორა აქვთ შენარჩუნებული ენა, სითბო და თავისი ფესვების სიყვარული. ღმერთსა ვთხოვ საქართველომ ახლა მაინც, დროულად აუსრულოს საწადელი ამ დამსახურებულ, ქართული სულით და ქართული გულით ანთებულ ხალხს და დახმარება აღმოუჩინოს. სტუმართმოყვარე ხალხი ვართო გავიძახით და პირველ რიგში, საკუთარი ჯიშისა და ჯილაგისთვის ვერ მიგვიხედნია.
თხოვნა მექნება შენთან და ვიცი არ დამზარდები, არც დაგავიწყდება, როცა კი საშუალება მოგეცემა მათთან შეხვედრისა პირადად ჩემგან, როგორც ერთი რიგითი ქართველისგან, დიდი მოკითხვა, თანადგომა და სიყვარული გადაეცი და იცოდნენ რომ მარტო არ არიან, მათ უამრავი ქართველი და-ძმები ყავთ საქართველოში, რომელთაც მათი ბედ-იღბალი აწუხებთ და მათზე ფიქრობენ. ღვთის წყალობით ალბათ დადგება ის სანატრელი დროც, როცა მიმოფანტული ქართველები თავიანთ საოცნებო ბუდეებს დაუბრუნდებიან. გიორგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო კეთილო ადამიანო ასეთი უდიდესი საქმის კეთებისათვის. გაიხარე და გამრავლდი შენს მონაგართან ერთად. ღმერთი იყოს შენი შემწე ამ მამულიშვილურ საქმეში. მედეა პავლიაშვილი. ამერიკის შეერთებული შტატები. 2009 წლის 7 სექტემბერი.
52. ბატონო გიორგი! უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი პატივისცემა და მოწიწება გამოვხატო თქვენს წინაშე ამდენი შრომის გაწევისათვის, რაც თქვენ გააკეთეთ ქართველი ერისა და ჩვენი ფერეიდნელი ძმებისათვის. ეს მასალები, რასაც ჩვენ, ქართველი ემიგრანტები ვეცნობით, დიდ ძალას და სტიმულს გვაძლევს, რომ არ დავაკარგინოთ ჩვენს შვილებს ქართული და ნაადრევად არ გავევროპელდეთ. ოხ, როგორ მინდა ფერეიდანში წასვლა! ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ მოვხვდე რამენაირად, მართლა არ მომდომებია სადმე ასე გასვლა... 7 წელია სტოკჰოლმში ვარ და თუ მივდივარ სადმე – ეს საქართველოა! სხვაგან არსად გასვლის სურვილი არ გამჩენია. მაღალ ღმერთს ვფიცავ, ფერეიდანში წასვლა წყალივით მწყურია! დიდი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ! პატივისცემით, ზურაბ გონაშვილი. შვედეთი. სტოკჰოლმი.
53. ბატონო გიორგი, არ ვიცი როგორ მოგმართოთ: გიორგი თუ გუგუა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს... დიდი ინტერესით ვეცნობი თქვენს საიტს ფერეიდანის შესახებ. დღისით დრო არ მაქვს წასაკითხად და ძირითადად ღამით ვკითხულობ... პირველ საღამოს სარჩევის 22 ქვეთავამდე მივედი, სკაიპიც დამავიწყდა და ოდნოებიც... თითოეული ქვეთავის წაკითხვის დროს სისხლი მეყინება ძარღვებში, სუნთქვა მეკვრის და თვალები ცრემლით მევსება... წუხელისაც მთელი ღამე თქვენს საიტს ვკითხულობდი... განსაკუთრებით ჩემზე 39-ე ქვეთავმა იმოქმედა – ზაქარია ჭიჭინაძე – ქართველები სპარსეთში – «შავი დრო». ალბათ უკვე სამჯერ მაინც გადავიკითხე, მეტჯერ თუ არა... მარო მაყაშვილის დღიურის წაკითხვისას კი ვიტირე (ქვეთავი 7 – ზურაბ კაპანაძე წარმოგვიდგენს...). ალბათ ვერც გადმოგცემთ იმ გრძნობას, რაც მე განვიცადე...
კეთილო ადამიანო! მთელი სულით და გულით დაველოდები ახალ წერილებს ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე. როგორც ვხედავ, თქვენ ფერეიდნელების იმედი ხართ! ძალიან მიხარია და სასიამოვნოა, რომ საქართველოში კიდევ არსებობენ თქვენნაირი კეთილი გულის ადამიანები. მიხარია, რომ გაგიცანით. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს მიერ წამოწყებულ საქმეში. ერთსაც დავამატებ: ბედნიერია თქვენი მშობლები და ოჯახი, ასეთი კარგი შვილი, მეუღლე და მამა რომ ყავთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ყველგან და ყოველთვის! დიანა. ისრაელი.
54. მიხარია, რომ თქვენი საიტი ვიპოვე და გაგიცანით, თუნდაც ვირტუალურად. 13 წელია მოსკოვში ვცხოვრობ და უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს განათლებულ და ნამდვილ ქართველ ადამიანებთან ურთიერთობა. მენატრება საქართველო და ქართველები... ჩემი ყველა ფესვი საქართველოშია და თითოეული მტკივა... მეზიდება თავისკენ... ცხოვრება ძალიან რთული რამე ყოფილა... მაგრამ ქმარ-შვილი მყავს აქ და ისინი მაძლებინებენ... მინდა გითხრათ, რომ ხშირად ვარ ხოლმე თქვენს საიტში და ვისრუტავ ყოველივეს... ძალიან ბევრი საინტერესო რამაა... გაიხარეთ, უფალმა მოგცეთ ძალა და წარმატებებს გისურვებთ ყველა საქმეში... ყოველი სიკეთე თქვენსკენ. ლიკა ფიფია. რუსეთი. მოსკოვი.
55. ვკითხულობ თქვენს საიტს და ვტირი! რამდენი აქვს გადატანილი ჩვენს ერს... ქართველობის შეგრძნება უფრო გამიმძაფრდა! რაც წამოსული ვარ, უფრო მეტად ვიცავ წესებს და უფრო მეტად მიყვარს ჩემი საქართველო. ნათია მაისურაძე. საბერძნეთი. ღმერთს ებარებოდეთ!
56. მოგესალმებით ბატონო გიორგი! მიხა ხელაშვილზე მასალის გასაცნობად შევედი თქვენს საიტზე და სულ სხვა სამყარო დამხვდა იქ, ნამდვილი ქართული, აქამდე როგორ არ ვიცოდი ეს საიტი-თქო, ვერ ვპატიობ ჩემს თავს. წავიკითხე თქვენი ფერეიდანში მოგზაურობის ისტორია, სხვაც ბევრი რამ და მინდა ჩემი გულწრფელი სიყვარული გამოვხატო თქვენს მიმართ და ყველა იმ ფერეიდნელის მიმართაც. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! მიყვარს კარგი ქართველები და რა ვქნა! სამწუხაროდ, ამერიკაში მიწევს ცხოვრება ამ ეტაპზე, არ ვარ საქართველოში, თუმცა არც ერთი წამი არ მიცხოვრია საქართველოს გარეშე! მაკა გუგუჩია. უძველესი კოლხეთიდან!
57. გამარჯობათ ბატონო გიორგი! ძალიან საინტერესო ვებ-გვერდი გაქვთ და მინდა ამ გზით წარმატებები გისურვოთ. მოხარული ვარ თქვენისთანა ადამიანები რომ არსებობენ. ღმერთმა მოგცეთ ძალა, ენერგია და ენთუზიაზმი, რომელიც ასეთ საქმიანობას დიდად სჭირდება. კეთილი სურვილებით, დიდარი მიქელაძე. შვეიცარია.
58. მოგესალმებით ბატონო გიორგი! უკვე დიდი ხანია დაუსწრებლად გიცნობთ. დიდ და საჭირო საქმეს ადგიხართ. მადლობას გიხდით, რამეთუ თქვენგან გავიგეთ რომ ფერეიდანში ცოცხლობს ნამდვილი ქართული სული! პატივისცემით, მამუკა–ირაკლი ჯორჯაძე. ა.შ.შ.
|
|
|
|