პატარ-პატარა ამბები ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე


1. "ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი"

      ფერეიდანში ჩემი მეორე მოგზაურობის დროს ციხემთის მისადგომებთან ერთ ამაზრზენ სურათს გადავაწყდი, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა... გზაზე მგლების თუ მელიების მიერ ნაჯიჯგნი ძაღლი ეგდო...

gzashi
      გამახსენდა, რომ 4 საუკუნის წინათ ბევრი ჩვენი წინაპარიც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო... საქართველოდან სპარსეთისაკენ მიმავალი გზა ქართველების სისხლით და ხორცით იყო განაპოხიერებული... გზისპირები კი მათი ძვლებით იყო მოფენილი...
      ”ფერეიდანის მისადგომებთან სიჩუმე ჩამოვარდა... ალბათ ყველანი იმ ავბედით დროზე ვფიქრობდით, როცა 400 წლის წინათ ლტოლვილ ქართველებს ნახირივით აქეთ ერეკებოდნენ... თითქოს ნათლად ვხედავდი მათ ტანჯვისაგან სახეშეშლილ და ჩონჩხად ქცეულ სხეულებს... ცრემლებიც კი აღარ შერჩენოდათ, გზაში გადაცვლილები რომ დაეტირათ, ცოცხალ-მკვდარი და სულთმობრძვავიც ბევრი დარჩენილა გზაში, ძირითადად მოხუცები და ბავშვები, რომლებთაც დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე აღარ შეეძლოთ... შაჰ-აბასს ხომ მათთვის მელიების თუ სხვა გარეული ნადირის საჯიჯგნი განაჩენი გამოეტანა... როგორც ამბობენ, ყოფილა შემთხვევები, როცა მშობელს თავისი საკუთარი შვილიც კი მოუგუდავს, მისთვის ტანჯვა რომ შეემსუბუქებინა... მაგრამ აი, წარმოსახვაში ვხედავ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ერთ ხელში ატატავებული ჩვილი უჭირავს, მეორე ხელი კი უფრო მოზრდილი ბავშვისთვის ჩაუვლია... ფეხზე კი მხრალით შეკრული პატარა ბოღჩა აქვს გამობმული და ისე მიათრევს... ბოღჩაში ჩვილის ტანსაცმელი აქვს შეკრული, ტანსაცმელში კი წმინდა გიორგის პატარა ხატი და ქმრის ჩოხის კალთის სისხლიანი ნაგლეჯი აქვს დამალული, რომელიც მაშინ შერჩა ხელთ, როცა სპარსელებმა გზაში ურჩობისთვის გაროზგილი ერთ ცხვარზე გადაცვალეს...” (ამონარიდი ამავე საიტიდან ”...და ისევ ფერეიდანში”, II ნაწილი).
      ეს ნამდვილად იყო! იყო... მაგრამ როდის ჰქონია ქართველობას დალხენილი ცხოვრება? გახსოვთ ალბათ, საბჭოთა პერიოდში ყაზახეთის თვალუწვდენელ ტრამალებში ყამირი მიწების ათვისების ბუმი იდგა, სადაც ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას. ერთხელაც ხობდის რაიონში, ტრაქტორმა კაცის ჩონჩხი და ბორკილები ამოიტანა... ამ ამბავს ჩვენმა სასიქადულო პოეტმა, იოსებ ნონეშვილმა ლექსი მიუძღვნა, ხოლო ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელმა, ილია ზაქაიძემ კი ქართველ ერს ჩონგურით კიდევ ერთხელ გაახსენა ჩვენი წინაპრების ბედკრული ყოფა:

ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი


                        თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი, წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე,
                        ბელტთა შორის, როცა ყამირს ტეხდი, კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე.
                        – ნუ იწვიმებ! – ვინ უბრძანოს ღრუბელს?! დაგიმძიმდა ცრემლით თვალთა უპე.
                        სად შეწყდება სიცოცხლის გზა გრძელი, სადაურსა სად წაიყვან, ბედო...
                        ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი, ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო.
                        ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი, შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს.
                        ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი, შებორკილი ციმბირს გაამწესეს.
                        იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა, აუჯანყდა ბატონს, ნამუსმოხდილს,
                        და მიტომაც დაურჩინეს ოხრად გუთნეული და ჩალური ქოხი.
                        ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს, შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.
                        ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს გლეხიკაცი გახედავდა ხარბად.
                        გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს, ინატრებდა გამოკვერილ სახნისს
                        და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას, წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით.
                        ვაჰთუ ვეღარ აუვიდა ფიქრებს, თვალწინ ედგა ღარიბ ქოხის ბანი,
                        ხუნდთა ხმაში ჩაესმოდა იქნებ სახნისის ხმა და ღირღიტას ბანი.
                        მაგრამ, ვაგლახ, ნატვრაც ჰგავდა ზღაპარს, ყამირებზე დაღლილივით მიწვა.
                        შებორკილი, შეჯაჭვული პაპა მიიბარა ყაზახეთის მიწამ.
                        ცრემლით არვინ დაუნამა კალთა, ვეღარ გახდა წყვილი სანთლის ღირსიც.
                        ვარსკვლავებმა გაუნათეს თავთან და სუდარად გადეფარა ნისლი.
                        სადაურსა სად წაიყვან ბედო, სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ...
                        საფლავშიაც ბორკილები ედო, მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!
                        დაჰყურებდი ძვლებს და რკინის ნაჭერს, შემდეგ უხმოდ მიაშურე საჭეს...
                        – დასცხე, ბიჭო! – ამ ყამირში ყრია პაპის ძვლები, რამ დაგზაფრა უცებ...
                        – დასცხე, ბიჭო! – მაგ ტრაქტორის გრიალს საქართველოს ველ-მინდორიც უსმენს.
                        მზე იხილეს გათოშილმა ძვლებმა... – დასცხე, ბიჭო! – პაპის ხმაა ალბათ,
                        სახნისის ხმა საფლავშიაც სწვდება, ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად
                        თავისუფლად, ბიჭო, პაპაშენი გუთნეულშიც ვერ უბამდა ხარებს.
                        შენ კი გინდა ეს უსაზღვრო ველიც ააყვავო, როგორც შენი მხარე.
                        დე, ყამირი აღარ დარჩეს არსად, გვერდით შენებრ ვაჟკაცები გყვანან...
                        წინაპართა ოცნებათა მსგავსად კიდით-კიდე შრიალებდეს ყანა.


იოსებ ნონეშვილი. 1954-1955


      ”ამ სიმღერით ქართველ ახალგაზრდობას ერთხელ კიდევ ახსენდებოდა ჩვენი ბედკრული წინაპრების ბატონყმობით და ჭირ-ვარამით განვლილი გზა და ცხოვრება. დღეისათვის კი ყოველ ჩვენთაგანს აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არაერთ შინაურ და გარეშე მოძალებულ მტრის შემოტევას გაუძლო და დღევანდლამდე თვითმყობადობა შენარჩუნებული აქვს.” – ჩემი თანამშრომლის და უფროსი მეგობრის, ბატონ ჯემალ კოტაშვილის სიტყვები.

 
გიორგი ალავერდაშვილი, ჯემალ კოტაშვილი და ქეთი კობახიძე

1. "ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი"
2. ჩემი ”ნათლული” − აღზანფარ გუგუნანი (ვეფხია)
3. ნათია ბოლქვაძე ისპაჰანში
4. ახალი წლის პირველი დღე
5. ირანელმა გურჯმა ქართულ-სპარსული ლექსიკონი შეადგინა
6. დიდი ქართველები პატარა საქართველოდან