პატარ-პატარა ამბები ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე

5. ირანელმა გურჯმა ქართულ-სპარსული ლექსიკონი შეადგინა


ჟურნალი ”გზა” N18; 01.05.2008


 

      ფერეიდანში გავრცელებული გამოთქმაა − ”დედისენის” დამვიწყებელს დამტირებელი არა ჰყავსო. სწორედ ამ სულის კვეთების წყალობაა, რომ შაჰ-აბას I-ის მიერ გარეკილ ქართველთა შთამომავლებმა საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნეს ეს ”დედისენა” და უშრეტი სიყვარული ისტორიული სამშობლოს − ”დიდი გურჯისტანის” მიმართ. ამ უდიდესი სიყვარულის ნაყოფია ერთ-ერთი მათგანის − ნავრუზ (ნუგზარ) ლაჩინანის მიერ შედგენილი ქართულ-სპარსული ლექსიკონი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ისპაჰანში გამოიცა.

* * *

      “წლების წინ, როდესაც პირველად ვესტუმრე საქართველოს, − წერს შესავალში ავტორი, − აშკარად ვიგრძენი ის ნაკლოვანებები, რომელიც საუკუნეობრივი განშორების შედეგად, ირანში მცხოვრებ ქართველთა მშობლიურმა ენამ განიცადა... ჩვენს ენაში, ქართული სიტყვების მარაგი საგრძნობლად შემცირდა და მათი ადგილი ძალაუნებურად უცხო სიტყვებმა დაიკავა, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა. ამიტომაც დავიწყებას მიეცა დამწერლობა, ენა კი მხოლოდ ზეპირი სახით შემორჩა. სწორედ ამის გამო, თავდაპირველად პირადი სარგებლობისათვის დავიწყე პატარა ლექსიკონის შედგენა, მაგრამ დროთა განმავლობაში სამუშაოს მოცულობის ზრდამ და ასევე ჩემი ხალხისა და მშობლიური ენის მიმართ მოვალეობის გრძნობამ დაწყებული საქმის სერიოზული და მეტი მონდომებით გაგრძელებისკენ მიბიძგა”.
      პირველად, ლაჩინანის ეს ნაშრომი თბილისში, მეცენატ მერაბ ბოლქვაძის მხარდაჭერით გამოიცა. 2006 წელს ბატონმა მერაბმა ფერეიდანში იმოგზაურა, გაეცნო იქაურ ”სისხლსა და ხორცს” და მათდამი სიყვარული ამგვარად გამოხატა. თბილისური გამოცემისათვის წინასიტყვაობა ამ სტრიქონების ავტორმა დაწერა.
      ისპაჰანური გამოცემისთვის შემდგენელმა ლექსიკონში შესწორებები შეიტანა. წინასიტყვაობა კი თეირანის უნივერსიტეტის სწავლულმა და კავკასიოლოგმა, დოქტორმა ბაჰრამ ამირაჰმადიანმა დაურთო. ”ირანში დამკვიდრების შემდეგ, ქართველებმა მიიღეს ისლამური რელიგია, შეერწყნენ ირანულ კულტურას და ირანელებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ქართული ენის შენარჩუნება და დღეს, რამდენიმე საუკუნის შემდეგაც კი მათი გარკვეული ნაწილი კვლავ ლაპარაკობს ამ ენაზე... ირანის ქართველთა ენამ სპარსული ენის გავლენით განიცადა ცვლილება, თანამედროვე ქართული ენა კი რუსული ენის გავლენით იყო შეცვლილი. ურთიერთობას ისიც ართულებდა, რომ ირანელმა ქართველებმა არ იცოდნენ ქართული ანბანი და წერა-კითხვა, ამიტომ ირანის ქართველთა ერთმა ნაწილმა ირანის ქართველთა შორის ქართული ანბანის და წერა-კითხვის გავრცელებაზე დაიწყო ფიქრი... ძირითადი სირთულე სალიტერატურო ქართული ენის შესწავლაში, ლექსიკონის არარსებობა იყო... აღსანიშნავია, რომ ბატონი ლაჩინანი წლების მანძილზე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, სადაც დაიწყო ლექსიკონის შედგენაზე მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ენათმეცნიერი, მაინც შეძლო უდიდესი საქმის გაკეთება... მიუხედავად იმისა, რომ არც სპარსული და არც ქართული ენის სპეციალისტია, საუკეთესოდ ფლობს ორივე, ასე ვთქვათ, მშობლიურ ენას. სწორედ ამაში მდგომარეობს ავტორისა და მისი მეუღლის წარმატების საიდუმლოება”.
      ...1918 წელს, ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, მისმა ერთ-ერთმა მესაძირკვლემ, დიდმა ივანე ჯავახიშვილმა, წამყვან დარგებს შორის, სპარსოლოგია წარმოადგინა. ქართველმა ირანოლოგებმა, თავად ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, არაერთი მეცნიერული ნაშრომი შექმნეს, მაგრამ ქართულ-სპარსული და სპარსულ-ქართული ლექსიკონის შედგენა ვერა და ვერ მოხერხდა, მხოლოდ ერთი, ე.წ. ”ჯიბის” ლექსიკონი შეადგინა და გამოსცა პროფესორმა ჯემშიდ გიუნაშვილმა. სიმბოლურია, რომ დიდი ხნის ნაოცნებარი ფერეიდნელმა ქართველმა აქცია რეალობად.
      როგორც ითქვა, ლაჩინანი არ გახლავთ ენის სპეციალისტი. უფრო მეტიც − მას ქართული სკოლის კარი არც შეუღია, ხოლო მისი ერთადერთი მასწავლებელი − მშობელი დედა იყო. ”იმედია, რომ ეს წიგნი გახდება უკეთესი და სრულყოფილი შრომების საფუძველი სამომავლოდ და იქცევა ხიდად, რომელიც უფრო დააახლოებს ორ უდიდეს, ქართულ და ირანულ კულტურასა და ცივილიზაციას, რათა ორივე ენით დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მდიდარი ლიტერატურული რესურსების გამოყენების შესაძლებლობა”, − დასძენს თავის წინასიტყვაობაში ნუგზარ ლაჩინანი.

ნოდარ კოჭლაშვილი


1. "ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი"
2. ჩემი ”ნათლული” − აღზანფარ გუგუნანი (ვეფხია)
3. ნათია ბოლქვაძე ისპაჰანში
4. ახალი წლის პირველი დღე
5. ირანელმა გურჯმა ქართულ-სპარსული ლექსიკონი შეადგინა
6. დიდი ქართველები პატარა საქართველოდან