ორი მშვენიერი საღამო ერთ საღამოს

         2007 წლის 11 ივნისს, უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის (ECMI) კავკასიაში რეგიონალური წარმომადგენლის, ბატონ ტომ ტრიერის მიწვევით საიდ მულიანი თავისი ოჯახით და მე, გიორგი ალავერდაშვილი, ბატონ ტომს ოჯახში ვესტუმრეთ.
         ტომ ტრიერი (დანია), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რეგიონალური წარმომადგენელი კავკასიაში. განათლებით სოციალ-ანტროპოლოგი, ბ-ნ ტრიერი აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ კი კავკასიაში, ეთნო-ნაციონალური ურთიერთობებისა და მიგრაციის საკითხების სპეციალისტია. იგი ECMI-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და დსთ-ს ქვეყნებში პროგრამების დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და ყველა მიმდინარე პროექტების ზედამხედველობას აწარმოებდა, ხოლო მომდევნო წლის განმავლობაში ECMI-ის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2005 წლიდან ტომ ტრიერი საქართველოში მოღვაწეობს და ECMI-ის რეგიონალური წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში.

ბატონი ტომ ტრიერი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სხდომათა დარბაზში ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროს
ბატონი ტომი ალავერდი-ხანის ხიდთან ისპაჰანში
ქალბატონი ქეთევანი შაჰ-აბასის სასახლის ეზოში
         ბატონ ტომთან ოფისში (თბილისი, 0105 საქართველო. ფურცელაძის ქ. #12, ІІІ სართული; ტელ. +995 (32) 935 179; ტელ/ფაქსი: +995 (32) 995 615; ელ.ფ.: trier@ecmigeorgia.org; ინტ.: http://www.ecmigeorgia.org) რამდენჯერმე სტუმრობისას და შემდგომში სატელეფონო საუბრებიდანაც უკვე საკმაოდ დავმეგობრდით და გარკვეული სიმპატიებიც მქონდა მისი პიროვნების მიმართ, მაგრამ როცა თავისი მეუღლე, მშვენიერი ქართველი ქალბატონი ქეთევანი და ქალიშვილი მარიამი წარმოგვიდგინა, ბატონი ტომი ჩემს თვალში ცამდე ამაღლდა, რადგან ჩვენი, ქართველების სიძე აღმოჩნდა! ქალბატონი ქეთევანი ძალიან გულთბილად შეხვდა ქალბატონ ირინას. გაირკვა ისიც, რომ ბატონი ტომი და ქალბატონი ქეთევანი დაახლოებით ერთი თვის წინ ფერეიდანში საიდ მულიანის ოჯახის სტუმრები ყოფილან!

         სასიამოვნო საუბარში ქართულ-სპარსულ-დანიური დელიკატესებით გაწყობილ სუფრაზე გადავინაცვლეთ. ბატონმა ტომმა და ქალბატონმა ქეთევანმა გაიხსენეს მათი ირანში და კერძოდ, ფერეიდანში მოგზაურობის შთაბეჭდილებები. გაიხსენეს, თუ როგორ გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფებმა იმგზავრეს ფერეიდნამდე, ”მაგრამ როცა მაღაზიებზე ქართული წარწერები გამოჩნდა და ეზოებიდან შიგადაშიგ ქართული გადაძახილები გავიგეთ, მაშინვე სიმშვიდე დაგვეუფლაო” – ღიმილით დაამატეს... გავიხსენეთ ჩემი და ბატონი ტომის პირველი შეხვედრაც, როდესაც ბატონი ტომი ინტერნეტით შემეხმიანა და ფერეიდანში გამგზავრებამდე ჩემი იქაური მეგობრების კოორდინატების მიწოდება მთხოვა... წერილი იმდენად სუფთა ქართულით იყო შედგენილი, რომ არც კი მიფიქრია, თუ უცხოელი მწერდა, ამიტომ ჯერ სპორტის სასახლის სალაროებთან შეხვედრა ვთხოვე, ”მისთვის თვალებში რომ ჩამეხედა” და მერე უნდა გადამეწყვიტა, რამდენად იმსახურებდა იგი ამ ინფორმაციის მიწოდებას!!! პასუხის გაგზავნისას ჩემმა ქალიშვილმა სოფიკომ თვალი მოჰკრა უცხო სახელსა და გვარს, რასაც სასწრაფოდ მეორე პასუხიც მიჰყვა...
         პატარა ტარიელი კი ისე გაერთო მარიამის გამოტანილი სათამაშოებით, რომ წამოსვლა აღარც უნდოდა. არც ჩვენ გვინდოდა ამ შეხმატკბილებული ოჯახის დატოვება და არც მასპინძლებს არ უნდოდათ ჩვენი გაშვება, მაგრამ მეორე დღეს საიდის ოჯახი ოფიციალური მიწვევით ბათუმს მიემგზავრებოდა, რის გამოც იძულებულნი ვიყავით, მასპინძლებს დავმშვიდობებოდით.

         ტაქსში რომ ჩავჯექით, მობილური ტელეფონით შემეხმიანა საქართველოს საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებელი ბატონი ივანე ჯაფარიძე, რომელიც თავისი მეგობრის დაბადების დღეზე თამადა ყოფილა და მიბრძანა, ახლა ჩვენი ძვირფასი ფერეიდნელი სტუმრების სადღეგრძელო უნდა შევსვა და სასწრაფოდ ჩვენს სუფრასთან უნდა მოხვიდეთო! მეტი რა გზა იყო... ბრძანებას შესრულება უნდა და ჩვენც ტაქსი ”პლეხანოვისკენ” შემოვაბრუნეთ...




სახელმწიფო უნივერსიტეტში


ორი მშვენიერი საღამო ერთ საღამოს


აჭარა – ბათუმი


დამშვიდობება