დამშვიდობება

         2007 წლის 14 ივნისი – დადგა დამშვიდობების დღეც... საიდ მულიანი თავისი ოჯახით, კახა მულიანი, აღმოსავლეთმცოდნე ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი, ივანე ჯაფარიძე, ეკა ლომიძე, მთვარისა თარხნიშვილი და მე ”ზემელზე” შევხვდით ერთმანეთს, რათა ძვირფასი სტუმრების ირანში დაბრუნებამდე კიდევ ერთხელ ”ერთად გვეჭამა პური!”

სახინკლე ”ძველებურში” წასვლამდე

         ტრადიციულად სახინკლე ”ძველებურს” ვესტუმრეთ. ძველი ქალაქური სიმღერების ფონზე სუფრამაც და საუბარმაც სასიამოვნოდ ჩაიარა. ჩვენი სტუმრები ვერ მალავდნენ ისტორიული სამშობლოს მონახულებით გამოწვეულ აღტაცებას და სიხარულს. ეჭვი არ მეპარება, რომ 40 ქვეყნიდან ჩამოსული 140 ქართველი და მათ შორის განსაკუთრებით კი ფერეიდნელი ქართველები საქართველოსკენ მომავალ გზაზე თვითოეული ისე იყო, როგორც ”მზე, დედასთან მიმავალი!”
         ძალაუნებურად მახსენდება დედა – ქალბატონი მერი, ყოველთვის ჩემი მომლოდინე... როდესაც ზოგჯერ ყოველდღიური პრობლემებით ”დატვირთული” მშობლიურ წნორს და ასანურს ვუახლოვდები, მეხსნება ყოველგვარი სტრესი... ვიცი, რომ სახლში მომღიმარე დედა დამხვდება გაწყობილი სუფრით, ერთ სურა ღვინოს კი ჩემი მისვლის შემდეგ შემოდგამს მაგიდაზე და ჩემს წინ ჩამოჯდება... თვითონ არ ჭამს, მხოლოდ მიყურებს და მისმენს... ერთხელაც, თბილისში წამოსასვლელად გაჩერებაზე მზის ქვეშ დიდხანს მომიწია დგომამ. დედას ვთხოვე, რომ სახლში შესულიყო. მიპასუხა – ”სახლში რა უნდა გავაკეთო, სანამ წახვალ, იქამდე კიდევ უნდა გიყუროო...”
         ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა იყო ჩვენსა და სტუმრებს შორისაც. ერთმანეთი არ გვეთმობოდა... მაგრამ დრო თავისას მოითხოვდა...
         მე და მთვარისა თარხნიშვილმა ჩვენი სტუმრები აეროპორტამდე მივაცილეთ. გაცილებისას კი პატარა ინციდენტს ჰქონდა ადგილი. საქმე იმაშია, რომ საიდის ბარგი თითქმის მთლიანად წიგნებისაგან შედგებოდა, რაც გაცილებით მეტი იყო დასაშვებზე. ნაწილი წიგნებისა, ხელბარგებად გადაინაწილეს, დანარჩენებზე კი ჯარიმის სახით, თანხის დამატება დასჭირდათ...
         ბოლოს მინდა დავურთო წერილი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე საიდ მულიანისაგან:
         "გამარჯობა საყვარლო ძმაო! როგორ ბრძანდები, ხომ კარგად? ოჯახი როგორ არიან? მომიკითხე ყველა! მე შენი ისე მჯერა, რომ თუ დღისით მითხრა, რომ ღამე არიო, უეჭველად დამეჯერება. რაც შენ გჯერა, მეც მჯერა. მინდა გითხრა შენ სხვა არ ხარ და მე სხვა. ჩვენ ერთები ვართ, ორი ტანში ერთი სული ვართ! მე ძალიან მიყვარხარ და გულით და სულით ვაფასებ შენს ფიქრებს და აზრებს და საქმეებს.
         ძალიან მომენატრა ის ხალხი, ვანო, ზურაბი, ნოდარი, ეკა, მთვარისა, კახა და ათასობით ნამდვილი ქართველი. ძალიან მიხარია რომ ბოლო საათებში ისეთი კარგი დრო გავატარეთ ერთად რომ ხინკალი შევჭამეთ. მე განგებ მინდოდა ბოლო დროს ისე ვყოფილიყავით, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ხინკალი და ის თქვენთან ერთად შეჭმა არასოდეს არ დამავიწყდება არასოდეს, თუმცა მე მინდოდა, ჩემი სტუმრები ყოფილიყავით, მაგრამ ისევ შენ შემარცხვინე, არაოშავს, აქ რომ ჩამობრძანდებით, გავაკეთებთ.
         გუშინ კონდრათი იყო ჩემი სტუმარი, ვაჩვენე გაზეთი ”მატადორი”, მოეწონა. ძალიან უყვარხარ, ძალიან. სულ ვიხსენეფ იმ დროებს, რომ ერთად ვიყავით და იმით მაქვს ენერგია, თავს სამოთხეში ვგრძნობდი, სამოთხეში...
         ირანა დიდი სალამს გიგზავნის და ტარიელიც სოოლ ამბობს ის ბიძაო რომ უკუღმო მათამაშებდაო, სად არიო?
         შენი ძმა და ქართული ენის და ერის მონა-მორჩილი გიორგი (საეიდ) მულიანი.
         
         


სახელმწიფო უნივერსიტეტში


ორი მშვენიერი საღამო ერთ საღამოს


აჭარა – ბათუმი


დამშვიდობება