აჭარა – ბათუმი

         2007 წლის 12 ივნისს ჩვენი ფერეიდნელი სტუმრები: საიდ მულიანი თავისი ოჯახით და ქართული კულტურით დაინტერესებული ისპაჰანელი ქალბატონი აფსანეჰ ხათოუნაბადი ბათუმს ეწვივნენ, სადაც მასპინძლობა გაუწიათ აჭარის არასამთავრობო ახალგაზრდული ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ღოღობერიძემ და ტურისტული და უძრავი ქონების კომპანია ”TB Group”-ის დამფუძნებელმა ბადრი ფუტკარაძემ.
         მერაბ ღოღობერიძემ სტუმრები ჯერ საკუთარ ოჯახში მიიწვია. დასვენების შემდეგ კი ბათუმის მე-4 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც მასპინძლობა სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ მათთვის პირველი იყო ფერეიდნელი ქართველების სტუმრობა, მასპინძლებმა ხომ მარტო გადმოცემებით იცოდნენ მათ შესახებ. სტუმრებმა და მასპინძლებმა ბევრი ისაუბრეს ქართული ენის კულტურის თემაზე. ეს შეხვედრა იმდენად ამაღელვებელი აღმოჩნდა თვითოეულისათვის, რომ თვალებში ცრემლები თავისთავად გაჩნდა...
         შემდეგი ვიზიტი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში იყო დაგეგმილი. სტუმრებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს და კერძოდ, აჭარის კულტურული ძეგლების მონახულება. სტუმრებმა მონუმენტების უამრავი ფოტო გადაიღეს.
         შემდეგ კი ფერეიდნელი სტუმრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ ბალაძეს შეხვდნენ. ბატონმა ვლადიმერმა სტუმრები აჭარის კულტურული ღირსშესანიშნაობების კრებულებით დაასაჩუქრა. იყო შეხვედრები უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან.
         ფერეიდნელი სტუმრები აგრეთვე ეწვივნენ ტურისტული და უძრავი ქონების კომპანია ”TB Group”-ს, სადაც კომპანიის დირექტორმა, ქალბატონმა თინათინ გოგიტიძემ უმასპინძლათ. სადილის შემდეგ კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ეწვივნენ, სადაც სახელდახელო კონცერტი გაიმართა. ექსკლუზიურად მოწყობილი ეს საღამო სტუმრებისათვის იმდენად ემოციური იყო, რომ ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მათთვის მეტად საინტერესო იყო ქართული ცეკვის და ფოლკლორის ნახვა. ეს შეხვედრა აისახა ვიდეო კადრებით და გაშუქდა ”ტელეარხი 25”-ის მიერ.
         მეორე დღეს, 13 ივნისს ფერეიდნელმა სტუმრებმა მოინახულეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დაუტოვა მათ. შემდეგ კი აჭარის მწერალთა კავშირს ესტუმრნენ, სადაც მასპინძლობა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ გაუწიათ, რომელმაც სტუმრები გამოჩენილი ქართველი მწერლების წიგნებით დაასაჩუქრა. პოეტმა ქალბატონმა ბელა ქებულიამ საპატიო სტუმრებს თავისი ლექსების კრებული უსახსოვრათ.
         დასვენების შემდეგ ბატონმა საიდ მულიანმა გამოთქვა სურვილი კომპანია ”TB Group”-თან ხელმეორე ვიზიტზე. ვიზიტის მიმდინარეობისას საიდ მულიანის და კომპანიის ხელმძღვანელობის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა ირანსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარების სფეროში. კერძოდ, ბატონი საიდი დაინტერესდა იმით, რომ ირანში გახსნილიყო კომპანია ”TB Group”-ის წარმომადგენლობა საქართველოსა და ირანს შორის ტურიზმსა თუ სხვა სფეროებში გაცვლითი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
         ტურისტული და უძრავი ქონების კომპანია ”TB Group”-ის დამფუძნებელმა ბადრი ფუტკარაძემ და დირექტორმა ქალბატონმა თინათინ გოგიტიძემ ამ კონკრეტულ ფაქტთან დიალოგის გამართვის შემდეგ სიამოვნებით მიიღეს ბატონი საიდის წინადადება და შეთანხმდნენ, რომ ირანში გახსნილიყო კომპანიის წარმომადგენლობა. სათანადო პროცედურის გავლის შემდეგ საიდ მულიანი დაინიშნა წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.

სოფიკო ღოღობერიძე, აფსანეჰ ხათოუნაბადი და საიდ მულიანი
მამა-შვილი, საიდ და ტარიელ მულიანები შავი ზღვის სანაპიროზე



სახელმწიფო უნივერსიტეტში


ორი მშვენიერი საღამო ერთ საღამოს


აჭარა – ბათუმი


დამშვიდობება