|
კაფეში შესვლისთანავე „ჩორბა“ მოგვართვეს. „ჩორბა“ საკმაოდ გემრიელი და ყუათიანი წვნიანია. შეიძლება ითქვას, რომ იგი სტამბოლის ერთ-ერთ კოლორიტულ საჭმელს წარმოადგენს. მზადდება სხვადასხვა ინგრედიენტებით, მაგრამ რაც აუცილებელია, ლიმონის ჩაწურვა არ უნდა დაგავიწყდეთ.
მალე ქალბატონი მანანაც შემოგვიერთდა. შეგვიანებისთვის ბოდიში მოგვიხადა, მაგრამ ქართულ ენაში მეცადინეობების ჩატარება თავისთავად საპატიო მიზეზად ითვლებოდა. ქალბატონი მანანა ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. ბევრი ვისაუბრეთ საქართველოზე და თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე. ქალბატონი მანანა აღტაცებული გვიყვებოდა თავის სტუდენტებზე. ბატონი ოთარიც ხომ ერთ დროს მისი სტუდენტი იყო! ბოლოს ქალბატონი მანანა თავის პირად ცხოვრებაზეც გვესაუბრა. აღმოჩნდა რომ იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო, რამაც ძალიან გაგვახარა.
არასოდეს დაგვავიწყდება ქალბატონ მანანას სახე, როცა დაბადების დღის აღსანიშნავად „ოქროს ლომი“ ვაჩუქეთ. ეს მეტად სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მისთვის.
სადილის შემდეგ ისევ სტამბოლის ქუჩებში გამოვედით და ფეხით განვაგრძეთ გზა.
|