|
ნამდვილად არ მახსოვს, ამ "ხელოვნების ნიმუშს" თურქულად რა ჰქვია, მაგრამ მე მას ქართულად "სამეგობრო" შევარქვი და აი, რატომ: როდესაც სუფრაზე შემოიტანეს, ბატონმა ოთარმა განგვიმარტა, რომ ამ კერძის მირთმევა რეკომენდირებული იყო ერთი საინიდან. იაპონელებივით ჯერ მისი ცქერით დავსტკბით, მერე კი სამივემ ერთდროულად გავიწოდეთ ხელი. ამაზე გამეცინა და ბატონ ოთარს მივმართე: ახლა სამივენი უკვე ნამდვილი მეგობრები ვართ-თქო! ბატონ ოთარს გაუკვირდა და მიპასუხა: როგორ, აქამდე ჩვენ ძმები და მეგობრები არ ვიყავითო? მე კი განვუმარტე სიტყვა "მეგობრობის" მნიშვნელობა, რომ ეს ნიშნავდა ერთი საინიდან, ანუ როგორც ძველად ამბობდნენ, ერთი "გობი"-დან ჭამას! ამ წუთიდან უკვე ოთარმა (და არა ბატონმა ოთარმა) კი მიპასუხა: რა ლამაზი სიტყვაა "მეგობრობა" და რა საინტერესო ისტორია ჰქონიაო!
|